x
image
თეონა გორდეზიანი
კეთილშობილი, შეუდარებელი, გენიალური, განსაკუთრებული... ყველასთვის საყვარელი ნოდარ დუმბაძე
image


"ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში:
- დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, - ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
- სამშობლო... სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და...
- კიდევ? - ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, - დაჯექი დუმბაძე, - მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
- არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, - შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.

დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.
- აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი საერთოდ, რა არის სამშობლო?! - ვკითხე უცებ ჯარისკაცს, - ოღონდ, თუ კაცი ხარ, არ გამცე დაშტამპული, მაღალფარდოვანი, გაცვეთილი და ყალბი პასუხი. გულწრფელად თქვი ის, რასაც ფიქრობ! - ვთხოვე მე. მან დიდხანს უყურა გაღმა ნაპირს, მერე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა:
- რა ბედნიერებაა, ამხანაგო ლეიტენანტო, მე და თქვენ რომ ამ ხიდს გამოღმა დავიბადეთ.
....
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვიდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო. თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
....
- რა არის სამშობლო? - ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
- მე მეკითხებით? - მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
- დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
- როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ დაუფიქრებლად ქუჩაში...
- დიახ, ასე უცბად დაუფიქრებლად, ქუჩაში...
- ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, - მიპასუხებს და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.
....

კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება - ეს არის სამშობლო.
....
კიდევ?
კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა - ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა... თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა - სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე.
....


- იქნებ, შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? - ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.
- მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა... სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ყველა კაცი ამ ქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი, - მიპასუხებს იგი."

ნოდარ დუმბაძე

2
528
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
528
  
2022, 14 დეკემბერი, 19:29
ფილმები, სერიალები, ანიმაციური ფილმები ქართულად MYKINO . ME ♥
ფილმები, სერიალები, ანიმაციური ფილმები ქართულად MYKINO . ME ♥
ფილმები, სერიალები, ანიმაციური ფილმები ქართულად MYKINO . ME ♥
2022, 14 დეკემბერი, 14:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2