x
image
მანანა თურმანიძე
ვინაც დაჩაგრა სიმართლე ბოროტ განზრახვით, ხერხითა, ის კიდეც ადრე ჩავიდა ჯოჯოხეთს თავის ფეხითა
image


ვიღაცას შესაძლოა ზღაპრად ეჩვენებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ღმერთი სიყვარული და სიკეთეა! არ ვიცი, რა ჰქვია ფენომენს, როდესაც ბოროტებაზე სიკეთით პასუხობ, ან არ იმჩნევ და მაინც ბოროტებით გპასუხობენ, უმადურობა, ბრიყვობა თუ ბუმერანგის ანტიპოდი? მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ეს ადამიანის მძიმე ჯვარია, რომლის ტარებაც მთელი ცხოვრება გიწევს. თუმცა, ალბათ ამის გამო თქვა წინაპარმა: „ვინაც დაჩაგრა სიმართლე ბოროტ განზრახვით, ხერხითა, ის კიდეც ადრე ჩავიდა ჯოჯოხეთს თავის ფეხითა“.



ამაზე არაერთხელ თქმულა და იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ჩვენი მრავალგზის გახლეჩილი და პოლარიზებული საზოგადოება. სიძულვილის ტალღები, რომელიც მრავალჯერ აზვირთდა და გადაგვიარა, მტრების მიერ არის ინსპირირებული. ნიჰილიზმი, რომელსაც თესავდნენ და თესავენ ჩვენს საზოგადოებაში, სწორედ ამას ემსახურება. საზოგადოება, რომელშიც არ არსებობენ ავტორიტეტები და ყველა ქილიკის, სიძულვილის თუ ღვარძლის სამიზნე ხდება, გახლეჩილი, სუსტი და მოწყვლადია, მისით მანიპულირება კი ადვილია.



ყველას გვსმენია, ან წაგვიკითხავს, რომ ჭორების გავრცელება ბოროტების იმპერიის ერთ-ერთი იარაღი იყო და დღესაც აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც კიდევ უფრო საშიშ ფორმებს იღებს. ჭორების და ცილისწამების ნიადაგზე ომებსაც კი იწყებენ, ანტივაქსერულ განწყობებს წაახალისებენ, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენი განადგურებული ცხოვრება აწევთ ცოდვად. გვახსოვს, საბჭოური პერიოდიდან, რამდენმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მ.შ. გამორჩეულმა ქართველმა მწერლებმა, პოეტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, პაოლომ, გალაქტიონმა და ა.შ., ვისაც იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებლებმა ზიზღისა და ცილისწამების ნაირ-ნაირი რისხვები დაატეხეს თავს, ვინც ვერ გაუძლო ადამიანის სულმოკლეობით და სიმდაბლით გამოწვეულ სტრესებს და მისი პროტესტი თვითმკვლელობით გამოხატა. სხვები დახვრიტეს, როგორც ტიციან ტაბიძე, რომელმაც უარი განაცხადა მისი მეგობრის, პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და ერთი ვერსიით დახვრიტეს, მეორე ვერსიით კი, გადასახლებამისჯილი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.




როგორც ჩანს, ჭორების ტრადიციას შორეული ფესვები ჰქონდა იმპერიაში. ასეთივე ჭორების და ცილისწამების მსხვერპლი გახდა, ილია ჭავჭავაძე წიწამურთან. ახლომახლო სოფლებში მგონი დღემდე სჯერავთ, რომ ხალხის მტერი იყო და გლეხებს ჩაგრავდა. ილია, რომელმაც „ოთარაანთ ქვრივი“ „კაცია ადამიანი“, „გლახის ნაამბობი“ და მისი სხვა თხზულებები სწორედ ბატონყმობის თემას მიუძღვნა, უზარმაზარი ღვაწლი გაიღო გლეხების გათავისუფლების, მათი სოციალური უფლებების დაცვის საქმეში, როგორც მისი შემოქმედებით, ასევე საზოგადო მოღვაწეობით, სწორედ გლეხებს შეაძულეს და მოაკვლევინეს. ასეთი ცნობილი ისტორიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, გასახსენებლად კი ღირს, იქნებ დასაფიქრებლადაც.



იმდენად მოიკიდა სიძულვილმა ჩვენში ფეხი, რომ ზოგჯერ უხერხულობასაც კი ვგრძნობთ იმის გამო, რომ არავინ გვძულს, რადგან არ გვინდა, ვინმემ თეთრ ყვავად, ან „შუაშისტად“ თუ ფარისევლად ჩაგვთვალოს. სხვანაირად ცხოვრება აღარც კი წარმოუდგენია ჩვენს ხალხს, ეს მიგვაჩნია რატომღაც სამართლიანობად, პრინციპულობად და "ტიპობად". რაც უფრო მეტად გძულს და განიკითხავ, მით უფრო პრინციპული ხარ, რაც მეტ ლაფს ისვრი, მით უფრო სამართლიანი ხარ. სინამდვილეში კი ეს პროვინციალიზმის კლასიკური გამოვლინებაა და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ნიჰილიზმის წყაროა, რომელიც მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. პოლარიზებული საზოგადოება, დასუსტებული საზოგადოებაა, რომელსაც უჭირს გაერთიანება, რომელიც იდეალებისგან დაცლილი და ღირებულებებისგან გაძარცვული დარჩა ამ სიძულვილის ბნელ, სასტიკ მორევში, ღირსება აყრილი.



