საზოგადოებრივი რა მოხდება, თუ არამიწიერი ცივილიზაციისგან სიგნალს მივიღებთ? - მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა 2023, 6 იანვარი, 20:56 შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ ძალიან შემაშფოთებელი დასკვნა გამოაქვეყნეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება, თუ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები დაგვეკონტაქტებიან. მეცნიერების განცხადებით ჩვენ ძალიან ცუდად ვართ მომზადებულები საამისოდ.
“შეხედეთ იმ ქაოსს, რაც ჩვენ მოვაწყეთ, როცა კორონავირუსმა დაიწყო გავრცელება, ” განუცხადა “გარდიანს” ჯონ ელიოტმა, რომელიც სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში კომპიუტერულ ლინგვისტად მოღვაწეობს. “თავწაწყვეტილ ქათმებს ვგავდით.” “ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მოვლენისთვის, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს, პოლიტიკური, სოციალური და სამეცნიერო თვალსაზრისით ასე ცუდად ვიყოთ მომზადებულები, ” თქვა მეცნიერმა. ჯონ ელიოტი SETI-ს არც ისე დიდი ხნის წინ დაარსებული პროექტის, აღმოჩენის შემდგომი ჰაბის (Post-Detection Hub) წარმომადგენელია. პროექტის მიზანი წინმსწრებად იმ ამოცანების გადაწყვეტაა, რაც არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტს შეიძლება მოჰყვეს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი იმ კულტურული შოკის მასშტაბები, რაც მე-15 საუკუნის ბოლოს ევროპელი მოგზაურების და ამერიკის კონტინენტის მკვიდრი მოსახლეობის შეხვედრამ გამოიწვია. ახლა წარმოიდგინეთ, მართლაც რამხელა შეიძლება იყოს შოკი, ჩვენ რომ კოსმოსში მილიონობით წლით ჩვენზე განვითარებულ ცივილიზაციას წავაწყდეთ. მეცნიერების დიდი ნაწილის აზრით, უცხოპლანეტელები გარეგნულად ზედმიწევნით ჩვენივე მსგავსები იქნებიან. მილიონობით წლის შემდეგ დედამიწაზე აღარ იარსებებს სიღარიბე და სიკვდილი, ხოლო ადამიანები ჰიპერსაპიენსები გახდებიან, რომლებსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული სხეულები ექნებათ და გასაოცრად სრულყოფილი პლასტიკური პროცედურების შედეგად თვით ყველაზე საუცხოო გარეგნობის და ფიზიკური მახასიათებლების არჩევას თავად შეძლებენ. ისინი გამაოგნებელ ფუფუნებაში იცხოვრებენ და ჩვენთვის სრულიად შოკისმომგვრელი თავისუფლება მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა შედეგები შეიძლება დადგეს, აი ასეთი ცივილიზაცია - ჩვენივე ძალიან შორეული მომავლის ერთგვარი ანარეკლი - რომ დაგვიკავშირდეს დღეს, ჰომოფობიით, რასიზმით, ურთიერთსიძულვილით და ურთიერთმტრობით ყელამდე სავსე კაცობრიობას. აუცილებლად გაჩნდებიან პოლიტიკური პარტიები და რელიგიური მოძრაობები, რომლებიც “გარყვნილ” უცხოპლანეტელებთან კავშირის დასრულებას მოითხოვენ. კაცობრიობა ორ ნაწილად დაიყოფა: ერთნი უცხოპლანეტელებთან კავშირის შენარჩუნებას და მათგან სიახლეების სწავლებას დაუჭერენ მხარს, რათა მათსავით ჩვენც დავძლიოთ სიღარიბე, სიკვდილი და ომები, ხოლო მეორენი პირიქით, ამ “გარყვნილების ბუდესთან” კონტაქტის სასწრაფოდ გაწყვეტას მოითხოვენ და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოველივე გლობალურ კონფლიქტამდე და ბირთვულ კატასტროფამდეც კი მივიდეს. სწორედ მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილებაა Post-Detection Hub-ის ამოცანა, სადაც მეცნიერები სხვა ყველაფერთან ერთად იმაზეც იჭყლეტენ ტვინს, თუ რა მოვახერხოთ, რომ რომ კაცობრიობის არაპროგრესულმა ნაწილმა ეს პლანეტა ქაოსში არ ჩაძიროს არამიწიერ ცივილიზაციასთან პირველი კონტაქტის შემდეგ. ეს კი დამეთანხმებით, პატარა ამბავი არ გახლავთ. 240 შეფასება არ არის
|