საქართველო ღია წერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 2022, 17 ივნისი, 11:59
ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,
თქვენმა სიტყვებმა - "პრეზიდენტის დისკრეცია არის ის, რომ არავინ არ უნდა მოუწოდოს" - გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა, რადგან მინდოდა ხმა მომეწვდინა თქვენთვის, ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად მივიჩნიე. მესმის, კორესპონდენტები ზოგჯერ გამაღიზიანებელ კითხვებს სვამენ, გამაღიზიანებელი ფორმით, სრულიად გასაგებია. არც მე მომწონს, რომ ჩვენი ჟურნალისტიკა ხშირ შემთხვევაში სკანდალებზე მონადირის პოზიციაშია, რაც მას ყვითელ ელფერს სძენს, მაგრამ პროფესიული მოვალეობებისგან ამან ხელი არ უნდა აგვაღებინოს. ვფიქრობ, პრეზიდენტის დისკრეცია სწორედ ის არის, რომ ხალხის ხმას მოუსმინოს პირველ რიგში. მოგეხსენებათ, დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ხალხი უსმენს იმ ხელისუფალთა მოწოდებებს, ვინც ხალხის ხმას არ უსმენს. არა და ჩვენ დაპირისპირებისთვის არ უნდა გვეცალოს, ახლა მაინც. ჩემი მოწიწება და პატივისცემა ღრმადპატივცემულ ელჩებს, საქართველოს ერთგულ მეგობრებს და ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილს, ვინც დადგა ამ ყველაფერზე მაღლა, ქვეყნის ინტერესების გამო და შემოგიერთდათ 16-ის აქციაზე, მეც ვაპირებდი, მაგრამ სამსახურეობრივი მოვალეობების გამო ვერ შევძელი. თუმცა, არ შემოგიერთდათ ძალიან ბევრი, ვინც ვერ გამოიჩინა სულგრძელობა და ვერ სძლია სურვილს, თქვენთვის ეპასუხა იგივე ტონში - "არა და არასდროს", ბუმერანგის პრინციპით. მე მათ არც ვამართლებ და არც ვამტყუნებ, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა. დღევანდელ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით გულისტკივილი ალბათ ჩემსავით არ ასვენებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. საქართველოს დღეს ევროკავშირის წევრობის კადიდატის სტატუსის მომლოდინე "ტრიოშიც" კი აღარ მოიაზრებენ, ზოგიერთი დასავლელი მეგობრები. არა და პრინციპში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა, ამისთვის ბევრი "იღვაწა" ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა, მათი არაკორექტული ნაბიჯები და განცხადებები ამის მომასწავებელი იყო. უკრაინაზე განაწყენებულის პოზიცია მოირგეს, ომში მყოფი უკრაინის კრიტიკა დაიწყეს, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო მხარს უჭერს და მხარში უდგას, სრულიად სამართლიანად, როგორც თავდასხმის და ძალადობის მსხვერპლს, რომელიც თავს იცავს და არ ნებდება, ის მართალია და მართლის მხარეს დგომა ეთიკურ ნორმებშია, რომელიც ჩვენი ისტორიის და უახლესი გამოცდილების ერს არ უნდა ეშლებოდეს და არც ეშლება, მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. არა და ეს ის უმცირესობაა, რომლის ხმაც ისმის, ზოგჯერ უფრო მკაფიოდაც, ვიდრე ხალხის ხმა. ჩვენმა ხელისუფლებამ - სანქციებს არ ვუერთდებითო. ჩვენს წინაპარს უთქვამს "რასაც დასთესავ, იმას მოიმკიო" - რა დავთესეთ, რომ სხვა რამ მოგვემკა? ხახვს და კარტოფილს რომ დათესავ, საზამთრო და მარწყვი არ მოვა, ისევ ხახვი და კარტოფილი მოვა, უთუოდ. ქალბატონო პრეზიდენტო, პოლარიზაციის დასაძლევად და გაერთიანებისთვის რეალური ნაბიჯი ყველას შესანიშნავად ესმის რა იქნებოდა. ეს ის რეალური შემხვედრი ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებასაც მოულბობდა გულს და ევროკავშირსაც, რადგან დემოკრატიის განსამტკიცებლად გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. არა და ხალხს ჰქონდა ამ შემხვედრი ნაბიჯების მცდელობა, მას შემდეგ, რაც თქვენ რუსთაველის გამზირზე, უკრაინის სოლიდარობის გამოსახატად მოწყობილ აქციაზე ჩაერთეთ, აშკარად შეიცვალა საზოგადოების განწყობა. ამ ჩართვით თქვენ ხაზი გაუსვით თქვენს დამოკიდებულებას საკითხთან მიმართებაში, რომ ემიჯნებოდით პოზიციას: "საქართველო არ შეურეთდება სანქციებს", რომელმაც პირდაპირი დარტყმა მიიტანა ჩვენს ევროპულ მომავალზე. უნდა გაგეგრძელებინათ ასეთივე მტკიცე ნაბიჯებით სვლა ხალხის გულებისკენ, ამ საზოგადოების დიდი უმრავლესობა, 85% ხომ ეევროინტეგრაციის მომხრე და მხარდამჭერია, რატომ შეწყვიტეთ? არა და როგორი კეთილგანწყობა გამოიჩინა ხალხმა, პრინციპების ერთგულების გამო. იგივეს გამოიჩენდნენ ხელისუფლების სხვა შტოების მიმართაც, ჩვენი ხალხი არ არის გულღრძო და არც გულუბრყვილო, ჩვენი ხალხისთვის პრინციპები და ქვეყნის მომავალია მთავარი, ამის გამო ყველაფერს აპატიებს ნებისმიერს. ეს ის ბრძენი და სულგრძელი ქართველი ხალხია, რომელმაც ბევრი განსაცდელი უდრტვინველად გადაიტანა პრინციპების გამო, რომელიც ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მომავალს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მისი უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში. ქალბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი მართლაც ამაყი და თავმოყვარე ხალხია, ქვეყნის ამ სავალალო მდგომარეობამდე მიყვანას არც ხალხი და არც ისტორია არავის აპატიებს. არავინ აპატიებს მათ, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მაჩანჩალას სტატუსისთვის მიეღწია საქართველოს, რომელიც აღარც თქვენ მოგეწონათ. არა და რეფორმების ფლაგმანის სტატუსი გვქონდა და რეგიონში ეკონომიკური ჰაბის პოზიციის დაკავებისთვის ამზადებდნენ საქართველოს ჩვენი დასავლელი მეგობრები, იმ "პირსისხლიანი რეჟიმის" დროს. ეს როგორ მოვახერხეთ? ფაქტია, დღეს ანაკლიაში პორტის ღრმაწყლოვანი სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია, იმ ანაკლიის პორტის, ქვეყანა რომ ჰაბად უნდა ექცია და თითოეული ოჯახისთვის საგრძნობი გაუმჯობესება უნდა მოეტანა უმოკლეს ვადებში. ჩავარდა ეს პერსპექტივა, ისევე, როგორც ჩვენი რეფორმების, წინსვლის და განვითარების პროცესი, სამწუხაროდ. ჩვენ რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ფლაგმანის პოზიციიდან, მაჩანჩალას პოზიციაზე გადმოვინაცვლეთ. ბევრი რამ გაკეთდა მტრის გულის გასახარად და მოყვრის გულის მოსაკლავად. ჩვენი ერის და წინაპრების, სულხან საბას, ილიას და სხვა დიდ მამათა სანუკვარი ოცნების პერსპექტივა დღეს საფრთხეშია, ისევე, როგორც ქვეყნის მომავალი და ხალხი სასოწარკვეთის ზღვარზეა. ჩვენი საერთო და ისტორიული მიზნის მისაღწევად სავალ გზაზე ძალიან ბევრი წინაღობები აღმართა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ჩვენ აშკარად უკან სვლა დავიწყეთ, იმ ცნობილი სიმღერის სტილში - "Back to USSR". თავისუფალი ვარდნის პოზიციაში ჩავვარდით, ხალხი ხედავდა და აპროტესტებდა ამას, მაგრამ ხალხს თვალები დათხარეს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, მას მედიას მოძალადეები მიუსიეს, ვის აწყობდა ეს, რომელ ძალებს? ცხადია, მათ, ვისთვისაც საქართელოს დემოკრატიზაცია და ევროპული მომავალი მიუღებელი იყო, ვისაც პირადი ინტერესები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში და ძირს უთხრიდა ამ პროცესს, აშკარად და ღიად, რატომღაც დარწმუნებული, რომ ხალხი ვერაფერს ხვდება. მაგრამ „რაგინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს“. ბოლო დროს ხშირად მახსენდება გურამიშვილი: “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი“. საქმიანი ეტიკეტის პირველი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომ საქმიანმა ადამიანმა მისი ხასიათი და განწყობები სახლში დატოვოს, როდესაც სამსახურში მიდის, სადაც პროფესიული მოვალეობების შესრულება და დაქირავებულის ინტერესების გათვალისწინება მოეთხოვება მხოლოდ. სამუშაო ადგილზე ხასიათი და სიჯიუტე დამღუპველია, რომლის გამოვლენის გამოც დიდი შანსია გითხრან: you are fired - გათავისუფლებული ხარ! სამწუხაროდ, სწორედ ეს გითხრათ ქართველმა ხალხმა, რომლის დაქირავებულიც ბრძანდებით, ევროპის მოედანზე არ მოსვლით, არა და გავლენ 20-ში, აუცილებლად, უამრავი ხალხი მივა, იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის დასავლური პერსპექტივა და ქვეყნის ბედი. ომი არავის უნდა, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი უკრაინელ ხალხს ქართველმა ხალხმა. კარგია, რომ თქვენი პოზიცია ღიად დააფიქსირეთ ამ საკითხში, რომ არასოდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არავისთვის მოუწოდებიათ ომი გაეჩაღებინათ, ომისკენ მოწოდებები და წახალისება არ ყოფილა დასავლეთიდან, არასოდეს. უფრო მეტიც, დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინას, რომ რუსეთი აპირებდა შეჭრას და ამ გაფრთხილებებმა ოდნავ გააღიზიანა კიდეც პრეზიდენტი ზელენსკი. არა და აშშ-ს როგორც ჩანს ჰქონდათ ინფორმაცია და აფრთხილებდნენ. ვერ ვხედავ ლოგიკას, როგორ შეიძლება დასავლელ პარტნიოერებს დააბრალო, რომ ომი უნდოდათ, ამაზე საუბარიც კი მეუხერხულება, იმდენად უსაფუძვლო, ბრიყვული ბრალდება და ცილისწამებაა. სხვათაშორის, თქვენ რომ ადრე თუ გვიან მაგ გუნდს ვერ შეეწყობოდით, ეს წინასწარ ვიცოდი, ამის არ დანახვა ძნელი იყო ქალბატონო პრეზიდენტო. თუ გაინტერესებთ ახლა რას ვხედავ, გეტყვით, იმას რაც უკვე გირჩიეთ - მოუბრუნეთ გული ხალხსაც და ევროპასაც, ამის დრო ჯერ კიდევ გაქვთ, გადადგით მტკიცე ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით, ეს