Football Italia-ს ცნობით, შესაძლოა "მილანის" დამრიგებელი, მასიმილუაინო ალეგრი, სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩის ვერ მოგების შემთხვევაში კლუბიდან გაანთავისუფლონ. ასე რომ, თუ იტალიურ გაზეთს დავეყრდნობით, მაქსს ადგილის შესანარჩუნებლად "უდინეზესთან" 3 ქულის მოპოვება მოუწევს.
იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, მილანური გრანდის პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი ალეგრის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაარწმუნა, მასიმილიანოს კიდევ ერთი შანსი მისცენ.
იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელმა მომდევნო მატჩიც ჩააგდო, მაშინ მას სავარაუდოდ მაურო ტასოტი შეცვლის, რომელიც კლუბში 2001 წლიდან მთავარი მწვრთნელების ასისტენტად მუშაობს.
მასიმილიაონო ალეგრი კი ოპტიმიზმს არ კარგავს და "ანდერლეხტთან" უგოლო ფრეს წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს: "პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, ნელ-ნელა დაიხვეწება გუნდი და შეცდომების რაოდენობაც შემცირდება. ჩემმა ფეხბურთელებმა მონდომებით ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ"ანდერლეხტის" ფეხბურთელები გამუდმებით გვიტევდნენ, სახიფათო სიტუაციების შექმნა მაინც ვერ მოახერხეს და კარში ნორმალურადაც კი ვერ დაარტყეს. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ სამი წამყვანი მოთამაშე გვაკლია, სწორედ ამიტომაც არის გუნდში კრიზისი. მონტოლივო შაბათს დაგვიბრუნდება, რაც ნახევარდაცვას სერიოზულად გააძლიერებს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.