x
მეტი
  • 25.09.2022
  • სტატია:122485
  • ვიდეო:355037
  • სურათი:494777
"რადიატორზე მიაბეს, სცემდნენ თან ფულს სთხოვდნენ...." - რას ჰყვება გივი სიხარულიძე

image


მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც 90 -იან წლებში მისი ერთი მეგობრის თავსგადამხდარი ისტორიის შესახებ იხსენებს და წერს:



"გულსავსე ებრაელი ქალი


XX საუკუნის 90-იანი წლებია. ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს, ცხოვრების უკუღმართობის გამო ცნობილ ძველ ბიჭად იქცა, თავის ჯგუფთან ერთად ბინებში შედის, ხალხს აყაჩაღებს, რაც მე ძალიან არ მომწონს.


ერთხელ სასწაული ამბავი შეემთხვა: მორიგ ჯერზე საყაჩაღოდ დიღმის მასივში ებრაელის ოჯახს მიადგნენ. კაცი რადიატორზე მიაბეს, სცემდნენ და თან ფულს სთხოვდნენ. ცოლი შეევედრა, შაქარი აქვს, ნუ სცემთ, ფული მე მაქვს და გამოგიტანთო. მართლაც, ქალი ოთახში შევიდა და ფულის შეკვრები გამოიტანა. ისინი კაცს მაინც გამეტებით სცემდნენ. ჩემი ძმაკაცი ებრაელს გადაეფარა – რაღა გინდათ, ფული ხომ მოგვცა, რაღატო სცემთ? ისედაც დიაბეტიანი ყოფილა!


– არა, სიმონ, უნდა ეშინოდეს!


– კაცო, კარგი რა, ადამიანები არ ვართ? ვაჟკაცები არ გვქვია? თბილისში დამრტყმელების სახელი გვაქვს! ვყაჩაღობთ, ვყაჩაღობთ! ნამუსიდან მთლად ხომ არ უნდა ავიღოთ ხელი?


ჩემი მეგობრის შეგონებამ გაჭრა და ებრაელის წამებაც ამით მორჩა. ის-ის იყო, სახლი უნდა დაეტოვებინათ, რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა, ბადრიმ ებრაელ ქალს მკერდზე ყურება დაუწყო და გადაკრულად ელაპარაკებოდა, აი, მაშინ კი მივიდა ეს ჩემი მეგობარი და უთხრა:


– რას შვრები, ბადრი, მამაკაცები ვართ თუ არაკაცები? რასაც შენ სჩადი, ამას უკანასკნელი ნაბიჭვარი არ იკადრებს.


ამ სიტყვებს ბადრისა და ჩემს მეგობარს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა. როგორც იქნა, დაშოშმინდნენ, ფული წამოიღეს და წავიდნენ.


მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ჩემი მეგობარი უკვე მოსკოვში ცხოვრობდა. იქ ძველბიჭობდა. ერთხელ დედამისმა დაურეკა, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, მილიციაში გიბარებენო. მართლაც, ბილეთი აიღო და მეუღლესთან ერთად თბილისში გამოფრინდა. გზად სულ იმაზე ფიქრობდა, ნეტა რომელ საქმეზე მიბარებენო.


და, აი, მილიციის განყოფილება. ხედავს, მთელი საძმაკაცო, ვისთან ერთადაც ყაჩაღობდა, ყველა იქ არის. თურმე, ისინი სულ სხვა საქმეზე დაუკავებიათ, მაგრამ შემდეგ ყველა გაუხსნელი საქმე ამოუგდეს და ამოცნობაზე ის ხალხი დაიბარეს, ვისი საქმეებიც მილიციას გაუხსნელი დარჩა. უცებ ის ებრაელი ცოლ-ქმარი გამოჩნდა. კაცმა ყველას ხელი დაადო, ყველა ამოიცნო. ჩემს მეგობართან რომ მივიდა, მეუღლემ შეჰკივლა:


– არა, არა! მე კარგი მხედველობითი მეხსიერება მაქვს. ამ ბიჭს პირველად ვხედავ. ეს ამათთან არ ყოფილაო.


