ასტროლოგია მეცნიერებმა კოსმოსიდან უცნობი ობიექტის უჩვეულო სიგნალი დაიჭირეს 2022, 31 მაისი, 12:17 ახალი კოსმოსური ობიექტი მართლაც უნიკალურია და ასტრონომებს მსგავსი არაფერი უნახავთ. ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც არ ჰგავს მის მსგავს ვარსკვლავებს. ავსტრალიელი მეცნიერები დააკვირდნენ კოსმოსის რეგიონს, სახელად Vela-X 1 ირმის ნახტომში, რომელიც 1300 სინათლის წლის მანძილზეა და შენიშნეს უჩვეულო რადიოსიგნალი, რომელიც მხოლოდ 300 მილიწამს გრძელდებოდა. ყველაფერი მიუთითებს ნეიტრონულ ვარსკვლავზე, მაგრამ ის არ ჰგავს მეცნიერებისთვის ცნობილ ობიექტს, იუწყება ScienceAlert-ი. "ჩვენ აღმოვაჩინეთ სიგნალები MeerKAT რადიოტელესკოპით სამხრეთ აფრიკაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ ანალიზი და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ძალიან მოკლე სიგნალები მეორდება დაახლოებით ყოველ 76 წამში. ამან დაგვაბნია, რადგან, ნეიტრონული ვარსკვლავების უმეტესობის სიგნალები მეორდება რამდენიმე წამის განმავლობაში, ან თუნდაც მილიწამებში.” - ამბობს მანიშა კალები სიდნეის უნივერსიტეტიდან. მეცნიერებმა ახალ ობიექტს PSR J0941-4046 დაარქვეს და დაასკვნეს, რომ ამ ნეიტრონულ ვარსკვლავს აქვს პულსარის ან მაგნეტარის ზოგიერთი მახასიათებელი. პულსარი არის ძალიან მკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც გადაშენებული გიგანტური ვარსკვლავების ევოლუციის საბოლოო პროდუქტია. მაგნეტარი არის ნეიტრონული ვარსკვლავი ძალიან ძლიერი მაგნიტური ველით და მხოლოდ რამდენიმე მათგანი ასხივებს რადიოსიგნალებს. "ჩვენ გვჯერა, რომ PSR J0941-4046 არის სრულიად ახალი ტიპის ვარსკვლავი, რომელიც ასხივებს რადიოსიგნალებს და ეს ვარსკვლავი სხვა პულსარებთან შედარებით ძალიან ნელა ბრუნავს. ეს ვარსკვლავი თავის სიგნალებს წარმოუდგენელი თანმიმდევრულობით ასხივებს."- ამბობს კალები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი სიგნალი მსგავსია იდუმალი სწრაფი რადიო აფეთქებების - უცნობი წარმოშობის მოკლე რადიოსიგნალების. თუ მეცნიერები ამის დადასტურებას იპოვიან, მაშინ დიდი ალბათობით, ეს ნეიტრონული ვარსკვლავი იქნება ახალი ტიპის მაგნეტარი. ითვლება, რომ ეს ვარსკვლავები შეიძლება იყოს სწრაფი რადიო აფეთქებების წყარო.
„ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანია ობიექტი PSR J0941-4046 აქტიური რადიოს დიაპაზონში. ასევე, არ ვიცით რამდენი ასეთი ობიექტი შეიძლება არსებობდეს გალაქტიკაში. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა ამ სიგნალების მიღების გამო, რადგან შეგვიძლია დავაკვირდეთ რადიო გამოსხივებას PSR J0941-4046-დან ამ ვარსკვლავის ბრუნვის მხოლოდ ძალიან მოკლე დროში." - ამბობს კალები.
მეცნიერებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ ასეთი ობიექტების აღმოჩენის სირთულის გათვალისწინებით, გალაქტიკაში შესაძლოა არსებობდეს ასეთი ვარსკვლავების მთელი სერია, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. 187 შეფასება არ არის
|