x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139101
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
"სევდის ბაღი"-სოლომონ დემურხანაშვილი
image

ეძღვნება შალვა დემეტრაძის ხსოვნას


"სევდის ბაღში, სევდის ჩიტი, სევდიანად გალობს"



მონადირენი მწყემსების დანატოვარ ქოხში შეიხიზნენ ღამის გასათევად.



ისინი ორნი იყვნენ, უკვე ხანში ფეხშედგმული ბიბლიოთეკარი რაჟდენა სხივიშვილი, ბოლო ხანებში ზედმეტი სიმსუქნისგან ქოშინი რომ მოსძალებოდა და ექიმის რჩევით ნადირობისთვის მიეყო ხელი, ხოლო მეორე მწერალი ლადი გომართელი.


ეს ორი არსება დიდად არაფრით ჰგავდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.ერთი ეგ იყო, რომ სხვადასხვა ვარსკვლავს ეთამაშებოდნენ და სხვადასხვა გზით ეპოტინებოდნენ უკვდავებას.


დისერტაციისა და კიდევ რაღაც უკეთესის მოლოდინში უცოლოდ დაბერებული რაჟდენა ცხოვრობდა თავისთვის მარტოდმარტო და ჩვეულებრივ მოკვდავთაგან რომ რაიმეთი გამორჩეულიყო, მჭერმეტყველებასღა ეპოტინებოდა, ჭკუასა და გინიერებას მოკლებული არ იყო რაჟდენა, გარდა იმისა, რომ რჩეულ ადამიანთა ციტატები ზეპირად იცოდა, თავის საკუთარი აზრებიც გააჩნდა სიცოცხლესა თუ სიკვდილზე, და ამავე დროს, უმარიფათო რაჟდენას მთლად უწიგნურნი, მაგრამ მარიფათიანები, შემპარავად კიდეც დასცინოდნენ.


ალბათ ამ მიზეზით რაჟდენა უბრალო ბიბილოთეკარობას ვერ გასცდა და ახლა ერთადერთი რითაც თავს იქცევდა, მჭერმეტყველობაღა იყო.როგორც კი რომელიმე უცხო საზოგადოებაში მოხვდებოდა, სხვის აზრებს თუ საკუთარ აზრებს ციტატებად გადააბნევდა ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ ქიზიყურ კილოზე ლაპარაკობდა და სიტყვის ბოლო ბგერას სჭამდა, თავისი მჭერმეტყველობით თვით უღრმესად ინტელიგენტებსაც კი ხიბლავდა და აოცებდა.ასეთ დროს ყელთამდე ბედნიერი რაჟდენა მართლაც უკვდავთა მარაქაში რაცხდა თავს.


ლადის კი სხვა უკვდავების ჭია ღრღნიდა.იგი იმ "დაჩაგრულ ტალანტთა" რიცხვს ეკუთვნოდა, ესოდენ ცოტანი რომ მოიპოვებიან საქართველოში.ისინი ყველაფერს, რაც იწერება და ქვეყნდება ზევიდან დაჰყურებენ და ქირქილებენ ცხვირაწეულნი და ყინჩად დააბოტებენ, ტუჩებზე ქედმაღლური ღიმილი დასთამაშებთ და ერთთავად დუმან დუმან.


ეს დაჩაგრული ტალანტები არაფერს აქვეყნებდნენ, რადგან მათ ან ეპოქა ვერ უგებთ, ანდა ჭეშმარიტებას ეწირებიან მსხვერპლად.

თანამედროვებაზე გაბუტულნი ტიკჭორებივით დაბერილები დაიარებიან და ისე იბღინძებიან, თითქოს, ეს-ეს არის, ვიღაცამ ძალით მოხადა გვირგვინი და თავად მიიტაცაო.

მაგრამ ამ "დაჩაგრულმა ტალანტებმა" ჩინებულად იციან საკუთარი თავის ძალა და ფასი.საკმარისია გამოაქვეყნონ რაიმე და მყისვე ცხადი გახდება აქილევსის სუსტი წერტილი.ამიტომ ურჩევნიათ "დაჩაგრულ ტალანტებად" იცნობდეს საზოგადოება, იყბედონ თანამედროვე ევროპული პროზისა და პოეზიის მიმდინარეობაზე და ცინიკური ღიმილით უყურონ მათ, ვინც ალალ ოფლს იწმენდს.


ლადიც ერთ-ერთი მათგანი იყო.როგორც "დაჩაგრულ ტალანტს" რაჟდენა გარეგნულად პატივისცემით ექცეოდა, სიამოვნებით ან იქნებ იძულებითაც მეგობრობდნენ ერთმანეთს.თუმცა უნდა ითქვას, რომ ლადი ზოგჯერ აშკარად დასცინოდა მას.ასეთ დროს ხათრიანი რაჟდენა ისედაც ბუთხუზა ლოყებს უფრო დაბერავდა ხოლმე, გაიბუსხებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა.სამაგიეროს იმით უხდიდა, რომ გულში თავადაც დასცინოდა ლადის, მაგრამ როგორც კეთილი კაცი, თავი ისე ეჭირა, ვითომ მის ტალანტს დიდად აფასებდა.ასე იყო თუ ისე, ერთიმეორესთან მაინც რაღაც აკავშირდებდათ და მეგობრებად ითვლებოდნენ.იქნებ იმიტომ, რომ ორივენი ერთ ტაფაში იწვოდნენ?

აი დღესაც სანადიროდ ძალით წამოიყვანა რაჟდენმა ლადი.

