x
image
მანანა თურმანიძე
პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველია
image

კარგა ხნის მანძილზე ვფიქრობდი გამეზიარებინა თუ არა ჩემი ეს გამოცდილება ისე, რომ არც ჰომოფობად ჩამთვალოს ვინმემ და არც პროპაგანდად მოეჩვენოს. ზოგადად, მცხვენია ამდენი საუბარი რომ არის ამ თემასთან დაკავშირებით, თითქოს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვქონდეს მოსაგვარებელი. მაგრამ ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ალბათ „თქმა სჯობს არათქმასა“, იქნებ როგორმე ამოვწუროთ სათქმელი.


ამ ზაფხულს ამსტერდამში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის საზოგადოების მრავალრიცხოვანი, ჭრელი და ხმაურიანი პარადის თვითმხილველი. ქალაქი ფაქტიურად მთლიანად იყო პარალიზებული, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით ჰომოსექსუალი თუ ტრანსგენდერი, ცისარტყელას შვიდფერად შემკულ–მოკაზმული, ახდენდა მისი განსხვავებული სექსუალური იდენტობის დემონსტრირებას ხმამაღლა, საკმაოდ გამომწვევად, რაც მათთვის პრინციპში დამახასიათებელია. იყო დაფდაფების ბრახუნი, საყვირების გამაყრუებელი ჭყვიტინი, დეკოლტიანი და კოლგოტებიანი მამრების ღრიალი, ნახევრადშიშველი მდედრების წივილი, მოკლედ ჯოჯოხეთური ღრიანცელი და კაკაფონია, რომელიც აშკარად იმსახურებდა ერთადერთ ეპითეტს – საგიჟეთი!


იმ დღის გეგმა ჩამეშალა, რემბრანდტის მუზეუმამდე ამის გამო ვერ მივაღწიე. ამ ორომტრიალში დიდი ხნის ფეხით სიარულის შემდეგ მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვირჯებოდი, რადგან მუზეუმისთვის უკვე გვიან იყო, თან ვიღას ჰქონდა ამდენის თავი. პოლიციის დახმარებით ძლივს მივაკვლიე ქუჩას, საიდანაც ტრანსპორტი მოძრაობდა, რომ უკან დავბრუნებულიყავი. ავტობუსის გაჩერებაზე გრძელი, თუმცა მოწესრიგებული რიგი იდგა და ჩემსავით დაზარალებული მოქალაქეები თუ ტურისტები მოთმინებით ელოდნენ ტრანსპორტს, რომ როგორმე გაეღწიათ ამ სრულიად შეშლილი მოვლენების ეპიცენტრიდან.



ამასობაში პარადიც დასრულდა და ყველანი გაჭედილ ავტობუსში აღმოვჩნდით ამ ეგზალტირებული მასის პირისპირ. მათი უმეტესობა მთვრალი, საშინლად მყრალი ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, ხმაურობდნენ და იქცეოდნენ ხაზგასმით გამომწვევად. იგივე განმეორდა ბორანზეც, რომლის მეშვეობითაც მეორე ნაპირზე მიწევდა გადასვლა. მხიარული პარადის მონაწილეები აქაც ბლომად იყვნენ და არ გამოირჩეოდნენ ევროპული გაწონასწორებულობით. გავიფიქრე, რომ ეს არ იყო ჩემი საუკეთესო შთაბეჭდილება ამსტერდამში მოგზაურობებიდან. მოგვიანებით ჩემს ევროპელ მეგობრებთან საუბრისას დავინტერესდი, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, რაში სჭირდებათ მათ, ამ უმცირესობებს, ეს ხმაურიანი, მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები, რის დამტკიცებას ცდილობენ ამით. პასუხი არც მოულოდნელი ყოფილა და არც გაუგებარი – მათ მთელს მსოფლიოში ჩაგრავენ და ავიწროვებენ, რის გამოც ისინი პერიოდულად იძულებული ხდებიან გაერთიანდნენ და ამ გზით გამოხატონ პროტესტი. სწორედ ამ ჩაგვრით გამოწვეული პროტესტების წყალობით მიაღწიეს კანონმდებლობაში ცვლილებებს და ახლა, ცივილურ სამყაროში, მათ უფლებებს იცავს კანონი. რომ არა მათი ჩაგვრა, ამის აუცილებლობა არ დადგებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ვიზარალე, მუზეუმში ვერ მოვხვდი და ძალიან დავიღალე, ერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე, რისთვისაც ალბათ ღირდა ამ გაუგებრობაში მოხვედრა და ამ ყველაფრის გადატანა. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, სეკულარული საზოგადოება მეტი ტოლერანტულობით გამოირჩევა ყოველივე განსხვავებულის მიმართ, ვიდრე რელიგიური, მორწმუნე მრევლი. ღმერთმა ხომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა, სად გადის ზღვარი საკუთარი თავისუფლებიდან სხვის თავისუფლებამდე, ჩემი თავისუფლება ხომ არ მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება?


