ფოტოგრაფია "მე ვიცნობდი ერთ სადაღოვს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ზეობის დროს საძაგლიშვილი გახდა, თანამშრომლებმა მის მიმართ დამცინავი შეფასება გამოხატეს!" - იური მეჩითოვის აღსარება 2022, 24 მაისი, 9:29
"ქართველი სომეხი, თანაც ფოტოგრაფი – ორმაგად აქტუალური წერილი ცოტაოდენი რამ ქართულ მენტალობაზე ანუ მარგინალის აღსარება... ამ თემის ირგვლივ მე ბევრი მიფიქრია და მისაუბრია კიდეც. ასე მგონია, რომ ჩემი აზრი საზოგადოებისათვის არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული. სანამ სათქმელს მოგახსენებდეთ, მოკლედ _ ჩემი წარმომავლობის შესახებ. გავიზარდე ქართულენოვან ოჯახში, დედა თბილისელი სომეხი იყო, ხოლო მამა _ `დე ფაქტო~ ქართველი _ გვარად მეჩითოვი. ჩვენი გვარი გორის რაიონიდან, სოფ. ზერთიდანაა, სადაც ახლაც ცხოვრობენ ამ გვარის მატარებელნი სხვადასხვა ინტერპრეტაციით: მეჩითოვები, მეჩითიშვილები, მეჩიტაშვილები (ქართულ გვართა ლექსიკონში არის ამ გვარის სწორი ფორმა, მეჩითიშვილი). მე მიმაბარეს რუსულ საბავშვო ბაღში და შემდეგ, როგორც მაშინ ძალიან მიღებული იყო, მიმიყვანეს რუსულ სკოლაში და უმაღლესი განათლებაც, რასაკვირველია, რუსულად მივიღე, ე. ი. გავხდი ტოტალურად რუსულენოვანი ადამიანი. გავიდა დრო და ჩემთვის ძალიან მიმზიდველი გახდა ქართული კულტურა და ზოგადად ქართული ფენომენი, (ეს მოხდა ქრისტეს ასაკში, როცა მე 33 წლის გავხდი), გამიჩნდა ასეთი კითხვა: რატომ არიან ჩემთვის, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები უცხონი, _ მამაჩემის ჩათვლით?! მამა იყო ქართულ სკოლა დამთავრებული კაცი, ქართველი ადამიანი, ქართულ წიაღში გაზრდილი რომელსაც ყოველთვის სურდა ჩვენი ნამდვილი გვარი _ მეჩითიშვილი _ დაებრუნებინა, რაც მე და ჩემს ორ ძმას სამჯერ აქტიურად შემოგვთავაზა სხვადასხვა დროს. მე მას ამის გამო დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, რადგან შემრცხვა თანაკლასელების. ჩემი უარი იმითაც იყო განპირობებული, რომ პრაგმატული მიზნით ქართული გვარის აღება ან გვარის ქართულად გადაკეთება ეწინააღმდეგებოდა ჩემს პრინციპებს. მაშინ შევიწროვება ეთნიკურ ნიადაგზე უკვე იგრძნობოდა (ეს არის 60-70-იანი წლები) და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო არსებითად ფეოდალურ საზოგადოებაში, თუმცა ქართული მენტალობისთვის ამისი აღიარება ალბათ ძნელია. მე ვიცნობდი ერთ სადაღოვს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ზეობის დროს საძაგლიშვილი გახდა, თანამშრომლებმა მის მიმართ დამცინავი შეფასება გამოხატეს. _ `არ რცხვენია მას, რომ გვარი შეიცვალა?!~ _ და ა.