-წამოდი ლად, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ და შთაბეჭდილებას გაიმდიდრებ, მწერალ კაცს ნადირობა უნდა უყვარდეს.

შემოდგომის მიწურული იყო, ღამემ უკვე ოთხივე კალთა დაუშვა დედამიწაზე და ყველაფერი ბინდში შთანთქა.

გარეთ ციოდა.ქოხის პირას ცეცხლი გიზგიზებდა და ირგვლივ სიბნელეს სძოვდა,

მიუხედავად დაღლილობისა მონადირეებს ძილი არ ერეოდათ.

ორი უმწეო არსება, წუთისოფლის ორი ხანმოკლე სტუმარი, იჯდა ცეცხლის პირას ბნელი, მარადიული ცის ქვეშ და მარადისობასა და სიკვდილ-სიცოცხლეზე საუბრობდა.


-სამყარო ერთი ვეება სასწორია, ლად-საკუთარი თუ სხვისი ფრაზებით მჭერმეტყველობდა რაჟდენა და სიტყვის ბოლო ბგერას ყლაპავდა, -იმ სასწორის ერთ თეფშზე სიცოცხლე ძევს, მეორეზე სიკვდილი, საკმარისია ერთი უმათგანობა და ის სასწორი მაშინვე წონასწორობას დაკარგავს.სიკვდილი და სიცოცხლე აწონასწორებს სამყაროს.აი, ეს არის ლად, ყველაფერი, სხვა დანარჩენი ამაოებაა და თავის შექცევა.ერთადერთი რითაც ადამიანი ამართლებს თავის არსებობას, ეს შრომაა.შრომა და ამ ქვეყანაზე რაიმეს შექმნა.


ბოლოს სიტყვა იმაზე ჩამოაგდეს, თუ რანი არიან ადამიანები, როგორ ცრუობენ ერთმანეთთან თვით მწუხარების ჟამსაც კი და სიკვდილის შემდეგაც რამდენი ხანი ინახავენ ერთმანეთის ხსოვნას.

-ხსოვნას!-ჩაიჯიჯღინა ლადიმ და ცეცხლში ჩააფურთხა, -ჩემო რაჟდენ, ყველანი ერთმანეთს ვატყუებთ და თავს ვიქცევთ, თვით მწუხარების ჟამსაც კი ვცრუობთ.


რაჟდენამ მწარედ ჩაიცინა და თავი დაუქნია.ამავე წუთს მან ერთი რამ შენიშნა:ლადი ყოველთვის გულთბილად ესაუბრებოდა, ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა მარტონი რჩებოდნენ, ხოლო თუ მესამე ან მეოთხე პირი შეუერთდებოდათ, მაშინ ლადი სულ სხვაგვარი კილოთი ელაპარაკებოდა, -შემპარავი ცინიზმით, რაც აშკარად დამცირება იყო.


რაჟდენამ თავჩაქინდრულ ლადის გადახედა, ცეცხლის შუქზე მისი სახე ფერკმრთალი და სევდიანი ეჩვენა.

-ხანდახან რო დავფიქრდები, ლად, ყველაფერი ბითურობად მეჩვენება და თავი მეზიზღება, რა ყალბები ვართ, რა ყალბები!-რაჟდენამ ცეცხლს შეუჩიჩხინა და ქვეშ დაფენილ ტყაპუჭზე საიმედოდ მოკალათდა.-მე გიამბობ ერთ ამბავს, მწერალი კაცი ხარ და გამოგადგება.ალბათ, არ გახსოვს ვანო ირემაძე, გაგონილი კი გექნება, ამ ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა, უკურნებელი სენით.მაშინ მეც გამომცემლობაში ვმუშაობდი.


ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვიდა სამუშაოზე ვანო და დაიჩივლა, მარცხენა მხარი გაკავებული მაქვსო.ეს ჩივილი არაფრად ჩაგვიგდია, ჭვალი იქნება და გაივლისო, გულგრილად დავაიმედეთ.აბა, ვინ იფიქრებდა, რომ გარეგნობით სრულიად საღსალამათს, ზვინივით კაცს, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო კვირაში ორჯერ ქეიფში ეტეხა ღამე, მძიმე სნეულება ჩაუჯდებოდა ტანში.

ვანო უცებ ჩავარდა ლოგინად.ერთ დღეს მაცნე მოვიდა, შემზარავი ამბავი მოიტანა:ვანოს მარცხენა ფილტვის კიბო აქვსო.

ჩვენი მყუდრო დაწესებულება ფუტკრის სკასავით აფუთფუთდა და აბზულვდა, ოთახებიდან ოთახებში ფეხის წვრებზე დაკინკილობდნენ, იმის შიშით აბუზულები, რომ თავადაც მოკვდავნი არიან, რომ როდისმე ეს დღე თავადაც დაუდგებათ.

-საწყალი ვანო, რა კაცი იღუპება!-და ერთმანეთს თვალებში გამომცდელი მზერითა და ეჭვით ჩაჰყურებდნენ.

-აბა, იმისი წყენა რომ არავის ახსოვს.

-ცხვარივით კაცი იყო!

-ის შერჩა, რაც დრო ატარა.

-ზოგჯერ დაყვირებაც იცოდა, მაგრამ გული კეთილი ჰქონდა საწყალს!-ეს ჩვენი კორექტორი, ტარანივით გამხდარი იულია ამბობს თავის აზრს და თან ეჭვიანად აცეცებს თვალებს, აბა დამეთანხმებიან თუ არაო.იმისდა გასახარად მაშინვე ეთანხმება უფროსი რედაქტორი ქსენია.

