საქართველო მიგრანტებისა და ლტოლვილების მსოფლიო დღე საქართველოში 2022, 27 სექტემბერი, 3:10 25 სექტემბერს მიგრანტებისა და ლტოლვილების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა 1914 წელს, სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მოწყვლადი მოსახლეობის მიმართ, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები, უსაფრთხოებისა და უკეთესი შესაძლებლობის საძიებლად. წელს, რაღაც ძალიან მასშტაბული აღნიშვნა გამოგვდის საქართველოში, ამდენ სტუმარს ველოდით, თუ თავშესაფრის მაძიებლები არიან ეს ზღვა ხალხი? სამ მილიონიან ქვეყანას ამ დღის მოსალოცად მოადგნენ, თუ ჩვენზე უფრო ახლობელი არავინ ეგულებოდათ, ამ გაჭირვების ჟამს? ხუმრობა იქეთ იყოს, ნამდვილად ვუთანაგრძნობ, ორი აზრი არ არის, მაგრამ 140 მილიონიანი ერი, ერთად რომ გამოსულიყო თავიანთ ქუჩებში და გაეპროტესტებინათ ეს ომი, ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა. ასე ვერ უნდა "აბოლებდეს" ხელისუფლება, ბოლოსდაბოლოს, ძალა ხომ ერთობაშია. თუკი არ ეთანხმებიან სახელმწიფოს დამპყრობლურ და აგრესიულ, მილიტარისტულ პოლიტიკას, გააპროტესტონ. მასიური პროტესტის წინაშე, ხელმწიფეებიც კი უძლურნი არიან. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურა რომ ვერ წვდება და ტრანსპორტში რომ კონსერვში ჩალაგებული "სელიოდკებივით" ვართ უკვე, ეს კი ნამდვილად ვიცი. დღეს დანიშნულების ადგილამდე ვერ მივაღწიე და სახლში დავბრუნდი, დაღლილი და ნერვებაშლილი, იმიტომ, რომ 3 საათი ვიმოგზაურე უაზროდ, საცობებში და გადაჭედილ ტრანსპორტში. გაეროს ტერმინოლოგიის მიხედვით, არსებობენ - ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები და ქვეყნის გარედან ლტოლვილები. ჩვენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვყავს განთავსებული ადგილობრივი იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (სამაჩაბლოდან, შიდა ქართლი), ასევე პანკისის ხეობაში მცხოვრები ლტოლვილები ჩეჩნეთიდან. ახლა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დაგვემატა ლტოლვილები უკრაინიდან და უკვე თავშესაფრის მაძიებლები რუსეთიდან. უკრაინაზე განხორციელებულმა თავდასხმამ მიგრანტების ახალი ნაკადები გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. ლარსის გამშვებ პუნქტზე შემომსვლელთა რიგები არ წყდება, ათეულობით კილომეტრს აღწევს უკვე ავტომობილების კოლონა. საინტერესოა, რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს, რამდენს დაიტევს პატარა საქართველო? ძალიან სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ 50 ადამიანი რომ მომადგეს სტუმრად, ნამდვილად ვერ დავატევ ჩემს სახლში, რადგან ამდენის მასპინძლობის საშუალება არ მაქვს. უხეში შედარებაა, მაგრამ, ფაქტიურად იგივე სიტუაციაა დღეს ჩვენთან. სასტუმროების წინ რუსეთიდან მიგრირებული ადამიანების რიგები დგას. ბოლოსდაბოლოს, ულიმიტო ხომ არ არის ჩვენი ქვეყანა, სად უნდა დაეტიოს ამდენი ხალხი, თან ოკუპანტი ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებაც, ერთმა ღმერთმა იცის, როდის და როგორ გამოიყენებს მისი მოქალაქეების ასეთ "შემოსევას", აკი გამოუყენებია კიდეც, არაერთხელ, თავის დამპყრობლურ ინტერესებში! შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს სასწრაფოდ და მგონი ეს გამოსავალი დღეს სავიზო რეჟიმში უნდა ვეძიოთ, სხვა გზა არ არის. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, ცოტა ადრე რომ გვეზრუნა ამაზე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა, ვიდრე თავად ჩაკეტავს რუსეთი საზღვრებს, იქნებ სავიზო რეჟიმი მაინც შემოგვეღო, რაღაც ზომებს ხომ უნდა ვიღებდეთ, რისკების თავიდან ასაცილებლად. არა და რისკები ნამდვილად არსებობს. 54 1-ს მოსწონს 1-ს არა
|