შ. მე მაშინ განვაცხადე: _ თქვენ, საზოგადოებამ აიძულეთ ის ასე მოქცეულიყო და ახლა გინდათ გაკიცხოთ ადამიანი, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ მისი შვილები მომავალში არ დაიჩაგრონ. მამაც იგივეს ამბობდა; მას არ უნდოდა ჩვენ ვინმეს დავეჩაგრეთ. მოხდა ისე რომ მე, ჩემი კულტურით რუსი ადამიანი, ვხვდები უდიდეს მსახიობს, ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს. ეს ხდება 1983 წელს. ქალბატონმა ვერიკომ მკითხა ქართული თეატრის შესახებ: მინახავს თუ არა სცენაზე სერგო ზაქარიაძე, რა თეატრალური წარმოდგენები მაქვს ნანახი და ა. შ., და აღმოჩნდა, რომ მე აბსოლუტურად არ ვიცნობ ქართულ კულტურას. ძალიან შემრცხვა. ეს იყო ჩემთვის პირველი ზარი! ამის შემდეგ მიმიწვიეს სამუშაოდ მარჯანიშვილის თეატრში. რაღა თქმა უნდა გავიცანი ეს თეატრი, მსახიობები და ვნახე სპექტაკლებიც. საბოლოოდ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლმა `წუთისოფელი ასეა~. სპექტაკლი აგებულია ქართულ-ხალხურ ეპოსზე და მე, საყველპურე ქართულის მცოდნემ, ამ პოეზიის ნახევარიც ვერ გავიგე. მაშინაც ძალიან შემრცხვა. ეს სპექტაკლი ისეთი აღფრთოვანებით იყო შექმნილი, ისეთი ლამაზი, გაჯერებული ქართული სიმღერებითა და ლექსებით, რომ მივხვდი, ძალიან დიდ რამეს ვკარგავ ცხოვრებაში იმით, რომ არ ვარ ნაზიარები ქართულ კულტურას. მე გადავწყვიტე დავუახლოვდე ქართულ სამყაროს. ვუსმენდი ქართულ ხალხურ სიმღერებს, ვნახულობდი ქართულ სპექტაკლებს, ვმუშაობდი კინოსტუდია `ქართულ ფილმში~. ახლა ადამიანი, ქართული გაზეთით ხელში ჩემთვის უცხო აღარ იყო და ჩემდა გასაკვირად, მამაჩემი გახდა ჩემთვის უფრო ახლობელი. რაღაც გაუცხოება გაქრა მის მიმართ. ქართული ფენომენის შესაცნობად ისე შორს წავედი, რომ არ დაგიმალავთ, ქართველი ქალიც შემიყვარდა (მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა). ჩემი აზრით ჩვენთან არსებობს ორი ტიპი ადამიანებისა: პირველი მონოეთნიკური წარმოშობისაა, ანუ ვთქვათ ქართველი _ დაბადებული საქართველოში, აღზრდილი ქართულ ოჯახში, ქართული განათლებით, ქართული ფესვებით. იგი რაღა თქმა უნდა ქართველია და მას არავითარი დოკუმენტური დასტური არ სჭირდება, მიუხედავად დიდი წივილ-კივილისა, რომელიც დროდადრო გვესმის ანგარებიან პოლიტიკოსთა მხრიდან. მეორე _ რომლის წარმოშობაც არის შერეული; ცხოვრობს პოლიეთნიკურ საზოგადოებაში. მისი იდენტიფიკაცია ეთნიკური ნიშნით არ არის მარტივი. ვინ არის ის, ვისაც დედა რუსი ჰყავს, მამა _ ქართველი? – თუ ქართულ სკოლაში წავიდოდა _ უფრო ქართველი, თუ რუსულ სკოლაში _ ალბათ უფრო რუსი. დედის ფაქტორიც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია; რა ენაზე უმღერის ის ბავშვს იავნანას. ჩემს შემთხვევაში, ქართულ-სომხური ფესვების მქონე ადამიანი, საქართველოში მცხოვრები, რუსული განათლებით. როგორია ჩემი იდენტიფიკაცია ეთნიკური ნიშნით? ვაცხადებ _ მე არ ვიცი! მე ვერ ვპოულობ ეთნიკურ უჯრედს, რომელიც უნდა შევავსო. ჩემი მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია, რაღა თქმა უნდა ქართულია და ეთნიკური ნიშნითაც მე ალბათ უფრო ქართველი ვარ, თუმცა საზოგადოების 10 წევრიდან 9-ს მიაჩნია რომ სომეხი ვარ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი `გალაღებული~ არსებობა ჩვენს ქვეყანაში, ბევრისთვის ქართული ტოლერანტობის კიდევ ერთი დასტურია, ე.