ქმარი ცოლს განზრახვას მიუხვდა და მანაც თქვა:


– არა, დაგენაცვლე, ეს არ ყოფილაო. გამომძიებელი მიხვდა, რომ დამნაშავეს ხელს აფარებდნენ, ამიტომ მიაწვა ებრაელს:


– როგორ, კაცო, შეგატყვე, რომ ამასაც ხელს ადებდი და ასე უცბად რა მოხდა?


– არა, დაეგნაცვლე, ეს ჩვენთან არ ყოფილა და ახალგაზრდა კაცი ტყუილად დავღუპოო?


მოკლედ, ებრაელ ცოლ-ქმარს, ზეწოლის მიუხედავად, ჩემს მეგობარზე ვერაფერი ათქმევინეს. და ასე გადარჩა იგი ციხეს.


თავისუფლებაზე მყოფი მეგობარი მეუღლესთან ერთად თბილისში, მონატრებულ დედასთან ათი დღე დარჩა. წასვლის წინა ღამეს, პირველ საათზე ცოლს უთხრა: – წამოდი, ერთ ადგილას უნდა წავიდეთო. დაჯდა საჭესთან, ფრთხილად მიიხედ-მოიხედა, არავინ ამედევნოსო და ნელი სვლით ებრაელი ქალის სახლს მიადგა. კართან რომ მივიდნენ, ცოლს უთხრა, – შენ დარეკე ზარი, ჩემს დანახვაზე არ იფიქრონ, კიდევ დასაყაჩაღებლად მოვიდაო.


მართლაც, მეუღლემ ზარი დარეკა და უთხრა: მე ამა და ამ კაცის ცოლი ვარ, ჩემი ქმარიც აქ არის, თუ შეიძლება, სალაპარაკო გვაქვს თქვენთან. ებრაელმა ცოლ-ქმარმა სტუმრები შინ მიიპატიჟეს, სუფრა გაშალეს და გულუხვად უმასპინძლეს. ჩემმა მეგობარმა დიასახლისს უთხრა:


– თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები.


– რა სიცოცხლე, რას ამბობ? -უპასუხა ქალმა.


– რა და, 9 წელი ციხეში რომ წავსულიყავი, ჯერ ერთი, ცოლს გავცილდებოდი, ოჯახს დავანგრევდი. მეორეც, ჩემი მასტის კაცს იქ აუცილებლად კანონიერ ქურდად მაღიარებდნენ და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგებოდა. მე როდის გამოვიდოდი იქიდან და რა მოხდებოდა, არავინ იცის. ამიტომ, უსაზღვროდ მადლიერი ვარ შენი, ოჯახიც მაჩუქე და სიცოცხლეც შემინარჩუნე. სანამ ცოცხალი ვარ, მუდამ შენს გვერდით მიგულე. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, თუ ვინმემ შეგაწუხოს, დღე იქნება თუ ღამე, სულ ერთია, დამირეკე. იცოდე, ჩემი სახით შენ გყავს ძმა, რომელიც მთელი ცხოვრება შენს ვალშია და არასდროს გიღალატებს.


დამშვიდობებისას, დიასახლისმა გვერდით ოთახიდან 2 000 მანეთი გამოიტანა და ჩემს მეგობარს წინ დაუდო, - ეს ჩემგან, ჩემს ძმას საჩუქრადო, ჩემი მეგობარი სასტიკ უარზე იყო, ამას ხელს არ მოვკიდებო. მაშინ მის მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა, იცოდე, ამას თუ არ აიღებ, ჩათვალე, რომ დღეიდან შენი ქმარი ჩემი ძმა აღარ იქნება, ისიც იცოდე, შენი მეუღლე ყაჩაღი კი არა, ის კაცია, რომელმაც თამამად შეუძლია მამაკაცის დროშა ატაროსო.


მოკლედ, ცხადი გახდა, რომ სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელი იყო და ქალბატონმა თანხა ჩანთაში ჩაიდო.


მას შემდეგ, ჩემი მეგობრისა და ებრაელის ოჯახს შორის მეგობრობის საოცარი ძაფი გაიბა. ოჯახში გამართული ნებისმიერი პურ-მარილის დროს ებრაელი ქალი პირველ სტუმრად თავის ახლად შეძენილ ძმას და მის მეუღლეს ეპატიჟებოდა.


