საზოგადოებრივი სამყარო, ადამიანი და ერი 2022, 24 ივლისი, 4:18 როდესაც ეროვნებაზე აქვთ ხოლმე საუბარი და იმაზე, რომ ისააკ ნიუტონსაც ჰქონდა კომპლექსი სამყაროსთან შედარებით თავისი პიროვნების სიმცირის შესახებ, ამ დროს ზოგიერთს აზრად მოსდის, რომ საერთოდ რა აზრი აქვს კაცობრიობის არსებობას და მით უმეტეს ეროვნებებისო. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სამყარო იმდენად დიდი რამაა, რომ ამ სამყაროში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება და მთავარია ფუნქციები და კომპლექსურობა. მაგალითად ადამიანი ფუნქციურად არის სამყაროზე უფრო რთული არსება იმიტომ, რომ სამყარო არ არის პიროვნება და ვერ აზროვნებს როგორც პიროვნება, მაგრამ ადამიანი აზროვნებს. ამგვარად, ის ამ მხრივ სამყაროსაც კი აღემატება მნიშვნელობით. ფიზიკურადაც კი ადამიანი ძალიან კომპლექსური, რთული და დიდი არსებაა. მაგალითად, თითოეული ადამიანი არის შედეგი 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში მიმდინარე კოსმოსური ევოლუციის. ის არის თერმოდინამიკური სასწაული, გაღვიძებული, მოაზროვნედ ქცეული სამყარო, რომელმაც თავისი თავის აღქმის და შესწავლის უნარი შეიძინა. ადამიანის ორგანიზმი შედგება ორგანოთა 11 სისტემისგან, რომელიც შეიცავს სულ 78 ორგანოს, ხოლო აღნიშნული ორგანოები თავის მხრივ შედგება 200-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან. თითოეული ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ 38 ტრილიონზე მეტი ბაქტერიული უჯრედია. ასევე საინტერესოა, რომ ბიოლოგების შეფასებით, 380 ტრილიონი ვირუსი ცხოვრობს ადამიანის სხეულზე და მის შიგნით, რაც 10-ჯერ აღემატება ჩვენს ორგანიზმში არსებული ბაქტერიების რაოდენობას. ამ ვირუსთაგან ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ უმრავლესობა უბრალოდ თანაარსებობს ჩვენთან ერთად. ადამიანის ტვინი შედგება საშუალოდ 86 მილიარდი ნეირონისგან (ნერვული უჯრედისგან) და 85 მილიარდი გლიური უჯრედისგან. ყველაზე პატარა ადამიანური უჯრედი ჩვენს ორგანიზმში არის ერითროციტი (სისხლის წითელი უჯრედი) და თითოეული ერითროციტი შედგება 2.7 ტრილიონი ატომისგან, ხოლო ერითროციტების რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში არსებულ თითოეულ ლიტრ სისხლში საშუალოდ 4.6 ტრილიონია. თითოეულ ამ უჯრედს აქვს 4.1-4.5 მილიარდი წლის ევოლუციური ისტორია იმიტომ, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის თითოეული უჯრედი, დედამიწაზე პირველად ჩასახული სიცოცხლის პირდაპირი შთამომავალია. ამიტომ თუ ერთი ადამიანიც კი ამდენად დიდია, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანთაგან შემდგარი სოციუმები და მით უმეტეს ათასწლოვანი უნიკალური კულტურები და ერები. ეს მრავალფეროვნება ძალიან საინტერესო, დასაფასებელი და ლამაზია, რაც აძლევს ინდივიდის ცხოვრებას მეტ აზრს, მოტივაციას, კომფორტს და უყალიბებს მიზნებს. რაც უფრო მყარია რომელიმე ინდივიდუალური ინტელექტუალური არსების იდენტობა, მეტად მწყობრია მისი აზროვნება, მეტად აქვს დასახული მიზნები, უკეთ იცის ვინაა, რა უნდა და სიყვარულს და სიახლოვესაც მეტად გრძნობს იმ არსებებთან, რომლებიც ემთხვევა მის იდენტობას და მასთან ახლოსაა, მას ჰგავს. ეს აყალიბებს სოციუმებს და ვინაიდან ადამიანი სოციალური არსებაა, ის ფსიქოლოგიურად მეტად კომფორტულად და ჯანმრთელადაა ასეთ გარემოში. ასე უკეთ ქმნის ცივილიზაციას და აღწევს დიდ შედეგებს, როგორიცაა გადარჩენა, განვითარება და შესაძლოა უკვდავყოფამდეც კი მივიდეს საქმე. ამიტომ იდენტობები არის ის, რაც ქმნის სოციუმებს, სოციუმები კი არის ერთადერთი გზა რეალური ცივილიზაციური წინსვლისთვის. სოციუმის ყველაზე ბუნებრივი და მყარი ფორმა კი ერებია. კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი 14. ჰომოს გვარი 15. არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე64 1-ს მოსწონს |
კაცობრიობის არსებობის საბოლოო მიზანი რა უნდა იყოს, ამას თუ ვკითხულობთ, საბოლოო მიზანი არის კეთილდღეობის უფრო და უფრო მატება, გადარჩენა როგორც სახეობის, მშვიდობის დამყარება ამ ერებს შორის, დაავადებების დამრცხება და სიცოცხლის ხანგრძლივობის წარმოუდგენლად მომატება. ასევე სამყაროს უფრო და უფრო ფუნდამენტურად შესწავლა და ამ ცოდნის ჩვენს საკეთილდღეოდ გამოყენება.
ერების არსებობა არის როგორც გუნდების არსებობა სპორტში. ყველა რომ ერთ გუნდში იყოს, აღარ იქნებოდა ის ჟინი სპორტში, რაც ახლაა. როცა ერთ გუნდს უნდა რომ მეორეს და სხვებს აჯობოს, ესაა დამატებითი მოტივაციის მიმცემი შეჯიბრში. შეჯიბრი კი ყოველთვის აჩქარებს განვითარებას.