ი. ჩემი `სომხობა~ გარკვეულწილად სარეკლამო ხასიათისაა. აქვე მინდა აღვნიშნო თბილისური კულტურის ფენომენის შესახებ, რომელიც თავად არის პოლიეთნიკური, და გავიხსენო სერგო ფარაჯანოვი, რომელიც სწორედ ამ კულტურის ნაყოფია. თბილისმა შვა იგი. სერგო ფარაჯანოვი რომ სომხეთში გაზრდილიყო, ის ვერ იქნებოდა ფარაჯანოვი. ნებისმიერი დიდი მეგაპოლისი თბილისი იქნება ეს, ვენეცია თუ ნიუ-იორკი, ქმნის საკუთარ განუმეორებელ კულტურას. დიდი დანაშაული იყო საქართველოში სოფლის დანგრევის ხარჯზე ერთი ქალაქის გადიდება. თბილისში მრავლად დასახლდნენ მონოეთნიკურ კულტურაზე გაზრდილი ადამიანები, რომელთათვისაც უცხო იყო თბილისური კულტურა. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ზვიად გამსახურდიას შოვინისტური რეჟიმის ძირითადი დასაყრდენი ძალა. მე ვუბრუნდები ძირითად თემას _ ქართული მენტალობა. ეს თემა ძალზე ფაქიზი და იმავდროულად უაღრესად საინტერესოა ნებისმიერი ქართველისათვის. მას ხომ ძალიან აინტერესებს რას ფიქრობენ სხვები მასზე, ზოგადად ქართველობაზე, თუმცა მხოლოდ კარგის მოსმენა სურს (ესეც ხომ ქართული მენტალობის ერთ-ერთი ნიშანია). რადგან ვაპირებ ჩემეული სიმართლის თქმას და იმ მიზნით, რომ ზოგიერთი შესაძლებელი ბრალდება ჩემს მიმართ ცოტათი მაინც მოვიგერიო, თავიდანვე ხმამაღლა ვაცხადებ, მე არა ვარ ქართველოფობი, ანუ ქართველთმოძულე. იმიტომ არ შეიძლება ვიყო ქართველოფობი, რომ არავითარი ფობია არ გამაჩნია, ანუ ვერც ერთი ეთნიკური ჯგუფის მოძულე ვერ ვიქნები. მე მიყვარს `მოყვასი ჩემი~ ისე, როგორც ეს შეჰფერის ქრისტიანულ ტრადიციაზე გაზრდილ ადამიანს. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად (არადა ზუსტად რომ პატივისცემა მაიძულებს ვიყო გულახდილი _ მოყვარეს პირში უძრახეო და ა.შ.) მომიწევს ისეთი მოსაზრებების და დასკვნების გამოთქმა, რომლებსაც ყველა ტაშით ვერ შეხვდება. წინასწარ მომიტევეთ, რადგან ალბათ ვიქნები სუბიექტური. ცოტას კიდევ გადავუხვევ მთავარ თემას; მე ჩემს ორ მეგობართან, მსახიობ ბაადურ წულაძესა და მოაზროვნე ვოვა ფიჩხაძესთან ერთად ჩამოვაყალიბე სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია `საქართველოს ხალხის კონგრესი~. მაშინ გაგრის დაცემიდან სამი დღე იყო გასული. ამ ტრაგიკულ მოვლენას დიდი მიტინგი მიეძღვნა, სადაც მეც გამოვედი სიტყვით და მთელი საქართველოს გასაგონად (მიდიოდა პირდაპირი ტელე-ტრანსლიაცია) ვთქვი, რომ _ `თხუთმეტჯერ რომ მეწეროს პასპორტში სომეხი, მე მაინც ვიქნები საქართველოს შვილი და მოვემსახურები ქართულ სახელმწიფოს~. ჩემი გამოსვლა უბრალო პათოსით გამოწვეული არ ყოფილა. აქ იყო ის აზრი ჩადებული, რომ საქართველოში გაზრდილი ადამიანი არის ამ მიწის შვილი, მშობლებიც ამ მიწის შვილები არიან, და ყველაფერი, რაც ამ მიწას სტკივა, _ გტკივა შენ და ე. ი. მოქალაქეობრივი თვალსაზრისით ქართველი ხარ. როგორც კი შეირყა `ხალხთა საპყრობილედ~ წოდებული საბჭოთა კავშირი და `დაუბერა თავისუფლების სიომ~ ერი პრობლემების წინაშე დადგა, რადგან ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის მართვა და მათთან თანაცხოვრების წესი არ იყო გააზრებული. იმდროინდელ მმართველ ელიტას სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეეძლო გაეთვალისწინებინა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ინტერესები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში, მერე აფხაზეთში. ანუ როცა პოლიტიკური ელიტები ერთმანეთში ვერ რიგდებიან, მაშინ უბრალო ხალხი ერთმანეთს კლავს. პოლიტიკური შეხედულებების სხვადასხვაობის გამო დაინგრა ოჯახები. შერეულ ოჯახებშიც ტრაგიკულად განვითარდა მოვლენები. ჩვენი ორგანიზაცია წააწყდა ერთ ასეთ წინააღმდეგობას: გამოთქმა _ `საქართველოს ხალხი~ ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა (ახლა უკვე ხშირად იყენებენ ამ ტერმინს). ჩვენ მაშინ განვმარტეთ, რომ ცნებებია აღრეული და ესეც დიდი უბედურებაა, რომ არ გვინდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, რომ საქართველოში სხვადასხვა ხალხები კი არ ცხოვრობენ, არამედ ერთიანი საქართველოს ხალხი, სადაც ეთნიკურად ქართველებთან ერთად არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. რატომ არის სიტყვა ერი უფრო კრებითი, ვიდრე ეროვნება?! _ მაშინ ვინ ვარ მე? მაშ სადაა ჩემი სამშობლო? ერთხელ ჩემს მეგობართან სერიოზული კამათი მომივიდა, და მაშინ ვუთხარი, რომ ჩემს გარეშე ქართველი ერი არ არის სრულყოფილი, რამეთუ მე ვარ ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი და არა მხოლოდ მე. ბევრმა ოსმა არც იცოდა რომ ქართველი არ არის. მათ მწარედ აგრძნობინეს ეს და სახლებიდანაც კი გააძევეს. მტრებად აქციეს. ეს არის სამარცხვინო ლაქა ჩვენს ისტორიაში და ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვისაც არ ჰქონდა გაცნობიერებული თუ რა არის ერი, რა არის სახელმწიფო და რა არის თანაცხოვრება. ე. ი. ვინც ქართველი არ იყო, იყო უკეთეს შემთხვევაში პოტენციური მტერი. სხვათაშორის ქართულ ენაში სიტყვა არაქართველი ემოციურად არაადამიანს ნიშნავს და მისი გამოყენება არის ძალზე არასასურველი. მე მაშინ რამოდენიმე წერილი დავწერე სახელმწიფოებრიობაზე, მოქალაქეობაზე, ერის განმარტებაზე და ეს ყველაფერი 1993 წელს იბეჭდებოდა `ივერია ექსპრესში~ რომლის რედაქტორი ნიკო ნიკოლოზიშვილი იყო. ერთხელ მან დამიძახა და მითხრა: _ იური, არ გაინტერესებს მკითხველების აზრი შენს წერილებზე? ერთ-ერთი მკითხველი წერდა: ვინ არის ეს ვიგინდარა, ეს იური მეჩითოვი, მაგას რა უფლება აქვს ქართველებს ჭკუას რომ გვასწავლისო… როგორ უნდა შეიქმნას სახელმწიფო, გაუგებარი იყო არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეებისათვის, არამედ იმ ხალხისთვისაც ვინც მაშინ მართავდა ქვეყანას. ჩვენ ორჯერ შევხვდით ბატონ ე. შევარდნაძეს, მაგრამ ჩვენთვის კვლავ ღიად დარჩა კითხვა, თუ როგორ აპირებდა მთავრობა სახელმწიფოს ჩამოაყალიბებას. ნელ-ნელა ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამდენი უბედურების მიზეზი არის ის ირაციონალური, რაც ჩვენს ტვინში, ჩვენს ყოფაქცევაში არის დაბანდებული, ჩვენს მენტალობაში დევს და ეს იმდენად ინერციული სისტემაა, რომ ერთ-ორ წელიწადში არ იცვლება, მითუმეტეს თუ სერიოზულად არავინ ამ პრობლემაზე არ მუშაობს. სხვადასხვა ერის ეთნოფსიქოლოგია ჩემთვის გახდა გარკვეული ჰობი. როცა მეკითხებიან _ თქვენი ჰობი? _ მე ვპასუხობ _ მუსიკა და ეთნოფსიქოლოგია. ავსტრიაში ყოფნისას მე წავაწყდი ძალიან საინტერესო წიგნების კრებულს, _ `სხვადასხვა ერების ქსენოფობიები~ და მაშინვე გავიფიქრე: _ რა კარგი იქნებოდა, რომ შექმნილიყო ასეთი წიგნი ქართველების მიერ ქართულ მენტალობაზე, რათა ადამიანმა დაინახოს რა უშლის ხელს იმაში, რომ ჭეშმარიტად შეიცნოს თავისი თავი და იყოს ბედნიერი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს წერილში არ არის არავითარი მცდელობა ნიშნების დასმისა, პლიუსების და მინუსების (ღმერთმა დამიფაროს!). უბრალოდ, მე მგონია, ბევრისათვის საინტერესო იქნება, თუ როგორ გამოიყურება ზოგადად ქართველი მარგინალი მეჩითოვის თვალით; ვისზე შეიძლება ითქვას ჩვენს სადღეგრძელოებში ასე ხშირად გაჟღერებული ფრაზა: _ ნამდვილი ქართველი? ჩემს თვალწინ იცვლებიან ჩემი ეთნიკური ქართველი მეგობრების, ნაცნობების, მეზობლების სახეები _ მაშ რომელი მათგანი გამოხატავს ზუსტად იმ თვისებებს, რომლებიც განასხვავებენ ზოგადად ქართველს, ვთქვათ პოლონელისგან, ფრანგისგან, სომეხისგან. ერთსაც დავამატებ, საქართველოში სუბეთნოსები (რაჭველები, კახელები და ა.შ.) ძალიან განსხვავდებიან ყოფით, ტემპერამენტით. თუ წაგიკითხავთ ლ. გუმილიოვის ნაშრომი `ეთნოგენეზი და ეთნოსფერო~, დაიჯერებთ, რომ ყველა ეს განსხვავებები განპირობებულია იმით, თუ რა გარემოში ცხოვრობენ და რას მიირთმევენ ადამიანები. შორს რომ არ წავიდეთ, ვთქვათ, რომ კახური ღვინის დამლევი და გურული იზაბელას მოყვარული ხასიათით აუცილებლად განსხვავებულნი იქნებიან. და მაინც, რა ძირითადი თვისებები აქვს ზოგადად ქართველს? უპირველეს ყოვლისა _ ნიჭიერება, არტისტული, თეატრალური ბუნება _ ეს ბევრ რამეში ვლინდება: მჭერმეტყველება და დახვეწილი ენის კულტურა, მრავალხმიანი სიმღერა, მუსიკა, მხატვრობა, პოეზია და ბოლოს ის ფენომენი, რომელშიც ეს ყველაფერი შერწყმულია _ ჩვენი კინემატოგრაფი. შეიძლება არტისტული ბუნების შედეგიც იყოს ორბუნებიანობა _ ანუ განსხვავებულ სამყაროებში ერთდროულად ყოფნა, თუმცა გურამ ასათიანზე უკეთესად მე ამ ფენომენს ვერ აღვწერ. არსებული აღმსარებლობა ამძაფრებს ორბუნებიანობის განცდას, რადგან მართლმადიდებლური სარწმუნოების მოთხოვნები და მიწიერი ცხოვრება ძნელად თავსდება, მაგალითად ახალი წლის აღნიშვნა მარხვის დროს. თუმცა ჩემი აზრით მიუხედავად ბოლოდროინდელი რელიგიური აღტკინებისა ქართველმა იცის, რომ მთავარი სააქაოშია და არასდროს არ გაცვლის ამცხოვრებისეულს რაიმე ზეციურ ფანტომზე. სიამაყე და გამორჩეულობის გრძნობა რომელიც ამპარტავნებაში გადადის _ გავიხსენოთ `რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ~. ამპარტავნულ გამორჩეულობაზე მუშაობს ისეთი ლეგენდა, როგორიცაა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და შედარებით უწყინარი მითი, რომ ეს მიწა პირადად ღმერთმა გვიბოძა ქართველებს. თუმცა ეს გარემოება სულაც არ გვიშლის ხელს მტრულად მოვეკიდოთ ჩვენს გარემო ბუნებას. არც ფორმულა `ჩვენთან არს ღმერთი~ შეესაბამება ჩვენს ქრისტიანულ თავმდაბლობას, უფრო ამპარტავნული ხასიათისაა. შედარებისათვის ჩვენი მხრიდან, მწვალებლებად შერაცხულები იყენებენ გაცილებით მორიდებულ ფორმულას `ჩვენ ღმერთის იმედით ვართ~. საერთოდ კი გამორჩეულობა ახასიათებს ყველა ერს, ეს ბუნებრივიც არის, მთავარი ისაა რომ შენს მიერ შექმნილი მითი რადიკალურად არ განსხვავდებოდეს ჭეშმარიტებისაგან. დარდიმანდობა _ გალაღება, ქეიფის, დროსტარების სურვილი, წინდაუხედაობა, რასაც ხაზს უსვამს ყოველდღიურობაში მეტად პოპულარული გამონათქვამები: მაგის დედაც… ან მ… პატრონი, რაც რთული სიტუაციის გამარტივება უფროა, ვიდრე გინება (სხვათა შორის, მე პირადად, სამწუხაროდ, ეს არ შემიძლია, რაც ჩემთვისვე ადასტურებს ჩემს არაქართველობას). ექსჰიბიციონიზმი _ სურვილი საკუთარი თავის საზოგადოებაში წარმოჩენისა, კაი ჩაცმა-დახურვა, კაი მასპინძლობა, ნებისმიერი კომპანიის ლიდერობა, მუდმივად სცენაზე ყოფნის სურვილი; შეკითხვაზე: `თუ დაამყარებდი ინტიმურ კავშირს კიმ ბესინჯერთან უკაცრიელ კუნძულზეო, გაოცებული ჭიჭიკია პასუხობს: ვის მოვუყვე მერე, სიმონ, იქინეო~. ზედაპირულობა _ მოვლენების ზერელედ აღქმა, რა თქმა უნდა, საკუთარი ნიჭიერების იმედით. ჩემის აზრით ესეც ერთ-ერთი დაბრკოლებაა ეთნოკონფლიქტების მოგვარების საქმეში. გავიხსენოთ ქუთაისური ანეგდოტი: `ვინ არიან ეს აფხაზები? _ მანეთ-მანეთი რომ შეაგროვონ, ერთ `ჟიგულს~ ვერ იყიდიანო. საერთოდ ზოგადად ქართველისათვის ძნელია საკუთარი წარმოდგენისგან განსხვავებული აზრის მოსმენა-გათავისება. ამას ადასტურებს თუნდაც ანეკდოტი ორ ქართველზე, მოსკოვში, მავზოლეუმის გვერდით მოშარდვა რომ დააპირეს და როცა მილიციონერმა წესრიგისკენ მოუწოდა, ამაყად დატოვეს წითელი მოედანი სიტყვებით: `ხედავ, როგორ არ ვუყვარვართო. შემგუებლობა _ რომელი ერი აიტანდა კიდევ ამ გაუსაძლის ყოფას, ამდენი ხნის მანძილზე, … რაც დიდი ნუგეშია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. აქაც იჩენს თავს ნიჭიერება _ ნიჭი `მორგებისა~; ერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა მითხრა, თქვენ ქართველები ძალიან ნიჭიერები ხართ, თორემ სახელმწიფოს უკვე შექმნიდითო. სახელმწიფოს განცდა _ პრაქტიკულად არ არსებობს. მოქალაქეობრივი მოვალეობები ძალზე ძნელად მკვიდრდება. შედეგად _ გაწკრიალებულ ბინაში შევდივართ დაბინძურებული, ჩაბნელებული სადარბაზოს გავლით. წარსულის გაფეტიშება _ უკან, XII საუკუნის საქართველოსკენ ცქერა, `ნიკოფსიიდან დარუბანდამდე~ და იმავდროულად წინ ყურების გარკვეული შიში ანუ `წარსული ჩვენი სიმდიდრეა~ ვკითხულობთ ჩვენს სარეკლამო ბილბორდებზე. საოცარია, მაგრამ ქართველები დამაჯერებლად საუბრობენ იმაზე რაც საუკუნეების წინ მოხდა მაგრამ არ ახსოვთ ბოლო წლების საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლის მოწმენი თვითონ იყვნენ. კანონის უპატივცემულობა, `კანონიერი~ ქურდების ავტორიტეტი, ათასი ხრიკის გამოყენება, რომ კანონის ავლით