ჩემპიონთა ლიგის პირველი დღისგან განსხვავებით, მე-2 სათამაშო დღეს, რამდენიმე მატჩის გამორჩევა შეიძლება. ყურადღებას იქცევენ E და F ჯგუფების ფავორიტების დაპირისპირებები. მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს, ხოლო გასული გათამაშების ფინალისტი "ბაიერნი" "ვალენსიას" დაუხვდება. არ უნდა დავივიწყოთ "ბარსელონა"-"სპარტაკის" დაპირისპირება, რომელშიც, შესაძლოა, ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს.
E ჯგუფი
ჩელსი-იუვენტუსი
ინგლისის დედაქალაქში გასამართი დაპირისპირება შეგვიძლია დღის ცენტრალურ მატჩად მივიჩნიოთ. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი და ინგლისის პრემიერლიგის ამჟამინდელი ლიდერი იტალიის ჩემპიონატში შთამბეჭდავი წაუგებელი სერიის მქონე "იუვენტუსს" მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ათთვიან დისკვალიფიკაციას იხდის, მისი გუნდი მიმდინარე სეზონშიც დამაჯერებლად გამოიყურება - "ბებერმა სინიორამ" სერია A-ს სამივე მატჩი მოიგო, მანამდე კი, სუპერთასზეც იმარჯვა.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, "ჩელსიმ" შინ 1:0 მოიგო, ხოლო ტურინში გამართული თამაში 2:2 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში, საეჭვოა მარკო მარინის თამაში, ხოლო სტუმრებს სიმონე პადოინი დააკლდებათ. გარდა ამისა, "იუვეს" სათადარიგოთა სკამზე არ იჯდება ანტონი კონტე. ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიაში მიღებული ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ევროტურნირებზეც ვრცელდება.
• 2012-13 წლების სეზონში, ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად დაისაკუთრა;
• გასულ სეზონში, "ჩელსიმ" საკუთარ კედლებში ჩატარებული ექვსივე თამაში მოიგო, გაიტანა 17 და გაუშვა მხოლოდ 2 გოლი;
• ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საკუთარ კედლებში, "ჩელსის" 26-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. "არისტოკრატებმა" 20 თამაში მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს;
• ბოლო 9 მცდელობიდან, ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი 7-ჯერ დაიკავეს;
• "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეათედ თამაშობს. ყველა ამ შემთხვევაში, ლონდონელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს;
• დღეს, ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსის" მაისურით თავის მე-400 მატჩს ჩაატარებს;
• იტალიის ჩემპიონატში, "იუვენტუსი" უკვე 42 თამაშია დაუმარცხებელია;
• "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ინგლისში ჩატარებული ბოლო 6 თამაში წააგო;
• ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი, 19 წითელი ბარათი მიიღეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ტერი, კოული, ლემპარდი, მიკელი, რამირესი, აზარი, მატა, ტორესი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა, ჯოვინკო, ვუჩინიჩი.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
შახტარი-ნორდშელანდი
ჯგუფის მე-2 შეხვედრას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. მართალია, ლიგის დებიუტანტ "ნორდშელანდს" სადებიუტო მატჩში ევროპული ფეხბურთის გრანდთან არ უწევს დაპირისპირება, მაგრამ დიდი ალბათობით, დანიელებს ქულის მოპოვებაც კი გაუჭირდებათ. "შახტარი" შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. დონეცკელებმა ოფიციალური მატჩი ბოლოს 2011 წლის ნოემბერში, სწორედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წააგეს.
• "შახტარმა" შიდა ჩემპიონატის ბოლო 18 მატჩი მოიგო, რაც უკრაინული ფეხბურთის რეკორდია;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან "შახტარმა" მხოლოდ ერთში იმარჯვა. საკუთარ კედლებში, დონეცკელებს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ;
• "ნორდშელანდი", ისევე როგორც მისი ყველა ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს;
• გასულ სეზონში, "ნორდშელანდმა" დანიის ჩემპიონატი პირველად მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, რატი, ჩიგრინსკი, რაკიცკი, სრნა, სტეპანენკო, ფერნანდინიო, ვილიანი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოსტა, მხითარიანი.
ნორდშელანდი (4-3-3): ჰანსენი, მტილიგა, ოკორე, რუნიე, პარხურსტი, სტოკჰოლმი, ადუ, კრისტენსენი, ლორენტცენი, ბეკმენი, ჯონი.
მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი).
F ჯგუფი
ბაიერნი-ვალენსია
E ჯგუფის მსგავსად, ფავორიტები პირველივე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს F ჯგუფშიც. სენსაცია იქნება, ან "ბაიერნი" ან "ვალენსია" 1/8-ფინალში რომ ვერ გავიდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დღეს, გუნდები პირველი ადგილისთვის ბრძოლას შეუდგებიან.
"ბაიერნისა" და "ვალენსიას" ურთიერთდაპირისპირების ისტორია შვიდ მატჩს ითვლის. მცირე უპირატესობა მიუნხენელებს აქვთ - მათ მეტოქე 2-ჯერ დააამრცხეს, თავად კი ერთხელ წააგეს. შესაბამისად, 4 თამაში ფრედ დასრულდა.
