x
image
მანანა თურმანიძე
საქართველო გლობალიზაციის ჭრილში
image


კოსმოპოლიტიზმი (ბერძნულიდან: კოსმოსი - სამყარო, პოლისი - ქალაქი, სახელმწიფო) არის მსოფლმედველობა, რომლის მიხედვითაც ადამიანი მთელი მსოფლიოს მოქალაქე უნდა გახდეს. „მსოფლიო მოქალაქეობის“ შემოღების იდეა ძველთაძველია, ჯერ კიდევ ბიზანტიის და რომის იმპერიიდან იღებს სათავეს. ეს არის იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობის ინტერესებს ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ის ცალკეულ ეპოქაში გამოხატვას პოულობდა სხვადასხვა ავტორების შემოქმედებაში.


კოსმოპოლიტიზმი თავის მხრივ ეხმაურება ინდივიდუალური თავისუფლებების იდეას. მას ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს, როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნული თვითმყოფადობისა და ერი-სახელმწიფოს კონცეფციებს. ვაჟა ფშაველა, მთაში დაბადებული და გაზრდილი გენიოსი, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შემდეგნაირად ეხმიანება კოსმოპოლიტიზმის იდეას:


"ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში.“



დღევანდელ რეალობაში ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. მსოფლიოს ქვეყნების, რეგიონების, ხალხების საყოველთაო ინტეგრაცია - გლობალიზაციის არსებითი ნიშანია. როგორც ჩანს ეს ხანგრძლივი პროცესია, რომლის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, თუმცა ის მაინც არსებობს, ისევე, როგორც ტექნოლოგიური პროგრესი, რომელმაც ეს პროცესები საგრძნობლად დააჩქარა და თვალნათელი გახადა.


თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებასა და აზროვნებაში გლობალიზაციამ ფართო მნიშვნელობა შეიძინა, მასში გულისხმობენ ერთიანი, საერთო მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას. გლობალიზაცია ისტორიული პროცესია, რომლის პროტოტიპია კოსმოპოლიტიზმი და იგი კაცობრიობის შორეულ წარსულში იღებს სათავეს, ისტორიულად ვითარდებოდა და დამახასიათებელი იყო თითქმის ყველა ეპოქისათვის.


თანამედროვე გლობალიზაცია კი უძველესი ინტეგრაციული პროცესების ახალი ეტაპია და სრული სახით XX ს. II ნახევარში ჩამოყალიბდა. ტერმინი „გლობალიზაცია“ გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა და მის გამოჩენას ამერიკელი მეცნიერ-ეკონომისტის ტ. ლევიტის სახელს უკავშირებენ, რომელმაც 1983 წ. „Harward Business Review-ში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამ ტერმინით აღნიშნა მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ სხვადასხვა პროდუქციის ბაზრების შერწყმის ფენომენი.


"თანამედროვე გლობალიზაცია ერთობ რთული და მრავალფეროვანი პროცესია, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. გლობალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ეკონომიკაა. თვალსაჩინოა, რომ დღეისათვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადი გადაადგილდება საერთაშორისო ბირჟებსა და მათ სტრუქტურებში; გაჩნდა ისეთი გლობალური კომპანიები, რომელთა კაპიტალის მოცულობა და ბრუნვა ბევრად აღემატება მრავალი მცირე სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობებს; ამ კომპანიათა სავაჭრო მარკები განთავსებულია მთელ მსოფლიოში. მეორე მხრივ, გლობალიზაცია კულტურული ფენომენიცაა. ახალი ტექნოლოგიების (მიკროელექტრონიკა, რობოტტექნიკა, ბიოტექნოლოგია და სხვ.) არნახულმა განვითარებამ, რევოლუციამ ტელეკომუნიკაციებში, მსოფლიო კომპიუტერული ქსელის (ინტერნეტის, ელექტროფოსტის), ფიჭური კავშირგაბმულობის გავრცელებამ, მათი შესაძლებლობების განუხრელმა ზრდამ და გამოყენებამ, შედეგად მოგვცა ის, რომ შეიცვალა დროისა და მანძილის ოდინდელი მნიშვნელობა. თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო საშუალებები უდიდესი სისწრაფით გადასცემენ ინფორმაციებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ადამიანებიც ასევე სწრაფად გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორე, ყველაზე შორეულ ქვეყანაშიც კი (ვიკიპედია, თავისუფალი ენციკლოპედია).


