x
image
მანანა თურმანიძე
დილემა - მივიღოთ თუ არ მივიღოთ

image

დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე უკრაინაში და რუსეთში გატარებული რეპრესიების გათვალისწინებით, საქართველო დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. დავის ახალი საგანი წარმოიშვა - უნდა მივიღოთ თუ არა რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტების ნაკადი, რომლებიც დიდი რაოდენობით მოაწყდნენ საქართველოს და რომლებიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლები გახდნენ თავიანთ სამშობლოში.


მოსაზრებები ისევ ორ საპირისპირო ბანაკად ყოფს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და ორივე მხარეს ისევ მიუღებლად მიაჩნია საპირისპირო აზრი. არა და ორივე მოსაზრებაში არის სიმართლის მარცვალი, უბრალოდ მოლაპარაკებების და შეთანხმების უნარ-ჩვევის დეფიციტია ჩვენს პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც განსაკუთრებულად დახვეწილი დიპლომატიური ენით და დებატებში გაწაფული ეტიკეტით ვერ დაიკვეხნიან, ამიტომაც უჭირთ შეთანხმება, რადგან შეურაცხყოფის და დაპირისპირების გზით მიდიან. ეს არ მოსწონს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ან მოაზროვნე უმეტესობას, ვისაც არ შეიძლება მოსწონდეს უსაგნო დაპირისპირებები და ნაცებად და ქოდებად დაყოფილი საზოგადოების უბადრუკი მცდელობა, გაარკვიოს ვის მხარეს არის სიმართლე. არა და არ შეიძლება სიმართლე იყოს მათ მხარეს, ვინც დაპირისპირებას და შუღლს თესავს, ვინც შეურაცხყოფებს არ იშურებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ასეთი კი ორივე მხარეს ბევრი ჰყავს.


მიგრაციის საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა გადაწყვიტა გაამკაცროს კანონმდებლობა ქსენოფობიასთან მიმართებით. ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ზოგჯერ ცრუს და ზოგჯერ ნამდვილს, რომ განხილვის ობიექტი რაღაცით უცხოა, ან რაიმე ნიშნით განსხვავებულია. ქსენოფობია ადამიანებს უბიძგებს გაუმართლებელი და დესტრუქციული ქმედებებისკენ, რაც ჩვენ სამწუხაროდ არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ხშირად ასეთი ქმედებები დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. დისკრიმინაცია ქართულად ჩაგვრას ნიშნავს და ასევე არაეთიკური და მიუღებელია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების თანამედროვე ეტაპზე.



ტერმინი ქსენოფობია ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან რაიმე ნიშნით განსხვავებულ პირთა მიმართ შიშით გამოწვეული სიძულვილის გამოსახატავად, მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. არსებობს ქსენოფობიის სხვა ფორმებიც, როგორიც არის ჰომოფობია, რომელიც გულისხმობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირთა მიუღებლობას და ამ ნიადაგზე მათ დევნას, ჩაგვრას და ძალადობას, რომელსაც მიმართავენ რელიგიური, ეთიკური და სხვა მოტივებით შენიღბული ქსენოფობები. ქსენოფობიის ნიადაგზე წარმოქმნილი დისკრიმინაციის და მასობრივი ძალადობის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება თუნდაც ჩვენთან ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს იყო ჰომოფობიურ ნიადაგზე დამყარებული სიძულვილი, ძალადობა და განუკითხაობა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა. ქსენოფობიის მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება კარგი ინიციატივაა, მაგრამ თუკი მას შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ და არა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.


რასაკვირველია უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობა უნდა მივიღოთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ასევე, ორი აზრი არ არსებობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვისი უფლებებიც ირღვევა და პოლიტიკური დევნის ობიექტია, უნდა მივიღოთ. ზოგადად, ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, განურჩევლად მათი რასისა, ეთნიკური, რელიგიური, პროფესიული თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, მაგრამ, რატომღაც ეს ხშირად გვავიწყდება, უფრო სწორად, როდესაც არ გვაწყობს, არ გვახსენდება.


