პროზა სოლომონ დემურხანაშვილი-უკანასკნელი ზარი 2021, 7 სექტემბერი, 18:48
წუხელ ძილი გამიკრთა.ოცნებამ გამიტაცა.რა დაგიმალოთ და მიყვარს ოცნება, წევხარ რბილად ლოგინში და ოცნებობ, ხან ოქროს ტახტზე ზიხარ და ხელთ კვერთხი გიპყრია, ხან მათხოვრის ჯოხი, ხან უბადლო მეომარი ხარ, ხანაც დიდად სწავლული.თქვენ თუ გნებავთ ნუ დაიჯერებთ, მე მაინც ჩემსას გეტყვით:ოცნება სასწაულებრივი და იოლად საშოვნი წამალია.ოცნება რომ არ შეეძლოს კაცს, გული გაუსკდებოდა.ჩვენ ხშირად დავცინით ხოლმე მეოცნებე ადამიანებს, მაგრამ ყველანი ვოცნებობთ;დიდი თუ პატარა, ბოროტი თუ კეთილი, ბრძენი თუ სულელი.ყველა ჩვენებურად ვოცნებობთ და ამ დროს ვამჟღავნებთ მთელს ჩვენ სულს თავის სიბნელითა თუ სინათლით.მეოცნებეებს კი მარტო იმათ ვეძახით, ვინც გულუბრყვილონი, კეთილნი არიან და თავიანთ ოცნებას არ მალავენ.ეჰ, კეთილო ხალხო ვის უბამთ თვალებს, განა თქვენ კი არ ოცნებობთ?ვინ იცის რამდენი გადაგიყენებიათ თანამდებობიდან და და მისი ადგილი თქვენ დაგიკავებიათ. რამდენისთვის წაგირთმევიათ ნიჭი და თქვენ მიგიბოძებიათ, რამდენი უფრო მეტადაც გაგიწირავთ.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაშინ ჩაგიდენიათ, როცა მარტოდ-მარტო დარჩენილხართ თქვენს ფიქრთან, თქვენს ოცნებასთან.მერე გამოდიხართ სოფელ-ქვეყანაში, ინიღბებით და მამა აბრამის ბატკნად მოგაქვთ თავი.
ყველა თავისებურად ოცნებობს, კეთილი კეთილად, ბოროტი ბოროტად.მეც ჩემი საოცნებო მქონდა წუხელ.ხან უნივერსიტეტის აუდიტორიაში ლექციებს ვისმენდი, ხან არდადაგებზე ვიყავი სოფელში და ხანაც მეცნიერულ შრომას ვწერდი ლიტერატურის დარგში.ლიტერატურა ძაან მიყვარს და იმიტომ გამახსენდა.ეგ კი არა, ჩუმ-ჩუმად ლექსებს და მოთხრობებსაც კი ვწერდი. ერთი სიტყვით ოცნებამ თავის ნებაზე მაბურთავა.გარიჟრაჟამდე ვიბორგე და მერე დაღლილ-დაქანცულს მკვდარივით ჩამეძინა.ბუნდად მახსოვს, დილით დედაჩემი მაღვიძებდა, მაგრამ ძილს ვერ მოვერიე და თავი დამანება. ცხრა საათზე გამეღვიძა.ზაფხულის დღეში ცხრა საათი ეს ის დროა, როცა ხალხი მუშაობითაა გამაძღარი და ავადმყოფებისა და მოხუცების მეტი შინ აღარავინ არის დარჩენილი. სოფელი სისხამ დილით იღვიძებს, ბღავილით გაილალება საქონელი საძოვრებისკენ, მიწყდება ქათმების კრიახი, ბაღ-ვენახებისკენ გაიკრიფება ქალი თუ კაცი და მინელდება სოფლური დილის ხმაური.მერე ზაფხულის ცხელი მზე ამოიწევს, ცეცხლს დაანთებს და ყოველივეს მიაყუჩებს. ეტყობა მეც ამ მზის მცხუნვარებამ გამაღვიძა.პირდაპირ ზედ დამდგომოდა. -დილა მშვიდობისა ვაჟბატონო!დღეს რა დღეა თუ იცი?-საგარეო ტანსაცმელში გამოპრანჭული ჩემი და კარებში იდგა და მიღიმოდა. -დღეს ხუთშაბათია. -არა რა რიცხვია? -ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი წლის ოცდაათი ივნისი, -დავაზუსტე. -ჰო..ნერე? შე მძინარავ, დღეს ატესტატებს გირიგებენ.შენმა კლასელებმა რა ხანია გაიარეს სკოლისკენ.შენ კიდევ ლოგინში გორაობ.ადექი ახლავე და წადი.მე კლუბში მივდივარ, სიმღერის გუნდის მეცადინეობაა. ჩემი და გადასარევად მღეროდა, ახლა ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. -რატო აქამდე არ გამაღვიძე? -დილას დედაჩემმა გაღვიძა და ვერ გაგაღვიძა.ადექი აღარ დაიძინო.მე მივდივარ, საუზმე მზად არის-შებრუნდა და წასვლა დააპირა. -მოიცა. რა გინდა?-ისევ მომიბრუნდა. მე დაჟინებით დავაცქერდი.ცისფერი მოკლესახელოებიანი კაბა ეცვა და რატომღაც ახლა ვიგრძენი, რომ ეს კაბა საოცრად შვენოდა.უხმოდ მივჩერებოდი მის ოდნავ ფერმკრთალ, ეშხიან სახეს, შავ თმასა და გრძელწამწამებიან დიდ თვალებს, თითქოს პირველად ახლა ვიგრძენი, რომ ჩემი და დაქალიშვილებულიყო და რაღაც მტკივნეულმა ეჭვმა თუ სინანულმა გამკენწლა. -რა გინდა, მითხარი ჩქარა, მაგვიანდება! -ვის ეპრანჭები, ალიწეწიავ? ეშმაკმა იცის ეს ზედმეტი სახელი საიდან გამახსენდა.ბავშვობაში ჩემი და ერთი ალიკლანჭა ვინმე იყო.მთელ უბანს გარს უვლიდა. სულ ბიჭებთან თამაშობდა და ხან ერთს ააღრიალებდა, ხამ მეორეს.როდის-როდის მოვიდოდა შინ, ალივით თმაგაწეწილი, ფეხებდაკაწრული.მთელი სოფელი ალიწეწიას ეძახდა.მერე, როცა წამოიზარდა, ის ჩვევა დაკარგა და ეს ზედმეტი სახელიც მივივიწყეთ. გაოცებით შემომხედა, ეტყობა არ მოელოდა თუ ეს სახელი კიდევ გამახსენდებოდა. -ე-ესღა თქვა და ყურებამდე აწითლდა.არ ვიცი, სიბრაზისგან თუ სირცხვილისგან. -წადი და ჭკუით იყავი, -სიყვარულით გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.ერთხელ კიდევ შემომხედა რაღაც უცნაური ეჭვით, მერე კეკლუცად შებრუნდა და წავიდა. კიბეზე მესმოდა მისი ფეხის ხმა. ჩემი და! ჩემი ერთადერთი და!.. რა უცებ დაქალიშვილდა, უკვე მეთერთმეტე კლასში გადავიდა.ახლა, ამ წუთს ვიგრძენი, რომ აღარ არის ის პატარა ალიწეწია გოგო, ჯერ კიდევ, გუშინ ფეხშიშველი რომ დაატლაპუნებდა წვიმისგან მოდიდებულ რუში, ცალი თითით ოსტატურად უსტვენდა და თანატოლ ბიჭებს ნიშნს უგებდა. რა უცებ შეიცვალა.თითქოს ვიღაც ბრძენი ჯადოქარი მოვიდა, გადაუსვა თავზე დიდი, ბებრული ხელი და ჩასჩურჩულა:ღმრთისაგან გეშინოდეს, მშობელთაგან გცხუენოდეს“მოყვარეთა განეკრძალე, დადინჯდი და განაზდიო. იგი როგორღაც გაუცხოვდა ჩემთვის და და ამავე დროს უფრო ახლობლადაც იქცა.დაქალდა, გაივსო, განაზდა და გაყუჩდა.ყურძნის მტევანივით თვალი შეუვიდა.ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე თვალს იტაცებს და სადაც არის გულიდან მოგწყვეტენ.წავა.სხვის ბუდეში დაიდებს ბინას, სხვის ჯიშსა და ჯილაგს მაომრავლებს. გილზე ნაღველი შემომაწვა. ჩემი ობლად გაზრდილი ერთადერთი და!.. საბანს ხელი გავკარი და წამოვხტი, ათ საათზე სკოლაში უნდა ვყოფილიყავი.დღეს უკანასკნელი დღე იყო, სამუდამოდ უნდა გამოვთხოვებოდი სკოლას და ჩემს სიყრმეს. პირი დავიბანე, წავიხემსე და წავედი. თაკარა მზიანი დრე იდგა.მთელი მაისი და თითქმის ივნისიც უჩვეულოდ გრილი და ავდრიანი იყო და ეს ათიოდე დღეა ზაფხული გამძვინვარდა.ტყუილად კი არ უთქვამთ, დიდ აღმართს დიდი თავქვე მოსდევსო.ლეკის მთაზე თოვლი უცებ ჩამოდნა, იალაღები ამწვანდა. ორღობეში მივდივარ მოკლე გზით, კაციშვილი არ ჭაჭანებს, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდნილა, თითქოს მთელი სოფელი დიდ-პატარიანადა სადღაც გადაკარგულა.ხანდახან ხვლიკი გაიფხაკუნებს, შემომხედავს თავის წვრილი, ცნობისმოყვარე თვალებით და მერე ღობეში გაიელვებს მისი მწვანე ზურგი.აგერ გორაზე თეთრად აღმართული ჩენი სკოლაც!შორიდანვე იგრძნობა დუმილი და სიმშვიდე, ზაფხულის არდადაგებზე რომ გამეფდება ხოლმე ყოველ სკოლაში. 2 ჩენი სკოლა ორსართულიანია, მაგრამ ქვედა სართული მიწიდან რამდენიმე საფეხურითაა დაშორებული, პირველ სართულზე საკლასო ოთახებია, მეორეზე კი დირექცია, სამასწავლებლო და ერთიც სამპატრონიანი კაბინეტი.სამპატრონიანი იმიტომ არის, რომ სამი კაცი იჩემებს:ფიზიკის მასწავლებელი ამბობს, ფიზიკის კაბინეტიაო, ქიმიის მასწავალებელი გვარწმუნებს ჩემიაო, ხოლო ზოოლოგიისას თუ ჰკითხავთ, ერთადერთი სრულუფლებიანი პატრონი მე ვარო.ალბათ თვითეულ მათგანს ჰგონია, რომ ჩვენ გავჯერებს, ასე ვართ ადამიანები, როცა გვჭირდება, თავსაც ვიტყუებთ და ვითომ სხვასაც ვატყუებთ. კლასში როგორც იყო, თავი შევყავი, ბიჭებმა ერთი ჟრიამული ატეხეს. -ბენდელიანს გაუმარჯოს, ჭიჭიკო ბენდელიანს!-ეს ზედმეტი სახელი გივი კონსტანტინიძემ შემარქვა.რვა კლასი რომ დავამთავრე, ჭიჭიკო ბენდელიანის სახელობის საფრენოსნო სკოლაში შევიტანე საბუთები, მაგრამ ჩემი მათემატიკის პატრონს იქ ცხვირს ვინ შემაყოფინებდა.დაიმსხვრა დიდი ოცნება და ისევ ჩემს სკოლას დავუბრუნდი.იმ დღიდან ბენდელიანად მომნათლეს. ვიღაცამ დაიძახა მოდიანო და მთელი კლასი გაინაბა, ყველა თავის ადგილას დავსხედით.ბეწვზე არ მოვუსწარი?! დერეფანში ჩვენი დამრიგებელი ნინო მასწავლებელი და დირექტორი მოდიოდნენ.უცებ ზარის ხმა გაისმა.სკოლის დიდი ზარი რეკდა გაბმით.მთელს სკოლაში ჩვენი, მეთერთმეტე კლასის გარდა არავინ იყო.სწვალა დიდი ხანია შეწყდა, გამოცდებიც დამთავრდა, ჩვენ მხოლოდ ატესტატებისთვის მოვედით დ აეს ზარი ვიღას რაღაში სჭირდებოდა? მომეჩვენა, რომ ამ სიმშვიდეში სულ სხვანაირად ისმოდა ზარის ხმა. ჩვენი სკოლის ზარი პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში დაირეკა, მაშინ, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით აშენდა ამ გორაკზე სკოლა.იმ დღიდან რეკდა ეს ზარი და სწავლისთვის უხმობდა ახლომახლო სოფლების ახალგაზრდებს, რადგან მაშინ საშუალო სკოლა ერთდაერთი იყო ალაზნის გაღმა-გამოღმა.მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი გააცილა ამ ზარმა და ცხოვრების მიმოქცევამ ზოგი ბედს სწია, ზოგიც უბედობას.ეს ზარი ახლა ჩვეულებრივ როდი რეკდა, იგი თითქოს მიგვაცილებდა, მისი პირით თითქოს ცხოვრება გვეძახდა, მეორე ცხოვრება გვიხმობდა და ვინ იცის ვინ საით. უკანასკნელად გაიჟღარუნა ფოლადმა, დაიკვნესა და დადუმდა. კლასში ნინო მასწავლებელი და დირექტორი შემოვიდნენ. -დასხედით, დასხედით!-გვითხრა ნინო მასაწავლებელმა და გამხდარ მწვანე სახეზე ღიმილმა გადაურა.კლასში შემოსვლისთანავე ეს ღიმილი ედგა სახეზე.მისთვის ჩვეული და ჩემთვის კარგად ნაცნობი ღიმილი, თხელი ტუჩების მარცხნივ რომ გაუკრთებიდა ხოლმე.აღტაცებას თუ სიხარულს, საღიმილოს თუ საკისიკოს ამ ნაზი ღიმილით გამოხატავდა.ხმამაღლა გაცინებული იგი ვერც კი წარმომედგინა.ნინო მასწავლებელი მეცხრე კლასიდან გვასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას და იქიდან მოყოლებული ჩენი კლასის ხელმძღვანელიც გახლდათ.საოცრად მიყვარდა იგი, რაღაც მშობლიურს და მახლობელს ვგრძნობდი მისგან. ვერ ვიტყვით, სხვაც ასე იყო თუ არა, მაგრამ მე ეს გრძნობა არასოდეს შემრყევია.იმ დღიდან რაც წმინდა შუშანიკის წამება ვისწავლეთ, ჩემს წარმოდგენაში შუშანიკი და ნინო მასწავლებელი ერთ არსებად იქცა.მე შუშანიკი სვხანაირი ვერ წარმომედგინა.სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, სუსტი და გამხდარი, ასეთი ღიმილი უნდა სცოდნოდა, ერთადერთი რითაც ჩემი აზრით, შუშანიკისგან განსხვავდებოდა, ის გახლდათ, რომ მას მეხუთე საუკუნეში არ უცხოვრია, ვარქსენი არ ჰყოლია ქმრად და ქრისტეს სჯულისთვის არ უწამებიათ.ხანდახან ვიფიქრებდი, ეგებ ცად აღველენილი შუშანიკის წამებული სული დაბრუნდა მიწაზე და ნინო მასწავლებლის სახით მოგვევლინა-მეთქი მეოცე საუკუნეში. კლასის ხელმძღვანელმა მაგიდის კუთხეში დასტად დააწყო ქაღალდში გახვეული ატესტატები და ყველას თვალი იქითკენ გაგვექცა. -ალბათ დღეს მაინც იქნებით ყველანი, -გაიღიმა ნინო მასწავლებელმა, მერე საკლასო ჟურნალი გადაშალა და სია ამოიკითხა: -ბიწკინაშვილი! -ვარ მასწავლებელო! -დათუკაშვილი! -გახლავართ! -მარტაშვილი! ისიც რა თქმა უნდა ადგილზეა, ადგილზე არიან კონსტანტინიძეც, პატარაშვილიც და საერთოდ ყველანი, ოცდაერთივე კაცი უკლებლადაა, გოგოც და ბიჭიც, წარჩინებულიც და წარუჩინებელიც. მასწავლებელმა დირექტორს შეხედა, დირექტორმა ტუჩები გაატოკა, ალბათ რაღაც თქვა და ნინო მასწავლებელმაც დაიწყო: -ბავშვებო დღეს როგორც იცით, საშუალო სკოლის ატესტატი უნდა მიიღოთ.პატივცემულ კლიმენტის, -და დირექტორს გადახედა-სურს ორიოდე სიტყვით მოგმართოთ..გთხოვთ პატივცემულო კლიმენტი. კლიმენტა შარშან გამოგვეცხადა თავის კოდალა ცხვირით რუსული ენის მასწავლებლად.გამოგვეცხადა და ერთ წელში სკოლის დირექტორადაც ეკურთხა.პირველ ხანებში კლიმენტას დასცინოდნენ სხვათა და სხვათა მიზეზის გამო.ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ პირველ დღესვე ცოტა უცნაურად ჩაცმული მოგვევლინა.გალიფე შარვლის ტოტები მაღალყელიან წინდებში ჩაეტანებინდა და ზედ მუხლებთან მიება რეზინებით, დადიოდა თავისი გრძელი ცხვირით და დააფლარტუნებდა ორი-სამი ნომრით დიდ კალოშებს, ეჰო ჩაიცინეს თურმე, ამას ცოტა კრამიტი უნდ ჰქონდეს დაცურებულიო, ვითომდა ცოტა დალაგებული ვერ უნდა იყოსო.მეორე მიზეზი კი კლიმენტას უცნაური და ფათერაკიანი მოგზაურობა გახლდათ თელავიდან ახმეტას.საღამო ხანს შემომჯდარა იგი საბარგო მანქანის ძარაზე, ამოულაგებია ჯიბიდან კაკალი დ აკაბინის თავზე დაუწყია ქვით მტვრევა.კაკუნზე შოფერს მანქანა გაუჩერებია, რა იყოო. -არაფერი, ბატონო, აგერ ნიგოზს ვტეხავ!-უთქვამს კლიმენტის და გრძელი ცხვირი შოფრისთვის დაუმიზნებია, დაძრულა მანქანა და ცოტა ხანში ისევ აუტეხია კოდალასავით კაკუნი.კვლავ გაუჩერებია შოფერს მანქანა, ალბათ ახლა მართლა აკაკუნებსო. -განაგრძე შენი გზა ყმაწვილო, ნიგოზს ვამტვრევ- მეთქი, არ გითხარი!-განაწყენებულა ნიგვზით პირაქაფებული კლიმენტა. შოფერს თვალები ეშმაკურად მოუჭუტავს, კაბინაში საგულდაგულოდ შეჭმუჭნულა და და მანქანა გაუჭენებია.მაჭარაულში რომ შესულან, კლიმენტა ორივე ხელით უბრახუნებს თურმე კაბინაზე, გააჩერე აქ ჩავდივარო, მაგრამ შოფერი უფრო დასწოლია და ახმეტამდე აღარ გაუჩერებია.კლიმენტას ჩხუბსა და დავიდარებაზე თავი ასე უმართლებია შოფერს, მე მეგონა ისევ კაკალს ამტვრევდიო. რაღას იზავდა კლიმენტა, ხუთ კილომეტრიან გზას უკან დასდგომია, მოდის თურმე ბუზღუნ-ბუზღუნით და მოაფლარტუნებს თავის დიდ კალოშებს.მოუახლოვდა მაჭარაულს და რა ესმის, სოფელში ძაღლებს ერთი გნიასი გააქვთ, გააფთრებით უყეფენ გამვლელ-გამოვლელს, ერთხან სოფლის განაპირას შეჩერებულა, იქნებ ვინმემ გამოიაროს და ავემგზავროო, მაგრამ არავის გაუჭაჭანებია.ძაღლები კი თანდათან უახლოვდებიან ყეფით.კლიმენტის არც აუღია, არც დაუღია, დაუხდია კალოშები და ერთ დიდ კაკლის ხეზე აფოფოხებულა და იქ ღამე გაუთევია. მეორე დღეს ეს ამბავი მთელმა სკოლამ იცოდა.ვერ გეტყვით ვინ იყო დამნახავი, ან ვისთან დასცდა კლიმენტას თავის გასაჭირი, ერთი კი ცხადია, ამ ამბავს ყველა დაბეჯითებით ირწმუნებოდა. ასეთი მასწვალებელი ცუღლუტი მოწაფეებისთვის, სულ საშმაკოზე რომ უჭირავთ თვალი, პირდაპირ ზეიმია.იმის გაკვეთილზე ისე გრძნობ თავს, როგორც აღლუმზე. -რა გვარი ხარ შენ, ბიჭო?-წამოაყენებდა კლიმენტა რომელიმე მოწაფეს და ისიც, თუ ვთქვათ ბატიაშვილი იყო, ჯანდიერი ვარო. -ჯანდიერო, აბა მომიყევი გაკვეთილი! -არ ვიცი მასწავლებელო. -დაჯექი, ორიანი. კლიმენტა დიდხანს ეძებდა საკლასო ჟურნალში ჯანდიერს, მაგრამ ვერ პოულობდა.კლასში ფრუტუნებდნენ და ხითხითებდნენ. -მასწავლებელო, ეგ ჯანდიერი კი არა, ჩოლყაშვილია. კლიმენტი ახლა ჩოლყაშვილს დაუწყებდა ძებნას, კლასი კუ უკვე გნიასობდა და ხარხარებდა. მაგამ კლიმენტი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, როგორც ზოგიერთებს ეგონათ.იგი ისეთი ხარი არ გახლდათ, ხმაურით რომ ახელებენ.პირიქით, სახედარივით თვინიერი და მომთმენი გამოდგა, იცოდა სად შეეტია და სად დაეხია.დედის მუცლიდანვე ჰქონდა დაყოლილი ეს მუღამი.არ აჰყვა გადარეულ ყმაწვილებს და ისინიც დაცხრნენ, დაიკდნენ. ერთი სიტყვით, კლიმენტამ მალე აუღო ალღო აქაურობას და მალე აქაური ქუდიც მოირგო, ისე ლაზათიანად და ამრჯვედ მოირგო, რომ ზოგიერთები ჯერ ბაიბურში არ იყვნენ და გაოცებისგან მარტო პირი გააღეს, როდესაც კლიმენტამ სადირექტორო ჩოხა გაისწორა. ეს ამბავი შარშან მოხდა.ჩვენმა ძველმა დირექტორმა, თუშმა სკოლას ზურგი აქცია და ცხვარში გამწესდა.სწორედ იმ ხანებში სამი დღით სადღაც გაქრა კლიმენტა, მეოთხე დღეს შეაღო განათლების განყოფილების კარი, თავის გრძელი ცხვირი მოწიწებით შეყო და განყოფილების გამგეს წინ რაღაც ქაღალდი დაუდო.იმ ქაღალდით სამინისტროდან იუწყებოდნენ მავანი და მავანი, მაჭარაულის სკოლის დირექტორად არის დანიშნულიო.კეთილი და პატიოსანი, არის და წინ ვიღა დაუდგებაო, ორი თავი ვისა აქვსო, ალბათ ჩვენზე უკეთ იქიციანო და, კლიმენტის გზა დაულოცეს. ასე გამოავლო პირში ცალა ყველას, ვინც დიდი იმედით ელოდა, დირექტორად მე მიმიწვევენო. იმ დრიდან კლიმენტა მთელს სკოლაში პატივცემული კლიმენტი გახდა და ნებსით თუ უნებლიედ ყველა მოწიწებით ექცეოდა. ...პატივცემულმა კლიმენტამ გრძელი ცხვირი ჯერ ნინო მასწვალებელს დაუმიზნა, მერე მთელ კლასს, ტუჩები ააწკაპუნა და დაიწყო: -ბოვშვებო, მე იმიტომ მოგმართავთ სიტყვით, ჩემი დირექტორობის მანძილზე პირველი გამოშვება თქვენ ხართ, ყველანი სასახეოები უნდა გამოხვიდეთ...შენ ყმაწვილო, მომისმინე და თავში ცაიდე რამე, -მიმართა დათუკიშვილს დ აკვლავ განაგრძო, -იმას გეუბნებოდით, პრიფესორები თუ არა, დოცენტები მაინც უნდა გამოხვიდეთ. -კოლმეურნეობაში ვიღამ იმუშაოს მასწ...-ვეღარ მოითმინა დათუკიშვილმა. -მაცალე ყმაწყვილო, ვინ იმუშავებს და რეგვენი. დათუკიშვილმა ჩაახველა. ცალი თვალით გადავხედე, ფრიად სერიოზულად იჯდა, ვისაც თვალი ჰქონდა მიჩვეული და მისი ასავლ-დასავალი იცოდა, მხოლოდ ის შეატყობდა, ხშირი გადამბული წარბების ქვეშ, რა ეშმაკურად უციმციმებდა თვალები. "ჰა, პასკევიჩო!.."-ვთქვი ჩემთვის. სოლიკო დათუკიშვილი "პასკევიჩად" გვყავდა მონათლული, ისტორია უყვარდა თავდავიწყებით და სულ პასკევიჩს გაიძახოდა. დირექტორს წარბიც არ შეუხრია, მარტო ნინო მასწავლებელმა გადახედა დათუკიშვილს. -იმას მოგახსნებდით, -განაგრძო პატივცემულმა კლიმენტიმ-თქვენ რომ ცუდად მოიქცეთ, ეს ჩემი სირცხვილი იქნება, იკითხავენ რომელი სკოლა დაამთავრაო, ვინ არის იმ სკოლის დირექტორიო, ვინა და კლიმენტი სარჯველაძეო, ნახევარი ქალაქი მიცნობს და თავი მომეჭრება, ისე კი არ არის საქმე, თქვენ რომ გგონიათ, ჩვენს სკოლას უნდა აღვუდგინოთ ავტორიტეტი, აბა რეიზა დამნიშნეს დირექტორად, კი არ მეხალისებოდა.ამ სკოლიდან წასული მოსწავლე პროფესორი თუა არა, დოცენტი მაინც უნდა გამოვიდეს, აბა სხვა რა გითხრათ, მინდა დაგილოცოთ დიდი ცხოვრების გზა..ახლა კი თქვენი კლასის ხელმძღვანელი დაგირიგებთ ატესტატებს. თავჩაღუნულმა და აწითლებულმა ნინო მასწავლებელმა ძლივს მოახერხა მადლობა გადაეხადა დირექტორისათვის. -ტაში რომ არ დავუკარით, მასწავლებელო!-თქვა დათუკიშვილმა, როცა დირექტორი კლასიდან გავიდა. ნინო მასწავლებელმა რატომღაც ამოიოხრა და სევდიანად ჩაილაპარაკა: -დღეს მაინც მოიქეცი, წესიერად, ბიჭო. "პასკევიჩმა" გაიღიმა და გვერდზე გაიხედა. -მაშ ასე ბავშვებო, დადგა თქვენი გამოთხოვების ჟამი, მე უკვე ვიცი, ზოგიერთი სად აპირებს სწავლის გაგრძელებას, დანარჩენებიც ალბათ მეტყვით. ნინო მასწავავლებელმა ჟურნალი გადაშალა და სიის მიხედვით დაიწყო: -ბიწკინაშვილი ლენა! მერხიდან წამოდგა ტანთხელი, ნაწნავებიანი გოგო, არც ძაან ლამაზი, არც ულამაზო, ნაწნავების რხევით მივიდა მასწავლებელთან.მასწავლებელმა ხელი ჩამოართვა და ატესტატი გადასცა. -გილოცავ! -გმადლობთ. -სად აპირებ სწავლის გაგრძელებას? -ჯერ არ ვიცი, მასწვალებელო... -უნდა გათხოვდეს, პატივცემულო! კლასში თავშეკავებული ფრუტუნი გაისმა. -პატარაშვილო, -ნინო მასწავლებელმა ნახევრად მწყრალად და ნახევრად ღიმილით ასწია თითი.ყურებამდე აწითლებულ პატარაშვილს ზიზღით გადახედა ბიწკინაშვილმა. უკვე მეორე წელია თეთრწლებიდან ჩამოსული ფშაველი ბიჭი შაქარყინულივით უტკბებოდა ბიწკინაშვილს, ხან ელაქუცება, ხან თავს აცოდებს, ხან აბრაზებს, მაგრამ არ იქნა და გული არ გაუხსნა.უიმედო სიყვარულით დადაგული პატარაშვილი მთვარეს შესჩივის, ვარსკვლავებს შესჩივის, მაგრამ იმის გულის მურაზს არავინ იზიარებს. -დათუკიშვილი!-იძახის მასწავლებელი. ჩემი გვარი სულ ბოლოსაა.იქამდე დიდი დრო დასჭირდება.აღარც მასწავლებელს ვუსმენ, აღარც მოსწავლეებს, ბუნდად მესმის რომ მასწავლებელი ჩვეულებრივ ეკითხება ყველას, სად აპირებ სწავლასო, ესაუბრება, ისმენს მოსწავლეთა პასუხებს, მაგრამ მე აღარაფერი მესმის.ჩემი ფიქრები იზრდება, ფეხს იდგამს, კლასიდან გადის და წარსულში მოგზაურობს. 3 მე კრასნოდარში დავიბადე.მამაჩემი აქ, ამ სოფელში.პაპაჩემი ალაზნის გაღმა, შილდაში, ხოლო იმისი მამა, ესე იგი ჩემი დიდი პაპა, ჰეღოდან შილდაში გადmოხვეწილი თუში ყოფილა.მოსისხლეებს გამოქცევია და ღულულაურის ნაცვლად ღულულაშვილად დაწერილა.ჩვენი გვარისა და მოდგმისთვის, ეტყობა, მშვიდი ცხოვრება არ დაუკვებებია ღმერთს.დედაჩემს რომ გავუკერპდები, რომ ვერაფერს გამაგონებს, ბრაზით მეტყვის, თქვენ ისეთი ჯიში გაქვთ, ადამიანი ვერაფერს შეგასმენთო, მე ამაყად ჩამეცინება და ბავშვობიდანვე დაზეპირებული სტრიქონებით მივულექსებ ხოლმე: თუშთ არ იციან ვითარცა ვინ არის მათი ბატონი თვითონ არიან თავისა ბრძანებელი და პატრონი. -ოი, შე მართლა თუშის ჩამომავლობისავ, შენა!მამაშენიც ეგრე ჯიუტი იყო და რა მოიგო.ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დღეს ცოცხალი იქნებოდა.ვაჟკაცობაზე დებ თავს...-და უცებ კი არ დავინახავ, ვიგრძნობ, რომ თვალებში ცრემლი აქვს მომდგარი და ხმა უთრთის. იმას მოგახსენებდით, ჩემს დიდ პაპას უთვალავი ცხვარი ჰყოლია.იმის ფარები რომ შირვანიდან დაიძვრებოდა და ქალაქს მოადგებოდა, მოძრაობა ჩერდებოდა.ერთი სიტყვით დიდი დოვლათის პატრონი ყოფილა, მაგრამ მიქელ-გაბრიელმა მდიდარი და ღარიბი როდი იცის.ერთადერთი ეს მიქელაა ჯერჯერობით რომ ვერ მოუსყიდიათ.იმის ცელი, ვენაცვალე იმის სამართალს, ერთიანად სხეპს მდიდარსაც და ღარიბსაც.ქოლერა შემოჭრილა და ჩემი დიდი პაპაცა და მისი მეცხედრეც ამ ლამაზი ქვეყნიდან იმქვეყანას გაუსტუმრებია. პაპაჩემი გიორგი თვრამეტი წლისა ყოფილა მაშინ.ქოლერას მთელი ოჯახიდან ეს გადარჩენია და ობოლი ბიჭი დეიდას უშვილებია იმავე სოფელში. პაპაჩემს თავად უკისრია ცხვრის პატრონობა.ბავშვობიდანვე ისე გაწაფულა მეცხვარეობაში, ვერც ერთი მწყემსი ცხვრის ასავალ-დასავალს ვერ გამოაპარებდა. გასულა კიდევ ხუთი-ექვსი წელი და პაპაჩემი დავაჟკაცებულა, ულვაში შეღერებია. -შვილო გიორგი, -უთქვამს ერთხელ მთიდან ჩამოსულ პაპაჩემისთვის თავის დეიდას, -სახლი და კარი კარგი გაქვს, დიდ ძალი ცხვრის პატრონი ხარ, მაგრამ რად გინდა ეს დოვლათი, თუ ოჯახს არ მოეკიდები, ძითა და ასულით არ გაიხარებ, ხვალ ალავერდობაა, ვენაცვალე იმის მადლსა, წამოდი შენც, იქნებ ვინმეს დაადგა თვალი, იქნებ შენი ბედი იქ იყოს.მთაში ყოფნა რა გაგიხდა, შემოგევლოს დეიდა, ცხვარს მწყემსებიც მოუვლიან. -ეგრე იყოს, დეიდავ, წადით დღეს თქვენ, წაიყვანეთ თოხლი და ხვალ მეც იქ გავჩნდები.-უპასუხია პაპაჩემს.თავადვე მოუჩარდახებია ურემი, ზედ თოხლი დაუკრავს, შეუბამს კამეჩები და როგორც ხატის კარზე მიმავალთ შეფერის, ისე გაუსტუმრებია ბიძა-დეიდა. იმღამეს ჩვეულებისამბერ, ალავერდს ბევრი ღამის მთეველი ჰყოლია.ბევრი ცხვარ-ძროხა შეწირულა, ხალხი გალავანს შიგნით რომ ვერ დატეულა, გალავანს გარეთ დაუციათ კარვები. მეორე დღეს დილაადრიან შეუკაზმავს პაპაჩემს თავისი იაბო.ამხედრებულა დ ამზის ამოსვლისას უკვე ალავერდის გალავანთან მიუგდია გაქაფებული ცხენი. -შენ გენაცვალე, სიტყვის კაცო, აბა მოდი სუფრასთან, ნამგზავრი ხარ, გეშიება-უთქვამს დეიდას და გაწყობილ სუფრასთან მიუწვევია, პაპაჩემი დიდხანს არ გაჩერებულა სუფრასთან, შეზარხოშებულ ხალხში გაუვლ-გამოუვლია.ჯგუფ-ჯგუფად დგანან თურმე ხევსურები, თუშები და დოღში ეჯიბრებიან ერთმანეთ.აგერ ერთ ადგილას, ვიღაცას ხალხი შემოსევია, მისულა პაპაჩემი და რას ხედავს, დგას ტანწერწეტა თუში და ცხენს ძლივს იოკებს.ხალხი ხარბად ათვალიერბეს გრძელ და წვრილფეხება ლურჯა იაბოს, ერთთავად რომ ფრუტუნებს და თავს ჯიუტად იქნევს, ცდილობს, ლაგამი დაკვნიტოს.ეტყიბა მისი ჯიში და მოდგმა ვერ ეგუება უქმად დგომას.ერთი სული აქვს როდის გაიძაგრება ვაკეზე, რომ ჭენების ჟინი მოიკლას.ცხენსაც და პატრონსაც კარგად იცნობენ მედღეობენი.ეს ის იაბოა, შარშან ალავერდობისას, ყველა ცხენი რომ დაჯაბნა დოღში.იმ დრიდან ლეგენდები დადის მასზე.ხოლო მისი პატრონი, წოვა თუში იორდანე ბაიხოიძე, კარგი ვაჟკაცი და პატრონი ბევრი ცხენისა, სუფრას ისე არ დატოვებს, თავის ცხენი თუ არ ადღეგრძელა. -ათი თოხლი და შემეჯიბროს ვისაც უნდა!-ამბობს ბაიხოიძე და დოღის მოთავე ხმამაღლა აცხადებს: -ათი თოხლი ერთი! მაგრამ ჩამიჩუმი არსაიდანაა. -ოცი იყოს!-ფასს უწვეს თუში. და უცებ თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო, ისე გაისმა: -ოცდაათი ჩემი! ყველამ პაპაჩემისკენ მოიხედა თურმე, ცნობისმოყვარეობით შეუთვალიერებიათ ეს უცხო კაცი და მისი ცხენი.ხალხში მითქმა-მოთქმა ატეხილა. -ორმოცი ჩემი!-გაბრაზებულა ბაიხოიძე. -ორმოცდაათი!-მაშინვე მიუხლია პაპაჩემს. გაოცებულა თუში.ამ კაცს ან ცხენი რა ჰყავს ამისთანა, ან რა ცხვრის პატრონია, ასე გულდაგულ რომ მომდევსო. -სამოცი კახო! -სამოცდაათი თუშო! და თუშს ხმა აღარ ამოუღია, გულმოსული პირდაპირ ცხენს მოახტა.პაპაჩემიც ამხედრებულა თავის იობაზე.ცხენები თრთიან, ეტყობა, მიხვდნენ, რაც ირგვლივ ხდებოდა, ერთმანეთს ალმაცერად გადახედეს და ტორებით მიწა დაჩხვერეს. დიდი თუ პატარა ცნობისმოყვარეობას შეუპყრია.საოცარი დოღის მომსწრენი უნდა გამხდარიყვნენ. ალბათ გინახავთ ალაზნის ჭალიდან თეთრად აზიდული ალავერდი.ეს ტაძარი დაბლობზეა აშენებული და მაინც რა ზვიადად, დიდებულად გაბოტილა.თავის სიდიადით ყველა ტაძარი დაუჩრდილავს.ალავერდს სამხრეთით შიშველი ვაკე აკრავს, ხოლო ჩრდილოეთით ალაზნის ხშირი და სასწაულებრივი ლამაზი ჭალა. აქ გოჯი მიწაც არ არის ცხენის ფლოქვით გაუთელავი.მტკაველი მიწაც არ არის სისხლით გაუჟღენთავი.დროს ჯერაც ვერ წარუხორცია მისი ნაკვალევი, ადამიანის მეხსიერებიდან ვერ აღმოუფხვრია ის ყიჟინა, მტერს რომ დასცემდნენ ამ მიწის ძუძუთა გაზრდილი წინაპრები. ახლა იმათი შთამომავლები:კახნი, თუშნი, ხევსურნი თუ ფშაველნი მოდიან ალავერდობას ცხენებზე ამხედრებულები და დოღში ეჯიბრებიან, ცდიან ვაჟაკცობას, სიმარჯვეს, მთელი წელი გულისფანცქალით ელიან ალავერდობას, ესღაა მათი ასპარეზი, აქ, ამ ერთ დღეს, შეუძლიათ მხოლოდ მოიკლან ის ჟინი, წინაპართაგან რომ გადმოსახლებულა მათ სისხლში.ამ ჟინითა და ვნებით ისე გავსებულა მათი სხეული, გაიგუდებიან, ძარღვები დაუსკდებათ, გასაქანი რომ არ მისცენ.აქ ხარჯავენ, აქ აძლევენ გზას საუკუნეობით გამომუშავებულ ენერგიას.გაუთავებელი ღრეობით და სმით იოკებენ ჟინს, დოღსა და ფარიკაობას მიმართავენ.ნასვამნი და აზარტში შესულნი ზოგჯერ ზომიერებას კარგავენ და ერთმანეთს კიდეც დახანჯლავენ ხოლმე. ამის შემსწრე უცხო თვალს უკვირს ეს ყველაფერი.მან არ იცის, რომ ყველაფერს აქვს თავის მიზეზი და სარჩული, რომ ის რაც ისტორიამ განაპირობა, რაც მემკვიდრეობითაა გადმოსული, უცებ არ დაითრგუნება, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე საუკუნის ინერციაა. ასეთი იყო ალავერდობა წინათ, ვიდრე ეს ინერცია თანდათან შენელდებოდა და ცხოვრება თავის გეზსა და კალაპოტს მისცემდა. ..მიუშვიათ მხედრებს სადავეები და გაძაგრულან ცხენები.დაურტყამთ ერთი წრე ალავერდისთვის, მეორე და მესამე წრეზე უკვე პაპაჩემი დაწინაურებულა, გაუგიათ ბაიხოიძეს ვიღაცა სჯაბნისო, და მთელი ხალხი, მლოცველი თუ მოქეიფე, ქალი თუ კაცი, გალავანსგარეთ გამოშლილა დოღის საყურებლად.მოქეიფეებს სუფრა მიუტოვებიათ, მოცეკვავეებს ცეკვა, ხოლო დამკვრელებს-დოლ-გარმონი. მესამე და ბოლო წრეზე თითქმის ათი ნახტომით წინ მოსულა პაპაჩემი.ხალხს დაუჯერებლად მიაჩნდა ბაიხოიძის ცხენის დაჯაბნა, შემოესივნენ თურმე გარშემო პაპაჩემს და მდუმარედ, გაოცებით და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ უცხო მხედარს და მის ცხენს.ბაიხოიძე მოსულა პაპაჩემთან, ხელი გაუწოდებია და უთქვამს: -ალალი იყოს, კახო, შენზე ეგ ცხენიც და ჩემი წაგებული სამოცდაათი თოხლიც, დღესვე გავგზავნი კაცს და ამოვარეკინებ, ამიერიდან კი ჩემი ცხენის სადღეგრძელოს აღარ დავლევ.მხოლოდ ის მითხარი, ვინ ხარ და სადაური ხარ. -ერთი ობოლი ბიჭი ვარ, შილდელი, -მოუსაწყლებია პაპაჩემს თავი, -ადრე ღულულაურები ვყოფილვართ, ახლა ღულულაშვილები ვართ.... -ჰე, - თავი გადაუქნევია ბაიხოიძეს, -ერთი ხისგან ვყოფილვართ გამოთლილები, ეს ხომ დამჯაბნე და დამჯაბნე, წამოდი, დღეს ჩემი სტუმარი ხარ, სუფრა დამიმშვენე. პაპაჩემს თავპატიჟი დაუდია, მასპიძელი მე ვიქნები, შენ იყავ ჩემი სტუმარი, შენი წაგებული ცხვარი კი შენვე დაიტოვე, მე ჩემი მკმარა, ნეტავ ის მომახმარა მშვიდობაშიო.მაგრამ თუში არ მოშვებია, პაპაჩემი თავის სუფრაზე წაუყვანია და გამართულა ღრეობა. პაპაჩემისთვის დეიდას სწორედ იმ დროს მიუგნია სხვის სუფრაზე, როცა შეზარხოშებული ბაიხოიძე ძმობას ეფიცებოდა. -შვილო გიორგი, შენ სუფრაზე სტუმრები არიან, შენ აქ გაბმულხარ, ეს რა წესია, წამოდი თუ გიყვარვარ. დაემშვიდობა თავის ახალ ძმობილს პაპა, მივიდა თავის სუფრაზე და რას ხედავს: ვიღაც უცხო ხალხი დასწვევია. -გაიცანი, შვილო, ჩვენი კარგი ნაცნობები არიან, ლაფანყურელები, -ეუბნება დეიდა. იმ უცხო ხალხში არის ერთი ოციოდე წლის ქალიშვილი, ისეთია, ლამის მზეს შეენაცვლოს.იმის დანახვა და პაპას ფეხქვეშ მიწა შერყევია.იარაღაყრილივით იჯდა სუფრაზე და ჩუმი ოხვრით გადახედავდა ხოლმე იმ ქალიშვილს.ისიც ერთი წამით შეანათებდა ლამაზ, მწველ თვალებს და ცეცხლზე ნავთს უსხამდა.ასე თვალებით სწვავდნენ ერთიმეორეს, თვალებით ესაუბრებოდნენ, თვალებით სიყვარულობდნენ. -რა იყო შვილო გიორგი, რაღაც უგუნებოდ ხარ, დღეს შენი დღეა, დოღში გაიმარჯვე, ძმობილი შეიძინე, -უთქვამს დეიდას, თუმცა კი მიხვედრილა, რა ცეცხლიც შემონთებოდა დისწულს.-გამხირაულდი, დღეს ბედნიერ დღეზე ხარ ამდგარი... -ჩვენი მოსვლა ხომ არ გეწყინა?-ეუბნება იმ გოგოს ძმა.იმ გოგოს მამას ვითომ არაფერი გაუგონია, შოთ პურს მიწვდა თურმე და შუაზე გატეხა, იმ გოგოს დედამ ჩაიღიმა და პაპაჩემის დეიდას მრავალმნიშვნელოვნად გადახედა, თვითონ იმ გოგომ კი თავი ჩაღუნა და გაწითლდა. -ეგ რა ბრძანებაა, -ამოიხრა პაპამ, -თქვენი მოსვლა რა საწყენია, ცოტა უქეიფოდ შევიქენი, ალბათ მალე გამოვკეთდები, - და ღვინოს მისძალებია. შუა ქეიფში, როცა ღვინომ გაათამამა და გააენაწყლიანა მოქეიფეები, როცა სასიყვარულო ჯიგარი გაეხსნათ, სწორედ მაშინ უჩურჩულა პაპამ დეიდას, მე ეს გოგო მომწონს და თუ წამომყვება, წამომყვება, თუ არა და მე სხვა არავინ მინდაო.დეიდაც თურმე ამის თქმას ელოდა, მოგიკვდეს ჩემი თავი თუ მაგაზე დაგაღონოო და სუფრაზევე მოუკვარახჭინებია საქმე, წაუძვრია ნამზითვი ბეჭედი და სარძლოსთვის წამოუცვია თითზე. და ისევ განახლებულა ლხინი, გაფართოებულა სუფრა, ამაღლებულა, ცამდე აწეულა.მომავალმა სიძე-ცოლისძმამ ხელიხელს გადახვიეს და ერთმანეთს ფიანდაზად დაეგნენ.იმავე სუფრაზე დათქვეს ქორწინების დღე დ და გაიყარნენ.ვაჟიანებმა შილდისკენ გასწიეს, ქალიანებმა -ლაფანყურისაკენ. პაპაჩემმა მეექვსე დღეს დანიშნულთან წასვლა გადაწყვიტა და სწორედ იმ დღეს შეიტყო თავზარდამცემი ამბავი. 4 მეექვსე დღეს, იმ გოგოს ძმამ გაქაფული ცხენი მოაგდო ჭიშკართან, მათრახის ტარით შეაღო ჭიშკარი, ჩამოქვეითდა და დამხვდურთ სალამი არც მისცა, გაიბოტა შუა ეზოში, ისეთია, დანა პირს არ უხსნის.იმის დანახვა პაპამ ავად ინიშნა. -რა მოხდა ივანე, სალამი რად დაგვიძვირე, სალამი ღვთისაა-უსაყვედურა სტუმარს პაპამ. ივანემ, იმ გოგოს ძმამ, დოინჯი შემოიყარა და თვალები მიჭუტა: -ქალი რო არ მოგეტაცნა, ისე არ გაგატანდით?! -ვინ ქალი, რა რას ამბობ, კაცო! -ჰემ-ჩაიცინა ივანემ-უყურეთ, მაშ ჩემი და შენ არ წამოგიყვანია, თავისით წმაოვიდა ჩემი და?! პაპაჩემს გაოცების ნიშნად ხელები გაუშლია და ფერი წასვლია.მაშინ კი თითზე უკბენია ივანეს, ვაი დედასაო, თუ ჩემი და იმ ლეკმა გაიტაცაო.ვინ ლეკმა, რა ლკმაო, გაგავაგებინეთო, დაესივნენ ივანე და იმანაც ჩამოკაკლა.შარშან ერთმა ლეკმა, ქერბალაიმ, დაადგა თვალი, იმის შემდეგ მოსვენებას არ გვაძლევდა., ერე მუქარა შემოგვითვალა, რაკი ნებით არ გინდათ, თქვენს ქალს ძალით წავიყვანო, ნამდვილად იმის ოინები იქნება. პაპაჩემმა წამსვე შეკაზმა ცხენი და იმ დღესვე სასიძო-სამოყვრომ ქვეყანა გადაატრიალეს.ბოლოს ყადორზე გადამავალ ბილიკზე ცხენების კვალს წააწყდნენ და ეჭვი უფრო განუმტკიცდათ.ეს კვალი დაღესტანს მიდიოდა. გულმდუღარე პაპაჩემი უსიტყვოდ გამობრუნდა უკან, გაამზადა საგზალი და მეორე დილას ამხედრდა თურმე ცხენზე.წინ გადასდგომიან ბიძა-დეიდა, შევედრებიან, ამ სახიფათო გზაზე ხელი აიღე, ჯვარდაწერილი ქალი ხომ არ წაურთევიათო, მაგრამ ამაოდ დაიჩქმიტეს ყელი, ვერ დაიყოლიეს.ჰკრა თურმე მათრახი ცხენს და ყადორი გადაიარა. საღამო ხანს ერთ მოზრდილ აულს მიადგა.ცხენი ტყიანში, მოფარებულ ადგილას დააბა და თვითონ აულში შევიდა.მალევე ერთ დუქანს მიადგა.იფიქრა, შევალ, კიდეც დავნაყრდები და აქაურ ასავლა-დსავალასაც გავიგებო.შეალაჯა დუქანში და ხედავს, დახლზე გადმოწოლილა ერთი ვეება კაცი და უმუშტრობით მოწყენილი დროდადრო ამთქნარებს. -გამარჯობათ-უთხრა პაპამ ლეკურად.იცოცხლეო-უპასუხა მედუქნემ და მერე ქართულად დაუმატა თურმე-ქვე შენი ჭირიმე, მგონი, ჩენი მიწა-წყლისა უნდა იყოო. ამის გაგონებაზე პაპას ცა გახსნია. -ბედის ამას ჰქვია, ქრისტინო კაცო, თუ მიშველი, შენ უნდა მიშველოო!-უთქვამს პაპას. -შენი ხმალი და ჩემი კისერიო, ჯერ მოდი, დანაყრდი, ნამგზავრი ჩანხარ, ეგეც არ იყოს, რა ხანია ქრისტიან კაცთან პური არ გამიტეხიაო. გაშალა თურმე პურ-მარილი რაჭველმა მედუქნემ, შემოუსხდნენ მაგიდას და ერთმანეთს გული გადაუშალეს, მედუქნემ ყოველივე დაწვრილებით რა მოისმინა, ერთი ამოიოხრა, ჭიქა ბოლომდე დაცალა, ვეება მაჯა ულვაშზე გადაისვა და რაჭული სიდინჯით უთხრა: -ქვე ვიცი, ვინც არიან მაგის მქნელები.სამნი ძმანი არიან, თავგასულები და მოთარეშენი.თვითონ ლეკებსაც არ უყვართ ეგ ქურდბაცაცები.მგონი შაბათს უფროსი ძმის ქორწილი აქვთ.ახლა როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი, დანარჩენს შენი თვალით ნახავ.ერთი ზედმეტი სიტყვა არ დაგცდეს ქვე შენი ჭირიმე. შემოხსნა პაპას ქამრ-ხანჯალი, გააძრო ჩოხა ახალუხი და ისეთი ტანსაცმლით მორთო, ღვთის გლახას დაამგვანა.ბინდისას თავისი ცხენი ამოიყვანა პაპაჩემმა და მედუქნეს მიაბარა.