x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის სცენარი"- რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას "ფეისბუქის"პირად გვერდზე ეხმაურება და მას ქვეყნისთვის "დამანგრეველს" უწოდებს:


"ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.



მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის ალში გახვევა), ანუ სამხედრო დანაშაულში ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება(არა ნაც.მოძრაობა), რომელიც გარედან (არა რუსეთიდან) მიღებული დავალებით მოქმედებდა.


შესაბამისად, იგულისხმება რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა ოსი ხალხი გენოციდისგან, რომელიც ინიცირებული იყო დასავლეთიდან და მისი აღსრულება ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქვე დაპირდა ყველას, რომ ამისთვის გაასამართლებს ნაც. მოძრაობას, ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას.


ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ტვირთი გადადის არა რომელიმე პარტიაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელსაც იმ ეტაპზე წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება.


ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად “ათეთრებს” რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან.


ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.


შესაბამისად, ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით."- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც განაცხადა რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".



"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ამ სიტყვებს გორში პროტესტი მოჰყვა. ივანიშვილის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ. 15 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან მათ აქცია იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა.



"რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია", - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. დემონსტრანტებმა სიმბოლურად, ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს იმ ინსტალაციას, რომელზეც მათი სახელებია ამოტვიფრული.









0
1872
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1872