რუსეთიდან რეპრესიების შედეგად მიგრირებული მოსახლეობა ყველა ლოგიკით უნდა მივიღოთ, ჩვენი ჰუმანური და ლოიალური ბუნებიდან გამომდინარე, საკამათო თემაც კი არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ გახდა და რადგანაც უმიზეზოდ არაფერი ხდება, ამასაც აქვს თავისი მიზეზი. რა მიზეზია ეს?


დღევანდელი რუსეთის "ცრუ დროშის" ომების ანუ "შარის მოდების" ჩვეულ სტრატეგიას და მწარე გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველი და ერთობ სარისკო საქმეა. რუსეთი დღესაც იმ ყბადაღებული მოტივით არის შეჭრილი უკრაინაში, რომ იცავს „თავის მოსახლეობას“, სავარაუდოდ, რუსულენოვანი მოსახლეობა იგულისხმება. თუმცა გაუგებარია ვის, ვისგან, ან რისგან, ან როგორ იცავს, ბომბებით და ბალისტიკური რაკეტებით? ამჯერად კიდევ უფრო გაამძაფრა მოტივაცია და მას გენოციდი დაარქვა, რომელსაც თურმე „მის მოსახლეობას უწყობდნენ“ უკრაინელები.


21-ე საუკუნეში გენოციდის მოწყობის მცდელობის მომსწრე ნამდვილად გავხდით და ყოველდღიურად შეძრწუნებულები თვალყურს ვადევნებთ ამ მოვლენებს მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ეს უკრაინის მხრიდან არ ხდება, პირიქით, რფ უწყობს გენოციდს უკრაინელ ხალხს, მის საკუთარ მიწაზე. ეს ის საბაბია, რომლითაც რფ არაერთხელ შეიჭრა სხვადასხვა ქვეყნებში, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა: აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მოლდოვაში, ჩეჩნეთში და ა.შ. დღესაც, სწორედ ამ მოტივით, მიწასთან ასწორებს უკრაინას, ანადგურებს ინფრასტრუქტურას, ხოცავს ხალხს, მ.შ ბავშვებს, მოხუცებს და მშვიდობიან მოსახლეობას.


ამ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აღუდგა წინ ამ ბოროტებას, სანქციების და აკრძალვების სახით, რათა არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომში, იბადება კითხვა - რამდენად უპრიანია ახლა რფ-ის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნა?


ჩემი აზრით მასობრივი შემოდინება დაუშვებელია და შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ადრე თუ გვიან. ეს დასაშვებია მხოლოდ ლიმიტირებული დოზებით და მხოლოდ საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ. თითოეული შემთხვევა უნდა იქნას საფუძვლიანად შესწავლილი და მხოლოდ აშკარად გამოკვეთილი დევნის შემთხვევებში, მაგ. როდესაც საქმე ეხება ტელეარხის „დოჟდი“ ან მედიის სხვა წარმომადგენელებს, თუ ღია რეპრესიების სხვა მსხვერპლთ, ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, გამონაკლისის სახით. იგივე ეხება დიდ და ცნობილ ბიზნესმენებს, რომელთაც შეექმნათ არასასურველი პირობები და / ან იდევნებიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. კიდევ ვიმეორებ, ეს უნდა მოხდეს დიდი დაკვირვების და საფუძვლიანი შესწავლის ნიადაგზე და ძალზედ ლიმიტირებული დოზებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება მათი დევნა რფ-ის მხრიდან და გაირკვევა, რომ სრულიად უბოროტო და უმწიკვლო განზრახვით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, ეს შეიძლება შესანიშნავ საბაბად გამოიყენოს რეჟიმმა ახალი პროვოკაციის მოსაწყობად, ალბათ ღირს გავითვალისწინოთ.


სხვათაშორის, ამ მასობრივი მიგრაციის პროცესს პრე-ისტორია აქვს, ამ ომის დაწყებამდეც ძალიან გახშირებული იყო რფ-ის მოქალაქეთა მხრიდან უძრავი ქონების შესყიდვის ფაქტები, განსაკუთრებით ბათუმში და თბილისში. ეს პროცესი უძრავი ქონების ფასებზეც აისახა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, უძრავ ქონებაზე საქართველოში ფასები სულ უფრო იზრდება.