ეს რამე იქ გაატარა, ხოლო მეორე დღე, ნაშუადღევს, როცა მოთმინების ძაფი უკვე უწყდებოდა, დუქანში სამნი ძმანი დიდოელევი შემოვიდნენ. -გურჯო, -ეუბნებიან მედუქნეს, -შაბათს ქორწილი გვაქვს და მზარეული შენ უნდა იყოვო.-მერე პაპაჩემი შეუთვალიერებიათ და შეეჭვებულებს უკითხავთ, ეს უცხო კაცი ვინ არისო. პაპაჩემი უმალვე მიხვდა იმათ შორის ქერბალაი რომელიც იყო.წარმოსადეგი ვაჟკაცი გახლდათ, სახეზე ვარდი ეყარა და თვალებში მაისის მზე ენთო, ვინ იცის, უკვე მოინადირაო ჩემი თამროს გული და ამაოდღა ვირჯებიო, გაუფიქრია პაპაჩემს და გულიდან ათასი ოხვრა აღმოხდენია. -ეს ერთი ბოგანო კაცია, -ეუბნება მედუქნე ძმებს, -გუშინ მომადგა კარზე, იქნებ მოჯამაგირედ დამიყენოს ვინმემო, მუშაობა არ მეზარებაო, ჩემი მიწა-წყლისაა და რას ვიზამ, უნდა დავეხმარო, ესეც ღვთის გაჩენილია. ძმებემა ერთმანეთს გადახედეს და მერე ყველაზე უფროსმა, სწორედ ქერბალაიმ, გადაწყვიტა: -წამოვიდეს ჩვენთან, სწორედ ასეთი კაცი გვჭირდება, ჭამა-სმა არ მოაკლდება, ცოტა ჯამაგირსაც მივცემთო. მაშინ მიუბრუნდა მედუქნე პაპას და ეუბნება: -ვგონებ, ღმერთი შენკენაა, წაჰყევი ამათ, რასაც გეტყვიან გაუგონე, მერე შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ.იცოდე სწორედ იქ მიდიხარ...იქ დაგხვდება, ვისაც ეძებდი.ოღონდ ფრთხილად, თავი არ გასცე..ერთი ზედმეტი ნაბიჯი და უფსკრულიც იქვეა.თუ რამ გაგიჭირდეს, ხმა მომაწვდინე, ლეკებში ბევრი ძმობილი მყავს. -აგაშენა ღმერთმა ძიაკაცო, თუ ცოცხალი დავრჩი, გადაგიხდი სიკეთეს.ჩემს ლურჯას შენ მიმიხედე, თუ არ დამჭირდა, შენი ფეშქაში იყოს.იცოდე, ცხენი კი არა მიმინოა. წაიყვანეს ლეკებმა ეს ბოგანო კაცი და შეუძღვნენ ერთ დიდ გალავანშემორტყმულ ეზო-ყურეში. -აი გურჯო, არც წვიმა ჩამოგივა, არც სეტყვა.ხუთიოდე დღით მივდივართ.ეს მოხუცი მამაჩვენია, რასაც გიბრძანებს, შეუსრულე, როცა დავბრუნდებით, ჯამაგირზე მაშინ მოვილაპარაკოთ. იმ ბებერმა ლეკმა პაპაჩემს ეჭვის თვალი დაადგა.შვილებთან რაღაც დიდხანს იდავა, მაგრამ ასე იყო, თუ ისე, ბოლოს მაინც დაიყოლიეს შვილებმა.პაპაჩემი იქ დატოვეს.თვითონ ძმები კი, ვინ იცის საით, ისევ სათარეშოდ და საქურდბაცაცოდ წავიდნენ. ი ვეება ეზო-ყურეში პაპაჩემი და ბებერი ლეკი დარჩნენ.ის ლეკი თავის განუყრელ ყალიონს აბოლებს, ეჭვიანი თვალებით ბურღავს და თან ქართულ-ლეკურად ეკითხება სადაურობას და ვინაობას.ვერ იქნა და ბებერმა ვერ დაიცხრო ცხნობისმოყვარეობის წყურვილი, გულიდან ეჭვის ჭია ვერ ამოიგდო. სარამოს, როცა აულს ბინდი გადაეფარა და ხახლის ხმაური მიწყნარდა, პაპაჩემი თავისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა დასაძინებლად.შევიდა კი, მაგრამ რა დააძინებდა.იქაურობას მგელივით ყნოსავს და ათვალიერებს, ათასი თვალი და ყური აქვს გამობმული.იცის, რომ მისი სანუკვარი ოცნება აქ სადღაც ახლოს სუნთქავს, იტანჯება და ილევა დარდისგან.ის ბებერი ლეკი კი მაინც ფხიზლობს, წრიალებს ღრუცუნებს.რამდენჯერმე მიადგა პაპაჩემის ოთახს, დააყურა სძინავს თუ არაო, მერე ეზოს შემოუარა, მგელივით ქიფაკები აუშვა, თავლისა და ფარეხის კარები კიდევ ერთხელ შეამოწმა, ალაჰი ახსენა და შეიბუდა. როცა ღამე გაბატონდა და მიიძინა ყოველმა სულიერმა, საიდანღაც ქალის ოხვრა შემოესმა პაპაჩემს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მორევი დატრიალდებოდა მის გულში.მაშინვე წამოხტა თურმე, გამოაღო კარი და რას ხედავს.მთვარის შუქზე განათებულ აივანზე ზის ოდნავ თმაგაწეწილი ქალი.მის სახეს მთვარის ცრიატი შუქი სევდას და სიფერმკრთალეს უარესად მატებს. -თამრო!-რაღაც ველური ხრიალი აღმოხდა პაპაჩემს, მაგრამ ქალი არ შერხეულა. სამაგიეროდ ყურმახვილი ძაღლები აგნიასდნენ და იმავ წუთს ბებერმა ლეკმაც ჩაახველა.პაპაჩემმა კარი სასწრაფოდ მიხურა, სარკმლიდან დაუწყო თვალთვალი.ქალი მაშინვე წამოდგა, თავის ოთახში შევიდა.ბებრი ლეკი ეზოში გამოვიდა და ძაღლები გაამხნევა. -ალაი-ალაა! მთელ ღამეს პაპაჩემს ძილი არ გაჰკარებია, ამაოდ ეჭირა თვალი აივნისკენ.სანუკვარი არსება აღარ გამოჩენილა.გათენებმადე ფიქრში ცურავდა პაპა გიორგი, გულზე მჯიღს იცემდა და გათენებას ელოდებოდა.ელოდა გათენებას და თან ბავშვობაში გაზეპირებულ ლექსს იმეორებდა გუნებაში. რამ გადაგრია ფშაველო, რამ შეგაცდინა ჭკვაზედა, ჩვენ ვართ ხოხობის შვილები განთქმული დაღესტანზედა. ზეცას ფრინველსა ეშინის, ლომი გაგვირბის განზედა, შენ წერას აუტანიხარ, მიტომ გვიდგები შარზედა, გიჯობს ჭკვიანად წახვიდე, სანამ თავ გაბავ ტანზედა. მერე გულზე მუშტს დაიბრაგუნებდა და კბილებში ბრაზიანად გამოსცრიდა: თუ ეგ ქალ წაგაყვანინოთ, წვერიც ნუ მსხმია ყბაზედა, ნუმც მიტირებენ დედანი, ნუმც მიმესვლება ჯარზედა. მეორე დილას პაპაჩემი თავის მოვალეობას შეუდგა.მთელი დღე ხან თავლას ასუფთავებდა, ხან ფარეხს, რასაც ბებერი ლეკი უბრძანებდა, ყველაფერს პირნათლად ასრულებდა, თან იმ აივნისკენ ეჭირა ცალი თვალი, ყველა კუნჭულსა და ბილისკ გულმოდგინედ ათვალიერებდა.როგორც კი ბებერი ლეკი დააპირებდა ქოფაკებისთვის სალაფავი ან წყალი მიეტანა, თვითონ გამოსტაცებდა ხელიდან და ჯაჭვით დაბმულ ძაღლებთან სირბილით მიჰქონდა სასმელ-საჭმელი.ისე ხშირად უტრიალებდა იმ ძაღლებს, მოხუცმა ეჭვი აიღო, -გურჯო, ძაღლებს შენ ნუ აძლევ საჭმელს. -ძაღლების ძალიან მეშინია, მინდა მივიჩვიო.-თავი მოისაწყლა პაპაჩემმა.მეორე დღე, მესამე და მეოთხე დღეს როგორც იყო, მიიჩვია ძაღლები.მეცხვარემ იცის ძაღლის მუღამი და ასავალ-დასავალი.მეოთხე დღეს უკვე დრო აღარ იყო ცდისა.შუაღამით, როცა სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ბებერმა ლეკმა ხვრინვა ამოუშვა, სწორედ იმ დროს, მთვარის შუქზე, კატასავით ფრთხილად გაიარა კაცის ლანდმა, ავიდა აივანზე, გააღო კარი და ფრთხილადვე შევიდა.კარის გაღებამ ქალი შეაკრთო, აცახცახდა და კუთხეში მიიკუჭა. -თამრო!-ხმა კი არა, ხრიალი აღმოხდა პაპაჩემს და ისე მოეჩვენა, თითქოს ეს სახელი სხვას დაეძახოს. ქალი გააიცა სასოწარკვეთითა და ამავე დროს ალერსით ნათქვამმა თავის სახელმა, თვალებადქცეული დააქცერდა შემოსულს. -მოვედი შენი გიორგი. -გიორგი? ქალი თითქოს ღრმა სიზმრიდან გამოერკვაო, უფრო ყურადღებით დააშტერდა მოულოდნელ, სასურველ სტუმარს, მერე ათრთოლებულმა ორიოდე ნაბიჯი გადადგა და მის მკლავებში ჩაესვენა.მაგრამ ამ დროს ქოფაკები აყეფდნენ და მოხუცმა ლეკმა ჩაახველა. მაშინ კი დაიწერა პირჯვარი პაპამ, ღმერთო, შენ გადმომხედე და ხელი მომიმართოსო.ისევ თავის ოთახში შეიპარა და გაყუჩდა.მერე როცა ლეკმა კვლავ ხვრინვა ამოუშვა, გამოვიდა პაპა და ფრთხილად შეიპარა ფარეხში, ალბათ საქორწილო ცხვრებიდან ერთს გამოჭრა ყელი.გამოაფეშხვავა და ძაღლებს მიუგდო.ვიდრე ქოფაკები თბილი სისხლით ისველებდნენ ენას, მანამდე ბებერ ლეკსაც მოუღო ბოლო, მერე თავლიდან ორი ცხენი გამოიყვანა, შეკაზმა და თავის საცოლიანად მთვარიან ღამეს მიანდო ბედი. აულს დიდი სავსე მთვარე დაჰქათქათებს.წყნარი ღამეა.ისეთი ცა დაჰყურებს მიწას, კაცი ვერ წარმოიდგენს თუ ამ ვეება ცის ქვეშ რაიმე ბოროტება ხდება.ძარცვავენ ადამიანის სიყვარულს, ქელავენ მის გრძნობებს და იღვრება სისხლი ცოდვილ დედამიწაზე. როცა ლტოლვილები აულს გამოსცდნენ და ტყის ბილიკს დაადგნენ, ღამის მყუდროებაში ნათლად გაიგონეს ძაღლების შემაძრწუნებელი ყმუილი.ლეკის ეზოში, სადაც ცოტა ხნის წინ ცოდვა დატრიალდა, სიკვდილი ეყნოსა ორ ქოფაკს და საბრალოდ მოთქვამდნენ.დაყმუოდნენ პატრონს და საშველად უხმობდნენ აულს. პაპამ იცოდა, რომ ძაღლების ყმუილზე აული შეიყრებოდა, უსათუოდ მდევრებს დაადევნებდნენ და მათრახი აატკაცუნა, მთელ ღამეს იარეს მხედრებმა, ცხენები გააქაფეს, განთიადისას, არყისფრად ინათა და სუსხიანმა უსიამოვნო ნიავმა დაჰბერა, უკვე დაღესტან-კახეთის მიჯნას, -ყადორს მიადგნენ და ამ დროს პაპაჩემს კიდევ შემოესმა ქოფაკების შემაზრზენი ხმა.რა თქმა უნდა ეს მოჩვენება იყო, და ამ მოჩვენებამ ძირფესვიანად შეძრა იგი. თითქოს უჟმური დაეუფლა და სიცოცხლე შეაზიზღა.თითქოს სავსე კასრი ერთბაშად წამოაპირქვავესო, ყველაფრისგან ისე დაიცალა და დაიწრიტა.თვალწინ დაუდგა ბერი ლეკი, სიკვდილისას ალაჰს რომ შეევერდა..ყველაფერი არარაობად მოეჩვენა, ყველაფერი შესძულდა, საკუთარი თავიც და ეს უმშვენიერესი დიაციც, გვერდით რომ მიჰყვებოდა, შესძულდა სიცოცხლეც, ყველაფრისადმი აუტანელი ზიზღი იგრძნო, აღარავითარი ხალისი, აღარავითარი მიზანი. მაგრამ ამ უცბად მოზღვავებულმა უცნაურმა სევდამ მხოლოდ ერთ წუთს გასტანა. მზემ სხივი ამოსტყორცა და დათოვლილ მწვერვალებს ხანძარი გაუჩინა.სადღაც შურთხმა დაიწყო სტვენა, ტყე ათრთოლდა, ახმაურდა ყოველი სულდგმული, თითქოს დედამიწა გაიზმორა და სიცოცხლის ხმები დაარხიაო, და პაპაჩემსაც იმავე წამს გაეფანტა სევდა, მის ძარღვებში ისევ იფეთქა სიცოცხლის მძაფრმა წყურვილმა და ენერგიამ.იმ ქოფაკების ყმუილიც მიწყდა და მომაკვდავი ლეკის ლანდიც გაქრა.აღტაცებული, მწყურვალე თვალით გადახედა თავის სიცოცხლეს, ოდნავ წელში მოღუნული, შიშისგან გაფერმკრთალებული რომ იჯდა ცხენზე და ლაღაც მხიარულად ჩაიღიღინა: თუ ეგ ქალ წაგაყვანინოთ, წვერიც ნუ მსხმია ყბაზედა, ნუმც მიტირებენ დედანი, ნუმც მიმესვლება ჯარზედა. მზის შემაღლებისას უკვე საბუეში იყო.იქიდან ერთი ნაცნობი კაცის პირით შეუთვალა ცოლეულებს ლაფანყურში, ამ საღამოს ქორწილი მაქვს და ვისაც ეკუთვნის ყველა დამიპატიჟეო. დიდი ხნის მანძილზე არ შეწყვეტილა სტუმრობა.ბევრი ღვინო დალეულა და ბევრი სადღეგრძელო თქმულა, ბედნიერებას და ერთმანეთის შებერებას უსურვებდნენ ახალყოილებს.ნეტარებითა და სიამით მიდიოდა თურმე პაპაჩემის წუთისოფელი, წაღმა მიგორავდა ურმის თვალი მისი საწუთროისა, მაგრამ უთქვამთ, დედაკაცი კეთილი აღაშენებს სახლსა, ხოლო ბოროტი აღშენებულსა დააქცევსო, ისიც უთქვამთ, ცხოვრება ლამაზი ქალივით რთული და ვერაგია, სწორედ იქ დაგიდებს ფანდს, სადაც არ ელი და ბეჭებზე დაგდებსო. ერთი წლის თავზე პაპაჩემს უცნაური რამ დასჩემდა თურმე.მთიდან დაბრუნებული როგორც კი თავის სახლს მიუახლოვდებოდა, რაღაც შიში და ეჭვი ჩაუსაფრდებოდა მაშინვე გულში.ფრთხილად ფეხაკრეფით უახლოვდებოდა სახლს, უკანა ფანჯარასთან ერთხანს სმენადაძაბული იდგა და მერეღა შეეხმიანებოდა ლამაზ ცოლს. გუნებაში თავის თავს სწყევლიდა თურმე, ეს რა ჯანდაბა მემართებაო, მაგრამ ვერ იქნა და ეს ჩვევა ვერ მოიშალა, პირდაპირ გატანჯა კაცი ეჭვმა და შიშმა. და აი ერთ დღეს, ორი დღის ასული არ იყო, დილით უგუნებოდ წამოდგა, შუადღემდე იწრიალა, იშფოთა, შუადღის ხანს კი გულმა ვეღარ მოუთმინა, მწყემსი ბიჭი მოიხმო და ცხენი შეაკაზმინა: -თარიმან-უთხრა თურმე სარქალს, -გული რაღაც ცუდს მიგრძნობს და შინ უნდა ჩავიდე, თუ მშვიდობაა, ხვალე დავბრუნდები, თუ არა და შენ იცი და აქაურობამ. ბინდისას მიადგა ადიდებულ ალაზანს, ფონიც არ უძებნია, ისე შეტოპა მდინარეში და მეორე ნაპირზე ძლივს გააღწია. ცხენი მხედარზე უარესად გადაირია თურმე, ნაპირზე გასული გაავზნდა და გაიტაცა მხედარი. შუაღამისას მიადგა თავის სახლს პაპაჩემი.ცხენიდან ჩამოხტა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჭიშკარს, მაგრამ გულს ბაგაბუგი გაჰქონდა თურმე.ცხენი ჭიშკარს გამოაბა და თვითონ სახლისკენ გასწია.რატომღაც ზურგიდან შემოუარა სახლს.უკან, ბაღის მხარეს რომ გადიოდა, იმ ფანჯარას მიადგა და გაჩერდა.ოთახში მკრთალად ანათებდა ლამპა.ბაღში იასამნების და ვარდების სურნელი იდგა, განახევრებული მთვარე ის-ის იყო ჩადიოდა.მისი შუქი მომხიბლავად, საამოდ იფრქვეოდა ბაღის თავზე.ერთხანს ასე გარინდებული იდგა პაპაჩემი, ვერ გადაეწყვიტა თავის განზრახვის შესრულება, ყოყმანობდა, თავს ეურჩებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადადგა ის საჭოჭმანო ნაბიჯი.კატასავით მიიპარა ფანჯარასთან და გაყუჩდა.ამ დროს ცხენმა დაიხიხვინა, ოთახში საწოლმა გაიჭრიალა და ლამპით განათებულ ოთახის კედელზე ვეება ლანდი გამოჩნდა...თითქოს დედამიწა იძრაო, მთელი სახლი შექანდა იმ ლანდიანად და პირქვე წამოამხო.მაგრამ ამ ძლიერ დარტყმას გაუძლო პაპაჩემის გულმა.გონება მოიკრიბა.ახლა მის გულში მხოლოდ ყინულივით შურისძიება ჩასახლდა.ხანჯლის ტარს უნებლიედ მოუჭირა ხელი და გაქვავდა, სმენად იქცა.ოთახიდან ცხადად ემის ქალისა და მამაკაცის ჩურჩული. -რა იყო?-კითხულობს ბოხი ხმა. -თითქოს ცხენის ხვიხვინი გავიგონე. -მოგეჩვენებოდა, ნუ გეშინია, შენი ქმარი ახლა ნაბადშია გახვეული და ხმელ მიწაზე ხან ერთ გვერდს იცვლის ხან მეორეს, მთელს სოფელში ყველაზე მდიდარი კაცი! ხე! ხე! ამ დროს შეილეწა ფანჯარა, ოთახში ისტერიული, გიჟური სიცილით შეიჭრა ლამპის შუშიდან ალი ავრდა.ქალის წივლიმა გაბზარა მყუდრო ღამე, დაიჭიხვინა ცხენმა, მაგრამ ეს ყველაფერი სულ ერთ წუთს გაგრძელდა.სისხლი დატბორდა შერყვნილ საწოლში და ამ სისხლში ცურავდა ხანჯლით განგმირული ორი გვამი.პაპაჩემის საკუთარი მეუღლისა და მისი კუროს-სოფლის მამასახლისისა, ზედმეტ სახელად მგელკაცს რომ ეძახდნენ.და იმ ღამესვე შემჯდარა ცხენზე პაპაჩემი, ისევ მთაში ასულა, მიუყიდ-მოუყიდია მთელი ცხვარი, მწყემსები დაუთხოვია და თვითონ ტყისთვის მიუცია თავი, გასულ ბიჭებს მიჰკედლებია.ასე ტყე-ტყე უვლია ხუთიოდე წელს.მერე ხუთი წლის რევოლუცია რომ დამარცხებულა, პაპაჩემი გაუკოჭიათ და რამდენიმე წლით შორეულში გადაუსახლებიათ.იქიდან დაბრუნებული ერთ თავის კატორღელ მეგობარსა და თანარაზმელს, მაჭარაულელ მიხა ჯიჯიშვილსა სტუმრებია.ეს ფერდობზე შეფენილი სოფელი ძალზე მოწონებია და ძმობილისთვის უთქვია, ჩემს მამულზე გული აღარ მიმდის და ამ სოფელში თუ მახინჯი და შეუხედავი ვინმე გეგულება, ჩავესიძებიო.მახინჯი შენი რა საკადრისიაო-უთქვამს მასპინძელს.ლამაზმა ხეირი არ დამაყარა და იქნებ უშნომ და გონჯმა მაინც არ მომჭრას თავიო.შორს წასვლა არ დასჭირვებიათ, ამ ჯიჯიშვილს ერთი ციცრის კვერცხივით დალეული და ჰყოლია და იმაზე გაუთავებიათ საქმე.ის დალეული პატარძალი ისეთი მეოჯახე გამომდგარა, თურმე პაპაჩემი სულ იმის მზეს იფიცებდა. ის ქალი ბებიაჩემი გახლდათ, რომელმაც ხუთი შვილი გაზარდა და მეხუთე შვილი მამაჩემი იყო, მაგრამ მე ვერც ბებიაჩემს მოვესწარი, ვერც პაპაჩემს, ეგ კი არა, მამაჩემიც სიზმარივით მახსოვს. ხუთი წლის ვიყავი, მატარებელზე აგვიყვანა მამამ.გადაგვკოცნა, დაგვემშვიდობა.მეხსიერებაში სამუდამოდ და ნათლად დამრჩა მისი პრიალა ჩექმები და მხარზე ჯვარედინად გადაჭერილი ბრტყელი ქამარი .მატარებელი დაიძრა, მე ფანჯრიდან დავინახე დაძრული მატარებლიდან რომ მარჯვედ ჩახტა მამა.ერთხანს მოგვდევდა დიდი, მტკიცე ნაბიჯებით, ხელს გვიქნევდა და რაღაცას მოგვძახოდა.ახლაც არ ვიცი, რას.ეს წუთი არასოდეს დამავიწყდება, რადგან მხოლოდ ამ ერთი წუთით უერთდება მამაჩემი მთელ ჩემს ცხოვრებას. ეს სამუდამო განშორება კრასნოდარის სადგურზე მოხდა, სადაც მამა ოფიცრად იყო.ომის პირველსავე დღეს აგვეშალა ბუდე, ჩვენ საქართველოსკენ წამოვედით, მამაჩემი ფრონტზე. 5 -ღულულაშვილი!-თითქოს სიზმარში ჩამესმა, -მაგრამ ამ ხმამ ვერ გამომგლიჯა ჩემი ბავშვობის სამყაროს. ვიღაცამ ფერდში წამკრა. -არ გესმის ბიჭო? უცებ გამოვგონდი და დაბნეულმა ირგვლივ მიმოვიხედე.მთელი კლასი მე მომჩერებოდა.ნინო მასწავლებელს შევხედე.ოდნავ იღიმებოდა და თანაგრძნობით მიყურებდა. -ილო, ცუდად ხომ არ ხარ? -არა, მასწავლებელო, რაღაცაზე ვფიქრობდი, -ვიგრძენი როგორც ავწითლდი. -გაგიჩნდა უკვე საფიქრალი?-გაიღიმა მასწავლებელმა, -ნიშნები ალბათ უკვე იცი, მაგრამ მაინც გაგახსენებ!..სიჩუმე, ბავშვებო რა მაბავია!-მაგიდაზე დაარტყა ხელი-ღულულაშვილი ილია კოტეს ძე.-ოდნავ ამოიოხრა და ერთი წამით გადმომხედა.მე ვუყურებდი მის სუსტ, გამხდარ ხელ, რომლითაც ატესტატი ეჭირა.-ქართული ენა-5, ქართული ლიტერატურა-5, რუსული ლიტერატურა-5, ალგებრა-3, გეომეტრია-3.სსრკ ისტორია-5. -არ მინდა, მასწავლებელო, ისედაც ვიცი ნიშნები. -ერთი სიტყვით ილო, ცოტა რომ გეყოჩაღა, მედალს აიღებდი, ძაან მინდოდა, მაგრამ მათემატიკურ საგნებში, შენც იცი... ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი.ერთი და ერთი, რაკი გზა-კვალი ამებნა მათემატიკაში, ვეღარ და ვეღარ ვიპოვე გასავალი ფონი, მათემატიკა უსიერ ტყეს ჰგავს, თავიდანვე თუ დაადექი სწორ გზას, მთელ ტყეს გადაგატარებს, კვალი არ შეგეშლება, მაგრამ თუ იმ გზას გვერდი უქციე და ტყეში ისე შეხვედი, დაიბნევი და დაიკარგები, მეც ასე დავიკარგე მათემატიკაში. მასწავლებლის სიტყვამ გული ამიჩუყა, მედალი რომ არ ეხსენებინა, ალბათ ასე არ მომივიდოდა, მე ხომ მედალს არც ველოდი, მაგრამ ნდომით კი მინდოდა.თანაც სადღაც გულის კუნჭულში იმედის ნაპერწკალი ციმციმებდა.ჩვენი კლასიდან ორმა მიიღო ვერცხლის მედალი, იმათ რა უჭირთ, გული უკვე დაარხეინებული აქვთ, არ ვიცი, შურმა თუ სიხარბემ უცებ გუნება წამიხდინა და ბრაზი უფრო მომეძალა. -აბა შენ იცი, ილო, იმედია, რომ გვასახელებ.მედალოსნებს არ ჩამორჩები.რომელ ფაკულტეტზე აპირებ? ნინო მასწავლებელმა ძალზე კარგად იცოდა, რომ ქართული ლიტერატურა მიტაცებდა, იცოდა და მაინც მეკითხებოდა, უნდოდა ერთხელ კიდევ შეემოწმებინა თავისი ვარაუდი, მაგრამ იმ წუთს, არ ვიცი რა ეშმაკი შემიჯდა, გავჯიუტდი და გავჯიქდი. -ჯერ არ ვიცი, მასწავლებელო! -როგორ თუ არ იცი? -ისე, არ ვიცი. -ნუ ცრუობ.ღულულაშვილო. საინჟინროზე ვაპირებ მეთქი. პირდაპირ საკვირველია, საიდან დამასკუპდა ენაზე ეს სიტყვა, ვგრძნობდი მთელი კლასი გაოცებით მომჩერებოდა, -საინჟინროზე?-ეჭვიანი თვალები მბურღავენ, გვერდზე ვიყურები, მაგრამ მაინც ვხედავ მასწავლებელის შეძრწუნებულ თუ გაწბიულებულ სახეს. -გასაგებია, დაჯექი, -როდის როდის ჩაილაპარაკა ნინო მასწავლებელმა. დავჯექი, ბოღმა მხეთქავდა, ჩემს საქციელზე ვბრაზობდი.რაში მჭირდებოდა ეს ტყუილი.სამუდამო განშორების წინ რად ვატკინე გული იმ ადამიანს, ვინც ესოდენ შემაყვარა ქართული ლიტერატურა, იმ ადამიანს, ვინც მთელ სკოლაში ყველაზე ახლობელი იყო და ვინც მშობლიურად ზრუნავდა ჩემზე? ცრემლი ყელში მებჯინებოდა, ლამის დამახრჩო. აბა მშვიდობით, ბავშვებო!არ დაივიწყოთ თქვენი სკოლა და თქვენი აღსაზრდელები, თუ როდისმე გვიწყენინებია, ისიც თქვენი თავისთვის..მე პირადად ყოველთვის მემახსოვრებით, ყოველთვის-ხმა აუთრთოლდა, კაბის პატარა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გამხდარი ხელებით თვალებზე მოისვა. მთელი კლასი განაბულიყო. და უცებ საკუთარი თავისადმი აუტანელი სიძულვილი და ზიზღი ვიგრძენი.ალბათ ამ ქვეყანაზე არავის ისე არ ვძულდი, როგორც მევე მძულდა ჩემი თავი იმ წუთს. -აბა მშვიდობით, წარმატებას გისურვებთ ყველას! -კარგად იყავით მასწავლებელო! -მშვიდობით! ნელა, დინჯად და უხმოდ გადიოდნენ გარეთ.თითქოს ყველა უცებ დავაჟკაცებულიყო, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა გადასჭრა ცხოვრების გზა და სიგიჟმაჟის და სიდარბაისლის შუა ზღვარი გაავლო. რატომღაც ფეხი ავითრიე, უხალისოდ მივაბიჯებდი დერეფანში. -ილო-მომესმა მეტად ახლობელი ხმა. შევჩერდი.ზანტად მოვბრუნდი. -მოდი ჩემთან, საქმე მაქვს, -ცივად მითხრა ნინო მასწავლებელმა და სამასწავლებლოში შევიდა. გული ამიბაგუნდა. -ჭიჭიკო, ეზოში გიცდით, ჩქარა გამოდი რა!-მომაძახა გივი კონსტანტინიძემ. ნინო მასწავლებელი სკამზე დაჯდა, ცხვირსახოცი სახეზე მოისვა და თითქოს სხვათაშორის მკითხა: -მაშ, საინჟინროზე აბარებ, ჰა? ვდგავარ თავჩაღუნული და ტუჩებს ვიკვნეტ. -მერედა, საინჟინროზე ხომ მათემატიკური საგნებია საჭირო, შეძლებ ჩაბარებას? ვგრძნობ, ცრემლი მერევა, მინდა გავბრუნდე და გავერიდო იქაურობას. -ილო, რატომ ხმას არ იღებ?რა გემართება დღეს პირდაპირ ვერ გცნობ. -მასწავლებელო...-ხმა მითრთოდა და შევისვენე, რომ გული დამეწყნარებინა, მოგატყუეთ, განა თქვენ არ იცით, რომ ფილოლოგიურზე უნდა ჩავაბარო? -ასეც ვიცოდი, მაგრამ რაში დაგჭირდა ტყუილი?-უკვე ხმა დაიტკბო ნინო მასწავლებელმა, გაიღიმა, გაიბადრა. -არ ვიცი. მეტი აღარაფერი უკითხავს.ალბათ მიხვდა, რა მძიმე დღეში ვიყავი და შევენანე. -ილო, ყველაზე დიდ იმედს შენზე ვამყარებდი, თუ გაამართლებ, შენ უნდა გაამართლო, უსათუოდ ჩააბარებ, მე ეს მჯერა, აბა შენ იცი, ჩემო ბიჭო, ყოჩაღად მოიქცეი! "ჩემო ბიჭო".ასეთი რამ არასდროს გამიგონია ნინო მასწვალებლისგან.ეს სიტყვა მთელს სხეულში სიტკბოდ ჩამეღვარა. ხმა ვეღარ დავძარ.მადლობით სავსე მოსიყვარულე თვალები მივაპყარ და ალბათ თვალები გაცილებით მეტს გამოხატავდა, ვიდრე ამას ათასი სიტყვა შეძლებდა. -კარგად იყავით-მეთქი-ესღა წავილუღლუღე და გამოვბრუნდი.თითქოს ფრთები შემესხა, გავმხნევდი და საკუთარი თავისადმი რწმენა გამიათკეცდა, მისი ნათქვამი სიტყვა არასოდეს დამვიწყებია. ეზოში გამოვედი, მზე უკვე შუადღეზე ანაცვლებულიყო და უღვთოდ აცხუნებდა.ირგვლივ საკვირველი სიჩუმე სუფევდა.დაბლა შარაგზაზე მიდიოდნენ მანქანები და მათი ხმა ყრუდ აღწევდა აქამდე.უფრო შორს, კი სოფლის მიღმა, ალაზნის ველზე, ყვითლად გადაჭიმულ პურის ყანაში შავ წერტილად მოძრაობდა კომბაინი.უკვე დაეწყოთ ყანის გაჭრა და თითქოს ნიავს მოჰქონდა იქიდან ნამჯის მძაფრი, ცხელი სუნი. სკოლას გვერდიდან შემოვუარე.ბიჭებს ვათვალიერებდი.როცა პირველ ფანჯარას ჩავუარე, უნებლიეთ გავჩერდი და საკლასო ოთახში შევიხედე.ეს ფანჯარა და ამ ფანჯარასთან მდგარი მერხი ჩემთვის მეტად მახლობელი და ნაცნობი იყო.ამ ფანჯარასთან, ამ მერხთან გავატარე თითქმის ორი წელი ზედიზედ, მეათე და მეთერთმეტე კლასი. ფანჯარაში საკუთარ თავს მოვკარი თვალი.მკერდს ზევით ვჩანდი.მომეჩვენა, რომ ეს ფანჯარა ძალზე დადაბლებულიყო.სულ ორი-სამი წლის წინათ, მაღალი მეჩვენებოდა, ფეხის წვერებზე უნდა შევმდგარიყავი და ისე შემეხედა საკლასო ოთახში.მაშინ სკოლის შენობაც მაღალი მეჩვენებოდა.ახლა თითქოს ყველაფერი დაპატარავებულიყო, აივანიც და კედელიც. -ჭიჭიკო.აქეთ წამო! ხევის პირას კაკლის ჩრდილში წაყრილიყვნენ დათუკიშვილი, კონსტანტინიძე, გიგაშვილი და პატარაშვილი.ამ კონსტანტინიძემ პირდაპირ შეგვიკლა ხელში, სულ ხუმრობს და ქაქანებს, ლამის ენაზე ოფლი მოადგეს, ნამდვილ სახელს არავის გვეძახის, მაგრამ მისი არაფერი გვწყინს, უწყინარი ხუმრობა იცის, თვითონაც იტანს ხუმრობას.ეგეც არ იყოს ოქროს გული აქვს.იმისი ნაწყენი კაცი არ გვინახავს.გივი კონსტანტინიძის მამაც არტილერისტი იყო, ისიც ფრონტზე დაიღუპა.დედამისი რუსულ ენას გვასწავლიდა, საოცრად ტკბილი ქალი გახლდათ, მაგრამ დედა-შვილს ერთმანეთი ჰყავდათ შეკლული.აქაო და ჩემს გაკვეთილებზე წყნარად არ იქცევაო.ჯიბრით სამიანს უწერდა შვილს, არადა ყველამ ვიცოდით, რომ რუსულ ენასა და ლიტერატურაში მთელ სკოლაში ბადალი არ ჰყავდა.გივი მამის კვალს ადგა.თავის მომავალი პროფესია ადრევე გაარკვია, რუსული კარგად იცოდა და მათემატიკა, წინ რაღა დაუდგებოდა. -რაო, მასწავლებელმა, ჭიჭიკო? -ღმერთმა ნუ იცის შენი თავი, რა შენი საქმეა. -ე, უყურე ჭიჭიკოს, ღმერთაც ნუ იცის და ხატმაც. მწვანეზე წამოვწექი.მიწა გრილი და რბილი იყო. -პატარაშვილო, აქა ხარ? -მაშ სად უნდა ვიყო?-გაიღიმა პატარაშვილმა და ორჭოფულად შემომხედა. -მე მეგონა, ისევ ლენას გაედევნე. -ხა, ხა, ხა!-იცინის გიგაშვილი. -რას იცინი აბა?-საყვედურობს გიგაშვილს პატარაშვილი. -სადაც ვისია, იქ რამინიც უნდა იყოს. "ვისის" ბიწკინაშვილ ლენას ვეძახდით, "რამინს"-პატარაშვილს.ეს ერთი წელია კუდივით დასდევს ეს ფშაველი ბიჭი, მაგრამ ლენას გული ვერ მოიგო.პატარაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტა ტყუილები უყვარს.ცოტა წატრაბახება.ოღონდ ისეთ ტყუილს იტყვის, იქვე დავიჭერთ ხოლმე. -არა, ხო ხედავ, ზედაც არ გიყურბეს, რას გადაეკიდე, რა მოგწონს მაგისი, ფეხები ძლივს დააქ, -არიგებს კონსტანტინიძე. -კი, კი.ზედაც არ მიყურებს, თქვენ რა იცით, ბოლოს გაიგეთ ყველაფერს, -ნიშნის მოგებით იქნევს თავს პატარაშვილი. "პასკევიჩი" მაინც არ ერევა ჩვენს საუბარში, ისევ პირქვე წევს, ცხვირ-პირი მკლავებში ჩაურგავს და ღიღნებს:"ჩემი გოგო შენა ხაარ!" -აი, რაკი ეგრე ამბობ, -წამოჯდა კონსტანტინიძე, გიგაშვილსა ვკითხოთ, -რა უნდა ვკითხოთ, მაგან რა იცის. -მაგის მეზობელი არ არის?!ამას არაფერს დაუმალავს. -ერთი სიტყვით ლენას ისე უყვარს ეგა, როგორც ჩვენს ძაღლს ჩვენი კატა, -და თვითონ პირველი გიგაშვილი ხარხარებს.მერე როგორი ხარხარებს.მერე როგორი ხარხარი იცის, გულზე გაგხეთქავს კაცს. დათუკიშვილმაც მიატოვა ღიღინი დ აიცინის. ყურებამდე აწითლებული პატარაშვილი თავს იქნევს. -კარგით, კარგით, იცინეთ.მერე რაღას იტყვით, ვნახოთ. სიცილით გული ვიჯერეთ, სიჩუმე ჩამოწვა.თითქოს ყოველი ჩვენთაგანი ერთი წამით გაგვიტაცა ფიქრმა. -ბიჭებო, წავიდეთ, რაღას ვუყურებთ?-წამოჯდა დათუკიშვილი. -რა გეჩქარება, რო, განა ხვალაც მოვალთ აქა. -იცით რა ბიჭებო, -თქვა გივი კონსტანტინიძემ-ერთი აზრი დამებადა, სერგო მასწავლებელი უნდა ვნახოთ, თითქმის წელიწადია კაცი ავად არის. -აბა დათუკიშვილის ხელში რა ხეირი დაეყრებოდა. დათუკიშვილს მსხვილი წარბების ქვეშ ჭრუტა თვალები აუციმციმდა და გამომხედა. -თორემ შენ დააკელი, შენმა მზემ. -არც ერთი არა ვართ მამა აბრამის ბატკანი, ახლა მაგაზე ლაპარაკი არ ღირს, მე რასაც გეუბნებით თანახმა ხართ?თუ თქვენ არ წამოხვალთ, მე წავალ. -მეც შენთან მოვდივარ!-მხარი ავუბი გივის -აი კაცი!-დაასკვნა გივიმ. -რა აზრი აქვს ახლა იმის ნახვას, აბა?-ტაბიკების მტვრევა დაიწყო პატარაშვილმა. -შენ თუ არ გინდა ნუ წამოხვალ. -არა, თუ თქვენ წახვალთ, მე რაღა ვარ..-შეჭოჭმანდა პატარაშვილი. -ძაან კარგს ვიზამთ, ბიჭებო, თქვენ არ იცით, როგორ გაუხარდება.მივიდეთ, ვნახოთ და წამოვიდეთ, ამით რა დაგვაკლდება.ყოჩაღ გივი, რომ მოიფიქრე, ადრეც ვიცოდი, რომ ჭკუით იყავი გატენილი, მაგრამ ვინ მიჯერებდა! -ჰაა, ჭიჭიკო! ჩვენი სამხედრო მასწავლებელი! რა უდიერად და უღვთოდ ვექცოდით, პირდაპირ გატანჯული გვყავდა, რატომ ხდება ასე, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ალალმართალი და გულუბრყვილო კაცი იჩაგრება, რატომ? ჩვენი სამხედრო მასწავლებელი, სერგო ფრონტიდან იყო დაბრუნებული.პროფესია არაფერი ჰქონდა და სამხედრო გაკვეთილები მისცეს. შევიდა პირველ დღეს გაკვეთილზე და ბიჭებს განუცხადა, სამხედრო წესი ასეთია: როცა სიას ამოვიკითხავ, რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა დაიძახოთ:Здесь ან Я-ო, ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ, ისე გაჰკიოდნენ, სოფელში ჩადიოდა ხმა.ერთი სული გვქონდა, ჩვენ კლასში როდისღა შემოვიდოდა სერგო მასწავლებელი.და აი, ერთ დღეს, ვიღაცა შემოვარდა და ამბავი მოგვიტანა, დღეს სამხედრო გაკვეთილი გვექნებაო.გოგოები კლასიდან გავყარეთ და დიდი ამბით დაველოდეთ მასწავლებლის შემოსვლას.აჰა, ისიც შემოვიდა, გამხდარი, ავადმყოფური სახისა, საკმაოდ გახუნებულ პიჯაკში გამოწყობილი. სიტყვა არ დაუძრავს, მაგიდასთან დაჯდა და სიის ამოკითხვას შეუდგა: -დათუკიშვილი სოლიკო! დაიჭექა სოლიკომ. მასწავლებელმა ერთი კი გადახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისევ სიის ამოკითხვა განაგრძო.კლასში პირდაპირ ჭექა-ქუხილი იდგა. ჩვენი კლასის გოგონებმა რამდენჯერმე შემოიხედეს ფანჯრიდან, რა ხდებაო, გაიღრიჭეს და წავიდნენ. აჰა, მორჩა იგი სიის ამოკითხვას და დახურა ჟურნალი, კლასი განაბულია, ყველას ყურები აქვს დამზერილი, რამენაირად იპოვოს მიზეზი გართობისა.და ამ სიჩუმეში, მეტად უცნაური რამ მოხდა.მასწავლებელმა აიღო ჩაჟანგებული ხელყუმბარა და ყოველგვარი შესავლის გარეშე, რაღაც სასაცილოდ დაიწყო: -გრანატა იმნემ ერგედე! კლასში ფრუტუნი ატყდა. მასწავლებელი შეჩერდა, კლასს საბრალო თვალით გადახედა და პირდაპირ დათუკიშვილს დააბჯინა თვალი. -შენი გვარი?-ქართულად ეკითხება ამჯერად. -ჩემი? -დიახ, შენი. -დათუკიშვილი. -გამოდი აქ. სოლიკო აიზლაზნა და ნელა მიუახლოვდა მაგიდას. -აიღე ეს გრანატა ხელში. -მეშინია მასწავლებელო!-უკან იხევს დათუკიშვილი. -არ აფეთქდეს, კაცო, ვაიმე მასწვალებელო!-ყვირის მარტაშვილი და კარებისკენ გარბის, ვითომ და გარეთ გავასწროო, მაგრამ სად წავა, ყასიდად იქცევა ასე, სეირს აწყობს. კლასში ერთი გნიასია.ზოგი ჩუმად ხითხითებს, ზოგი კივის, ზოგიც სიცილით ჩაოსებულა. -მოიცათ, მოიცათ!-ხელს მაღლა სწევს სამხედრო მასწავლებელი. -ჩუმად, აბა ჩუმად!-ვაფრთხილებთ ერთმანეთს და მასწავლებელს ყურს ვაპყრობთ. -თუ ჭკვიანად მოიქცევით, შემდეგ მეცადინეობაზე შაშხანებს ჩამოვიტან და საველე მეცადინეობაზე გავალთ. ეს კი ყველას ჭკუაში დაგვიჯდა. -როდის მასწავლებელო? -ჯერ თეორიულად უნდა შევისწავლოთ და მერე პრაქტიკულად. -აბა ბიჭებო, მოვუსმინოთ. სერგო მასწავლებელი რუსულად გვიხსნის, რომ ხელყუმბარა სამი ნაწილისგან შედგება, ჩენ ყოველისვეს მაკე ვიმახსოვრებთ, შაშხანის ხმარებასაც ადცილად ვეცვევით, ვსწავლობთ დაშლას და აწყობას.რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, როგორც იყო, მასწავლებელი დავიყოლიეთ, რომ საველე მეცადინეობაზე გავეყვანეთ. კეთილი, უეშმაკო კაცი იყო და უყოყმანოდ დაგვთანხმდა.ალბათ მამა აბრამის ბატკნები ვეგონეთ.ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ იმისი გაკვეთილი ფეხებზე გვეკიდა და ჩენ სულ სხვა მუცლის გვრემა გვქონდა. გაგვიყვანა სკოლის უკან გორაზე და სამხედრო წესით დაგვამწკრივა.გვიხსნის, როდის უნდა გადავიდეთ შეტევაზე, როდის უნდა დავწვეთ და ისე გავხსნათ ცეცხლი.ხელში ძველი შაშხანები გვიჭირავს და მოუთმენლად ველით შეტევაზე გადასვლის ბრძანებას.სერგო განზე გადგა, როგორც სარდალს შეშვენის, ისე შეგვათვალიერა. -დათუკიშვილო, შაშხანა კომბალივით ნუ ამოგიჩრია, წესიერად დაიჭირე, შეხედე, როგორც უჭირავს კონსტანტინიძეს. დათუკიშვილმა შაშხანა, როგორც წესი იყო, ისე დაიჭირა და კვლავ გავინაბენით, აუ, უცებ გაისმა, შეტევაზეო და ჩვენც ვაშას ძახილით მყისვე გავჭენდით, გორა გადავიარეთ და გეზი თეთრი გიორგისკენ ავიღეთ. -ლაჟიტ!-ისმის ბრძანება, მაგრამ ყურებში ბამბას ვიცობთ, კვლავ გავრბივართ. -ლაჟიტ!ლაჟიტ!-უკვე ყვირილზე გადადის სერგო. ჩვენ მაინც თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ.ზოგი იცინის, ზოგი ვაშას იძახის, ზოგი პაჭანიკივით კივის.აღდგომის წინა დღე გახლდათ და თეთრი გიორგის სალოცავიდან უამრავი ხალხი მოდიოდა.რა დაინახეს თოფიანები მორბიანო, მოჩარდახებული ურმები გააჩერეს და გაოცებით დაგვიწყეს მზერა, რამდენიმე მანდილოსანმა პირჯვრის წერა და ლოცვა დაიწყო. მეტი აღარ შეგვეძლო.სირბილისგან და სიცილისგან ქანცგაწყვეტილები პირქვე წავეყარენით.როდის-როდის ამოქაქანდა აღმართზე სერგო მასწავლებელი.სულს ძლივს იბრუნებდა. -არ გესმით, ლაჟიტ-მეთქი, რომ ვყვირივარ>აბა თქვენგან რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს! -ვერ გავიგეთ, მასწვალებელო, ჩვენ გვეგონა თეთრი გიორგიზე მიგვქონდა იერიში!-თავი მოიკატუნა მარტაშვილმა. სიცილი აგვიტყდა.მასწავლებელმა ცერად გახედა მარტაშვილს. -გაგათეთრიგიორგებ მე შენ!-მერ ჩვენ მოგვიბრუნდა.წამოდით ახლავე, საველე მეცადინეობაზე აღარ გამოგიყვანთო. ნირშეცვლილმა მლოცველებმა გზა განაგრძეს, თან ცალი თვალით ჩვენსკენ იყურებოდნენ.მაგრამ ეს ყველაფერი, აბა რა იყო იმ გაუგონარ თავხედობასთან, მომდევნო დღეებში, რომ ჩავიდინეთ.ჩვენი თავისთვის დღესაც ვერ გვიპატიებია ის ამბავი.ასეთ ბარბაროსობას ვერც ერთი კლასი ვერ მოიფიქრებდა. ერთ დღეს, როდესაც სამხედრო გაკვეთილის მოლოდინში ვიყავით, მერხზე შედგა დათუკიშვილი და გვითხრა: -ბიჭებო, იცით რა მოვიგონე? -აბა რა მოიგონე, ამოშაქრე, "პასკევიჩო". -მოდი, სუყველამ სიმუნჯე მოვიგონოთ. -როგორ თუ სიმუნჯე?-წარბები ასწია კონსტანტინიძემ -როგორა და კარგად, .რომ შემოვა სამხედრო მასწვალებელი არა? -ჰო მერე? -კრინტი არავინ დავძრათ, ავდგეთ და დავმუნჯდეთ.თუ რამეს გვკითხავს, მაინც ხმა არ ამოვიღოთ.ვითომ და ყველა დავმუნჯდით. ეს აზრი ჭკუაში დაგვიჯდა.მარტაშვილმა ხელები მოიფშვნიტა და ხბოსავით კუნტრუში დაიწყო. პირობა შევკარით, ფიცი არცერთს არ გაგვეტეხა და ახლა მოუთმენლად ველოდით მასწავლებლის გამოჩენას.აი, შემოვიდა ისიც.უხმოდ ავდექით ფეხზე და, როცა გვითხრა, დასხედითო, ისევ უჩუმრად დავეშვით მერხებზე. კლასში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა.სერგო მასწავლებელმა ერთი კი გადმოგვავლო ეჭვით თვალი, დღეს რა ანგელოზმა მოაუარათო, მაგრამ, ეტყობა, საეჭვო ჯერ ვერაფერი ინიშნა. -დათუკიშვილი!-დაიწყო სიის ამოკითხვა. დათუკიშვილი ადგა, მასწავლებელს დაენახა, აქა ვარო და დაჯდა.კრინტი არ დაუძრავს. -მარტაშვილი! ისიც წამოიზლაზნა და უხმოდ დაჯდა. მასწავლებელს ახლა უფრო გაუღრმავდა ეჭვი.მაჩვივით გამოაპარა თვალები.ორივეს დააცქერდა., ერე სიის ამოკითხვა განაგრძო.ყველანი უხმოდ დგებოდნენ და სხვდებოდნენ.უკვე ნათელი, რომ რაღაც მზადდებოდა:სერგო ადგა, თავის გახუნებული პიჯაკის შიგნით ქამარი შეისწორა და ჩაახველა. -აბა დღეს რა გვაქვს გაკვეთილი? ხმა არსაიდან ისმის.მგლოვიარესავით ზის ყველა. -კონსტანტინიძე, რა გვაქვს გაკვეთილად? გივი წამოიყლაყა დ ამხრები აიჩეა, არ ვიციო. -ცუდად ხარ? თავს იქნევს არაო.მთელი კლასი თითქოს დანაღმულიყო, მარტ თვალები უცინოდათ ბიჭებს. -გაბრაზებული ხარ? ისევ თავი გაიქნია, არაო. -დაჯექი, ღულულაშვილო! წამოვდექი და რატომღაც ფანჯარაში გავიხედე.ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა.კენწეროზე გვრიტი იჯდა და ნისკარტით იქექებოდა. "ნეტავ გვრიტები ზამთრობით მიფრინავენ თუ აქა რჩებიან?"-გავიფიქრე. -არ გესმის, ბიჭო, რომ გეკითხები, რა მოუვიდა კონსტანტინიძეს? ლამის ვუთხარი, მე რა ვიცი-მეთქი, მაგრამ დროზე შევიკავე თავი.მხრები ავიჩეჩე, -დაჯექი!-ზიზღით მომიგდო მასწავლებელმა და შარმაზაშვილი წამოაყენა.