x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ცნობიერება, ცოდნა, ტვინის აქტივობა... – რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ადამიანი, რა უკეთებია ან რამდენი ფული უშოვია, საბოლოოდ, სიკვდილი ყველას შეეხება. ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის სიკვდილზე იწყებს ფიქრს, – იმ საბედისწერო დღეზე, როდესაც ცხოვრება ერთ გაელვებაში დასრულდება... და როგორი იქნება ეს გაელვება?

ამ საკითხებზე მეცნიერები უკვე დიდი ხნის მანძილზე მუშაობენ. ხოლო, თანამედროვე ხელსაწყოების და უკვე ჩატარებული კვლევების წყალობით, მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ იმაზე, თუ როგორ წყვეტს ფუნქციონირებას ადამიანის ცალკეული ორგანო. მაგრამ, რა ემართება ცნობიერებას, ან რას გრძნობს ადამიანი გარდაცვალების მომენტში?

აქ მეცნიერულად დადასტურებულ 9 ფაქტს გთავაზობთ, ამ სიკვდილის შემდგომ მდგომარეობის შესახებ:


image


9. ფორმულირების გაურკვევლობა


საერთო აზრი იმის შესახებ, თუ ოფიციალურად, რომელი მომენტი უნდა ჩაითვალოს სიკვდილის დადგომის დროდ, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ორი გაგება, რომელზეც კითხვები არ ჩნდება: «იურიდიულად გარდაცვლილი» და «კლინიკურად გარდაცვლილი». ძირითადად ითვლება, რომ ადამიანი იმ მომენტში კვდება, როდესაც მისი სიცოცხლისკენ მობრუნება უკვე შეუძლებელია. მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ სიკვდილი მაშინ დგება, როდესაც გულისცემა ჩერდება, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, – სიკვდილის მომენტად, ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა ითვლება.

და მაინც, რა არის სიკვდილი?

სინამდვილეში, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც გული ჩერდება, ხოლო ტვინი საერთოდ არ ავლენს აქტივობის ნიშანს, სპეციალური აპარატის საშუალებით, ჯერ კიდევ შეიძლება სისხლის მიმოქცევის სისტემის ამუშავება და ეს შეიძლება საკმარისი გახდეს, ადამიანის რეანიმირებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი – უეცრად არ დგება. ეს პროცესია, რომლის დროსაც, ყველა ბიოლოგიური ფუნქცია ერთი მეორის მიყოლებით, წყვეტს ფუნქციონირებას, ვიდრე პაციენტის რეანიმირების შესაძლებლობა სრულად არ გაქრება.


8. ცოდნა


რა ემართება ადამიანის ცნობიერებას როდესაც ის კვდება?

თანამედროვე მეცნიერება თვლის, რომ ცნობიერება, ტვინის მოქმედების გვერდითი შედეგია: ტვინი ნერვული მოქმედებით ქმნის ცნობიერებას და მისი სიკვდილის შემდეგ, ცნობიერებაც კვდება და მასთან ერთად ყველაფერი, – ადამიანს მიერ მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა. მაგრამ, ცნობიერების საკითხი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

ცნობიერებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს, რომლის მიხედვით, ის არ არის სიცოცხლის განმსაზღვრელი ფაქტორი და სიცოცხლე არ არის ცნობიერების არსებობის გარანტი. მაგ., საერთო ანესთეზიის დროს, პაციენტი დამოუკიდებლად სუნთქავს, მაგრამ ცნობიერება გათიშული აქვს. ამასთან, კლინიკური სიკვდილის შემდეგ, რეანიმირებული პაციენტები ზუსტად აღწერენ ყველაფერს, რაც ოთახში ხდებოდა, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ისინი გარდაცვლილებად ითვლებოდნენ. შესაძლებელია, სიცოცხლესა და ცნობიერებას შორის კავშირი ისეთი მტკიცე არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ან იქნებ, მათ შორის კავშირი საერთოდ არ არსებობს?

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ცნობიერება დიაპაზონური თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ და არა გადამრთველივით, რომელიც ხან ითიშება და ხან ირთვება. და შეიძლება, ცნობიერებაც ისევე ნელა-ნელა ქრება, როგორც სიცოცხლე ორგანიზმიდან...


7. ტვინი


გავრცელებული აზრის მიუხედავად, ტვინი – უკანასკნელი ორგანო არ არის, რომელიც სიკვდილის მომენტში წყვეტს ფუნქციონირებას. როგორც წესი, სხეული უფრო გვიან კვდება, ვიდრე ტვინი.

