საქართველო "იტყვიან ნემსი გაუკეთეს ქოცებმაო....." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 31 ივლისი, 12:25
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექს- პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ჩვენ, 2013 წლიდან მოყოლებული ვცდილობდით მიშასთვის აგვეხსნა, რომ ის ვეღარ იქნებოდა იმ ტიპის ლიდერი, როგორიც იყო - უნდა შეგუებოდა, რომ თუ პოლიტიკაში რჩება ქვეყნის დატოვების შემდეგაც, შეიძლებოდა ყოფილიყო ერთერთი და არა ერთადერთი.
მიშამ ამის გამო შეგვრაცხა მოღალატეებად, ჩვენი თავი ალანძღინა მის ბრბოს, რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში გვაბრალებდა ყველაფერს, რაც პირზე მოადგებოდა - გაზპრომზე მიყიდვით დაწყებული, ტრადიციების წართმევით დამთავრებული.
ამაში აიყოლია ისინი, ვინც მასში ძალაუფლების და ფულის წყაროს ხედავდა, ყველა საზიზღარი მცოცავი! ჩაშალა ყველა შეთანხმება რაც მის აბსოლუტურ ძალაუფლებას გამორიცხავდა, მის მიერ კონტროლირებად მედიებში დაბლოკა ყველა, ვინც მის უპირობო ლიდერობას ეჭვქვეშ ვაყენებდით, შედეგად - არაერთი პოლიტიკური ლიდერი გატეხა და მორალურად გაანადგურა!
მერე, როცა ჩათვალა რომ ის მომენტია, როცა თუ არ ჩამოვიდა - სხვა დაიკავებს მის ადგილს, რძის პროდუქტების კონტეინერით შემოიპარა, ნაცვლად საზღვარზე ღირსეულად შემოსვლისა და თვეების განმავლობაში ისტერიკაში იყო, მე რომ თავი გავწირე, ახლა თქვენ გაწირეთო - მის ბრბოს და კარვის ქალებს მოღალატეები აძახებინა ყველასთვის, ვინც მას გმირად არ ვთვლიდით და აქციაზე არ გავდიოდით.
ახლა ეს კაცი ამბობს, რომ კობახიძე და რუსეთი არაფერ შუაშია და ოღონდ ციხიდან გაუშვან, პოლტიკას აღარ გაეკარება.
აი ამ კაცს შეწირა ოპოზიციამ 10 უმნიშვნელოვანესი წელი.
პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ნაწილი ვერც კი ხვდება ეს რა სირცხვილია. ვერ ხვდებიან რა თავისმომჭრელად იქცევა. შემთხვევით, თუ შემოტრიალდა - წავლენ და მის ჩრდილში დაიწყებენ ადგილის ძებნას, იტყვიან ნემსი გაუკეთეს ქოცებმა და მაგიტომ ინანიებდაო.
დიდი სირცხვილია.
არცერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ბიძინას ციხეში მოხვდა, ასე სამარცხვინოდ არ მოქცეულა." - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის და "ნაციონალურ მოძრაობასაც" ტოვებს, ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რაც პოლიტიკაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
,
|