ღმერთმა ნუ ქნას, ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ და ყველა ერთ აზრზე ვიყოთ, ყველა ერთ პარტიას წარმოვადგენდეთ, ან ვუჭერდეთ მხარს, ეს არ არის ნორმალური. ჩვენ, როგორც ცივილიზებულ საზოგადოებას, თუკი ამის პრეტენზია გვაქვს, გვმართებს ვისწავლოთ განსხვავებული აზრის კულტურულ, თავაზიან ფორმებში გამოხატვა, შეურაცხყოფის გარეშე გადმოცემა და საპირისპირო აზრის პატივისცემა. ჩვენ მიმღებლობა უნდა გავზარდოთ ოპონენტების მიმართ და მიწები კი არა, ჯერ ერთმანეთის პატივისცემა უნდა დავიბრუნოთ. ეს არის უპირველესი, რადგან მიწებზე მთავარი ადამიანები და მათი ურთიერთობებია.



ყველა პრობლემა, რომელიც კი ოდესმე შემქმნია, ადამიანების უზნეობის, უკულტურობის, უსამართლობის, სიმდაბლის ან სისასტიკის შედეგი ყოფილა. ვიღაცამ შესაძლოა იფიქროს, რომ ვუტრირებ, მაგრამ სრულიად გულწრფელი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ არ მინახავს ასეთი ადამიანი დაუსჯელი! ამიტომ, ცხოვრებამ მასწავლა, როდესაც უსამართლოდ მექცევიან, მე არ უნდა ვუპასუხო, უფალი თავად გასცემს პასუხს ყველას და ზუსტად ვიცი, რომ მის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა სიბრიყვეა! როდესაც მე გავეცი პასუხი მავანს, შემდეგ ვინანე, რადგან მივხვდი, ამით გავთანაბრდი მათთან, ვისი ქცევაც ჩემთვის მიუღებელი იყო.


image

ვიღაც იფიქრებს, ადვილი სათქმელია, მაგრამ, როგორ უნდა გიყვარდეს ოკუპანტი, რომელიც ადამიანებს ხოცავს, შენს მიწას იტაცებს და ამდენ ბოროტებას სჩადის! ღვთის რწმენა, სამყაროს სამართლიანობის რწმენა არის ერთადერთი, რაც გშველის ასეთ დროს. უფლის რწმენა გაძლევს იმედს, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. რწმენას მოაქვს ასევე მიტევების უნარი, რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მსაჯულის ამბიცია, რადგან განსჯა უფლის პრეროგატივაა. ჩვენ ყველა ვიქნებით ოდესმე განსჯილი და განკითხული უფლის წინაშე. როდესაც ჩვენ ვინმეს განვსჯით, შესაძლოა საქმე სრულიად საპირისპიროდ იყოს, ვიდრე ჩვენს მწირ და უსუსურ წარმოდგენაშია და ჩვენი მოტივაცია შესაძლოა ნაკარნახები იყოს შურით, სიხარბით ან სხვა ადამიანური სისუსტეებით. ამიტომ, არ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე განსჯის ფუნქცია, არ უნდა წავართვათ ღმერთს მისი უზენაესი მისია. გარდა ამისა, თუ შემოვუშვებთ სიძულვილს სულში, ამით თავს ვამარცხებინებთ ბოროტს, რადგან ასეთი ქმედებით მასთან ვხდებით წილნაყარი. ყოველ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული ღვთისგან და თავად ირჩევს, რას დაუთმოს მის სულში ადგილი და რა დოზებით.



უფლის სიყვარული და ღვთისადმი ერთგულება სწორედ ადამიანების სიყვარულშია გამოხატული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღმერთმა მის ხატად და მსგავსად შექმნა, თავისი ბუნებით ის მაინც სუსტი და ცოდვიანია. წინაპარს უთქვამს: „გველმა კბენა არ იცოდა, კაცმა მასაც ასწავლაო“. მაგრამ, შეუძლებელია, ადამიანი თავიდანვე ბოროტ და უსიყვარულო არსებად იშვას, რადგან ის ღვთის ხატებაა. მნიშვნელოვანია, რა გარემოში აღიზრდება, როგორი ურთიერთობები ექნებათ მის მშობლებსა, გარშემომყოფებს, საზოგადოებას და როგორ ასწავლიან და განავითარებენ მის არსებაში სიყვარულს. თუმცა, სწავლის ყველაზე კარგი მეთოდი საკუთარი მაგალითია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რა მაგალითს ვაძლევთ და რა ფასეულობებზე ვზრდით მომავალ თაობებს.


ვფიქრობ, თუ ადამიანში იმდენი სიკეთეა, რომ სხვისი ცოდვების მიტევება შეუძლია, ისევე, როგორც საკუთარ თავს პატიობს, მასში ღმერთია გაძლიერებული და ბოროტი დამარცხებული. ის, ვინც სულში არ შეუშვებს სიძულვილს, ამით ამარცხებს ბოროტს და ამარჯვებინებს მის სულში სიყვარულს. სიყვარულის ძალა კი სიკეთის ძალაა, ის ღმერთისგან მოდის და აძლიერებს ადამიანს. აქედან გამომდინარე, არცერთი ომი და კონფლიქტი არ შეიძლება უფლის ნება იყოს, ის ბოროტის ნებით არის ნაკარნახები!



წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, ღვთივგანბრძნობილმა მოხუცმა თქვა: ეყვარებოდეთ ურთიერთას! როდესაც ჰკითხეს, რას გულისხმობდა, მან განმარტა: ეს მაცხოვრის მცნებაა, რომლის აღსრულებაც ღვთის სიყვარულის მერე მთელი საღვთო სჯულის მოკლე გადმოცემააო.



ის, ვისაც სიკეთის და სიყვარულის ძალის სწამს, გადარჩენილია სამარადისოდ, ორთავ სოფელსა შინა. უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს, უკრაინას და მსოფლიოს, ამ ძნელბედობის ჟამს!

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0