მართლაც, გლობალიზაციის პროცესი მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან განსხვავებულ კონტინენტებსა და ცივილიზაციებს და ამავე დროს სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გლობალიზაცია მოიაზრებს ისეთ პროცესებს, როგორიც არის: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია, ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელება-აღიარება) და დე-ტერიტორიზაცია (სახელმწიფო საზღვრების როლის შესუსტება, ნიველირება ან/და საბოლოოდ სრული გაქრობა).


ცხადია, გლობალიზაციის პროცესის უაღრესად რთული და კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. კერძოდ, იკვეთება რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები: გლობალიზაციის მომხრეების, ანუ გლობალისტების თანახმად, იგი წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას; მოწინააღმდეგეების, ანუ ანტიგლობალისტების შეხედულების თანახმად კი გლობალიზაცია ემუქრება არა მხოლოდ ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, მათ კულტურულ ფასეულობებს, არამედ განიხილება, როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული, რაც მეტად რაციონალურად ჟღერს, რადგან იდეალური არაფერია ამქვეყნად.


ბოლო რამოდენიმე დეკადის განმავლობაში, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ტენდენციად იქცა გლობალიზაციის პრობლემების განხილვა. ბუნებრივია, გლობალიზაციის ფენომენი სხვადასხვა დარგის მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მხედველობის არეალის მიღმა არ შეიძლებოდა დარჩენილიყო. შესაბამისად, ცოდნის ახალი დარგი შეიქმნა, რომელსაც გლობალისტიკა ეწოდა. ეს უკანასკნელი ერთმანეთთან აკავშირებს ისეთ მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს, როგორიც არის პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, კულტუროლოგია, და სხვ. გლობალური პრობლემების გრძელვადიანი პროგნოზების შესამუშავებლად და შესაფასებლად დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა საკრებულოც კი შეიქმნა, რომელიც ე. წ. „რომის კლუბის“ სახელით არის ცნობილი და აერთიანებს რამდენიმე ათეული ქვეყნის ასობით მეცნიერს, ბიზნესმენს, პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეს.


ბუნებრივია, გლობალიზაციის პრობლემა, ურთულესი გამოწვევების სახით, ასევე დგას თანამედროვე საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან, საქართველო ჩართულია გლობალიზაციის პროცესში. სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შესაქმნელად მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია და დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვეობის საერთაშორისო სისტემაში, ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში.


გლობალურ მსოფლიო სისტემაში საქართველოს მუდამ ჰქონდა დამკვიდრებული თავისი გეოპოლიტიკურად განსაზღვრული როლი და ადგილი. საქართველო, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ევროპისა და აზიის გზასაყარზე, დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის. ევრო-ატლანტიკური სივრცის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ჩვენი ქვეყანა, მისი მკაფიოდ გამოხატული დასავლური ინტეგრაციის მიზნებით, მტკიცედ განაგრძობს თავისი ისტორიული მისიის, მისი წინაპრების გზის - დასავლური ცივილიზაციის და მისი ფასეულობების განუყოფელ ნაწილად აღქმის და დამკვიდრების პროცესს. ძვ. წ. IV–III ათასწლეულებიდან მოყოლებული, დღევანდელ ქართველთა წინაპრები, ინტენსიურად იყვნენ ჩართული ძველ-აღმოსავლური და ანტიკური ეპოქების მსოფლიო ცივილიზაციათა შექმნა-განვითარების პროცესში. განსაკუთრებული სიმძაფრით ეს მოვლენა ბერძნულ-ელინურ სამყაროსთან კულტურული ინტეგრირებითა და პოლიტიკური კავშირებით არის ისტორიულად გამოხატული.


საქართველოს ინტენსიური კულტურულ-პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის ისტორიული ტრაციდია, ბერძნულ-რომაულ და აღმოსავლურ-ევროპულ სამყაროსთან (ბიზანტიასთან) ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ თავისი კულტურულ- პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცნობიერებით, უძველესი და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა, მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სწორედ დასავლური სამყაროსადმი კუთვნილებამ და მისი ღირებულებების გაზიარებამ განაპირობა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება IV საუკუნის იბერიაში, მეფე მირიანის მეფობისას, 325 წელს.


არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ისტორიული რეალობა, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე გადიოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო - სატრანზიტო მაგისტრალი – "აბრეშუმის დიდი გზა", რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა. „აბრეშუმის გზის“ – სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განახლება, რითაც საქართველოს საშუალება ეძლევა კვლავ აღიდგინოს ძველი ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის.


დღეს საქართველო სწორედ მისი ისტორიული როლის აღდგენა-დამკვიდრების რთულ პროცესს გადის, მისი რთული გეო-პოლიტიკური ახლო წარსულიდან გამომდინარე. უკანასკნელი 2 საუკუნის განმავლობაში საქართველოს ურთიერთობები გარე სამყაროსთან შეზღუდული იყო. XIX–XX საუკუნეების განმავლობაში, საქართველო ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდგომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული მსოფლიო რუკაზე არც კი აღინიშნებოდა. 1921-1991 წლებში მისი ურთიერთობები გარე სამყაროსთან განსაზღვრული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური დოქტრინით და საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.


საბჭოთა კავშირში კოსმოპოლიტიზმი განიხილებოდა როგორც პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიასთან დაპირისპირებული, რეაქციულ-ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც გამოხატავს კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის ობიექტურ ტენდენციებს და ის იმერიალიზმთან ასოცირდებოდა. მიუხედავად პოლიტიკური „კარჩაკეტილობისა“, საქართველოში, ყველა ეპოქაში არსებობდნენ მოაზროვნე მოღვაწეები, რომლებიც მუდამ ფიქრობდნენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და მისი ისტორიული როლისა და ფუნქციის აღდგენაზე. „ჩვენი ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ“ ამბობდა ილია „ჩვენ გარეშე, ჩვენი გზა სიზმარიაო“ - თითქოს დღევანდელ საქართველოს ეხმიანებოდა ერის მამა. „ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, წელში გამაგრდეს, გონებრივად და ქონებრივად მოღონიერდეს და თვითონ გახდეს თავის ბატონ-პატრონიო“ - დასძენდა აკაკი.


კოსმოპოლიტიზმისა და გლობალიზაციის თემაზე ვაჟას ღრმად გააზრებული პოზიცია განცვიფრებას იწვევს, როდესაც მის სიტყვებს ვკითხულობთ, რომლებიც 1905 წ. დაწერა:


„ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.



ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით", „მეფე ლირით" ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით" და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება... მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე."


"პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.


ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა". ვაჟა ფშაველა,


ფაქტობრივად, გლობალიზაციის სამივე ასპექტი - ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული, მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და მოიაზრებს თანამედროვე მსოფლიოს საზოგადოებაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობას. თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში კვლავ აქტუალური ბჭობის საგანი გახდა კოსმოპოლიტიზმის თემა. გლობალიზაცია და მუნდიალიზაცია (მსოფლიო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს ლიბერალიზაციას და გულისხმობს სპეციფიკური ტერიტორიის გამოცხადებას მსოფლიო ტერიტორიად) - ხანგრძლივი პროცესებია, თუმცა ობიექტური სინამდვილიდან გამომდინარე, სავსებით რეალური მიმდინარეობებია.


ახალ ვითარებაში, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა, გააკეთა თავისი ისტორიული არჩევანი და საგარეო კურსი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიმართა, მას დაეძაბა ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან. მიუხედავად ამ რთული გეო-პოლიტიკური რეალობისა, საქართველო მტკიცედ დგას მის მიერ არჩეულ გზაზე. 1999 წლიდან ის ევროპის საბჭოს წევრია და მონაწილეობს იმ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობაში, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას და რომლის საბოლოო მიზანიც ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება. საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მონაწილეობას იღებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.


საქართველო მტკიცედ დგას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც მისი გეოპოლიტიკური ფუნქციის აღდგენის მცდელობის გამოხატულებაა. ამგვარი თვითდამკვიდრების გარეშე ჩვენი ქვეყანა მოწყდება თავის ისტორიულ როლს და მისი სახელმწიფოებრიობა ეჭქვეშ დადგება, რაც დაღუპვის ტოლფასია.


0
86
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0