ქვეყნების უმრავლესობაში, «ტვინის სიკვდილად» მოგრძო ტვინის ნულოვანი აქტივობის მომენტი ითვლება, რადგან მისი შეჩერებით, ორგანიზმში არსებული ყველა სისტემა ჩერდება. ითვლება, რომ გულის გაჩერების შემდეგ, ტვინი მხოლოდ 6 წუთი ცოცხლობს. მაგრამ, ეს ასე არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებას წყვეტს, მაგრამ მოგრძო ტვინი ისევ აქტიურია, ადამიანის გარდაცვლილად გამოცხადება არ შეიძლება.

image

6. ტვინის აქტივობა


სიკვდილის მომენტში დაფიქსირებული, კიდევ ერთი საკამათო ფენომენი, –ჟანგბადის დეფიციტის ფონზე, ტვინის გააქტიურება არის. მინელების ნაცვლად, მისი მოქმედება უფრო ძლიერდება. როგორც კვლევამ აჩვენა, მომაკვდავ ძუძუმწოვრებზე (მომაკვდავ ადამიანებზე, ეთიკური მოსაზრებით, მსგავსი დაკვირვება არ ტარდება) მიერთებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ეკრანზე, თავის ტვინის გამოსახულება ნათებას იწყებს და ფერად ფეიერვერკს ემსგავსება.

ეს პროცესი სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა თვლიან, რომ ის ქმნის იმას, რასაც ჩვენ სიკვდილისწინა მდგომარეობას ვეძახით – უცნაური შეგრძნებები, სურათები, ხმები, მოგონებები და სხვა განცდები. მოკლედ, ყველაფერი, რაზეც ადამიანები კლინიკური სიკვდილის შემდეგ ჰყვებიან.


5. ცნობიერება


როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც ადამიანი სიკვდილისწინა მდგომარეობაშია, ტვინის მაღალი აქტივობის ფონზე, თავისებური შეგრძნებები ეუფლება. თუ ზებუნებრივი თეორიების უგულებელყოფას მოვახდენთ და კონკრეტულად შეგრძნებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც «სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეს დაუბრუნდნენ», აღწერენ ალს, რომელიც უფრო მეტად კაშკაშა იყო, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში არის, ასევე არამიწიერი გემოს და სუნის შეგრძნებებს.

ზოგიერთი ამას იმქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტად მიიჩნევს, მაგრამ მეცნიერების აზრით, ეს მოვლენა, სხვა არაფერია, თუ არა, სიკვდილის წინ, ტვინის სტიმულირების შედეგი. შეგრძნებების გაძლიერების და აღქმის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ მოვლენებს, უნდა ითქვას, რომ სიკვდილის მომენტში ადამიანი, ცოცხლებს შორის, ყველაზე ცოცხალია, რადგან მისი ტვინი სრული დატვირთვით მუშაობს. ხოლო, ცნობიერება, ვიდრე სხეულს დატოვებს, ბევრად უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.


4. დრო


ადამიანები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ, ხშირად აცხადებენ, რომ იმ მომენტში დროის სვლა ძალიან შენელებული ან საერთოდ, გაჩერებულია. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინა და სიკვდილის მომენტში, «დროს» გაგება, აზრს საერთოდ კარგავს.

კვლევები გრძელდება და იმედია, მეცნიერები მალე ამოხსნიან საიდუმლოს და გავიგებთ, თუ რა კავშირია ცნობიერებას და დროს შორის.


3. ბიოლოგიური სიკვდილი


ბიოლოგიური სიკვდილი მაშინ დგება, როდესაც მოგრძო ტვინი წყვეტს აქტივობას, ანუ დგება მომენტი, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. და მაშინაც კი, როდესაც ეს მომენტი დგება, ბევრი უჯრედი ისევ აგრძელებს სიცოცხლეს და მოგვიანებით, – თანდათანობით კვდება. ეს კი, კიდევ ერთ მნიშვნელოვანი კითხვის დასმის მიზეზი იძლევა: ვინ არის ადამიანი? ცნობიერება, რომელიც ქრება, ან სხვა სამყაროში გადადის, თუ უჯრედების ნაკრები, რომლის სიცოცხლე თანდათანობით ილევა?

თანამედროვე მეცნიერება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით ვერ შეჯერდა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალშიც ყველაფერი უცვლელად დარჩება. უმრავლესობის მტკიცებით, ადამიანი ფიზიკური, მატერიალური არსებაა «შინაგანი მე-თი» და სწორედ ამის შეგრძნება – არის ერთადერთი, რასაც ჩვენ რეალურად შევიმეცნებთ.

და მაინც, როდის დგება ადამიანის სიკვდილი? როდესაც ეს შინაგანი «მე» კვდება, თუ იმ მომენტში, როდესაც სხეულის უკანასკნელ ცოცხალ უჯრედს ტოვებს სიცოცხლე?


