x
image
მანანა თურმანიძე
დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია?!- ანუ რით ვეღარ ეღირსა ქართველს ღირსეული სიბერე
image

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია და რა უნდათ?“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ასე ეხმაურება პენსიების ზრდის საკითხის გამო სოციალურ უკმაყოფილებას, რომელიც გამოიხატა საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი აქციით.


ბ–ნ აკაკის ვიცნობ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორც კომპეტენტურ პროფესიონალს, ამდენად გამაკვირვა და ჩამაფიქრა მისმა განცხადებამ. ამ განცხადების შემდეგ დავინტერესდი დღეს ქვეყანაში არსებული სამომხმარებლო კალათით. საქსტატის ინფორმაციით 2016 წელს საშუალოშემოსავლიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი შეადგენდა საშუალოდ 268.49 ლარს, ხოლო შრომისუნარიანი მამაკაცისთვის – 160.07 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საქართველოში პენსია 180.00 ლარია, გამოდის რომ ასეც არის, ყველაფერი იდეალურადაა.


გულს ახარებს ის ფაქტი, რომ 2017 წლის გაზრდილი სამომხმარებლო კალათა 305 დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. თუმცა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს კი არა და საქსტატის მწამს, მაგრამ რეალობა კი მაკვირვებს! მოდით უხეშად, უბრალო არითმეტიკის მეშვეობით დავითვალოთ საშუალო სტატისტიკური პენსიონერის ყოველთვიური მინიმალური ხარჯები საქართველოში.



მარტივი გათვლებით, მხოლოდ კომუნალურ გადასახადებზე და ტრანსპორტზე, ვთქვათ საშუალოდ იხარჯება თვეში 80.00 ლ. დარჩენილი 100.00 ლ. რომ გავყოთ 30 დღეზე – რჩება 3.33 ლ. აქედან საქსტატისვე მონაცემებით 30% იხარჯება ყოველდღიური მოხმარების საგნებზე (საპონი, პირადი ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.). დარჩენილ 3.33 ლ. – 30% = 2.33 ლ. ჩემი საშუალოსტატისტიკური მოქალაქის აზროვნების უნარით ვერაფრით ვერ ვხვდები დღეში 2.33 ლ. როგორ უნდა იმყოფინოს პენსიონერმა სამომხმარებლო კალათაში ჩამოთვლილი 40 დასახელების საკვები პროდუქტიდან, თუნდაც ყველაზე იაფფასიან პროდუქტებზე, ისე, რომ მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზეც მორჩეს თანხა და არც მშიერი არ დარჩეს. თუკი სახელმწიფოში არსებულ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, რატომ წუწუნებენ და რისთვის დგანან ქუჩაში ეს „გაზულუქებული“ პენსიონერები, რომლებმაც საქსტატის აზრით, გამოდის რომ შეჭამეს ქვეყანა!


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – ის, რაზეც ოცნებობს საშუალო სტატისტიკური დასავლეთ ევროპელი, ანუ დამსახურებული პენსია, საშუალო სტატისტიკური ქართველის შიშების საგანს წარმოადგენს. არადა რით ვეღარ ეღირსა ქართველს ღირსეული სიბერე.


0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0