x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რა კატეგორიის ქალები იღებავდნენ თმას ქერად და როგორი იყო სექსმუშაკების ცხოვრება ძველ რომში?


ყველა ადამიანი, ვინც ანტიკურ სამყაროს იკვლევს, აუცილებლად გეტყვით, რომ კვლევის პროცესში არაერთხელ მიიღო კულტურული შოკი. შესაძლოა, ძველ რომს და ძველ საბერძნეთს დიდი ხნის მანძილზე იკვლევდეთ და კულტურული შოკის საწყისი მომენტი თქვენთვის წლების შემდეგ დადგეს ან კვლევის დაწყების პირველსავე პერიოდში. გააჩნია, როგორ გაგიმართლებთ.


განსაკუთრებით დიდი დოზით ამ შოკის ზემოქმედება ძველი რომის შესწავლის პროცესში იჩენს ხოლმე თავს. ძველი რომი ჩვენთვის შორეულ და მიუწვდომელ პლანეტაზე აღმოცენებული გამქრალი ცივილიზაცია არ არის, რომ მასთან არაფერი გვაკავშირებდეს. ძველმა რომმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებაზე და მისი გავლენა მთელ ჩვენს პლანეტაზე დღემდე კიდით კიდემდე იგრძნობა. თუმცა, რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც რომაელები აკეთებდნენ, ღრმა საზრისის მქონე იყო. მათაც ჰქონდათ რიგი სულელური და აბსურდული წესებისა, რომელთაგან ერთ-ერთზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ.


რომი


ძველ რომში პროსტიტუცია აბსოლუტურად ლეგალური იყო, მაგრამ სექსმუშაკები ვალდებულები იყვნენ, თმა ქერად შეეღებათ. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივი ქერა თმა ძველ რომში დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. რომაელების აბსოლუტური უმრავლესობა შავგვრემანი იყო. ისინი ალმაცერად უყურებდნენ ქერათმიან ადამიანებს. ქერათმიანები იყვნენ გალები, გერმანელები და სხვა ჩრდილოევროპელი ტომები, რომლებიც ძველ რომში ბარბაროსებად იყვნენ მიჩნეულები. ბევრ მათგანს ბაზრობებზე ყიდდნენ მონებად. მოგვიანებით ბაზარში შეძენილ ქერათმიან გალ, სლავ და გერმანელ გოგონებს მათი მეპატრონეები სექსმუშაკებად ამუშავებდნენ და მათგან სოლიდურ შემოსავალსაც იღებდნენ. ამიტომ თანდათან ძველ რომში დამკვიდრდა კლიშე, რომ სექსმუშაკს აუცილებლად ქერა თმა უნდა ჰქონოდა, ხოლო საბოლოოდ ამ კლიშემ კანონის სახეც შეიძინა. “ბარბაროსი” უცხოტომელი სექსმუშაკების ამოცნობა იოლი უნდა ყოფილიყო, რათა ისინი “პატიოსან” რომაელ მუქთმიან ქალბატონებში არავის შეშლოდა.



რომი


მაგრამ… ამ კანონს დიდხანს არ უარსებია. კანონმდებელთა საუბედუროდ რომაელი დიდგვაროვანი ქალებისთვის ქერა თმა სექსუალურობის სიმბოლოდ სწრაფად იქცა და მათ სექსმუშაკ მონებს შურის თვალით დაუწყეს ცქერა. ამიტომ თავისუფალმა და დიდგვაროვანმა რომაელმა ქალებმა თავადაც მალევე დაიწყეს თმის ქერად შეღებვა. ასევე არცთუ იშვიათად ისინი ქერათმიანი მონა ქალებისგან თმების გადაპარსვასაც მოითხოვდნენ, რათა გადაპარსული თმებით პარიკი გაეკეთებინათ და რომაელი მამაკაცების ვნებები ასეთ პარიკებში თავწარგულებს დაეცხროთ.


ახლა ალბათ ხვდებით, თუ რატომ არიან ქერა ქალები განსაკუთრებით სექსუალურ ქალებად მიჩნეულები. ეს ტრადიცია ძველი რომიდან იღებს სათავეს.

0
370
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0