ეს იყო ყოვლად უეშმაკო, ავადმყოფურად ჩუმი და ყველასგან განდეგილი მოსწავლე.ალბათ მასწავლებელი უკანასკნელ იმედად მას თვლიდა. ცოტა შევფიქრიანდით, ვაითუ შარმაზაშვილმა ფიცი გატეხოსო, იგი ზეზე წამოდგა, ჩაღამებული თვალებით გადმოგვხედა, მერე თავი ჩაღუნა და გაიტრუნა.შევამჩნიე როგორ იტანჯებოდა და შემებრალა.ორწყალშუა იდგა თავჩაღუნული, გამხდარი, გრძელ თითებს მერხზე ნერვიულად აცოდვილებდა და დუმდა.არც ჩვენი წყენა უნდოდა და არც მასწავლებლისა. -აბა, შენ მაინც მითხარი, შარმაზაშვილო, რა მოხდა, რა მოუვიდა ამ ხალხს? ბიჭმა ერთი წამით შეხედა მასწავლებელსა და იმანაც მხრები აიჩეჩა, არ ვიციო.კლასში ვიღაცამ ჩაიფრუტუნა. -შენც აგიყოლიეს, ბიჭო, შენც გადაგრიეს?ამოიღე ხმა. მაგრამ შარმაზასვილს თითქოს მიწით ამოვდებოდა პირი.მარტო ტუჩები გააწკაპუნა და დადუმდა. სერგო მასწავლებელს ნიკაპი აუცახცახდა.გაშმაგებული ხარივით ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი კლასს და დაიბღავლა: -რა ეშმაკი შეგიჯდათ, ამოიღეთ ხმა, შეთქმულები ხართ? მთელი კლასი დუმდა, ისხდნენ ჯიუტად პირმოკუმულნი და ელოდნენ რა მოხდებოდა.სერგომ უცებ ჟურნალის დაავლო ხელი და კლასიდან გავარდა. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.სიბრალულმა ლამის დამწვა.კონტანტინიძეს გადავხედე, ეტყობოდა, ისიც ჩემნაირ გრძნობას შეეპყრო.მაღალი, ფართო შუბლი დანაოჭებოდა, თვალებში სევდა ჩადგომოდა. -ცოდოა!-მითხრა ხმამაღლა. -გადავამლაშეთ, -დავამატე მე. ხუთი წუთის შემდეგ ჩვენი კლასის ხელმძღვანელი ნინო მასწავლებელი შემოვიდა.რა დიდი სიბრძნე იმას უნდოდა, ყველამ შეატყო, როგორ იყო გაბრაზებული.დანა პირს არ უხსნიდა.ფეხზე წამოვდექით. -დასხედით, დასხედით, ვითომ დიდი ზრდილობიანები მყავხართ, -მერე გაჩუმდა, ერთი წუთის განმავლობაში თითქმის ყველა ჩაგვათვალიერა და სრულიად დინჯად, ხმადაბლა დაიწყო: -როგორ არ გრცხვენიათ, ასე როგორ უნდა გაამწაროთ ადამიანი, ცრემლი სდიოდა.იმ კლასში აღარ შევალო... ერთი წუთით თავს მოვერიე და კლასს გადავხედე.ხელისგულებზე შუბლდაყრდნობილნი, ქვებივით უძრავნი, მგლოვიარეებივით გულჩათუთქულნი ისხდნენ ყველანი.არ ვიცი ნინო მასწავლებელმა ჩვენს სახეზე რა ამოიკითხა, რა იფიქრა, იქნებ თითოეულის გულისხმას, თითოეულის ფიქრს მიხვდა კიდეც. ვინ იცის, სიტყვა აღარ დაუძრავს, აღარც გაკიცხვა, აღარც საყვედური.მარტო ისღა გვითხრა, შემდეგ გაკვეთილზე ბოდიშს მოუხდითო და წავიდა. მომდევნო გაკვეთილი და საერთოდ მას შემდეგ ყველა სამხედრო მეცადინეობა ჩვენს კლასში უჩვეულოდ მიმდინარეობდა.რაღაც უხილავი ძაფი გაიბა ჩვენსა და მასწვალებელს შორის.თვითონვე გრძნობდა ამას და ალბათ უკვირდა კიდეც, ან შეიძლება არც უკვირდა.ასე იყო თუ ისე, იმ დღიდან ჩვენს შორის სულ სხვანაირი ურთიერთობა დამყარდა.ჩვენი სიგიჟმაჟე და ჩვენი კერპი გული უცებ გალხვა, უცებ ვიგრძენით, ადამიანს რა დიდ ტკივილს ვაყენებთ თურმე.ორი კვირის შემდეგ სამხედრო მასწავლებელს უთქვამს, ეს რა უცნაური კლასია, ვერაფერი გავუგეო. ერთი თვის შემდეგ გავიგეთ, სერგო მასწავლებელს დამბლამ დაარტყა და ცალი მხარი წაართვაო.მას შემდეგ თითქმის წელიწადი გავიდა და სერგო მასწავლებელი ყველას მიავიწყდა. 6 ტახტზე ვწევარ და ისტორიის წიგნს ჩავკირკიტებ.მაგრამ თავში არაფერი ჩადის.იქნებ იმიტომ, რომ გზაზე ვდგავარ?ყველა საბუთი ხელთა მაქვს და და ამ საღამოს მივემგზავრები.დედაჩემი და ჩემი და ერთი ამბით მიუთოვებენ ტანსაცმელს.ფაქიზად კეცავენ და ისე ალაგებენ ჩემოდანში, -დედა, რომელი საათია? -შვიდი, -მპასუხობს დედაჩემი მეორე ოთახიდან. -ერთ საათში ჩამოივლის ავტობუსი. -აი, ჩვენც მოვრჩით, ყველაფერი გაგიმზადეთ. ისტორიის წიგნი დავკეცე და ჩემოდანში ჩავდე.ფანჯრიდან გავხედე ჩამავალ მზეს.დიდი, კაშკაშა და მოწითალო დისკო სევდიანად, მაგრამ რაღაც დიდებულად ჩადიოდა, გეგონებოდათ, ქვეყნიერებას სამუდამოდ ეთხოვებაო.ამ ჩამავალი მზის შუქზე ისეთი წარმტაცი ჩანდა მთელი ალაზნის ველი, გული ამიჩუყდა.გაჭრილ ყანებს თითქოს მის მტვეი ეყარა.შორს კავკასიონის ძირას, ყვითლად ელვარებდა გაუჭრელი ყანა და ამ ყანაში თაიგულივით მდგარ კორომს ისეთი ელფერი ედო, თუნდაც ერთი წუთით, იქ ყოფნას ვნატრობდი.სხვა დროსაც შემინიშნავს ეს სილამაზე, მაგრამ ასე არ ამჩუყებია გული.ამ ტიალმა ხომ არ იგრძნო, რომ აქაურობას მალე უნდა გავშორებოდი და თანაც, ვინ იცის, რამდენი ხნით? აჰა, დადგა გაყრის წუთი, ის წუთი, რომელსაც თერთმეტი წელი ველოდი.აი, ატესტატი ხელთა მაქვს, შიგ რუსულ-ქართულად წერია:ამ ატესატის მფლობელს უფლება აქვს შევიდეს საბჭოთა კავშირის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელშიო. რამდენის უფლება მქონია, წადი რომელ ქალაქშიდაც გინდა და გააგრძელე სწავლა.აირჩიე ფაკულტეტი. უკვე ჩემი ოცნების კარიბჭესთან ვდგევარ, შევძლებ თუ არა გავაღო კარი და შევიდე ლამაზ საოცნებო სამყაროში? ჯერ კიდევ ყმაწვილობის დროს, როცა ჟურნალში ან გაზეთში თბილისის უნივერსიტეტის შენობას დავინახავდი, ჟრუანტელი დამოვლიდა ხოლმე, ყველაზე ბედნიერ ადამიანებად ისინი წარმომედგინა, ვინც იქ სწავლობდნენ.დავწვებოდი და ვოცნებობდი, როდის დადგებოდა, ან დადგებოდა თუ არა ის დღე, როცა მეც ამ წმინდა ტაძრის მკვიდრი გავხდებოდი.ასე თანდათან იქცა ჩემს კერპად უნივერსიტეტი.ჩემი ოცნება იყო, გამოვსულიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის დიდი მკვლევარი, ისეთი მკვლევარი, ვინც თექვსმეტ საათს წიგნებს ჩაჰკირკიტებს და მერე დაღლილ-დაქანცული ნელა მისეირნობს თბილისის ქუჩებში და გამვლელ-გამომვლელნი მოწიწებით უცქერენ.ეს ოცნება ისე ჩამისახლდა ძვალსა და რბილში, რომ განუყრელ ნაწილად იქცა.უიმოცნებოდ ჩემი ცხოვრება ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც სულისა და ხორცის უერთმანეთობა.რომ მოხდეს და ვერ ჩავაბარო-მეთქი?ხანდახან გამკენწლავდა ეჭვი და უფსრკულის პირას მდგარივით მყისვე უკუვიქცეოდი ხოლმე ამ საზარელი ფიქრისგან.მაგრამ ეჭვი მაინც სახლობდა ჩემს გულში, თუმცა მიყუჩებული იყო, მტვერწაყრილი, თავს აღარც კი მახსენებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი საკუთარი სხეულით დამქონდა იგი. გუშინ საღამოს გვიან დავბრუნდი.სერგო მასწავლებელი რომ მოვინახულეთ, მერე კონსტანტინიძემ შინ წაგვიყვანა და გვარიანად გადავკარით.როგორ გაიხარა სერგო მასწავლებელმა ჩვენი მისვლით.დიდი კაკლის ქვეშ სავარძელში იჯდა და ვერ გვიცნო, სანამ ზედ არ წავადექით. -თქვენ სულ სხვანაირი ბიჭები ხართ, უცნაურები, მაგრამ კარგი გულისა.თქვენს გარდა არავის მოუფიქრებია ჩემი ნახვა.ყველას დავავიწყდი.დიდი მადლობელი ვარ, ბიჭებო, რომ გაგახსენდით, რა დიდი საქმე გავაკეთეთ.ყველანი კმაყოფილნი ვიყავით.ასეა, როცა კაცი კარგ საქმეს გააკეთებ, თითქოს მძიმე ტვირთი მოიშორეთო. იმას მოგახსენებდით, კონსტანტინიძესთან გვარიანად გადავკარი და შინ გვიან დავბრუნდი-მეთქი.სოფელს თითქმის უკვე ეძინა.ჩემს უმცროს დაიკოსაც.დედაჩემი ფხიზლობდა და ცოტა არ იყოს, შეცბუნებულიც იყო. -სადა ხარ, შვილო, აქამდე გული გადამელია შენს ლოდინში, რა აღარ ვიფიქრე.. -აი, აქა ვარ, შენთანა, დედა!-მაგიდაზე ატესტატი დავაგდე და ნაჯაფარი კაცივით საწოლზე მივესვენე. -მთვრალი ხარ ბიჭო? -ისე, რა ატესტატები დავალბეთ. დედაჩემმა მიყურა, მიყურა და ხმადაბლა, თითქოს ჩურჩულით მითხრა: -დაწექი, შვილო, დაიძინე. ამ ბოლო დღეებში რაღაც შეიცვალა დედაჩემი, უფრო გულჩათხრობილი და ალერსიანი გახდა.თითქოს უცებ მობერდა, მოტყდა. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი ვიყავ, ძილი არ მერეოდა.ალბათ ღვინო ჭარბად მომივიდა და მაწვალებდა.უცებ დამწვარი სანთლის სუნი ვიგრძენი.თვალი გავახილე და, რას ვხედავ, იქ სადაც მამაჩემის გადიდებული სურათი ეკიდა, დედაჩემს სანთელი დაენთო და რაღაცას ჩურჩულებდა, ალბათ ჩემს თავს ავედრებდა სალოცავებს. -დეიდაშენს უთხარი, -მეუბნება დედაჩემი და წერილს ოთხად კეცავს, -ერთი ორი დღით ჩამოდი-თქო.ქვეყნის ხილია, ან კომპოტებს გააკეთებს, ან მურაბებს მოხარშავს, წერილში კი ვწერ, პირადადაც უთხარი, არ დაგავიწყდეს. -არა. აჰა, ეს ფული, ვიდრე გამოცდებს ჩააბარებ, გეყოფა, ოც თუმანს მაძლევდა დედაჩემი. -არავინ ამოგაცალოს, ბიჭო, წესიერ ადგილას ჩაიდე. -ოლიას უთხარი, მეუბნება ჩემი და, -შვებულებაზე აქ ჩამოდი-თქო, გაიგე? ოლია ჩემი დეიდაშვილია.შარშან უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრა და ახლა ერთ-ერთ გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობს. როცა გზაზე გამოვედი, ახალი შებინდებული იყო.მთელი ალაზნის ველი და კავკასიონის მთებიც უკვე ღამის თხელ ნისლში იძირებოდა.შორიდანვე ვიცანი რკინიგზის სადგურზე მიმავალი ავტობუსი.მწვანე შუქი უციმციმებდა მარჯვენა გვერდზე, ხოლო ფანჯრიდან ყვითელი სინათლე გამოკრთოდა...იგი თავის გარეგნობით უკვე უკვე ქალაქის განწყობას ქმნიდა.როცა ავტობუსში ავედი და დაიძრა, ფანჯრიდან გადმოვხედე დედაჩემს.იგი იდგა და სასოებით მაყოლებდა თვალს. ოჰ დედაჩემის მაშინდელი თვალები ალბათ სიკვდილანდე არც დამავიწყდება.რამდენს მეტყველებდა, რამდენი რამ შევნიშნე იმ თვალებში.იმდენი სიამაყე, სევდა და დიდი მოლოდინით გამოწვეული დაძაბულობა. "მშვიდობით", ჩემო კერავ, ჩემო სოფელო!"-თითქოს ვიღაცამ ჩამისისინა ეს სიტყვები და მერე უცებ ყველაფერი გაქრა და გაიფანტა. 7 დეიდაჩემი ვაგზალთან ახლოს, დინამოს სტადიონის გვერდით ცხოვრობდა. დილის შვიდ საათზე ჩემოდნით ხელში უკვე დეიდაჩემის სახლისკენ მიმავალ ვიწრო ქუჩას მივყვებოდი.ღრუბლიანი დილა იყო, ნაწვიმარი, მაგრამ ზაფხულის სულისშემხუთველი სიცხე მაინც იგრძნობოდა. ტრამვაის პარკს ჩავუარე.ლიანდაგებზე უთვალავი ვაგონები ჩამწკრივებულიყო.ღამენათევი ტრამვაები, თითქოს ღრმაძილგამოღვიძებულები იშმუშნებოდნენ და ქალაქში გასასვლელად ემზადებოდნენ.ერთი სიტყვით, დიდი ქალაქი იღვიძებდა, ფეხზე დგებოდა. აი, ესეც ტრამვაის ქუჩა და ოცდაერთი ნომერი სახლიც. რკინის ჭიშკარი ღრჭიალით შევაღე, ხის კიბით მეორე სართულზე ავედი და დეიდაჩემის ბინას მივადექი. ყველაფერი ძველებურად იყო, ისე, როგორც ამ სამიოდე წლის წინ მახსოვს.ან კი რა უნდა შეცვლილიყო სამი წლის მანძილზე? ისევ ის ვიწრო ეზო, დეიდაჩემის ქმრის, ამბროსის ხელით დარგული დიდი ალვის ხე და მაჯის სიმსხო სახეივნე ვაზი, ისიც ბიძია ამბროსის დარგული, მთელ ეზოს და აივნებს აბლაბუდასავით რომ მოსდებოდა. ყველაფერი ძველებურად იყო დეიდაჩემის ოთახშის.ოღონდ კედელზე ამბროსის გადიდებული სურათი ეკიდა.მელოტი, ხანში შესული კაცი ოდნავ კუშტად, მაგრამ ჭკვიაბ~ნი თვალებით პირდაპირ მე მომჩერებოდა.აი, რა შეცვლილა იმ ხნის მანძილზე, რაც მე აქ აღარ ვყოფილივარ. სამი წლის წინათ, როცა ბენდელიანის სახელობის საფრენოსნო სკოლაში ვაპირებდი შესვლას, ბიძია ამბროსი ცოცხალი იყო, ჯანრთელად გახლდათ და სამსახურშიც დაიარებოდა.მერე მოულოდნელად, წნევა დააცხრა და საღსალამათი კაცი წუთში გააქრო. ამბროსი უცნაური კაცი იყო.ენამწარე, მაგრამ სამართლიანი.რასაც კი იწინასწარმეტყველებდა, ადრე თუ გვიან აუცილებდად აცხადდებოდა.დიდი სწავლა-განათლება არ ჰქონია, მაგრამ ჭკვიანი, ბრძენი კაცი გახლდათ. აი ახლა ეს კაცი ცოცხალი ადამიანივით მომჩერებოდა გადიდებული სურათიდან და თითქოს გუშინდელ დღეს მაგონებდა. ოთახში დეიდა შემოდის და სურათს თვალს ვარიდებ.ოლია სამზარეულოში რაღაცას ფუსფუსებს. დეიდაც, ბავშვობიდან როგორიც მახსოვს, ისეთი, ტანდაბალი, ჯმუხი და შავგვრემანი.ოღონდ ეგ არის, შავებით შემოსილა.ოლია კი ძალზე გამოცვლილა, გავსილა და დამშვენებულა, მიუხედავად იმისა, რომ, საშინაო ტანისამოსი ეცვა და თანაც ნამძინარევი გახლდათ, მაინც ავი თვალით არ ინახვებოდა.პირველი კითხვა, მისი დანახვისას რომ დამებადა, ეს იყო: რომელი ბედნიერი შეირთავს-მეთქი. სტუდენტობისას ოლია სოფელში ხშირად დადიოდა, მაგრამ რაც სამსახური დაიწყო, აღარ ჩამოსულა, შვებულებას ზღვაზე ატარებდა. სიხარულით აღტაცებულმა დეიდაშვილმა გადამკოცნა.მერე მიყურა, მხარზე ხელი დამკრა და წამოიძახა: -რამოდენა გაზრდილხარ, ჯოოვ! აი, ასეთი იყო ჩემი პირველი შეხვედრა დეიდაჩემის სახლში.ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ საუბარი დაიწყო:როგორ არის დედა, რა არის სოფელში ახალი, მოსავალს როგორი პირი უჩანს და სხვა ამისთანა. -მაშ ფილოლოგიურზე აპირებ, ჰა?-მეკითხება ოლია და თან სარკეში იყურება.სამსახურში წასასვლელად ემზადება. -ვაპირებ, კი. -წელს დიდი კონკურსი იქნება. -ვითომ? -მე მგონი. -ნეტა რა ჩაგიძვრა მაგ ფილოლოგიურში, -მსაყვედურობს დეიდა.-შესულიყავ აგრონომიულზე, მაგაზე კარგი რა არის.აფსუს. -თუ ეგრე მოგწონს, რატომ არ გამაყოლე იმ აგრონომს?-ოლიამ ჩემსკენ მოიხედა, თვალი ცამიკრა და გამიღიმა. -მეხი კი დაგაყარე, აჰა!-ყასიდად ბრაზობს დეიდა, იმისთანა აგრონომს რა თავში იხლიდი. ოლია ლაღად იცინის, კისკისებს და მე მიყურებს, თითქოს მეუბნება, მერე აგიხსნი, რაშიც იყო საქმეო.როცა სიცილით გული იჯერა, ისევ მე მომიბრუნდა და მითხრა: -კარგ დროს ჩამოხვედი, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ახალგაზრდა პოეტები მესტუმრებიან.არ გაინტერესებს მათი გაცნობა? ახალგაზრდა პოეტები.... ცხოვრებაში არასოდეს მენახა ნამდვილი პოეტი და, აი, დღეს ჩემი დეიდაშვილის ოლიას წყალობით უნდა შევყროდი მათ.ჩემს თვალში იმ წუთში ოლია უფრო გაიზარდა, უფრო მოწიწებული გავხდი მის მიმართ.პეტების გაცნობა მართლაც გულით მეწადა, ოლიას ნათქვამიც გამიხარდა, მაგრამ ეს სიხარული ვერაფრით გამოვხატე, გულშივე ჩავიკალ, მარტო მხრები ავიჩეჩე და მორცხვად ჩავიდუდუნე, რა ვიცი-მეთქი. -ლექსებს კიდევ წერ?-მკითხა ოლიამ, თან გარდერობის დიდ სარკეში იყურებოდა და თან გრძელი თეთრი თითებით კეფაზე თმას ისწორებდა. -რა ვიცი, ხანდახან. ერთმანეთისთვის მეტი აღარაფერი გვითქვამს. ცხრა საათისთვის დეიდაც და ოლიაც სამსახურში წავიდნენ.ერთ ხანს ვიწრიალე შინ, წიგნის კითხვაც ვცადე, ძილიც, მაგრამ გული ვერაფერს დავუდე.რატომღაც სული მეხუთებოდა ავეჯით გამოტენილ ამ ოთახში და გული გარეთ მიმიწევდა.ავიღე ჩემი საბუთები და უნივერსიტეტისაკენ გავწიე. მიუხედავად იმისა, ცა მოღრუბლული იყო, სიცხე მაინც მძვინვარებდა.დილანდელი წვიმის კვალიც არსად ჩანდა.ასფალტი ვარვარებდა და ბუღი ასდიოდა.სუნთქვა ჭირდა.დინამოს ბაღის წინ, ვაკეში მიმავალი ტრამვაი გაჩერდა და ავედი.დეიდაჩემისგან ვიცოდი, რომ ვაკეში პირველი ნომერი ტრამვაი დადიოდა.მეექვსე გაჩერება ზედ უნივერსიტეტთან გახლდათ., მივრახრახებდი და ყველა გაჩერებას ვითვლიდი.აჰა, გავიარე მეხუთე გაჩერება და ჩემი ჩასვლის დრომაც მოაღწია.მაინც თავი დავიზღვიე და სიცხისგან დაოსებულ ზონზროხა კონდუქტორს ვკითხე, უნივერსიტეტი შემდეგ გაჩერებაზე ხომ არის -მეთქი.რატომღაც გაოცებულმა შემომხედა და თავი დამიქნია, დიახო.ტრამვაი გაჩერდა, კონდუქტორმა შემომხედა და ხელი ზურგსუკან გაიშვირა, ეგ არის უნივერსიტეტიო. ჩავედი და ჭადრების ჩრდილში ტროტუარზე გადავედი.ჩემ წინ აღმართულიყო დიდი ნაცნობი შენობა, ეს რა თქმა უნდა უნივერსიტეტის შენობა გახლდათ.უცებ ჟრუანტელმა დამიარა და გული ამიძგერდა.ალბათ ასე ემართება მორწმუნეს, როცა მისთვის სათაყვანებელ წმინდა ტაძარში შედის ხოლმე. უნივერსიტეტის ახლომახლო ხალხმრავლობა იყო.მოსულიყვნენ ბედის მაძიებელი ახალგაზრდები, იმედებითა და მომავალზე ოცნებით აღვსილნი, იდგნენ დიდი ჭადრის ქვეშ ტროტუარზე, ჩამომსხდარიყვნენ გალავანზე, გაფანტულიყვნენ ჯგუფ-ჯგუფად და სჯა-ბაასობდნენ, კამათობდნენ, მხიარულობდნენ.როგორც კი ამ ხალხში შევერიე, მყისვე მარტოობის ნაცნობი, მწვავე სევდა დამეუფლა, ისე მომეჩვენა თითქოს ისინი სრულად უცხონი იყვნენ ჩემთვის, თითქოს რაღაც ამოუვსებელი უფსრკული მყოფდა იმათგან.თავი დავღუნე და პირდაპირ უნივერსიტეტის ვესტიბიულში შევედი.ბენზინისა თუ სპირტის მძაფრი სუნი ვიგრძენი, იატაკს რომ დაჰკრავს ხოლმე დიდ დაწესებულებაში.პირველი რაც ჩემმა თვალებმა იხილა, ეს იყო ოდნავ ბნელი, იდუმალებით მოსილი, სვეტებიანი დარბაზი და უცებ მომეჩვენა, რომ ეს დარბაზი ოდესღაც მინახავ და ახლა მეორედ ვიყავი მისი მხილველი.არ ვიცი, საიდან გამიჩნდა ასეთი შეგრძნება.იქნებ როდისმე დამსიზმრებია და ეს ყველაფერი იმ დავიწყებული სიზმრის აცხადება იყო. ვესტიბიულშიც ტრიალებდნენ ბედის მაძიებლები, მაგრამ მაინც სიჩუმე სუფევდა.აქედანვე იწყებოდა ის მოკრძალება და რიდი, იქ შემსვლელთ რომ გააჩნიათ.ერთ ვეება მაგიდას რამდენიმე გოგონა მისჯდომოდა და ალბათ უნივერსიტეტში შესატან განცხადებას წერდნენ.ხელმარცხნივ, კედელზე, პატრა სარკმელების თავზე, კინო-თეატრის სალაროებს რომ წააგავდა, წარწერები იყო ჩარიგებული:"ფილოსოფიის ფაკულტეტი", "ფილოლოგიის ფაკულტეტი"...მეტი აღარ წამიკითხავს, ამ ბოლო აბრაზე შევაჩერე თვალი.სწორედ ამ სარკმელთან ხუთიოდე კაცი იდგა საბუთებით ხელში.ჩემდა გასაკვირად სხვა ფაკულტეტებზე კაკალი კაცი არ იყო.ოლიას ნათქვამი გამახსენდა, ფილოლოგიურზე წელს დიდი კონკურსიაო "ნეტა ვიცოდე, უკვე რამდენი კაცია?-გავიფიქრე. შუა ივლისი იყო.პირველ აგვისტომდე ვინ იცის კიდე რამდენი შეიტანდა საბუთებს.სარკმელს მივუახლოვდი და შიგ შევიჭყიტე.მაგიდასთან იჯდა ახალგაზრდა, ქერა, ლამაზი ქალი და დინჯად, დაკვირვებით ათვალიერებდა ყველა საბუთს.იქვე ორი ლაზათიანად ჩაცმული ბიჭი იდგა და თვალს წყალს ალევინებდა.მივედი და ვკითხე, თქვენც ფილოლოგიურზე ხომ არ აბარებთ მეთქი.ერთმა ზედაც არ შემომხედა, ვიღაც გოგოს მიშტერებოდა.მეორემ თავით ფეხებამდე ჩამათვალიერა და ღიმილით მკითხა: -შენ რა, ფილოლოგიურზე აბარებ? -დიახ. -ყოჩაღ შენ!-ისევ გაიღიმა და ისევ ჩამათვალიერა. იმის ღიმილი გულში გველივით ჩამიძვრა და და მთელ ტანზე დამბურძგლა.ამ დამცირებას სხვა ადგილას არავის ვაპატიებდი, ყელს გამოვღადრავდი. ცივად გამოვბრუნდი და მაგიდას მივუახლოვდი, გოგონები რომ მისხდომოდნენ და განცხადებებს წერდნენ.იმ წუთას საშინელი მარტოობა ვიგრძენი, როგორ მინდოდა, გვერდით ვინმე მეგობართაგანი მყოლოდა. -უკაცრავად, დასაწერი ქაღალდი ხომ არ გექნებათ? ოდნავ გრძელცხვირა, მაგრამ ლამაზი გოგო იდგა ჩემ წინ.ახალი რვეულიდან წყვილი გვერდი ამოვიღე და მივეცი.გმადლობთო. ლამაზი ციმციმა თვალები შემომანათა და კეკლუცად უკან გაბრუნდა. მაგდიას მივუჯექი და საბუთები კიდევ გადავსინჯე, რაიმე არ აკლდეს-მეთქი.თან თვალი ლამაზ გოგოსკენ გამირბოდა, ვატყობდი განცხადების წერა უჭირდა.რაღაც შეეშალა ალბათ, დახია და სხვა განცხადების წერა დაიწყო.როგორც იყო დაწერა, ისევ გადამიხადა მადლობა და წავიდა.მაგიდაზე დაღცა მისი შავად ნაწერი/განცხადება ავიღე და გადავიკითხე.ზუსტად ასე ეწერა: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, დალი იაკობის ასული ხაჭაპურიძის განცხადება ბოვშვობიდან დიდი სურვილი მაქ შევიდე ფილოლოგის ფაკულტეტზე, რისთვისაც გთხოვთ მიღოთ ჩემი საბუთები" გამიკვირდა და გამეცინა, ამ განცხადების პატრონი ფილოლოგიის ფაკულტეტზე როგორ ბედავს საბუთების შეტანას? განცხადების წაკითხვამ საკუთარი თავისადმი რწმენა შემმატა და გულში იმედი ჩამისახა.თუ ასეთი ხალხი შედის, დიდი კონკურსი რას დამაკლებს -მეთქი. -ას ოცდამეათე ვარ, შარშან მეორეასე ვიყავ!-ვიღაცამ თითქოს ყურში ჩამძახა.ავიხედე, ჩემ წინ ოდნავ სახეჭორფლიანი, ტანთხელი ბიჭი იდგა.თვალებში ისეთი თბილი, ალალი ღიმილი ედგა, ჩემდაუნებურად ღიმილზე ღიმილითვე ვუპასუხე. -მერამდენე ხარ? -ას ოცდამეათე, ეს წელსაც თუ ვერ ჩავაბარე, ჯარში მიკრავენ თავს. ხალისიანი ბიჭი ჩანდა, ასეთ კაცზე იტყვიან ხოლმე, წყაროს წყალივით გამჭვირვალეაო.ესე იგი, არაფერი დამალული და მიღმა იმას არა აქვსო, ხალასია, ნაღდი.და უცებ, როცა ამ ბიჭის მომღიმარე თაფლისფერ თვალებს ვუყურებდი, სასწაული მოხდა.ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ეს ბიჭი ჩემი ძველი მეგობარი და ახლობელი ყოფილიყოს. -რომელ ფაკულტეტზე შედიხარ?-ვკითხე და ზეზე წამოვდექი.ჩემზე ორიოდე გოჯით დაბალი იყო. -ფილოლოგიურზე, შენა? -მეც. -შეიტანე უკვე საბუთები? -არა, ახლა ახლა ვაპირებდი. -მოდი, დაწერე განცხადება და შეიტანე, ერთ ჯგუფში მოვხვდებით.შენ ას ოცდამეთერთმეტე იქნები, კალამი გაქვს? -კი. განცხადება ხელად გამოვაცხე, საბუთები ერთხელ კიდევ გადავათვალიერე და ორივენი მივედით იმ სარკმელთან, სადაც ლამაზი ქალი იჯდა და ყველა საბითს დინჯად ათვალიერებდა ხოლმე. -რა გქვია?-მკითხა ახლად გაცნობილა ბიჭმა. -ილო. -მე ანზორი მქვია. ქერა ქალს საბუთები გადავაწოდე.ყურადღებით, სათითაოდ ათვალიერებდა ყველა საბუთს და გულში შიშმა გამირბინა, ვაითუ რამე აკლდეს და უკან გამაბრუნოს მეთქი.მაგრამ აგერ, ბოლომდე გავიდა, მერე ყველა საბუთი თანმიმდევრობით დაალაგა, სამაგრი გაუკეთა დ აგვერდზე გადადო.შვებით ამოვისუნთქე. -ოცდახუთში მოხვალთ და საგამოცდოს მიღებთ, -მიტხრა ქერა ქალმა, პატარა ქაღალდი გადმომცა დ აამით მორჩა ჩემთან ყველაფერს. ნომერს დავხედე.მართლაც ასოცდამეთერთმეტე ვიყავი. -ესეც ეგრე, -მივუბრუნდი ახალგაცნობილ მეგობარს და გავუღიმე.იმანაც გამიღიმა მის თვალებში ერთხელ კიდევ დავინახე უჩვეულო სითბო და სიყვარული. -რა ვქნათ, ახლა სად წავიდეთ?-მკითხა ანზორმა და მომაჩერდა, თითქოს ჩემგან ელოდა ხსნას. -სადაც გინდა! -წამო ბაღში დავსხდეთ, ცოტა გრილა იქ. -რომელ ბაჭში? -აქვე, უნივერსიტეტის ბაღში, არ ყოფილხარ? -არა! პირველად ვარ უნივერსიტეტში. -მე შარშან ვაბარებდი, მაგრამ...-ხელი ჩაიქნია, განზე გაიხედა და მომღიმარე, კეთილი თვალები დაუსევდიანდა. შარშან რაზე აბარებდი? -ფილოლოგიურზე. -ჩაიჭერი? -ქართულ წერაში ოთხი მივიღე, ზეპირში ხუთი..ისტორიაში ხუთი, ყველას ეგონა ჩავირიცხებოდი, წინასწარ მილოცავდნენ, მაგრამ რუსულ წერაში დამავაჟკაცეს.სოფლიდან ჩამოსულები რუსულში ვფლავდებით.შენ როგორ გაქვს საქმე, გადაურჩები? თითქოს ნაიარევზე დამადგეს ფეხი, ისე შემაცბუნა ან კითხვამ.კვლავ გაიღვიძა ჩემ სულში მთვლემარე შიშმა და შემაძრწუნა, მაგრამ ამაზე ფიქრი ხელს არ მაძლევდა და მყისვე უკუვაქციე. -რა ვიცი, რუსულ ენაში სულ ხუთებს ვიღებდი, ერთი სიტყვით გრამატიკა კარგად ვიცი..წერა კარნახით არის, არა? -შარშან ეგრე იყო, წელსაც ალბათ ასე იქნება.ნუ გეშინია, თუ გრამატიკა კარგად იცი გაძვრები, -დამაიმედა ანზორიმ. უნივერსიტეტის შენობიდან გამოვედით თუ არა, მარცხნივ ბაღისკენ ჩავუხვიეთ, მაგრამ მოულოდნელად ისეთი მადისამღვძრელი სუნი სუნი მეცა, ფეხი ამათრევინა, საიდანღაც მოხარშული სოსისის ოხშივარი გამოდიოდა.ახლაღა ვიგრძენ, რომ მშიოდა.თვალწინ დამიდგა, წითლად დაბერილი ტკაცუნა სოსისი.ცივი, ქაფქაფა ლუდი და კუჭი ამიფორიაქდა. -ანზორ! ოდნავ წინ მიმავალი ანზორი შეჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა.და უცებ თვალში მეცა მისი გამხდარი, ვიწრო და ოდნავ შეღუნული ბეჭები.ასეთი აღნაგობის ბავშვებს დუხჭირი ცხოვრება აქვთ გამოვლილი ხოლმე.არც მე მქონია ბავშვობა დალხენილი, მაგრამ ჯიშისა დაჯილაგის წყალობით, ან ეშმაკმა იცის, რის შემწობით, ფიზიკურად არა მიჭირდა რა. -ანზორ აქ სადღაც სასადილოა არა? -აგერ არის უნივერსიტეტის სასადილო, -ხელი გაიშვირა იმ ღია კარისკენ, საიდანაც ის მადის ამღძვრელი ოხშივარი გამოდიოდა. -მოდი, ცოტა შევჭამოთ რამე, დღეს ლუკმა არ ჩამიდვია. -სიამოვნებით. სასადილოში ორიოდე ადამიანი სადილობდა.ალბათ ჩვენსავით ჩამოსულები იყვნენ. -სამი სოსისი დ აორი ლუდი, -დავუკვეთ დახლიდარს. -მოიცა, შენ მაგიდასთან დაჯექი, -მხარზე დამადო თავისი გამხდარი და დაძარღვული ხელი ანზორმა. გავჯიუტდი, მე დაგპატიჟებ-მეთქი, როგორც იყო, დავიყოლიე და ღარინულ სუფრას შემოვუსხედით. -ჩვენს გაცნობას აუმარჯოს!-ჭიქა მომიჭახუნა ანზორმა. -გაუმარჯოს. -გვარები არ ვიცით ერთმანეთისა. -ჩემი გვარი ღულულაშვილია. -სადაური ხარ? -კახელი, მაჭარაუაულია ჩემი სოფელი, ახმეტის რაიონში. -კეთილი მე სისაური ვარ.ატენიდან, გორის რაიონიდან. ჭიქები უხმოდ გამოვცალეთ.ლუდი ცივი იყო და მეგემრიელა.მადააგამიხსნა.ორი ბოთლი რომ გამოიცალა, ანზორმა კიდევ ორი მოატანინა.ის ორიც გამოვცალეთ და ახლა ოთხი შემოვდგი.ლუდმა გაგვაბრუა, ერთი სიტყვით კარგ გუნბეაზე დაგვაყენა და ენა გაგვიხსნა. -ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს!-მეუბნება ანზორი და თვალებში ღიმილით მომჩერებია, -თუ გაგვიმართლა და მოვეწყეთ, ატენში წავიდეთ, იცი რა სოფელია? -რაღა ატენში, კახეთში წავიდეთ, ბახტრიონი გინახავს?ალავერდი გინახავს?შუამთა, გრემი, სულ მოგატარებ.. ანზორს სიამით ეღიმება და თავს მიქნევს, არაო, არ მინახავსო, მაგრამ გამიგიაო. -იქაც წავიდეთ და იქაც.ჩვენი ნება არ არის? რა დაგვიშლის. აგრე იყოს მეთქი, მხრებს ვიჩეჩავ.მეორე ორივენი ვდუმვართ.. მე თვალწინ მიდგას ჩემთვის უცხო სოფელი ატენი, ჩვენი მომავალი მეგობრობა და სტუდენტობა და თავს ისე ვგრძობ, თითქოს ნეტარების ზღაში ვცურავდე.ვიცი, ანზორიც ოცნებობს, მას ალბათ კახეთი ელანდება, ბახტრიონი, გრემი, ალავერდი, ლექციები, აუდიტორია და მომავალი მეგობარი, ისეთი ჭეშმარიტი მეგობარი, როგორზეც სიყრმეში გვიოცნებია, როგორიც რომანებში შეგვხვედრია. -ილო, - მეუბნება იგი და მაჯაზე თავის გამხდარ ხელს მადებს, -იცი რა, თუ ერთ-ერთი ვერ მოვეწყობით, მაინც ნუ დაკარგავთ ერთმანეთს. -ეგ არც მიფიქრია. -იცი რას გეუბნები? ზოგი რაკი უმაღლესში მოეწყობა, ძველ მეგობარს დაკარგავს ხოლმე. -მაგაზე ნუ ფიქრობ, ორივენი მოვეწყობით. -დავუშვათ და ვერცერთი ვერ მოვეწყოთ? -მოვეწყობით, მოვეწყობით! -მარტო შენ რომ მოეწყო? -მაინც არ დაგივიწყებ. -მე ჯარში წამიყვანენ. -ჯარიდან რომ ჩამოხვალ, მაშინ შეიძლება..თუმცა, მოდი, მაგაზე ნუ ვიფიქრებთ. ანზორმა ამოიოხრა.კუთხეში მჯდომ ბიჭებს მიაჩერდა, მაგრამ შევატყვე.სხვაგან იყო მისი აზრი და გონება. -ილო, მამა გყავს? -არა, ჯარში დამეღუპა, პოლკოვნიკი იყო, არტილერისტი. -გახსოვს? -სიზმარივით, ოთხი წლისა ვიყავი.ჩემი და უფრო პატარა იყო, ორი წლისა. -მართლა პოლკოვნიკი იყო? -კი, სიკვდილის წინ გახდა პოლკოვნიკი.შენ გყავს მამა? -მე მყავს.დედაცა მყავს, მამაც და ერთი ცოლშვილიანი ძმა. -რას აკეთებს მამაშენი? -გლეხი კაცია..სულ იმის ნატვრაშია, ნეტავ ამან მაინც გამიმართლოს და ნასწავლი გამოვიდესო. -ნუ გეშინია, გაუმართლებ. ანზორმა ჩემს ბოლო სიტყვას ყური აღარ ათხოვა.ჭიქა აიღო დ ამოდი, ჩენს მეგობრობას გაუმარჯოსო.გაუმარჯოს-მეთქი, კვერი დავუკარ, მაგრამ თავი გაიქნია, მაგრე არაო, ფიცი დავდოთ, რომ ერთმანეთს არ დავივიწყებთო.დავდოთ მეთქი.ხელი მოიტაო და ერთმანეთს ხელი მაგრად ჩამოვართვით.ამ წუთს ორივეს გვჯეროდა, რომ ამ ფიცის შესრულება ისეთივე იოლი იყო ჩვენთვის, როგორც ამ ერთი ბოთლი ლუდის გამოცლა. -ილო ლექსებს ხომ არ წერ? -კი ვწერ. -მეცა ვწერ.თითო-ოროლა ლექსს "ნორჩ ლენინელში" ბეჭდავდნენ."ახალგაზრდა კომუნისტშიც" დამიბეჭდეს ერთი ლექსი.მერე კი აღარაფერი გააჭაჭანეს. -მართლა? მერე, გამოცდების დროს შეღავათი არ მოგცეს? -აბა!..რუსულ წერაში რომ ჩავიჭერი, დეკანთან მივედი დ ავითხარი, ეგრეა და ეგრეა საქმე მეთქი.ახალგაზრდა პოეტი ვარ, ნუ დამღუპავთ მეთქი.გაიცინა და მითხრა:ეგნატე ნინოშვილს უმაღელსი არ დაუმთავრებია, მაგრამ შესანიშნავი მწერალი იყოო.ვუთხარი, მაშინ სხვა დრო გახლდათ -მეთქი, საქმეში ხარ, ყურში არ შეუშვა.სჯობს კაცმა სულ არ გაამხილო, ლექსებს ვწერო. ამას კი აღარ მოველოდი.სხვას რომ ეთქვა, იქნებ არც დამეჯერებინა, მაგრამ ჩემი ახალი მეგობარი ისე დამაჯერებლად, ჩვეულებრივად, უბრალოდ მეუბნებოდა ამას, ეჭვიც კი არ შემპარვია. -წამაკითხებ ლექსებს? -ხვალ წამოვიღებ და წაგიკითხავ.შენც წამოაყოლე.თორმეტ საათზე აქ შევხვდეთ, ბაღში დავსხდეთ და ვიმეცადინოთ.წიგნები წამოიღე. ბინდი ეფინებოდა ქალაქს..ქუჩაში რომ გამოვედით.აქა-იქ ინთებოდნენ ლამპიონები.ლამაზად ღამდებოდა დედაქალაქში. მე და ჩემი ახალი მეგობარი შეზარხოშებულნი, მომავალზე ოცნებით გაბრუებულნი ფეხით მივუყვებოდით რუსთაველისკენ მიმავალ განათებულ ქუჩას დ აორივეს გვეჩვენებოდა, რომ ჩვენი საოცნებო მომავალი სამყარო ლამპიონებივით განათებულ ამ ქალაქივით ლამაზი და კაშკაშა იყო. გვიან ღამით დავცილდით ერთმანეთს მე და ანზორ სისური.დავეხეტებოდით ქალაქის ქუჩებში, ვოცნებობდით მომავალზე და ერთმანეთი აღარ გვეთმობოდა. როცა მარტო დავრჩი, სინანულმა შემიპყრო.ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დიდი ხნის სიყრმის მეგობარს სამუდამოდ დავცილებოდი.მაგრამ კმაყოფილი და იმედით სავსე ვიყავი. ჩემი ცხოვრების ახალ გზაზე პირველივე შემხვედრი მგზავრი, ანზორ სისაური საოცნებო მწვერვალისკენ მიმავალს ამემგზავრა და მხარში ამომიდგა.მარტო აღარ ვიყავ ამ დიდ ქალაქში, მარტო აღარ ვიყავ ამ დიდ ჯირითში, სადაც მხოლოდ რჩეულნი იმარჯვებენ. ჩემ გვერდით იყო, ჩემ ჭირსა და ლხინს იზიარებდა, მაქეზებდა და მამხნევებდა, საოცრად კეთილთვალებიანი ბიჭი ანზორ სისაური. 8 ფიქრსა და ოცნებაში გართული, აღარც მახსოვს, დინამოს სტადიონთან როგორ აღმოვჩნდი, ტრამვაის ვაგონიდან სწრაფად ჩამოვხტი და ფეხით გავყევი დეიდაჩემისკენ მიმავალ ქუჩას. აგერ ეს მეტად ნაცნობი ჩიხი და ოცდაერთი ნომერი სახლიც.ქუჩიდანვე მეუცნაურა უცნაურად გაჩახჩახებული ფანჯრები და მაშინღა გამახსენდა, რომ ოლიას დაბადების დღე იყო, ფეხი ავითრიე, აგრე ხელცარიელი როგორ მივტლაკუნდე -მეთქი.მომაგონდა, რომ იქვე გასტრონომი იყო და გამოვბრუნდი.აბა სხვა რა უნდა უნდა მეყიდა, ერთი ტორტი ამოვიღლიავე, ხელცარიელი აღარ მეთქმოდა, ვიცოდი, დეიდაჩემი გამიწყრებოდა, მაგრამ ყურადღება და პატივისცემა გულში ყველას უხარია.ეგეც არ იყოს.ჩემს სინდისთან ალალ-მართალი ვიქნებოდი. როგორც კი ავედი კიბეზე, სამზარეულოდან გამოვარდნილი შემწვარ-მოხრაკულის სუნი მეცა, ოთახიდან შეზარხოშებული ხალხის სიცილ-კისკისი ისმოდა. -სად ხარ აქამდე, შვილო, ლამისაა ძებნა გამოვაცხადეთ!-კიბის თავში დამხვდა დეიდაჩემი. -რა ვიცი, გავისეირნე, ქალაქში გზებს ვსწავლობ. -შედი, შედი, რამდენი ხანია სტუმრები დასხდნენ, ოლია დარდობდა, გზა ხომ არ აებნაო. -ეს სადმე დადე სამზარეულოში. -რა არის, ბიჭო? -არაფერი, ტორტია. -მეხი კი დაგეცეს, აჰა!-გაიცინა დეიდაჩემმა, ტორტი სამზარეულოში შეიტანა და ისევ მე მომიბრუნდა: -შვილო ილო, მოდი აქა! სამზარეულოში შევედი. -ოლიას წინ გამხდარი ბიჭი ზის, ულვაშიანი, შავგვრემანი, აბა ერთი დააკვირდი, თუ მოგეწონება, მათემატიკოსია, მეცნიერ-მუშაკიაო. -რაზე მეკითხები დეიდ? -ოლია მოწონს იმ ბიჭს. უცებ მივხვდი, რომ დეიდაჩემს გვერდით ისეთი არავინ ჰყავდა, ვისაც გულს გადაუშლიდა.ამიტომ გამანდო თავის გულის ფიქრი, ვითომ ამ საქმეში დიდი ჭკუა მეკითხებოდა.მეც შევიფერე, კარგი-მეთქი, თავის დავუქნიე და ოთახში შევედი. რამდენიმე წყვილი თვალი მე მომაჩერდა, სულ დავიბენი, ბუნდად ვხედავდი გოგონებს და ბიჭებს, მაგრამ მკაფიოდ გამოვარჩიე ცისფერ კაბაში გამოწყობილი ოლია.კაშკაშა სინათლეზე უფრო ლამაზი ჩანდა, ეშხიანი, წყლიანი თვალები ისე უციმციმებდა, მტერსაც კი გული გაეხსნებოდა.გამიღიმა და ხელით მანიშნა, აქეთ წამოდიო. -ჩემი დეიდაშვილი გახლავთ კახეთიდან, უნივერსიტეტში აბარებს-წარმადგინა ოლიამ სტუმრებს. საერთო სალამი ვთქვი და ოლიას გვერდით დავუჯექი. თვალები მიჭრელდებოდა, ბუნდად ვხედავდი თანამესუფრეების სახეებს და სუფრაზე დაყრილ ხორაგს.ერთი სული მქონდა ჩემდამი ყურადღება როდის შენელდებოდა და, აჰა წამოდგა თამადა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა არწივივით გადახედა სუფრას და რიხიანი ხმით დაიძახა. -აბა ყველამ დალიეთ?..მაშინ შეავსეთ ჭიქები!-მერე ჩვენკენ გამოიხედა და ოლიას უთხრა, შემოსწრებულს დაალევინეო.ოლიამ ყანწი ამივსო და მომაწოდა, აბა, კახელო, არ შემარცხვინოო, ოლია ვადღეგრძელე და ყანწი სულმოუთქმელად გამოვცალე. -ყოჩაღ!-შემაწია თამადამ. ღვინო სწრაფად ამივარდა თავში.სულ რაღაც ერთ წუთში სითამამე მომემატა, თვალი გადავავლე სუფრაზე მსხდომთ, ყველა ყურადღებით მოვათვალიერე..ხუთი ვაჟი და ორი ქალი იყო. "ნეტავ პოეტები რომლები არიან?"-გავიფიქრე გუნებაში. თვალში მომხვდა ერთი შავგვრემანი, ულვაშიანი ბიჭი, ის შედარებით მოწყენილი ჩანდა. ალბათ ეს ის მათემატიკოსი იყო, დეიდაჩემმა რომ მითხრა, დააკვირდიო, უღირსი ბიჭი არ ჩანდა, მაგრამ ოლიას ღირსად მაინც ვერ მივიჩნიე.ოლია იშვიათი სილამაზის ქალიშვილი გახლდათ, სახითაც და ტანითაც. -გადაიღე, რამე ბიჭო!-წამჩურჩულა ოლიამ და სუფთა თეფში მომაწოდა. -ახლა გეახელი, არა მშია. სოსისით და ლუდით ისე ვიყავი გაბერილი, პირში ლუკმას თუ ჩავუშვებდი, აღარ მეგონა, მაგრამ ღვინომ მაინც გამიხსნა მადა. -ჰა, სიმონიკა, ბიჭო, გაგავაგონე შენი ტკბილი ხმა!-გადაუბუხუნა თამადამ თხელ მომცრო ტანის ბიჭს და უცებ გაისმა საკმაოდ ტკბილი, მელოდიური ხმა: დაგინახე ჩაის სვამდი შიგ შაქარი ჩაგეყარა.. სიმონიკას ქალიშვილები აჰყვნენ... პირველად მეგონა, რომ მასხრობით წამოიწყეს ეს სიმღერა, მაგრამ საამისო ვერაფერი შევნიშნე, მეტად სერიოზულად მღეროდნენ. მე სუფრა მოვათვალიერე, იქნებ რაიმე მესიამოვნოს-მეთქი.თვალი მოვკარი თეფშზე ცერად დადებულ გოჭის თავს.პატარა დინგი პირდაპირ ჩემკენ მოეშვირა.წვრილი დაკრეჭილი კბილებიდან ენა გამოეყო.ალბათ როცა კლავდნენ, სიმწრით დაკრიჭა კბილები და ენა კბილებს შუა მოჰყვა.დავაკვირდი, დავაკვირდი და უცებ შემაზრზენი სიკვდილი შევიცანი.თითქოს იქ, ამ დაკრეჭილ კბილებსა და გამოჩრილ პატარა ენაში ცივი სიკვდილი მოკალათებულიყო.ჩემს წინ ვაზაზე დაყრილ თხილს მივწვდი. ვაი როგორ გიხდებოდაა! შენი ჭირი შემეყარაა! განაგრძობდნენ სიმღერას მოქეიფეები. -აი ის, თამადა რომ არის, პოეტი ვანი გავაშელია, გაგიგია? -მგონი გამიგია, ვანი სახელია? -ვანო ჰქვია, ჩვენ კიდევ ვანის ვეძახით, შინაურულად.. -სიმღერა რომ წამოიწყო, ისიც ახალგაზრდაა, მაგრამ ცნობილი პოეტია, სიმონ ბუაძე.