-კი, კი, ხანდახან იცოდა...ცოტა უხეში იყო, მაგრამ ცუდს არაფრით გაგიკეთებდა.

და ყველანი, ქალები თუ კაცები, თანამდებობით უმცროს-უფროსნი კვლავ გამომცდელად და ეჭვით უმზერდნენ ერთმანეთს.

მე გაოგნებული მდუმარედ ვიჯექი და თვალწინ მედგა ვანო, თეთრ კიტელში გამოწყობილი ვესტიბიულში დგას(კაბინეტში ჯდომა არ უყვარდა საწყალს), ვიღაცას დარბაისლურად ესაუბრება, როგორც სჩვეოდა ხოლმე, ცალი ხელით კედელს მიყრდნობილი, ხოლო მეორეთი გამეჩხერებულ ჭაღარა ქოჩორს ისწორებს.


და სწორედ მაშინ, როცა ყველანი ადამიანის საბოლოო განაჩენს უკვე შეეგუენ და ყოველდღიურ ცხოვრებას მისცეს თავი, სრულიად მოულოდნელად განვაცხადე:

-ტყუილია, რა კიბო, რის კიბო!


თითქოს ცა ჩამოქცეულიყოს, ყველა ერთბაშად აფორიაქდა.

ჩვენმა კორექტორმა, ქერათმიანმა იულიამ, სარკეში ცქერას თავი მიანება და ცერად გადმომხედა, თხელ მზაკვრულ ტუჩებზე დამცინავი ღიმილი უციმციმებდა.დანარჩენიც მე მომჩერებოდნენ, აბა ერთი რა სარწმუნო წყარო აქვსო.

-კიბოს გასინჯვით ვერ იგებენ, რა სისულელეა!-დავძინე მე.

-რავა გეკადრება, შე კაცო, -ჩაიცინა იულიამ-კაცს ცალი ფილტვი შეჭმული ჰქონია, მაგას რა დიდი გამოცნობა უნდა, ფილტვი აღარ არის, მორჩა და გათავდა, დასაწყისი რომ იყოს, მესმის ...-და იულია, დარწმუნებული, რომ საბოლოოდ გამცა ამომწურავი პასუხი, ისევ სარკეს დაუბრუნდა, სპირტიანი ბამბით სახეს იწმენდდა.

-იიჰ, -პროტესტის ნიშნად ხელი ჩავიქნიე და ჩემი საქმე განვაგრძე.

მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი ნათელი გახდა, ბატონი ვანო, მართლაც, კლანჭებში ჰყავდა სიკვდილს მოქცეული.უნდა გენახა ლად, ჩვენი თანამშრომლები რა დამცინავად მიმზერდნენ.ყოველ მათ გამოხედვაში ვკითხულობდი: ინდე, რომ არ გეჯერა, აჰა, შენ რა გგონიაო, ახლა რაღაც იტყვიო.და თან სინანულით ვიშვიშებდნენ.





მთელი მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა.

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ირემაძეს შორიდან რომ ვიცნობდი.პაოლო, ტიციანი, კოლაუ და სხვა "ცისფერყანწელები" ირემაძის განუყრელი მეგობრები იყვნენ.თვითონაც სწერდა ლექსებს, მაგრამ უფრო მეტ დროს ქეიფში ატარებდა.ლამაზი მამაკაცი იყო, დარბაისელი, მჭერმეტყველი და პირდაპირი.

გავიდა დრო, უკუღმართმა ბედმა ღვიძლი მეგობრები მოულოდნელად გამოაცალა ხელიდან.ვინც ლექსით ცოცხლობდა, ლექსმავე იმსხვერპლა.


მას აქეთ ირემაძეს თავის ლექსები აღარ გამოუჩენია, ალბათ აღარც სწერდა.ყველაფერი, რაც კი კარგი შეიქმნებოდა მწერლობასა თუ მეცნიერებაში, ბავშვივით ახარებდა.მთელი თავისი ცხოვრება წიგნისა და მწერლობის სამსახურს დაუთმო, ეს იყო მისი მემკვიდრეობაცა და იმედიც.ვანო ირემაძე იმ ბერს მაგონებდა, რომელმაც ამქვეყნიური ყოველივე დათმო და ღმერთსა თუ მოსნასტერს მისცა სული თვისი.გამომცემლობა მისთვის უწმინდესი ტაძარი იყო.

თავისი თანამედროვეებისა თუ დაკარგული მეგობრების პოეზიას ხატივით ელოლიავებოდა. ვიდრე წიგნად გამოვიდოდა სტრიქონ-სტრიქონ კითხულობდა.სტამბაში დაიარებოდა, საბეჭდსა და სატიტულე ქაღალდს თვითონ არჩევდა.


