სხვა "მეშვიდე წელია მუცლით შავ მძიმე ლოდს დავატარებ" - ემოციური პოსტი 13 ივნისს დაღუპულ დებზე 2022, 13 ივნისი, 15:58 დღეს 13 ივნისს 7 წელი შესრულდა თბილისის წყალდიდობიდან, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.ამ საშინელ წყალდიდობას, რომელიც 13/14 ივნისს მოხდა, შეეწირნენ დები ინდირა და ლიზა ზარანდიებიც. გოგონებს იხსენებს მათი ბიძაშვილი თამთა ზარანდია:
"მეშვიდე წელია მუცლით შავ მძიმე ლოდს დავატარებ. ტარებას შევეჩვიე, ფერად დღეებშიც თან დამაქვს, სხვებისგან შეუმჩნევლად ღიმილიან სახეს ამოფარებული, მაგრამ ივნისის ასეთ წვიმიან ღამეებში ძალიან მძიმდება და ტარება ძალიან მიჭირს. wish you were here ♡" - წერს თამთა ზარანდია.
„ლიზა მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ემზადებოდა. იმ საბედისწერო დღესაც ჩემს დასთან, თათოსა და თავის შეყვარებულ ირაკლისთან ერთად, მასწავლებელთან იყო. სამივე ემზადებოდა გამოცდებისთვის. მერე ჩემი და სახლში წამოვიდა, ინდირა და ლიზა კი კაფეში წავიდნენ. მათთან იყვნენ ირაკლი ჟორჟოლიანი და სერგი კაპანაძე. თურმე ჯერ ირაკლი ჩამოსვეს სახლთან, შემდეგ, სერგისთან ერთად, ტაქსით, ახალი გზით სახლში წამოვიდნენ და ამ დროს მოჰყვნენ ამ საშინელებაში. ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია. შეიძლება, მაშინ საფრთხე იგრძნო ინდირამ და ამიტომ დაუკონკრეტა ადგილი, სად იმყოფებოდნენ. ბიჭმა იფიქრა, რომ ტელეფონი დაუჯდა.დედამისიც ელაპარაკა. პირველი საათი დაწყებული ყოფილა. უთქვამთ, ტაქსიში ვართ და მალე მოვალთო. ბიცოლას ჩასძინებია. რომ გამოეღვიძა და გოგონები სახლში ვერ ნახა, ამის შემდეგ დაიწყო ძებნა. ჯერ იფიქრა, ხომ არ გათხოვდა?.. ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა?! გაგიჟებულები დავრბოდით მერე საავადმყოფოებში, მაგრამ ვერსად ვნახეთ. მერე ინდირა იპოვეს, ის მანქანაში არ იჯდა… მოხალისემ თურმე, შემთხვევით იპოვა. ხეების გაწმენდა დააპირა და ამ დროს ნახა ცხედარი. ჩვენი ვარაუდით, როგორც ჩანს, ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და ალბათ ასე სცადეს თავის გადარჩენა, რადგან მანქანა ნაპოვნია მეორე დღეს იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ინდირას ცხედარი იპოვნეს, მანქანაში არავინ იყო… საშინელი ტკივილია ამ ყველაფრის გახსენება ყოველ ამ საბედისწერო წელს ჩვენთვის”, – ამბობს გოგონების ბიძაშვილი. დები ზარანდიები ხობის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს. მათ ერთი ძმა დარჩათ ლუკა ზარანდია, რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია. უმცროს ძმას გოგონები ზრდიდნენ 403 3-ს მოსწონს
|