ეგეც ჩემს კურსზე სწავლობდა.იცი რა სასიკვდილეა, ვენაცვალე, სუფრაზე მაგასთან ჯდომა ერთ რამედ ღირს, სიმღერა, ანეკდოტები, ხუმრობა...გადასარევი ვინმეა. -აჰ, ბუაძე ეგ არის? მაგის ლექსები წამიკითხავს. -გავაშელის გვერდით რომ ზის, თმახუჭუჭა, ახალგაზრდა პროზაიკოსი ჟორა ხარაშვილია.ძაან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. -ის ორნი, ისინიც მწერლები არიან? -ის ერთი, თმახუჭუჭა, ამათი მეგობარია, კრიტიკოსი, მეორე ულვაშებიანი, მათემატიკოსია, -და ოლია ოდნავ გაწითლდა. ამ დროს სიმღერაც გათავდა და თამადა, პოეტი ვანო გავაშელი, როგორც ოლიამ გამაცნო, მორიგი სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგა.ყურადღებით დავაკვირდი, პირველად ვხედავდი საკუთარი თვალით პოეტს, პირველად უნდა მესმინა მისი სიტყვა.ბეჭგანიერი გახლდათ, თავგადაკრეჭილი.სულ ჩაკუნთული და მკერდამობურცული იყო.ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, ჯავშან-გადაკრული ტანკია-მეთქი. განიერ მხრებზე და მოკლე კისერზე საოცრად მრგვალი თავი ედგა, საბავშვო წიგნებში, მოღიმარი მზე ხომ გინახავთ?აი, სწორედ ისეთი.ზედ კოსროსთან კისერი ბუღა კამეჩივით ეკეცებოდა..პერანგის გულის ჯიბიდან ოთხად დაკეცილი ქათქათა ცხვირსახოცი მოუჩანდა.მუჭაში ჩაახველა და სუფრას თვალი გადაავლო. -მეგობრებო, ვიდრე მორიგ სადღეგრძელოს ვიტყოდე, თითო ლექსი წავიკითხოთ, სიმა დაგვდე პატივი.. სიმამ თავი ასწია. -მე რა შუაში ვარ, ტო, ფეხზე შენა დგახარ!-თან ხელები გაშალა. თამადამ თავი ჩაღუნა, სუფრაზე სიცილი გაისმა. -მაშინ ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი და მერე. -არა, ახლავე, ახლავე!-აჯანყდნენ ქალიშვილები და თამადას ვედრებით მიაჩერდნენ.თვალებში შესციცინებდნენ-ვანი, არ გაგვაწბილო! ვანიმ გულის ჯინიდან ქათქათა ცხვირსახოცი ამოიღო, ცხვირზე მიისვ-მოისვა, მერე ხელები ზურგსუკან დაიწყო და მკერდი უფრო წინ წამოაგდო.სუფრა გაინაბა, ყველა პოეტს მისჩერებოდა. -მე წაგიკითხავთ ერთ ლექსს, ჩემი კრებულიდან "მწვანე სივრცეები", რომელიც ახლა გამოვა, ეხე!-და თითქოს ქვევრში ჩასძახაო, ისეთი ხმით დაიწყო: მე შემოვედი ნისლიან პორტში გემებით სავსე და მთვარეებით და ვარსკვლავებით და თეთრი მდინარესავით სოველი თვალებით მე ზეფირივით ვიყავი სათნო. ოდეს იმა დღეს მოვედი შენთან. ჩემში იმდენი კისკისებდნენ თეთრი ალები, მერე შენ იგრძენი დაკარგული გემის სიმწვავე და დაგენანა მეზღვაური, რომლის სული ცაში აღვლინდა. მერე დაიწყო ჩემი სულით შენი ავსება მე შემოვედი ნისლიან პორტში... სუფრაზე ტაშმა იფეთქა.მე არ მეგონა თუ ლექსი დამთავრებული იყო და ცოტა დაბნეული მივჩერებოდი ხალხს. სახეზე ყველას ნებითი თუ უნებლიე აღტაცება ეხატა, მარტო ულვაშიანი მათემატიკოსი იჯდა გაუნძრევლად, თავჩაღუნული. -და დაგენანა მეზღვაური, რომლის სულიც ცაში აღვლინდა. -კარგია, ვანი კარგი!-ფეხზე წამოდგა ხუჭუჭა კრიტიკოსი-ამას, ამხანაგებო, მიხვედრა უნდა, ჩაკვირვება, საფანდურე პოეზიის დრო აღარ არის, მომილოცავს ვანი!-კრიტიკოსი მივიდა და გადაკოცნა-მე ამ ლექსზე და, საერთოდ ამ წიგნზე, ჩემს აზრს საჯაროდ ვიტყვი. ვანი გამარჯვებული ფალავანივით იდგა, ცდილობდა გულგრილად დაეჭირა მზესავით მრგვალი თავი, მაგრამ სახეზე კმაყოფილება მაინც ეტყობოდა. -სიმა, ახლა შენი რიგია!-ყველას გასაგონად გადასძახა თამადამ და თვითონ დაჯდა, თან არ ვიცი, რათა, ჩემკენ გამოიხედა. -მოგეწონა?-ყურში მიჩურჩულა ოლიამ. -რაზე მეკითხები? -ლექსი არ მოგეწონა? -რა ვიცი, ყველას მოეწონა და..ალბათ კარგია, -ამოვილუღლუღე. სინამდვილეში იმ ლექსისა ვერაფერი გავიგე, ვერც თავი და ვერც ბოლო.ამან ცოტა შემაკრთო და საკუთარი გემოვნებისადმი რწმენა შემირყია. ამ დროს სიმონ ბუაძეც წამოდგა, ჩია დაბალი ბიჭი იყო, სხეზე სულ ღიმილი გადასდიოდა. -დაბადების დღეს, ტო, თუ პოეზიის საღამო!-ღიმილით გადაულაპარაკა მან ვანი გავაშელს და მერე ოლიას მიუბრუნდა-შენ, ტო, შემთხვევით პოეტი ხომ არა ხარ? სუფრაზე ხარხარი ატყდა, თვითონ სიმაც იცინოდა.მერე სიცილი უცებ მოსხიპა და რიხიანად ხმამაღლა დაიწყო : ჩემო მამულო გფიცავ, შენს სიყვარულსა ვჩემობ, რაიც კარგია ჩემში, რაიც დიდი ჩემში, გულის დარდი და ეშხი ყოველი შენში ვიცან, დიდო მამულო ჩემო, შენთან შენს გვერდით ალბათ, დავძლევ ყოველგვარ ტკივილს. იყოს ბინდი და ნისლი, იყოს წვიმა და თოვლი, იყოს ჯანღი და ბური, ყველა მომიზღავს კეთილს, რადგან დანკოსავით ამოვიგლიჯე გული და შენ ერთს მოგიძღვენი! საერთო ტაშს და აღტაცებას ჩემი ტაშიც შეუერთდა.რა თქმა უნდა ლექის შინაარსი უცებ ვერ აღვიქვი, მაგრამ ჩემზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა.სიმონ ბუაძეს, სულ რომ იცინოდა და მხიარულობდა, ახლა დინჯად ეჭირა თავი.ისევ ფეხზე იდგა და თავის ჩია ტანის მოძრაობით ირგვლივ მადლობას არიგებდა. -მეგობრებო, -უცებ წამოდგა ოლია, -თქვენ იცით, რომ ჩემი დეიდაშვილიც დამწყები პოეტია, ლექსებს წერს? თავზარი დამეცა, არ ვიცოდი, რა უნდა მომხდარიყოამაზე უარესი ჩემთვის.ერთიხანობა დავაპირე, ავდგები და აქედან მოვუსვამ-მეთქი.მაგრამ ისე ვიყავი გაოგნებული, ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე. -იქნებ ერთი ლექსი ამ ყმაწვილმაც შემოგვაწიოს! ეს თმაჭაღარა პროზაიკოსი ჟორა გახლდათ.ალმაცერად გავხედე, ეშხიანი, ლამაზი ბიჭი იყო, მაგრამ შავი წვრილი თვალები გველივით უცინოდა. -მართლა წერთ ლექსებს?-მითხრა თამადამ და ყველა მე მომაჩერდა. -არა, ათასში ერთხელ..ბავშვობაში დამიწერია, ისე კი მიყვარს ლექსები, პოეზია. -რა გავრი ბრძანდებით?-მკითხა თმაჭაღარა პროზაიკოსმა. -ღულულაშვილი. -ღულულაშვილი?-გაუკვირდა ვანი გავაშელს დ ამხრები აიჩეჩა.-ქართველი ხართ თუ? -ჩემი დედიდაშვილი წარმოშობით თუში გახლდავთ, მეგობრებო, ამის წინაპრები ღულულაურები იყვნენ, -განმარტა ოლიამ. -აჰა! -ჰოო..ესე იგი, ქართველი ყოფილა. ეს უკვე მეორე დარტყმა იყო ჩემი გვარის გამო.პირველი დარტყმა კი თბილისში რომ მოვდიოდი მატარებლით, მაშინ ვიგემე.საგარეჯოში გამთენიისას ერთი გაბერილი კაცი ამოვიდა ჩემს კუპეში. -აუჰ, რა სიცხეა აქ, -ჩემს გასაგონად თქვა, რაკი სხვა არავინ იყო.სზაფხულო შლაპა მოიძრო და გვერდზე მოისკუპა.სულ ქოშინებდა, ალბათ ასტმა ჭირდა. -სად მიდიხარ ბიჭო? თბილისში-მეთქი, ვითხარი -აუჰ, ხალხი თბილისიდან გარბის და შენ იქ მიდიხარ.იწვის იქურობა. რასციზავ, უმაღლესში აგმოცდებს ვაბარებ-მეთქი. -ყოჩაღ-გაიკვირვა იმ კაცმა-სადაური ხარ? კახელი ვარ-მეთქი, ახმეტიდან -აუჰ, აჰა ფული გექნება, კახელები მდიდრები ხართ..ისე ამ ბოლო დროს კახელებმაც მიჰყავით სწავლას ხელი, უკვე კულტურაშიც გამოხვედით..რა გვარი ხარ? ღულულაშვილი-მეთქი. -სომეხი იქნები. ისე უბრალოდ მითხრა, კაცს რომ მიესალმები, დილა მშვიდობისაო.. ეს პირველი დარტყმა გულში ეჭვის თესლად ჩამივარდა და შემარყია, აი, დღეს კი დეიდაჩემის სახლში, მეორედ ჩამსისინეს და ჩემს სულში გაჩდა, ღმერთო, ბზარი, რომელიც შემდეგ იზრდებოდა და იზრდებოდა. -რომელი პოეტი გიყვარს?-ფიქრებიდან გამომარკვია კრიტიკოსმა. -რა ვიცი..ვაჟა, ილია, აკაკი, ბარათაშვილი. -მაგათ თავის დრო მოჭამეს, გენაცვალე, -ჩაიბუხუნა ვანი გავაშელმა.-დღეს ვინ მოგწონს?ევროპელ პოეტებს თუ არ იცნობ, ჩვენი ქართველი პოეტებიდან. ორი ცნობილი ქართველი პოეტის გვარი დავასახელე.ყველაზე ძაან ესენი მომწონან-მეთქი, გახმაურებული, აღიარებული პოეტები იყვნენ ორივენი. -ვინა, ვინა?-მკითხა სიმონ ბუაძემ. გვარები გავუმეორე. -ვინ არიან, ესენი, მე არ გამიგია-მერე პროზაიკოსს მიუბრუნდა.-შენ გაგიგია, ტო, ასეთი გვარები? -არა, ტო საიდან?-დაუდასტურა პროზაიკოსმა ჟორამ. -ლექსებს წერენ?-ისევ მომიბრუნდა ბუაძე. -კარგით, ნუ გადარიეთ ბიჭი, ოხ, სიმა, რა ხარ!-გაუწყრა ოლია. -რა ვარ, ტო-ხელები გაშალა ბუაძემ, -ეგეთი გვარები არ გამიგია და რა ვქნა, ისე კი ვიცნობ მაგათ.აი, მე გამიგია ჭიჭინაძე, გავაშელი, სირაძე.. -სიმონ ბუაძე!-სიტყვა მიაშველა ხუჭუჭა კრიტიკოსმა. -აი, ესენი ვიცი, რომ პოეტები არიან. უცებ შევნიშნე თმაჭაღარა პროზაიკოსს თავი ჩაეღუნა და იცინოდა.ულვაშებიანი მათემატიკოსი მოწყენილი იჯდა. -ოხ რა ხარ, სიმა!-იცინოდნენ ქალიშვილებიც. -ამ საძაგლებს ყურადღებას ნუ მიაქცევ!-ხმამაღლა მითხრა ოლიამ, ამათ ეგრე იციან, ხუმრობა უყვართ. -არა, მერე რა?-წავილუღლუღე და ნაძალადევად გავიღიმე. ღმერთმა უშველოს ხუჭუჭა კრიტიკოსს, იმან მიხსნა გაჭირვებისაგან, წამოდგა და სადღეგრძელო მოითხოვა.თამადა ერთ ხანს გაჯიუტდა, მაგრამ კრიტიკოსმა დაარწმუნა.ეგრეა საჭიროო, ჭიქა აიღო, სმენა და გაგონება იყოსო. -მე მინდა, მეგობრებო, დავლიოთ ჩვენი პოეზიის, ჩვენი მწერლობის წარმომადგენლების სადღეგრძელო. -კარგი, კარგი!-აქეთ-იქედან გაამხნევეს ქალიშვილებმა. -სიმადან მინდა დავიწყო..სიმონ ბუაძე, მეგობრებო, ჩენი პოეზიის ამომავალი მზე გახლავთ.მართალია ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ პოეზია და ახალგაზრდობა ვის გაუყვია ერთმანეთისგან.განა ჩვენმა სათაყვანებელმა გალაკტიონმა ახალგაზრდობაში არ დაწერა თავის შედევრები?!რა თქმა უნდა ასეა, სიმას გზა პოეზიაში, მისი სტილი სულ სხვაგვარია..-კრიტიკოსი შეირხა და სავსე ჭიქიდან პერანგზე რამდენიმე წვეთი გადაესხა, მაგრამ არ შეიმჩნია, ენა გააწკაპუნა და ისევ განაგრძო, -იმას ვამბობდი, იგი თავის სტილით და ხასიათით პუშკინსა და ბლოკს უახლოვდება ერთდროულად. სიმონ ბუაძე თამადას მისჩერებოდა და ნიკაპს ატოკებდა.ეტყობოდა, ეს ჩვევად ჰქონდა, ადრეც შევამჩნიე. -აბსოლუტურად მართალს ვამბობ, ჩემო ღუტუ!-დაუმოწმა კრიტიკოსს ვანი გავაშელმა. -დიახ.მართალს ვამბობ და ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი ეპარება, ხვალინდელი დღე დაგვანახებს ყველაფერს...ახლა მინდა, მეგობრებო, მეორე ამომავალი ვარსკვლავი, ქართველი უიტმენი, ვანი გავაშელი ვადღეგრძელო.ჩემო ვანი, პოეზია ზოგს არ ესმის... -არც არის საჭირო!-წაეშველა ვანი. -დიახ, არც არის საჭირო, რადგან პოეზია რჩეულთა ხვედრია და მხოლოდ რჩეულები უნდა ჩასწვდნენ.საფანდურე პოეზიამ ჭირი მოგჭამათ, ჩვენ ახლა გვესაჭიროება ინტელექტუალური, მაღალი, დახვეწილი პოეზია, ღრმა აზრის პოეზია, მართალია, ჯერჯერობით ზოგისთვის შენი ლექსის მადლი და აზრი მიუწვდომელია, მაგრამ ის რა პოეტია, ვინც წინ არ უსწრებს დროს.გავა ნახევარი ან ერთი საუკუნე და შენი ფასი აიწევს. პოეტი ვანი გავაშელი გადატყლარჭულიყო, ფეხი ფეხზე შემოედო და დიდ, მზესავით მრგვალ თავს ხან მარცხნივ მიაბრუნებდა, ხან მარჯვნივ. -ჩვენი პროზის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჩვენმა კაფკამ რაღა დააშავა?-მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ხუჭუჭა კრიტიკოსმა და აქვე დასძინა:-ვადღეგრძელოთ ეგეც, ჩენი ჟორა ხარაშვილი.პროზაში ახალ გზას ადგა.მან ერთადერთმა, თუ შეიძლება ასე ითქვა, შემოაბრუნა ქართული პროზა...მე მინდა მეგობრებო, ორიოდე სიტყვით გადმოგცეთ მისი ნოველა "ტარაკანა".ადამიანი ტარაკანად გადაიქცევა.შეძვრება ერთ სახლში და უსმენს ადამიანებს.ადრე, როცა ის ადამიანი იყო, უყვარდა მხოლოდ მოსმენა და ეზარებოდა ლაპარაკი.ამიტომ მას საყვედურობდნენ, უენო კაცი ხარო, ახლა აღარავინ საყვედურობს ტარაკანას.ტარაკანად ქცეულ ადამიანს უკვირს, რომ ესმის ადამიანების ენა, თურმე ერთი ენა ჰქონიათ ადამიანებსა და ტარაკანებს და, ვინ იცის იქნებ ერთი წინაპარიც ჰყავდათო, ასკვნის მწერალი ამ ღრმად ფილოსოფიურ მოთხრობაში, მეგობრებო... -საწყალი ადამიანი, ხან მაიმუნობას აბრალებენ, ხან ტარაკანობას!-ეს მათემატიკოსი, ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ვითომ თავისთვის, მაგრამ კრიტიკოსმა ყური მოჰკრა. -რა ბრძანეთ? -არაფერი, არაფერი, ისე....მოიბოდიშა მათემატიკოსმა. -ხომ ვერ მეტყვით ტილი ვისი წინაპარია?-ეს კი მე ვიყავი.ეშმაკმა უწყის, საიდან დამასკუპდა ეს სიტყვები ენაზე.ვიღაცამ ჩიფრუტუნა, ჭაღარა პროზაიკოსმა რისხვით გადმომხედა, მეც შევუბღვირე და გულზე მომეშვა, რომ წეღანდელ სიცილზე სამაგიერო გადავუხადე.კრიტიკოსმა ისევ გადაიქცია ღვინო თეთრ პერანგზე, ელამივით დაიხედა ზედ, მერე ხელი ჩაიქნია და დაიძახა: ჭიქაში წვეთი არავინ დატოვოსო.მოიყუდა და ბოლომდე გამოცალა. -სადღეგრძელო ყველამ დალია.ჯერი სამადლობელზე მიდგა.მწერლებმა სათითაოდ გადაიხადეს სამადლობელი, მერე ერთმანეთს ფრთები გამოასხეს, ხოტბა-დიდება გაცვალ-გამოცვალეს და ამით დამთავრდა ეს ფრიად მნიშვნელოვანი სადღეგრძელო. ამ ფრიად მნიშვნელოვანი სადღეგრძელოს შემდეგ თითქმის ყველას მოეკიდა ღვინო, ზოგმა თავი აჰკიდა, ზოგს თვალები დაუელამდა.მარტო ვანი გავაშელი იჯდა ყინჩად, მზესავით მრგვალი თავი მხნედ ეჭირა და არწივის თვალებით იქაურობას ზვერავდა. მე ორიოდე ყანწი კიდევ გადავკარი, რატომღაც მინდოდა, გონებისა და აზრის დაკარგვამდე დავმთვრალიყავი. 9 რაკი ქალიშვილებმა აიკვირაძლეს, მამაკაცები აღარ გაჩერდნენ და ღამის თორმეტ საათზე აიშალნენ, თითქმის ყველა გვარიანად იყო ჩაბუჟბუჟებული.ოთახიდან გასვლას ხუჭუჭა კრიტიკოსი სკამს წამოეგო და ოთხზე დადგა.ულვაშებიანმა მათემატიკოსმა ოლიას ხელზე აკოცა, დეიდას ზრდილობიანად დაემშვიდობა და თავს უშველა, ღვინისგან გაჯანჯლებულ ხალხს გაუსხლტა, შინ მოუსვა. უკვე მყუდროებას მიცემული ვიწრო ქუჩა ათიოდე წუთით ხმაურმა და ღიღინმა აავსო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ტაქსები კიდევ მიმოდიოდნენ და ჩვენი სტუმრებიც ჯგუფ-ჯგუფად გაიკრიფნენ. ოლია შინ რომ შემობრუნდა, საწოლზე მიესვენა და შვებით ამოისუნთქა, ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. დეიდაჩემი სუფრის ალაგებას შეუდგა.ნელ-ნელა გაჰქონდა ჭურჭელი სამზარეულოში. -შვილო, ილო, მოდი აქა!-სამზარეულოდან გამომძახა დეიდაჩემმა. ოლიამ, როცა სამზარეულოში გავდიოდი, თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. -როგორ მოგეწონა ის ბიჭი?-დეიდაჩემმა დოინჯი შემოიყარა და თვალებში ჩამაჩერდა. -ძალიან კარგი ბიჭია. -რაო, რაო, რაო?-თავს ღიმილით წამოგვადგა ოლია, -რას გეკითხება დეიდაშენი? -რას უნდ ვეკითხებოდე, ის მათემამატიკოსი როგორ მოგეწონა-მეთქი და ძალიანო.რა ვიცი, ყველას მოსწონს და შენ რა ეშაკი შეგიჯდა, შენი მოსაწონი აღარვინ გამოჩნდა. -კარგი ბიჭია, მაგრამ მათემატიკოსს როგორ გავყვე დედაჩემო.ჩემს ქმარს პოეზია უნდა ესმოდეს, მუსიკა, ხელოვნება...რას იტყვი, ილო, დადექი და უყურე იმის ფორმულებს. -ყოველ შემთხვევაში ამ სუფრაზე ყველაზე სერიოზული კაცი ეგ იყო, -ვთქვი და იმავე წუთას ენაზე ვიკბინე. ოლიამ გაოცებით შემომხედა, მიყურა, მიყურა მერე დინჯად მითხრა: -შენ მაინც არ უნდა ამბობდე მაგას, ბიჭო.მომავალი ფილოლოგი ხარ, პოეზიის მოყვარული. -ძალიანაც კარგად გითხრა, -მხარი მომცა დეიდაჩემმა-ჯანდაბას, შენცა და შენი პოეტებიც, ცარიელა მოლაყბეები არიან. -დედა!-შეუწყრა ოლია. -დედა, დედა!სიმართლე ყველას გწყინთ.ხედავ, ამ ბიჭმაც კი შეამჩნია, რა ბრძენი ამხანაგებიცა გყავს.ის აგრონომიაო და დაიწუნე, ეს მათემატიკოსიაო, ეს ის არიო.შინ რომ გამობერდები, მაშინ აგეხილება თვალები, მაგრამ გვიანღა იქნება, -და დეიდაჩემი სამზარეულოში გავიდა. ოლიას თვალებში ვეღარ ვუყურებდი, რადგან ამ უსიამოვნობის მიზეზად ჩემს თავს ვთვლიდი, მაგრამ ისევ თვითონ გამოიჩინა დიდსულოვნება, თბილად გამიცინა და მითხრა, უყურე დედაშენს, რა ყოფაშიაო! მე და ოლიაც ოთახში გამოვედით.დეიდაჩემს მაგიდა განეტვირთა და ცოტა რამ დაეტოვებინა ზედ. -მოდით, ახლა დავსხდეთ, მე მშიერი ვარ.-მაგიდას მიუჯდა და საცივს მისწვდა. -ხათრს ნუ გავუტეხთ, ილო!-ხელი გადამხვია ოლიამ და მაგიდასთან მიმიყვანა. სამივენი მივუსხედით სუფრას.დეიდამ ღვინით შეავსო ჭიქა და ოლია დალოცა. -ღმერთმა კარგ აზრზე დაგაყენოს, შვილო, შენ ბედნიერებას შემასწროს.-მერე მე მომიბრუნდა, -დალიე, ბიჭო, შენც, -ხათრი არ გავუტეხე, ოლია კიდევ ერთხელ დავლოცე და ღვინო გადავკარი. სამნი ვისხედით და ტკბილად ვჭუკჭუკებდით, რომ უეცრად კიბეზე მძიმე ფეხის ხმა გაისმა.ერთმანეთს შევხედეთ.ვიღაცა ნელა, მთვრალი კაცის ნაბიჯით ამოდიოდა კიბეზე. -ვინ უნდა იყოს ქა?-გაოცდა დეიდა და, ის იყო, ვიღაცამ ვეება სხეულით დაფარა ყუნწამდე გაღებული კარი. -ზაქრო, შე უსინდისო!-წამოიძახა ოლიამ და სტუმარს მიეგება.ზაქრო რაღაცნაირი ველური და ნაძალადევი ღიმილით იღიმებოდა, ამ ღიმილით თითქოს ბოდიშსაც იხდიდა.უდროო დროს მოსვლით ხომ არ შეგაწუხეთო და სიხარულსაც გამოხატავდა.იგი დაიხარა.ოლიას ნაზად მოხვია ხელი და შუბლზე აკოცა. -ეს ჩემი თანაკურსელი, ზაქრო გოგოჭური!-ამიხსნა ოლიამ.ზაქრო ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა, დეიდაჩემს ხელზე ემთხვია, მერე მე გამომიწოდა ხელი და ჩამომართვა.ბრტყელი ხელი ჰქონდა, მკვრივი და დაძარღვული.შევატყვე, თავს ძალას ატანდა, რომ სიმთვრალე არ გამოემჟღავნებინდა. -მაპატიე, უდროო დროს მოვედი!-უთხრა დეიდაჩემმა, მერე ოლიას მიუბრუნდა და რაღაც ქაღალდში შეხვეული მიაწოდა.-ეს შენი საკუთრებაოო. დეიდაჩემი უკვე ფუსფუსებდა, სუფრას ხელახლა შლიდა. გოგოჭური სკამზე გადაწვა და თავის ბოხი, რიხიანი ხმით სჭექა: -ნურაფერზე შეწუხდები, დედი, ერთი ბოთლი ღვინო მომიტანე, ოლია დავლოცო და წავიდე. -არა გრხცვენია, ზაქრო?-გაუღიმა ოლიამ. -რისი, ქალავ? -რატო ადრე არ მოხვედი? გოგოჭურმა ჩაიხითხითა, დიდი ნაფოტა კბილები გამოაჩინა.მე შევატყვე, რომ ამ კაცს სიცილის დროსაც კი მრისხანე და ველური იერი გადაჰკრავდა.მთლად შავი იყო, გამხდარ სახეზე ნაიარევი ეტყობოდა.არწივის ნისკარტივით ოდნავ მოღუნული ცხვირი ჰქონდა, თვალები ჯიუტი, უშიშარი. -სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგია!-ღიმილით ჩაილაპარაკა. -ოხ, შე საძაგელო, შენა!-სიყვარულით ეუბნება ოლია. ზაქრო კი ოლიას მისჩერებოდა და ხევსურულ კილოზე ღიღინებდა: არ ვარგა კაცი უმტეროო.. არც ძაან მტერმორეულიოო დაა.. -ოხ, შე მართლა ხევსურო, შენა!-აბრაზებდა ოლია, მაგრამ ის ყურადღებასაც არ აქცევდა.ღიღინს განაგრძობდა: ცუდას რად უნდა მტერობაა, კარგია მუდამ მტრიანიო დაა... -მოიწი სუფრასთან, მოიწი!-უწყრებოდა ოლია. -არ გაგიკვირდეს, დედი, ეგრე თამამად რომ ვიქცევი, ეს ოლიას სიყვარულით მომდის!ოლია ჩემი პატარა დაა, -გოგოჭური მაგიდასთან სკამიანად მიჩოჩდა და ღვინის ჭიქა თავის ვეება ხელით დაფარა. -ეს რა არის, ქალავ, ყანწი მომიტანე, დიდი ყანწი გექნება რამე, ერთი ბოთლი რომ ჩავიდეს, იგეთი.შენი სადღეგრძელო იმით უნდა დავლიო. ოლიამ ყველაზე დიდი ყანწი გადმოიღო, ალბათ ორი ჩაის ჭიქა ჩავიდოდა. -აი, ამას კი არა უშავს რა, აბა შამივსე! -ზაქრო, დათვრები, შენი ჭირიმე. მაგრამ ზაქრომ ყურიც არ ათხოვა, ყანწი თვითონვე შეავსო და მარჯვენა ხელში გადაინაცვლა. -მოყვარე გაგეხარებინოს, მტერი დაგეღონებინოს, კარგი ბედი და იღბალი შეგხვედროდეს, ღმერთმა ბრძანოს, გაისად ამ დროს ქმარმა დაგიმშვენოს გვერდი. -შენს პირს შაქარი!-სიტყვა წააშველა დეიდაჩემმა. -ამინ!-და გოგოჭურმა ყანწი მოიყუდა, ნელა სვამდა თავგადაწეული და ზამბარასავით ეკუმშებოდა ხელი. ყანწი წამოაპირქვავა და ტუჩები მაჯით მოიწმინდა.პურის ლუკმას დასწვდა, ცხვირზე იტაკა, კარგა ხანი ყნოსავდა და კამეჩივით იბღვირებოდა, მერე როგორც იყო, სული მოითქვა, თავი აიღო და ჩვენ შემოგხვედა. -დააყოლე რამე, ზაქრო, აგერ, ქათმის ხორცი. გოგოჭურმა უარის ნიშნად თავი გაიქნია და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. -ღმერთმანი, არცა მშია, არცა მწყურია, მაგრამ გულმა არ მომითმინა, არ მოვსულიყავი..თორემ მოსვლას თავიდან არც ვაპირებდი.-ენა უბორძიკებდა, ალბათ ყანწმა ერთბაშად დარია ხელი. -რატომ არ აპირებდი მერე, არა გრცხვენია ზაქრო? -საყვედურობდა ოლია. -ჰმ, -ჩაიცინა გოგოჭურმა და იატაკს ჩააცქერდა, რაღაცას ფიქრობდა, მერე თავი ასწია და ოლიას მიაჩერდა, -იცი, რას გეტყვი? ცოდვა გატეხილი სჯობია.მე თქვენი ამხანაგი ვერ გავხდი...არა, შენ კი არა, შენ სულ სხვა ხარ.ის, დღეს რომ სუფრა დაგიმშვენეს, პოეტები, ხე, ხე, ხე..პოეტები, ოხ, მაგათი...-დიდი კბილები გააღრჭიალა, -ორიოდე აბდაუბდა ლექსს დაწერენ და ქვეყანას ყელში ამოადენენ თავიანთ პოეტობას, ქვეყანას თავიანთ თავს აყვედრიან.ასეთები გაჩნდით და ყველამ ქედი მოგვიხაროსო.ქვეყანას დასცინიან, ვითომ შაყირობენ, აღარც მკვდარს ინდობენ, აღარც ცოცხალს, ოხ ეგ დედიკოსა და მამიკოს მუხლებზე დაზრდილები..მაგათ, ოლია, ცხოვრების ძუძუ არ მოუწოვიათ, ნამდვილი დედის ძუძუ დაგმეს და სხვისი უცხო დედის ძუძუს ეპოტინებიან.ყველაფერს დასცინიან და ანქიქებენ, რაც ქართულია.არა, ოლია, ეგენი ამაოდ ეპოტინებიან მწვერვალს, ვერ შესწვდებიან, იქ რომ ახვიდე, იქ-და გოგოჭურმა გრძელი ხელი შემართა, -საკუთარი დედის ძუძუთი იყო დანაყრებული..იქ რომ შესწვდე, გული გინდა, ცხელი და მტკივანი, ადამიანის მოსიყვარულე და მოსარჩლე ნიჭი გინდა, ხატის მომადლებული, რაც არ იწვის, ის არც ანათებსო, ხომ გაგიგია.შაყირითა და ცინიზმით დიდი პოეზია არ შექმნილა, ოლია, კაცს შუბლზე ნაოჭი უნდა გქონდეს, სევდის ბეჭედი უნდა გესოს.აი, ის შენი ძმაკაცი და ჩემი ძმაკაციც სიმა, სკოლიდანვე იკეთებდა კარიერას.დაიმახსოვრე, ოლია, ხალხს დიდხანს ვერ აუხვევ თვალს, ვერა.თქვენ კი, შენცა და შენი მეგობრებიც, აღფრთოვენებულები ხართ მაგის მატრაბაზობით, კარგი ბიჭიაო, და ტაშს აწევთ.აი, ის ვანი სხვა კატეგორიის კარიერისტია, ფუფუნებაში გაზრდილი თავხედი ბიჭი.ის მეპროზე ჟორა...მოკლედ რომ გითხრა, სულ ერთ ქარგაზე არიან მოჭრილები, მაგათ არც მეგობრობა იციან, ოლია, არ დაიჯერო, ეგენი მეგობრობას სხვანაირად ზომავენ, გჭირდები?-მჭირდები.თუნდა გენიოსებად მონათლავენ ერთმანეთს, თუნდა კრეტინებად.როგორც ხელს აძლევთ.არა, ოლია, მითხარი, ერთი და იგივე ადამიანი გენიოსიც და კრეტინიც როგორ არის?ჰა, მითხარი თუ ჩემი და ხარ მითხარი... ვაი, ვის უვარდება ხელში წმინდა კვერთხი! შენ იცი ოლია, პოეზია როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ნაღდი და პატიოსანი პოეტები, ჩუმად, უხმაუროდ რომ მიაქვთ თავისი წილი ტვირთი.მაგრამ ლამის ისინი ამათ სუფრიდანაც აჰყარონ. ოლია გამტკნარებული იდგა, ხანდახან მე გადმომხედავდა ხოლმე, ჩემგან ელოდა ხსნას. -შენ კარგი გოგო ხარ, ოლია, და უნდა გამიგო.შური არ მალაპარაკებს, ღმერთმანი..ოჰ, რა ლამაზი და იოლი იქნებოდა ცხოვრება ამ ულამაზეს დედამიწაზე, ცუდი ადამიანები რომ არ იბადებოდნენ.დიდი რამე კი არ უნდა ამას, უბრალოდ, ადამიანებს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ სხვაც ადამიანია.მორჩა და გათავდა, ყველაფერი რიგზე იქნებოდა. გოგოჭური ერთხანს გაჩუმდა, მერე მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და ფეხზე ისე წამოდგა. -გაწყენინე, ოლია, არა?-ხელი ჩაიქნია.-გაწყენინე მაგრამ რაც გითხარი, გულწრფელად გითხარი.მაგათ სიყალბეს ვერ ვიტან და იმიტომ არ მოვედი, ვიცი, უსიამოვნებას შეგახვედრებდი.ისიც ვიცი, რომ ჩემი დანახვა არ ესიამოვნებოდათ, ფრთებს ვეღარ გაშლიდნენ, ერთმანეთს გენიოსებს ვეღარ დაუძახებდნენ...კარგად იყავი ოლია, მაპატიე, რომ გაწყენინე, მაპატიე... და გოგოჭური ბარბაცით გავიდა ოთახიდან. -სულ გალოთდა ეს საწყალი, რას ლაპარაკობს, თვითონაც აღარ იცის, აფსუს, იცი, რა ბიჭი იყო?-ჩემ გასაგონად თქვა ოლიამ.მაგრამ მე ვერაფერი გავიგონე.იმ წუთს თავგზა მქონდა აბნეული, არ ვიცოდი, რომელ მხარეს იყო სიმართლე. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რასაც ამბობდა ის მთვრალი ხევსური. 10 "სად დაიკარგა ის ბიჭი, დეღესაც თუ არ გამოჩნდა, იმის თავს კარგი ამბავი არ იქნება" გაღვიძებისთანავე ეს გავიფიქრე. მთელი კვირა ისე გავიდა, ანზორ სისაური აღარ გამოჩენილა, არც კონსულტაციაზე გამოცხადებულა, არც იმ დღეს მოსულა, რა დღესაც საგამოცდოები დაგვირიგეს.თითქმის დილიდან საღამომდე უნივერსიტეტთან ვტრიალებდი, აუარება ხალხში ვეძებდი სახეჭორფლიან ქერა ბიჭს, მაგრამ ამაოდ დამაწყდა თვალები. ცალად დარჩენილი დავღერღეტობდი ქალაქში და სულის ტკივილამდე ვგრძნობდი უანზორობას.როგორ მინდოდა, როგორ მჭირდებოდა ახლა ამ ვეება ქალაქში, ძნელბედობის წინ იმისი ხალასი გული და გამამხნევებელი სიტყვა.ერთთავად თვალწინ მედგა იგი, მახსენდებოდა, როგორ შლიდა თავის გრძელ, გამხდარ ხელებს და როგორ ხალისით მელაპარაკებოდა პოეზიაზე, მომავალზე, სიცოცხლეზე, ყველაფერზე, რაც ლამაზია ამქვეყნად. ქუჩაში როცა მოვდიოდით, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, ხანდახან შეჩერდებოდა, შეწყვეტდა ლაპარაკს და ვინმე გამვლელს დააკვირდებოდა, მერე ჩემჩურჩულებდა, აი, ეგ კაცი, მავანი და მავანი მწერალიაო, ან მეცნიერიაო.თითქმის ყველას იცნობდა შორიდან, ვინც ცოტა თუ ბევრად სახელიანი დაიარებოდა ქალაქში.და უცებ სადღაც გაქრა ანზორ სისაური, ვერც ასავალი გავიგე მისი და ვერც დასავალი, ნეტა ერთხელ მაინც მეკითხა, სად და ვისთან ერთად ცხოვრობდა. წუხელ დამესიზმრა, ვითომ უნივერსიტეტის ბაღში მოსულიყო.ჩემ წინ იდგა ტანსაცმელშემოგლეჯილი, სახემიფერმკრთალებული და მეუბნებოდა, ზოოპარკიდან გამოვიქეციო, თან ხელს დაბლა იშვერდა, სადაც სამხეცე მდებარეობს.მერე ხელი გადამხვია და უნივერსიტეტის აუდიტორიაში შემიყვანა. ისე ცხადლივ, ისე მკაფიოდ ვიხილე იმის სახე, როცა გავიღვიძე, კარგა ხანი ვერ გავარჩიე, ცხადი იყო თუ სიზმარი. უკვე გარიჟრაჟებულიყო, გარეთ სიოც არ იძროდა, მაგრამ ფანჯრიდან მაინც შემოდიოდა დილის სიგრილე.ჯერ კიდევ ეძინა, ჯერ კიდევ ჩაყუჩებულიყო ქალაქი.მეეზოვე ქუჩას ჰგვიდა და ასფალტზე ისე ფხაჭუნობდა ცოცხი, თითქოს ვიღაცა ქვევრს სარცხით ხეხავსო. ხანდახან მატარებელი შეიკივლებდა და ლიანდაგებზე ბორბლები აძაგძაგდებოდა.დეიდაჩემის სახლი რკინიგზის სადგურიდან სამასიოდე მეტრით იყო მოშორებული და მატარებლების ხმა მთელ ღამეს ისმოდა.მეორე ოთახში საწოლმა გაიჭრიალა, არ ვიცი დეიდაჩემმა, არ ვიცი ოლიამ გვერდი იცვალა.ლოგინიდან ფრთხილად წამოვდექი და კარადაზე შემოდგმულ საათს შევხედე, ექვსი ხდებოდა.მერე ოლიას მოვკარ თვალი, პირი კედლისკენ მიექცია და მივხვდი, რომ წეღან იმის საწოლმა გაიჭრიალა სწორედ. საბანი მხოლოდ ბეჭებამდე ფარავდა და შიშველი ზურგი მოუჩანდა, მოუჩანდა აგრეთვე მარცხენა მხარი და ნაზი, ქათქათა მკლავი.შავად მბზინავი, მოკლედ შეკრეჭილი თეთრ ბალიშზე დაფენოდა.ყოველივე ამის დანაზვაზე მთელი არსებით შევიგრძენი, რაოდენ დიდ, თავბრუდამხვევ სილამაზეს ეძინა ახლა ტახტზე. გადმოვიღე რვეული, სადაც ქართული ლიტერატურის თემები მეწერა და გადავშალე."პატრიოტული მოტივი ილიას შემოქმედებში", "ვაჟა-ფშაველას ბახტრიონის გმირები", "ეროვნული მოტივი აკაკის შემოქმედებაში"..ვფურცლავდი რვეულს, ვკითხულობდი თემების სათაურებს და ვფიქრობდი, ამათგან ნეტავ დღეს რომელს დაგვაწერინებდნენ. დღეს, ესე იგი, ორ აგვისტოს, უნდა წარვმდგარიყავი პირველ დიდ გამოცდაზე.რასა ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი გამოცდის წინ? არც შიში, არც დაბნეულობა, რადგან ნებისმიერი თემა შემეძლო დამეწერა, ყოველგვარი "შპარგალკის" გარეშე.ჩემს დღეში იგი არ გამომიყენებია.ახლა მხოლოდ საამო ჟრუანტელი მივლიდა, სწორედ ისეთივე, პირველ პაემანზე რომ განიცდის ხოლმე ყმაწვილკაცი.თვალწინ დამიდგა ზაფხულის მზით განათებული ვეება აუდიტორია, ჭაღარა ლექტორები...ანზორ სისაური. სად დაიკარგა ის ბიჭი?ერთ მერხზე უნდა დავმსხდარიყავით დღეს.ასეთი პირობა გვქონდა დადებული. გუნება წამიხდა.რვეული გვერდზე გადავდე და თვალები დავხუჭე, ალბათ უძილობის გამო, თავი მტკიოდა.ერთსა და იმავე ადგილას ხანგამოშვებით უჩინარი ნემსით ტვინს მიბურღავდა. "ჯერ ადრეა, უნდა გამოვიძინო, რომ საღი გონებით გამოვცხადდე გამოცდაზე"-გავიფიქრე, თვალბედახუჭული ვიწექი დ ავერც მივხვდი, ძილი როგორ წამომეპარა. თვალები რომ გავახილე, თავს ოლია მეგდა.სიყვარულით დამღიმოდა, დაკუთხული, ლამაზი, წითლად მოხასხასე ბაგეებიდან ქათქათა კბილები მოუჩანდა. -რა ძილქუში დაგაწვა, ბიჭო, ადექი თორემ გამოცდაზე დაიგვიანებ, რვა საათი ხდება, -თავზე ხელი წამომისვა და სამზარეულოში გავიდა. ლოგინიდან წამოვხტი და ტანსაცმელი სწრაფად გადავიცვი.ოლიას სუფრა გაეწყო.დიდ ჭიქებში ჩაის ასხამდა.დეიდაჩემი, როგორც ჩანდა, უკვე წასულიყო.იგი დილაადრიან გადიოდა ქალაქში, დარბოდა გასტრონომებში, ორგან და სამაგან იჭერდა რიგს, რომ ყველაფერი ცოტა იაფად და ხელსაყრელად ეშოვნა. სახელდახელოდ ვისაუზმეთ და ქუჩაში გამოვედით.ოლიამ ტაქსი გააჩერა. -უნივერსიტეტთან!-უბრძანა შოფერს. ახალგაზრდა ბრგე შოფერმა თავი მოაბრუნა, ჯერ ოლიას დააკვირდა, მერე მე და უხმოდ დაძრა მანქანა.ცოტა ხანში ისევ მოიხედა და ოლიას გადაჰკრა თვალი, კეთილი სახე ჰქონდა, მოღიმარი.პირველი შეხედვისთანავე ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა, თითქოს ახლობელიაო.სხვათა შორის, არიან ადამიანები, შეხედვისთანავე ამნაირ გრძნობას რომ აღგიძრავენ. -ჯერ შენ მიგიყვან უნივერსიტეტში და მერე მე წავალ, მითხრა ოლიამ, -იცოდე კარგი ფეხი მაქვს! -აბარებ?-სარკიდან გამომხედა შოფერმა. -კი, -უპასუხა ოლიამ. -თქვენი რა არის? -დეიდაშვილი. -ღმერთმა გაძლება მისცეს, ამ სიცხეში არ გინდა გამოცდების ჩაბარება?!ფული აქვს? -ბევრი, -გაიცინა ოლიამ. შოფერი მიხვდა, როგორც გაიცინა ოლიამ და ენაზე ქვა დაიდო. ტაქსი უნივერსიტეტთან გაჩერდა. ვიდრე კარს გამოვაღებდი და გადმოვიდოდი, შარვლის ჯიბეში ოლიამ ჩამიყო ხელი და გაოცებით გადავხედე: -დაგჭირდება, გქონდეს, ამაზე ნაკლები ნიშანი არ მოიტანო.აბა, ყოჩაღად იყავი, არ დაიბნე, -მითხრა უკვე დაძრული მანქანიდან. გაოგნებული და აწითლებული ვიყავი.ჯიბეში ხელი ჩავიყავი დ აოლიას ნაჩუქარი ხუთმანეთიანი ამოვიღე.გული ამიჩუყდა.თვალებზე ცრემლი მომადგა.ჯერ ჩემთვის ფული არავის უჩუქებია, არავის დედაჩემის გარდა.ახლა რომ ოლია ჩემ გვერდით ყოფილიყო, გადავეხვეოდი, გულში ჩავიკრავდი.რა საყვარული და დიდსულოვანი იყო ახლა ჩემს თვალში ჩემი დეიდაშვილი. ვიღაცამ მხარი გამკრა და ფეთიანივით შეიჭრა ალაყაფის კარებთან შეგროვილ ხალხში. "ამაზე ნაკლები ნიშანი არ მოიტანო". გამახსენდა ოლიას ნათქვამი და ჯიბიდან საგამოცდო ამოვიღე. სადარბაზო კართან ვირაც კაცი იდგა და რაღაცას ყვიროდა. -ფილოლოგები, მეორე ჯგუფი, ოცდამეხუთე აუდიტორიაში სწრაფად! მეორე სართულზე ავედი და ოცდამეხუთე აუდიტორიის ძებნას შევუდექი. უცებ ვიღაცამ მკლავზე ხელი ჩამავლო და როგორც კი მოვბრუნდი, გადამეხვია, ჩემ წინ ანზორ სისაური იდგა გაბადრული. -ანზორ, სად ხარ, ბიჭო! ამ ერთ სიტყვაში რაოდენი სიხარული იყი ჩანაღმული, ძნელად მიხვდებოდა კაცი.მარჯვენა ბეჭზე თითები მაგრად მოვუჭირე და სახეზე მივაჩერდი.იგი იღიმებოდა.უფრო გამხდარი და ფერმკრთალი მეჩვენა, თითქოს ჭორფლიც მოხშირებოდა და მკვირცხლ მხიარულ თვალებში სევდის ნაპერწკალი ჩავარდნოდა. -საავადმყოფოში ვიწექი, ექიმებს ძლივს გამოვუსხლტი, ოპერაცია უნდა გაგიკეთოთო. -ოპერაცია? -კი, კუჭის წყლული აღმომაჩნდა. -კუჭის წყლულიო?-და მივხვდი, რომ სხვა სიტყვა უნდა მეთქვა, -რას ამბობ, ბიჭო, კუჭის წყლული ახალგაზრდებს როდის უჩნდებათ. ანზორ სისაურმა ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, მხარზე ხელი დამადო და დინჯად, თითქოს სხვათა შორის მითხრა: -გამოცდების შემდეგ აუცილებლად უნდა გაიკეთო ოპერაციაო....შევიდეთ, თორემ გამოცდა იწყება. აუდიტორიაში შევედით.თავისუფალი მერხი ვნახეთ და დავსხედით. აუდიტორია გაინაბა.ორმა ლექტორმა, ქალმა და კაცმა, შტამპიანი ფურცლები ჩამოარიგეს, მერე ორჯერ თუ სამჯერ გაგვიმეორეს საგამოცდო წერის წესები და დაფაზე, თეთრით შავზე, ჩამოწერეს თემები, სამი თემა იყო და მთელმა აუდიტორიამ, ვერ მიხვდებოდით, სიხარულით თუ სამწუხაროდ, სამჯერ დაიქშინა. მე "ალუდა ქეთელაური" ვირჩიე.ანზორმა გალაკტიონ ტაბიძის პოეზია. 11 ოთხ აგვისტოს წვიმდა.შუადღისას ელვა-ქუხილით მოვარდა შხაპი და ხვატისგან შეღონებული მთელ ქალაქს ღვთის თვალი დაადგა. მეორე დილით ისევ მოღრუბლული იყო, მაგრამ აღარ წვიმდა.ხეთა გაჟღენთილ ფოთლებიდან ლეშხი და ჟღავი ცვიოდა.ნაწვიმარ ქუჩებში შხივილით მიმოდიოდნენ მანქანები და ტროტუარს წუწავდნენ. ასეთ ამინდშიც თავისებური და ლამაზია თბილისი.მშვენიერი მანდილოსნები, აქაო და ამინდი ანაზდეულად შეიცვალაო, უფრო ლამაზად გამოეწყობიან, გაეხვევიან ლაბადებში, ნაფტალინის სუნი რომ გადაჰკრავს ხოლმე, ან მონატრებულ კოსტიუმებს გადაიცვამენ ხოლმე და, ალბათ უამინდობის გამო, მოწყენილ მერცხლებს დაემსგავსებიან. დილის ცხრა საათი ხდებოდა.იმ დღეს წერითი ნიშანიც უნდა გამეგო და ზეპირიც ჩამებარებინა. დერეფნის ბოლოში მოსაწევი ოთახის ფანჯარასთან ვიდექი, სიგარეტს ვაბოლებდი და უაზროდ მივჩერებოდი ღრუბლიან ცას.ცაზე სწრაფად მისრიალებდა უკვე დაწრეტილი, ამჩატებული ღრუბელი დ გამჭვირვალეს ცისფერ კვალს სტოვებდა.ამ ფანჯრიდან ჩანდა აგრეთევ უბივერსიტეტის უკანა ეზო, სადაც ფრენბურთის მოედანი იყო.მოედანი ახლა ღვთის ანაბარა მიეტოვებინათ.დაჭიმული ბადეები მზისგან და წვიმისგან ჩაყვითლებულიყო. დერეფანში ხალხი ზიმზიმებდა.რამდენიმე წუთში ღვთის განკითხვა დაიწყებოდა.ბევრი სიცილი დაიფრქვეოდა და ბევრი ცრემლი დაიღვრებოდა.