მიაღწიო საწადელს. საყოველთაო კორუფცია, რომელიც ასამარებს ჩვენს ევროპულ პრეტენზიებს. Eეხლახანს მოვისმინე ხალხური _ “კანონ ვერ მოდრეკს ვაჟკაცსა, კანონ რა ჩემი…ყ– ……არის” იუმორის საოცარი შეგრძნება ერთ-ერთი ნიშანია ერის ჯანსაღი სულიერი ორგანიზაციისა. არამგონია სადმე კიდევ არსებობდეს ასეთი ენამოსწრებული ხალხი, მაგალითად, გამონათქვამი _ `ბწკენა ბწკენით პატარძალი დაორსულდა~-ო _ იუმორისტულ სიტუაციასთან ერთად ბრწყინვალე ილუსტრაციაა ერთ-ერთი ძირითადი ფილოსოფიური კანონისა _ რაოდენობრიობის გადასვლა ხარისხობრივში. სიყვარული _ ერში, რომლის ენაზე გაჟღერდა `რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია~, არსებობს სიყვარულის მწვავე დეფიციტი. სიტყვა `საყვარელი~ საძრახისია. სიყვარული ჩვენში უფრო ვირტუალური ხასიათისაა _ სიმღერები, სადღეგრძელოები… ქალაქში `დიდება სკკპ~-ს შრიფტით აკრეფილი ბილბორდებიც კი გაჩნდა მოწოდებით `გვიყვარდეს ერთმანეთი~. ჩვენში არსებული აღზრდა-განათლება უბიძგებს ადამიანს, განსაკუთრებით მამაკაცს, უსაზღვრო ეგოიზმისაკენ, რაც შეუთავსებელია სიყვარულის განცდასთან, ბედნიერებასთან. მამაკაცები დიდხანს რჩებიან `დედიკოს შვილებად~. ფრანგს ჰყავს ცოლიც და საყვარელიც, მაგრამ საყვარელი უყვარს, ინგლისელსაც ორივე ჰყავს, მაგრამ ცოლი უყვარს, ხოლო ქართველს ორივეს ნაცვლად დედა უყვარს _ ნათქვამია. დედა-მიწა, დედა-ბოძი, დედა-სამშობლო, დედა-აზრი, დედანი… _ ქართულ ენაში მრავლად არსებობს დედასთან დაკავშირებული ცნებები, თუმცა დედის, ზოგადად ქალის მიმართ პატივისცემა, რაინდობა ასევე სიმღერების და სადღეგრძელოების ხმაურში იკარგება. დიდი სირცხვილია ჩვენში ასე ფეხმოკიდებული საკუთარი დედის გინება, რომელიც უკიდურესი უუნარობის დასტურია, როცა შენს სიტყვას არავითარი ფასი არა აქვს. ჩემის აზრით დღეს ქალს ქალობა წართმეული აქვს. უმძიმესი სოციალური გაჭირვების ჟამს მან მამაკაცის მოვალეობებიც შეითავსა. ნიშანდობლივია ქალთა საერთაშორისო დღის მაგივრად დედის დღის აღნიშვნა. უამრავი ქალი რჩება მამაკაცის ალერსის გარეშე, ზემოთ აღნიშნული აღზრდის გამო ისინი (მამაკაცები) სანთლით საძებარია. რაღაც შეკრული წრე არსებობს. ქალი ზრდის უვარგისს მამაკაცს, სიყვარულის გაცემის უნარს მოკლებულს და თვითონვეა მსხვერპლი. გავიხსენოთ როგორ იყო აღქმული ზვიად გამსახურდიას ფენომენი, როგორც მამაკაცისა, სიყვარულს მოკლებული ქალების მხრიდან. რაც შეეხება ფობიებს ანუ შიშებს ახლა გვეშინია გლობალიზაციის, მასონური შეთქმულების, კოსმოპოლიტიზმის, ეკუმენიზმის _ ანუ, თურმე, საქართველო მიზანში ამოღებული შავი ძალების მხრიდან, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ჩვენი ერის გადაგვარებისათვის. ჩვენში არსებობს ფარული ანტისემიტიზმიც (მიუხედავად ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობისა) და პრაქტიკულად ღია არმენოფობია (იმდენად, რომ მავანი პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღადაც კი იყენებს, საზოგადოებაში ქულების ჩაწერის მიზნით). ამ ფობიის გენეზისი ცალკე განსჯას იმსახურებს _ ილია ჭავჭავაძის `ქვათა ღაღადის~ გახსენებაც დაგვჭირდება და კიდევ უამრავი მოვლენის ანალიზი, მაგრამ ეს არ არის ჩემი საუბრის თემა. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ბოლო ომებისა, არც ოსოფობია და არც აფხაზოფობია ქართველებში არ შეინიშნება. მე წელს შემისრულდა 55 წელი. ცხოვრების ნახევარზე მეტი გავლიე! ბევრი მინახავს, გამომიცდია… რით ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, რით ვანუგეშოთ ერთმანეთი? დღესაც აქტუალურია სიტყვები `აწმყო რომ არა გვწყალობს?!~ გაუთავებელ `რა გვეშველებას?~ ვპასუხობ: _ `რა გვჭირს ასეთი უსაშველო ბრეგვაძეებს!~. მოდით, მოვიხსნათ ეს მენტალური ბორკილები (სად არის ახალი თაობა?!), გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან და ფობიებისგან და ერთად მოვუაროთ ჩვენს სამშობლოს. რა თქმა უნდა მოსაძებნია საქართველოსათვის შესაფერისი ადგილი თანამედროვე კაცობრიობის მრავალფეროვან მოზაიკაში. ამისთვის საჭიროა ყველა რესურსის ჩართვა, მთელი ერის (ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით!) პოტენციალის ამუშავება, ქალის ნამდვილი განთავისუფლება.. ჩვენთვის საუკეთესო მთავრობასაც ვერავინ გამოგვიგზავნის, თუ თვითონ ოდნავ მაინც არ შევიცვლებით, შევიცვლებით ჩვენ უკეთესობისკენ, შეიცვლება ჩვენი ქვეყანაც; ნუ შეგვეშინდება, ჩვენ არც ფრანგები გავხდებით და არც გერმანელები. სანამ ქართულად ვლაპარაკობთ, ქართველებად დავრჩებით, რადგან, დარწმუნებული ვარ, ამ სახით ვჭირდებით დანარჩენ სამყაროს." იური მეჩითოვი-2005 წელი. იური მეჩითოვი დაიბადა ქ. თბილისში 1950 წლის 10 მაისს.დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1975წწ. იყო "საქგიპროშახტის" ინჟინერი; 1975-1980წწ. პროფსაბჭოს კინომოყვარულთა სტუდიის მეთოდისტი; 1980-1990წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ფოტოგრაფი; 1986 წლიდან გაზეთ"ქართული ფილმის" ფოტოკორესპონდენტი; 1992-1996წწ. რუსთაველის თეატრის ფოტოგრაფი; 1996-2002წწ. "ფოტობანკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1998-2002წწ. კულტურის ინსტიტუტის მხატვრული ფოტოგრაფიის პედაგოგი; 2002 -2004წწ. "მთავარი გაზეთის" ფოტორედაქტორი; 2008–2010წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011 წელს დაარსა და მუშაობდა ლექტორად "მეჩითოვი დეისაძის ფოტოსახელოსნოში"; 2012 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე. ორასამდე ჯგუფური და პერსონალური ფოტოგამოფენის მონაწილეა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; მუშაობდა მთელ რიგ გამოცემებზე, როგორც დიზაინერი, ფოტოგრაფი და ფოტორედაქტორი; არის ბევრი ფოტოგრაფიული პროექტის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის დაკვეთით განხორციელებული 5 პროექტი; პოლიტიკური, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი ხასიათის პუბლიკაციების და ასევე რამდენიმე პროზაული ნაწარმოებების ავტორია. გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში. 948 4-ს მოსწონს
|