ამდენად, ეს კომპლექსური საკითხია და საფუძვლიანი განსჯის თემაა. ალბათ არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება, უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, მაგალითად ისრაელის. მუდმივი ბინადრობის მიღება უნდა იყოს რთული და ხანგრძლივი პროცესი და ეფუძნებოდეს აპლიკანტის სურვილს აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, შეისწავლოს სრულყოფილად ქართული ენა, მისი კულტურა და ტრადიციები და მხოლოდ ამის შემდეგ მიენიჭოს მას მუდმივი ბინადრობის უფლება. მოქალაქეობის მიღება კი, მეტად ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს და უფრო მკაცრ კრიტერიუმებს უნდა ითვალისწინებდეს. რუსული გამონათქვამი მახსენდება - ენდე, მაგრამ გადაამოწმე (Доверяй, но проверяй).


რაც შეეხება უკრაინიდან ლტოლვილ მოქალაქეებს, რასაკვირველია საქართველომ უნდა გაუხსნას კარი და ყველანაირად დაეხმაროს ჩვენს მოძმე ერს ამ ძნელბედობის ჟამს. უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჩვენი საზღვრებიც და გულის კარიც ღიაა. Слава Україні, героям слава!




2
154
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
154
  
2022, 21 აპრილი, 9:27
რაც შეეხება ეხლა რუსებისთვის უარის თქმას,რატო გახდა ეხლა აქტუალური ეს ამბავი? რამდენადაც მახსოვს,2008 წელს მოახდინა ოკუპაცია და აღიარება რუსეთმა ჩვენი მიწების,არც მანამდე აკლებდა. ეხლა 2022 წელია და რა შეიცვალა? საკუთარი ომის და ხალხის კვლისთვის საზღვარი გაუხსნეს,ხოლო ჩაკეტვას უკრაინისთვის ითხოვთ? შემახსენე ჩვენს ქვეყანას რა ქვია,საქართველოდ მოგვიხსენიებენ რამდენადაც ვიცი და თუ გადამიმომწებთ კარგ იზავთ,ხო მართლა საქართველო გვქვია. თუ დავუშვებთ,რომ მართლა საქართველო გვქვია და არა უკრაინა,მაშინ თქვენი მოთხოვნა ამორალურია და სასირცხვილო.სხვა აზრი გამორიცხულია,საკუთარი ხალხს არ იკიდებს გემრიელი მორალის ადამიანი და სხვაზე არ დარდობს უფრო მეტად,ვიდრე თავისაზე. სირცხვილია მანანა,მე მცხვენია თქვენს გამო და თქვენაირების გამო,რატო აკეთებთ ან იქცევით ასე?
2022, 21 აპრილი, 9:18
ჩემო მანანა,თქვენს ერთერთ სტატიაზე გითხარით,რომ არ ხართ ლიბერალი და გიწოდეთ ნეონაცისტი. არანაირი კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს და არც ამ შემთხვევაში არის ეგრე. როცა ვიღაცას ეუბნები უარს საზღვრის კვეთაზე და მიზეზად მის ეროვნებას ასახელებთ ეს არის ნაციზმი. მსოფლიოს ქვეყნებმა რა გადაწყვიტეს ეს არაა რელევანტური მაშინ,როცა პრეტენზია გაქვთ ლიბერალობაზე. აუცრელობის გამო ჯოკოვიჩი მოხსნეს ტურნირიდან და ეს სწორად მიგაჩნიათ? ბევრი რუსი სპორტსმენი მოხსნეს ტურნირებიდან და ეს რამდენად მართებულია? ერთ სტატიაში საუბრობდით ინდივიდზე და ინდივიდუალურ უფლებებზე,ხოლო აქ კოლექტიური პასუხისმგებლობა შემოგაქვთ. ვიღაც ტანია არ შეიძლება იყოს დამნაშავე პუტინის ქმედებებში და თუ ეგრეა,მაშინ რატომ ვეძახით ტერორისტების მიერ მოკლულ ადამიანებს უდანაშაულონს? თუ მაგალითად,ამერიკელი მოკლა ტერორისტმა და ამის მოტივი იყო ამერიკული მთავრობის თავდასხმა საბავშო ბაღზე,თქვენი გაგებით,რამდენად უდნაშაილო არის ეს ამერიკელი?
0 1 2