ანონიმური წერილის საფუძველზე გადაჭრილი სანადირო თოფით ძმამ და მოკლა. აწ გარდაცვლილი ნონა ძმაზე 15 წლით უმცროსი იყო. 42 წლის მკვლელისთვის სახელმწიფო ბრალმდებელმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დის მკვლელი ციხეში 25 წელს გაატარებს. ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ პატიმარი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა, რადგან საპატიმროში მან ვენები რამდენჯერმე გადაიჭრა. მიზეზი კი, რის გამოც ტრაგედია დატრიალდა გოგონას უწესო ცხოვრება გახდა – აწ გარდაცვლილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახლდათ.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ზურაბ ბ-ს უმცროსი და ყველზე ძალიან უყვარდა. გოგონა მშობლებს ასაკში, სრულიად მოულოდნელად შეეძინათ და მოხუცი დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ, მას სწორედ ძმა ზრდიდა. დედმამიშვილებს იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ამის გამო ზურაბს ცოლთან უსიამოვნებებიც კი ჰქონდა – ძმა დას საკუთარ ცოლსა და შვილებზე წინ აყენებდა. რაც არ უნდა დაეშავებინა, რძალს მულისთვის გადაბრუნებული სიტყვის თქმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ ქმარს შესაძლოა, სახლიდანაც კი გაეგდო. ამის გამოცდილება მას რამდენჯერმე უკვე ჰქონდა.
ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, და-ძმას შორის უფსკრული გაჩნდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ნონა ძმის დაუკითხავად გათხოვდა. ძმა მას რამდენიმე თვე არ ელაპარაკებოდა, მაგრამ პატარა და იმდენად უყვარდა, ღარიბ სიძეს ყველაფერი გაუკეთა და ოჯახი აუწყო. დახმარების მიუხედავად, ოჯახი ვერ შედგა. ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვი არ ჰყავდათ, რასაც ნონა ქმარს აბრალებდა. ბოლო დროს ის ძმას ხშირად ეუბნებოდა, რომ ამ მიზეზის გამო, ქმრისთვის თავის დანებება უნდოდა, მაგრამ ძმა ამის უფლებას არ აძლევდა.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ისევ ზურაბმა იპოვა. ნონა მეუღლესთან ერთად თბილისში გადაიყვანა საცხოვრებლად. მან სიძეს არათუ საკუთარი ბინა დაუთმო, მუშაობაც დააწყებინა, მაგრამ არც ამან გაამართლა – დაახლოებით ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ნონამ საყვარელი გაიჩინა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს ამბავი ქმარმაც გაიგო. მაგრამ, ცოლისძმის შიშით, ხმას ვერ იღებდა და გარკვეული პერიოდი ცოლის საქციელზე თვალს ხუჭავდა...
ნონას ქმრის ჩვენებიდან: „თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ნონას არ ვუყვარდი და ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გამომყვა ცოლად. ამას დაემატა უშვილობა, რასაც ნონა მე მაბრალებდა, მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, რომ პრობლემა არც ერთს არ გვქონდა და შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა. სოფელში ცხოვრების ბოლო თვეებში ნონა კიდევ უფრო გაცივდა, ბოლოს გაყრით მემუქრებოდა. განქორწინება უკვე მეც მინდოდა, ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან, მას მაინც დავკარგავდი. მაგრამ, ხავსს ვეჭიდებოდა, მეგონა, 22 წლის გოგო გაიზრდებოდა და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავდა. ყველაზე რთული კი ჩემთვის ზურასთვის ღალატი იყო. არ ვიცოდი, მისთვის რა მეთქვა, რადგან ნონა ძმის თანდასწრებით ისე მექცეოდა, ეჭვს ვერავინ შეიტანდა, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ვიყავით.
სწორედ ამიტომ დავთანხმდი ნონას თბილისში საცხოვრებლად გადასვლაზე. როგორც შემდეგ გავიგე, წამოსვლამდე ძმას არწმუნებდა, ქალაქში უფრო მეტად ავაწყობდით ცხოვრებას და მანაც ყოველმხრივ ხელი შეგვიწყო.
პირველ ეტაპზე ნონა მართლაც დამშვიდდა. ისე შეიცვალა, მიკვირდა. საოჯახო საქმეებს თავს კარგად ართმევდა, საღამოს სახლში მოსვლა მიხაროდა. მაგრამ, ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც მეზობელი მდგმურები გაიცნო. 24 საათი მათთან ატარებდა დროს. გოგონები ნონას ასაკისანი იყვნენ, მაგრამ თავიდანვე არც ერთი არ მომეწონა. ვგრძნობდი, რომ უწესო ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ როდესაც ნონას ამის შესახებ ვუთხარი, რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა – გაჭირვებული, მაგრამ კარგი გოგონები არიან. მე კი ბავშვი არ მყავს და სად გავერთოო...
ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ყოფილი პოლიციელი, ვინმე გელა სწორედ მათგან გაიცნო. ერთ-ერთ მდგმურთან ერთად ის სახლშიც კი მომიყვანა და მომატყუა, მდგმურის საქმროაო. მინდოდა დამეჯერებინა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა, რადგან ნონა რადიკალურად შეიცვალა. ის არაბუნებრივად თბილი გახდა. ისე მექცეოდა, მასზე მოსიყვარულე ცოლს კაცი ვერ ინატრებდა, მაგრამ პარალელურად, დასაძინებლად სხვა ოთახში გადავიდა. ვივარაუდე, რომ დასვენება უნდოდა და ძალას არაფერზე ვატანდი. თუმცა, ღამით გოგონებთან დარჩენა რომ დაიწყო, თავი ვერ შევიკავე და დავემუქრე, შენს ძმას ჩამოვიყვან-მეთქი.
ნონა მამშვიდებდა, რომ ასეთი ურთიერთობა ფიქრის საშუალებას მოგვცემდა და ეს ორივესთვის უკეთესი იქნებოდა. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ ჩემთვის ცხოვრება 23 ივლისს დაინგრა – ნონა ვითომ ჩვენი მეზობლის საქმროსთან ერთად ჩვენს საწოლში ვნახე. მოულოდნელად სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი, ამის შესახებ შესაძლოა, ვერც გამეგო...
ნონა მამშვიდებდა, რომ მათ შორის არაფერი მომხდარა და მთხოვდა მეპატიებინა. რაც შეეხება იმ კაცს, იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და ცინიკურად მელაპარაკებოდა. არაკაცს მეძახდა, რადგან ქალი ამ დონეზე მივიყვანე. არ ვიცი რა დამემართა, ხმა არ ამომიღია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ნონასთან აღარ ვიცხოვრებდი. გარდა ამისა, ჩემი ცოლისძმისთვისაც უკვე მქონდა სათქმელი, რომ მისი და მღალატობდა” – წერს ქმარი ჩვენებაში, რომელიც აცხადებს, რომ მოვლენების ასე სასტიკად განვითარებას მაინც არ ელოდა: „ეჭვადაც რომ მეფიქრა, ამის გამო ზურა ნონას მოკლავდა, ღალატის მიუხედავად, ნონას მაინც ცოლად დავიტოვებდი, ” – წერს აწ გარდაცვლილის ქმარი.
საქმის მასალების თანახმად, ნონას საყვარლის შესახებ მთელმა ეზომ იცოდა, რადგან ქმრის სამუშაოზე წასვლისთანავე, სახლიდან ნონაც მიდიდოდა და სახლში ქმრის მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ბრუნდებოდა. ანუ, როგორც ყოველთვის, ღალატის შესახებ ყველაზე ბოლოს ქმარმა გაიგო...
უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქმრისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ნონამ ის მაინც დაიყოლია, მისი ძმისთვის არაფერი ეთქვა. სთხოვა. გარკვეული დრო მიეცა და ძმას სიმართლეს თავად ეტყოდა.
ქმრის ჩვენებიდან: „ნონა ისე ტიროდა, ძალიან შემეცოდა. მთხოვდა, რომ შეცდა და მეპატიებინა, მაგრამ პატიებაში გულისხმობდა, მისი ძმისთვის არაფერი მეთქვა. ასეთი საუბრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ ვუყვარდი. მისთვის მთავარი იყო ზურას არაფერი გაეგო. ნონას დავთანხმდი, მაგრამ ამის შემდეგ ღამეს თანამშრომლის სახლში ვათევდი. ნონა არც კი მირეკავდა. მას ისევ მე ვურეკავდი და თითქოს მიბოდიშებდა, რომ ჩემთან ცუდად გამოუვიდა.
დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გადავწყვიტე, სოფელში ჩავსულიყავი და ჩემი ცოლისძმა საქმის კურსში ჩამეყენებინა, მაგრამ ისევ ნონამ შემაჩერა. არ ვიცი, იგრძნო, თუ რა მოხდა, დამირეკა და მთხოვა, სოფელში არ წავსულიყავი – ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, მგონი, ბავშვს ველოდებიო და თუ ჩემს მიმართ რაიმე შემოგრჩა, ეს ამბავი არავის უთხრაო...