ტრავმების გამო, მასპინძლებს ალაბა, გომესი და კონტენტო დააკლდებიან. საეჭვოა რიბერისა და რობენის თამაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სტუმრებს თამაში გაგოს, ბანეგას, პიატისა და კანალესის გარეშე მოუწევთ. დიდი ალბათობით, მოედანზე ვერც ალბელდას ვიხილავთ.
• 2001 წელს, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ. თერთმეტმეტრიანების სერიაში "ბაიერნმა" იმარჯვა. "ვალენსიას" მხრიდან, გადამწყვეტი დარტყმა "ღამურების" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პელეგრინომ გააფუჭა;
• გასულ სამ სეზონში, "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ ითამაშა, მაგრამ მიუნხენელებმა ორივეჯერ წააგეს;
• ჩემპიონთა ლიგის 2011-12 წლების გათამაშებაში, "ალიანც არენაზე" ჩატარებული 7 თამაშიდან "ბაიერნმა" 6 მოიგო;
• "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ექვს გასვლით თამაშში მოგება არ აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტრუბერი, მარტინესი, შვაინშტაიგერი, მიულერი, კროოსი, რიბერი, მანჯუკიჩი.
ვალენსია (4-2-3-1): ალვესი, პერეირა, რამი, რუისი, სისოკო, ტ. კოსტა, პარეხო, ფეგული, ჟონასი, ვიერა, სოლდადო.
მსაჯი: ფირათ აიდინუში (თურქეთი).
ლილი-ბატე
დიდი ალბათობით, ამ გუნდების მაქსიმუმი მე-3 ადგილისთვის ბრძოლა იქნება. ძნელი წარმოსადგენია, ედენ აზარის გარეშე დარჩენილმა "ლილმა" "ბაიერნსა" და "ვალენსიას" რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს. მიუხედავად გუნდის გამოკვეთილი ლიდერის დაკარგვისა, ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტად მაინც "ლილი" ითვლება და დღეს, სწორედ ფრანგების მოგებაა მოსალოდნელი.
• ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, "ლილმა" საკუთარ კედლებში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გამართული ბოლო 8 შეხვედრიდან "ლილმა" მხოლოდ 1 მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ თორმეტ მატჩში "ბატეს" მოგება არ აქვს;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, გასვლაზე ჩატარებულ ექვს შეხვედრაში "ბატემ" მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ლილი (4-3-3): ლანდრო, დებუში, ბერია, შეჯუ, დინე, მარტინი, მავუბა, ბალმონი, პაიე, რუ, დე მელო.
ბატე (4-3-1-2): გორბუნოვი, რადკოვი, პოლიაკოვი, შიმიჩი, ბორდაჩევი, ვოლოდკოვი, ლიხტაროვი, სივაკოვი, გლები, როდიონოვი, მოზოლევსკი.
მსაჯი: მარსინ ბორსკი (პოლონეთი).
G ჯგუფი
ბარსელონა-სპარტაკი
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ მატჩს გამორჩეული ყურადღება დაეთმობა. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იმ "სპარტაკს" უმასპინძლებს, რომელშიც ჯანო ანანიძე თამაშობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სასტარტო შემადგენლობაში ხილვის შანსი არცთუ დიდია. კიდევ უფრო მცირეა იმის შანსი, რომ მოსკოველები კატალონიიდან ქულას წარმოიღებენ. ესპანეთის ჩემპიონატში, "ბარსელონას" ბრწყინვალე შედეგი აქვს, ხოლო რუსეთის პირველობაზე, "სპარტაკი" 3 მატჩია მოუგებელია.
გუდნები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან. 1994 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მოსკოვში გამართული მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო ბარსელონაში მასპინძლებმა 5:1 მოიგეს.
ტრავმების გამო, მასპინძლებს აბიდალი, მუნიესა, კუენკა, ალბა და ინიესტა დააკლდებიან. გაურკვეველია სანჩესის ბედი. სტუმართა დანაკლისს დისკვალიფიცირებული დემი დე ზეუვი შეადგენს.
• ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში, "ბარსელონამ" ჯგუფში პირველი ადგილი 12-ჯერ დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგია;
• ჩემპიონთა ლიგის ბოლო ხუთ გათამაშებაში, "ბარსელონამ" ნახევარფინალამდე მიაღწია;
• "უემბლიზე" ჩატარებული ბოლო 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბარსელონამ" მოიგო. მიმდინარე სეზონში, ფინალურ მატჩს კვლავ ეს სტადიონი უმასპინძლებს;
• ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, "ბარსელონას" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო გუნდი, რომელმაც კატალონიელები "კამპ ნოუზე" დაამარცხა, რუსული "რუბინი" იყო;
• ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული 30 თამაშიდან, "ბარსამ" გოლი ყველაში გაიტანა;
• ჩემპიონთა ლიგის გასული 4 გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი "ბარსელონას" თავმდამსხმელი ლიონელ მესი გახდა;
• ჩემპიონთა ლიგაზე, მესის 51 გოლი დაუგროვდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ რაულსა (71) და რუუდ ვან ნისტელროის (56) აქვთ;
• მოსკოვის "სპარტაკი" ერთ-ერთია იმ 5 გუნდიდან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ჯგფურ ეტაპზე ექვსივე თამაშის მოგება მოახერხა. გუნდების ამ კატეგორიას მიეკუთვნება "ბარსელონაც";
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, "სპარტაკის" მიერ ჩატარებული 34 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ;
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ადრიანო, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, მესი, ვილია.
