ნადირობა და თევზაობა რა ღირს ერთი შევარდენი და ვინ უკეთებს პედიკურს ამ ფრინველებს ყატარში? 2022, 23 სექტემბერი, 13:08 ყატარი ახლო აღმოსავლეთში მდებარე პატარა, მაგრამ უმდიდრესი სახელმწიფოა, ნავთობის და გაზის უდიდესი მარაგებით, რომელსაც ამირა მართავს. ეს ქვეყანა ცნობილია უამრავი უცნაური ტრადიციით და ასევე რამდენიმე უცნაური პროფესიითაც. ერთ-ერთი ასეთი პროფესიაა შევარდნების ექიმი, რომელიც ყატარში ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ და საპატიო პროფესიად არის მიჩნეული, რადგან ამ აღმოსავლურ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ოჯახი, საკუთარი შევარდენი რომ არ ჰყავდეს და მისი გამორჩეულობით რომ არ ამაყობდეს.
შევარდნების მოთვინიერებას ყატარის ტერიტორიაზე 5000 წლის ტრადიცია აქვს. აღნიშნულ ფრინველებს ბედუინები უძველეს დროში სანადიროდ იყენებდნენ. დღესაც ყატარში სპორტის ეს სახეობა უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყატარის დედაქალაქ დოჰას ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, სოუქ ვაქიფში შევარდნების სპეციალური ბაზრობა და თქვენ წარმოიდგინეთ, საავადმყოფოც კი არსებობს. აქ შევარდნების ფასი 5000 ყატარული რიალიდან (3340 ლარი) იწყება და ხანდახან მილიონ რიალამდეც (669, 000 ლარი) კი აღწევს. განსაკუთრებულ შევარდნებს ყატარში პასპორტებს აძლევენ და მათი ქვეყნიდან გაყვანა საგანგებოდ კონტროლდება. საზღვარგარეთ გაყვანილ ფრინველს ფეხზე სპეციალური რგოლი უმაგრდება, სადაც პატრონის ტელეფონის ნომერია მითითებული. სოუქ ვაქიფის შევარდნების ჰოსპიტალს ყატარში ფრთების საკუთარი ბანკიც კი აქვს, სადაც ორთოპედიულ ქირურგიას ფრინველებს საუკეთესო სპეციალისტები უტარებენ, რათა დაზიანებულმა ფრთამ მტაცებელს ნადირობაში პრობლემა არ შეუქმნას. ფრინველებს ამავე საავადმყოფოს უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენი და როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე ტოქსიკოლოგიური კვლევებიც. 30 ექიმი და უამრავი უმცროსი მედმუშაკი დღედაღამ თავზე დასტრიალებს შევარდნებს. ისინი ცდილობენ, ფრინველები ყველა შესაძლო დაავადებისგან განკურნონ. მაგრამ ფრინველებს სოუქ ვაქიფის საავადმყოფოში არამხოლოდ მკურნალობენ, არამედ ლამაზ პედიკურსაც კი უკეთებენ მედიცინის დამსახურებული მუშაკები. ავიაკომპანია “ყატარის ავიახაზები” შევარდნების მეპატრონეებს მათი საყვარელი ფრინველებისთვის სპეციალურ სავარძლებსაც სთავაზობს, თანაც ხშირად პირველ კლასში. თუმცა ფრინველზე მორგებული განსაკუთრებული მენიუს შერჩევა ეკონომ კლასშიც არის შესაძლებელი, სადაც შევარდნის სავარძლის ფასი 115-დან 630 დოლარამდე მერყეობს. 206 შეფასება არ არის
|