x
image
მანანა თურმანიძე
უნდა შეიწყალონ თუ არ უნდა შეიწყალონ ნიკა გვარამია
image

პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება დღეს ის თემაა, რომელსაც ყველა განიხილავს. ვერ გეტყვით, რომ ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა ნამდვილად ბრძნული, სულგრძელი და კეთილშობილური ჟესტი იქნებოდა მისი მხრიდან, ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაღებული. ეს მხოლოდ გაზრდიდა მის რეპუტაციას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.



შესანიშნავად მესმის, რომ მისგან ასეთ კეთილგანწყობას არ იმსახურებს ნიკა გვარამია, რადგან საჯაროდ შეურაცხყო, რაც სასტიკად არ მომწონს და ვერანაირად ვერ ვურიგდები კომუნიკაციის ამ სტილს. ზოგადად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ, საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობა, გინება და ადამიანის შეურაცხყოფა დაბალი კულტურის დონისა და განათლების მდარე ხარისხის მაჩვენებელია და არა მხოლოდ. გარდა იმისა, რომ ასეთი ქცევა მდაბიოებს ახასიათებთ და გულისხმობს ცუდ აღზრდას, გამართული მეტყველების, აზრის კორექტულად გადმოცემის უუნარობას, ეს შესაძლოა ასევე ფსიქიკური გადახრების შედეგიც იყოს.


იყო ასეთი ფრანგი ნევროლოგი, ჟილ დე ლა ტურეტი, რომელმაც 19 საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა ეს სინდრომი და დაახასიათა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა. შესაბამისად, სწორედ ტურეტის სინდრომი ეწოდა ამ ფენომენს, როდესაც ადამიანი მიდრეკილია ბილწსიტყვაობისკენ. ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადება, მოზარდებში ვლინდება და მუდმივ ხასიათს ატარებს. ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ, მაგრამ ხშირად, მოზრდილობის ასაკში სიმპტომები სუსტდება. ალბათ ყველას გვახსოვს ჩვენი თინეიჯერული ასაკი და ისიც, რომ ამ ასაკს მართლაც ახასიათებს ასეთი მიდრეკილება. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან ბილწსიტყვაობისკენ სტრესულ მდგომარეობაში, ლაბილური ფსიქიკის დროს, როგორითაც ხასიათდება სწორედ თინეიჯერული ასაკი.




სხვათაშორის, ტურეტის სინდრომს რამდენიმე განშტოება აქვს და ერთ-ერთია კოპროლალია, (ბერძნ. kopros განავალი, lalia ლაპარაკი). ეს სამედიცინო მდგომარეობაა, რისთვისაც დამახასიათებელია უწმაწური საუბრის, გინების აკვიატებული მოთხოვნილება, უხამსი სიტყვების და ფრაზების წამოძახილი. ტყუილად არ ამბობენ ხალხში ასეთ შემთხვევებში - აიქოთა პირიო.



ვერ გეტყვით კონკრეტულად რისი ბრალია, მაგრამ ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრდა ეს არასწორი და მცდარი შეხედულება, რომ სიტყვის თავისუფლება ნიშნავს - ყველაფერი თქვა, რაც პირზე მოგადგება. რასაკვირველია, შეგიძლია, რაც გინდა ის თქვა, მაგრამ გააჩნია, რა ფორმებით გამოხატავ შენს სათქმელს, როგორ გადასცემ მსმენელს შენს ემოციას, მოსაზრებას, თუნდაც ყველაზე კრიტიკულს და ამის შედეგად, რა შთაბეჭდილებას დატოვებ მასზე, ან რა ემოციებს გამოიწვევ მასში. ეს რატომღაც ბევრს არ აღელვებს დღეს.