ყოველი სასიგნალო წიგნი პირველად ვანოსთან მიჰქონდათ.ეს მკაცრი ურღვევი კანონი იყო.აიღებდა ხელში დაბეჭილ წიგნს, ქაღალდისა და საღებავის მძაფრი სუნი ჯერ კიდევ რომ ასდიოდა და ისეთი სიამით დაყნოსავდა, როგორც თონიდან ახლადამოყრილი ლავაში.მაშინ უნდა ენახა იგი კაცს, სულ სხვა ვანო იყო, თითქოს მეცხრე ცაზე ასული კმაყოფილებით გადმოჰყურებდა ქვეყნიერებას.ასჯერ წაკითხული ლექსებით ასმეერთედ ტკბებოდა, ცდილობდა, მხოლოდ კარგი დაენახა, კარგი აღმოეჩინა და იგი სხვისთვისაც გაეზიარებინა.სხვასაც გადასდებოდა მისი სიხარული.ამ დროს სიბერისგან უკვე ლომივით დაჯირჯვებულ მის თვალებში იხატებოდნენ სიყრმის მეგობრები, ლექსის კაცები, სიტყვის რაინდები, სუფრაზე მოთამადენი, ზოგი ნაადრევად ხმაშეწყვეტილი, ზოგიც სიბერით დადუმებული, რა მორევი ტრიალებდა მაშინ ვანოს გულში, ვინ მიხვდებოდა.


გადიოდა დრო და ვანოს ის კანტიკუნტად შემორჩენილი მეგობრებიც ეცლებოდა ხელიდან.თაობა მიდიოდა, ვანო კი, იმ თაობასთან სულით გადაბმული ვანო, ცალუღელა ხარივით მარტო რჩებოდა.ამას ისიც ემატებოდა, რომ გამომცემლობაში წიგნის გამოცემის საქმე უარესდებოდა, დაუდევრად ექცეოდნენ ყოველ წიგნს, წლობით აგვიანებდნენ და უხარისხოდ სცემდნენ.


მეტი რა გზა ჰქონდა, ვანომ თავის ირგვლივ შემოიკრიბა ახალი თაობის რამდენიმე პოეტი, ისინი, ვინც მართლა ლექსისა და სიტყვის რაინდები იყვნენ, ვინც წინა თაობას რაღაცით ჩამოჰგავდა და მათი მეგობრობითღა სულდგმულობდა.ამ უკანასკნელმა მოჰიკანმა ისეთი სამყარო, რომელშიც შვებას პოულობდა და თავისი ყოფნის გამართლებას ხედავდა.


კვირაში ერთხელ, ხან ორჯერ შეიყრებოდნენ სუფრასთან, პოეზიაზე, წინაპრებზე საუბარსა და ღვინის სმაში ათვდნენ ღამეს.ირემაძესთვის სუფრა იყო წმინდათაწმინდა ადგილი, იქ პოულობდა შვებას, იქ იოხებდა გულს და იკლავდა დიდი სიყვარულის ჟინს.

სუფრაზე ირჩეოდა ლიტერატურული მემკვიდრეობა თუ თანამედროვეობა, სუფრაზე წინაპართა თუ დღევანდელთა კაცობა და მამულიშვილობა.სუფრაზე ამტკიცებდნენ ფიცით ერთმანეთის მეგობრობასა და სიკვდილის შემდეგ არ დავიწყებას.


მერე რა შესანიშნავი იყო, ლად, საწყალი ვანო სუფრაზე.იტყოდი ქეიფისთვის არის გაჩენილიო.რაც არ უნდა ბევრი ესვა, სიდარბაისლესა და წესიერებას არ დაკარგავდა.თავად ალალ-მართალი და სიტყვის კაცი, ვერ იტანდა მატყუარებსა და ცრუპენტელებს, მლიქვნელებსა და ქლესებს.თუ ვინმე სუფრაზე ასეთი გამოერეოდა, რომელიც ზომიერების საზღვარს გადასცდებოდა, ანდა წინაპრის გინებას დაიწყებდა, ვანო უხმოდ დატოვებდა სუფრას.სუფრის დატოვება კი მისთვის იგივე იყო, რაც სხვისთვის ცოლ-შვილის დატოვება.


ასეთ დროს ერთი-ორი დღე თავის გუნებაზე აღარ გახლდათ.მოშხამული მოვიდოდა გამომცემლობაში და ზოგჯერ მიზეზიანად, ზოგჯერ უმიზეზოდ ვინმეს დაჰკივლებდა, სამსახურში დაგვიანებისთვის დატუქსავდა, მოხსნით დაემუქრებოდა, მაგრამ მისი გულის ამბავი ყველამ კარგად ვიცოდით.ბოროტებას ვერ ჩაიდენდა, მეორე დღეს ისევ ის კეთილი, სახეგაბადრული ვანო იქნებოდა და ის მუქარაც ბავშვივით გადაავიწყდებოდა.


გამომცემლობაში ყველა თანამშრომელმა ხუთი თითივით იცოდა მისი ხასიათი.

-ხალხო, დღეს ბატონი ვანო კარგ გუნებაზეა.

-ალბათ დაპატიჟებულია.

-დილას მგონი, თოთიამ დაურეკა.

-ჰოოდა, აგაშენა ღმერთა, ქეიფი ელის.

ო.მაშინ უნდა გენახათ ვანო, მართლაც დიდი ბავშვი, როგორც მას ჩუმ-ჩუმად ვეძახდით! ერთბაშად გამოიცვლებოდა, პირზე ღიმილი გადასდიოდა, მოუსვენრობა შეიპყრობდა და ეს ზვინივით კაცი მერცხალივით გახდებოდა.ოთახიდან ოთახში დადიოდა, ნახევრად გამელოტებულ თავზე პეწით ისვამდა ხელს და თანამშრომელსა თუ მიმსვლელ-მომსვლელს მხიარულად ელაპარაკებოდა.


ქალაქი ერთ-ერთ პატარა ბაღში ჩახუხულავებულ სასადილოში იყრიდნენ ხშირად თავს.გარეგნობით არაფერი, მაგრამ, რა გინდოდა სულო და გულო, იქ არ იპოვებოდა, თანაც შედარებით სიიაფე იყო და ვინაიდან ხშირად ხელმოკლედ იყვნენ, სხვაგან სად წაესვლებოდათ.


