საზოგადოებრივი იაველი ადამიანი 2022, 6 მარტი, 8:20 იაველი ადამიანი / იაველი ამართული ადამიანი / ჰომო ერექტუს ერექტუსი / ამართული ანთროპითეკი, მოძველებული სახლწოდებებია: ანთროპითეკუს ერექტუსი / ამართული პითეკანთროპი და პითეკანთროპუს ერექტუსი (Java Man / Homo erectus erectus / Anthropithecus erectus / Pithecanthropus erectus) არის ადამიანის ძველი სახეობა თუ ქვესახეობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1891-1892 ინდონეზიის კუნძულ იავაზე. დადგინდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ ინდონეზიის არქიპელაგზე 1 მილიონი - 700, 000 წლის წინანდელ პერიოდში. აღმოჩენა გაკეთდა ეჟენ დიუბუას ხელმძღვანელობით და მანვე ამ ახალ სახეობას უწოდა ანთროპითეკუს ერექტუსი, თუმცა შემდგომში მას სახელი გადაუკეთეს, როგორც პითეკანთროპუს ერექტუსი. მრავალი წლის კამათის შემდეგ სამეცნიერო საზოგადოებამ, 1950 წელს მიიღო ერნსტ მაირის მიერ შეთავაზებული სახელწოდება ჰომო ერექტუსი - ამართული ადამიანი და ეს სახეობა მოთავსებული იქნა ადამიანის ევოლუციური ხეში. 1970-იან წლებში ის საბოლოოდ აღიარეს ჰომო ერექტუსის ერთ-ერთ ქვესახეობად (რასად). იაველი ადამიანები საშუალოდ 173-მდე იზრდებოდნენ სიმაღლით. აღმოჩენილი ბარძაყის ძვლებით ირკვევა, რომ ისინი ნამდვილად ამართულად, ორ ფეხზე დადიოდნენ. მათი ბარძაყის ძვლები თანამედროვე ადამიანებისაზე უფრო სქელი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ბევრი სირბილი უწევდათ. თავის ქალა ხასიათდებოდა სქელი ძვლებით და უკანდახეული შუბლით. მათ ჰქონდათ მომცრო ნიკაპი, წარბზედა რკალი სწორი და მასიური ჰქონდათ, ხოლო თავის ქალას მოცულობა 900 კუბური სანტიმეტრი - უფრო მომცრო, ვიდრე უფრო გვიანი ჰომო ერექტუსების. მათ ჰქონათ ადამიანის კბილები, ოღონდ უფრო დიდი ეშვებით. ხერხემლიანი ცხოველების ხორცი მათი დიეტის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. ქვის იარაღების გარდა, იყენებდნენ ნიჟარებისგან გაკეთებულ იარაღს ხორცის დასაჭრელად. იაველი ადამიანების ცხოვრების პერიოდს ემთხვევა იავაზე გიგანტური კუს მეგალოქელისის გადაშენება, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო იაველ ადამიანთა მიერ ამ კუზე გადაჭარბებული ნადირობით, რადგან ეს იყო მარტივად მოსაპოვებელი, ნელა მოძრავი მსხვერპლი, რომლის ხორციც დიდხანს ინახებოდა. იაველი ადამიანის წინაპრები აზიაში მივიდნენ 1.8 მილიონი წლის წინ, სავარაუდოდ, აფრიკიდან. იავაზე გადასვლის შემდეგ ნესტიან ტყეში ცალკე ქვესახეობად ჩამოყალიბება დაიწყეს. უფრო ზუსტად რომ ითქვას, მათი საცხოვრებელი გარემო ჰგავდა სავანას, რომელიც ძალიან ხშირად იტბორებოდა (ე.წ. "ჰიდრომორფული სავანა"). ტრინილის არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ იმ პერიოდში იქ იზრდებოდა ისეთი მცენარეები, როგორიცაა გვიმრები, ფიკუსი, ინდიგოფერა, ბალახი, რომელიც დამახასიათებელია დაბლობის ტროპიკული ტყეებისთვის. ზოგადად, მიღებულია, რომ ჰომო ერექტუსმა ცეცხლის გამოყენება დაიწყო ყველაზე ცოტა 400, 000 წლის წინ, თუმცა ტრინილში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს 830, 000 - 500, 000 წლის წინანდელი დამწვარი ხეები, თუმცა ამას არ მიიჩნევენ ასი პროცენტით სანდო მტკიცებულებად იმისთვის, რომ ამ პერიოდში იაველი ადამიანების მიერ ცეცხლის გამოყენება დადასტურდეს. საერთოდ ცენტრალური იავა ვულკანურად აქტიური რეგიონია და შესაძლოა ბუნებრივი ტყის ხანძრის შედეგად ყოფილიყო აღნიშნული ხის ნამწვავები წარმოქმნილი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ტყის ხანძრების შედეგად, შესაძლებელია, იაველ ადამიანებს პირველად ასე ჰქონოდათ შეხება ცეცხლთან და შემდგომში დაეწყოთ ცეცხლის გამოყენება გასათბობად და საკვების დასამზადებლად თავადვე, ცეცხლის ხელოვნურად გაჩაღებით. წყარო: Java Man - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე154 1-ს მოსწონს
|