x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ეს ფეშენებელური კოსმოსური ბურთი ადამიანებს 30 ათასი მეტრის სიმაღლეზე აიყვანს
ბევრი ადამიანისთვის კოსმოსში მოგზაურობა რაკეტების ვიბრაციასა და აუტანელ ხმაურთან ასოცირდება, რომელსაც შატლის ულტრათანამედროვე ძრავა გამოსცემს პლანეტათშორის სივრცეში ხომალდის გადაადგილებისას. თუმცა, როგორც Space Perspective-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ჟანა პოლინტერი იუწყება, მისი ფირმის ხომალდებზე ამას ადგილი არ ექნება. “ჩვენი ხომალდი “ნეპტუნი” კოსმოსში რბილ და უხმაურო მოგზაურობას გპირდებათ, ” - აცხადებს ის.


ფეხბურთის მოედნის ზომის ბურთი საათში 20 კილომეტრის სისწრაფით კოსმოსის სიახლოვეს აიტანს ტურისტებით სავსე კაბინას. კაბინას ექნება აბაზანა, ბარი და ინტერნეტიც კი.


იმის ნაცვლად, რომ კოსმოსური ხომალდის რაკეტის აჩქარებამ სავარძელს მიაჯაჭვოს, 8 მგზავრი და ერთი პილოტი კომფორტულად მოიკალათებენ სავარძლებში, მშვიდად იმასლაათებენ და კოქტეილებსაც დააგემოვნებენ და დააკვირდებიან, თუ როგორ გარდაიქმნება მათ ქვემოთ დედამიწა და ფლორიდის ნახევარკუნძული რუკებზე გამოსახულ ლანდშაფტად.


ზოგიერთი ადამიანი მოგზაურობას მზის ამოსვლის წინ შეუდგება, რათა 30 კილომეტრის სიმაღლიდან დააკვირდეს ჰორიზონტზე მნათობის ამობრწყინებას. კოსმოსში ეს ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა, მისი თანმდევი ცისარტყელას მომაჯადოებელი ეფექტით.



საჰაერო ბურთები NASA-ს მიერ 30-იანი წლებიდან გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ პოლინტერის და მისი მეუღლის, ტაბერ მაკკალუმის მიერ დაარსებულ Space Perspective-ს საკუთრება იყო ის ბურთი, რომლის მეშვეობითაც ალან იუსტასმა 2014 წელს გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა ის 41, 446 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.


მართალია, 30 კილომეტრის სიმაღლეზე საჰაერო ბურთით მოგზაურობა რეალურად კოსმოსში მოგზაურობა არ გახლავთ, მაგრამ შეგრძნებების თვალსაზრისით ის კოსმოსში მოგზაურობისგან დიდად არ განსხვავდება. მგზავრს შესაძლებლობა ექნება, ნახოს დედამიწის ზედაპირის სფეროსებრი გამრუდება და ვარსკვლავებით მოჭედილი შავი ცა მზის ამოსვლისას. კლიენტები შეძლებენ, ჯაკუზში ინებივრონ და დედამიწას თითქმის იმ სახით დააკვირდნენ, როგორც ასტრონავტები ხედავენ მახლობელი ორბიტიდან.


თუმცა, ეს სიამოვნება იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ბილეთები 2024 წლის რეისზე უკვე იყიდება და ისიც უკვე ცნობილია, თუ რა ეღირება ერთი მგზავრის აყვანა 30 კილომეტრის სიმაღლეზე.


125 ათასი დოლარი - ასეთია ფასი, რომლის გადახდა დედამიწის კიდეზე მზის ამოსვლის სანახავად და კოქტეილით ხელში ნებივრობისთვის მოგიწევთ.


სფერო

0
238
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0