საქართველო "ავტომატზე გვეუბნებოდნენ უარს და უფრო სერიოზულს ვინ მოგვცემდა"- რას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 30 აპრილი, 12:11 რუსეთ - უკრაინის ომიდან დროებით, საქართველოში დაბრუნებული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ყველა ჯარისკაცს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, მისი მინისტრობის პერიოდში შეიარაღებულ ძალებში არსებულ იმ რთულ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც ქვეყანას რუსეთი ყველანაირი სამხედრო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობას უბლოკავდა, ქვეყნები კი ჩვენს გამო მასთან ურთირთობის გაფუჭებას ერიდებოდნენ:"უკრაინის ომი როგორც მრავალმხრივი შესაძლებლობა ჩვენთვის. პოლიტიკური შესაძლებლობები უამრავი აქვს ამ ომს ჩვენთვის და ეს ყველაზე უინტელექტო ქოცმაც კი იცის. მე ერთ და სხვა შესაძლებლობაზე მინდა გითხრათ.2005 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აბსოლუტურად არაფერი (შეიარაღება) არ გააჩნდათ. შეიძლება ითქვას რომ შეიარაღებული ძალები თითქმის არც არსებობდა.არნახული წვალების, "კომბინაციების" და ძალისხმევის ფასად გვიწევდა იმ იარაღის ყიდვა, რასაც ვყიდულობდით, რადგან რუსეთი ყველაფერს გვიბლოკავდა და მათთან გართულებებს, ჩვენს გამო, ყველა ქვეყანა ერიდებოდა. ეგეთ დროს კი, აქ ბევრი ვითომ სამხედრო ჟურნალისტი თუ სხვა მავანი კამპანიას აგორებდა რომ მოძველებულ საბჭოთა "კალაშნიკოვებს" და ტანკ "ტ-72"-ებს რატომ ვყიდულობდით.გეგონება "აბრაამსები", "მერკავები" და "ლეოპარდები" სადმე დახლზე ეწყო და უარს ვამბობდით. 2006 წელს "ჰეკლერ კოხი"-ს 200 ავტომატის ყიდვა მინდოდა სპეცრაზმისთვის და მაშინდელმა კანცლერმა მერკელმა პირადად დაბლოკა ეგ შესყიდვა, მაშინ როდესაც თავად "ჰეკლერ კოხი" ლობირებდა ჩვენს სასარგებლოდ.არ მოგესმათ, ავტომატი ვახსენე და არა ჰაუბიცა, არც ჯავშანმანქანა, არც ტანკი ან თვითმფრინავი. ავტომატზე გვეუბნებოდნენ უარს და უფრო სერიოზულს ვინ მოგვცემდა. იყო ანეგდოტური სიტუაციაც - ფრანგებმა ორი სუპერთანამედროვე კორვეტი შემოგვთავაზეს, მაგრამ დააყოლეს - სარკოზი რუსებთან არ გაირთულებს საქმეს და კორვეტებს იარაღის გარეშე მოგყიდითო. ანუ სასეირნო ნავები უნდა გვეყიდა.2008 წლის ომმა უფრო გაართულა ჩვენთვის იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ომის დროს ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა ან რუსებმა წაიყვანეს. ტყვია-წამლის საწყობები სრულად დაიცალა და დღემდე აღარ შევსებულა, იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჯაველინები მოგვაწოდეს ამერიკელებმა.უკრაინაში მიმდინარე ომის და მათდამი ამ სახის დახმარების ფონზე გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი რომ სრულად განვაახლოთ ჩვენი შეიარაღება, რათა უფრო მეტად ვიყოთ დაცული ("თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის" და არა "აბა ომი გინდა?"-სთვის). ახლა აწყვია დახლზე "აბრაამსებიც" და "ლეოპარდებიც", თან უფასოდ, თუმცა ვინაა მაგ შესაძლებლობის გამომყენებელი.შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. უკაცრავად შემეშალა, შეიარაღებული ძალები ხომ დიდი ხანია აღარ გვყავს და მათ სახელი გადავარქვით რუსი რომ არ გაგვეღიზიანებინა. თავდაცვის ძალების დღეს გილოცავთ."- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.616 1-ს მოსწონს |