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი, კ. კომბაროვი, ინსაურალდე, სუში, დ. კომბაროვი, რომულო, კელსტრომი, მაკგიდი, არი, ბილიალედინოვი, ძუიბა.
მსაჯი: მილრას მაზიჩი (სერბეთი).
სელტიკი-ბენფიკა
თუ "ბარსელონას" არ ჩავთვლით, ჯგუფი საკმაოდ ანაბრადაა დაკომპლექტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-2 ადგილისთვის ბრძოლა სამივე გუნდს შეუძლია. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ყველა მატჩს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს და გამონაკლისი არც "სელტიკი"-"ბენფიკას" დაპირისპირებაა. შოტლანდიელები ჯგუფის აუტსაიდერებად მიიჩნევიან, მაგრამ ეჭვგარეშეა, დღეს, ისინი 3 ქულისთვის იბრძოლებენ.
გუნდებს შორის აქამდე ჩატარებულ ექვს თამაშში სრული თანაფარდობაა. "სელტიკმაც" და "ბენფიკამაც" სამ-სამჯერ მოიგეს, ბურთების შეფარედება - 7:7.
შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება "ბენფიკას" მცველი მაქსი პერეირა.
• ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე, "ბენფიკას" არცერთი გასვლითი მატჩი არ წაუგია;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 20 თამაშიდან "სელტიკმა" მხოლოდ 2 წააგო და ორივე "ბარსელონასთან";
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 26 გასვლითი მატჩიდან "ბენფიკამ" მხოლოდ 4 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი, ლუშტიგი, უილსონი, მულგრიუ, იზაგირე, ფორესტი, ვანიამა, ბრაუნი, კომონსი, ჰუპერი, მიკუ.
ბენფიკა (4-4-2): მორაეში, პერეირა, ვიტორი, გარაი, მელგარეხო, სალვიო, მარტინსი, აიმარი, ნოლიტო, კარდოსო, როდრიგო.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
H ჯგუფი
მანჩესტერი-გალათასარაი
გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის შემდეგ, "მანჩესტერი" გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. ამის შანსი მათ საწყის ტურში მიეცემათ - "წითელი ეშმაკები" პირველ თამაშს საკუთარ კედლებში ჩაატარებენ. მათი მეტოქე მე-2 ადგილის მოსურნე "გალათასარაი" იქნება.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს ითვლის. 1993 და 1994 წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული თამაშებიდან პირველი 3 ფრედ დასრულდა, ხოლო ბოლო "მანჩესტერმა" 4:0 მოიგო.
ტრავმების გამო, მასპინძლებს რუნი, იანგი, ჯონსი და სმოლინგი დააკლდებიან. საეჭვია ფლეტჩერისა და ევრას თამაში.
• "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეჩვიდმეტედ ითამაშებს, რაც საუკეთესო შედეგია;
• ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 56 თამაშიდან "მანჩესტერმა" მხოლოდ 2 წააგო;
• "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 თამაშიდან გოლის გატანა ყველაში მოახერხა;
• "გალათასარაის" ინგლისში არასდროს მოუგია.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-4-1-1): ლინდეგაარდი, რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა, ვალენსია, კლევერლი, კერიკი, ნანი, კაგავა, ვან პერსი.
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა, ებუე, კაია, კრისი, ბალტა, ალთინთოფი, მელო, ინანი, ამბარატი, ელმანდერი, ბულუთი.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
ბრაგა-კლუჟი
"კლუჟი" ჯგუფის აუტსაიდერია, ხოლო "ბრაგა", სავარაუდოდ, "გალათასარაისთან" მე-2 ადგილისთვის იბრძოლებს. რა თქმა უნდა, რუმინელები იბრძოლებენ, მაგრამ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მაინც პორტუგალიელები ითვლებიან.
• "ბრაგას" მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული 6 თამაშიდან ფრედ არცერთი დასრულებულა;
• ბოლო 5 წლის განმავლობაში, "კლუჟი" ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ ითამაშებს. წინა ორ შემთხვევაში, რუმინელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული 6 გასვლითი თამაშიდან "კლუჟმა" მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო ბოლო 5 წააგო;
• ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული 12 მატჩიდან "კლუჟმა" კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაგა (3-4-3): ბეტო, დუგლაო, ისმაილი, ვინიციუსი, სალინო, კუსტოდიო, ვიანა, მოსორო, ედერი, ალანი, ბარბოსა.
კლუჟი (4-4-1-1): ფელგუეირასი, პინტუ, კადუ, რადა, კამორა, ბასტოსი, გოდემეჩა, მურესანი, რუი პედრო, კაპეტანოსი, სუგუ.
მსაჯი: პეტერ რასმუსენი (დანია).