საზოგადოება ორსულობის ნეგატიური მხარეები - ის, რაზეც ხშირად ხმამაღლა არ ლაპარაკობენ 2022, 16 მარტი, 15:40 ორსულად ხართ? თანაც პირველად? უკვე სხვებმაც გაიგეს თუ ჯერ საიდუმლოდ ინახავთ? ზოგადად, როგორც მიღებული წესია, სამი თვე მაინც არ ამბობენ. ორსულობის გამჟღავნება არ გამჟღავნების სურვილი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ იქამდე გქონდათ ნაყოფის ნაადრევად მოშლის მწარე გამოცდილება და ორსულობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, შეიძლება გადაწყვიტოთ, დროებით დამალოთ ახალი ამბავი. "ორსულობა საუკეთესო პერიოდია ქალის ცხოვრებაში", "ორსულობა ქალისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა" და სხვა ამგვარი ფრაზები, ალბათ, უკვე მოგისმენიათ და კიდევაც მოისმენთ ორსულობის განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, ორსულობის უსიამოვნო მხარეებზე ხშირად საჯაროდ არ ლაპარაკობენ ან თუ ლაპარაკობენ, ძალიან ცოტას. თუ პირველად ხართ ორსულად და ბევრი არაფერი იცით იმის შესახებ, წინ რა გელოდებათ, ეს სტატია თქვენთვისაა.
წარმოგიდგენთ ორსულობის ნეგატიურ მხარარეებს, რომლებიც შესაძლებელია, არც გამოსცადოთ, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდება, ის მაინც გეცოდინებათ, რომ მარტო არ ხართ! მაშ ასე, დავიწყოთ: 1. იმ წუთიდან, როცა გაიგებთ, რომ ორსულად ხართ საოცარი პერიოდი კი არ იწყება, არამედ დიდი გაურკვევლობამიუხედავად იმისა, რომ დაორსულება თქვენი გადაწყვეტილება იყო და ორსულად ყოფნა თქვენი სასურველი მდგომარეობაა, ამ ახალი ამბის გაგების სიხარულს ახლავს ბევრი გაურკვეველი ემოცია, შიში და მოულოდნელობა. რაღაც მომენტებში შეიძლება გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ თქვენ მარტო ხართ, იმის მიუხედავადაც კი, თუ ბევრი ადამიანი მზადაა დაგეხმაროთ. სიმართლე ისაა, რომ თქვენ მართლა მარტო ხართ ახლადჩასახულ პატარასთან ერთად, რომლის დედაც უნდა გახდეთ და ჯერ არაფერი იცით, მიაღწევთ კი სამ თვემდე, რომ მერე უფრო თამამად განაცხადოთ თქვენი ორსულობის შესახებ... ნაყოფის უსაფრთხოება თქვენი პირველი საზრუნავი ხდება, დაიწყებთ უამრავი სტატიის კითხვას, როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა იცოდეთ, რა შეიძლება და რა არა. სწორედ აქ ჩნდება მეორე გარემოება, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა და დიდი ფსიქოლოგიური სტრესსის გამომწვევიც შეიძლება გახდეს, მაგრამ ამასთან გამკლავებაც მოგიწევთ... 2. ყველამ თქვენზე კარგად იცის, თქვენთვის რა შეიძლება და რა არათქვენს ხასიათზეა დამოკიდებული, ამას როგორ გაუმკლავდებით. თქვენ ირგვლივ, რა თქმა უნდა, იქნებიან გამოცდილი და კეთილად განწყობილი ადამიანები, ისინი თქვენთვის საჭირო რჩევებს მოგცემენ, მაგრამ ყოველთვის იქნებიან ისეთებიც, რომლებიც დაუკითხავად მიგითითებენ რაიმეს, მოგცემენ რჩევა-დარიგებებს, მათთვის საერთოდ რომ არ გითხოვიათ, ისე და ამასაც არ დასჯერდებიან, თუ რაიმე ორსულისთვის შეუსაბამო საქციელი შეგნიშნეს, კრიტიკასაც არ დაიშურებენ. ამისთვის მზად უნდა იყოთ და მაინც, თუ სხვების უადგილო კომენტარებზე ცუდად რეაგირებთ, გახსოვდეთ, ამაში თქვენ მაგიერ თქვენი ორსულობის გამო მოჭარბებული ჰორმონები შეგიძლიათ დაადანაშაულოთ. 3. რადგან უკვე ვახსენეთ ჰორმონები, მათ ცვლილებებს რა შედეგი მოჰყვება, სჯობს, თავიდანვე იცოდეთშეიძლება თქვენს ხასიათს რაიმე ცვლილებას პირველ თვეს ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ რაც დრო გავა, შეგეცვლებათ განწყობა, შეგრძნებები და დამოკიდებულებები. უმეტესწილად, მარტივად აგიჩუყდებათ გული და შეიძლება ისეთ რამეებზეც იტიროთ, იქამდე რომ ვერც კი წარმოიდგენდით. რა თქმა უნდა, ყველა ორსულობა ინდივიდუალურია, მაგრამ ასევე ორსულობის დროს სხავადასხვა პრობლემის წარმოქმნამ, მაგალითად, დაღლილობამ, პირღებინების შეგრძნებამ და გაძლიერებულმა ყნოსვამ, შეიძლება თქვენი ადვილად გაღიზიანება და ცუდხასიათზე ყოფნა გამოიწვიოს, ჰორმონები იქნება თქვენი ადვილად გაბრაზების მიზეზიც. მათი ცვლილების გამო, შეიძლება რაღაც მომენტებში იფიქროთ, რომ კონტროლს კარგავთ, სინამდვილეში მართლა კარგავთ, მათი დამსახურებით ორსულობის დროს ბევრი რამ იცვლება და ყველაფერი თავდაყირა დგება, ამიტომ მზად იყავით მოულოდნელობებისთვის და, რაც მთავარია, ნუ იფიქრებთ, რომ ეს მარტო თქვენ გემართებათ. 4. გაძლიერებული ყნოსვა და პირღებინების შეგრძნებაზოგადად, ღებინების შეგრძნება ანდა ღებინება, ორსულობის პირველ სემეტრში უფროა მოსალოდნელი. ეს მდგომაროება, ხანდახან იმდენად მძაფრად ვლინდება ორსულებში, რომ მათ ყველაფრის სურვილს უკარგავს. წარმოიდგინეთ, თქვენ თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ წამიერად მთელი სამყაროც კი შეიძლება შეგზიზღდეთ. ზოგ ორსულს თუ რომელიმე საჭმლის ან ზოგადად, საჭმლის სუნი აღიზიანებს, ზოგისთვის ეს შეიძლება უფრო უცნაურ ფორმაში გამოვლინდეს, მაგალითად, ბევრი ვერ იტანს პარტნიორის სუნს და იმასაც კი ფიქრობს, რომ ის აღარ უყვარს. იმედია, თქვენ ეს არ დაგემართებათ, მაგრამ თუ ასე მოხდა, გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და არა თავად პარტნიორი.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |