x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფინეთმა 1939 წელს ისევე იბრძოლა, როგორც დღეს უკრაინა იბრძვის

რუსული პროპაგანდა პუტინის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ სამხედრო აგრესიამდე ყოველთვის ცდილობდა იმ მითის დამკვიდრებას, რომ რუსული არმია უძლეველია და მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. დღეს უკრაინელები ამსხვრევენ ამ მითს და ნათლად გვიჩვენებენ, თუ რა მყიფეა რეალურად რუსული არმიის ”სიძლიერე”, მაგრამ რუსეთი წარსულშიც არაერთხელ დამარცხებულა. განსაკუთრებით უხერხული მარცხი რუსეთის იმპერიამ 1939 წელს იწვნია, როცა ის პატარა ფინელი ერის გმირულ წინააღმდეგობას შეეჯახა.


ფინეთი


ფინელი ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებზე


ზოგადად, რუსეთ-ფინეთის და რუსეთ-უკრაინის ომებს შორის გასაოცარი პარალელების გავლება არის შესაძლებელი; ორივე შემთხვევაში რუსეთმა არასათანადოდ შეაფასა მოწინააღმდეგის შესაძლებლობები და ის განწყობები, რაც ერთის მხრივ 1939 წელს ფინეთში, ხოლო მეორეს მხრივ 2022 წელს უკრაინაში არსებობდა; სტალინიც “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებდა ფინეთში შეჭრას და ამ მოვლენის გამართლებას “უსაფრთხოების ინტერესებით” ცდილობდა; ისევე, როგორც უკრაინის არმია, ფინური არმიაც მკვეთრად ჩამოუვარდებოდა რუსულ არმიას შეიარაღებითაც და რიცხოვნულადაც, მაგრამ 1939-1940 წლების ომში ფინელების საბრძოლო სულმა, შემართებამ, სიმამაცემ და ჭკუა-გონებამ მაინც გაიმარჯვა.



ფინეთი


რუსეთის არმიის ჯარისკაცები ფინური გამაგრებული პოზიციების გადალახვას ცდილობენ


გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის თანახმად ფინეთი ბალტიისპირეთთან ერთად საბჭოთა კავშირის ინტერესების სფეროში მოექცა. სტალინი ფინეთს იგივე ბედს უმზადებდა, რაც ბალტიისპირეთს მოუმზადა. უნდა შექმნილიყო ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ფსსრ), რომელსაც სათავეში ფინელი კომუნისტები ჩაუდგებოდნენ. ნამგალი და ურო უნდა გაჩენილიყო ახლად დაარსებული საბჭოთა რესპუბლიკის გერბზე, ხოლო ფინეთის ეროვნული ვალუტა საბჭოთა რუბლი უნდა გამხდარიყო. დაიწყებოდა კოლექტივიზაცია. ასიათასობით ფინელი აღმოჩნდებოდა გულაგებში, ხოლო მათ ადგილს რუსები დაიკავებდნენ. ასეთი იყო რუსეთის გეგმა ფინეთთან მიმართებით, მაგრამ ფინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო ეს გეგმა ჩაფლავდა.


ფინეთი


რუსული არმიის აღლუმი ვიიპურში (ვიბორგი), 1940 წელს


საბჭოთა კავშირი ფინეთს 1939 წლის ნოემბერში დაესხა თავს. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ბრძოლა სულ რამდენიმე დღეს გასტანდა და მალე საკუთარ გამარჯვებას ჰელსინკში იზეიმებდა. ზოგიერთი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ კრემლში ისიც კი სწამდათ, რომ ფინელი ხალხი “მჩაგვრელ კაპიტალისტებს” აუჯანყდებოდა და საბჭოთა არმიას ყვავილებით ხელში შეეგებებოდა.


ფინეთი


რკინიგზის სადგურის გასასვლელთან მდგარი ჰელსინკელები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა


საქმე იმაში იყო, რომ ფინეთმა 1918 წელს უმძიმესი სამოქალაქო ომი გადაიტანა. იმჟამინდელი საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ბოლშევიკები მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ და არანაირ როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ასრულებდნენ, ფინეთში ბოლშევიკურ პარტიას ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავდა. საზოგადოება ორად იყო გახლეჩილი. სწორედ ამაზე ამყარებდა იმედს რუსეთის იმპერია, რომელიც საკუთარი აგენტურის მეშვეობით ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ფინელი მეწარმეებისგან ადგილობრივი დაქირავებულების თვალში “კლასობრივი მტრის” ხატს ქმნიდა.


ფინეთი


საბჭოთა ავიაგამანადგურებლების მიერ დანგრეული ჰელსინკი. ფინეთის დედაქალაქი სტალინის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე იყო, თუმცა სახმელეთო ჯარებმა ვერ შეძლეს იქამდე მიღწევა


მაგრამ საბჭოთა კავშირის თავდასხმამ და საბჭოთა ჯარისკაცების გაუგონარმა სიმხეცემ აღაშფოთა სრულიად ფინური საზოგადოება და მთელი ერი ერთ მუშტად შეკრა. ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას შეუდგენენ ის ადამიანებიც კი, რომელთა დაზავება მანამდე წარმოუდგენელი იყო (აქაც შეგვიძლია უკრაინასთან პარალელის გავლება. უკრაინელი რუსებიც სწორედ პუტინის არმიის სისასტიკემ და ბარბაროსობამ ჩააყენა აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის დამცველთა რიგებში).


ფინეთი


რუსეთის არმიის საბრძოლო ტექნიკა მარცხის შემდეგ


1939-1940 წლებში ფინეთმა მიუხედავად ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დათმობისა, შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა, რასაც მსხვერპლად 70, 000 ფინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის მხრიდან მსხვერპლი რამდენიმეჯერ უფრო მრავალრიცხოვანი იყო.


დღეს ფინეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და “ბედნიერების ინდექსში” მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საინტერესოა, სად იქნებოდა ახლა ის, რუსეთს მასთან მიმართებით საკუთარი გეგმები რომ განეხორციელებინა ან იარსებებდა თუ არა საერთოდ.


საკითხავი აი ეს არის.


მსგავს თემაზე: “თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც წითელარმიელებს თავზარს სცემდა

1
72
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
72
  
2022, 23 სექტემბერი, 6:56
ფინეთი არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. ვერც გახდება სანამ ამას თურქეთი არ მოინდომებს. თურქეთს კი ეს ჯერ არ უნდა.ფინეთი ამ ომში სასტიკად დამარცხდა, სტალინმა აახია ის ტერიტორიები რაშიც სამჯერ მეტ ტერიტორიას სთავაზობდა უომრად რომ მოგვარებულიყო საქმე, მაგრამ ფინელებმა თავზე გადაიჯვეს და დაისაჯნენ კიდეც. მსხვერპლის რაოდენობა კი სამასი ათასი იყო ორივე მხრიდან დაჭრილ დაღუპულებიანად, ფინურ წყაროებზე დაყრდნობით. ფინეთი დამარცხდა იმიტომ რომ ბრძოლის უნარიანი არმია აღარ დარჩა. სტალინს სულ არ აინტერესებდა ფინეთის დამოუკიდებლობა, სხვათა შორის ფინეთს დამოუკიდებლობა ლენინმა და სტალინმა ერთად მიანიჭეს მანამდე ფინეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ჰო კიდევ სტალინმა ფინთს მილიონობით რეპარაცია აახია. თუ წერთ რაღაცას სიმართლე დაწერეთ ნუ ცდილობთ ისტოორიის გადაწერას. დღეს სიმართლის დადგენა ძნელი არ არის.
0 1 1