დღეს, როგორც წერო გამოაკლდება ხოლმე თავის გუნდს და ფრთებდაკეცილი მოსწყდება თავის სყვარელ ლაჟვარდოვან ცას, ისე მოსწყდება რამდენიმე კაცი უნივერსიტეტის საოცნებო კედლებს და დაბოღმილი დაკეცავდა ფრთებს. გუშინ წერაში ჩაჭრილთა სია გამოაკრეს და ორმოცდაათიანი ნოტო მოწყვიტეს დიდ ფარას. არც მე, არც ანზორ სისაური ჩაჭრილთა სიაში არ ვყოფილვართ. სისაურმა სია ერთხელ კიდევ ჩაათვალიერა და ღიმილით მითხრა: -ბევრი ჩაჭრილა, ეს კარგია. -მაგას მიუმატე სამიანების პატრონები, სულ ცოტა ორმოცდაათიც ისინი იქნებიან. -უეჭველად, ეგეც შენი ასი კაცი და ასიღა დარჩა. მაშინ მივხვდი, მეც და ჩემს მეგობარსაც, საკუთარი ბედნიერების გამო, სხვისი უბედურება როგორ გვახარებდა.რაც მეტი ჩაიჭრებოდა, რაც მეტი მიიღებდა დაბალ ნიშანს, უფრო მეტი შანსი გვქონდა მოწყობისა.სხვის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება რომ შენდებოდა, ნუთუ ორივენი იმიტომ ვიყავით ესოდენ გახარებულნი? გამხდარ გაფერმკრთალებულ სახეზე მივაჩერდი მეგობარს და სულ რაღაც ერთი წამით შემეზიზღა.იგი თვალმოჭუტული მიყურებდა და იმ თვალებში მაინც კიაფობდა მისთვის დამახასიათებელი სხივი.მერე ის სხივი უცებ ჩაუქრა და შემცბარმა იკითხა: -ასე რად მიყურებ, ილო? თვალი მოვარიდე და დაბნეულმა ჩავიდუდუნე: -რას იზამ, ვინც ღირსეულია, ის მოეწყობა. -რა თქვი. პასუხი აღარ გავეცი. როგორც გითხარით, ჩაჭრილთა სიაში მე და სისაური არ აღმოვჩნდით, მაგრამ ეს არ იყო გადამწყვეტი, რადგან კონკურსი დიდი დ ამხოლოდ მაღალ ნიშნიანებს მოუწევდათ ჩარიცხვა.ახლა სულ რამდენიმე წუთში დაიწყებოდა გამოცდა და ყველაფერი ნათელი გახდებოდა. სიგარეტი გადავაგდე და დერეფანში გამოვედი.სისაური მოვათვალიერე, მაგრამ ჯერ არსად ჩანდა.მთელი დერეფანი თითქმის სავსე იყო.ზოგი აუდიტორიის კარებთან მიზღავებულიყო, ზოგნი აქა-იქ გაფანტულიყვნენ, წიგნებს ჩაჰკირკიტებდნენ, ეტყობა გამოცდა უკვე დაწყებულიყო. აუდიტორიის კარი გაიღო და ვიღაც ქალიშვილი გამოვიდა, სახე აჭრელებოდა, თმა ოდნავ ჩამოშლოდა შუბლზე.იმ ქალიშვილს სულის მოთქმა არ აცალეს, მაშინვე წრე დაარტყეს და კითხვები დააყარეს. -რა ნიშანი მიიღეთ? -ვინ გამოგცადათ? -რა ბილეთი შეგხვდათ? ქალიშვილი ძლივს ასწრებდა პასუხის გაცემას, თან ხალხში გზას იკვლევდა.მერე ეს პასუხები კაციდან კაცზე გადადიოდა.ამ დროს კიდევ გაიღო აუდიტორიის კარი და მეორე ქალიშვილი გამოვიდა.აბიტურიენტები ახლა იმას მიუბრუნდნენ, მაგრამ იმ ქალიშვილმა მარჯვედ გაარღვია ხალხის ტალღა და კელანაჭამი დათვივით გავარდა.არც ერთ შეკითხვას პასუხი არ გასცა. -ალბათ ჩაიჭრა!-თქვა ვიღაცამ. იმ ქალიშვილს თვალი გავაყოლე და დავინახე, რომ დერეფნის ბოლოში ანზორ სისაური წამოეწია და კიბეზე ჩააცილა.თან ხელებით რაღაცას ელაპარაკებოდა. "რა უცნაური ბიჭია.ცნობისმოყვარე და თანაც გულთბილი.ვიდრე ყველაფერს არ გაიგებს, თავისი დაემართება". დერეფანში გავიარე და კიბის თავში დავდექი.ხუთიოდე წუთის შემდეგ მობრუნდა ანზორი.ვიდექი და ღიმილით მივჩერებოდი.თვითონაც გაიღრიჭა, გრძელი ხელი შორიდანვე გამომიწოდა და მაგრად ჩამომართვა, როგორც იცოდა ხოლმე. -სადა ხარ, ბიჭო? -რაო, იმ გოგომ?-კითხვა შევუბრუნე. დამინახე?-ღიმილით მკითხა. -კი. -რაო და, მესამე წელია თურმე რაც აბარებს.წერაში სმაიანი დაუწერიათ, ზეპირში ოთხიანი.შარშან წერაშიც ოთხი მივიღედა და ზეპირშიც და მაინც ვერ მოვხვდიო.სირცხვილით შინ არ მიმესვლებაო.სადმე უნდ აგადავიკარგოო. -საწყალი! -ილო, ყველანაირად ეცადე, აბდულაძესთან არ მოხვდე, ამბობენ, საზიზღარი გამომცდელიაო, მაღალი კაცია, მელოტი, გენრიხი ჰქვია, გესმის? -მესმის. -კომისიის თავმჯდომარე სარჯველაძე ყოფილა. რა გვარი? -სარჯველაძე. ამ გვარის ხსენებაზე ჩვენი სკოლის დირექტორი კლიმენტი გამახსენდა. "ნეტავი რა უნდა იყოს იმისი? საიდან სადაო, იქ სარჯველაძე, აქ სარჯველაძე" თვალწინ დამიდგა ცოტა მოსულელო და ცოტა გაიძვერა კლიმენტა.იგი ჩემ წინ აუდიტორიაში ზის და მამოწმებს, მართლაც ხუთიანზე თუ ვიცი საგანი. სიმწრით გამეღიმა და და თავი გადავიქნიე. -რა იყო?-მკითხა ანზორმა. -არაფერი.ჩვენი სკოლის დირექტორიც სარჯველაძე იყო.ცოტა უცნაური კაცი. -ჰოო..-იქნებ იმის ნათესავიც იყო. მხრები ავიჩეჩე, რა ვიცი -მეთქი. ამ დროს აუდიტორიის კარი გაიღო და ოთხი კაცის გვარი ამოიკითხეს, ესენი შემოვიდნენო, მათ შორის სისაურიც იყო.ანზორმა ერთი შემომხედა, რაღაცნაირად გადმომხედა, გამიღიმა, დაბნეულად და აუდიტორიაში შევიდა. -აბა შენ იცი?-ესღა მივაკითხე და თვალს მიეფარა. როცა ჩემი ამოიკითხეს და აუდიტორიაში შევედი ყურმა გამიწივლა და თავლები ამიჭრელდა.დაახლოებით ნახევარ წუთს გაგრძელდა ასე, მერე თანდათან მოვიკრიბე ძალა, თანდათან შევეგუე ჩემთვის უცხო გარემოს და კვლავ დამიბრუნდა საღი, ნათელი აზროვნება.მე რომ შევდიოდი, ანზორ სისაური გამოდიოდა და გამიღიმა, მკლავზე მაგრად მომიჭირა ხელი, გელოდებიო ჩამჩურჩულა, მერე გაშლილი თითები დამანახვა და გავიდა.ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემმა მეგობარმა ზეპირში ხუთიანი გაირტყა. "ნეტავ წერაში რაღა ნიშანი მიიღო"-გავიფიქრე და შევატყვე ჩემს თავს, რომ მეგობრის ბედი შემშურდა.რა უცნაურია ადამიანი, ნუთუ მართლა მშურდა, რომ ანზორ სისაურმა ხუთიანი მიიღო?მიკვირდა, ვინ ააწყო ცხოვრება ასე, ვინ გვაიძულა, რომ შენი მეგობრის ბედიც კი გშურდეს.იმიტომ რომ ის შენს მეტოქედ აქციეს, ან შენ-ან ის.ერთი უნდა გაუბედურდეს, რომ შენ გაბედნიერდე.ორისა და სამის ადგილი აქ არ არის.და შენც გიხარია, როცა ვინმე ჩაიჭრება, ან დაბალ ნიშანს მიიღებს.აქედან ეჩვევი კაცობრიობის ძველისძველ ბოროტებას-ეგოიზმს.ბავშვობიდანვე ჩაგჩიჩინებენ:შენ უღირსი ხარ, ის ღირეულია.პირველს ყველაფერს უხვად უბოძებენ, ანებივრებენ და ყველგან ფართოდ უღებენ კარს.მეორენი უსამართლოდ იჩაგრებიან.მერე წამოიზრდებიან, უღირსები უღირსებად ირწმუნებენ თავს და გაბოროტდებიან, ან გაბოროტმოქმედდებიან, ღირსეულნი ღირსეულებად ირწმუნებენ თავს და გაამაყდებიან, გაყინჩდებიან, ვინ დაყო ღირსეულებად და უღირსებად ეს ქვეყანა, ვინ გაარჩია, ვინ დაადგინა?ვინ იდო თავზე ეს ღვთის საქმე.ვინ? -აქეთ მობრძანდით!თქვენ გეუბნებით, თქვენ!-მივიხედე და ჩემ წინ იდგა, მაღალი, მელოტი კაცი. "ალბათ ეს არის გენრიხ აბდულაძე, მაღალი მელოტი, კაციო, მეუბნებოდა სისაური." და ერთი წამით აუდიტორიას გადავავლე თვალი.ორი გამომცდელი სხვა იყო.ერთი ხუჭუჭთმიანი, ახალგაზრდა კაცი, ერთიც დაბალი და ჯმუხი, ჭაღარით შემოსილი. -თქვენ გეუბნებით, აიღეთ ბილეთი და აი, აქეთ დაბრძანდით!-მერხზე მიმითითა აბდულაძემ.მე პირდაპირ შევხედე.სახე ასწითლებოდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ცხედართან დგასო. "რას გადამეკიდა ეს კაცი..მორჩა, ამის კლანჭებს ვეღარ გადავურჩები"-გავიფიქრე და ბილეთებისკენ გავწიე.ჩემზე წინ ერთმა ქალიშვილმა და ერთმა ვაჟმა აიღეს ბილეთები და დასაკლავი საქონელივით მიიზლაზნენ გამომცდელთან.ბილეთებით დაფარულ მაგიდას თვალი გადავავლე და ერთ-ერთ მათგანს ხელი წავატანე, მაგრამ უკანასკნელ წამს გადავიფიქრე.მერე მეორე ბილეთი ავიღე.ნომრისთვის არც დამიხედია, თამამად და მხნედ გავწიე გამომცდელისკენ და მერხზე ჩამოვჯექი. -ბილეთის ნომერი?-მკვახედ მკითხა აბდულაძემ. მაშინღა დავხედე ბილეთს.მეათე ნომერი იყო. მერხზე კოხტად მოვკალათე და მტელი გულისყური ბილეთში ჩავაქციე. 1.მამათა და შვილთა ბრძოლა. 2.დ.კლდიაშვილი-სამანიშვილის დედინაცვალი. 3.გ.ტაბიძე-მე და ღამე. 4.ქცევა.მართლწერის საკითხები ქცევასთან დაკავშირებით. ბოლომდე რომ ჩავედი, შვებით ამოვისუნთქე, უცებ ირგვლივ მთელი სამყარო განათდა და გულში რაღაც მხიარული ჰანგი აჟღერდა.თამამად შევხედე აბულაძეს.იგი წელში ოდნავ მოხრილი იჯდა, ლოყა ხელისგულზე დაებჯინა და ოდნავი, ირონიული ღიმილით მისჩერებოდა აბიტურიენტ გოგონას.გოგონა ხშირად ჩერდებოდა და ხატივით შეჰყურებდა გამომცდელს თვალებში, რასაც ვამბობ, სწორად ვამბობ თუ არაო, მაგრამ აბულაძე არც დასტურს აძლევდა და არც უარის თქმას ინებებდა.გაშეშებული იჯდა, თვალებს ახამხამებდა და ათასში ერთხელ სეტყვასავით გადმოაგდებდა ერთსა და იმავეს: -მერე? მე კვლავ ჩემს ბილეთს დავუბრუნდი.თითოეული საკითხი დაწვრილებით ამოვბოჭე მეხსიერებიდან და გონების თვალით თავიდან ბოლომდე გადავიკითხე.ყველაფერი რიგზე იყო.ყველაფერი ზუსტად მახსოვდა და ისევ ვიგრძენი ჩემს გულში როგორ აჟღერდა მხიარული ჰანგი.როგორ გავამაყდი, როგორ აღმიზევდა რწმენა და საოცარი ფერებით განათდა მთელი სამყარო.აი, ამ ყოფაში ვიყავი, ამ ნეტარ ოცნებაში დავცურავდი, როცა ჩემს გვერდით ქვითინი შემომესმა.აბიტურიენტი გოგონა ტიროდა. -აქ ტირილის ადგილი არ არის!-თითქოს თითოელ სიტყვას ცოხნისო, ისე ჩაილაპარაკა აბულაძემ და მერე დასძინა, -თავის დროზე არაფერს ჩაყრიან გოგრაში და ცრემლით უნდათ თავი შეგაბრალონ. გოგონამ ერთხელ კიდევ ამოიფშუკუნა და აუდიტორიიდან გავიდა.სხვა გამომცდელებმა თვალი გააყოლეს, მერე აუდიტორია თავის საქმეს დაუბრუნდა.აბულაძემ ჩვენ გადმოგვხედა.მე თვალი გადავკარი დანარჩენებს.დაჩიავებულები და გამტკნარებულები იჯდნენ ისხდნენ.ეტყობა, გამომცდელის რისხვამ და სიმკაცრემ უარესად დათრგუნა და დააბეჩავა ისინი.ამ წუთას, არ ვიცი რა ძვრა მოხდა ჩემს სულში, შურისძიების გრძნობამ შემიპყრო თუ რა იყო, მთალდ დავკარგე ყოველგვარი შიში და განცდა.ისე გავდიდადდი, ისე გავიზარდე, ბუზივით მომეჩვენა ეს მკაცრი გამომცდელი. -აბა, ვერ მოიფიქრეთ?ვის გაქვთ გამოსვლის სურვილი?-ამოცოხნა აბულაძემ და ეგრევე წმაოვდექი.დანარჩენებმა შვებით ამოისუნთქეს და მადლიერების თვალით გადმომხედეს.გამომცდელს ბილეთი წინ დავუდე. -რა გვარი ხარ? -ღულულაშვილი. -რა გვარიო?-ცივი თვალები მომაპყრო.-ბულულაშვილიო? -ღულულაშვილი, პატივცემულო. -რანაირი გვარია, -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და მერ უფრო ხმამაღლა მკითხა, -სადაური ხარ? -კახელი. ჰოოო.გასაგებია, -ისევ თავისთვის ჩაილაპარაკა.მერე თხელი ტუჩები მაგრად დაკუმა და ნიკაპში გაჩენილ ნაოჭში ზიზღი შევნიშნე.მან ჩემი საგამოცდო ფურცელი მონახა და გადაშალა. -წერაში ოთხი მიგიღია, ვნახოთ ახლა ზეპირში. -ოთხი?რატომ ოთხი? -აბა ახლა ხუთიანი გინდოდა?ხუთიანი არავისთვის დაგვიწერია და შენ რა, წითელი კოჭი ხარ? -საერთოდ არავისთვის დაგიწერიათ? -არა-ცივად მოიჭრა. ამ პასუხმა უცებ ამყარა ფარ-ხმალი და დამამშვიდა.გულშიც არ გამივლია ეჭვი თუ გამომცდელი ცრუობდა. -აბა დაიწყე.მამათა და შვილთა ბრძოლაა.არა, პირველი საკითხი? სა მეც დავიწყე.ყველაფერი ზუსტად და ნათლად გადმოვულაგე გამომცდელს.ვინ იყვნენ მამები, ვინ იყვნენ შვილები, რაზე წარმოიშვა მათი დავა, ვისკენ იყო სიმართლე... აბდულაძე ხანდახან შემომხედავდა, თვალებდაუხამხამებლად დამშტერდებოდა და მერე დიდხანს თავჩაღუნული უძრავად იჯდა.ბოლოს ორიოდე შეკითხვა მომცა და იმაზეც ჩემი აზრით რიგიანი პასუხი გავეცი, ოღონდ ვერ გავიგე, რამდენად კმაყოფილი დარჩა. მერე სამანიშვილის დედინაცვალი ამბავს შევუდექი.მოკლედ ვყვებოდი შინაარსს, ვალ;აპარკობდი ნაწარმოების მიზანდასახულობაზე, მწერლის ოსტატობაზე, მაგრამ გამომცდელი ხშირად მაჩერებდა და მიბიძგებდა, მხოლოდ შინაარს მივყოლოდი თანმიმდევრულად და და დაწვრილებით.აბდულაძემ კალმისტარი მაგიდაზე რამდენჯერმე დააკუკანა და წამოდგა. -აბა, მითხარი, ვისგან ითხოვა პლატონმა ცხენი, სადედინაცვლოს საძებენელად რომ მიდიოდა? -მეზობლისგან. -რა ერქვა იმ მეოზბელს, ან იმ ცხენს რა ერქვა, არ უწერია კლდიაშვილს სახელები? ორიოდე წამით ჩავფიქრდი და გულახდილათ ვუტხარი არ მახსოვს -მეთქი. -აბა რაღა გახსოვს? ერთი ხანაობა შევყოყმანდი და მერე ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოვღერღე: -ნაწარმოების საერთო შინაარსი...თემა, იდეა.... -მოიცა, მოიცა....გადადი მესამე საკითზე, ზღაპრებს თავი დაანებე, -მკვახედ მითხრა. გალაკტიონის "მე და ღამე" ზეპირად მათქმევინა.ერთი-ორ ადგილას შემეშალა, "სიო სარკმლით მონაბერი ველთა ზღაპარს მეუბნება", ამ სტრიქონში ავურიე.სამაგიეროდ გრამატიკაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. -ოთხიანი! ამის თქმა იყო და როგორღაც, ისე რომ იქით არც მიმიხედია, ჩემს გვერდით მსხდომ აბიტურიენტების სახეზე გაოცება შევნიშნე. -როგორ გეკადრებათ, პატივცემულო. აბდულაძემ ჩაიცინა. -ვითომ რატომ არ მეკადრება? ლექსი ზეპირად ვერა თქვი."სამანიშვილის დედინაცვალი" ვერ მოჰყევი...-ორ თითს შუა კალამს ატრიალებდა და ქვეშ-ქვეშ მიყურებდა, კიდევ მევაჭრები?იქნებ ხუთიანი გინდა? -დიახ, ხუთიანი მინდა. -დიდი წარმოდგენა გქონია თავზე, -აბდულაძემ ისევ ჩაიცინა. -მე არაფერი არ შემშლია.მედავითნე კი არა ვარ, ყველა წვრილმანი ზეპირად ვიცოდე...-ამის თქმა იყოდა ყურებმა წივილი დამიწყო.თვალები ამიჭრელდა და გულში მწუხარედ დარეკა რაღაცამ.ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ უკან დახევა არ შეიძლებოდა და იდუმალი საიერიშოდ მიბიძებდა. -რაო, რაო, მაშ, შენი აზრით მედავითნე სხვა არის?-ზიზღით ჩაილაპარაკა და თეთრი პერანგის საყელოზე წაჭერილი ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა, მაგრამ სახეზე მაინც წამოწითლებული იყო. -სხვა კია რა, თქვენ ხართ. აბიტურიენტებმა თავები ჩაჰკიდეს, აბდულაძემ მეჩხერი, მოკლეწამწამებიანი თვალები დაახამხამა და რისხვით მომაჩერდა, დაძაბული დუმილი ჩამოვარდა, აფეთქების წინ რომ ჩამოვარდება ხოლმე, ისეთი.მე თვალს არ ვაშორებდი, ვგრძნობდი ნიკაპი როგორ მიცახცახებდა და წონასწორობას როგორ ვკარგავდი.არ ვიცი რა შემატყო, რა მეწერა სახეზე ისეთი;ჩემდამოულოდნელად აბდულაძე სკამზე დაეშვა, საგამოცდო მომიგდო და მშვიდად, მაგრამ, ბოღმით მითხრა: -მე ნიშანს არ გიწერ, მიჩივლე, სადაც გინდა. -სად არის კომისიის თავმჯდომარე? -გარეთ გავიდა.ახლავე გეახლებათ!-ნიშნის მოგებით მითხრა და დანარჩენებს მიუბრუნდა-აბა, შემდეგი მობრძანდით. ადგილიდან არავინ იძროდა. -თქვენ გეუბნებით, დროს ნუღარ მაკარგვინებთ. ამ დროს აუდიტორიის კარი გაიღო და ხანდაზმული, ჭაღარა შემოსილი კაცი შემოვიდა.აბდულაძე ისევ მე მომიბრუნდა. -აგერ კომისიის თავმჯდომარე.მიბრძანდით. საგამოცდო ავიღე და წელმოწყვეტილი მივედი კომისიის თავმჯდომარესთან.ეს საშუალო ტანის, მეტად სათნო, ფერმკრთალი სახის კაცი არაფრით არ ჰგავდა თავის მოგვარე კლიმენტი სარჯველაძეს, ჩვენი სკოლის დირექტორად რომ დაგვინიშნეს. -რაშია საქმე?-დაღლილი, ქუთუთოებშეშუპებული თვალები მომაპყრო სარჯველაძემ. -აბდულაძე ნიშანს არ მიწერს. -ოთხიანს მიწერდა და...-აქ კი ნერვებმა მიღალატეს, გული ყელში გამეჩხირა და სიტყვა ვეღარ დავძარი. -დაწყნარდი, შვილო, მითხარი რა იყო, -ამ თბილმა ალერსიანად ნათქვამმა სიტყვებმა უარესად ამიჩუყა გული.თვალებზე ცრემლი მომადგა და გვერდზე შევბრუნდი. კომისიის თავმჯდომარე წამოდგა და აბდულაძესთან მივიდა.ცოტა ხნის შემდეგ მობრუნდა, თავისი სუსტი, შემჭკნარი ხელი, ხარზე დამადო და მითხრა: -აბა დაწყნარდი და დაჯექი.მეათე ბილეთი იყო არა?-ეტყობოდა კბილები აკლდა, ოდნავ ჩიფჩიფებდა. -დიახ!-მერხზე ჩამოვჯექი და სული მოვითქვი. -ნუ აღელდები, აბა დავიწყოთ. ორიოდე წუთის შემდეგ შემაჩერა. -კარგია, ყოჩაღ!მეტი აღარ მინდა, აბა, მითხარი, რაზე ჰქონდათ დავა მამებსა და შვილებს? -ენის სიწმინდეზე.ერთნი, კერძოდ მამები, ორბელიანის მეთაურობით იცავდნენ მაღალფარდოვანი, არისტოკრატიული ენის სტილს... -კმარა, კმარა..სწორია, რატომ ჩქარობ, შენ როგორი კახელი ხარ....-ალერსით გამიღიმა. -აბა, "სამანიშვილის დედინაცვალზე" რას იტყვი, შინაარსი არ მინდა, მოკლედ გამირჩიე. ორიოდე წუთში ყველაფერი, ნაწარმოების თემაც და იდეაც ზუსტად ჩამოვუყალიბე და პასუხზე ვატყობდი, სიხარულსა და კმაყოფილებას ვერ მალავდა.დასტურის ნიშნად თავს მიქნევდა და სიტყვასაც აშველებდა: -სწორი ხარ, მართალია..ოღონდ ნუ ჩქარობ! როცა ყველაფერი ამოიწურა, სარჯველაძე ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე ღიმილით შემომხედა. -რაკი ხუთიანი გინდა, ერთ დამატებით კითხვას მოგცემ, თუ არ გეწყინება. -როგორ გეკადრებათ. -აბა, მითხარი, რა არის რომანტიზმი? არ დავაყოვნე.ვუთხარი, სად წარმოიშვა რომანტიზმი, როგორ წარმოიშვა, რა იყო საქართველოში რომანტიზმის წარმოშობის მიზეზი.ვინ იყვნენ რომანტიკოსი მწერლები... ყურადღებით მისმენდა.არ გავუჩერებივარ.ბოლოს, მე ლაპარაკს მოვრჩებოდი, ჩემი საგამოცდო გადაშალა, შიგ ჩაიხედა და თითქოს თავისთვის- ჩაილაპარაკა: -წერაში ოთხი მიგიღია, ეგ არაფერი.თუ ასე ჩააბარებ სხვა საგნებსაც, მოხვდები.მე კი მინდა, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი გახდე....რომელი სკოლა დაამთავრე? -მაჭარაულის საშუალო სკოლა. -ვინ გასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას? ვითხარი, ვინც მასწავლიდა. -აჰ, რუსულში როგორ გაქვს საქმე? -რა ვიცი, სკოლაში ხუთი მეწერა. სარჯველაძემ ჩემი ბოლო პასუხი მგონი ვეღარც გაიგონა, აბდულაძეს გადასძახა.ცოტა ხანს მობრძანდიო და ხელში კალამი აიღო.აბდულაძე ზანტად მოვიდა. -თუ თქვენ საწინააღმდეგო არ გექნებათ, ამ ყმაყვილს ხუთიანს ვუწერ. -თქვენი ნებაა, ბატონო..-სახე აუჭარხლდა აბდულაძეს, ერთი წამით შემენანა კიდეც. კომისიის თავმჯდომარემ საგამოცდოში ხუთიანი ჩამიწერა, გადმომცა და ღიმილით მითხრა, წარმატებას გისურვებო. აუდიტორიიდან გამოსულს ხალხი შემომეჯარა.ვიღაცამ ჩახლეჩილი ხმით დაიძახა: მიეხმარეთ, ხუთიანს მოათრევსო და ხალხი გააცინა.იმ ენაკვიმატისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.ამის თავი სადღა მქონდა. ცნობისმოყვარეთა ტალღა როგორც იყო, გავარღვიე და გავნაპირდი.შვებით ამოვისუნთქე, შუბლზე დამსკდარი ოფლი მოვიწმინდე და სიგარეტი ამოვიღე.დერეფნის ბოლოში თვალი მოვკარი სისაურს.ზურგით იდგა და ვიღაცა ქალიშვილს ხელებით რაღაცას ელაპარაკებოდა.შორიდანვე შევატყე ლექსს უკითხავდა, ალბათ საკუთარს.ის ქალიშვილი სახეგავადრული უსმენდა და თვალებში ხატსავით შესციცინებდა.თავზე რომ დაავდექი, სისაურმა მოიხედა. -ილო!როგორ არის საქმე? -ხუთიანი დამიწერეს. -მართლა? საგამოცდო გამომართვა, შიგ ჩაიხედა, მერე მხარზე დამადო ხელი და სიხარულით შემანჯღრია.რა გულწრფელად უხაროდა სისაურს ჩემი წარმატება. -ჰო, მართლა, -მიუბრუნდა ქალიშვილს, -იცნობდე, ჩემი მეგობარია, ახალგაზრდა პოეტი ილო ღულულაშვილი. -კარგი ერთი, ნუ იცი ხოლმე...- გავწითლდი. ქალიშვილმა ღიმილით ჩამომაღთვა ხელი.ისიც თურმე ჩვენთან აბარებდა.ეშხიანი გოგო იყო, შავგვრემანი, სათნო, განსაკუთრებით თვალები ჰქონდა კარგი.ნაწვიმარი ღამის ვარსკვლავებივით უციმციმებდა. "როდის მოსწრო ამის გაცნობა, უცნაური ბიჭია"-გავიფიქრე და სისაურს გადავხედე.გამიღიმა, თითქოს ჩემს ფიქრს მიხვდაო. -ვინ გამოგცადა? -პირდაპირ სარჯველაძემ.-ამის თქმაზე თვალწინ დამიდგა ის ჭაღარა, სათნო კაცი თავისი დაღლილი, კეთილი თვალებით და მივხვდი, რომ სიკვდილამდე ჩემი გულიდან, ჩემი მეხსიერებიდან აღარ ამოიშლებოდა. -როგორ თუ სარჯველაძემ? -ეჰ, რომ იცოდე რა ამბები დატრიალდა...-და მეგობარს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე.თვალებგაბრწყინებული, გულისყურით მისმენდა და იღიმებოდა. -ზუსტად ეგრე უთხარი, მედავითნე ხარო? -ზუსტად. სისაურმა ერთხან გაოცებით მიყურა.მერე ქალიშვილს მიუბრუნდა და ამაყად გაიღიმა:აი, ხომ ხედავ როგორი მეგობარი მყავსო. -კარგი ადამიანი ყოფილა სარჯველაძე, ყველა აქებს. სამივენი ქუჩაში გავედით.ზაფხულის მზეს ისე აეშრო, წვიმის ნაკვალევიც აღარ ეტყობოდა.სიცხისგან დაოსებული ბეღურები ჭადრებს შეხიზნოდნენ, ალბათ ფოთლებსა და ტოტებზე ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ნესტიანი სიგრილე და სიამოვნებდათ. უნივერსიტეტის წინ ტროტუარი ჭირისუფლებით იყო სავსე.სიცხით გულშეღონებულები, საკინძეგლგახსნილები მიყუდებოდნენ ჭადრებს და უნივერსიტეტის კარებისკენ მიეპყროთ მზერა. ჩვენ შორის რაღაც უხერხულობა ჩამოვარდა.თითქოს ზედმეტივით ვიყავი.ხალხს რომ შევერიეთ, დრო ვიხელთე და სისაურს ჩავჩურჩულე. -როგორ გაიცანი? -კარგი გოგოა? -რა უჭირს!-ვუპასუხე და დაწინაურებული ქალიშვილი თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე.ტანმორჩილი იყო, მაგრამ კოხტა.განსაკუთრებით ფეხები ჰქონდა ძალზე ლამაზი. მეგობარმა თავისებურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.მერე ხმამაღლა მითხრა. -წამოხვალ კინოში?"სპარტაკში" კარგი სურათი გადის ინდიელებზე. -ვერ წამოვალ, ძალიან დაღლილი ვარ.თანაც დეიდაჩემი მელოდება.აბა შენ იცი, -სისაურს ხელზე ხელი მოვუჭირე და ამ დროს, მთალდ დაბნეულმა და აწითლებულმა მობოდიშებითა და პატიების კილოთი წამჩურჩულა: -ილო, არ გეწყინოს. -ნუ სულელობ, ერთი!-მერე ქალიშვილს ხმამაღლა გადავძახე, კარგად იყავით-მეთქი.ისიც ღიმილით დამემშვიდობა. ქუჩა გადავჭერი და ვიწრო ჩიხით თავქვე დავეშვი, უკან არ მომიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი, ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ სისაური გულდაწყვეტილი, ეჭვით შეპყრობილი იდგა და თვალებით მაცილებდა, პატიებას მთხოვდა. მარტო რომ დავრჩი, მაშინღა ვიგრძენი ოციოდე წუთის წინ მოპოვებული გამარჯვების სიხარული.თვალწინ დამიდგა დეიდაჩემი, რომელიც შინ მოუთმენლად მელოდა.თვალწინ დამიდგა ჩემი სკოლა და ნინო მასწავლებელი...ნეტავ რატომ მკითხა კომისიის თავმჯდომარემ მისი გვარი? იქნებ წერილი უნდა გაუგზავნოს? და კვლავ აჟღერდა ჩემში ის უცნაური ჰანგი, ისე აჟღერდა, რომ მთელი ქუჩა, მთელი ქალაქი გააყრუა.აღარც ტრამვაის ხრიგინი მესმოდა, აღარც მანქანების გუგუნი.მარტო ის დიდებული ჰანგი რეკდა, საოცარი ფერებით განათდა მთელი სამყარო და ამ განათებულ, უცნაური სამყაროში თვალი მოვკარი გულხელდაკრეფილ დედაჩემს, სწორედ ისეთს, როგორიც იმ საღამოს იყო, როცა ქალაქში მომაცილებდა, სასოწარკვეთილი და დაძაბული. ისე მივდიოდი, მიწას ფეხს არ ვაკარებდი და ვერც ვერავის ვამჩნევდი ამ ხალხით სავსე, ხმაურიან ქუჩაში. 12 აკი თავიდანავე მოგახსენეთ, ოცნება მიყვარს-მეთქი.მართლაცდა რა სჯობია ოცნებას.მარტოდმარტო ხარ შენს თავთან, აჰყვები შენს ფიქრებს, აჰყვები და თავს ამოჰყოფ შენს სასურველ სამყაროში, სადაც ყველაფერი უცნაურად კაშკაშებს და გხიბლავს. დეიდაჩემი შინ არ დამხვდა.კედლის სამალავიდან გამოვიღე გასაღები და შევედი.ოთახში სულისშემხუთველი ბუღი იდგა. მზეზე გავარვარებული შიფერის სახურავიდან მთელი სიმხურვალე ოთახს შეეწოვა.მაშინვე ფანჯრებს ვეცი და ყუნწამდე დავაღე.ორპირმა ქარმა აბლაბუდასავით ნაქსოვი გამჭვირვალე ფარდები ააფრიალა. საშინლად დაქანცული ვიყავი.შარვალი და პერანგი გავიძრე, საგამოცდო ფურცელი მაგიდაზე დავაგდე, მივწექი დივანზე და ჩემს საყვარელ ფიქრებში ისე ლაღად და სიამით შევცურე, როგორც მაშვრალი გრილ და ლივლივა წყალში.აჰა, ესეც ქართული წერა და ზეპირი.ორი გამოცდიდან ცხრა ქულა.უკვე ორი საფეხურით ავინაცვლე იმ ტაძრის კიბეზე, ბავშვობიდანვე რომ შევნატროდი.და სწორედ ახლა, როცა უფრო დავუახლოვდი სანუკვარ მიზანს, გაცილებით უფრო შემიპყრო სასიამოვნო გრძნობამ და ოცნებასაც გამოასხა ფრთები.უკვე თვალწინ მედგა ყველა ახლობელი და ნაცნობი, რომელნიც სულ მალე გაიგებდნენ ჩემი ჩარიცხვის ამბავს, რომელთა თვალში უფრო ავმაღლდებოდი და გავდიადდებოდი.თვალწინ მედგა დედაჩემი, ჩემს ბედსა და მომავალზე სასოებით მლოცავი, ჩემი ალიწეწია, ახტაჯანა და, ჩემი სათნო და საყვარელი ნინო მასწავლებელი. ექვს აგვისტოს, ესე იგი ზეგ, რუსულ წერას ვაბარებდი.ეს იყო ერთადერთი ბარიერი, რომლის დაუძლევლობაზეც არასოდეს მიფიქრია, მაგრამ გულის კუნჭულში მაინც ბუდობდა თავზარდამცემი შიში და ეჭვი.ეს ეჭვი მე თვითონ დავმარხე და მივეცი დავიწყებას, რადგან მისი არსებობა ყველაფერს მიცამტვერებდა.აი, ახლაც, ამაზე ფიქრი უკვუაგდე და თვალებდახუჭული, ორპირი ქარით შვებამოსილი ოცნებას მივენდე: უკვე სტუდენტად წარმოვიდგინე თავი, უფრო შორს წავედი, მეცნიერების ძნელ, მაგრამ დიდებულ შარაზე გავაბიჯე.ო, რა უზენაესი ნეტარებაა, როცა სამყაროსგან მოწყვეტილ ძილბურანში ხარ და ოცნებობ.ამ დროს, დამერწმუნეთ, სული სტოვებს სხეულს და დროებით გადასახლდება ხოლმე შენს სასურველ სამყაროში.ამ დროს, თუ ტახტზე მდებარე ნივთად ქცეულ შენს სხეულს არ ჩათვლი, ოცნებასა და სინამდვილეს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშლილია.აქ უკვე მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცის, ამ უსასრულო სამყაროში რომელია ოცნება და რომელი სინამდვილე. ...როდის ჩამეძინა ან რამდენ ხანს მეძინა, ვერაფერი გავიგე.თვალები როგორც კი გავახილე, დავინახე, რომ ჩემი და, მათიკო მედგა თავზე.ღიმილით დამცქეროდა და რაღაცას მეუბნებოდა.ერთხანს ჩემი თავი შინ მეგონა.მერე, თანდათან რომ დამბივრუნდა მეხსიერება და გამოვგონდი, გავოცდი, საიდან და როგორ აჩნდა ჩემი და-მეთქი. -ადექი, შე ძილის გუდავ, ადექი!-იღიმებოდა და ხელებს შლიდა. -მათიკო! მომეხვია და გადამკოცნა. -მომილოცავ ხუთიანი, ყოჩაღ!..უუჰ როგორ გაოფლილხარ. ისე ვიყავ ძილისგან და სიცხისგან დათენთილი, ლაპარაკის თავიც არ მქონდა. -რა ქარმა გადმოგაგდო, გოგო? ის კიდევ მეუბნება: -რამდენი ხანია გიყურებ, ან ახლა გაიღვიძებს, ან ახლა მეთქი, მაგრამ ღღმად გეძინა, მერე ვეღარ მოვითმინე დ აგაგაღვიძე!-სხაპასხუპით ლაპარაკბდა, თან ხელებს იშველიებდა.ფერმკრთალი სახე ზაფხულიც მზით გარუჯოდა და ცოტა კიდეც გამხდარიყო.ალბათ დედას ეხმარებოდა ვენახის დამუშავებაში.ლამაზად შეკერილი შიფონის კაბა ეცვა, თეთრი დაკბილული საყელოიანი და ძალზე შვენოდა მის კოხტა, კაფანდარა ტანს.თმაც ლამაზად დავარცხნა.ერთი სიტყვით, შეხედვა გესიამოვნებოდა, მაგრამ რაღაცით, ზუსტად ვერ გეტყვით რით, მაინც შეიმჩნეოდა მის გარეგნობაში, მის ჩაცმულობაში, რომ ღარიბი ოჯახის შვილი იყო. -შინ რა ამბავია, გოგო, ხომ მშვიდობაა? -კი.დედაჩემს გულმა აღარ მოუთმინა დ აგამომგზავნა, ჩადი ერთი გაიგე, სი ბიჭი რასა იქსო.დღესვე უნდა გავბრუნდე უკან.როგორ გაუხარდება დედას, შენს ამბავს რომ ჩავუტან. გაიღვიძე თავადიშვილო?!-დედაჩემს ასეთი გამოთქმა უყვარდა ხოლმე.იგი დოინჯშემოყრილი დადგა შუა ოთახში და ღიმილით მოაჩერდა.-ყოჩაღ, ყოჩაღ, აბა შენ იცი, შვილო, შენ მაინც გაახარე დედაშენის გული.საწყალი ამბროსი სულ იმას ამბობდა, ამ ბიჭისგან კაცი დადგებაო.არ ვიცი, რას გატყობდა. ეს რომ თქვა დედიაჩემმა, ჩემდაუნებურად თვალი გამექცა კედელზე დაკიდებულ სურათისკენ.მეტყველი, ცოცხალი ადამაინის თვალებით მომჩერებოდა ძია ამბროსი, თითქოს ცდილობდა სულში ჩაეხედა.დეიდას თვალებზე ცრემლი მოადგა, ერთი ამოიოხრა და მერე, ხუთიოდე წამის შემდეგ, როცა მწარე მოგონების სევდამ გადაუარა, მშვიდად თქვა; -უთო არ გადმაეწვას, მივხედავ.ამაღამ შენი დეიდაშვილი სოფელში მიბრძანდება და უნდა გავამწესო. -სოფელში? -კი, ერთად მივდივართ.როგორც იყო დავითანხმე, მერე დეიდაც ჩამოვა, ხომ ჩამოხვალ დეიდა?-დეიდაჩემს მიუბრუნდა მათიკო. -რა ვიცი, შვილი, წანწალის თავი აღარა მაქვს, მაგრამ ვნახოთ. ოლია სოფელში მიდისო. თითქმის შვიდი წელია ჩვენთან აღარ ჩამოსულა.ჩავა ახლა ჩვენს მყუდორ, მოწყენილ ეზო-ყურეს აახმაურებს.დაამშვენებს.ადრე, როცა ის სოფელში ჩამოდიოდა, მთელი გოგო-ბიჭობა მის ირგვლივ იყრიდა თავს.მიყრუებულ, შრომით დაქანცულ სოფელს გამოაცოცხლებდა ხოლმე, კარნავლებს მართავდა და მეზობელ სოფლიდანაც კი მოდიოდა ახალგაზრდობა.მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, იმათ მარაქაში ვერ ვერეოდი, მაგრამ ოლიას ჩამოსვლა მაინც უზომოდ მიხაროდა. წამოვდექი.ცივი წყლით გავგრილდი და ტანთ გადავიცვი მათიკო სულ კუდში დამდევდა, ხან სოფლის ამბებს მიყვებოდა, ხანაც აქაურს მეკითხებოდა.საშველი არ დამაყენა, ვიდრე დაწვრილებით არ მაამბობინა ჩემი გამოცდების ამბავი. -მაშ, ნინო მასწავლებლის გვარი გკითხა კომისიის თავმჯდომარემ?როგორ გაუხარდება ნინო მასწავლებელს, ამ ამბავს რომ გაიგებს.გუშინ შემხვდა და მკითხა, ილოსი ხომ არაფერი გაგიგიათო. ღამის თერთმეტ საათზე ოლია და მათიკო ვაგზალზე გავაცილე.თელავის მატარებელში დავაბინავე და დავემშვიდობე.აბა შენ იციო, მითხრა დამშვიდობებისას ოლიამ და გადამკოცნა.მის რბილ, ნაზ თმას გამაბრუებელი სუნამოს სუნი ასდიოდა. ვიდრე ვაგონიდან ჩამოვიდოდი, მათიკო წამომეწია. -ილო კინაღამ დამავიწყდა, ეს დედამ გამომატანა და დამაბარა არ იშიმშილოო, დეიდაშენს ძაან ნუ შეაწუხებო.-ჯიბეში ფული ჩამიდო და სწრაფად გაბრუნდა უკან, მერე შეჩერდა, ერთი კიდევ გამიღიმა და პატარა გარუჯული ხელი დამიქნია.მე ვიგრძენი მის თვალებიდან რაოდენი სიყვარული და მზრუნველობა გამოსჭვიოდა. თორმეტი საათი ხდებოდა.ისეთი სასიამოვნო, გრილი ღამე იყო, შინ დაბრუნება დამეზარა და ვიფიქრე, ერთ ხანს ბაქანზე ვისეირნებ-მეთქი. ლამპიონებით გაჩახჩახეული ვაგზალი ხალხით იყო სავსე.თითქოს მთელი ქალაქი აყრილა და სადგურს მოსწყდომიაო.ლიანდაგებზე კი გართხმულიყვნენ სხვადასხვა მხარეს მიმავალი მატარებლები და ყოველი მათგანი თავის მგზავრს ელოდა.სადგური ცოცხლობდა და ბობოქრობდა. ყოველ ადამიანს თან დაჰყოლია თავისებური უცნაურობა. ამ ქვეყნად ზოგს რა იტაცებს, ზოგს-რა. პირადად მე ბავშვობიდანვე სამი რამ მხიბლავდა: გაზაფხული, მუსიკა და მატარებლები.გაზაფხულზე, როცა ტყე გაიფოთლებოდა, როცა იასამნები აყვავდებოდა, როცა დედამიწა ნაზად მორთულ სურნელოვან ქალწულს დაემსგავსებოდა, მაშინ ვიგრძნობდი ხოლმე სიცოცხლის მძაფრ სურვილს, მაშინ გამახსენდებოდა, რომ ტიალი სიკვდილიც არსებობდა.მუსიკა კი, აი თუნდაც ძველი ქართული სიმღერები, ძვალრბილიანად მშლიდა და ყველა ძარღვი მითრთოდა.რაც შეეხება მატარებლებს, უცნაურ გრძნობას აღმიძრავდნენ, როცა მყუდროებით სავსე ღამეში მატარებელის თანაბარ შორეულ ხმაურს გავიგონებდი, ჟრუანტელი მივლიდა.მე არ ძალმიძდა, ზუსტად გავრკვეულიყავი და გამეგო, რაში იყო არსი ჩემს სულში აღძრული მღელვარებისა.მეჩვენებოდა, რომ ეს იყო თრთოლვა იმ ძარღვისა, მთელ ქვეყნიერებასთან რომ მაკავშირებდა.საით მიდიან ის მგზავრები, რომელი ცის ქვეშ, ან რა ფიქრები მიაქვთ, რა სიხარული და რა მწუხარება.და უეცრად თვალწინ დამიდგებოდა ლიანდაგებით დაფარული ვეება დედამიწა, რომელზეც გრუხუნით მიემართებიან ზუსტად გამწესებული მატარებლები.ისინი არსად არ ჩერდებიან თუ არ განაწესში მითითებულ სადგურებზე.მიდიან მატარებლები და მიჰყავთ სხვადასხვა ხელობის ადამიანები, იმ ადამიანებს თან მიაქვთ სიხარული და დარდი.ისინი ივლიან დღეც და ღამეც, გადაუვლიან ბევრ მდინარეს, მწვანედ აჯეჯილებულ მინდვრებს, გვერდზე ჩაუქროლებენ აყვავებულ იასამნებსა და ცაცხვებს და ვაგონებიც ხან ამ იასამნისა და ცაცხვის ყვავილის სურნელს აიტაცებენ, ხან ჯეჯილში გაბნეული ველური ქინძის სუნს. ახლა მგზავრები ისვენებენ, სძინავთ.მარტო მემანქანეები ფხიზლობენ.პროჟექტორით განათებულ გზას დაძაბული თვალებით გაჰყურებენ და სიბნელეს ჰკვეთენ. როგორ მეხარბებოდა იმათი ბედი.როგორ მინდოდა, ამ წუთს მეც იმ მატარებლის მგზავრი ვყოფილიყავი, ან მემანქანე, მევლო ქვეყნის კიდემდე, მენახა სხვა ცა, სხვა მიწა, უცხო მდინარეები და ზღვები, ვრცელი ტრამალები. აი, ახლაც მარტოდმარტო ვდგავარ დიდ ვაგზალში და თვალს ვადევნებ ზღვა ხალხს.აგერ, პირველ ლიანდაგზე ჩამომდგარი მატარებელი მგზავრებით გაივსო.გამცილებლებმა დატოვეს ვაგონები, გამყოლებმა კიბეები დახურეს და კარებში დადგნენ.მატარებელი ნელა იძვრის, თავისი გრძელი ტანით მიიზლაზნება და თანდათან ინთქმება სიბნელეში.ცივად მოელვარე ორი ლიანდაგი ხელებგაწვდილი რჩება იმ ადგილას, სადაც მატარებელი იდგა.მოდის მეეზოვე და თავისი გრძელი ცოცხით ფხოჭნის ბაქანს.ვაგზალზე მყუდროება დგება, კანტიკუნტადღა დადიან ადამიანები.მატარებელი მთლად იყვინთება სიბნელეში და წერტილად მოჩანს მისი წითელი სინათლე. გულდაწყვეტილმა გავაყოლე თვალი და გავიფიქრე. "თუ ცხოვრებაში ხელი მომეცარა, რომელმე მატარებელს შევეკედლები და სხვადასხვა მხარეს ვივლი". სადგური იცლებოდა.აქაური ბობოქარი ცხოვრება ნელ-ნელა კვდებოდა, ხოლო ქუჩები მთლად გაუკაცრიელებულიყო.ქალაქი ძილს მისცემოდა.მაღაზიების წინ მარტო ღამის დარაჯები გადი-გამოდიოდნენ, ახლურჩუნებდნენ. ნელ-ნელა გავყევი დეიდაჩემის სახლისკენ მიმავალ ქუჩას და უცებ წარმოვიდგინე, ხვალ დილას ოლია და მათიკო დედაჩემს როგორც გაახარებდნენ, როგორ გავარდებოდა ხმა, ილომ ხუთიანი მიიღო.ამის გაფიქრებამ უცებ მომწყვიტა ქუჩას და ჩემს საოცნებო სამყაროში გადამტყორცნა.ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ისევ აჟღერდა ჩემს სულში ის ნაცნობი ჰანგი.ახლა ერთი სული მქონდა, შინამდე დროზე მიმეღწია, დავწოლილიყავი და ჩემს ტკბილ ოცნებაში გადავშვებულიყავი.უკვე ვგრძნობდი, რომ ლამაზი ოცნების ტაძარში ვსახლობდი, ეს ტაძარი მე თვითონ შევქმენი, თვითონ აღვაშენე.ეს ტაძარი ყველაზე ლამაზი იყო იმათ შორის, რაც კი დედამიწაზე ტაძრები არსებობენ.მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ სამი დღის შემდეგ ეს სასოებით ნაგები ტაძარი თავზე ჩამომემხობოდა. 13 ეს მოხდა შვიდ აგვისტოს, როცა რუსული წერის ნიშნები გამოგვიცხადეს. -რუსულ წერაში ჩაჭრილი ხართ, აი თქვენი ნაწერი! ყურები ჯერ დამიგუბდა, მერე სისხლის შხუილი ვიგრძენი.წითლად აჭრელებულ ნაწერს უაზროდ დავჩერებოდი და ვგრძნობდი, რომ სამყაროს ვეთიშებოდი. ბავშვობაში ჩემი თვალით მინახავს, ქარიშხალს როგორ გადმოუპირქვავებია რცხილის ჯაგზე შესკუპული ბეჯითად და მოთმინებით ნაგები ჩიტის ბუდე.ჯერ კიდევ დაუბუმბლავ ბარტყს მიწაზე ზღართანი მოუდენია და მხოლოდ წამით გაუღვიძია, რათა იმავე წამს საუკუნოდ დაეძინა. ახლა, როცა უკვე პირისპირ ვიდექი ყოვლად დამაქცეველი სინამდვილის წინაშე, სწორედ ამ ბარტყს ვგავდი.ქარიშხალმა იმ ბუდესავით წამოამხო ჩემი საოცნებო ტაძარი და იმ ბარტყივით ძირს დაეხეთქა. იმ წუთს ყველაფრისაგან, რაც კი ადამიანს გააჩნია, გაძარცვული ვიყავი, ფორმაღა ვიყავი, ჭურჭელი ვიყავი, რომელშიც დაწრეტილი სული ბოგინობდა. -სამწუხაროა, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორი ნამუშევარი გაქვთ, ამაში ნიშანს ვერ დაგიწერდით.