მე თითქმის არასოდეს ვაკლდებოდი იმათ ამქარს, ზოგჯერ შუაღამემდე, ზოგჯერ გათენებამდეც ვუსხედით სუფრას ამ პატარა ბაღში, რომელსაც ვიღაც ჩვენთაგანმა ხუმრობით "სევდის ბაღი" დაარქვა, ღვინით გაბრუებულ ტვინს ძალას ვატანდით, რათა ერთმანეთისთვის ისეთი ქება შეგვესხა, რომ სიმართლეს ძალიან დამგვანებოდა.სუფრაზე ადიდებდნენ ერთიმეორის შემოქმედებას და კაცობას, არჩევდნენ კლასიკურ თუ თანამედროვე პოეზიას, იხსენებდნენ პაოლოსა და ტიციანს, გალაკტიონსა და გოგლას, იყო კამათი და აზრთა ჯახაჯუხი.


ვანოს თავისი მეგობრებიდან განსაკუთრებით ორი პოეტი უყვარდა-თარხანი და თოთია.თუ ისინი სუფრაზე არ იყვნენ ისე რიგად ფრთებგაშლილი ვეღარ იყო ხოლმე.

-თქვენ უნდა დამმარხოთ და სიკვდილის შემდეგაც, თქვენ უნდა მიპატრონოთ, თქვენ!-და ღვინით შეზარხოშებული ვანო თვითონაც აიჩუყებდა გულს და იმათაც აუჩუყებდა ხოლმე.


თოთია და თარხანი ვანოს ჯერ კიდევ მაშინ დაუმეგრობრდნენ, როცა პოეზიაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ.ვანო იყო მათი ყოველი შემოქმედებითო წარმატების მოწმე, მოზიარე და ჭირისუფალი.მაგრამ გადიოდა დრო, ისინი ასაკში შედიოდნენ, სხვა საქმეები უჩნდებოდათ, სხვა ინტერესები.სუფრისთვის ხშირად ვეღარ იცლიდნენ.გარდა ამისა, თანდათან ხვდებოდნენ, რომ სუფრა ხშირად დიდი სიყალბე იყო, ხოლო გადაბმული ქეიფი-დროს ფუჭად ფლანგვა და შემოქმედებითი ლახვარი.


მაგრამ ასე იყო თუ ისე, მოცლილობის ჟამს მაინც ვანოს გვერდით იყრიდნენ თავს, ის იყო მედროშე სუფრის კაცებისა, ახალგაზრდები თუ უკვე მწერლობაში დაბერებულნი მის გარშემო იკრიბებოდნენ, ყველას უყვარდა, როგორც სუფრის კაცი, სიტყვის რაინდი პოეზიის ტრფიალი და მწერლობის ზვარა.


-შენ ის კაცი ხარ, ვანო, ვინც ქართულს მწერლობას მისცა თავისი გული და სული.შენ შეგეძლო სხვა სახსარი გეპოვნა ცხოვრებაში და უფრო წელგამართული ყოფილიყავი, მაგრამ პოეზიის ტრფიალმა და წიგნის სიყვარულმა ყველაფერი დაგათმობინა, ქართულ მწერლობას დაუკავშირე შენი ბედი და იგივე მწერლობა უკვდაგყოფს შენ. ყველაზე უკეთ შენ იცი ნაღდი პოეზიის ფასი, იმ პოეზიისა, რომელსაც ეროვნულ ნიადაგში აქვს ფესვები გადგმული.

აი, ამ სიტყვებით ამკობდნენ ყოველ სუფრაზე ვანო ირემაძეს და დარწმუნებული იყავი, ლად, რომ ვერავინ გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანდა.

იმ დროს ცამდე ბედნიერ ვანოს ღრმად სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ იმასაც ისე მოიხსენიებდნენ, როგორც სხვა წინაპრებს.


გაიწელებოდა სუფრა, ვეღარ გაძღებოდნენ, ერთმანეთის სიყვარულით, ვეღარ მოიჯერებდნენ გულს პოეზიაზე საუბრით, ბოლო დროს ვანოს, რომელმაც კარგად იცოდა ქართული თუ ევროპული პოეზია, ზოგიერთ თანამედროვე ლექსებზე ეჭვი უჩნდებოდა...

კისერგადაგდებული გულზე ხელს დაიდებდა და თარხანს ემუდარებოდა.

-ჩემო თარხან, რუსთაველი მესმის, შექსპირი და ბაირონი მესმის, პუშკინი და ბოდლერი მესმის, გევედრები, მითხარი, რატომ ვერ ვიგებ, ზოგიერთები დღეს რომ სწერენ ლექსებს?

-ხე, ხე, ხე-ჩაიროხროხებდა თარხანი და ლამის ჭერი ძირს ჩამოეტანა, -თვითონ თუ ესმით რასა სწერენ, ნათლად წერა ძნელია და რა ქნან, თავიანთი ჭკუით მკითხველს აბნევს, ვანო მკითხველს.ხე, ხე, ხე-ისევ ჩაიროხროხებდა თარხანი და ვანოსაც აიყოლიებდა.


