x
image
მანანა თურმანიძე
ღია წერილი ხელისუფლებას
image


როგორც ჩანს ეპისტოლარული ჟანრი პოპულარობას იკრებს ჩვენს ეპოქაში და ამ გზით კომუნიკაცია ერთგვარ რუტინად იქცა, რომელიც წარსულის ანარეკლებს შეიცავს, მაგრამ დღევანდელ რეალობას მკაფიოდ ასახავს. ამიტომაც, ვიყენებ ჩემი აზრის გამოხატვის საყოველთაო უფლებას და ვაგრძელებ ჩემს ურთიერთობას ხელისუფალთა სხვადასხვა შტოებთან, წერილების მეშვეობით, რათა ხმა მივაწვდინო და მოსაზრებები გავუზიარო მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით "ძლიერთა ამა სოფლისათა".


არ შემიძლია ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო დღევანდელ ეპოქალურ, ტექტონიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჩემს ქვეყანაში, რომლებმაც დიდი ძვრები უნდა გამოიწვიონ. მინდა გითხრათ, რომ დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ გაოგნებული ვარ, როდესაც არარაციონალურ მოსაზრებებს და ბრალდებებს ვისმენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. სიმართლე გითხრათ, ენა არ მიბრუნდება გავიმეორო ის ლოგიკას მოკლებული ბრალდებები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს სინამდვილეში ბოლო დროს.



ზოგადად, ადამიანები, რომლებიც მტერს მოყვრისგან ვერ (გაუცნობიერებლად) ან არ (გაცნობიერებულად) ანსხვავებენ, პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ნებისმიერ შემთხვევაში. არიან ისინი მტრის ემისრები თუ არა, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, შემთხვევით, გაუცნობიერებლად მტრობ ქვეყანას თუ შეგნებულად და გაცნობიერებულად, საბოლოო ჯამში ერთ შედეგს იძლევა. სამწუხაროდ, ამ არარაციონალური განცხადებებით მხოლოდ ქვეყანას კი არა, საკუთარ თავსაც და იმ პიროვნებასაც ვნებენ მავანნი, ვისაც, ერთი შეხედვით, ასე თავგამოდებით იცავენ. გულწრფელად გეტყვით, მე ქვეყნის ბედი მეტად მაწუხებს, თუმცა ცუდი ნამდვილად არავისთვის მინდა, არა და დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებენ ამგვარი ქმედებებით მასაც და თავსაც, რაც ყველაზე უარესია - ქვეყანასაც!




ორიოდ სიტყვით მინდა შევეხო დიპლომატიურ პროტოკოლს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ან დიპლომატების გარკვეული ჯგუფის გუშინ გამოგონილი აკვიატებული ჭირვეულობა, ეს გახლავთ საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის დამკვიდრებული, კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმა, ტრადიციული ქცევის ეტიკეტი, რომლის დაცვაც ყველას მოეთხოვება. უძველესი დროიდან, ადამიანების პიროვნებათაშორის და სახელმწიფოთა შორის გამოცდილებამ შეკრიბა და დაამკვიდრა ქცევის მისაღები წესები, ნორმები და ჩვეულებები. სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ფორმირების პირობებში ჩამოყალიბდა მათ შორის სწორი კომუნიკაციის გამოცდილება, საერთაშორისოდ აღიარებული გარკვეული ნორმები, რომლებმაც, დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა, მაგრამ ლაიტმოტივად კეთილგანწყობა და თავაზიანობა, პოზიტიური რიტორიკა და ურთიერთპატივისცემა მუდამ გასდევდა. მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების პროცესში, ეს ნორმები რეგულაციებად ჩამოყალიბდა. მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, კომუნიკაციის მართებული, მისაღები ნორმების შემუშავება და დამკვიდრება. სწორედ ეს წესები წარმოადგენს დიპლომატიურ პროტოკოლსა და ეტიკეტს. ქცევის ამ ნორმების დაცვა აუცილებლობაა მათთვის, ვისაც ურთიერთობის პრეტენზია აქვს დიპლომატიურ მისიებთან. ამიტომ, სასურველია, ვიდრე ამგვარ ურთიერთობას დაამყარებს, ნებისმიერი პირი, გაეცნოს პროტოკოლის წესებს და ეტიკეტის ნორმებს, ხოლო თუკი ვინმე შეგნებულად ვნებს სახელმწიფოს, მით უარესი მათთვის, ერთმნიშვნელოვნად არავის ვურჩევდი ასეთ თავნებობას. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების, ყველაზე დიდი და დამღუპველი შეცდომაა - ხალხის ნების უგულვებელყოფა. ხალხის ნება უზენაესია და ეს არის სწორედ დემოკრატიის ქვაკუთხედი. ამ მძიმე შეცდომას არსად, არასოდეს პატიობენ, ამიტომ გასათვალისწინებელია.



აქვე დავძენ, არავის ეგონოს, რომ ამ ქვეყანაში მტერი ბევრია, არამც და არამც, ისინი არ არიან უმრავლესობაში, უბრალოდ მეტად ხმაურობენ, ვიღაცისგან წახალისებულ-შეგულიანებულები. ჯანსაღი და რაციონალურად მოაზროვნე, მადლიერი და გონიერი მოქალაქე ჩვენში მეტია, ღვთის მადლით და ეს გამოჩნდა ა.წ. 20 ივნისის და მომდევნო 2 აქციაზე, როდესაც ხალხმა გამოხატა მისი ნება და დამოკიდებულება ევროატლანტიკური კურსის მიმართ! იმედია, ხელისუფლება ვაბანგზე არ წავა, თუმცა, გაუგებარია, რატომ დგამს ასეთ არაპოპულარულ და მისთვის და ქვეყნისთვის ერთობ საზიანო ნაბიჯებს. მგონი დროა, რომ შეცვალოს ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობაში მოქმედების კურსი და კომუნიკაციის სტილი. გასაგებია, რომ ოკუპანტის მიმართ საყვედური ჩვენს ხელისუფალთ არ წამოსცდენიათ და ეს არგაღიზიანების პოლიტიკას მიეწერება, ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. თუმცა, ამავე დროს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს არ უნდა ესხმოდეთ თავს, ეს სრულიად მიუღებელია!



რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებას - ეს იმდენად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო იმ შეცდომების თუ გადაცდომების ფონზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რომ არ გამკვირვებია. მოდით გავიხსენოთ რაში მდგომარეობდა ეს შეცდომები: დემოკრატიული განვითარების გზაზე უკუსვლა - მშვიდობიანი მომიტინგეების არაერთგზის დარბევა, ხალხის დასახიჩრება, მას მედიაზე და უმცირესობებზე თავდასხმები, სისასტიკე და განუკითხაობა, რასაც ადამიანის, მას მედიის მუშაკის სიცოცხლე შეეწირა; პოლარიზაცია - პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის უგულვებელყოფა, გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვა, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, აგრესიული რიტორიკა ოპონენტების მიმართ; უკრაინის მიმართ პრეტენზიები ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით - არა და პირველად ხომ ჩვენ გამოვიწვიეთ, ისევ შიდა დაპირისპირებების მიზეზთა გამო; სანქციებთან არ მიერთების დემონსტრატიული დეკლარირება და მკვეთრი განცხადებები, უკრაინის დადანაშაულება ომში, რომელშიც ის თავდასხმის მსხვერპია და რომელსაც მთელი ცივილური მსოფლიო მხარს უჭერს, ამ ფონზე აგრესორის მიმართ შემწყანებლური დამოკიდებულება, რომლის ქცევასაც მთელი ცივილური მსოფლიო გმობს; ამ ყველაფერს აგვირგვინებს - აგრესიული, ანტაგონისტური და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რაც მიუღებელია ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩამოთვლა ალბათ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს ძირითადიც საკმარისია მეხსიერების გადასახალისებლად და იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენი შეგვეშალა და რამდენს გვითმენენ მეგობრები.




არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და აქვე გულწრფელი მადლობა არ გამოვხატო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ იმ ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის და გვერდში დგომისთვის, რომელსაც იჩენენ! ისინი რომ არა, დღეს საქართველო ან იარსებებდა, როგორც სახელმწიფო, ან არა (სავარაუდოდ - არა). მერწმუნეთ, მე ეს შესანიშნავად ვიცი, რადგან მონაწილე ვარ იმ მოვლენების და დახმარების პროექტებში აქტიური მონაწილეობის გამოცდილება გამაჩნია. ეს დახმარებები დეკადებია გრძელდება, რასაც დანახვა და დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩემი გულითადი მადლობა ევროკავშირის და აშშ-ის მისიებს და წარმომადგენლობებს საქართველოში, რასაც, დარწმუნებული ვარ, მილიონობით ადამიანი იზიარებს ამ ქვეყანაში.




თუკი ვინმეს არ ახსოვს, ვურჩევ, მეხსიერება გადაიხალისოს და იქნებ გაახსენდეთ რა ხდებოდა სულ რაღაც 30 წლის წინ. მხოლოდ ელექტროენერგია კი არა, ის ლობიოც არ ჰქონდა უმეტესობას, რომლის იმედად დარჩენასაც გვთავაზობენ ზოგიერთები ახლა. ჩემი თვალით მინახავს - პროფესორები, აკადემიკოსები, ყოფილი მინისტრები და საბჭოთა ეპოქაში ცნობილი ადამიანები ნაგვის ბუნკერებში როგორ ეძებდნენ პურის ყუას, რომ შიმშილი მოეკლათ, ამის შემხედვარეს ბევრჯერ მიტირია. ბევრი მათგანი შიმშილისგან დაიხოცა, განსაკუთრებით მეცნიერები, ინტელიგენცია. თუ ვინმეს არ ახსოვს ან არ სჯერა, სახელობითად შემიძლია მაგალითები ჩამოვუთვალო.



გარდა ამისა, ვისაც არც ეს ახსოვს ან არ ესმის, განვუმარტავ ან შევახსენებ - ელჩი წარმოადგენს მისი ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციას უცხო სახელმწიფოში და მისი პატივისცემა ან უპატივცემლობა ამ ქვეყნის მიმართ გამოხატული დამოკიდებულების ტოლფასია.




მადლიერება ის ღვთიური მადლია, რომელიც სამყაროსგან ფასდება. ღმერთი დახმარებას რომ უგზავნის ადამიანს, უმადურობა არ უნდა გამოავლინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი გაუწყრება და დარჩება იმის იმედად, ვისაც მაცდური ჰქვია, ღმერთმა დაიფაროს ჩემი ქვეყანა მაცდურის იმედზე დარჩენისგან!




და ბოლოს, მაგრამ არც პირველად და არც უკანასკნელად, ჩემი გულწრფელი მადლობა და ღრმა პატივისცემა მის აღმატებულებას, აშშ-ს ელჩს, შესანიშნავ ქალბატონს - კელი დეგნანს, მისი დაბალანსებული, უაღრესად დიპლომატიური, მეგობრული, გაწონასწორებული, ერთგული და კონსტრუქციული მოღვაწეობისთვის ჩვენს ქვეყანაში. მერწმუნეთ, ამ ქვეყნის გონიერი და რაციონალურად მოაზროვნე მოსახლეობა უმრავლესობაშია და დიდად აფასებს ამ მხარში დგომას!

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0