x
image
მანანა თურმანიძე
"კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო" - ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქ–ნმა კერსტი კალიულაიდი საქართველოში

image


ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ქ–ნმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც თბილისს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა, “თბილისი მარიოტში” გამართულ ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა საქართველო-ესტონეთს შორის ბიზნეს კავშირების დამყარების მნიშვნელობაზე.


ვხედავ ძალიან ბევრ ესტონელ მეწარმეს, პოტენციურ ინვესტორს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ეს არის ძალიან კარგი მიდგომა, ჩვენ ყველა ვცდილობთ, ახალი შესაძლებლობები დავინახოთ საქართველოში, და ზოგადად მსოფლიოში. საქართველო ნამდვილად ვითარდება, მცირე და საშუალო საწარმოები, მოქნილი სეგმენტი ეკონომიკაში, როცა ხედავენ შესაძლებლობებს, მყისიერად იყენებენ. ამ სეგმენტს შეუძლია ახალი შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება. საქართველოში დემოკრატია და სამართლის უზენაესობა იმ დონეზეა, რომ ამის საშუალებას იძლევა.


საქართველოში არსებულ მდგომარეობას ბოლო 10 წლის განმავლობაში ვაკვირდებით, ჩვენ ვწონით და ვაფასებთ რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ინვესტიციები, კაპიტალდაბანდებები, ტექნოლოგიების გამოყენება, შრომის ბაზრის შესაძლებლობები და ეფექტურობა, იმისათვის, რომ რენტაბელური იყოს საწარმოები, ხელფასები იზრდებოდეს სტაბილურად. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ საქართველო იზრდება, ვითარდება, 500 დოლარია საშუალო ხელფასი, ეს არ არის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. ვისაც უნდა რომ საქართველო განავითაროს და ქვეყანას მისცეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები, მაშინ საქართველო უნდა აირჩიოს კაპიტალდაბანდების სამიზნე ქვეყანად”, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა (წყარო: http://geworld.ge).



ეს საკმაოდ ყურადსაღები და იმედის მომცემი განაცხადია. მასში საუბარია ზოგადად ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსზე, მის მიღწევებზე ამ გზაზე და მომავალ ინვესტიციებზე, რაც ქვეყნის ეკონომოკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი პოზიტიური განცხადების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ სოციალურ ქსელში ატეხილმა „ჭიქის ქარიშხალმა“ ამჯერადაც გამაოცა.


პირველ ყოვლისა, მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქ–ნი პრეზიდენტი უთუოდ მისთვის მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს და არა მისი ემოციების თუ წუხანდელი სიზმრების გათვალისწინებით. გარდა ამისა, თუ გავიანგარიშებთ ხელისუფალთა შემოსავლებს, ამას თუ დავუმატებთ ბანკირების, მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესების მფლობელების, საერთაშორისო კომპანიებში, მას მედიაში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ადგილობრივ ბიზნესებში, საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების და ა.შ. დასაქმებულთა შემოსავლებს, შემდეგ გავყოფთ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაზე, რომელიც დღეს სულ რაღაც სამ მილიონს აჭარბებს, საშუალო შემოსავალი 500 დოლარის ექვივალენტი ალბათ გამოვა ერთ სულ მოსახლეზე და ამაში დაუჯერებელი არაფერია.


თუმცა, აქ პრობლემა სხვა რამეშია და მეტ–ნაკლებად მესმის აღშფოთების მიზეზი. კერძოდ, სოციალურად დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, პენსიებისა და შემწეობების მოცულობა არის ფაქტორები, რომლებიც ნამდვილად მიუღებელია და შეუსაბამო დასავლეთ ევროპული სტანდარტებისთვის. აღნიშნული ფაქტორები იმდენად თვალშისაცემია საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის, რომ ქ–ნი პრეზიდენტის მიერ აღნიშნული პროგრესით ტკბობისთვის თვალსაწიერი აღარ ჰყოფნის. მზარდი ინფლაცია, მომატებული კომუნალური გადასახადები, სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, იმდენად თრგუნავს საქართველოს მოქალაქეს, რომ დაიბნა, ვეღარ იაზრებს საით მიდის ქვეყანა, წინ თუ უკან. აქ საშუალო შემოსავალში აღარ არის საქმე, საქმე უსამართლობის განცდაშია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად მოისმენთ მსჯელობას იმაზე, თუ ვინ და რა კრიტერიუმებით არიან შერჩეული საჯარო სამსახურებში, არის შერჩევის პროცესი ღია, გამჭვირვალე და საუკეთესოს გამოვლენაზე ორიენტირებული თუ არა, რამდენად თანაბრად და სამართლიანად არის შემოსავლები გადანაწილებული ხელისუფლებასა და ხალხს შორის და ა.შ. თანასწორუფლებიანობის კრიტერიუმი რომ დარღვეულია ამისთვის ქუჩაში გავლაც საკმარისია. შემწეობის მთხოვნელ უმწეოთა ხელების და ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსების გამოწვდილი ქუდების რაოდენობა მეტყველებს ამ უთანასწორობაზე.


