საზოგადოება "გაუგონარი შიში აქვს, ჰგონია, რომ პირადად მოსპობს პოლონიუმით" - ვისზე საუბრობს ვახო სანაია 2022, 4 სექტემბერი, 11:10 ჟურნალისტი ვახო სანაია, რუსი შოუმენისა და სატირიკოსის, მაქსიმ გალკინისა და რუსული როკ-ჯგუფის, "მაშინა ვრემენის" თბილისში დაგეგმილი კონცერტების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ხელისუფლების კვალს ხედავს. სანაიას თქმით, უკრაინაში, პუტინის ომს დაპირისპირებულ და რუსეთის მიერ "შავ სიაში" შეყვანილ არტისტებს, სპორტის სასახლის კარი ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმიტომ დაუკეტა, რომ მას პუტინის გაუგონარი შიში აქვს:"სპორტის სასახლეში მაქსიმ გალკინის, ანდრეი მაკარევიჩისა და ვალერი მელაძის კონცერტები უნდა გამართულიყო. ყველაფერი შეთანხმებული იყო. ბილეთებიც კი გაყიდულია. დღეს კი სპორტის სასახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ღონისძიებები მათთან ვერ ჩატარდება. ციტატა - “შენობას შეექმნა რაღაც პრობლემები".ყველაფერი ცხადია - კონცერტების სპორტის სასახლეში გამართვა ხელისუფლებამ აკრძალა. საქმე ისაა, რომ მაქსიმ გალკინი, ვალერი მელაძე და ანდრეი მაკარევიჩი ღიად დაუპირისპირდნენ პუტინის ომს უკრაინაში. სამივე არტისტი რუსეთში ეკრანიდან გააქრეს. ივანიშვილს შეეშინდა და პუტინისგან შერისხულ არტისტებს საქართველოშიც შეუშალა ხელი და სპორტის სასახლის კარი ჩაუკეტა.სიმართლე გითხრათ, რუსული ესტრადა საერთოდ არ მაინტერესებს, არც მაგ კონცერტზე მივიდოდი და დიდად არ მესიამოვნებოდა რუსული ჰანგები თბილისში უკრაინის ომის ფონზე, ვისაც არ უნდა ემღერა, მაგრამ ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა. აქ მთავარი სხვა რამეა :ჩვენ შეგვიძლია, ამ ერთი ფაქტითაც კი ვიმსჯელოთ, რა სიღრმე აქვს ივანიშვილის შიშს პუტინის მიმართ. მთელ ქვეყანას არცხვენს ეს ლაჩარი ხელისუფლება. ივანიშვილს გაუგონარი შიში აქვს პუტინის - ჰგონია, რომ პირადად მას მოსპობს. არ ვიცი, რა კომპრომატი აქვს ასეთი ივანიშვილზე, მაგრამ სულ რომ არაფერი ჰქონდეს, ფიქრობს, რომ მაინც მისწვდება ერთხელაც პოლონიუმით. ესაა ყველაფრის მიზეზი - წარმოუდგენელი შიში.რუსეთმა რომ მოიგოს? რუსეთმა რომ არ წააგოს? ომი რომ ისე დამთავრდეს, ჩემს გასანაგურებლად ძალები მაინც შერჩეს? აი, ივანიშვილის მთავარი შეკითხვები საკუთარ თავთან. აი, ასე - “ქართული ოცნება" ღიად რუსეთის მხარეს."- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად და მსოფლიო ტურის ფარგლებში თბილისს, ცნობილი რუსი შოუმენი და სატირიკოსი, მაქსიმ გალკინი უნდა სწვეოდა. კომიკოსის კონცერტი სპორტის სასახლეში 19:00 საათზე იყო დაგეგმილი, საღამოდან შემოსული თანხა კი უკრაინიდან დევნილებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ბილეთების ონლაინ მაღაზიამ Biletebi.ge განაცხადა, რომ მაქსიმ გალკინისა და რუსული როკ-ჯგუფის, "მაშინა ვრემენის" კონცერტები პოლიტიკური მოტივების გამო გაუქმდა და არტისტების არშემოშვების შესაძლო მიზეზად რუსეთის არგაღიზიანებაც არ გამორიცხა. საიტის განცხადებით, დარბაზმა კონცერტის 3 ორგანიზატორს უარი უთხრა, რომლის მიზეზადაც სარემონტო სამუშაოები დასახელდა.327 1-ს არ მოსწონს |