თავდაპირველად დავიძაბე უსიამოვნების მოლოდინში, შემდეგ გამიკვირდა, რომ არავინ მათ შენიშვნას არ აძლევდა, არავინ არ გამოხატავდა აღშფოთებას, ზიზღს, სიძულვილს და მითუმეტეს აგრესიას. სუფთად, რესპექტაბელურად ჩაცმული და ამ ყველაფრის აუღელვებლად ამტანი საზოგადოების თვალებში ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა ამოვიკითხე. ისინი არ იმჩნევდნენ დემონსტრანტების არაეთიკურ ქცევას და არც საზოგადოებაში მოქცევის ეტიკეტის უხეშ დარღვევებზე რეაგირებდნენ. ამ მშვიდი, კეთილშობილი, კარგად აღზრდილი და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ადამიანების მიმართ საოცარი პატივისცემით განვიმსჭვალე. მივხვდი, რომ ეს ხალხი არასოდეს დაეშვება იმ დაბალ დონემდე, რასაც „განსხვავებულების“ გაკიცხვა და მითუმეტეს ჩაგვრა ჰქვია. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მივეკუთვნები მათ, ვისაც მისი ღირსების დაკნინებად მიაჩნია სხვათა განკითხვა, გაკიცხვა, ჩაგვრა და შევიწროვება.


უნებურად გამახსენდა ჩვენი ლმობიერი უფალი, ჩვენივე ცოდვების გამო ჯვარცმული იესო, რომელსაც ჯერ კიდევ 2000 წლის წინ კიცხავდნენ იმის გამო, რომ ცოდვილებთან ერთად ტრაპეზობას არ თაკილობდა და საშინლად შემრცხვა. შემრცხვა, რომ 21 –ე საუკუნეში გამაღიზიანა სხვისმა უზნეობამ და დისკომფორტმა, რომელიც მათ შემიქმნეს თავიანთი დემონსტრაციით. ან კი, დისკომფორტი რა მოსატანია იმ პრობლემებთან, რომლებიც მათ გააჩნიათ?!


დიახ, სწორედ იესო ქრისტე იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი უფლებადამცველი, ფარისევლებმა კი ის აწამეს, ჯვარზე გააკრეს ამის გამო! ნუთუ ვერაფერი ისწავლა კაცობრიობამ ამ 2000 წლის მანძილზე, ნუთუ ისეთივე დაუნდობელი ფარისევლები ვართ?! დოსტოევსკი წერდა: „როდესაც ლაპარაკობენ ადამიანის „ცხოველურ“ სისასტიკეზე, ეს ძალიან არასამართლიანია ცხოველების მიმართ, ცხოველი ვერასდროს იქნება ადამიანივით სასტიკი“.


არ არსებობს იმაზე მეტი სისასტიკე, ვიდრე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა. ილია ჭავჭაძე წერდა: „რამდენად თავისუფალია ადამიანი? – ხშირად მიჩნდება ეს კითხვა და აზრთა ჭიდილის შემდეგ ყოველთვის ერთი დასკვნა გამომაქვს - ადამიანი ბოლომდე თავისუფალი არ არის და არც ცნება “თავისუფლების" მნიშვნელობა ვიცით. სიტყვა "თავისუფლება" ნიშნავს, რომ საკუთრი თავის უფალი მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ თავისუფლების საზღვრები დამოკიდებულია მორალურ ღირებულებებზე“. ვფიქრობ, რომ ყოველ ინდივიდს თავისი მორალური ღირებულებები აქვს და არავის გვაქვს უფლება დავსაჯოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ეთიკური ღირებულებების ჩარჩოებში არ ჯდება.


უფალმა თქვა, არ განიკითხო, რათა არ იყო განკითხულიო, ჩვენ კი ყოველწამს გავიძახით – ჩვენ არ მოგვწონს, ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ არ დავუშვებთ! რადგანაც ამდენის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს, გამოდის, რომ ქრისტეზე უკეთესები ვყოფილხართ, ზნეობრივად მასზე ამაღლებულები გვგონია საკუთარი თავი. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სისასტიკე დღეს რელიგიური მანტიით იმოსება, ეკლესიას შირმად იყენებს და რელიგიურ ქცევად ფასდება.


თუკი მართლა რომის პაპზე მეტად მორწმუნეები და კარგი ქრისტიანები გვგონია თავი, ის მაინც გავიხსენოთ უფალმა რა ბრძანა: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა!“ ჭეშმარიტ ქრისტიანს ცოდვა სძულს და არა ცოდვილი. არადა, რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ქვების შეგროვება სექსუალური უმცირესობებისთვის სასროლად კი არა, საზღვრების დასაცავად და ქვეყნის ასაშენებლად უფრო უნდა გვჭირდებოდეს. კაცია და გუნება, ყველა თვითონ ირჩევს ბრძოლის ველს და სამოქმედო არეალს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეთიკურია ყველაზე სუსტებთან ბრძოლა მაშინ, როდესაც ძლიერი მტერი გვებრძვის, რომელსაც ბაბაიას ვეძახით!

2
195
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
195
  
2017, 8 ნოემბერი, 8:32
მართალს ბრძანებთ, აკრძალვებს უარესი შედეგები მოჰყვება, თან კანონით ყველას აქვს დემონსტრაციების უფლება. სხვათაშორის, კვირა დღე იყო შერჩეული.
2017, 7 ნოემბერი, 20:31
რომ არ გამოიწვიონ გაღიზიანება და უკმაყოფილება მთავრობის მიმართ იმ ქვეყნის და ქალაქის მოსახლეობამ, თვითონ მთავრობამ,რომლის ცნობიერების დონე უმაღლესია იზრუნა,რო წელიწადში ერთი დღე გამოყვეს ასეთი პარადებისთვის, პოლიციაც მობილიზებულია და ამ ერთ დღეს როგორღაც იტანს
მოსახლეობა.
0 1 2