x
image
თეონა გორდეზიანი
"ენა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია იყოს ტკბილიც და თან მწარეც"...რა საერთო აქვს ამ სიტყვებს ზურა შევარდნაძესთან და რა ამბავს იხსენებს ბავშვობიდან
ვიქნებოდი ასე ხუთი შეიძლება ექვსი წლის. საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელპირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს.
ძილის წინ გამოწერილივით იყო: "დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.
ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური..." რომ დარწმუნდა დამეძინა შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.
ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია ყველამ იცის რომ ლაპარაკი კი არა ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში.
ბებიამ ბაბუას შესჩივლა "ბიჯო, ბიჭი ყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი ხომ იცი შენ?!" გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი, როგორ მინდოდა ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი მარა გავწბილდი.
"არ იდარდო ქალო, რაუჭირს, ბიჭია, ჯანი მთელი აქ, გული კაი აქ, მხიარულია, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა..."
იმ ღამეს არ მიძინია...
ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ რავარც მე... ქე ვარ ასე უშნოდ მარა სენთიანად მთელი ცხოვრება...
image
ამის მსგავსი ამბავი მეც გადამხდა და ამიტომაც მიიქცია ჩემი ყურადღება...
თუმცა მე უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი როცა ბებიის და ბაბუის დიალოგი მოვისმინე ჩემდაუნებურად...
ბებო და ბაბუ რაჭაში ცხოვრობენ... ყოველ ზაფხულს მათთან ჩავდიოდით.
ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ და დაახლოებით 45 წელი იმუშავეს ჩვენი სოფლის სკოლაში.
ბაბუა ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა, ბებია - რუსულის მასწავლებელი იყო. სახლში არასდროს იქცეოდნენ როგორც მასწავლებლები, არასდროს უცდია ბაბუას ფიზიკის კანონები მოეხვია თავზე და არც ბებო ცდილობდა ჩვენთვის რუსული სიტყვების დამახსოვრებას ან იმას რომ რუსულად გვეკითხა ლიტერატურა. (რომელიც უამრავი ჰქონდა).
ისედაც მხოლოდ ზაფხულში გვხედავდნენ და არ ცდილობდნენ ამით თავი მოებეზრებინათ... მიუხედდავად ამისა, რაღაც მასწავლებლური მაინც იყო მათ დამოკიდებულებაში და პირადად მე, სხვა შვილიშვლებისგან განსხვავებით, სულ ვცდილობდი მათთვის თავის მოწონებას სხვადასხვა კუთხით... ვიყავი ძალიან და ალბათ ზედმეტად მორჩილი, დამჯერი, როცა მეტყოდნენ მაშინ მივდიოდი სახლში მდინარიდან ან იმ ადგილებიდან სადაც გასართობად მივდიოდით ხოლმე ყველა ერთად თანატოლები...
მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს... გავიდა წლები, აღარ ვარ ბავშვი, უკვე მეც მასწავლებელი ვარ, თუმცა მათთვის ალბათ მაინც ისევ პატარა.
წელს ორი წლის შვილთან ერთად ჩავედი რაჭაში, რომელიც ძალიან მშვიდი და მხიარულია...
მხოლოდ ერთი მავნე ჩვევა ჰქონდა ამ ასაკში... ღამით არ იყო რძის მირთმევას გადაჩვეული და გადავწყვიტე შვებულების ეს პერიოდი ამისთვის გამომეყენებინა
( ახალბედა დედიკოები უფრო გამიგებენ, როგორი რთული პროცესია) ... მოკლედ ღამით ამიტირდა... ერთხელ, მეორედ, მესამედ... მაინც არ დავნებდი და პატარას სურვილი არ შევუსრულე...
დილით ბაბუამ გამომკითხა ბავშვის ტირილის მიზეზი. ტირილის, რომელიც ქვით აგებულ სახლში მეორე სართულიდან პირველ სართულზე მაინც ძლიერად ესმოდა ღამე... მე ავუხსენი ჩემი პრობლემა, ბავშვის ტირილის მიზეზი და საქმის გასაკეთებლად ბებოს და ბაბუს ოთახიდან გამოვედი, მათი კარი კი ღია დარჩა...