გავიდა დრო, როცა საქართველოდან ისრაელში ებრაელების მასობრივი გადინება დაიწყო, ამ ოჯახის შვილებიც აღთქმულ მიწაზე გაემგზავრნენ. ცოლ-ქმარს კი თბილისის დატოვება გაუჭირდათ. ამასობაში ასაკი მოემატათ. წლებმა თავისი ქნა. ჯერ ქმარი გარდაიცვალა, შემდეგ ცოლი. შვილები მშობლების საფლავების მოსავლელ თანხას ყოველთვიურად ისრაელიდან გზავნიდნენ. მაგრამ ეს რომ ჩემმა მეგობარმა გაიგო, მის ერთ-ერთ შვილს ისრაელში დაურეკა და უთხრა, ნება მომეცით თქვენი მშობლების საფლავების მოვლის ხარჯი ჩემ თავზე ავიღო. შვილისგან დიდი უარის მიუხედავად, მაინც ჩემი მეგობრის სურვილმა გაიმარჯვა და ცოლ-ქმრის საფლავს, საკუთარი დის და ძმის საფლავების დარად უვლიდა.


ერთხელ, ჩვეულებრივ, სასაფლაოზე რომ ავიდა, საფლავებს ვეღარ მიაგნო. გაგიჟდა, შვილებს დაუკავშირდა, უთხრეს, ისრაელში გადავასვენეთო. მას შემდეგ ეს ჩემი მეგობარი, ძმაკაცებთან ერთად, ყოველ წელიწადს საქართველოდან ისრაელში მათი გადასვენების დღეს აღნიშნავს.


აი, რა ძალა აქვს მეგობრობას, გულის ძახილს წინ ვერავინ და ვერაფერი აუღუდგება. ცხოვრების დვრიტამ ყაჩაღისა და გულსავსე ებრაელი ქალის ცხოვრება ერთმანეთს დააკავშირა, თან ისე, რომ სამარის კარამდე ერთმანეთის ერთგულები დარჩნენ.


ეს ქართულ-ებრაული ურთიერთობის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მცირედით ვცოდავდით ებრაელობასთან, ჩვენ ორ ერს შორის 26-საუკუნოვანი, მტკიცე ძმობა და სიყვარული მკვიდრობს. ებრაელებმა უამრავი ქართული თვისება შეისისხლხორცეს, აქაური ქუდი მოირგეს და აგერ უკვე ათასწლეულების გადმოსახედიდან, ასეთი შეხმატკბილებული თანაცხოვრება მათ გარდა არავისთან გვქონია. ჩვენთან მცხოვრები ებრაელები თავს ქართველებს უწოდებდნენ. ის ოქროს ხაზი, რაც ქართველ და ებრაელ ერებს აკავშირებს, იშვიათია მსოფლიოში მიმოფანტულ ებრაელობას შორის.


ქართველ ებრაელებს ჩვენი დიდი ოჯახის, საქართველოს სრულფასოვან წევრებად ვთვლით. მათ ჩვენ ბევრი სითბო და სიყვარული დავაფრქვიეთ, სამაგიეროდ, შევისისხლხორცეთ ებრაული სიბრძნის მცირედი, რასაც ხშირად გამოუვალი სიტუაციის გასაღებად ვიყენებთ.


P.S. აღსანიშნავია, რომ ებრაელი ოჯახის ისტორიამ ჩემი მეგობრის ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, ბევრ რამეზე დააფიქრა, მიხვდა, რომ მსგავსი ქმედება მისი პიროვნებიდან არ მომდინარეობდა, ეს მისი საქმე არ იყო, ამიტომ მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა და ზებუნებრივი ნიჭით გაბრწყინებულმა ამ დროიდან პატიოსანი კაცის ცხოვრებას მიჰყო ხელი. მას შემდეგ დადის ლაღად ამ ღვთითკურთხეულ მიწაზე ღვთისმშობლის კალთა გადაფარებული, ებრაელი ქალის გულმხურვალე ლოცვით გაჯერებული და თავის წრფელი გულით საზოგადოების უკიდეგანო სიყვარულს იმკის.


გივი სიხარულიძე


მწერალი"- ვკითხულობთ გივი სიხარულიძის ფეისბუქპოსტში.



0
861
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
861