x
image
თეონა გორდეზიანი
საინტერესო ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს მომავალზე...

-დედა ცუდად არის, იქნებ ჩამოხვიდე, ნახო, ჯანი გაუტყდა, ხმასა და თვალებში დარდი აქვს, ენატრები!


-კი მაგრამ, ერთი კვირის წინ დაველაპარაკე, მშვენივრად იყო!


-არა, ეს შენ, სიჩქარეში ვერ შეამჩნიე, თორემ დედას ხმა უთრთოდა, იმდენად აავსე შენი პრობლემების მოსმენით, მოერიდა, ჩამოდიო ვერ გითხრა. ერთი კვირა გამონახე დრო!


-არ შეიმიძლია, რძალს არ სცალია, სამსახურს ვერ გააცდენს, ახლა რომ შვებულება აიღოს საახალწლოდ არ მისცემენ და ბაკურიანში ვეღარ წავლენ.



-დაო, საქმე დედას ეხება, დედას, რომელიც მოხუცია, რომლისთვისაც თითოეული წამი ძვირფასია, იქნება ხვალ სულ არ იყოს მისთვის, შვებულება, ბაკურიანი, სამსახური, ყველა და ყველაფერი მოიცლის, დედა ვერა, დრო არ მოითმენს.ეეჰ, რა გელაპარაკო, აზრი არ აქვს, როგორც გინდოდეს.


არცერთი წამითაც არ უნანია ქალიშვილს, ძმის გათიშული ყურმილი, წამით კი იფიქრა “იქნებო"! მაგრამ, შვილიშვილმა ცხელი შოკოლადი და ფუნთუშა რომ მოსთხოვა ყველა და ყველაფერი გადაავიწყდა, მითუმეტეს დედა.


დედა კი, რომელმაც შემთხვევით ყური მოჰკრა და-ძმის დიალოგს იჯდა კერასთან და ყველაფერმა, სულყველაფერმა თვალწინ ჩაუარა. დედობის შეგრძნების პირველმა ემოციურმა წუთებმა, აუტანელმა ტკივილმა, პირველმა წამოტირებამ, პირველად მიწოდებული ძუძუს, თავბრუდახვევის ბედნიერების შეგრძნებამ. პირველმა კბილებმა, შიშმა, ტკივილმა, მთელი დედის გრძნობათა სიმძიმისა და სიამის კასკადმა.


ბოლოს კი სინანულმა, თურმე სიკვდილის წინ დედის ნახვას წინ უდგას სხვა, თუნდაც ბაკურიანი.


ბოლოს მაინც აპატია, თვითონ წარმოიდგინა თავი შვილის ადგილას და მიხვდა, შვილებზე წინ არც თვითონ დააყენებდა საკუთარ დედას. მერე ისევ დაფიქრდა, წინ დაუყენებია თუ არა უკანასკნელ დღეების მთვლელ დედის ნახვას სხვა რამეებს, მიხვდა შეცდა და ეს უბრალოდ დედობრივი შვილის გამართლება იყო და მეტი არაფერი და გული მოეწურა, ეტკინა, ნუთუ ამის მეტი არაფერი არაა დედაშვილობა?! ნუთუ დედა ზედმეტი ბარგია შემდეგ, ნუთუ მართლა ზედმეტია?! იდარდა, იტირა, იჯავრა და მოხუცმა, დაფერფლილმა გულმა მეტი ვეღარ აიტანა, შემოდგომის მიწურულს, ფოთოლივით გაჰყვა ფოთლებს, დრომოჭმული და ძალგამოცლილი, თურმე დედასაც ჰქონია ასაკი.


ჩამოვიდა შვილი, სინდისაუტოკებლად, ცრემლები კი, ბლომად ჩამოიტანა. თუმცა თავი დამნაშავედ არ უგრძვნია, ის ხომ ოჯახის დედაა და ამას ყოველთვის ეუბნებოდა დედა, ოჯახზე წინ არავინ დააყენოო, არც საკუთარი დედა. ეს შეუსისცლხორცა და გაათავისებინა. ჰოო და არ თვლიდა თავს დამნაშავედ, რადგან იცოდა, რომ დედამ ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა და აპატიებდა, გაუგებდა.


იმ დღეს თვალებში არ ჩაუხედავს ძმას დისთვის, არც დას გამოუჩენია დიდი ინიციატივა. თითქოს და-ძმობის ხიდი ჩატეხა დედის სიკვდილმა, უმადურობამ, ხიდი დედა იყო, ჩატყდა დედა და ...


იჯდა დედის ცხედართან, სანთელს ჰგავდა დედა, მოკიაფეს, სიცოცხლის ძარღვს. დახედა დედის მკრთალ ხელებს და მერე საკუთარს.ხელზე ხელი დაადო, მოეფერა, ცივი იყო დედის ხელები, მაგრამ იმაზე ცივი არა, ვიდრე თავისი, ვიდრე ეს სამყარო, ეს დედამიწა. თვითონ ხომ დედა იყო, სამყარო ხომ ბუმერანგია, ეს თავისი გაცემული სიცივე უკან რომ დაუბრუნდეს? ტანში გასცრა... მოიკუნტა, ერთ ლუკმად იქცა... მოწოლილი ბოღმა ყელში მოაწვა და ამოაბღავლა...ძმა შემოვიდა, დედის თბილი შალი შემოიტანა, მოახვია, თავი გულში ჩაიკრა და უჩურჩულა;


-იტირე, იტირე, მოინანიე, დედა გაპატიებს, დედა აბა რისი დედაა არ გაპატიოს!


ძმას მიეკრა, შალი მჭიდროდ მოიხვია და გათბა, დედამ ჩატეხილი და-ძმობის ხიდი აღადგინა, ცივი დედა და დედის გაცრეცილი შალი უფრო თბილი იყო, ვიდრე მთელი სამყარო.

image
0
191
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0