ეს პრობლემები საქართველოში კარგა ხანია არსებობს და საკმაოდ თვალხილულია. ჩვენ შესაძლოა გვინდა მივჩქმალოთ, მაგრამ ქართული ანდაზა ამბობს: „კაცმა ჭირი კარგად მალა, ჭირმა თავი არ დამალაო.“ აქ არც მხოლოდ რომელიმე ხელისუფლების ბრალეულობაა, საზოგადოების მენტალიტეტშიც ბევრი გვაქვს შესაცვლელი. თუ გინდა შეცვალო სამყარო დაიწყე საკუთარი თავიდან. ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კი პრეტენზიები ნამდვილად გაუგებარი და მე ვიტყოდი აბსურდულია, ლოგიკის არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.


არგენტინელ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოანალიტიკოსსა და მწერალს, ხორხე ბუკაის დავესესხები რჩევებს, რომლებიც ვფიქრობ გასათვალისწინებელი და სასარგებლო უნდა იყოს:


ისწავლეთ სხვების მოსმენა

ცნობილი სიბრძნე გვასწავლის: ყური ორი გვაქვს და პირი — ერთი. ეს ნიშნავს, რომ ორჯერ მეტი უნდა მოვისმინოთ, ვიდრე ვთქვათ. მოისმინეთ აქტიურად და ინტერესით, როდესაც გააანალიზებთ, დაეთანხმეთ თანამოსაუბრეს ან უარყავით მისი მოსაზრება. სხვა ადამიანს შეუძლია თქვენი დახმარება საკუთარი თავის გაგებაში, თქვენი პიროვნების საზღვრების დადგენაში.


ისწავლეთ სწავლა, დაივიწყეთ სიამაყე

ცხოვრება ახალ-ახალი ცოდნის მუდმივი შეძენაა, რაც თვითდამკვიდრებისთვის არის აუცილებელი. იმაზე დიდი სასჯელი არაფერია, ვიდრე უკვე მიღებული ცოდნის საზღვრებიდან გასვლის უუნარობა. ადამიანი, რომელიც მზად არ არის, ყოვლისმცოდნეობის კვარცხლბეკიდან ჩამოვიდეს, სხვებისგან ვერაფრის სწავლას ვერ შეძლებს, რადგან მას წინასწარ სძულს გარშემომყოფნი და ფიქრობს, რომ მას ვერავინ ვერაფერს ასწავლის.


ყოველთვის თავაზიანი იყავით

საკმაოდ ადვილია, თავაზიანი იყოთ თანამოაზრეების მიმართ, ვინც თბილად და პატივისცემით გეპყრობათ. მაგრამ არც ისე ადვილია თავაზიანობის წესების დაცვა მათ მიმართ, ვინც იმავეთი არ გპასუხობთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცუდ მოპყრობაზე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, ყველამ უარი უნდა უნდა თქვას.


არ შეუშინდეთ საკუთარი ცოდნის გადაფასებას

ხშირად, ახალი ცოდნისთვის რბოლაში შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც უკვე გაქვთ, მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ. გადახედეთ თქვენს ცოდნას, უარი თქვით რაღაცაზე, აღმოაჩინეთ რაიმე ახალი, შეავსეთ და დახვეწეთ ის, რაც ყოველთვის უტყუარად მიგაჩნდათ. პირადად მე მუდმივად ძველი პრობლემების ახლებური გადაწყვეტილებების, ძველ კითხვებზე ახალი პასუხების მოძიებასა და გაცნობიერებაში

(წყარო: https://sputnik-georgia.com/people/20170629/236457335/gadayare-niRbebi-gaTavisufldi-icine-da-gamoiyene-TiToeuli-wami.html)


ჩვენში მოსმენის კულტურა საკმაოდ მოისუსტებს, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი თავად ვართ ბრძენთა–ბრძენები. თუმცა, ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატი მახსსენდება ხოლმე ასეთ მომენტებში: „მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის!“ განსაკუთრებით ხშირად მახსენდება სოკრატეს ეს სიტყვები დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისას, როდესაც დაბურულ ტყეებში გადაჭიმული გზები არ მთავრდება და ჩვენი გადახრიოკებული გზები თუ მოუვლელი, გაკაფული ტყეები მიდგას ხოლმე თვალწინ.


ვფიქრობ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალტიისპირელი ხალხების მაგალითი და მათი მხარდაჭერა. მათ ეს გზა ჩვენამდე გაიარეს და ანალოგიური სირთულეები გადალახეს. მის აღმატებულება ქ–ნ კერსტი კალიულაიდთან კი მადლობის მეტი რა გვეთქმის დამაიმედებელი პროგნოზისთვის, იმ ერთგულებისთვის და უშურნო კეთილმეზობლობისთვის, რომელსაც მუდამ იჩენენ ჩვენს მიმართ ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები. ნათქვამია, „კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო“.

2
18
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
18
  
2017, 2 ნოემბერი, 20:28
კარგი სტატიაა,ძალიან მომეწონა. გირჩევთ ფოტო დაურთოთ თან,უფრო მეტი მნახველი გეყოლებათ
0 1 2