გაისად რუსულში მოემზადეთ და ჩააბარეთ.თქვენ შეგიძლიათ..უკვე ბუნდოვნად მესმოდა გამომცდელის თანაგრძნობით ნათქვამი სიტყვები.ალბათ სასოწარკვეთილება შემატყო და გული მოულხვა. ინსტიქტით ჩამოვიარე უნივერსიტეტის კიბე, გამოვედი გზაზე და ქუჩაში აღმოვჩნდი.ახლაც ვერ ვიხსენებ, ეს მანძილი როგორ გამოვიარე, ან ვინ შემხვდა გზაში.მარტო ის მახსოვს, სისაური რომ სევდიანი, სასოწარკვეთილი თვალებით მომჩერებოდა. ქუჩაში მზე აცხუნებდა, სახეზე ოფლი მეყარა, მაგრამ სიცხის შეგრძნებაც დაკარგული მქონდა.ბუნდად წარმომიდგა დედაჩემი სახე, დეიდაჩემის, ნინო მასწავლებლის და სხვა ნაცნობი სახეები. როცა ტროლეიბუსში ვჯდებოდი, თვალი მოვკარი, რომ უნივერსიტეტის კორპუსი შეირხა, თითქოს სადაცაა უნდა წამოიქცესო. ვიღაცამ მაჯაზე ხელი წამავლო. -ცუდად ხომ არ ხარ, შვილო?-მეკითხებოდა კონდუქტორი და თვალებში ეჭვით ჩამცქეროდა, -მოდი, დაჯექი, თავის სკამი შემომთავაზა. უცებ გამოვგონდი, თითქოს მძიმე დარტყმამ გადამიარა. -გმადლობთ, არა მიჭირს რა. მერე ფული ამოვიღე და გავუწოდე. "როგორ გავამხილო ჩავიჭერი-მეთქი/" აი, ეს იყო პირველი აზრი, გაყინულ გონებაში რომ დამებადა.არავინ ელოდა, არავის წარმოედგინა, თუ მე ჩავიჭრებოდი და ალბათ ამიტომაც, ახლა სირცხვილის გრძნობა უფრო მაწუხებდა.ამჟამად ახალი საზრუნავი და საფიქრალი გამოჩნდა, -როგორ დამეფარა სირცხვილი.ამ საზრუნავმა თავს დატეხილი უბედურება ცოტა გამიფანტა და შემიმსუბუქა.. "რა ვუთხრა ნაცნობებს?" და მივაგენი გამოსავალს, სიცოცხლეში პირველად მოვიგონე ტყუილი, ჩემი აზრით, დიდებული და სარწმუნო. 'რუსულ წერაში სამიანი დამიწერეს, გაბრაზებულმა საგამოცდო დავხიე და აუდიტორიიდან გამოვედი". "უჰ, ეგ რა გიქნია, შვილო, -შეცბუნდება დეიდა, ეგებ მიხვიდე, ბოდიში მოუხადო და დაგიშვან გამოცდაზე?" "სულ ერთია, სამიანი მაინც ორიანს უდრის, აღარაფერი ეშველება." "ოჰ, ეგ უღმერთოები, აი ეგრეა, ვისაც პატრონი არა ჰყავს, იბრიყვებენ". და ჩემი მოგონილი ტყუილი ფრთებს შეისხამს, ქვეყანას მოედება.ილოსთვის უსამართლოდ დაუწერიათ რუსულში სამიანი, საგამოცდო თავზე გადაუხევია გამომცდელისთვის და აუდიტორია დაუტოვებია.დედაჩემი იტყვის, უცნაური ჯილაგის ხალხია, მაგისი მამაც ეგეთი ჯიუტი და ამაყი იყოო.რა რომანტიკულად აჟღერდა ეს ტყუილი, როგორ ავღზევდებოდი ნაცნობების თვალში. მორჩა ყველაფერი რიგზეა.აი, ერთადერთი გამოსავალი, რითაც შეიძლება სირცხვილი ჩამოვირეცხო.ამ გამოგონებამ ცოტა შვება მომცა. ტროლეიბუსი ელბაქიძის დაღმართზე მიაკანტუნებდა თავს.ვიღაცამ მაჯაზე მომიჭირა ხელი, მივიხიდე.კონდუქტორი უხმოდ მომჩერებოდა თვალებში, რაღაცას მანიშნებდა, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი, გამოლენჩებულივით ვიყურებოდი, რა მოხდა-მეთქი დ აიმავე წუთას საკუთარ მარჯვენა ჯიბეში სხვისი ხელი შევიგრძენი.გამახსენდა დედაჩემი გამოგზავნილი ოცი მანეთი კიდევ მქონდა შავი დღისათვის გადანახული.ჯიბეზე ვიტაცე ხელი და ვიგრძენი, რა ცივად გასხლტა ვიღაცის თითები.ფული ჯიბეში პირამდე იყო ამოჩოჩებული.სისხლი ამივარდა თავში და მთელ ტანში ჭიანჭველები აფუტფუტდნენ.გაავებულმა მივიხედე.ჩემს უკან თეთრ პერანგში გამოწკეპილი შავტუხა ბიჭი იდგა, ასე ოცდახუთიოდე წლისა.თხელი ტუჩები მაგრად მოეკუმა და ალმაცერად მიმზერდა. -ჩაეთრიე ახლავე!-კბილები გავაღრჭიალე. -მოკეტე, შე ხიხოვ!-დ ცალი ხელი ჯიბეში ღრმად ჩაიყო. ეგებ სხვა დროს ყურადღებაც არ მიმექცია, ან შიშს დავეთრგუნე, მაგრამ ახლა ამ წამხდარ გუნებაზე, როცა დასაკარგი თითქმის აღარაფერი მქონდა, უკან რა დამახევინებდა, თავისთავად დამეკუმშა სხეული და ყველაფერი უცენ დასრულდა.ზუსტად ერთი წამის შემდეგ მგზავრების ყაყანიღა მესმოდა და ვხედავდი ოთხად მოკეცილ შავტუხას როგორ მიათრევდნენ ტროტუარისკენ.გონებაში მერე აღვიდგინე, რაც მოხდა, მარჯვენა ხელის გული ნიკაპში ვკარი, ხოლო მუცელში ისე მარჯვედ და მძლავრად მივაზილე წიხლი, ადგილზე ჩაიკეცა. -წადი, შენ წადი, მაგას მოუვლიან!-დაუძახა ვიღაცამ ტროლეიბუსის მძღოლს და მერე ჩემს გასაგონად თქვა, -იხაროს შენმა მარჯვენამ, აგრე უნდა. ტროლეიბუსი დაიძრა.ფანჯრიდან დავინახე, იმ შავტუხასთან ორი მილიციელი რომ მივიდა.კონდუქტორმა ფანჯრიდან თავი გადაჰყო და მილიციელებს ხელით რაღაც ანიშნა, მერე ხმამაღლა თქვა. -იქ დაუმატებენ მაგას!..რომ განიშნებდი, ვერა ხვდებოდი?-მე შემომხედა. მხრები ავიჩეჩე, ვერა-მეთქი.ვგძნობდი მგზავრები როგორ მომჩერებოდნენ ღიმილით და მოწიწებით. -როგორ გაბედე, ჰა, ყოჩაღ შენ, არ შეგეშინდა?-ვიღაც მგზავრს ბილეთი მოუხია კონდუქტორმა და ღიმილით დამაქქერდა.რაღაც მშობლიური, დედობრივი გამოკრთოდა მის იერსა და გამოხედვაში. ისევ მხრები ავიჩეჩე, აბა რა უნდა მეპასუხა.მაგრამ ახლა, როცა ჩავუკვირდი ჩემს საქციელს, თვალწინ დამიგდა სიფრიფანა, ბასრი სამართებელი.წარმოვიდგინე როგორ გადამისერავდა თვალებს და შიშით გამზრზნა. -მოდი დაჯექი, -თავისუფალ სკამზე მიმითითა კონდუქტორმა. მოწყვეტით დავეშვი რბილ სკამზე და ჩემს ფიქრს დავუბრუნდი. "მაშ ასე, რუსულში სამიანი უსამართლოდ დამიწერეს და საგამოცდო თავზე დავახიე გამომცდელს...-თვალებზე რომ გადაესვა სამართებელი იმ ბიჭს?გადამისვამდა კიდეც, მაგრამ აღარ ვაცალე..რა მიმიყვანს ახლა შინ, ნეტავ სადმე შორს გადამკარგა, ფული რომ მქონდეს, გავმემგზავრებოდი სადმე, გავექცეოდი ამ სირცხვილსა და ტანჯვას". -ბოლო გაჩერებაა, შვილო!-კონდუქტორმა გვერდზე ჩამიარა და ამჯერად ეჭვით თუ თანაგრძნობით დამაცქერდა.მივიხედ მოვიხედე.მგზავრებისგან დაცლილი ტროლეიბუსი უკვე დინამოსთან ჩამომდგარიყო.წელმოწყვეტილივით ჩამოვედი მანქანიდან.სტადიონის წინ, სვეტზე დაკიდებული მრგვალი საათის ისრები დატყუპებულიყვნენ.სიცხე უფრო და უფრო მატულობდა.პატარა მოედანი გადავჭერი და მეორე მხარეს გაჩერებასთან დავდექი.უაზროდ მივჩერებოდი გამვლელ-გამოვლელს.ის ბედნიერნი არხეინად და ლაღად მისეირნობდნენ, ყველას თავის მიზანი ჰქონდა, ყველა თავის საქმეზე მიდიოდა.ერთადერთი მე ვიყავი ამ ხალხში მიტოვებული ნავი, მდინარე რომ თავის ნებაზე აბურთავებს.სულ ერთი იყო, ახლა ჩემთვის, სად წავიდოდი, სად ვიქნებოდი, აღარაფრის ხალისი აღარ გამაჩნდა.ჭადრის ჩრდილში, ტროლეიბუსის გაჩერებასთან ტკბილ წყალს ჰყიდდნენ და როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ წყურვილი მკლავდა.ორი ჭიქა ზედიზედ დავლიე, და მერე სიგარეტი ვიყიდე და ცეცხლს რომ ვუკიდებდი, მარჯვენა ხელის სადრეკში ტეხვა დამიწყო.ალბათ იმ შავტუხას ნიკაპზე მეღრძო. როგორ არ მეწადა ახლა შინ მისვლა.ჩემი მშფოთვარე სული, ბოღმით გასიებული ჩემი გული და სხეული ოთახში ვერ დაეტეოდა, მით უმეტეს დეიდა შინ არ მეგულებოდა. "იქნებ ცოტა ხნით ბაღში დავჯდე"-გავიფიქრე, როცა დინამოს მიპირდაპირე მხარეს ჩავუარე და მივხვდი, რომ თავს დატეხილი მეხი ჯერ მთლიანად არ მქონდა შეცნობილი, ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი, ეტყობა თავდაცვის ინსტიქტი არ აძლევს ნებას ერთბაშად გაერკვეს თავსდატეხილ უბედურებაში, ვიდრე მისი სხეული და სული არ გამოიწრთობა და წინააღმდეგობის უნარს არ შეიძენს. ბაღი ახალი მორწყული იყო.გრილოდა.კანტიკუნტად გაფანტულიყვნენ ხანდაზმული ადამიანები, ისინი დილიდანვე მოდიან აქ, სიცხეს აფარებენ თავს და წარსულზე მოგონებით გულს იოხებენ. თითქმის ყველა სკამი დაკავებული იყო.ორი-სამი ადამიანი ყველგან იჯდა.ერთგან ვეება ჭადრის ჩრდილოვანში, კენტად ჩამომჯდარიყო ხანდაზმული, გამხდარი კაცი.თავი გაზეთში ჩაერგო.ფერკმრთალი, გამხდარი პირისახე ჰქონდა, ცალი ყბა ოდნავ ჩამოვარდნოდა.როცა მივუახლოვდი, თავი აიღო და ისე დამაკვირდა, თითქოს სულში უნდა ჩაგიძვრესო. -უკაცრავად, შეიძლება დავჯდე? -დაბრძანდი, ეს სკამი საზოგადოა-და როცა გაიღიმა, სიკეთის თუ სიბრძნის სხივით გაუბრწყინდა ბებრული თვალები. გრილი სიო სასიამოვნოდ მესალბუნებოდა სახეზე, მაგრამ როგორც კი მუხლი ჩავკრიფე, მყისვე ვიგრძენ, რომ ერთ ადგილას მაინც არ გამიჩერდებოდა გული. "აბა შენ იცი, შვილო!"-უცებ ყურში დარეკა დედაჩემის ნათქვამმა და თვალწინ დამიდგა იგი. დედაჩემი... მთელი ცხოვრება ისე გაატარა, სიმწრის მეტი არაფერი უნახავს.ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მამაჩემი ომში რომ გაიწვიეს და კისლოვოდსკიდან ავიყარენით.დედის ანაბარა დავრჩით მე და ჩემი და.დედა დღისით კოლმეურნეობის კანტორაში აღმრიცხველად მუშაობდა, ღამე შარფებს ქსოვდა.კვირაობით თელავის ბაზარზე ჰყიდდა და ასე, თუ ისე, ლუკმაპურის ფულს შოულობდა.რიგირიგობით, ხან ერთ, ხან მეორე მეზობელთან შეიყრებოდნენ ქალები და ზამთრის გრძელ ღამეებს რთვასა და ქსოვაში ათევდნენ.კვირით კვირობამდე ხუთიოდე ცალს მოქსოვდნენ და კვირა დღეს გროშებად ჰყიდდნენ.ერთხელ დედაჩემმა ბაზარზე მეც წამიყვანა.სუსხიანი ნიავი თოვლს ალმაცერად ჰყრიდა მიწაზე.ზურგზე შარფებშემოხვეული, სიცივისგან აძაგძაგებული, დედაჩემი გვერდით ვიყავი ატუზული და გულში ვნატრობდი, თუნდაც იაფად, ოღონდ კი გაეყიდა შარფები, რომ შინ დროზე დავბრუნებულიყავი.ის დღე ჩემი მეხსიერებიდან არ ამოიშლება, არც ის სქელი, ენაბლუკუნა კაცი.იმის მზაკვრული თვალები ახლაც წინ მიდგას.ორჯერ ჩაგვიარა, ორჯერ დააფასებინა დედაჩემს შარფი, თან მგელივით უყურებდა.მერე ეგრე უთხრა, ასეთი ანგელოზი ამ ყინვაში ვინ გამოგიშვაო.მე რომ შენი ქმარი ვიყო, შინიდან ფეხს არ გადმოგადგმევინებდიო.ცეცხლი დავკვესე თვალებიდან, გული ყელში მომებჯინა.დედაჩემი აწითლდა და იმ ავყიას ზურგი აქცია, თან ცალი თვალით მე გადმომხედა. ოო, მაშინ როგორ ვინატრე, მნეტავ დიდი ვიყო, რომ იმ გაბერილს ჭკუა ვასწავლო-მეთქი. "რუსულ წერაში ჩაჭრილი ხართ, აი თქვენი ნაწერი!" ნუთუ ამ სიტყვებით დასრულდა ყველაფერი, დაინგრა ჩემი ოცნების ტაძარი? უნებურად დამცდა ოხვრა და თვალები დავხუჭე, რომ მოწოლილი ცრემლისთვის გზა გადამეკეტა. გამხდარი კაცი შეტოკდა, გაზეთის კითხვას თავი მაინება, თვალებმოჭუტული კარგა ხანს მიყურებდა, გაზეთი გვერდზე გადადო მითხრა. -რა გაწუხებს, ყმაწვილო, ხომ არაფერი შეგემთხვა? გაკვირვებით შეავათვალიერე, სამოცდახუთი წლის იქნებოდა, უბრალოდ ეცვა. თეთრი, ოდნავ გადაღეღილი პერანგის საყელოდან გაჭაღარავებული ბალანი მოუჩანდა. -ისეთი არაფერი, ძიავ. და უცებ სურვილმა მომიარა, ამ კაცისთვის გული გადამეშალა.თქვენც ხომ გამოგიცდიათ, როცა საკუთარ ვარამს ვინმეს გაუზიარებთ, თითქოს გულზე მოგეშვება, ბოღმისგან დაიცლები და შვებას იგრძნობ. ერთხანს თანაგრძნობით მაკვირდებოდა და მერე თითქმის ჩურჩულით მითხრა: -რა საგანში ჩაიჭერი? გაოცებისგან კინაღამ შევხტი.ვინ იყო ეს გულთამხილავი. -თქვენ რ აიცით, რომ ჩავიჭერი? -ჰმ!-ჩაიქირქილა, მერე ჩაფიქრდა და მითხრა-გეტყობა ძალიან დარდობ.ეგრე არ შეიძლება, ახალგაზრდა კაცი ხარ, გული დაგიბეჩავდება, შენ ჯერ ჩიტივით გული გაქვს. თანაგრძნობით ნათქვამი მისი სიტყვები სულს მალამოდ მოეცხო და გადავწყვიტე, აღარაფერი დამემალა. -ეხ ძიავმსხვისი ჭირი, ღობის ჩხირიო, თქვენ რომ იყოთ ჩემ ადგილას... -რაო? ნეტავ მართლა შენ ადგილას ვიყო, ყმაწვილო და ოხვრით დაატანა-უცნაურები ხართ ახლანდელი ახალგაზრდები.რა იყო, ქვეყანა დაიქცა? -თქვენთვის არ დაქცეულა, მაგრამ იგი შეტოკდა და უფრო ახლოს მოჩოჩდა. -აბა ერთი მითხარი, ყმაწვილო, შენთვის რაღატომ დაიქცა. -რატომ და, ყველაფერი წყალში ჩამეყარა.თავს მოვიკლავდი, დედა რომ არ მენანებოდეს! -უყურე ამას!-ბრაზით და თითქოს თანაგრძნობით თქვა-ღმერთო კი მომკალი, ეს რა მესმის, -მუხლზე დაირტყა ხელი, -ეგრე ვინ დაგიმახინჯა სული ამ მშვენიერ ყმაწვილს.ვინ შთაგაგონა, რომ უმაღლესის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, ვაი ჩვენი ბრალი, როგორ ვზრდით ბავშვებს....შენ ახლა ისე გგონია, თუ უმაღლესში არ შეხვედი კაცი ვერ გამოხვალ და ქვეყანას სარგებლობას ვერ მოუტან, ვაი ჩვენს დღეს, -მერე გაშეშდა, თითქოს რაღაც მოაგონდაო, დამაკვირდა და დინჯად მითხრა: -აბა ერთი მითხარი, ყმაწვილო, რისთვის შედიხარ უმაღლესში. -რისთვის და სწავლა მინდა. -ჰმ, სწავლა უნდა! ისედაც დაბოღმილ გულზე რაღა მასხრად აგდება მინდოდა.სიბრაზისგან ავენთე. -იცით რა გითხრათ, ძიავ, მასხრად ნუ მიგდებთ. ამის თქმაზე სახე შეეცვალა, თვალბმოჭუტული მიყურებდა, დაქანბულ შუბლზე ნაოჭები გასჩენოდა.მერე უცებ შეტოკდა და ხელი მუხლზე ფრთხილად დამადო. -ნუ გეწყინება, ყმაწვილო, -მშვიდი ხმით მითხრა, შენ იქნებ მართლა სწავლა გინდა, მაგრამ უმეტესობა დღეს, იცი, რატომ შედის უმაღლესში? პატივმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და დიპლომი, რომ ცხოვრება სხვაზე უკეთესად მოიწყონ.დღევანდელ ახალგაზრდებს ისე გგონიათ, თითქოს ცხოვრება აუცილებლად ინსტიტუტიდან უნდა დაიწყოთ.საშუალო სკოლიდან პირდაპირ იქ შეყოფენ ცხვირს, ხუთი წლის განმავლობაში დაყიალობენ თბილისის ქუჩებში, ეჩვევიან ფუქსავატურ, ნებიერ ცხოვრებას, ხვეწნითა და მუდარით, პროტექციითა და ჯახირით გადადიან კურსიდან კურსზე, მერე ჩაიდებენ დიპლომს, მიადგებიან პოლიკლინიკებს, მეურნეობებს, სამშენებლო სამმართველოებს, ქარხნებს, რაიკომებს, მე ნასწავლი კაცი ვარ და თანამდებობა მიბოძეთო, თან გაიყინჩებიან, საკუთარი თავის იქით ვეღარავის ხედავენ.მერწმუნე ასეთი ვაიინტელიგენტები და ვაინასწავლები ქვეყანას დაღუპავენ..მე რომ უფლება მომცენ იცი რას ვიზამდი?ბავშვობიდანვე მივაჩვევდი ადამიანს შრომასა და კაცურ ცხოვრებას.ბავშვობიდანვე ჩავუნერგავდი თანამოძმის სიყვარულს, სამართლიანობას, ადამიანის მოსარჩლებას, სიმართლის თქმას, პირდაპირობას... აბა, რა უნდა ელაპარაკო იმ ინტელიგენტს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ცრუობს, ორპირობს, მლიქვნელობს, ადამიანს გულგრილად ეპყრობა, ქრთამს იღებს, ვაი, ვაი ჩვენი ბრალი!-ისევ მუხლზე დაირტყა ხელი, -მერწმუნე, ყმაწვილო, ორი დიდი ბოროტება არსებობს ამ ქვეყნაზე: ერთი, უვიცი რომ გამდიდრდება და მეორე, უვიცი რომ თანამდებობაზე დაჯდება..სიმდიდრისთვის და თანამდებობისთვის ყველა როდია მზად.ღარიბი ოჯახის შვილი ჩანხარ, განა არ გეტყობა, ჰოდა, ნუ იდარდებ, რომ უმაღლესში ვერ მოხვდი.აბა გაიხედე, ს ქვეყანა რამოდენაა, გზებითა და ბილიკებით არის დასერილი.თუ შენ ჭეშმარიტი ნიჭი გაქვს, ის მაინც სადმე გაჟონავს და სასახელო კაცად გაქცევს, რა პროფესიასაც არ უნდა მოკიდო ხელი, შრომა, შრომა აკეთილშობილებს ადამიანის სულს.იცოდე ცუდი და კარგი პროფესია არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ცუდი და კარგი ადამიანები, ან ცუდი და კარგი სპეციალისტები.ამ ქვეყანას ვინ უფრო ძალაინ სჭირდება დღეს, ვინ უფრო დიდ სარგებელს მოუტანს, მწყემსი თუ ლექტორი, ეგ კაცმა არ იცის.არც ის იცის კაცმა, იმ მწყემს უფრო ძალიან უყვარს თავის ქვეყანა, თავის მოძმე, თუ რომელიმე მოინტელიგენტოს.ნეტავ ახლა შენი ტოლი ვიყო, მე ვიცოდი, როგორ დავიწყებდი ცხოვრებას!-აი, აბა შეხედე, -და მან გვერდზე დაწყობილი გაზეთებიდან ერთ-ერთი აიღო, -რამდენი სასწავლებელი აცხადებს მიღებას, -სასოფლო ტექნიკუმი, სააღმშენებლო..აგერ, ჰა.რკინიგზის პროფტექნიკური სასწავლებელი აცხადებს მიღებას.კვება და ბინა სახელმწიფოსია.განა ცუდი პროფესიაა რკინიგზელობა?მომავალი წინა გაქვს, ყმაწვილო.გამოწრთობი, ჩაწვდები ცხოვრების ავსა და კარგს და თუ სწავლის გაგრძელებას კიდევ მოგთხოვს გული, წინ რა დაგიდგება.დამიჯერე, ყმაწვილო, დარდი ფარ-ხმალს დაგაკარგინებს და დაგაბეჩავებს ან ცუდ გზაზე დაგაყენებს.დაიმახსოვრე დღევანდელი დღე, მე ბევრჯერ გამიხსენებ.თუ რამე გაგიჭირდეს, მოდი როგორც შვილი მამასთან, საგურამოს ქუჩაზე ვცხოვრობ, ათ ნომერში.კარგად იყავი, შენდობილები ვიყოთ ერთმანეთთან. მკვირცხლად წამოდგა, გაზეთები ჩაბღუჯა და სწრაფი ნაბიჯით გაუდგა გზას.ცალი ფეხით კოჭლობდა. -ძიავ ერთი წუთით! შეჩერდა, ჯანსაღ ფეხს დაეყდრო და გადმომხედა. -რა იყო ყმაწვილო? -გვარი და სახელი მითხარით, ვინიცობაა...როგორ მოგაგნოთ/ -არ გინდა, -მტკივან ფეხზე დაიხედა-ასეთი-ასეთი კაცი თქო და ყველა მიხვდება. და ისევ კოჭლობით გაუდგა გზას, თვალს მიეფარა. "განა ცუდი პროფესიაა რკინიგზელობა?"გამახსენდა ამ კაცის ნათქვამი და თვალწინ დამიდგა ლიანდაგებით დასერილი დიდი სადგური, თვალწინ დამიდგა მყუდრო ღამეში გრუხუნით მიმავალი მატარებელი, რომლის ხმაზედაც ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე ტანში. გაოგნებული ვიჯექი, ვინ იყო ეს უცნაური კაცი, გამოცხადება თუ სინამდვილე?მოჩვენებასავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და გაქრა. და მაშინ აზრადაც არ მომსვლია, თუ ბედი ისევ შემყრიდა იმ მოხუცთან. 14 ეჰ, რა ადვილად გაცამტვერდება ხოლმე ჭაბუკური ოცნებები.სიყმაწვილეში ყველა დიდებით გაცოსკროვნებულ მწვერვალზე ოცნებობს, იმედიანად ილტვის იქითკენ, მაგრამ მწვერვალზე მხოლოდ ერთეულებისთვის არის ადგილი და ისინიც ღვთის ნებით თუ ავლენ იქ. ვაი შენს დედა, ილო ღულულაშვილო, რას იფიქრებდი, თუ შენი ბედის ჩარხი სხვაგვარად შებრუნდებოდა, სხვანაირად დატრიალდებოდა.მაგრამ ადამიანი, ეტყობა, ყველაფერს იოლად ეგუება.დრო დიდებულად კურნავს ყველა იარას. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. დეიდაჩემი შინ დამხვდა.ის-ის იყო ოთახიდან დასარეცხი ჭურჭელი გამოჰქონდა და კიბეზე ამავალს როგორც კი თვალი მკიდა, გაშეშდა.ფერფური წაუვიდა.ალბათ სახეზე ყოველივე აშკარად შემატყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია, პირი ამარიდა, წელში მოიკუზა და სამზარეულოში შევიდა. "სამიანი დამიწერეს, გაბრაზებულმა საგამოცდო დავხიე და წამოვედი"-კიდევ გავიმეორე, რაც უნდა მეპასუხა დეიდაჩემისთვის და მივხვდი, ჩემსავე მოგონილ ტყუილს თანდათან როგორ ვიჯერებდი.თანდათან ემგვანებოდა იგი სიმართლეს.ეს ტყუილი დიდი შვება იყო ჩემთვის, იმასღა შეეძლო ჩემი განწირული თავმოყვარეობის გადარჩენა. დეიდაჩემი შემოვიდა.დოინჯშემოყრილი დადგა, დამაშტერდა და მეუბნება: -რა ჰქენი ბიჭო? არაფერი-მეთქი, ჩავიბუტბუტე. დეიდაჩემს ხელები ჩამოუვარდა და სკამზე დაეშა. -ჩაიჭერი? -სამიანი დამიწერეს;საგამოცდო დავხიე და წამოვედი. -უი მომიკვდეს თავი, -ლოყაზე იტკიცა ხელი, -ეგ რა გიქნია შვილო.მერედა.ახლა როგორ იქნება? -არც როგორ, ყველაფერი მორჩა.სამიანი მაინც არაფერს მიშველიდა. დეიდაჩემი დამაშტერდა, მიყურა, მიყურა და მერე თავის ჭკუით ვითომ გამოსავალი იპოვა. -იქნებ მიხვიდე, შვილო, და ბოდიში მოუხადო.ან რექტორთან შედი, აუხსენი შენი მდგომარეობა, თავი შეაცოდე.როგორ მამაშენი ამათ არ შეეწირა? იმ დროს დეიდაჩემს კი არა, მეც მეჯერა, რომ ვინმეს მართლა შეაცოდო თავი, ხატოვანი გულამაჩუყებელი სიტყვებით აღწერ შენო ოჯახის ისტორიას, შენს დიდ განცდებს და მორჩა.ცრემლად დაიღვრება იმისი წამკითხველი.რა გულუბრყვილო ვიყავი.გვიან მივხვდი, რომ ეს ყვაელაფერი წყლის ნაყვა იყო.თურმე ასეთ ნაჯღაბნს არც კითხულობენ.ოი, შე საცოდავო ანგელოზო, რომელი ციდან ჩამოფრინდი დედამიწაზე.შენმა ცეცხლმა შენ თვითონ უნდა დაგწვას და დაგხრუკოს. დეიდაჩემმა ერთ ხანს კიდევ მიყურა, მერე ამოიოხრა და წამოდგა. -ოხ, ეგ უღმერთოები.ეგრეა, კაცო, მე არ ვიცი?! თუ პატრონი არა გყავს, არაფერი გამოვა.გეშიება არა?მოდი, ისადილე, დარდით რას უშველი.-ერთხელ კიდევ ამოიოხრა და სამზარეულოში გავიდა.იქიდან გამომძახა, მათიკოს წერილი მოვიდა და მანდ კარადაზე დევსო. მათიკოს წერილიო? ამის გაგონებაზე ისევ ვიგრძენი ყურებში სისხლის შხივილი, კვლავ თვალწინ დამიდგნენ დედაჩემი და ჩემი და.რა იციან ახლა მათ, რომ ჩემი მისია დღეს უკვე დასრულდა. "გამარჯობა ილო, -მწერდა მათიკო-ჩვენ კარგად ვიმგზავრეთ.დედაჩემმა ძალზე გაიხარა, შენი ამბავი რომ ჩამოვუტანე.მთელ სოფელს გაუგია, ილომ ხუთიანი მიიღო.დღეს თქვენი კლასელები შემხვდნენ.ლენა ბიწკინაშვილი და სიდონიშვილი.ეგრე მითხრეს მედლის ღირსი ილო იყო და სხვას კი მისცესო.აბა შენ იცი.დედაჩემი დიდ მოკითხვას გითვლის.შენი წარმატება ძალიან უხარია, მაგრამ არ იმჩნევს, ოლიამაც მოგიკითხა, შენზე ძალიან დარდობს, განსაკუთრებით რუსული წერის ეშინია, ისეა გახარებული აქ ჩამოსვლით, რომ ენით ვერ აღწერ.ჰო, მართლა დათუკიშვილი თელავში აბარებდა, ისტორიაში ჩაიჭრა.კონსტანტინიძე საარტილერიო სკოლაში ჩაურიცხავთ.გიგაშვილი სასოფლოზე აბარებდა და ჩაჭრილა.სხვების არაფერი ვიცი. დიდი სიყვარულით მომიკითხე დეიდა.უთხარი ჩამოვიდეს.აქედან მოკითხვას გითვლიან მეზობლები. გწერს შენი და მათიკო ღულულაშვილი.1954 წ.5 აგვისტო. "განსაკუთრებით რუსული წერისა ეშინია ოლიას...დათუკიშვილი ისტორიაში ჩაიჭრა..ისტორიის მეტი არაფერი იცოდა, როგორ ჩაიჭრა? კონსტანტინიძე მამის კვალს გაჰყოლია, იმის მამაც არტილერისტი იყო.მეც შევიდოდი საარტილერიო სკოლაში, მაგრამ მათემატიკა არ მესმის.კონსტანტინიძემ ზედმიწევნით იცოდა მათემატიკა.." -რა მოგივიდა ბიჭო? დეიდაჩემი წამომდგომოდა თავზე.მაშინღა ვიგრძენი, რომ ცრემლი ჩამომდიოდა. -აბა, ჰე გაიხეთქე გული, იმეცადინე და მომავალ წელს ჩააბარებ.მიდი ახლა, ხელები დაიბანე და ისადილე, -გამიწყრა დეიდა. დეიდაჩემის ნათქვამმა ბაღში შეხვედრილი ის უცნაური კაცი გამახსენა, როგორ მეუბნებოდა, ნუ იდარდებ, უმაღლესში რომ მოხვდიო.აბა გაიხედე ეს ქვეყანა რამოდენაა, სულ გზებითა და ბილიკებით არის დასერილი, თუ შენ ჭეშმარიტი ნიჭი გაქვს, ის მაინც სადღაც გაჟონავსო. -დეიდ, დღევანდელი გაზეთები მოვიდა? -გაზეთები?-გაოცდა დეიდაჩემი-რა გაზეთები გინდა? -"კომუნისტი". -კი.აგერ ტახტზეა ყველა გაზეთი, არის რამე საინტერესო? -არა, ისე. "კომუნისტი" მეოთხე გვერდზე გადავაბრუნე და წავიკითხე. "თბილისის №34 რკინიგზის პროფტექნიკური სასწავლებელი აცხადებს მიღებას 1954-1955 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე: ელმავლის მემანქანე, ელმავლის მემანქანის თანაშემწეები, ელმავლის შემკეთებელი ზეინკლები.სპეციალობაზე მიიღებიან ქალაქისა და სოფლის ახალგაზრდები არასრული საშუალო და სრული საშუალო სკოლის განათლებით და იქნებიან მთლიანად სახელმწიფო კმაყოფაზე.სამჯერადი კვება, ჩაცმა დახურვა და სხვა სახის საყოფაცხოვრებო მომსახურება.საშუალო განათლების მქონეთაგან სასწავლების წარჩინებით დამთავრებულებს უფლება ენიჭებათ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებელში.სასწავლებელში მყოფი მოსწავლე სარგებლობს ზაფხულის და ზამთრის არდადაგებით, ამავე დროს რკინიგზის შეღავათიანი ბილეთებით. მსურველებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ..და შემდეგ ჩამოთვლილი იყო რა საბუთები უნდა წარედგინათ სწავლის მსურველებს. დეიდაჩემისთვის არაფერი მითქვამს, გაზეთი დავკეცე, თავისავე ადგილზე დავდე და საათს შევხედე.ხუთი ხდებოდა. დღეს ვეღარ მოვასწრებდი, თორემ წავიდოდი საბჭოს ქუჩაზე, რკინიგზის პროფტექნიკურ სასწავლებელში და ყველაფერს დაწვრილებით გავიგებდი.რა მენაღვლებოდა, ისე მაინც ავხედ-დავხედავდი საქმეს.ეგეც არ იყოს, დაბოღმილ გულს ცოტათი გავიქარვებდი, მაგრამ ახლა რაღას მოავსწრებდი. ორიოდე ლუკმა უგერგილოდ გავღეჭე და ეგ იყო.ჭამის თავი სადღა მქონდა, სულიან-ხორციანად დაქანცული ვიყავი.ახლა ჩემთვის ცოტა შვება ისღა იქნებოდა, დავწოლილიყავი, დამეხუჭა თალი დ ამეფიქრა იმაზე, რაც მოხდა.მეფიქრა წარსულსა თუ მომავალზე. შებინდდა თუა არა, დეიდაჩემს ვუთხარი, ლოგინი გამიშალე-მეთქი და დავწექი.დავწექი და დამაცხრა ფიქრი.უნივერსიტეტი დამიდგა თვალწინ.ის ხანდაზმული დარბაისელი ლექტორი, რომელმაც მითხრა რუსულ წერაში ჩაჭრილი ხარო.გამახსენდა სისაურის თვალები, რა თანაგრძნობით და სიბრალულით მომჩერებოდა, მე კი ისე გამოვედი აუდიტორიიდან, იმისკენ ერთხელაც არ გამიხედავს.ნეტავ სისაურმა რუსულ წერაში რა ნიშანი მიიღო?მოეწყობა თუ ვერ მოეწყობა? ის დღე გამახსენდა, როცა მე და ანზორ სისაურმა სამუდამოდ ძმობა აღვუთქვით ერთმანეთს მივხვდი, რომ ამის აღსრულება იოლი არ იყო.თითქოს იმწუთსავე, როცა ორიანი გამომიცხადეს, გაჩნდა ჩვენს შორის უფსკრული და გაგვთიშა.მე გამოღმა დავრჩი, ის გაღმა.ნეტავ საით წავა ჩვენი ცხოვრების გზები?კიდევ შეიყრებიან თუ სამუდამოდ დასცილდებიან ერთმანეთს?რადა ხდება ასე რადა?გადაეყრები ადამიანს, შეიყვარებ და მერე, არ ვიცი რათა, ცხოვრება ნელ-ნელა გაგაცილებს მას.ათასში ერთხელ წამით თუ გაგახსენდება, უცხო ცდომილივით გამობჟუნტდება მეხსიერებაში და ჩაქრება.უეცრად მატარებელმა შეჰკივლა, მოძალებული ფიქრი გამიფანტა და მთელი ჩემი გულისყური თავისკენ მიიტაცა.ლიანდაგები, მძიმე ვაგონების ქვეშ ძაგძაგებდნენ.გამახსენდა, რომ ხვალ რკინიგზის სასწავლებელში უნდა მივსულიყავი და ყველაფერი დაწვრილებით გამეგო. "მართლა რომ შევიდე იქ, ნეტავ დედაჩემი რა გუნებაზე დადგება? რას იზამს. ავდგები და შევალ, რაც უნდა ქნას, ერთ წელიწადში მეელმავლე ვიქნები, თავსაც შევინახავ და ოჯახსაც დავეხმარები.როგორ მითხრა იმ უცნაურმა კაცმა? გაიხედე, ეს ქვეყანა რამოდენააო, სულ გზებით და ბილიკებით არის დასერილი, რა პროფესიასაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, თუ ნიჭი გაქვს, ის სადმე მაინც გაჟონავს და სასახელო კაცად გაქცევსო.ავდგები და შევალ, ვისაც რა უნდა, ისა თქვას, დამცინონ და გამჭორონ.ბოლოს გამოჩნდება, ბოლოს." და ჩემისთანა მეოცნებეს მეტიც არ უნდოდა, ეგრევე ავალაჯე ელმავლის კაბინაში და მატარებელი გავუყენე შორეულ გზას.იმ გზის პირას სულ აყვავებული ხეებია ჩარიგებული, შორს მოჩანს მწვანე სინათლე, ხოლო უფრო შორს, დიდი, ჩემთვის უცხო ქალაქი, რომელზედაც მატარებელი უნდა გავატარო. ...უცებ ცნობილი მემანქანე ვარ.შორიდანვე ვამჩნევ თუ რა ხიფათია წინ და ბეწვის ხიდზე შეგდებულ მგზავრების სიცოცხლეს მოსალოდნელ საფრთხეს ვაცილებ. ...საკამოდ დიდ ხელფასს ვიღებ, დედასთვის და ჩემი დისთვის საჩუქრებს ვყიდულობ, ოჯახი უკაცობას აღარ გრძნობს, თან ვმუშაონ და თან ვსწავლობ, მემანქანეც პირველი ვარ და სტუდენტიც. მინდოდა როგორმე გავსხლტომოდი ამ სულელურ ფიქრებს და ძილისთვის მიმეცა თავი, მაგრამ ის ოხერი, ეტყობოდა, მსიამოვნებდა და ამაოდ ვბორგავდი, ვერას დიდებით ვერ ვაღწევდი თავს, ფიქრმა დამქანცა, ისე მეჩვენებოდა, თითქოს ყორანი იქნევდა ფრთას, იმ ფრთაზე ვიჯექი და ხან მაღლა მახტუნებდა, ხან დაბლა დამიშვებდა. სულიან -ხორციანად დაქანცულს როდის ჩამეძინა, ვერაფერი გავიგე. -გაიღვიძე, შვილო? შენ რა გითხარი, წუხელ ლამის გული გადამიტრიალე. დოინჯი შემოეყარა დეიდაჩემს და თავზე ისე დამდგომოდა. შემაღლებული, გავარვარებული ზაფხულის მზე, ფანჯარას მოსდგომოდა და თავისი საქმე უკვე მოესწრო.მთელი ოთახი სელისშემხუთავი სიცხით აევსო. -როგორ თუ გული გადაგიტრიალე?-გაკვირვებით ვკითხე დეიდაჩემს. -რა გესიზმრა წუხელ ამისთანა, ვიღაცას ხმამაღლა ედავებოდი. -მე? -დიახ შენ.ადექი ახლა, ვისაუზმოთ, უკვე თერთმეტი საათია, -დეიდაჩემი სამზარეულოსკენ წავიდა. "რა დამესიზმრა წუხელ?"-გავიფიქრე, როცა მარტო დავრჩი და თითქოს ცა გაიხსნაო, ისე ერთბაშად გამახსენდა წუხანდელი სიზმარი.ჯერ ის ბიჭი დამესიზმრა, ტროლეიბუსში ჯიბიდან ფულს რომ მაცლიდა, მერე..მერე ვითომ იმ ორმა მილიციელმა მეც მტაცა ხელი, წამიყვანეს და ერთ ვეება, შუაზე გატიხრულ ოთახში შემაგდეს.იმ ოთახში სულ შმორის სუნი ტრიალებს და სუნთქვა მიჭირს.ჩემ წინ ულვაშიანი მილიციელი ზის და მეკითხება, ქალაქში რისთვის ჩამოხვედიო.მეც ვეუბნები რისთვისაც ჩამოვედი, მაგრამ არ მიჯერებს, მიჰქარავ, შე მამაძაღლო, საჯიბგიროდა ხარ აქ ჩამოსულიო.ვეფიცები და მაინც არ მიჯერებს.მერე იმ მილიციელმა ცარცის ნატეხი აიღო და შავ დაფაზე ვეება ხუთიანი დაწერა.ვითომ იმ ხულიგნობისთვის, რაც შენ ჩაიდინე ხუთი წელი გეკუთვნისო.არა ვტყუივარ-მეთქი, ქვითინით ვემუდარებოდი, ის ბიჭი ფულს მაცლიდა და იმიტომ დავარტყი-მეთქი.კარგი, ეგრე იყოსო, ამ ერთხელ გაპატიებო, ოღონდ თუ კვლავ დაგიჭერთ ციხე არ აგცდებათო, მითხრა მილიციელმა და თან მეორე ოთახში გავიდა.ამ დროს კი ისევ ჯიბეში მიყოფენ ვითომ ხელს.მივიხედე და რას ვხედავ, ის შავტუხა ბიჭი მიდგას გვერდით და ხელში ჩემი ფული უჭირავს.მერე ის ბიჭი უცებ მილიციელად იქცა.დგას და ხარხარებს, ისე ხარხარებს, ლამის ჭერი ჩამოაქციოს... რა უცნაურია სიზმარი. რამ დამასიზმრა ახლა ასეთი სისულელე.იქნებ სისულელე არც იყო და ის მილიციელები მართლა მეძებდნენ? დეიდაჩემისთვის არაფერი მითქვამს, უხმოდ ავდექი, პირი დავიბანე და ტანსაცმელი გადავიცვი.სუფრა უკვე გაწყობილი იყო. საუზმის შემდეგ დეიდაჩემს ვაუწყე, ცოტა ხნით ქალაქში გავალ და მალე დავბრუნდები-მეთქი. -მაინც სად მიდიხარ ამ სიცხეში, არ გეზარება? -ერთი ამხანაგი უნდა ვნახო, საქმე მაქვს. არაფერი უთქვამს.ამხედ-დამხედა და კიბემდე ეჭვიანი თვალით მიმაცილა.დღეს, საუზმეზედაც და ამ წუთშიც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დეიდაჩემის სახლში უკვე ზედმეტი, მოსაბეზრებელი სტუმარი ვიყავი."თბილისში საქმე აღარაფერი დაგრჩენია.შინ როდის წახვალ?"მეჩვენებოდა, რომ დეიდაჩემი გუნებაში ასე ფიქრობდა. სადგურისკენ მიმავალ მყუდრო და ვიწრო ქუჩას დავადექი.მივდიოდი თავჩაქინდრული და ვფიქრობდი: "სად მივდივარ?, რომ მივდივარ, ნუთუ მართლა გადავწყვიტე, პროფტექნიკურ სასწავლებელში შევიდე?..ამას რომ ჩემი ნაცნობები გაიგებენ რას იტყვიან?..თუმცა მივალ, რა მენაღვლება, ვნახავ მაინც რა სასწავლებელია" სული მეხუთებოდა.ცხელი ჭავლი ალმურივით მივლიდა სხეულში. რკინიგზის ვაგზალზე ისე აღმოვჩნდი, ვერც კი გავიგე.როგორც ლიანდაგებისა და სადგურის ნაცნობი სუნი ვიგრძენი, ოი ღმერთო, უცებ ბარტყივით შემიტოკდა გული.თითქოს დაზიანებული ბუდიდან სხვა ბუდეში გადაინაცვლა და იქ საიმედოდ მოკალათდაო.და მაშინ მივხვდი, რომ ჩემ წინაშე ლამაზი და თითქოს მახლობელი სამყარო იშლებოდა, როცა ჩემი საოცნებო ტაძრის ნანგრევებზე, ახალი ოცნების ტაძარი შენდებოდა. თერთმეტ ნომერ ტრამვაიში ჩავჯექი და ნაძალადევისკენ გავუტიე.ხალხი ბევრი არ იყო.ამ სიცხის გულზე რომელი ჭკვათამყოფელი გამოვიდოდა უსაქმოდ. ტრამვაი გულისგამაწყალებლად მიდიოდა.თან ისე ღრჭიალებდა და ჯაყჯაყებდა, საიქიოში მიცვალებულსაც კი დაუფრთხობდა მყუდროებას. "ნეტავ როგორ მგზავრობენ ამ ბითური ტრანსპორტით, ან ვატმანს რა გული უთმენს, ეგრე რომ მიაზოზინებს"-გავიფიქრე და კონდუქტორს გადავხედე.ზვინივით კაცი იყო, დათვს მოერეოდა და ტრამვაის ბილეთებს კი ჰყიდდა.მშვიდი იერი ჰქონდა.ალბათ არც ტრამვაის ზოზინი ადარდებდა, არც უღვთო სიცხე, ნივედი და ვკითხე, რკინიგზის პროფტექნიკური სასწავლებელი სად არის -მეთქი.ტუჩები მაგრად მოკუმა და თვალები მოჭუტა, როგორც ჩანდა, გაჩერებას ითვლიდა. მესამე გაჩერებაზე ჩახვალო, ჩახ;ეჩილი ხმით მითხრა. მადლობა გადავუხადე და ისევ ჩემს ადგილას დავჯექი, ფიქრს მივეცი თავი. მათიკოს წერილი დამიდგა თვალწინ და გულში გლოვის ზარი აგუგუნდა."მთელს სოფელს გაუგია შენი ხუთიანის ამბავი, აბა შენ იცი".. ჰმ, მთელი სოფელი მალე იმასაც გაიგებს, რუსულ წერაში როგორ ვითაფე..თუმცა მე ხომ არ ჩავჭრილვარ, სამიანი დამიწერეს და საგამოცდო დავხიე, ვინ არის მოწმე, ნეტავ მაცოდინა დეიდაჩემს ეჭვი ხომ არ ეპარება ჩემს ნათქვამში.იქნებ არც სჯერა და განგებ თავს იბრიყვებს?! -ჩვენი ძმა, აი ეგ არის რკინიგზის სასწავლებელი-ზვინივით კონდუქტორმა ხელით მანიშნა ერთ მოზრდილ შენობაზე.ვაგონიდან ჩამოვხტი და ქუჩა გადავჭერი.ჩემ წინ აღმართულიყო რკინის მესერით შემოღობილი ორსართულიანი სახლი.ღია ჭიშკართან შევჩერდი და იქაურობა -მივათვალ-მოვათვალიერე, ეზოს სიღრმეში ვიღაც ბიჭებმა გაიარეს და თვალს მიეფარნენ, სხვა არავინ გამოჩენილა. "გამარჯობათ საბჭოთა ახალგაზრდებო"იქვე დარჭობილ აბრაზე რუსულ-ქართულად ეწერა ეს სიტყვები, ხოლო შენობის შესასვლელ კარის თავზე დაკიდებული ლოზუნგი იუწყებოდა:სასწავლებელდამთავრებულნო, გისურვებთ წარმატებას თქვენს დამოუკიდებელ შრომაშიო.ლოზუნგის ქვეშ ერთი მოზრდილი ნახატი ეკიდა.ჩამავალი ცხელი მზის შუქზე კაშკაშებდა რომელიღაც ბაქანი, ვინ იცის, რომელი, ბაქანზე ელმავალი ჩამომდგარიყო და იქვე ხელებდაკაპიწებული ორი კაცი, რა თქმა უნდა რკინიგზელები, ერთმანეთში საქმიანად საუბრობდნენ. შორს მოჩანდა მეორე ელმავალი.იგი თვალს ეფარებოდა(თავის გზაზე მიდიოდა), უფრო შორს კი-თვალუწვდენელი სივრცე. ეს ორი ელმავალი, მაღალი რკინის ბოძებზე გაბმული ელექტროხაზები და ორი მოსაუბრე ადამიანი ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნიდა, თითქოსდა მართლაცდა რომელიმე ჩემთვის უცხო ბაქანს მივჩერებოდი და არა ნახატს.ამ სურათის დანახვამ გული შემიტოკა.ნეტავ, სად, რომელ კუთხეშია ის ბაქანი, ან ასეთი მეწამული ცა და ასეთი შეღამება სად იცის? კარგი ნახატი იყო და თვალი ძლივს მოვწყვიტე. შენობის კარი შევაღე და შევედი.ისეთი სასიამოვნო სიგრილე იყო, შვება ვიგრძენი. მეორე სართულზე ვიღაცა გულდახრუკული მთელი ეშხით მღეროდა:"ჩემი გული, შენი გულიი, ჯაჭვით არის გადამბულიი".. მერე ღიღინი შეწყვიტა და: -ბიჭოია-, დაიძახა-დაგეძინა, შე უპატრონოვ?! მოიტა გაჯი! ალბათ მლესავები მუშაობდნენ. მოკლე, ფართოსაფეხურიან კიბეს ავყევი და მეორე სართულზე ავედი.დიდი დარბაზის კედლები სურათებით იყო სავსე, ვის სურათს არ ნახავდით იქ:ილია თუ შოთა, აკაკი თუ პუშკინი:მწერლები და მეცნიერები, გმირები და პედაგოგები, ყველა სახელოვანი ადამიანისთვის აქ მოეყარათ თავი.