სხვა საქართველოს ისტორია: ვინ დააწესა პირველად “სოციალური დახმარება” და როგორი ქველმოქმედი იყო დავით აღმაშენებელი? 2022, 26 ოქტომბერი, 23:55 ქართული საზოგადოება ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების ზენიტში საყოველთაო სილიდარობის და ემპათიის ძლიერი იმპულსებით გამოირჩეოდა. ამას უამრავი წყარო მოწმობს. ჩვენი დიდი მეფეები იმიტომაც იყვნენ დიდები და იმიტომაც დატოვეს წარუშლელი კვალი ხალხის მეხსიერებაში, რომ მათთვის ქველმოქმედება უცხო ხილი არ იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა შუა საუკუნეებში სოციალური თვალსაზრისით ყველაზე მოწესრიგებული და პროგრესული სისტემით გამოირჩეოდა. სოციალური დახმარების და თანადგომის სისტემა შუა საუკუნეების საქართველოში იმდენად დახვეწილი იყო და იმდენად ფართო ფენებს მოიცავდა, რომ ის დღესაც კი გაოცებას იწვევს.
საქართველოს ისტორიაში პირველად ოფიციალური “სოციალური დახმარება” ბაგრატ კურაპალატმა დააწესა. მისი ხაზინიდან დახმარებას იღებდა ყველა, ვინც შიმშილობდა ან შიმშილობის საფრთხის წინაშე იდგა. გარდა ამისა, ბაგრატმა დააარსა ასევე უფასო სამკურნალო დაწესებულებები ღარიბთათვის. იმ ადამიანებს, ვისაც მკურნალობის ხარჯების გაღება დამოუკიდებლად არ შეეძლო, ბაგრატ კურაპალატის პერიოდში სრულიად უფასოდ მკურნალობდნენ. პირადი ქველმოქმედების მისწრაფებებით გამოირჩეოდა დავით აღმაშენებელი. ცნობილია, რომ ერთხელ ძლევამოსილმა ქართველმა მეფემ საკუთარი სახსრებიდან 24, 000 დრაჰკანი გაიღო ღარიბების დასახმარებლად, რაც იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა იყო. დრაჰკანი ბაჯაღლო ოქროს მონეტა გახლდათ, რომელიც 4, 26 გრამს იწონიდა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ერთი გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 190 ლარს შეადგენს, ერთი დრაჰკანი დღევანდელი კურსით 809, 4 ლარი უნდა ყოფილიყო. ამრიგად, გამოდის, რომ დავით აღმაშენებელს, დღევანდელ ფულში თუ ვიანგარიშებთ, ქველმოქმედებისთვის 19 მილიონზე მეტი დაუხარჯავს. თუმცა აუცილებლად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავითი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი მეფე, სახარების პრინციპების შესაბამისად ცხოვრობდა და ამიტომ წმინდა წერილის არსის მიხედვით ქველმოქმედებას ძირითადად ჩუმად ეწეოდა. ამ მიზეზის გამო დღეს მის მიერ განხორციელებულ ქველ საქმეთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჩვენთვის ცნობილი. "დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თვისითა ხელითა მისცემდა [დავითი] ფარულად, ვინ აღრაცხოს თვინიერ მამისა ზეცათასა, ” - ამბობს ჟამთააღმწერელი. დავით აღმაშენებელს ჩვეულებად ჰქონდა ღამღამობით დრაჰკანებით სავსე ქისით სამეფო სასახლიდან გასვლა. როგორც მემატიანე გვატყობინებს, მეფეს ძალიან უხაროდა, გზად შეჭირვებულ ადამიანს თუ გადაეყრებოდა და მის დახმარებას თუ შეძლებდა. სამაგიეროდ არანაკლებ წუხდა, ღამეული ვოიაჟი თუ ისე ჩაივლიდა, რომ ქისის დაცარიელებას ვერ მოახერხებდა. ასეთ დროს თურმე ხშირად ამბობდა, ცოდვილი ვარ, ღმერთმა სიკეთის კეთების შესაძლებლობა არ მომცაო. მაგრამ შუა საუკუნეების ქართული სოციალური სახელმწიფოს იდეამ ზენიტს მაინც თამარის დროს მიაღწია. სწორედ თამარის დროს მთელი სახელმწიფოს შემოსავლების 10 % ("ყოვლისა ნაათალი") გაიცემოდა ღარიბთა დასახმარებლად. გარდა ამისა, ძველად ქართულ ეკლესია-მონასტრებს საკუთარ თავზე ჰქონდათ აღებული ღარიბებზე მეურვეობა. დღესასწაულის დღეებში ისინი მუდმივად 10 დრაჰკანს აძლევდნენ ღარიბებს, რითაც ამ უკანასკნელებს სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება თავისუფლად შეეძლოთ. ასეთი იყო ძველი საქართველო. მაშინ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და ერთმანეთზე ზრუნავდნენ. ამიტომაც იყო ქვეყანა ასეთი ძლიერი და დაუმარცხებელი. 406 1-ს მოსწონს
|