2. ბიოლოგიური რიტმი


უკიდურეს შემთხვევაში, იმაში, რაც ბუნებრივ სიკვდილს ეხება, შესაძლოა, გარკვეული რიტმი არსებობდეს, რომელიც სიკვდილის დროს პროგნოზირებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზუსტად ისე, როგორც ცირკადული რიტმი* არსებობს ორგანიზმში, შესაძლებელია, ჩვენში ბიოლოგიური სიკვდილის ციკლიც იყოს «ჩაშენებული».

ცირკალური რიტმი* – ბიოლოგიური საათი, რომელიც მხოლოდ ძილს კი არ არეგულირებს, ყველაფერს აკონტროლებს: ბუნება-განწყობას, მადას და ბევრ სხვა რამეს. გაირკვა, რომ ადამიანებს რომლებიც დილით კვდებიან, უფრო განსხვავებული ბიოლოგიური საათი და ტვინის კომპოზიცია აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ღამე კვდება.

კალიფორნიელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს უფრო შორს წასულიყვნენ და შეეცადნენ იმის გარკვევას, თუ რა ემართება ადამიანის ტვინს, უეცარი სიკვდილის, ავარიის ან სხვა არაბუნებრივი სიკვდილის დროს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ციკლურობის სურათი, ბუნებრივი სიკვდილის და მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევაში, ერთნაირია. რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ტვინში მიმდინარე ცვლილება, რომელიც ციკლურობის შედეგად ვითარდება, იმ მომენტში ხდება, როდესაც ადამიანი კვდება. რაც, ბუნებრივი სიკვდილის ციკლურობას გამორიცხავს. თუმცა, ამ მიმართულებით, კვლევები გრძელდება და საბოლოო დასკვნა, ამ ეტაპზე არ არსებობს.


1. სიცოცხლე


ცნობილია, რომ სიკვდილის მომენტში, ზოგიერთი გენის გააქტიურება ხდება. რა არის ამის მიზეზი, მეცნიერებმა ზუსტად არ იციან. ძალიან უცნაურია, მაგრამ არის გენების კატეგორია, რომელიც მოქმედებას სხეულის სიკვდილის შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აგრძელებს.

ტრადიციულად ითვლებოდა, რომ გენები, ისე როგორც უჯრედები, ნელ-ნელა კვდებოდნენ. მაგრამ, ახლა ეს ვარაუდი უარყოფილია. აღმოჩნდა, რომ მკვდარ სხეულში ისეთი გენების გააქტიურება ხდება, რომლებიც სიცოცხლის დროს აქტიურები არ იყვნენ და მათი გააქტიურება სიკვდილიდან 24 სთ-ს შემდეგ იწყება და რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება. აქ საუბარი ერთ ან ორ გენზე კი არა, ასობით გენზეა. სხვადასხვა ცხოველებზე (თევზი, თაგვი, ზებრა) ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, მეცნიერებმა 500-ზე მეტი გენი აღმოაჩინეს, რომელთა გააქტიურება ორგანიზმის გარდაცვალებიდან, 48 სთ-ს პერიოდში ხდება, რაც გენებში «სიცოცხლის» არსებობაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოგრძო ტვინის აქტივობის შეჩერების შემდეგ, სიცოცხლე უჯრედებშიც ისევ გრძელდება.

მეცნიერების და ტექნიკის განვითარებასთან ერთად, სიკვდილის მომენტის თანდათანობით გადაწევა ხდება: გარკვეულ პერიოდამდე, ბიოლოგიურ სიკვდილად გულის გაჩერება ითვლებოდა. გავიდა დრო და სიკვდილის მაჩვენებელი თავის ტვინის აქტივობის შეწყვეტა გახდა. დღეს სურათი ბევრად უფრო ფართოა – სიკვდილის მცნება ბევრად მოქნილი გახდა. ხოლო ახალი აღმოჩენები, ახალი განსჯის, ექსპერიმენტების და დაფიქრების მიზეზს იძლევა.

მსოფლიოში უამრავი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი არსებობს, რომლის წამყვანი სპეციალისტები ყველანაირად ცდილობენ, რომ სიკვდილი შექცევადი გახადონ, თუნდაც, რაღაც დონემდე მაინც. ამჟამად, ყველაზე აქტუალურ საკითხად, ტვინისთვის სიცოცხლის დაბრუნების მეთოდის შემუშავება ითვლება, რაც რა თქმა უნდა, სიკვდილის გადავადებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას გამოიწვევს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია

* პარალიზებული ადამიანები მალე სიარულს შეძლებენ – ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენა

* დედამიწა კაცობრიობის სამშობლო არ არის – მეცნიერების მიერ წარმოდგენილი ფაქტები

* საოცარი ფაქტები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

* მონიკა ბელუჩის "თამამი" ფოტოები

* იაპონელების 10 საინტერესო და სასარგებლო გამოგონება

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)



0
596
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0