ერთი უცნაური ჩვევაც ჰქონდა ვანოს, თუ სუფრა ადრე აიშლებოდა, ორიოდე კაცს აიყოლიებდა და რესტორან "საქართველოს" მიაშურებდა უსიკვდილო.ამ ჩვევას არასოდეს უღალატებდა.შევიდოდა, სამიოდე ბოთლს ღვინოს თავის საუზმით მოატანინებდა და მუსიკოსებს "გრენადას" ან "Письмо к матери"-ის დაუკვეთავდა.უსმენდა ამ თავის საყვარელ მუსიკას და ნეტარებით ცაში ლივლივებდა.

ერთი სიტყვით, ასეთი იყო ვანო ირემაძე, უიმისოდ გამომცემლობა ვერც თანამშრომლებსა და ვერც ავტორებს ვერ წარმოედგინათ.

ყველა თაობის ავტორი მის ირგვლივ იყრიდა თავს, ისე როგორ შეამოაბიჯებდნენ გამომცემლობაში, რომ ვანო არ მოენახულებინათ, მასთან არ დაყოვნებულიყვნენ და ქართული მწერლობის წარსულსა თუ აწყმოზე, მის ბედ-იღბალზე არ წაესაუბრათ ამ დარბაისელ კაცთან,

პარასკევი ისე არ დაღამდებოდა, ვანო სადმე არ დაეპატიჟათ. "სევდის ბაღში" ან სადმე სხვაგან მოიყრიდნენ თავს, რომ მწერლობასა და ერზე საუბრით გული მოეჯერებინათ.

და აი, ასეთი კაცი მოულოდნელად გააკრა ლოგინზე უკურნებელმა სენმა და სიცოცხლის დღეები დაუთვალა.

როგორც გითხარი, პირველ ხანებში მთელი გამომცემლობა აფორიაქდა, სევდამ მოიცვა, ყოველდღე მოდიოდნენ ავტორები და კუშტი სახეებით კითხულობდნენ მის-ავ-კარგს.პასუხი მუდამ ერთი იყო, უიმედო.

-დიდი-დიდი, ერთ კვირას კიდევ გასტანოს.საშინელი ტკივლები დასწყებია.

კიდევ უფრო დაეღვრიმებოდათ სახეები, სინანულით თავს გადააქნევდნენ, ამოიოხრებდნენ და ერთსა და იგივეს ჩაილაპარაკებდნენ:

-რა კაცი გვეცლება ხელიდან.ეგღა იყო დარჩენილი იმ საუკეთესო თაობიდან და ეგეც მიდის.

-აბა, აბა!

-სოფელში მინდოდა წასვლა კვირას, -სინანულით ამბობს უფროსი რედაქტორი ქსენია-მაგრამ, აბა როგორ, კაცო დღე-დღეზეა.

-შაბათ-კვირას ვეღარ გააღწევსო, -ეს ქვრივი იულიაა.

-თუ ეგრეა, ალბათ ხუთშაბათს დაკრძალავენ.ამინდი მაინც იყოს კარგი, ამ ძველი პალტოს ჩაცმა აღარ მინდა.

-მეც ასე არ ვარ, -არცთუ უხალისოდ გამოეპასუხა ქსენია, -ისევ საზაფხულო პალტო უნდა ჩავიცვა.

-ჩემი საზაფხულო პალტო გასაწმენდია.-დაიწუწუნა იულიამ.

-ჩემიც ასეა, შე ქალო-გახალისდა ქსენია, -მოდი რა ვქნათ იცი, მივიტანოთ ქიმწმენდაში, ახლავე დავურეკავ ბუბას, მაგას ნაცნობი ჰყავს და ორ დღეში გაგვიმზადებენ პალტოებს.

-მერე, ცუდი ამინდი რომ იყოს?!-ეჭვი გამოთქვა იულიამ.

-არა მგონია, ახლავე დავრეკავ ამინდის ბიუროში.

აწკრიალდა ტელეფონი, მოგვარდა ქიმწმენდაში საქმე, ხოლო რაც შეეხება ამინდის ბიუროს, იღბალიც ამას ერქვა, მთელი კვირა თბილი, მზიანი ამინდები იყო თურმე მოსალოდნელი.

-გაიჩარხა საქმე!-ამაყად თქვა ქსენიამ და სიგარეტი საფერფლეზე ჩაჭმუჭნა-საღამოს გელოდები, ბუბა ჩემთან იქნება, წამოიღე საზაფხულო პალტო და წავიდეთ ქიმწმენდაში.

აი ასე ნელ-ნელა შევეგუეთ ვანო ირემაძეს სიკვდილს.



ლაპარაკი და ვიშვიში თანდათან ჩაცხრა და ჩვეულებრივ ცხოვრებას მივეცით თავი.

ახლა რაღაც საეჭვოდ გატრუნულები იმას ველოდით, უკანასკნელ პატივს როდის დავდებდით და, ლად, ვიგრძენი, რომ ეს მოლოდინი ცოტათი თითქოს ჭიანურდებოდა.მეც და, ალბათ სხვასაც თვალწინ გვედგა ცამეტსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოსთან შეყრილი ხალხი, სამგლოვიარო მუსიკა გაზაფხულის საღამოს სევდით ავსებს.ჯგუფ-ჯგუფად გაფანტულა გამოსათხოვრად მოსული ხალხი და ქალაქის ახალ ჭორებს ფქვავს.მერე დგება გაცილების დღე, სხვასთან ერთად დავდაღუნული მივაცილებ კუბოს და ვცდილობ, უკანასკნელად რაიმეთი გამოვიჩინო ზრუნვა განსვენებულისადმი.