5 წუთის შემდეგ კი გავიგონე ბებოს და ბაბუს დიალოგი:
ბაბუა: -" არაა, ეს ვერ იქნება კარგი მასწავლებელი, ვერ დეიმორჩილებს კლასს"...(რაჭული ინტონაციით)
ბებია მხოლოდ დუმილით შეხვდა ბაბუს სიტყვებს, არადა როგორ მინდოდა რამე ეთქვა, თუნდაც უმნიშვნელოდ კარგი და დადებითი...
ბებოსა და ბაბუსთვის ბავშვობიდან ვცდილობდი თავის მოწონებას ...
არ დაუვალებიათ მაგრამ კანონებსაც ვიმახსოვრებდი და რუსულის სიტყვებსაც ვსწავლობდი მონდომებით...
დიდი სიყვარულის მიუხედავად მეწყინა და მახსოვს დღესაც... არ შევტრიალდი, არც ვეცადე ამეხსნა რომ მათთან სხვანაირი ვარ, რომ ჩემს ერთადერთ შვილთან სხვანაირი, ოჯახის სხვა პატარებთან სხვანაირი და კლასში კიდევ სხვა... არ შევაფასებ საკლასო გარემოში ჩემს თავს, იმიტომ რომ საკუთარ თავზე კარგის თქმა რთულია... ეს კი ვიცი სულ ვცდილობ განვითარებას, რომ და არ ვიყო სტანდარტულად და სტერეოტიპულად მოაზროვნე არც ადამიანი და არც მასწავლებელი...
მეწყინა... თითქოს უმნიშვნელო რამ, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი ადამიანისგან განსაკუთრებით საწყენად აღვიქვი, ვინც ჩემთვის მაგალითია...ბაბუის და მასწავლებლის ეტალონი.
თუმცა ვაცნობიერებ რომ ასაკში შესული ადამიანი სხვანაირად აფასებს და შეიძლება სულაც არ უნდა იყოს ეს ფაქტი გულთან ახლოს მისატანი...
მხოლოდ ბაბუ? ბებოს დუმილიც მეწყინა, მასაც ვპატიობ ასაკის გამო. თუმცა ერთს მივხვდი, არ აქვს ასაკს და საკითხს მნიშვნელობა, აუცილებლად ზომიერების ფარგლებში უნდა დააფიქსირო შენი მოსაზრება... ქმართან, თანამშრომელთან თუ სხვა ოჯახის წევრთან...არ აქვს მნიშვნელობა. დუმილი ოქროა, მაგრამ ყოველთვის არა...
მეწყინა... ბებოს დუმილიც მეწყინა...
მე ხომ მთელი ბავშვობა ვცდილობდი სამაგალითო შვილიშვილი ვყოფილიყავი... ვიკლებდი ბედნიერების და სილაღის წუთებს, მათთან გამოვრბოდი რომ არ ეცადათ, რომ არ ენერვიულათ... ვკრეფდი თხილს, ვარჩევდი ლობიოს, ვარჩევდი სიმინდს, ვაჭმევდი ქათმებს, გამქონდა წყალი და საჭმელი გოჭებისთვის, ვეხმარებოდი პურის და ლობიანის გამოცხობაში ბებოს...
ვრეცხავდი ცივ-ცივ წყაროს წყალივით ცივ წყალში ჭურჭელს, ჩემი და ჩემი ძმის ტანსაცმელს ... რადგან დედა თბილისში იყო, ბებო რომ არ დამეტვირთა... ამას ვაკეთებდი 10 წლის, 11 წლის... და რა თქმა უნდა ყოველ ზაფხულს ასე...
ვაკეთებდი ხალისით და განწყობით, რომ მათთვის სამაგალითო ვყოფილიყავი.
ბევრ რამეს ვიაზრებ : - არ უნდა მეწყინოს...მაგრამ...
- უნდა დამავიწყდეს...მაგრამ...
ვიაზრებ, რომ სიბერეში მეც არ დამემართოს მსგავსი...
- ენა ერთადდერთია, რომელსაც შეუძლია იყოს ტკბილიც და თან მწარეც და აუცილებლად სიტკბოს უნდა ვეცადოთ ვუშვებდეთ გარშემო მყოფების მიმართ... თუნდაც ვინმე იმსახურებდეს მწარეს, ამ დროს სჯობს სწორედ დუმილი...
0
73
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0