კიბის პირდაპირ, ისე რომ თვალში მოგხვედროდათ, დიდი ასოებით ეწერა:"ვინც თავის ნაშრომს არა სჭამს, ის სხვას ქურდავს"ამ წარწერის გვერდით ილიას სურათთან, ერთ სტროფიანი ლექსი მოეყვანათ: "დედავ ისმინე ქართლის ვედრება, ისე აღზრდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუდგეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათებული". ეს ლექსი მეშვიდე თუ მერვე კლასში გვასწავლეს, მაგრამ ასე არ ჩავკვირვებივარ, მაშინ ვერ მივხვდი, რამოდენა აზრი იყო შიგ ჩადებული.ახლა გავუგე მადლი და მარილი. დერეფნის ბოლოში რომელიღაც კარი ყუნწამდე ღია იყო და მეც სწორედ იქითკენ ავიღე გეზი, ვიწრო და გრძელ კაბინეტში შუახნის თმაშეთხელებული კაცი იჯდა და გაზეთებს ათვალიერებდა.კარზე მოზრდილი ასოებით ეწერა "დირექტორი" "იქნებ დირექტორთან არც არის შესვლა საჭირო?"-გავიფიქრე და ის იყო უკან გამობრუნება დავაპირე, რომ ამ დროს მან თავი მაღლა აიღო და თავისი ზორბა აღნაგობისათვის შეუფერებელი ხმით მითხრა, მობრძანდითო. მოწიწებით შევედი.ოთახში ორპირი ნიავი უქიქინებდა და ნამდვილი სამოთხე იყო. -ბოდიში, მე მინდოდა გამეგო.. იგი წამოდგა, გამარჯობა შენიო, ხელი ჩამომართვა და სკამზე მანიშნა დაჯექიო.მრგვალი თვალები ღიმილისგან უციმციმებდა.ნეტავ კარგ გუნებაზე იყო და იმიტომ იქცეოდა ასე თუ საერთოდ ასეთი ხასიათი ჰქონდა? -გისმენ, ჩემო ბატონო. -საბუთები მინდა შემოვიტანო თქვენთან. -სასიამოვნოა, რა ხელობა გნებავთ? -ელმავლის მემანქანეობა. მოკლე სახელოიანი პერანგი ლამის მხრებზე ასკდებოდა.სულ დაკუნთული, მაგრამ ნაზი სახე ჰქონდა.თავით-ფეხამდე ჩამათვალიერა, თან მკრთალი ძლივს შესამჩნევი ღიმილი არ შორდებოდა.ვერ მივხვდი, ეს ღიმილი კეთილი კაცობის ღიმილი იყო, თუ დამცინავი კაცის ფარი და მახვილი. -ჯარში ნამყოფი ხომ ხარ? შინაურივით და თანატოლივით მელაპარაკებოდა და თან იმ ღიმილს არ იშორებდა. -ჯარში ჯერ არ წავსულვარ. -მართლა?-გაოცდა-რომელი წლიანი ხარ? -ოცდათექვსმეტიანი. -ბიჭოს, მე უფრო დიდი მეგონე.ალბათ ულვაშმა მომატყუა. სხვებსაც ასე ჰგონიათ ხოლმე. ის კაცი მართალი იყო.ულვაში ადრე დამეძრა და შეიძლება ამიტომ, ყველას დიდი ვეგონე, ვიდრე ვიყავი. -ჰოო..მაშ, ეგ საქმე...შენი სახელი? ილო-მეთქი, ვუპასუხე. -აი, რა ილო, მემანქანის სპეციალობაზე მხოლოდ ჯარმომვლილებს ვიღებთ, სერიოზულ, უკვე დადინჯებულ ახალგაზრდებს.თქვენ საშუალო გაქვთ დამთავრებული ხომ? -დიახ. -მემანქანის თანაშემწის სპეციალობაზე მიგიღებთ თუ გნებავთ. გუნება წამიხდა.ჯერ საერთოდ აქ შესვლაზე ვჭოჭმანობდი და ახლა მემანქანეობაზეც უარს მეუბნებიან.გული დამწყდა.ასეა, რაზედაც უარს გეუბნებიან, ის უფრო ფასდება და გულიც მეტად მიგიწევს. -ისე სულ ერთია-მითხრა მან, სახეზე ჭმუნვა რომ შემატყო.-დიდი მნიშვნელობა კი არა აქვს.თუ იყოჩაღებ სამ თვეში მემანქანედ გადაგიყვანენ.ეგ შენზეა დამოკიდებული.ზოგი ელმავლის მემანქანეობას ამთავრებს და თანაშემწედ მუშაობს, ზოგი პირიქით.ისე საგნები ერთნაირი ისწავლება.ეგ ნუ გაფიქრებს. -რა ვიცი, რაკი ეგრეა...-მხრები ავიჩეჩე. -ხომ იცი, რა საბუთებია საჭირო? -დიაც, გაზეთში ამოვიკითხე, ხვალვე მოვიტან საბუთებს. -როდის დაამთავრე საშუალო? -წელს. -არსად აბარებდი? ერთი წუთით შევჭომანდი და ბოლოს ვუთხარი, არა-მეთქი.რა ღვთის წყრომა იყო ჩემს თავს, ორიოდე კვირაა რაც თბილისში ვარ ჩამოვედი და უკვე მეორე ტყუილი დავახეთქე.იგი ეჭვით მიყურებდა, მე თვალები მოვარიდე და სირცხვილის ოფლმა დამასხა, ველოდი, რას მეტყოდა, მაგრამ ამ დროს ჩემს იღბლად ვიღაცა ჩამოდგა კარებში და დირექტორმა იქითკენ გაიხედა. -მობრძანდი, შალვა. ტანთხელი, დაბალ-დაბალი კაცი შემოვიდა.ხელში ორი ვეება წიგნი ეჭირა. -გაიცანი, ეს ყმაწვილი შენი მომავალი მოსწავლეა. კეთილიო, იმ ახალგაზრდა კაცმა ხელი ჩამომართვა და გამიღიმა.ოდნავ ელამი, მაგრამ ჭკვიანი თვალები ჰქონდა.მერე რექტორს მიუბრუნდა, ერთი წიგნი მაგიდაზე დაუდო და ღიმილით დასძინა, როგორც იქნა გამოვიდაო.ყდაზე დიდი ასოებით ეწერა ელექტრომავალი. -მომილოცავს, ჩემო შალვა, დირექტორს თვალები გაუბრწყინდა.-მაშ ქართულად გვაქვს სახელმძღვანელო, ჰა? სამნი ხართ ავტორები? ამის გაგონებაზე ყურები ვცქვიტე.როგორც საუბრიდან ჩანდა, ეს ახალგაზდა კაცი ამ სქელი წიგნის ერთ-ერთი ავტორი იყო.იგი ყურადღებითა და მოწიწებით შევათვალიერე. -კარგია, კარგი, მე და ჩემმა ღმერთმა!-ამბობდა დირექტორი და წიგნს ფურცლავდა.ყურადღებით ათვალიერებდა.მერე მე მომიბრუნდა-აი, ეს იქნება თქვენი სახელმძღვანელო, ერთ-ერთი ავტორი შალვა გახლავთ. წიგნის რომელიღაც გვერდზე თვალი მოვკარი ორ ელმავალს.ერთს ქვეშ ეწერა:21 სერიის ელმავალი.ხოლო მეორეს 23 სერიის ელმავალი.თითქმის ყველა გვერდზე ელმავლის ელმავლის ნაწილები და სქემები იყო დახაზული. მე უკვე ზედმეტად ვიგრძენი თავი. -კარგად ბრძანდებოდეთ.ხვალ მოვიტან საბუთებს. დირექტორმა გადმომხედა და ღიმილით დამემშვიდობა, კარგად იყავიო. ფრთებშესხმული გამოვედი კაბინეტიდან.რატომ ვიყავი ესოდენ კმაყოფილი დ აგახარებული? იმიტომ ხომ არა, რომ იქ ასე თბილად და ადამიანურად მომეპყრნენ? ჭიშკარში რომ გამოვედი, კვლავ დავაკვირდი იმ სურათს, ელმავალი რომ იყო ზედ გამოსახული.რა ახლობელი და ნაცნობი იყო ახლა ის ჩემთვის. მზე ცის თავანზე ასულიყო და ქალაქი სიცხით გაეთანგა. ფეხით გავყევი ფართო ქუჩას და ახლა აღარც სიცხეს ვგრძნობდი, აღარც ვინმეს ვამჩნევდი ჩემს ირგვლივ.თვალწინ მხოლოდ ახალი, ჩემთვის უცხო სამყარო შედგა და იქითკენ მივილტვოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბარტყი ვიყავი ბუდიდან ახალი აფრენილი, სამუდამოდ ეთხოვება დედას და თავისი სარჩო თვითონ უნდა იშოვოს.და იმ წამს რაღაც ძალა ვიგრძენი, მეჩვენებოდა, რომ უფრო მყარად ვიდექდი დედამიწაზე. ხიდზე რომ გადავდიოდი, ვაგზალს გადავხედე.უთვალავი მატარებლები ჩამწკრივებულიყვნენ. იქ.ნარბენი, შორიგზა გამოვლილი ცხენებივით იდგნენ ისინი და ისვენებდნენ, რომ ღამით ისევ გზას გასდგომოდნენ. სადღაც აღმოსავლეთით შუქნიშანი მწვანედ ციმციმებდა და მეც იქით გამიწია გულმა. 15 პირველ სექტემბერს დილაუთენია გამეღვიძა, წყნარი დღე თენდებოდა, ბუნება ისე იყო ჩაყუჩებული, ეტყობოდა, ცხელი დღე დადგებოდა. -ოთახს თვალი მოვავლე და, როცა ქუჩიდან ტრამვაის შორეული ღრჭიალი გავიგონე, მაშინვე მოვედი აზრზე, სადაც ვიმყოფებოდი.თავი ოდნავ მიბრუოდა, მაგრამ მაინც მხნედ და მხიარულ გუნებაზე გახლდით. საცვლებისამარა გადაშოტილიყო საწოლზე გიორგი მაისაია და ხვრინავდა.ეტყობოდა, როგორც დაწვა ეგრევე ჩაეძინა, მხარიც არ უცვლია. გუშინ საერთო საცხოვრებლის კომენდატმა ამ ოთახში რომ გამომამწესა, მითხრა, იქ ერთი კარგი ბიჭი დაგხვდება, ისიც დღეს ჩამოვიდაო.კეთილი-მეთქი, გავუღიმე კომენდატს და ჩემი ოთახისკენ გავეშურე, ოღონდ აღარ მიკითხავს, საიდან იცოდა ამისი კარგი ბიჭობა.კარი შევაღე და ვხედავ, საწოლზე ოდნავ ქაჩალი, პირხმელი ბიჭი წევს, ჩემზე ორი სამი წლით უფროსი თუ იქნება. ჩემს დანახვაზე საწოლიდან წამოდგა და უხერხულად გაიღიმა. -ბოდიში, მეგობარო, მობრძანდი. -გამარჯობა, ხომ არ შეგაწუხე? -როგორ გეკადრება!-მხიარულად გაიცინა, ოღონდ ღრმად ჩავარდნილ უაზრო თვალებში ღიმილის ნატამალიც არ გაკრთომია. -აქ გამომგაზვნეს საცხოვრებლად, -ავუხსენი. -კეთილი, მაშ, გამარჯობა შენი, ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე გიორგი მაისაია ვარ, შინაურულად ჟორას მეძახიან!-და დუნე ოფლიანი ხელი გამომიწოდა, -ბოდიში მასე რომ დაგხვდი, ახლახან ჩამოვედი მეც რაიონიდან და ცოტას დავისვენებ-მეთქი, ვიფიქრე, შენი სახელი? -ილო ღულულაშვილი-გვარიც დავუსახელე, რაკი თვითონაც გვარითა და სახელით გამეცნო. -ძალიან კარგი და პატიოსანი, ილო-ჯიბიდან პრიმის კოლოფი ამოიღო და სიგარეტს დინჯად მოუკიდა.შევამჩნიე, დაჭორფლილი ხელები ჰქონდა, ცერა თითის ფრჩხილი თამბაქოს კვამლით ჩაყვითლებოდა. მაისაიამ მადიანად გააბოლა და მკითხა: -რატომ არ მახსოვხარ გამოცდებიდან?-იგი ჩაფიქრდა, თითქოს უნდოდა გავეხსენებინე, -თუმცა საიდან, -შუბლზე შემოიკრა ხელი, -მთლად გამოვლენჩდი, მე ხომ გვიან ჩავაბარე გამოცდები. -ეგ რანაირად?-გამიკვირდა. -ადგილი იყო დარჩენილი.აქ ყველა ჩემი მეგობარია დირექტორიდან დაწყებული.თუ რამე გაგიჭირდეს, აგერ ვარ მე. -ბიჭოს!-გავიოცე, ოღონდ ვერ გეტყვით, მთლად გულწრფელი იყო თუ არა ჩემი გაოცება.გუნებაში კი გავიფიქრე, ასე მოულოდნელად ეს რა მფარველი ანგელოზი გამომიჩნდა-მეთქი. ოთახი მოვათვალიერე, ოთხი უბრალო საწოლი, ერთი პატარა მაგიდა და ოთხიც სკამი.აი მთელი აქაური ავლადიდება, ორივე ვეება ფანჯარა მთავარ ქუჩას გაჰყურებდა, სადაც ყოველ წუთას ტრამვაი მიხრიგინებდა.სისუფთავეზე არაფერი მეთქმოდა, იატაკს პრიალი გაუდიდოდა.ჩემოდანი იმ საწოლთან მივაჩოჩე, ფანჯარასთან რომ იდგა და დოინჯშემოყრილი დავაკვირდი ჩარსავგადაფარებულ რკინის საწოლს. -აქ წევს ვინმე? -ვკითხე მაისაიას. -ვინ უნდა იწვეს.თუ გინდა დირექტორს ვეტყვი, ჩვენს მეტი არავინ შემოუშვას აქ, მაგრამ რად გვინდა.დაბრძანდი გენაცვალე!-სკამი მომაწოდა და თვითონ საწოლზე ჩამოჯდა.სიმართლე გითხრათ, ასეთი ზრდილობიანი ბიჭი ჯერ არ მენახა.სადაური ხარ მეთქი, ვკითხე. -გეგეჭკორიდან ვარ მე. -მე კი კახეთიდან, ჩემო ჟორა თუ გიორგი? -შენ როგორც გაგიხარდება, სულ ერთია. -მე მაინც გიორგის დაგიძახებ.ახმეტა გაგიგონია? -როგორ არ გამოგონია კაცო. -ჰოოდა, იქიდან ვარ, სოფელ მაჭარაულიდან. -გამოიგონია, კი, მაგრამ არა ვყოფილვარ. -ეგ ძნელი საქმე არ არის, წავალთ, -დიდი მადლობა, გეგეჭკორშიდაც წავალთ, -ცოტა ხანი დაფიქრდა და მკითხა, -საშუალო წელს დაამთავრე? -კი წელს. -სად აბარებდი? და უცებ თავში დამკრა.მეპასუხა, არსად ვაბარებდი-მეთქი.აბა რა მექნა, ყელში ამომივიდა ერთი და იგივეს ლაპარაკი. -ეგ როგორ?-გაოცდა გიორგი. -ისე, არ მინდა უმაღლესი.არ შეიძლება კაცმა ისე იცხოვრო, რომ უმაღლესი არ დაამთავრო?აი, აქ მინდოდა, სადაც მოვედი. მაისაია ერთხანს გაოცებული მიყურებდა და მერე, არ ვიცი რა იფიქრა, ოღონდ ეს კია, ხმა აღარ ამოუღია.საკვირველია, ჩემმა მზემ, რად უნდა გაუკვირდეს კაცს, თუ უმაღლესში სწავლა მართლა არ გინდა და სხვანაირი ცხოვრების გზით უნდ აიარო?1 -შენ სად აბარებდი?-ვკითხე -უმაღლესში ადრე ვიყავი მე მოწყობილი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა სხვაა, შინ მოხუცი დედ-მამა მყავს, ხუთ წელს როგორ დავტოვებ.ისე, შენ მართალი ხარ, ქვეყანა ამ უმაღლესს მიეტანა და აღარცა ღირს. ესეც კარგი ისა ჩანდა, ამაზე უთქვამთ, მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო.ერთი კი ვიფიქრე, ხომ არ მამასხარავებს- მეთქი, მაგრამ საამისო ვერაფერი შევნიშნე, ეჭვი არ იყო, ისიც ჩემსავით გულს იკეთებდა. -ახლა ის მითხარი, ჩემო გიორგი, ხელ-პირი სად შეიძლება დაიბანოს კაცმა? წამოდგა და ხელით მანიშნა კარებისკენ. -აგერ, ბატონო, გახვალ თუ არა, აქვეა ყელაფერი.მერე მოდი და ვისადილოთ, თორემ არაფერი მიჭამია დღეს. დერეფანში რომ გავედი, სული მოვითქვი.მზე იქ არსაიდან უდგებოდა და შედარებით გრილოდა.საერთო ტუალეტი ჩვენი ოთახის გვერდზე იყო.სეტყვასავით ცივი წყალი მოდიოდა ონკანიდან.პერანგი გავიძრე და ცივი წყლით გემოზე გავგრილდი.ოთახში რომ დავბრუნდი, მაისაიას უკვე სუფრა გაეწყო.პატარა მაგიდა ვეღარ იტევდა ხორაგს.ისეთი სუნი მეცა მოხარშული დედლისა, გეგონებოდა, მდუღარე ქვაბიდან ეს-ეს არის ამოუღიათო, ჭყინტი ყველი, აჯიკა, ხაჭაპური, ერთი სიტყვით ყველაფერი ამოელაგებინა მაისაიას, რაც კი სოფლიდან ჩამოეტანა.ისე ბეჯითად უტრიალებდა სუფრას, ისე ფაქიზად ალაგებდა ყველაფერს, პირდაპირ შეგშურდებოდათ.გაშლილ მაგიდას რომ შევხედე, სინანულით თითზე ვიკბინე, რატომ ჩენი ჯანაანურისა არ გამოვაყოლე მეთქი.მაგრამ ერთი საშინელი ზნე მჭირს, მომკალი და ხელში ზედმეტი რამე დამაჭერინე. -აბა მობრძანდი, ილო, ღარიბი სუფრა მაქვს, მაგრამ ნუ დამძრახავ. მაისაიამ თავი გადაიკლა, ჩემოდანი არ გახსნაო, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე, შოთი პური, გუდის ყველი, კიტრი და მწვანილი მივუმატე სუფრას.მაისაია გარეთ გავიდა და იმავე წუთში ჩაციებული ხუთლიტრიანი მოწნული ბოცა შემოიტანა.ახლაღა გამახსენდა, რომ ის ბოცა, რომელიღაც ონკანის ქვეშ ცივდებოდა წეღან და ყურადღებაც არ მიმიქცევია. ერთი სიტყვით, ნელ-ნელა შევყევით და გემოზეც ვიპურმარილეთ.გული და ჯიგარი გადავუშალეთ ერთმანეთს.ოქრო ბიჭი ჩანდა მაისაია, ოღონდ ტყუილებში კი ვიჭერდი ხოლმე.ერთს მეტყოდა, ათი წუთის შემდეგ ავიწყდებოდა, რა ჰქონდა ნათქვამი და სრულიად საწინააღმდეგოს მეუბნებოდა.სიმართლე გითხრათ, ამ ამბისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.მერე რა მოხდა, თითო ნაკლი ამ ქვეყანაზე ყველასა გვაქვს.ეგეც არ იყოს მაისაია ისეთ უწყინარ ტყუილებს ამბობდა, თვითონ ხომ სიამოვნებდა და სიამოვნებდა და გულახდილად რომ მოგახსენოთ, მაინცდამაინც არც მე მწყინდა.პირიქით, კაი გუნებაზედაც კი მაყენებდა.თუ არა და, ან რა არის გასაკვირი. ადამ და ევადან მოყოლებული სულ ერთმანეთს არ ატყუებენ ადამიანები? აი, ახლა ჩემს ახლადგაცნობილ მეგობარს გულის ძილით ეძინა, მე კი ძილი აღარ მეკარებოდა.ასეთი მუდრეგი ჩვევა მაქვს, თუ ერთი გამეღვიძა, მერე ჭოტად უნდა გადავიქცე, გამიტაცებს ფიქრები თუ ოცნება, გამიტაცებს და ქვეყანას შემომატარებს.ამჟამად სოფლისკენ გამექცა ფიქრი.საიდან გუშინ გამომისტუმრა დედაჩემმა.ჩემი საყვარელი, საბრალო დედა!რა უსაყვედუროდ და უდრტვინელად იტანდა ყველა კაეშანს.გამახსენდა რანაირად შემხვდა იგი, გაწბილებული რომ მივედი სახლში.ქალაქიდან იმ ვარაუდით წავედი სოფელში, რომ, რაც შეიძლებოდა, გვიან ღამით მივსულიყავი, არ მინდოდა ვინმე მეზობელს დავენახე.აბა წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა: ჩახვალ ავტობუსიდან და ვიდრე შინამდე მიაღწევ, გზად ათი კაცი მაინც შემოგეყრება.ათივე ერთსა და იგივე უსიამოვნო კითხვას გაძლევს.აბა, რა ჰქენი, მოხვდი თუ ვერაო.ო, რა მოსაბეზრებელია.ხომ არ გგონიათ, მართლა შენი ბედი აღონებთ.არ დაიჯეროთ.ადამიანები არც ისე კეთილები არიან!თუ გაიგეს, რომ მოეწყვე, მოგილოცავენ, ყოჩაღო შეგაქებენ, გული კი ბოღმით აევსება.თუ მე არა, შენ რათაო.ან კიდევ, მე კი, მაგრამ შენ რათაო.თუ გაიგეს, რომ ვერ მოეწყვე, თავს სინანულით გადააქნევენ, გული არ გაიტეხოო, დაგამშვიდებენ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, სადღაც მაინც უხარიათ, ხელი რომ მოგეცარა.რაღა შორს წავიდეთ, აგერ არა ვარ.ალბათ ბოღმა შემჭამდა, ჩემი კლასელები რომ მოწყობილიყვნენ და მარტო მე ჩავფლავებილიყავი.ასეთები ვართ ადამიანები, ერთნაირი ზნე გვჭირს, მაგრამ ნიღაბში ვიმალებით. იმას გეუბნებოდით, იმ ვარაუდით წავედი, რომ შინ გვიან მივსულიყავი.მართლაც კარგა გვარიანად იყო შეღამებული, ავტობუსიდან რომ ჩამოვედი.საავტომობილო გზიდან ჩემს სახლამდე ასიოდე ნაბიჯი იქნება.ეს გზა ისე გავიარე, კაციშვილი არ შემხვედრია, მთელ სოფელს ეძინა.მოგეხსენებათ, ერთი ციცქნა ღამეა ზაფხულში.მინდვრიდან რომ მოხვალ დაღლილ-დაქანცული, დროზე უნდა დაწვე, თორემ თავზე დაგათენდება და კარგად მეყოლეთ.გარიჟრაჟზე ლოგინში ვიღა გაგაჩერებს, იქით მენახირე ატეხავს ყვირილს, საქონელი გამორეკეთო, აქეთ ბრიგადირი მოგადგება კარზე საყვედურით, ახლა მინდორში უნდა ვიყოთო.ბიჭი ხარ და ნუ დაიძინებ დროზე. მთვარიანი, ნათელი ღამე იყო, მაგრამ ცხელი და ჩახუთული.ის ასიოდე ნაბიჯი სწრაფად ავიარე და ჩვენი სახლის ეზოს ჭიშკარი ფრთხილად შევაღე.ეზოში შესვლისთანავე ნაცნობი სუნი მეცა.რომ მკითხოთ, ვერ გეტყვით ეს ნაცნობი სუნი რას ასდის, გვალვისგან გადამხმარ რომელიმე ბალახს თუ ხეხილს.ერთხანს შევჩერდი და სახლს ყური მივუგდე.ბაიბური არ ისმოდა.სინათლეები ყველგან ჩამქრალი იყო.მოწმენდილ ციდან მთვარე დამკაშკაშებდა.ისე ახლოს მეჩვენებოდა, მეგონა, ხელით მივწვდებოდი.კუთხეში, კედლის ძირას ლობიოს ჩეჩქი ეყარა გროვად.დედაჩემს და მათიკოს როგორც ჩანდა, უკვე აეღოთ ლობიო და კიდეც გაერჩიათ.ღამის მყუდროებას არაფერი არღვევდა, მარტო კრუალები ფხიზლობდნენ, ისე ბეჯითად კრუალებდნენ, თითქოს ქვეყანა ამათ დარჩენიათ და ეგ არისო.ო, როგორ მესიკვდილებოდა ახლა სახლში შესვლა, როგორ არ მინდოდა დედაჩემთან და მათიკოსთან შეხვედრა. კარს ფრთხილად მივაწექი და ის იყო, გავიგონე დედაჩემის შემკრთალი, ნამძინარევი ხმაც. -რომელი ხარ! მაშინვე არ გავპასუხებივარ, ცოტა შევყოვნდი და მერე ვუთხრი, მე ვარ -მეთქი. დერეფანში სინათლე აინთო და კიბეზე მსუბუქად დაეშვა დედაჩემი.კარი რომ გაიღო, სინათლე შიგ თვალებში მეცა, მაგრამ მაინც გავარჩიე მისი დაღლილი, მზისგან გარუჯული პირისახე.ო, ის სახე.ო ის თვალები, არასოდეს დამავიწყდება, რაოდენი თანაგრძობა, სიყვარული და სინანული ეხატა ზედ.რაღაც ხუთიოდე წამში ისევ შეეცვალა სახე და მივხვდი, რომ მან უკვე ყველაფერი იცოდა, ყველაფერი შემატყო, ნაზად მაკოცა და მითხრა: -როგორა ხარ, შვილო? პასუხი არ გავეცი, კიბე ავიარეთ, ისე შევედით ოთახში, აღარაფერი უკითხავს, მარტო ეს ჩაილაპარაკა: -პეპლებით ივსება ოთახი და სინათლე იმიტომ ჩავაქრე. დედამ შუქი აანთო და იმ წუთში აირივნენ წვრილი ფარვანები ნათურის ირგვლივ. -მათიკო სად არის? -აივანზე სძინავს.. ფანჯრიდან გავიხედე, მათიკოს იმ ტახტხე ეძინა, ზაფხულობით მე რომ ვწვებოდი ხოლმე.შავი, ხშირი თმა დაჰფენოდა ბალიშზე, ნათურა მკრთალად ანათებდა აივანს, მაგრამ მაინც გავარჩიე, მათიკოსაც როგორ ჩაჰკიდებოდა მზე.მინდოდა მივსულიყავი და მძინარესთვის მეკოცნა, მაგრამ გადავიფიქრე. -რა ქენი, შვილო, რაში ჩაიჭერი?-მკითხა უცებ დედაჩემმა. -რუსულ წერაში. დედას ხმა აღარ ამოუღია.გაირინდა, რაღაც ფიქრმა გაიტაცა, შორეულმა ფიქრმა და მივხვდი, რომ ახლა მის თვალწინ მამაჩემი იდგა.მერე ამოიოხრა და მითხრა. -ხომ არ დარდონ, ბიჭო, რას იზამ, რუსულია თქვენი კბილის ჭია, სხვებიც რუსულ წერაში ცაიჭრნენ. -მე არ ჩავჭრილვარ, სამიანი დამიწერს და საგამოცდო დავხიე. ერთხანს იჭვნეულად მიყურა, მიყურა და მერე მითხრა: -რა მნიშვნელობა აქვს, სამიანიც ხომ იგივე ორიანია იმ გაწამაწიაში. აი, ასეთი იყო შეხვედრა დედაჩემთან.მაგრამ იმ ღამეს არ გამიმხელია პროფტექნიკურ სასწავლებელში შევედი-მეთქი.ეს ამბავი მეორე დღე გავუმხილე და სიმართლე გითხრათ, ჩემი შიში ამაო გამოდგა, ოღონდ ეს კი მითხრა, ისე არ გააკეთო, უმაღლესი მთლად გადაიფიქროო და თან დასძინა, მაგ ამბავს ნუ იტყვიო.ათიოდე დღე დავრჩი სოფელში, დედაჩემს წავეხმარე საოჯახო საქმეებში და აგვისტოს მიწურულს კაი სტუდენტივით მეც ქალაქის გზას დავადექი. -შემატყობინე, შვილო, როგორ დაბინავდები, -მთხოვა დედაჩემმა წამოსვლისას. ურიგოდ არ დავბინავებულვარ, დედაჩემო, აგერ, ჩემს გვერდით მაისაია წევს და ისე მამაპაპურად ხვრინავს, მგონი, დღეს არც აპირებს გაღვიძებას. მზე უკვე ამოსულიყო და სიცხე მატულობდა.ქუჩიდან ჟრიამული შემომესმა, ფანჯრიდან გავიხედე, ქუჩის გადაღმა, მოზრდილ შენობასთან, რომელიც რაღა თქმა უნდა, სკოლა იქნებოდა, მოსწავლეები და მშობლები შეყრილიყვნენ.ერთი სიტყვით, მარტო იმ სკოლის შენობასთან კი არა, მთელ ქუჩაზე და მთელ ქალაქში იგრძნობოდა საზეიმო განწყობა.აი, როგორი ყოფილა პირველი სექტემბერი თბილისში.და უცებ წარმოვიდგინე, რა ამბავი იქნებოდა ახლა უნივერსიტეტის შენობასთან.ანზორ სისაური გამახსენდა, ნეტავ ის თუ მაინც მოეწყო? ტანზე ჭიანჭველები შემომესივნენ, საკუთარი თავისადმი სიძულვილი და ზიზღი ვიგრძენი.რა სულმდაბლად მოვიქეცი, რომ ვიდრე თბილისში ვტრიალებდი, ერთხელაც არ მივედი და არ გავიგე სისაურის ამბავი.ეგეც ჩვენი ძმადნაფიცობა.რა გულნამცეცები ვართ ადამიანები.ავფორიაქდი, მოსვენება დავკარგე და უცებ მომეძალა სურვილი უნივერსიტეტში წავსულიყავი, გამეგო, მოწყობილი იყო თუ არა სისაური.ერთხელ კიდევ გადავხედე მაისაიას, ისევ მაგრად ეძინა, ვეღარ მოვითმინე და საკმაოდ ხმამაღლა შევძახე: -მაიასაია პადიომ! გიორგი შეიშმუშნა, წამოიწია, ოთახი მოათვალიერა და შეიცხადა: -დედუ, დედუ, როგორ დამძინებია, რატო არ გამაღვიძე კაცო. -აი, აკი გაგაღვიძე, თორემ დღეს, მგონი, არც აპირებდი გაღვიძებას.მაისიამ თვალები მოიფშვნიტა და უხერხულად გამიღიმა.ვიწრო, გამხდარი სახე რაღაცნაირად დაგრძელებოდა და დაჭმუჭნოდა. -რომელი საათია ახლა?-თვალების ფშვნეტით მკითხა. -რვა საათი იქნება.შეიძლება მეტიც. -დედუ, დედუ!-კვლავ შეიცხადა მაისაიმ. -გიორგი, ერთი რამე უნდა გთხოვო. მობჟუნტული თვალებით გადმომხედა და მითხრა: -ბრძანე, ბატონო! -აუცილებელი საქმე მაქვს უნივერსიტეტში.ცხრა საათამდე იქ უნდა ვიყო, უფროს ოსტატს უთხარი, გადაუდებელი საქმე ჰქონდა და მალე მოვა-თქო. -უნივერსიტეტში რა საქმე გაქვს, კაცო?-დაეჭვდა მაისაია. -მაქვს.მერე გეტყვი. -კეთილი, ბატონო, შენ აქ ნუ გენაღვლება, მე ვიცი რასაც ვეტყვი.უფროსი ოსტატი მეგობარი კაცია ჩემი. უფროსი ოსტატი, ილია ჩანკვეტაძე ომგადახდილი კაცი იყო.წარმოშობით რაჭველი.ამ სასწავლებელში მოსვლის დღიდან მისი ქება მესმოდა.პირველი ნახვისთანავე მომეწონა ეს ადამიანი, სათნო სახე ჰქონდა, ისე დაგელაპარაკებოდა, თითქოს ძველი ნაცნობიაო.დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა, მაგრამ ის კი აღარ მესმოდა, მაისაიას მეგობარი საიდან უნდა ყოფილიყო.ალბათ ერთი-ორჯერ დაელაპარაკა და მაისაიასაც მეტი არ უნდოდა, უკვე მეგობრად თვლიდა.გუნებაში გამეცინა, მაგრამ არაფერი მიგრძნობინებია, არც გამკვირვებია, მაისაიას ხასიათი უკვე ვიცოდი. სასწრაფოდ წამოვდექი, პირი დავიბანე და ქუჩასი ფეთიანივით გავვარდი.მინდოდა, უნივერსიტეტში მანამდე მივსულიყავი, ვიდრე ლექციები დაიწყებოდა. უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ტევა არ იყო.არასოდეს, ალბათ ჩემს ცხოვრებაში, არ მინახავს ამდენი ბედნიერი სახე, რამდენიც მაშინ ვნახე.ეზოსაც და ქუჩასაც საზეიმო ელფერი ედო, თითქოს ჭადრებზე შეფენილი ბეღურებიც გრძნობდნენ, ჟივჟივით აყრუებდნენ იქაურობას.სევდა შემომაწვა და მაშინვე ვინანე, რათ წამოვედი-მეთქი.ამ დუნია ხალხში ალბათ ერთადერთი მე ვიყავი გულხინჯიანი და დაჩაგრული.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უფლებააყრილი ვიყავი, კეთროვანივით შეპარული ამ ხალხში.მეგონა, სადაც არის, ვიღაც მოვა და მეტყვის, აქ რა გინდა, ვინ შემოგიშვაო.გულდამძიმებულს ტირილი მომერია.მწარედ ვფიქრობდი, ვინ რომელმა ჭკუათმყოფელმა გამოიგონა გამოცდები.როგორ მერწმუნა, რომ იმათ, ვინც ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხენ, ჩემზე კარგად იცოდნენ ლიტერატურა.ან ვინ დაიზღვია თავი, რომ სამასი კაციდან ოცს ღირსეულს ამოარჩევს და ოცდამეათე ან მეორმეოცე, ვინც სასწავლებლის გარეთ დარჩება უფრო ღირსეული არ იქნება?და უცებ გამახსენდა ის წუთი, როცა ანზორ სისაურმა ჩაჭრილთა რაოდენობა გაიგო და გაუხარდა, მეტოქეები შეგვიმცირდნენო.როგორ შემზიზღდა მაშინ სისაურიც და ჩემი თავიც.უმაღლესში შესვლისთანავე გარწმუნებს ცხოვრება, რომ თუ შენს გვერდით სხვა არ გაუბედურდა, სხვა არ ჩაიჭრა, შენ ვერ ჩაირიცხები.ნეტავ ვის სჭირდება, ან ვინ გამოიგონა ეს უაზრო დოღი.მე ვინა მკითხავს, თორემ ყუნწამდე გავხსნიდი უმაღლესის კარებს და ვისაც სურვილი ექნებოდა, ყველას შევუშვებდი, მერე ვნახავდი, თუ კიდევ ამდენი ხალხი მიეტანებოდა, ბოლოს და ბოლოს უმაღლესში ისინი შევიდოდნენ, ვისაც მართლა სწავლა უნდოდა. იმ წუთში ისე შემძულდა იქაურობა.მინდოდა დროზე გავცლოდი, მაგრამ სისაურის ნახვის სურვილი მკლავდა და უცებ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა.თვალებგაფაციცებით ვათვალიერებდი ჯგუფ-ჯგუფად შეყრილ სტუდენტობაში სისაურს, თან ჭიშკრისკენ მეჭირა თვალი, საიდანაც ყოველ წამს მოედინებოდა სტუდენტობა.ყველა გამვლელს ვაკვირდებოდი, ეგებ ვინმე იმათგანი მაინც ვიცნო, ვინც ჩემთან ერთად აბარებდა-მეთქი.მაგრამ არავინ მეცნაურებოდა. "სისაური არსად ჩანს, ნუთუ ვერ მოეწყო?-სინანულით გავიფიქრე და ის იყო, უნივერსიტეტის კარებთან ნაცნობ სახესაც მოვკარი თვალი:ტანწვრილი, წელში ოდნავ მოხრილი ჩემკენ მოდიოდა, ოღონდ ჯერ ვერა მხედავდა.გულმა აღარ მომითმინა.მის შესახვედრად გავემართე.წინ გადავეღობე, სისაური ერთი წამით შეცბა, მე კიდევ ვიდექი და ვიღიმებოდი.მერე უკვე ბუნდად ჩამრჩა მეხსიერებაში როგორ გაებადრა, რა აღფრთოვანებით შესძახა, ილოო, და როგორ ჩამბღუჯა. ალბათ ასე ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს დიდი ხნის უნახავი უსაყვარლესი მეგობრები. 16 ჩემი ქალაქური ცხოვრება ასეთნაირად აეწყო.კვირაში ოთხი დღე თეორიული მეცადინეობა მქონდა, ხოლო ორ დღეს სახელოსნოში ვიკრიბებოდით და საზეინკლო საქმეს ვსწავლობდით, უფრო სწორად ელმავლის შეკეთებას, რასაც საწარმოო სწავლებას ეძახდნენ, უამისოდ, როგორც ადრევე აგვიხსნეს და როგორც თავადაც დავრწმუნდი, მეელმავლე ვერ გამოვიდოდი.აი, ის სასწავლო საგნები ყოვედღიურად რომ გვიტარებდნენ: ელმავლის კონსტრუქცია, ავტომუხრუჭები, რკინიგზის საერთო კურსი, მასალათმცოდნეობა, ნახაზების და სქემების წაკითხვა, ელექტრონიკა.თუ ყოველივე ამას პოლიტეკონომიას და ფიზიკურ აღზრდას დავუმატებდი, რვა საგანი გამოდიოდა. სიმართლე გითხრათ, მათემატიკის არ იყოს, არც ფიზიკა მეხატებოდა გულზე, მაგრამ ეს საგნები, მაინც არ გამჭირვებია.სქემებშიც კარგად ვერკვეოდი და ელექტრონიკაშიც.ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, ორიოდე კვირის შემდეგ უკვე გამორჩეული მოწაფე ვიყავი ყველა საგანში..ერთი სიტყვით, სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ საერთო საცხოვრებელს ვერა და ვერ შევეგუე.ჩვენს ოთახში ორი ბიჭი კიდევ შემოასახლეს, ერთი ვანელი ყარამან არაბიძე, მეორე ლანჩხუთელი კოტე თენეიშვილი.არაბიძეს ყარამანი კი ერქვა, მაგრამ ისეთი ჩია გახლდათ, მუჭაში მოთავსდებოდა, სამაგიეროდ, ეშმაკი და ქვებუდანი იყო.თუ დასჭირდებოდა კატასავით გექლასუნებოდა, შემოგციცინებდა და თვალებში ეშმაკები უხტოდნენ, თუ არ და, ოსური მოზვერივით სულ განზე იწევდა.გარეგნობით კოხტა ბიჭი იყო და კარგადაც იცვამდა, მაგრამ ისეთი წუწუნი იცოდა, პირდაპირ თავს შეგაბრალებდათ.უფროსებს მამა აბრამის ბატკნად აჩვენებდა თავს, ჩუმჩუმად კი დასცინოდა.პირველ დღიდანვე მაისაიას დაადგა თვალი, ტყუილში გამოიჭერდა და ქირქილებდა, მაგრამ როგორც კი შეუტევდა მაისაია, მაშინვე თაგვივით სოროსკენ გარბოდა. ერთ დღეს ფეხბურთს მოედნიდან ვბრუნდებოდი.შევდივარ ჩვენს ოთახში და რასა ვხედავ:ჩამდგარა ბიჭებში ეს ყარამან არაბიძე და რაღაცას ჰყვება.ბიჭები სიცილით იჭაჭებიან.ზოგი მუხლზე ირტყამს ხელს, ზოგი ოთხად იკეცება.ყველანი სხვა ოთახის ბინადრები იყვნენ:ჩვენი ოთახიდან მარტო კოტე თენეიშვილი ესწრებოდა და მაგისთან იჯდა, ნიკაპი მუშტზე დაეყრდნო და იღიმებოდა.მაისაია არსად ჩანდა.ჩემ დანახვაზე ბიჭები უფრო გამხიარულდნენ და არაბიძეს ხვეწნა დაუწყეს, თავიდან დაიწყე, ამანაც მოისმინოსო.ყარამანი ჯერ ქალივით გაინაზა, მერე ძალიან შეწუხებული, საბრალო სახე მიიღო და მუდარით თქვა: -არ მინდა, ძმაო, ამბავს მიუტანს ვინმე და უნდა გადავიკიდო ის კაცი. ეს რომ თქვა, ავილესე, მაგრამ მაინც არ ვაგრძნობინე, ხუმრობით ვუთხარი: -ესე იგი, მე მივუტან ამბავს, შე ყურუმსაღო? -ღმერთო კი მომკალი, ეგ სულაც არ მიფიქრია, ილო!-თავი მოიკატუნა ყარამანმა. -მიდი, მიდი ჩამოფქვი, მეც გავმხიარულდე. არაბიძე ცოტა ხანს კიდევ გაინაზა და მერე ნამდვილი მსახიობივით დაიწყო: წასულ კვირას ძალიან ცხელოდა და ლისის ტბაზე წავედით საბანაოდ:მე, მაისაია და კოტე-თენეიშვილს გადახედა არაბიძემ ღიმილით-მივდივართ ახლა გზაში და ლაპარაკი ჩამოვარდა, ვინ როგორი ცურვა იცისო.კოტემ თქვა, ცურვა ვიციო, მე ძმაო, -გულზე ხელი დაიდო არაბიძემ, -თავიდანვე გეუბნებით.ცურვა არ ვიცი და უბრალოდ გავგრილდები -მეთქი.ახლა მაისაიას ვეკითხები, შენ თუ იცი, გიორგი, ცურვა? -ჰოოდა ეს ჩვენი გიორგი ასეთ ამბავს გვიყვება-გააგრძელა ყარამანმა და უკვე მაისაიას კილოზე დაიწყო. არაბიძე ისე კარგად ბაძავდა მაისაიას ლაპარაკში, რომ ბიჭები სიცილით იჭაჭებოდენ. -ერთხელ, ბიჭო, წვიმიანი დღეა და ვზივარ სახლში.ისე წვიმს მთელი დღე, რომ პირდაპირ ღვაპი სკდება.იცებ საიდანღაც მესმის კივილი.ვიფიქრე, ტეხურა ადიდდა და ნამდვილად ვიღაცა წაიღო-მეთქი.მერე როგორი ადიდება იცის, დედუ!-და არაბიძემ მაისაიასავით შუბლზე იტკიცა ხელი.-ქვეყნიერება მოაქ, ბიჭო, თან.გავვარდი, შენ ხარ ჩემი ბატონი, და რას ვხედავ, ჩენი უბნელი გოგო მოუტაცია ტეხურას და აგერ არ გაუჩხირია ჩინჩხილზე!არადა, სადაც არის მოიტაცებს წყალი.დამდგარა ეს ამოდენა ხალხი, თვალებზე იფარებენ ხელს და ვიშვიშებენ.გავიძრე ტანსაცმელი და მომვარდა ხალხი, რას სჩადი შე ბრიყვო, თავს რად იღუპავო.მომცილდით იქით-მეთქი, ვუკივლე, შევვარდი წყალში და როგორც იყო, გამოვიყვანე ის გოგო.მომვარდა, ბიჭი, მამამისი, მკოცნის და მეუბნება:შენ გადამირჩინე ეს გოგო და შენზე ალალი იყოსო.გავგიჟდი, ბიჭო კაცი, შე დურაკო, გასწი იქით, რას მეუბნები მეთქი. ბიჭები ხარხარებენ, ერთმანეთს აწყდებიან და მუცელი ხელით უჭირავთ.მეც გულიანად მეცინება.შეიძლება არაბიძე ცოტას აჭარბებდა, მაგრამ მაისიასეული ბევრი რამ ვინიშნე. ყარამანი კი არტისტულად განაგრძობდა თხრობას: -ავედით ახლა ლისის ტბაზე, გაიხადა კოტემ და შეცურა.მეც გავიხადე და შევედი.მაისაია დგას და გვიყურებს.რაღას უცდი გიორგი, გაიხადე და შემოდი მეთქი.ის კიდევ, უყურეთ, რას მეუბნება:არ ვიცი, ბიჭო, მე ცურვა.როგორ არ იცი-მეთქი-განაგრძობს არაბიძე ბიჭების ხარხარში, -წეღან შენ არ იყავი, ადიდებულ ტეხურას გოგო რომ გამოსტაცე-მეთქი. -მერე რა გითხრა?-ეკითხებოდნენ ბიჭები და თვალებიდან ცრემლს იწმენდენ. -რა მითხრა და, ნუ იცი შენ, ბიჭო, დურაკული ლაპარაკიო. როცა ბიჭები ოთახიდან გავიდნენ და სამნიღა დავრჩით, თენეიშვილს ვკითხე, მართლა ასე თუ იყო-მეთქი. -მთალად ასე არ იყო, ცოტას ალამაზებს ყარამანი. სამიოდ დღის შედეგ, ყარამანი რომ შემოვიდა ოთახში, მაისაიამ თითით მიიხმო: -მოდი აქ შენ, ბიჭო! არაბიძე გაფითრდა, შეშინებულ თაგვს დაემსგავსა. -რას დგახარ და მაიმუნობ თუ იცი, რა მაქვს მე შენი სასაცილო. ყარამანი მთლად დაილია, თავი მოისაწყლა და საბრალო თვალებით გადმოგვხედა მე და თენეიშვილს. -რაზე მეუბნები მაგას?-შეიცხადა არაბიძემ. -კარგად იცი, რაზეც გეუბნები.ვინ არის, ბიჭო, შენი სასაცილო. -რას ამბობ, გიორგი, ღმერთო, კი მომკალი.აჰ, აი, ახლა უყურე ამას.აგერ, არ არიან ბიჭები, -ჩვენ გადმოგვხედა ისევ-აბა ჰკითხე თუ მითქვამს რაიმე.ვიღაცა გატყუებს, ჩვენი გადაკიდება უნდა, დედას გეფიცები, მაგის მსგავსი არაფერი ყოფილა.როგორ, მე ძმასავით მიყვარხარ, ჩემო გიორგი, შენ კიდევ ასეთი რამე დაიჯერე-და არაბიძემ გული ისე აიჩუყა, ცოტა დააკლდა, ცრემლი არ გადმოღვარა. მაისაია როგორ გავამტყუნო, მეც კი ვირწმუნებდი არაბიძის ცრუ ფიცს, ჩემი ყურით რომ არ გამეგონა, როგორ აცინებდა მაიასაიაზე ბიჭებს. გიოეგი გაშრა, ეტყობოდა, იფიქრა ნამდვილად ცილსა ვწამებო და ესღა თქვა: -ნეტავ ვისა სჭირდება ასეთი ტყუილების მოგონება, კაცო. -არა, გიორგი, ეგ როგორ დაიჯერე, -იქით დაადო ვალი დაწყნარებულ მაისაიას.ხო მიცი, როგორ პატივსა გცემ.ძმა ხარ ჩემი.ძმა.ეგ რამ დაგაჯერებინა. თენეიშვილს გადავხედე, თავს იქნევდა და გაოცებული იღიმებოდა.მეც გაკვირვებას ვიყავი.როგორ შეეძლო არაბიძეს ან ამდენი ტყუილი ფიცი, ანდა ასეთი გაიძვერობა.კარგად ვიცოდი, მერე წავიდოდა, ისევ ჩადგებოდა ბიჭებში და ახლა ამ ამბავს მოყვებოდა როგორ დააჯერა მაისაია ტყუილი ფიცით.გული მერეოდა ამ მაიმუნის საქციელზე, მაგრამ რა უნდა მექნა, ხელის გასასვრელადაც არ ღირდა, რომ მაისაიას მაგივრად მე მიმეტყიპა, ვინ მომცა უფლება, თორემ ამ ქვეყანაზე რაც კი ყარამან არაბიძეები იყვნენ, ერთად მოვუყრიდი თავს და ჯუნგლებში გავგზავნიდი თავის ოთხფეხა წინაპრებთან. ჩვენი ოთახის მეორე ბინადარი კოტე იყო, წეღან რომ ვახსენებდი.აი, ბიჭი იმას ერქვა.მოდი დ ანუ გაგიკვირდება ადამიანს ამ ბუნების ამბავი.თუ კოტე თენეიშვილისთანა ბიჭებს აჩენს ამ ქვეყანაზე, მაშინ არაბიძეები რაღაში სჭირდება.მაგრამ ეტყობა, ბუნებამ თავის საქმისა უკეთ იცის, ვაჟა-ფშაველაც სწორედ ამას არა ჩიოდა:საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისაო.თენეიშვილი ლანჩხუთიდან იყო.სიმაღლით ორ მეტრს აღარაფერი აკლდა.ტანწვრილი და ბეჭგანიერი გახლდათ, ასეთი უწყინარი და გულთბილი ბიჭი იშვიათად შემხვედრია.ჩემი არ იყოს, ისიც მამით ობოლი იყო და იმასაც ერთადერთი და ჰყავდა.ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.კოტე მხატვრობით იყო გატაცებული, გვარიანად ხატავდა.თურმე სამხატვრო ტექნიკუმში აბარდებდა, მაგრამ ჩაჭრილა, გული მაინც არ ჰქონდა გატეხილი, ისევ მხატვრობაზე ოცნებობდა.ვატყობდი, რომ კოტეს ჩვენი სასადილოს ულუფა არ ყოფნიდა და მეც და მაისაიაც ვცდილობდით, რაც შეგვეძლო, წავხმარებოდით.თუ რაიმეს მოგვაწვდიდნენ სოფლიდან უამისოდ ლუკმას არ ჩავუშვებდით პირში. ორიოდე კვირის შემდგ დავრწმუნდი, რაომ საერთო საცხოვრებელში ყოფნა არ გამომადგებოდა.წიგნის გარეშე ვერ გავძლებდი, არადა, ისეთი ღრიანცელი იდგა დილიდან შუადღემდე, ოცნებაც კი ზედმეტი იყო წიგნის კითხვაზე.გადავწყვიტე, სადმე სასწავლებლის ახლომახლო იაფფასიანი ბინა მექირავებინა.ეს ამბავი მაისაიას გავანდე, თენეიშვილისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი, რომ ის ჩემზე ხელმოკლედ იყო და გასაქანი არაფრისა ჰქონდა.მაისაიას გაუხარდა, მაშინვე მხარი მომცა და ორიოდ დღეში ჩვენი სასწავლებლიდან სულ რაღაც ას ნაბიჯზე ერთი პატარა ოთახი აღმოვაჩინეთ, სადაც ორი საწოლი და პატარა მაგიდა იმართებოდა, ოც მანეთად გავურიგდით ოთახის პატრონს, მერე ჩვენს უფროს ოსტატს, ილია ჩანკვეტაძეს შევუთანხმდით და პატარა ოთახში გადავსახლდით. მყუდროდ აეწყო ჩვენი ცხოვრება, თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ვატარებდი, მართალია, მაისაია წიგნებზე ძაან გადამკვდარი არ იყო, მაგრამ ხელს არ მიშლიდა.