ერთი სიტყვით, ვანო ირემაძე სიკვდილამდე გამოვიგლოვეთ და ახლა მის სიკვდილსღა ველოდით.არ გაგიკვირდეს და, ცოტა არ იყოს, მოუთმენლადაც.ვანოს სიკვდილს თითქოს რაღაცით უნდა შეეცვალა ჩვენი ერთფეროვანი ცხოვრება და რამდენიმე დღით საინტერესოც უნდა გაეხადა.


ღმერთო მაპატიე და ასეთი შეგრძნება მქონდა.მარტო მე კი არა, არამედ ავტყობდი, სხვას ჩემზე მეტად ჰქონდ იგი და ხანდახან დამალვას ვერც კი ახერხებდნენ.დილით სამსახურში რომ მივიდოდნენ და ვანოს ამბავს იკითხავდნენ, ისე მეჩვენებოდა, თითქოს მისი სიკვდილი ეჩაქრებოდათ.


იწურებოდა მომაკვდავის დღეები, სიკვდილის სუნიც ახლოვდებოდა და იცით რა მოხდა? ახლა იწყება მთავარი ამბავი, რამაც მეც გამაოცა..აბა კარგად მომისმინე ლად.


გულზე ვსკდებოდი, ბოღმა მახრჩობდა, რომ ვანოს სიკვდილი უკვე ყველას სჯეროდა, ყველა უკვე შეგუებული იყო და ერთ დღესაც გადავწყვიტე, მათთვის მოლოდინი ჩამეშხამებინა, გამემწარებინდა სხვისი სიკვდილის მომლოდინეები.მივედი სამსახურში და თანამშრომლებს ასეთი ამბავი ვაუწყე.


-არავითარი კიბო არ ჰქონია ვანოს.უბრალო ანთება ყოფილა, ექიმებმა რამდენიმე დღეში წამოდგებაო.

ეს ახალი მოულოდნელი უწყება ხომ ყველას უნდა გახარებოდა და ყველას ერთად ერწმუნა კიდეც, მაგრამ შენს მტერს, რაც იქ ამბავი დატრიალდა.

-როგორ და რანაირად, -ყელის ძარღვები უსკდებოდა იულიას, -საიდან მოჭორე ასეთი სისულელე...კაცი გუშინ მომაკვდავი იყო..არ დაიჯეროთ, ხალხო, ეს იდიოტობა.რენტგენის ფირი ჩემი თვალით ვნახე.


-როგორ გეკადრება, ქალო, -გავჯიქდი და სიტყვაზე დავდექი-ახლა პირდაპირ იქიდან მოვდივარ.პროფესორები თავზე ადგანან.ცნობილი სპეციალისტი დიომიდე...

-რა დიომიდე, რა?

-დიომიდეც იქ გახლდათ და სწორედ იმან დაასკვნა.

-ტყუილია!-სიხარულით დაიკივლა იულიამ.-დიომიდე გუშინ პარიზში გაფრინდა.

-როგორ შეიძლება მომაკვდავ კაცზე ასეთი ტყუილი!-ცოფს ჰყრიდა ქსენია.

-რა არის ტყუილი?!-გავიოცე-ვანოს სასიკვდილო არაფერი სჭირს.ერთი კვირაც და ნახავთ, თუ ფეხზე არ წამოდგება.

-იქნებ არ გაფრენილა დიომიდე პარიზში?-ეჭვობს ვიღაცა.

-რას მასწავლით მე, -იფხრიწება იულია და სიამაყით ამბობს, -მისი და ჩემი კარის მეზობელია.ეგ თუ მართალი არ გამოდგა გალანძღვის ღირსი ხარ, ახლავე დავურეკავ.

-დარეკე, იულია, შენი ჭირიმე, დარეკე!-წააქეზეს დანარჩენებმა.

რამდენიმე წუთის შემდეგ იულიას მეთაურობით თავბრუდამხვევი იერიში მოჰქონდათ ჩვენზე.

-რა საკადრისია ტყუილი, აკი დიომიდე აქ იყოო.თან როგორ არხეინად ზის, უყურეთ ერთი.გამოტყდი ახლა, ხომ გვატყუებდი.


მე ვითმინე, ვითმინე, და ბოლოს, თითქოს თონეში ბურბუშელა ჩაყარესო, ისე ავბრიალდი და ვიკივლე.

-არა კვდება კაცო, გაიგეთ!ჩემი თვალით ვნახე, ჩემი ყურით გავიგონე, რომ ერთ კვირაში ფეხზე წამოდგება!მომეშვით ახლა!..

არ ვიცი, ამ დროს სახეზე რა მეწერა, უცებ სუყველა გაჩუმდა, ჩურჩულ-ტურტურზე გადავიდნენ და ვგრძნობდი, რომ გაწბილებულები ჭიანჭველასავით ჩუმად ფუსფუსებდნენ, ოთახებიდან ოთახებში გადიოდნენ, მგონი, კიდეც გაგზავნეს ვიღაც ნამდვილი ამბის გასაგებად, მე კი აღარაფერს მეუბნებოდნენ.ოღონდ ეგ იყო, ჩემი ახლობელი თანამშრომელი, რეზო სირბილაძე, მომიახლოვდა და ფრთხილად მკითხა:

-რაჟდენ, მართლა იყავი ვანოსთან?

მე შევუბღვირე, ნიშნად იმისა, ან ეგ რა კითხვაა-მეთქი.

-მაშ, კარგად არის, ხომ?

-მშვენივრად.