მახსოვს, თინეიჯერულ ასაკში, როდესაც სადღაც ყურმოკრულ უწმაწურობას გავიმეორებდი, ოჯახში შეშფოთდებოდნენ და აუცილებლად მეტყოდნენ - "პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა ...." თუმცა, დღეს, ჩვენი ერის გარკვეული ფენებისთვის, საკუთარი დედის გინებაც კი მეტყველების ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილად იქცა. ალბათ ამის მიზეზებიც ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ცნობილია, რომ ერების კოლექტიური ეთნოფსიქოლოგიის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბილწსიტყვაობას, ვინ როგორ იგინება და რატომ. მგონი ჩვენ კოლექტიური ეთნოფსიქოზის მომსწრენი გავხდით, თუ გავითვალისწინებთ გინების და ბილწსიტყვაობის მასშტაბებს. თუმცა, ალბათ ამასაც აქვს ახსნა, ე.წ. ეთნოკონფლიქტებად მონათლული იძულებითი მიგრაცია, ოკუპაცია, საერთო დაძაბულობა და სოციალური ფონი, მიზეზები მრავალგვარია.



ერთი სიტყვით, მიუღებელია ასეთი ქცევა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია მას მედია და კომუნიკაციის სხვა საშუალებები და უნდა გვახსოვდეს, რა მაგალითს ვაძლევთ მათ. გინება ზოგადად აგრესიის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა, აგრესია კი ისევ აგრესიას წარმოშობს.


თუმცა, აქვე აღვნიშნავ, მეეჭვება, რომ გვარამია ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ შეეურაცხმყოფელი რიტორიკის გამო იჯდეს დღეს ციხეში, ვფიქრობ, რომ ის არა მხოლოდ მისი შეურაცხყოფისთვის იხდის ამ სასჯელს, რატომღაც ასე მგონია. თუმცა, ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი საქციელია. ვისზეც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო აღშფოთებული, აჯობებს, რომ ეტიკეტი დაიცვა და საჯარო სივრცეში ასეთი ტირადებისგან თავი შეიკავო.



მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, არ მიმაჩნია სწორად ამ მიზეზით ადამიანების დაპატიმრება. უფრო მეტიც, სურვილი მაქვს, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ნიკა გვარამია, რამეთუ ვერ ვხედავ მისი პატიმრობაში დარჩენის დამაჯერებელ მოტივებს. გარდა ამისა, მისი პატიმრობა ჩვენი ქვეყნის, დემოკრატიზაციის პროცესის დაკნინებას უწყობს ხელს და ვერანაირად ვერ წაადგება ჩვენს არჩეულ გზას ევროინტეგრაციისკენ. მითუფრო, თუკი ეს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს, რადგან დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ის აუცილებლად აღიქმება, როგორც მას მედიაზე გალაშქრება და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ამდენად, ეს ხელის შემშლელი ფაქტორია ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების და ინტერესების განხორციელებისთვის. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება კი თითოეულის მოქალაქეობრივი ვალია, რომლის დაცვაც ყველას თანაბრად მოეთხოვება.


"ერთერთი ძირითადი კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არა ერთადერთი, თუმცა არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი პრეზიდენტისგან მოითხოვს მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში... საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად." - წერს IDFI



საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ახლა პრიორიტეტულია იმ 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნების შესრულება, რომელსაც მოუთმენლად ელის ერის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ამ მისწრაფების ერთგულებაში დავრწმუნდით, თუნდაც ხალხმრავალი მანიფესტაციების დროს, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა ჩვენი ერის მიერ არჩეული ევროინტეგრაციის გზა.


ჩვენს წინაპარს უთქვამს - "ბავშვს ნაბან წყალს ნუ გადააყოლებთო". დღეს უსაფუძვლო და უაზრო პოლემიკად მიმაჩნია დაპირისპირება ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, როდესაც ქვეყნისთვის გადამწყვეტი ეტაპის წინაშე ვდგევართ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა - არ ყოფნის საკითხი ასე მწვავედ დგას ჩვენს წინაშე.



ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე დღეს ვუერთდები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოთხოვნას და ვაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი, რომელსაც შემიძლია პეტიცია ვუწოდო - თავისუფლება ნიკა გვარამიას!

0
17
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0