განადგურებული ვიყავი. თუ რაღაც იმედი კიდევ მქონდა, რომ შესაძლოა, ნონა რეალურად არ მღალატობდა, მისი ორსულობით, ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა. მომხდარის შესახებ თანამშრომელს სწორედ იმ ღამეს მოვუყევი. ახლაც ვგრძნობ, რა საცოდავად მიყურებდა. სწორედ მან მაიძულა, ჩემს ცოლსძმასთან მეორე დღესვე წავსულიყავი და ყველაფერი მეთქვა. დამპირდა, რომ თავადაც გამომყვებოდა, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა...”
საქმის მასალების თანახმად: „ზურაბ ბ-მ შურისძიების ნიადაგზე საკუთარი და – ნონა ბ. მოკლა. ამის მიზეზი კი ანონიმური წერილის საშუალებით მიწოდებული ინფორმაცია გახდა. წერილის თანახმად, მისი და ქმარს ღალატობდა. ამაში კი ხელს თავად ქმარი უწყობდა, რომელიც სახლიდან იმის გამო წავიდა, რომ ცოლის და მისი საყვარილსთვის მისსავე სახლში შეხვედრის საშუალება მიეცა. ამის შემდეგ თვითნაკეთი სანადირო თოფით, საკუთარი ავტომანქანით ზურაბ ბ. თბილისში, თემქაზე მდებარე საკუთარ სახლში ჩავიდა. მას დისა და სიძის მკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, ბინაში მხოლოდ და დახვდა, რომელსაც შურისძიების მოტივით, ორჯერ ესროლა. შედეგად, ნონა ბ. ადგილზე გარდაიცვალა”.
რა საუბარი შედგა და-ძმას შორის, ამის თვითმხილველი არ არსებობს. მეზობლებმა სროლისა და ქალის ყვირილის ხმა ერთდროულად გაიგეს.
მეზობლის ჩვენებიდან: „დილის 11 საათი იქნებოდა, ეზოში ზურას მანქანა გაჩერდა. ისე დაამუხრუჭა, ყურადღება მიიქცია. ხელში ბავშვი მეჭირა და გარეთ გამოვიხედე. მაშინვე სახლში შევედი, რადგან შეშლილი სახე ჰქონდა. თან, მომეჩვენა, რომ ქურთუკში რაღაცას მალავდა. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ხელში თოფი ეჭირა და დის მოსაკლავად მიდიოდა. ნონა მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. სროლისა და ყვირილის ხმა ერთდროულად შემომესმა. მეგონა, ბავშვები ქუჩაში რაღაცას აფეთქებდნენ, მაგრამ გარეთ გამოსულმა ზურა დავინახე, რომელიც სიძეს გინებით ეძახდა. ერთმანეთს პირისპირ შევხვდით, სახეზე მკვდრის ფერი ედო. ხელში ბავშვი მეჭირა და მივხვდი, რომ მე არაფერს დამიშავებდა. შეშლილი სახით მკითხა, ხომ არ ვიცოდი სად იქნებოდა ნონას ქმარი...”
მისი წასვლისთანავე ქუჩაში გავვარდი ხალხის შემოსაყვანად, რადგან ეზოში არავინ იყო. სახლში რომ შევედით, იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი. ნონა ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ სასწრაფო დახმარება მაინც გამოვიძახეთ...
საქმის მასალებით, დის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ბ-მ სიძის მოძებნა სცადა. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იპოვა და ისევ სახლში დაბრუნდა. იქ კი პოლიცია დახვდა და დააპატიმრა. თვითმხილველთა თქმით, ბრალდებული თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
ექსპერტიზის დასკვნით, აწ გარდაცვლილ ნონა ბ-ს შემავალი ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული, რამაც აორტა დაუზიანა. ექსპერტიზის დასკვნითვე, ნონა ორსულად არ ყოფილა...
თვით სასამართლო პროცესზე, გარდაცვლილის ძმამ არაერთხელ სცადა თავის მოკვლა. აცხადებდა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენ წელს მიუსჯიდნენ, რადგან თავს მაინც არ იცოცხლებდა.
რაც შეეხება აწ გარდაცვლილის ქმარს, მან გამოძიებას ჩვენება ინციდენტიდან რამდენიმე დღეში მისცა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ნონა ბ-ს ქმარს სამართალდამცველები დღემდე ეძებენ...
ვინ მიაწოდა აწ გარდაცვლილის ძმას ანონიმური წერილი? ვინაიდან ბარათი ნაბეჭდი სახით იყო, ამის დადგენა ვერ მოხერხდა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ზურაბ ბ. საქმის კურსში ერთ-ერთმა მდგმურმა ჩააყენა...