ეტყობა მოგზავნილი იყო.მიყურა, მიყურა და თითქოს უკმაყოფილო, ეჭვით შეპყრობილი გაბრუნდა უკან.ალბათ, იმასაც გაუცრუვდა მოლოდინი.


და უცებ იმ წუთს ჩემი თავიც დავიჭირე, ერთი წამით ვირწმუნე ჩემივე ტყუილი და თითქოს გულში მეწყინა, რომ მოლოდინი გამიცრუვდა.ამაოდღა ინიღბებოდნენ ჩვენი თანამშრომლები, მათ უკვე ჩამოვხადე ნიღაბი, სახეზე აშკარად დაეტყოთ წყენა.გველის ტყავში ძვრებოდნენ, რომ ჩემი ნათქვამი დაეზუსტებინათ და იმავე დღეს კიდეც დააზუსტეს.ჩემი მოტანილი ამბავი ჭორი გამოდგა.უნდა გენახათ, როგორი კმაყოფილები იყვნენ და რა დამცინავად მიყურებდნენ.

-აბა მიდი და ახსენი, ლად, რად მოხდა ასე ან რად არის ადამიანი ესოდენ რთული?


სამიოდე დღის შემდეგ ვანო ირემაძე მიიცვალა.თავისი წილი პატივი ყველამ მიაგო.მისმა უახლოესმა მეგობრებმა საფლავზე ის სიტყვები წარმოთქვეს, რასაც სუფრაზე ეუბნებოდნენ ხოლმე ვანოს და დაიშალნენ.


ჩვენი გამომცემლობა იმ დღიდან თითქოს დაყრუვდა.აღარ იყო ის უკანასკნელი მოჰიკანი, ვინც თავის დროშის ქვეშ აერთიანებდა სუფრისა და სიტყვის რაინდებს.დაცალკევდნენ და თავიანთ ნაჭუჭში შეიკეტნენ სათითაოდ.


გავიდა ერთი წელი, ორი, სამი...მაგრამ ვანო ირემაძე აღარავის გახსენებია.ერთხელაც არ შეყრილან მისი ღვიძლი მეგობრები მის მოსახსენიებლად "სევდის ბაღში", ერთხელაც არ დაუკვეთიათ მის პატივსაცემად "გრანადა" ანდა "Письмо к матери".იმ ცოდვილს კი ეგონა, რომ სიკვდილის შემდეგ თავისი თანამესუფრენი ასევე მოიგონებდნენ, როგორც სხვა წინაპრებს, რომ სუფრაზე დადებული ფიცის ერთგულები იქნებოდნენ.რა იცოდა, რომ სუფრა სხვაა, ცხოვრება სხვაა.თვით უახლოეს მეგობრებსაც კი ერთხელაც არ უფიქრიათ მისულიყვნენ და ჭიქა ღვინო წაექციათ მის საფლავზე.


აი, ამიტომ ვამბობ, ლად, რომ ერთადერთი, რითაც ადამიანს შეუძლია თავისი არსებობა გაამართლოს, ეს შრომაა, რაიმეს შექმნაა...სხვა ყველაფერი და, მით უფრო, სუფრაზე დადებული ფიცი, ტყუილია და იმ ღვინოსავით მალე გაქრება....


მწყემსების დანატოვარ ქოხში, სადაც მონადირეები ღამეს ათევდნენ, ცეცხლი უკვე ინავლებოდა, უკუნი სიბნელე დასწოლოდა დედამიწას.გარეთ დინჯი წვიმის ხმა ისმოდა.


ლადს ორივე ხელი თავზე შემოედო და ჩანავლებულ ცეცხლს ჩაჰყურებდა.ახლა იმაზე ფიქრობდა, ღირდა თუა არა, ეს ამბავი მოთხრობად დაეწერა.



image

ასევე იხილეთ



75 წლის წინ, ქართული პოეზიის ისტორიაში შეიქმნა ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი "ნიკორწმინდა", რომელიც გალაკტიონმა რაჭაში კურორტ შოვზე ყოფნის დროს დაწერა. კურორტის ხელმძღვანელობა თავს არ ზოგავდა პოეტისთვის კარგი პირობების შესაქმნელად. ხელმძღვანელობის დავალებით ნიკორწმინდელ მოხუც დურგალს - ნიკოლოზ ვაჩაძეს გალაკტიონისთვის ტყეში, ...


სოსო ჯუღაშვილის ლექსებით გატაცება ძირითადად 1895 -1896 წლების პერიოდს მოიცავს.როგორც ცნობილია სტალინის პირველი ლექსი "დილა"( "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი)"სოსელოს" ფსევდონიმით გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა 1895 წელს, რომლის რედაქტორიც ილია ჭავჭავაძე იყო.თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აღმოჩენილია სტალინის გვიანდელი ლექსიც, რომელიც დათა...


წუხელ ძილი გამიკრთა.ოცნებამ გამიტაცა.რა დაგიმალოთ და მიყვარს ოცნება, წევხარ რბილად ლოგინში და ოცნებობ, ხან ოქროს ტახტზე ზიხარ და ხელთ კვერთხი გიპყრია, ხან მათხოვრის ჯოხი, ხან უბადლო მეომარი ხარ, ხანაც დიდად სწავლული.თქვენ თუ გნებავთ ნუ დაიჯერებთ, მე მაინც ჩემსას გეტყვით:ოცნება სასწაულებრივი და იოლად საშოვნი წამალია.ოცნება რომ არ შეეძლოს კაცს, გული გაუსკდებოდა...

0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0