დადებითად აისახება როგორც თქვენი, ასევე ქვეყნის იმიჯზე და ეს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ თქვენს ინტერესებშიც შედის, მერწმუნეთ. თუმცა, გამოგიტყცებით და ამ პროცესში ცალკეული პერსონალიების ბედზე ნაკლებად ვდარდობ, მე ქვეყნის ბედი უფრო მაწუხებს მოცემულ მომენტში და არა მხოლოდ ახლა, პირმოთნეობის გარეშე რომ ვაღიაროთ. მჯერა, რომ თქვენ შესანიშნავად გესმით რა არის თქვენი დისკრეცია და რამ შეიძლება იმოქმედოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს განსაზღვრავს უახლოესი საათების განმავლობაში. თქვენ ხომ კარგად გესმით, რომ ახლა აქციებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რეალურ ნაბიჯებს. ნუ დატოვებთ ამ საკითხს გადაუჭრელს იმ იმედით, რომ ევროპელი მეგობრები გააფთრებული ლომის ხახისთვის არ გაიმეტებენ საქართველოს, თავად მიიღეთ ზომები, რომ ეს ასე არ მოხდეს. ამას არა მხოლოდ გირჩევთ, არამედ გთხოვთ, რადგან ჩემი ქვეყნის ბედი იმდენად მაწუხებს, მზად ვარ გემუდაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ, ძალიან პრინციპულ საკითხში არ გეთანხმებით. მაგრამ, ეს არ არის მთავარი ახლა, მთავარია, რომ ჩვენ რეალური გაერთიანება შევძლოთ, რეალური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის გადასარჩენად, მისი მომავლის გადასარჩენად, მისი გადარჩენის ისტორიული შანსის ხელიდან არ გასაშვებად. მე ამ წერილით ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, რათა სინდისი სუფთა მქონდეს და მართალი ვიყო ღვთისა და ერის წინაშე. მჯერა, რომ ყველა იმას გააკეთებს, რაც ხელეწიფება. ჩემი უფლებამოსილებაა ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო, თქვენ კი ბევრად მეტი უფლებამოსილება გაქვთ ამ საკითხის გადაჭრის საქმეში. გთხოვთ, გემუდარებით, გამოიყენეთ ეს უფლებამოსილება, ნუ დაღუპავთ ქვეყანას, ქართველი ერი არ იმსახურებს მის მიერ არჩეული გზის გადაკეტვის პერსპექტივას, ნუ დაუშვებთ საქართველოს მომავლის მოსპობას, არ მისცეთ შანსი მათ, ვინც მის ავღანიზაციას ცდილობს. ნუ შეხვალთ ისტორიაში უარყოფით გმირად, გამოიყენეთ ეს შანსი, რომ თქვენი საგმირო და სანაქებო წვლილი დატოვოთ საქართველოს ისტორიაში, სწორედ ახლა გაქვთ ამის შესაძლებლობა. პატივისცემით და კეთილი სურვილებით, მანანა თურმანიძე 85 შეფასება არ არის |
რაც შეეხება სანდო პარტნიორს,ჩვენი თავი უნდა იყოს ეგ პარტნიორი და გითხარით უკვე,აზერბაიჯანი,თურქეთი და ჩინეთიც,თუნდაც ირანი ან საუდის არაბეთი. ამ უკანასკნელთან უვიზო რეჟიმი გაფორმდა სულ ახლახან. თუ ჩვენი თავის ფასს ჩვენვე ვერ დავინახავთ და ვერ ვისწავლით არაფერი გვეშველება. გაფუჭებული ფეხსაცმელივით პირი დაგვიღია და მივსჩერებივართ ევროპას,რაიმეს გადმოგვიგდოს იქნებ და ასე არაფერი გამოვა. ერთ დროს თავმოყვარე ერი მათხოვრად აქციეთ თქვენ ნაირმა "ევროპელებმა",ნამუსი არ გყოფნით ეხლა რო ეს აღიაროთ და სადმე ბუჩქებში გაუჩინარდეთ. ომი არავის უნდა და თუ მოხდება ჩემნაირები იბრძოლებენ ისევ,თქვენისთანები წითელ ხიდზე რიგში ჩადგებიან.