ან გამერიდებოდა ხოლმე, ანდა თვითონაც იძულებული იყო რამე წაეკითხა.ხანდახან ანზორ სისაური და თენეიშვილი თუ გვესტუმრებოდნენ და მაშინაც ისეთ კამათს გავმართავდით ლიტერატურაზე, რომ ხმა გვეხლიჩებოდა.ბოლოს ან მე, ან სისაური საკუთარ ლექსებს წავიკითხავდით და ჯგუფურად გავარჩევდით. ასე დავიწყე თბილისური ცხოვრება.საწავლებელი და ბინა, ეს იყო ჩემი სამოქმედო ასპარეზი.არსად არ გავსულვარ, არც რედაქციას გავკარებივარ, არც რომელიმე ლიტერატურულ წრეს, კლუბებთან რომ არსებობდა მაშინ.ოციოდე დღის შემდეგ კი პირველად ვესტუმრე მწერალთა კავშირს.იმ დღეს რა დამავიწყებს, პარასკევი იყო, ოცდაერთი სექტემბერი. გაკვეთილების შემდეგ შინ რომ დავბრუნდი, სისაური დაგვიხვდა ოთახში.იცოდა გასაღებს სადაც ვინახავდით და კარები თვითონ გაეღო.სისაური მოსვლა ყოველთვის მიხაროდა, მაგრამ იმ წუთში, ალბათ იმიტომ რომ არ ველოდი, განსაკუთრებით გამიხარდა.სალამ-ქალამის შემდეგ ანზორმა მაშინვე გვამცნო თავის მოსვლის მიზეზი, საღამოს მწერალთა კავშირში ერთ-ერთი ჟურნალის განხილვაა და დავესწროთო.მართალია იმ ჟურნალის განხილვა ექვს საათზე იყო დანიშნული, როგორც სისაურმა მითხრა, მაგრამ გადავწყვიტეთ ცოტა ადრე მივსულიყავით მწერალთა კავშირში.შინ დიდხანს აღარ გავჩერებულვართ, სადგურის ხიდი ფეხით გადავიარეთ და ტროლეიბუსით ლენინის მოედანზე ამოყავით თავი. "მაჩაბლის ქუჩა" ამოვიკითხე წარწერა, ვიწრო, შედარებით მყუდრო ქუჩაზე რომ შევუხვიეთ.ვიცოდი, მწერალთა კავშირი ამ ქუჩაზე იყო და რაღაც იდუმალებამ მომიცვა.აქ ყველაფერს თითქოს საგანგებო იერი დაჰკრავდა, მეგონა მხოლოდ მწერლები დადიოდნენ ამ მყუდრო ქუჩაზე და ყველა გამვლელს მოწიწებით და რიდით ვაკვირდებოდი, თან ვცდილობდი, სურათებში ნანახი ადამიანები ამომეცნო. აგერ, დიდი რკინის ჭიშკარიც, ქვის კედელზე რუსულ-ქართული წარწერა გამცნობთ, რომ ამ ჭიშკრის შიგნით მწერალთა კავშირია. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს განმიცდია, მაშინაც კი, როცა უნივერსიტეტის კედლებში მოვხვდი პირველად. არა, ეს სულ სხვანაირი გრძნობა იყო, რაღაც გამოუცნობი, შიშნარევი და კრძალვით სავსე.სისაურს გადავხედე.ანზორი, მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ იყო მწერალთა კავშირში, მაინც ფარული მღელვარებით იყო შეპყრობილი.ჭიშკართან შევჩერდით.ცოტა ხანს და ამ დროს სისაურის ჩურჩულიც გავიგონე: -გალაკტიონი მოდის, გალაკტიონ ტაბიძე! უცებ გამოვგონდი და ქუჩა მოვათვალიერე.სწორედ ჩვენს მხარეს, გაზონზე, დინჯად, ძალიან დინჯად მოდიოდა წვერმოშვებული კაცი.ცალ ხელში მოზრდილი ჩანთა ეჭირა, მეორე ხელი კი პიჯაკის ჯიბეში ჩაეყო.ვერ შევატყვე, საით იყურებოდა, არც მთლად მიწას ჩაჩერებოდა, არც პირდაპირ იმზირებოდა.მოდიოდა ფიქრით მოსილი.განზე გავდექით.თვალს არ ვაცილებდით პოეტს.უბრალოდ ეცვა.ოდნავ დაჭმუჭნული კოსტუმის ღილები ბოლომდე შეეკრა, სქელი ჰალსტუხი დაუდევრად ჰქონდა განასკვული პერანგის საყელოსთან.გრძელი წვერი ფართო მკერდზე დაჰფენოდა და ჩაფიქრებული, იდუმალებით მოსილ მოგვს დამსგავსებოდა.დიახ ჭეშმარიტად, დელფოდან გამოსული მოგვი იდგა ჩემ თვალწინ და უცებ გამახსენდა: რა სასწაულით, რა სასწაულით პოეტი უნდა შეიქმნას მოგვი... როცა მოგვიახლოვდა, თავი ასწია, ფართო შუბლი დანაოჭებოდა, ხოლო თვალები, უცნაურად მოციმციმე თვალები, ღვთაებრივი სხივითა და სიკეთით უბრწყინავდა.ჩვენს დანახვაზე პირისახე გაუნათდა, წვერზე ხელი ჩამოისვა, დაგვაკვირდა და მოგვესალმა: -გამარჯობათ, ყმაწვილებო, როგორ გიკითხოთ!-ხელი ჩამოგვართვა. -გმადლობთ, ბატონო გალაკტიონ!-მიუგო თვალებგაბრწყინებულმა სისაურმა.გალაკტიონმა კიდევ ერთხელ შეგვათვალიერა, კარი შეაღო, ფართო ბეჭები ძლივს შეიტანა და კიბეს ნელა აუყვა.გაოცებული ვიყავი მისი საქციელით, არც სისაურს იცნობდა და არც მე და მაინც შინაურივით მოგვიკითხა. შორიახლო მივყევით.იგი მეორე სართულზე ავიდა, ხოლო ჩვენ მწერალთა კავშირის ბაღში შევედით.შადრევანთან, სკამზე, სამი კაცი იჯდა, იმათგან სათვალეებიანი ქიაჩელი მაშინვე ვიცანი.სწორედ ისეთი იყო, სურათში რომ მენახა, ის ორი, შედარებით ახალგაზრდები ჩემთვის უცნობნი იყვნენ.ქიაჩელი რაღაცას უამბობდათ.შორიახლოს ჩავუარეთ, სისაური მიესალმა და შევამჩნიე, მათ შორის ქიაჩელიც წამოიწია სკამიდან და თავი დაგვიკრა.ჩვენ იქვე გვერდით მეორე სკამზე დავსხედით და ყური მივუგდეთ.მცხოვანი მწერალი იმას ჰყვებოდა, მოსკოვში მატარებლით მგზავრობისას, ერთ-ერთ შექეიფიანებულ მწერალს როგორ გაეხსნა ჯიგარი და თავის თანამოკალმეებს საკოცნელად როგორ დასდევდა.ის ორნი ხარხარებდნენ, ქიაჩელი კი ოდნავ იღიმებოდა და დროდადრო ჩვენ გადმოგვხედავდა ხოლმე სათვალეებიდან.სისაურიც ყურადღებით უსმენდა, მე კი თვალს არ ვაცილებდი მწერლის სათნო სახეს და თვალწინ მედგა ულამაზესი თავადის ქალი მაია. "ვინ არის აქ ისეთი, ვინც არ უნდა იყოს!"-ჩამესმოდა ყურში და ცხადად ვხედავდი ერთ დროს სილამაზით მზით სწორი, აწ უკვე გადამქრალი ვარსკვლავი მაია როგორ მიადგაფუნებდა ზღვის ტალღებს, როგორ მიიწევდა მის სიღრმეში და ძვირფას ბეჭდებს სათითაოდ როგორ ჰყრიდა.მაშინ გაათავა ცხოვრება მაიამ, როცა სიბერემ სილამაზე ჩაუქრო.საკუთარი თვალით ვუყურებდი ამ დიდებული ნოველის შემქმნელს და ბედნიერი ვიყავი.კიდევ ის მაკვირვებდა, რომ აქ, მწერალთა კავშირში ერთმანეთს ყველა თანატოლივით ექცეოდა, არ იგრძნობოდა ის უხერხულობა და რიდი, რაც დიდ-პატარას შორის არსებობს ყველგან. ექსვ საათზე მწერალთა კავშირის კლუბი უკვე გაჭედილი იყო.მე და სისაური უკანა რიგში დავსხედით.გაფაციცებით ვათვალიერებდი თითოეულ მწერალს და მათ ვინაობას სისაურს ვეკითხებოდი.როგორც მან ამიხსნა, უმეტესობა დარბაზში ჩვენსავით იყო მოსული, ლიტერატურის მოყვარულები და დამწყები მწერლები.ლეო ქიაჩელიც ვეღარსად დავინახე. დარბაზის კედლებზე ქართველ მწერალთა უზარმაზარი სურათები ეკიდა.ილიას სურათი იქ იყო მოთავსებული, სადაც კათედრა ეკიდა.ასე მკაფიოდ და ცხადად იცქირებოდა იმ სურათიდან, მეგონა, ყველაფერს ისმენს, რასაც მოკამათეები ამბობენ და აქ სიცრუის თქმას ვერავინ გაბედავს-მეთქი. თავმჯდომარე წამოდგა და დარბაზს ამცნო, დღეს ჩვენ ჟურნალის ბოლო ნომერს ვიხილავთო და მერე სიტყვა მოხსენებისთვის კრიტიკოს ჯაბა მიგრიაულს მისცა. პრეზიდიუმიდან წამოდგა ფერმკრთალი, ოდნავ მაღალი, ოცდაათიოდე წლის კაცი და ზეპირად დაიწყო ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების განხილვა.მომხსენებელმა ზოგი გაკენწლა, ზოგი შეაქო, ზოგზე დიდხანს ილაპარაკა, ზოგიც გაკვრით მოიხსენია, ოღონდ იმ ჟურნალის ნომრიდან ალმანოზ სირაძის პოემა და გვარამაძის რომანი ცალკე გამოჰყო და ქებით ცამდე აიყვანა.მოხსენების შემდეგ კამათი გაჩაღდა, ზოგი მხარს უჭერდა მომხსენებელს, ზოგიც არ ეთანხმებოდა.საბოლოო სიტყვით სიმონ ჩიქოვანი გამოვიდა.დარბაზი გასუსული უსმენდა მცხოვან პოეტს.მეც გულისფანცქალით ველოდი, რაში დაეთანხმებოდა კრიტიკოსს და რაში არა.ჩიქოვანმა არ გაიზიარა კრიტიკოსის აზრი ალმანოზ სირაძის და გვარამაძის ნაწარმოებებზე.გადაჭარბებულად მიიჩნია მათი ქება და ოდნავი ღიმილით დაასკვნა, მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ ლიტერატურაში პრინციპულობას არ უნდა ვუღალატოთო და ამით დაამთავრა კამათი. 17 მე და სისაური ლენინის მოედანთან გავიყარენით.სადგურამდე ტროლეიბუსს გამოვყე და იქიდან ფეხით გავუდექი გზას.ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, კანტიკუნტათღა მოძრაობდნენ ადამიანები.ეს დრო მიყვარდა, ქუჩებში აზავთებულ ხალხს ვერ ვიტანდი.სახლამდე ისე მივედი, არც მახსოვს გზა როგორ გავლიე.კმაყოფილი ვიყავი დღევანდელი საღამოთი, რამდენი შთაბეჭდილება მივიღე, რამდენი რამ გავიგე ერთ საღამოს.ახლა იმაზე ვფიქრობდი, მალე წამეკითხა ის ნაწარმოები, რომელიც მომხსენებელმა აქო, რომელზეც ორი აზრი დაიბადა და გამერკვია, რომელი აზრისკაენ გადავიხრებოდი.ამით ჩემს გემოვნებას შევამოწმებდი. შინ რომ მივედი, მაისაიამ მისაყვედურა და თან მომიბოდიშა. -სადა ხარ, კაცო, გელოდე, გელოდე და დავწექი. ლოგინში ჩაწოლილიყო და წიგნს კითხულობდა. მაპატიე, გიორგი, მწერალთა კავშირში ვიყავი, ისეთი კმაყოფილი ვარ, ვერ წარმოიდგენ. -რატომ არ წამიყვანე მე? -შინ არ იყავი.სისაური მოვიდა და იმან წამიყვანა. გიორგიმ წიგნი გვერდზე გადადო. -შენი დეიდაშვილი იყო აქ, -მომისხლიტა უცებ. -ჩემი დეიდაშვილი? -ჰო, კაცო, რას შეიცხადე.ფული და წერილი დაგიტოვა.აგერაა მაგიდაზე.დედუ, დედუ, რა ლამაზი დეიდაშვილი გყოლია, ანტიკაა პირდაპირ, კაცო, ანტიკა! პატარა მაგიდაზე ქაღალდში ჩაკეცილი ათმანეთიანი იდო.ფული გვერდზე გადავდე და ქაღალდი გავშალე: "ილო, სად დაიკარგე ბიჭო.რატომ ერთხელ აღარ გამოხვედი.თუ საერთო საცხოვრებელში არ გინდოდა ყოფნა, ჩვენთან ვერ დაეტეოდი?უცნაური ბიჭი ხარ, აუცილებლად მოდი, თორემ მეწყინება.დასარეცხი მაინც არაფერი გაქვს?ან რა ძალა გადგას, ამ სოროში რომ გამომწყვდეულხარ.გიტოვებ ცოტა ფულს ოლია" უცნაურმა სითბომ დამიარა სხეულში, გული ამიჩუყდა და თვალებზე ცრემლი მომადგა.ჩემი დეიდაშვილი დამიდგა თვალწინ, მართლაც ულამაზესი, სათნო და საყვარლი ოლია. როგორ მინდოდა ახლა ჩემ გვერდით ყოფილიყო და მადლობის თვალით შემეხედა. -საერთო საცხოვრებელში ყოფილა და აქ გამოუსწავლებიათ შენთან, -მეუბნება მაისაია. გულაჩუყებულსა და შთაბეჭდილებებით დამძიმებულს იმ ღამით დიდხანს არ დამძინებია.ხან იმ საღამოზე ვფიქრობდი, ხან ოლიაზე.წარმოვიდგინე, რა ყოფაში იქნებოდნენ ჩვენი საერთო საცხოვრებლის ბიჭები, ოლიას რომ დაინახავდნენ. დილით ცოტა უგუნებოდ გამეღვიძა.მთელუ ღამე ფიქრით გართულს ძალა დამაკლდა.ისევ ღრუბლიანი დღე იყო, უჟმური, სიცოცხლეს რომ შეგაძულებს კაცს, სწორედ ისეთი. მაისაია უკვე წამომდგარიყო, მაგიდას მიჯდომოდა და ხმადაბლა კითხულობდა:'თვალი შედგება თვლის ცენტრისგან დ ამასზე დასმული არტახისგან.თავის მხრიბ თვლის ცენტრი შედგება სამი ნაწილისგან: მოგვისა, მარგილებისა და ფერსოსგან" ცოტა ხანს ვუსმინე მაისაიას და ბოლოს ვკითხე: -რას აბულბულებ, გიორგი? -თვლებსა ვწავლობ, კაცო-და თავის ჩამქრალი თვალებით იჭვნეულად მომაჩერდა. გულიანად გამეცინა და ვითხარი: -თვალი დაგიდგეს შენ, დღეს ხომ პრაქტიკული მეცადინეობა გვაქვს. ცოტა ხანს მიყურა, მერე თვითონაც აგეცინა და შუბლზე იტკიცა ხელი: -დედუ, რამ გამომალენჩა, კაცო! უცნაური ზნე სჭირდა მაისაიას.როდის თეორიული მეცადინეობა გვიტარდებოდა და როდის პრაქტიკული, ეს ხომ ავიწყდებოდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაკვეთილად რა გვქონდა, ისიც ეშლებოდა ხოლმე.ხან ერთი გაკვეთილით წინ გადახტებოდა, ხან უკან.ახლაც თეორიულ მეცადინეობაში ღერძები გვქონდა გაკვეთილად, მაისაია კი თვლებზე გადამხტარიყო.ეს ამბავი, რა თქმა უნდა აღარ შევახსენე, ისედაც უხერხულობაში ჩავარდნილი, უარესად აღარ შევარცხვინე. -თბილისში მემართება, კაცო ასე, რაღაც გულმავიწყობა დამჩემდა. -ჰავამ დაგცადა ალბათ, გიორგი ჰავამ.ეს არაფერი, -გავუკეთე გული მაისაიას და ლოგინიდან წამოვდექი.ვიდრე პირს დავიბანდი, გიორგის უკვე ჩაი დაესხა, ასეთი რამ ძალიან ეხერხებოდა, თითქმის ყოველ დილით მასწრებდა ადგომას, ჩაის ამზადებდდა და მეც მიმასპინძლებოდა.ერთი სიტყვით, თითო ჭიქა ჩაი დავლიეთ და სასწავლებელში გადავედით, საზეინკლო საამქროში თავი მოვიყარეთ, ვიღაცამ ამბავი მოიტანა, დღეს სტიპენდიები უნდა დაგვირიგონო.პირველი სტიპენდია უნდა მიგვეღო და ისეთი ამბავი ატყდა, თითქოს ეგ არის და საქართველოს დროშა ააფრიალესო.სიმართელე გითხრათ, მეც უცნაურმა სიხარულმა ამიტანა, ჩემს სიცოცხლეში დღეს პირველად უნდა ამეღო საკუთარი ფული. აბა, დაწყნადით, დაწყნარდით.მოესწრებით ფულის აღებას, -სახელოსნოში ღიმილით შემოვიდა უფროსი ოსტატი ილია ჩანკვეტაძე.ვერ გეტყვით, რათა, მაგრამ ამ კაცის დანახვა, რაც არ უნდა მოშხამულ ხასიათზე ვყოფლიყავი, გუნებას მიკეთებდა, რწმენას და იმედს მაძლევდა. გაკვეთილი თვითონ ჩანკვეტაძენ ჩაგვიტარა.სათითაოდ გვიძახებდა და გვამოწმებდა როგორ ვეუფლებოდით საზეინკლო საქმეს, კერძოდ, -ვაგონის შეკეთებას. კვეხნაში ნუ ჩამომართმევთ და თუ საზეინკლო ხელობას ასე მარჯვედ და იოლად დავეუფლებოდი, არ მეგონა.რაც მესამე გაკვეთილის შემდეგ ვიცოდი მე, ზოგიერთი მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ ვერ ახერხებდა ამას. მეცადინეობის შემდეგ ილია ჩანკვეტაძემ ცალკე გამიხმო და მითხრა. -ყოჩაღ ილო, შენ თუ ასე გააგრძელე, მალე გაგიშვებ ელმავალზე.კარგი ბიჭი ხარ და ბოლომდე ასეთი უნდა დარჩე, სხვას ნუ აჰყვები. არადა, ყველა ჩვენთაგანს სული გვესწრაფოდა, ელმავალს როდის გავატარებდით.ასე გვემართებოდა საშუალო სკოლაშიც, სამხედროს მასწავლებელი შაშხანის ხმარების წესს რომ გვასწავლიდა, შეგვპირდა, თუ წესებს მალე დაეუფლებით, ვაზნებს მოვიტან და მიზანში გასროლინებთო.მაგრამ ზოგიერთი რატომღაც ვერ ეუფლებოდა შაშხანის ხმარების წესს.მაშინცა მე გამომარჩია სამხედრო მასწავლებელმა, შემაქო და შემპირდა, შაშხანას მალე გასროლინებო.აქაც ასე მოხდა, უფროსმა ოსტატმა მე გამომარჩია მთელი ჯგუფიდან. 18 მოლარემ გვარი მკითხა და უწყისში ღულულაშვილის ძებნა დაიწყო.გული შემიტოკდა, მეგონა, იმ უწყისში მაინცდამაინც ჩემი გვარი იქნებოდა გამოტოვებული.არ გეგონოთ ფულის ხარბი ვიყავი და იმიტომ გამიჩნდა ეს გრძნობა, არა, ეს სხვა რამ იყო.სამოცი მანეთი ჩემს სიცოცხლეში პირველად რომ უნდა ამეღო და მას ჩემი საკუთარი სახელი ერქვა, სხვების მილიონებსა და ოქრო-ვერცხლს უდრიდა ის ახლა ჩემთვის.ის სამოცი მანეთი სამოცი სიხარული იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ შეიძლება ვერც გადაეყაროს კაცი. როგორც იქნა მოლარემ მიაგნო უწყისში ჩემს გვარს, თითი დაადო, სადაც ხელი უნდა მომეწერა და გადმომაწოდა.67 მანეთი და 80 კაპიკი, ამოვიკითხე უცებ და ხელი მოვაწერე.როგორც წესი, მოლარე 80 კაპიკს არავის გვაძლევდა, რადგან ხურდა არ ჰქონდა და არც არავინ ედავებოდა.ფული არც დამითვლია, პირდაპირ ჯიბეში ჩავიდე და ისეთი საძაგელი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ნაპარავს ვმალავდი.ვერ აგიხსნით რათა, მაგრამ ამ წუთში უმწეობა თუ ზიზღი ვიგრძენი ჩემი თავის მიმართ.სალაროსთან მოხროვილი ბიჭები მოვათვალიერე, მეგონა, ყველა მე მომჩერებია-მეთქი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა, თავიანთთვის ანგლობდნენ და მასხარობდნენ. უკვე გაფულიანებული ბიჭები ჯგუფ-ჯგუფად იყრიდნენ თავს.ვისაც ვისთან მიუწევდა გული, თათბირობდნენ, დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე სად აღენიშნათ პურ-მარილით.ერთხელ კიდევ მოვისინჯე ჯიბეში ფული და მაშინვე დედაჩემი და მათიკო დამიდგნენ თვალწინ.ბოლო წერილში მათიკო მწერდა: ვენახი გამოვკრიფეთ, ასი მანეთის ყურძენი ქარხანას ჩავაბარეთ, ცოტაოდენი კიდევ ღვინოდ და ტკბილად გამოვწურეთ.ყურძნის ფული ჯერ არ აგვიღია, როცა ავიღებთ, ცოტაოდენს გამოგიგზავნითო. ამ წერილის გახსენებაზე გული ისე დამეწურა, თითქოს ვიღაცამ ცხელი შანთი მაძგერა. -ილო!-მომესმა უცებ, -სადა ხარ, კაცო, შენ გეძებთ.აიღე უკვე ფული?-მაისაია იდგა ჩემ წინ. -კი, ავიღე. -რათა ხარ, ბიჭო, მოწყენილი? -არა ვარ მოწყენილი, შენ აიღე უკვე? -კი.კოტე გველოდება გარეთ, თენეიშვილი. კოტეს ხსენებაზე გუნება გამომიკეთდა.ეზოში თენეიშვილი დავინახე.გულზე დაეკრიფა ხელები და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა.დაგვინახა თუ არა, ვეება ხელები ჩამოუშვა და ჩვენკენ წამოვიდა. -აიღე სტიპენდია?-მკითხა მან. -კი ავიღე. -მერე რას აპირებთ, არ წავიპურმარილოთ?-გაიღიმა კოტემ.მაისაიამ პრიმის კოლოფი ამოიღო და თამბაქოს მოუკიდა.გიორგი უყვარდა ქეიფი და ახლა ვიცოდი, რომ სიამოვნების მოლოდინში ღელავდა. -როგორც თქვენ იტყვით, კაცო-მივმართე ორივეს. -მერე სად წავიდეთ?-მკითხა კოტემ. -სად წავიდეთ?იცით რა, მოდი, ერთ კარგ აზრს გეტყვით, გადავიდეთ აგერ ბაზარში, ვიყიდოთ ხორცი, მწვანილი, ღვინო და დავსხდეთ ჩვენს ოთახში, აი ხორცს გიორგი გააკეთებს, არ ეხერხება თუ? მაისაია სიამოვნებისგან შეიშმუშნა. -ძალიან კარგი აზრია, ისეთი "ოსტრი" გავაკეთო, რომ ჭამით ვერ გაძღეთ. კოტეც სიხარულით დაეთანხმა ჩენს აზრსა და ნაძალადევის პატარა ბაზრისკენ გავწიე.ნიავწანწალს ღრუბელი გაეფანტა და მცხუნვარე მზეს ქუჩები აეშრო.წეღანდელი, წუთით შემონთებული ნაღველი გამეფანტა და ჩემი მეგობრების მხიარულ განწყობილებაზე დავდექი მეც.პატარა ბაზარში, ჩვეულებისამებრ, ცოტა იყო ხალხი.მიუხედავად იმისა, აქ უფრო მეძვირე გამყიდველები იყრიდნენ თავს, მაინც არ მიყვარდა დიდი ბაზრები, ხალხმრავალი ადგილები ჭირივით მძულდა და თუკი შემეძლო, გავურბოდი.ასე იყო თუ ისე, ჩვენ რაც გვინდოდა, აქაც იშოვებოდა.ყველი და ძეხვი, ხორცი, მწვანილი და წიწაკის მწნილი.აი, ეს ავლადიდება რაც უცებ ვიყიდეთ და ახლა საქმე ღვინოზეღა მიდგა, მაღაზიაში რომ უნდა აგვეღო.ვერ გადავწყვიტეთ, რამდენი ბოთლი გვეყოფოდა და ბოლოს ათზე შევჩერდით.ლოთბაია და ღვინის წურბელა არც ერთი არ ვიყავით, მაგრამ ვიფიქრეთ, ეგებ უცებ ვინმე შემოგვესწროსო.მოგეხსენებათ, ასეთი ჩვევა ათაპაპიდან მოგვდევს, ქართველი კაცი არსად ისე არ წავიდოდა, ხატი იქნებოდა, მინდორი თუ ტყე, იმაზე მეტი სასმელ-საჭმელი არ წაეღო.რაც თვითონ სჭირდებოდა, ეგებ ვინმე შემოგვესწროსო, იტყოდა და, მართლაც, გადამთიელიც რომ დაენახა, მაინც მიიპატიჟებდა, მოდი, დამლოცეო.ერთი სიტყვით, ათი ბოთლი კახური ამოვიღლიავეთ და ჩვენს მყუდრო სავანეს მივადექით.სამივემ დავიკაპიწეთ ხელები და საქმეს შევუდექით.მე და კოტემ მწვანილი გავარჩიეთ, მაისაიამ ხორცი დაკეპა და ქვაბით ელექტროქურაზე შემოდგა, რამდენიმე წუთში ოთახში ისეთი სურნელი დატრიალდა, სიამოვნებით ლამის დავდნით.ერთი სიტყვით, სუფრა როგორც იყო გავაწყეთ და ამ დროს ჩვენმა დიასახლისმა შემოაღო კარი.ამ კეთილ, ხეიბარ ქალს არასოდეს შევუწუხებივართ და მისი მოსვლა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. -საღამო მშვიდობისა, შვილებო!-მერე მე მომიბრუნდა.-ერთი ბიჭი იყო, ილოს მამიდაშვილი ვარო, დედაშენს ღვინო გამოუტანებია და მე დამიტოვა.თუ მოვახერხე, საღამოს გამოვივლიო, ასე დამიბარა. სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ და მერე ოთახის კუთხეში მიხროვილ ღვინის ბოთლებისკაენ გაგვექცა თვალი, ღვინოში ფულს რაღას ვყრიდითო.თენეიშვილმა მწარედ ჩაიცინა და ხელი ჩაიქნია. -ეგ არაფერი, სხვა დროს დაგვჭირდება, მიდი, ილო, მოიტა, შინ დაყენებული ღვინო სულ სხვაა. ათლიტრიანი კასრით გამოეტანებინა დედაჩემს საფერავი, ნამდვილი დევის სისხლი, როგორც მამაჩემი ეძახდა ჩვენი ვენახის ყურძნის ნაწურს.ეტყობოდა, ჯერ მთლად არ იყო დაღვინებული და საცობიდან გამონაჟონ ქაფს წითლად შეეღება ჭურჭლის პირი. -ჩვენი საფერავისაა, ბიჭებო, დევის სისხლია!-მივაძახე მეგობრებს, ღვინო რომ ოთახში შევიტანე. -რაო, კაცო, ვინ მოიტანაო?-მკითხა მაისაიამ. -ჩემი გარე მამიდაშვილი სწავლობს აქა, სავაჭრო ტექნიკუმში და იმისთვის გამოუტანებია. -რა ვქნათ, ახლა ეს დავლიოთ თუ მაღაზიისა?-მკითხა თენეიშვილმა.გაოცებით შევხედე კოტეს. -მაგას კითხვა უნდა? -მაშ ბარემ რეზინის მილიც გამოართვი შენს დიასახლისს, რომ გადმოვასხათ.ამას კი მე მოვუვლი, -მითხრა თენეიშვილმა და კასრს მიუბრუნდა, რომ საცობი მოეძრო. დიასახლისს რეზინი გამოვართვი და როგორც კი ოთახში შევედი, რაღაცამ დაიბუთქუნა.ამ მოულოდნელმა ხმამ წამით შემაკრთო, ხოლო უკვე აზრზე მოსული ვუყურებდი, კასრიდან ამოხეთქილ წითელი შადრევანი ჭერს როგორ ეცა, მერე მეხსიერებაში ჩამებეჭდა ჩემი მეგობრების დაბნეული, შეშინებული სახეები. შადრევანმა უცებ იკლო, დაცხრა და კასრის პირზე ახლა წითელი ქაფიღა თუხთუხებდა.ხან წითლად შეღებილ ჭერს შევხედავდით, ხან კასრს დავაცქერდებოდით.პირველად მე გავტეხე ნავსი, რაკი დავატყე, რომ მაინცდამაინც ქვეყანა არ დაიქცა და ყოველივემ მშვიდად ჩაიარა, სიცილი ამივარდა, თენეიშვილი და მაისაია გაოცებულები მიყურებდნენ და ამან სულ გადამრია, სიცილიდან ხარხარზე გადავედი.თენეიშვილმა შუბლი მოიწმინდა, თავი გააქნია და როგორც იყო გაიღიმა. -კი, მაგრამ, თუ იცოდი ასე მოხდებოდა, რად გამახსნევინე!-წყრომით მითხრა მან.სიცილი დავიოკე და შევცბი. -აბა რას ამბობ, კოტე, მე საიდან ვიცოდი.სულ ერთია, მე გავხსნიდი თუ შენ, ეს მაინც არ აგვცდებოდა.ჯერ დაღვინებული არ ყოფილა.ისე, შენ იღბალი რომ თავი გვერდზე გქონდა გადაწეული თორემ საცობი შუბლს გაგიხვრეტდა.ეგ არაფერი, ბიჭებო, ბევრი-ბევრი ორი სამი ლიტრა დაღვრილიყო. -ღვინოს კი არ ვჩივი, კაცო, უხერხულია, დიასახლისი რას იტყვის!- და მაისაიამ დალაქავებულ ჭერს შეხედა. -მაგასაც ეშველება, გიორგი.დიასახლისი არაფერსაც არ იტყვის. დახედით თქვენ, ღვინოს მე ჩამოვასხამ. თენეიშვილმა ვეღარ მოითმინა, ჭიქა ღვინით აავსო და დაიგემოვნა: -აუჰ, ღვინო კი არა, ბადაგია, -მერე გაიცინა და დაამატა, -კი ღირდა ეს ფათერაკი ამ ღვინის ფასად. -მაჩვენე ერთი მეც, -მაისაიამ ჭიქა გამოართვა და თვითონაც გასინჯა, -ანტიკაა, კაცო, დედუ! სიამოვნებისგან გამეღიმა, ვიცოდი, რაც იქნებოდა ჩვენი საფერავისა. როგორც ყოველთვის, თამადად მაისაია დავაყენეთ.ასე თუ ისე, სუფრას ენაწყლიანობა და მაღალფარდოვანი სადღეგრძელოები უხდება, რაც გიორგის კარგად ეხერხებოდა..სამი-ოთხი ჭიქის შემდეგ უკვე ხასიათზე მოვდექით.სამყარო ნელ-ნელა ფერადდებოდა ჩვენს თვალში, ცხოვრება მჩატე ხდებოდა ნუნუას წყალობით და ჩვენც თანდათან ვმხიარულდებოდით.ოთხი ჭიქის შემდეგ უკვე ვიცინოდით იმაზე, თუ რა დაგვემართა ღვინის კასრის გახსნისას.ერთი სიტყვით, ღვინომ მეცხრე ცაზე აგვიყვანა, ღმერთების გვერდით მოგვაკალათა და ჩენც იქიდან ზვიადად გადავყურებდით ამ საცოდავ დედამიწას და მის უმწეო ბინადრებს. მეექვსე ჭიქას რომ ვსვამდით, კარზე ვიღაცამ მოაკაკუნა. -შენი მამაიდაშვილი მოვიდა ალბათ, -ივარაუდა მაისაიამ. გავიხედე და სისაური შემრჩა ხელში.კარებში დაყუდებულიყო, თან იღრიჭებოდა და ადგილიდან არ იძვროდა.შევატყვე, ცოტა ნაყლაპი იყო.მეც კარგ გუნებაზე ვიყავი და მისმა დანახვამ უფრო აღმაფრთოვანა. -ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!-ხმამაღალ შევძახე და ამ დროს დავინაზე, მის უკან როგორ ინაზებოდა რაღაცნაირად დარცხვენილი ქალიშვილი. ქალიშვილმა გამიღიმა და თავის ოდნავ დაქნევით მომესალმა.ამ ნათელ ღიმილზე ვიცანი, ეს ის გოგო იყო, სისაურმა უნივერსიტეტში რომ გამაცნო, ზუსტად ასე მითხრა მაშინ, ეს ჩემი მეგობარი გოგოაო, ხოლო ჩემი თავი ასე წარუდგინა, ახალგაზრდა პოეტი ილო ღულულაშვილიო, გამახსენდა ანზორის სიტყვებზე როგორ გავწითლდი. -მობრძანდით რა, მობრძანდით-გავეგებე ქალიშვილს. სისაურს კოტე და მაისაია აღტაცებით შეხვდნენ, მერე ქალიშვილი რომ დაინახეს, უცებ ჩაცხრნენ და უხერხულად შეიშმუშნენ.მართლაც, ამისთანა ნაზი და ლამაზი არსების სტუმრობა ჩვენს მირეულ-მორეულ ბუდრუგანაში ცოტა უხერხული იყო. -დაბრძანდით ახლა, გაიღიმა ქალიშვილმა, რაკი დაატყო რომ უხერხულობაში ვიყავით ჩავარდნილი, -თქვენ დაბრძანდით და ის მითხარით, მე რაში მოგეხმაროთ.-და რაკი ბიჭებისგან პასუხი არ მიიღო, თვითონ დატრიალდა, თან პირისახეზე ისეთი მართალი, მოსიყვარულე ღიმილი ეფინა, რომ მთელი ჩვენი უხერხულობა მთლად გაფანტა.მე ამასობაში დიასახლიის ერთი სკამი გამოვართვი და ხუთიოდე წუთში ქალის ხელით გაკოპწიავებულ სუფრას ისევ მივუსხედით. -არიან ადამაინები, ვინც უცებ შეგაყვარებენ თავს და იგრძნობ, რომ მათ გვერდით ყოფნა ცხოვრებას გიმსუბუქებს და გიხალისებს.ასეთად შევიცანი ანზორის მეგობარი ქალიშვილი, ვისაც ამიერიდან ეკას დავუძახებთ. -ცოტა ადრე მაინც მობრძანბეულიყო ეკა.არ გაგვახალისა ყაზილარები?-გაიცინა თენეიშვილმა. -აბა, აბა!-თვითონაც გაიღიმა ეკამ. ნელ-ნელა ვსვამდით.ბევრს ვლაპარაკობდით და ღვინო მაინცდამაინც არ გვერეოდა.ღვინისგან ოდნავ ლოყებშეფაკლული ეკა კიდევ უფრო გამხიარულდა, ისეთი კარგი ხასიათის გოგო გამოდგა, რომ ყველას შეგვაყვარა თავი, როცა მაისაიამ ეკას სადღეგრძელო დალია, სიტყვა მოვითხოვე და ისა ვთქვი, რის თქმასაც ფხიზელი ვერ გავბედავდი. -ჩემო დაო, კარგად იყავი, ისეთი კარგი ხარ, ისეთი საყვარელი ხარ, სულ ჩვენთან მინდა იყო, სულ ჩვენს ანზორთან მინდა იყო.თუ ამან რამე გაწყენინა, -სისაურზე მივუთითე, ჩვენ გვითხარი, აი, მე, კოტეს, გიორგის და ამას, იცი, რას ვუზამთ, თავით ფეხებამდე ჩამოვატყავებთ. სისაური ხითხითებდა, ხოლო ქალიშვილმა ქედანივით ამოიღუღუნა, მაგრე ვერ გავიმეტებო.არ ვიცი, უხერხულობის გასაფანტად თუ მართლა გულით ეწადა, თენეიშვილმა უცებ წამოიძახა, ანზორს ვთხოვოთ, ერთი ლექსი წაგვიკითხოსო.ჩვენც მეტი კი აღარ გვინდოდა, მაშინვე მხარი მივეცით.სისაურმა ეკას გადახედა, მან ისე შეჰღიმა ანზორს, თავპატიჟიც არ დაუდვია და შეზარხოშებულმა უცებ დაიწყო პათეტიკურად: დასაბამს ქვევით აქ ტყე ბუდობდა, პირქუში, როგორ ამაოება, შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით, გამოქვაბული და მყუდროება. სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავენ. ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა. ვარსკვლავნი ისე მოჩანდნენ ღამე, თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა. დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს მდინარე ტანა ჩაუდიოდა, საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი ისე ჰყიოდა. სისაური ტაშით დავაჯილდოვეთ.ტაში იქით იყოს და, ეს მართალც გვარიანი ლექსი, ყველას გულწრფელად მოგვეწონა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კარგა ვიმხიარულეთ და გვიანღა ავიშალენით.სისაური და ეკა მე გავაცილე.ბრწყინვალე საღამო იყო, გრილი, სასიამოვნო.ღამის ათი საათი იქნებოდა, მაგრამ ქალაქი ისევ ცოცხლობდა და ფუსფუსებდა.ვერ გეტყვით, რა მიზეზით, ეს ქალაქიც და მთელი სამყაროც ისეთი კარგი მეჩვენებოდა, თითქოს ცასა და დედამიწას შორის ყველაფერი მოგვარებული და მოწესრიგებული იყო.თითქოს არსად, ქვეყნიერების არც ერთ კუთხეში, არავის არაფერი სტკიოდა, არავის არაფერი აწუხებდა.იმ პოეტისა არ იყოს, მეც სწორედ ის ვინატრე მაშინ: ღმერთო დიდებულო, მამყოფე მარად ისეთ ხასიათზე, როგორზეც დღეს ვარ-მეთქი. ეკას და ანზორს სადგურთან დავემშვიდობე და როგორც კი დრო ვიხელთე, სისაურს წავჩურჩულე: -იცოდე, ამ გოგოს არ უღალატო! გაოცებით შემომხედა, მერე ეკას გახედა და მიპასუხა: -ეგ გუნებაშიც არ გამივლია, ბიჭო, ისე მივეჩვიე, უმაგისოდ ვეღარც ვძლებ.ხო მართლა, პარასკევს უნივერსიტეტში ლიტერატურული წრის სხდომაა შვიდ საათზე, ხომ არ დავესწროთ? სიამოვნებით-მეთქი, ვუთახარი. -მაშინ პარასკევს, ექვს საათზე, დინამოს სტადიონთან დამხვდი. ის ვეღარ ვკითხე, ვაკეში მაცხოვრებელმა, რაღა დინამოს სტადიონთან დამინიშნა პაემანი.მერეღა მოველ აზრზე, სადღაც დინამოსთან ცხოვრობდა ეკა. სისაური წავიდა, ნელა მიმავალ, დაწინაურებულ ეკას წამოეწია, თვალი გავაყოლე, უცებ მივხვდი, რომ ისინი ბედნიერნი იყვნენ და მათი ბედნიერებით კმაყოფილს სიხარულით შემიტოკდა გული. როცა ისინი თვალს მიეფარნენ, ჩელუსკინელების ქუჩაზე მარტომ გავაგრძელე გზა.ფოსტას ჩავუარე თუ არა, მაშინვე გამახსენდა სახლიდან რა განზრახვითაც გამოვედი.ცოტაოდენი ფული უნდა გამეგზავნა ჩვენებისთვის.ფოსტაში აღარავინ იყო, თანამშრომლებიც უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრები ჯერ იმის ნებას არ აძლევდათ, დაეკეტათ და მოთმინებადაკარგულები მიჩერებოდნენ ამ მრგვალ, მოზოზინე ობობას.კვრინჩხივით შავ ქალს მივუახლოვდი და ვუთხარი, ფული მინდა გავაგზავო-მეთქი.მან თითქოს საყვედურით შემომხედა, რაღაც ქაღალდი მომაწოდა და ცივად მითხრა, შეავსეო.როცა მისამართი დავწერე და თანხაზე მიდგა საქმე, შევყოყმანდი, არ ვიცოდი, ოცი მანეთი ჩამეწერა თუ ოცდაათი.ბოლოს მაინც ოცდაათი, ჩემდაუნებურად მოხდა ეს და არც მინანია, პირიქით, გამიხარდა კიდეც.ბოლოში მივაწერე:"ჩემო დედა და ჩემო დაო მათიკო, პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნით ოცდაათ მანეთს.ჩემზე ნუ იდარდებთ, მე არაფერი მაკლია, ამ ფულით მათიკოს უყიდე რამე." ქუჩაში რომ გამოვედი, ერთხელ კიდევ გავიმეორე გუნებაში:" ამ ფულით მათიკოს უყიდე რამე".თვალწინ დამიდგა ჩემი ალიწეწია, ობლად გაზრდილი დაიკო და ვიგრძენი, ცრემლმა როგორ ამიწვა თვალები.და მაინც ამაყი და კმაყოფილი ვიყავი, ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს მთელი ეს ქალაქი ჩემს მხრებზე იდგა და მე მიმქონდა.ქუჩაში თანდათან ცოტავდებოდა ხალხი და მივხვდი, რომ ახლა დეიდაჩემთან მისვლა ზედმეტი იქნებოდა.კედელზე ჩამოკიდებული ტელეფონი დავინახე და გადავწყვიტე, დამერეკა.თვითონ დეიდაჩემმა გამაგონა. -ილო ვარ, დეიდა, როგორ ხართ? -უი, მეხი კი დაგაყარე შენა, აჰა, სადა ხარ, ბიჭო, დაკარგული? -რა ვიცი, არ მეცალა, ოლია სად არის? -ოლია რომ დაინიშნა იცი? -დაინიშნა? -აბა, გუშინ გვქონდა ნიშნობა, გელოდებოდი, შე მამაძაღლო. -სად არის ახლა ოლია? -ოლია გვიან მოვა, დაბადების დღეზეა. -კარგად იყავით და მიულოცე ჩემს მაგივრად. -რათა შენს მაგივრად, შენ თვითონ მოდი და მიულოცე, არ დაიკარგო, იცოდე. -კარგი, კარგი. მგონი, დეიდაჩემს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყურმილი დავკიდე. "ოლია დაინიშნა"-ყურებში მედგა დეიდაჩემის სიტყვები.არ ვიცი და ვერც გეტყვით ოლიას გაბედნიერებამ სიხარულის ნაცვლად რად დამზაფრა.ის დიდებული განწყობილება, რაც იმ საღამოს დამეუფლა, უცაბედად გამიცამტვერდა.ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სალოცავი ხატი წამართვეს.სადგურის გადასასვლელ ხიდთან როგორ ავედი, აღარც კი მახსოვს.მაშინღა გამოვფხიზლდი, ხიდის ქვეშ მატარებლის კივილი რომ გავიგონე. "მათიკო რომ გათხოვდება, იმას როგორღა ავიტან?" და იმის გაფიქრებამ, როდისმე მათიკოსაც მომწვეტდნენ გულიდან, სულ დამშალა. ხიდზე გადავდექი და მოქოთქოთე მატარებლებს დავუწყე ყურება.ზოგი უკვე მიემგზავრებოდა, ზოგიც ახლა დგებოდა ლიანდაგზე, რომ მგზავრები აეკრიფა.ერთი სიტყვით, მატარებლები მიდიოდნენ სხვადასხვა მხარეს და მიჰქონდათ უამრავი სიხარული თუ დარდი.და მაშინ ვინატრე, როდის დადგებოდა ის დღე, როცა მეც გამოვიყვანდი მატარებელს ჩიხიდან, ჩამოვაყენებდი რომელიმე ლიანდაგზე და მგზავრებით დატვირთულს გავაჭენებდი შორეულ მხარეს. შინ რომ დავბრუნდი, თორმეტი საათი იყო.მაისაია რაღაც აფორიაქებული დამხვდა. -სადა ხარ, კაცო, აქამდე? შემეშინდა, სახლიდან ცუდი ამბავი არაფერი იყოს-მეთქი. -რა იყო, გიორგი? -რა უნდა იყოს, კაცო, მეგონა, რამე შეგემთხვა-მერე მიბრუნდა, მაგიდიდან ქაღალდი აიღო და მითხრა: -აბა, ეხლა, ჩემო ილო, ერთი ლექსი დავწერე და, თუ ძმა ხარ სიმართლე მითხარი, როგორია. -ლექსი დაწერე? -კი. ო, პოეზიის მაცდუნებელო ძალავ, რა მოსაჩვენებლად ბრწყინავ და როგორ აცდუნებ ასეულობით მოკვდავს, შენ ის ვერაგი მზეთუნახავი ხარ, ვინც მრავალი ბედის მაძიებელი უნდა შეიწიროს და მხოლოდ რჩეულნი აზიაროს თავის სილამაზეს.მაგრამ ერთი კარგი ზნე მაინცა გჭირს, ვინც შენს კალთას შემოეფერება, იმის სულს ცოტად თუ ბევრად აკეთილშობილებს.მაშ, იმაში რაღა იყო საძრახისი, თუ მაისაიაც ეზიარებოდა ამ მადლიან მირონს. 19 პარასკევ საღამოს დინამოს სტადიონთან ვიყავი დარჭობილი.ტროლეიბუსები რომ ბრუნდებოდნენ, იქ უნდა შევხვედროდი სისაურს.ანზორი იგვიანებდა.მოგეხსენებათ, მოლოდინი რა ძნელია და მეტი რა გზა მქონდა, დროის მოსაკლავად გულშემატკივრებში გავერიე.მეორე დღეს თბილისისა და კიევის "დინამოს" გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს.მე და ჩემმა ღმერთმა, კარგი მოსასმენი იყო იმათი კამათი, თვითონაც კარგი საყურებლები იყვნენ, მეტი გასართობი რა მინდოდა.კამათისგან ლამის ყელის ძარღვები დასკდომოდათ.ჭეშმარიტებისგან დასამტკიცებლად რა წვრილმან მაგალითებს აღარ იშველიებდნენ, ხუთი თუ ექვსი წლის წინათ რომელმა მოთამაშემ ბურთი როგორ გაიტანა მეტოქის კარში, ან რომელი დამცველი როგორ მოატყუა, ისიც კი ახსოვდათ.კარგა ხანს ვუსმინე მათ კამათს, ავწონ-დავწონე მათი საქციელი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მათ ფეხბურთი ხეირიანად არც იცოდნენ.უბრალო მოლაყბეენი იყვნენ და იმით მოჰქონდათ თავი, აქაო და ხუთი წლის წინანდელი წვრილმანებიც გვახსოვსო.გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, კაცი რომ ხუთი წლის წინანდელ წვრილმანებს დაიმახსოვრებს, როგორი უნდა იყოს ის კაცი.რა თქმა უნდა ან სხვა საფიქრალი აღარ უნდს ჰქონდეს, ან არა და მანიაკი უნდა იყოს.მერე სხვა ჯგუფთან გადავინაცვლე, ხალხის წრეში მოქცეული ერთი დაბალი ბიჭი, მეორეს ეკამათებოდა, ძველისძველ მაგალითებს უხსენებდა, როგორც შევატყვე, იგი უკვე გამარჯვებულად თვლიდა თავს, მოკამათე გაწბილებული იდგა.კამათი ერთ-ერთი ფეხბურთელის ავ-კარგს შეეხებოდა.ყინჩა ბიჭი უკვე ჭკუის დარიგებაზე გადავიდა. -ასეა, ძმაოსა, რომ მეკამათები, ფეხბურთიც უნდა გესმოდეს.აბა, ერთი დააკვირდი ხვალ, უბურთოდ როგორ მოძრაობს და მერე გაერკვევი. როგორც მჩვეოდა ხოლმე, უცებ ეშმაკი შემიჯდა და წამაქეზა.ეს გაყინჩული ბიჭი რამენაირად გამეცამტვერებინა.გადავწყვიტე და მოულოდნელად მივახალე: -აბა, შენ გესმის რამე ფეხბურთისა, რაღა დროს უბურთოდ მოძრაობაა, რომელ საუკუნეში ხარ?-და იქაურობას სწრაფად გავშორდი. -რაო?მოიცა, მოიცა!-გავიგონე მისი შეშფოთებული ხმა.ერთხელ კიდევ მოვიხედე, სიცილი ვეღარ შევიკავე და გზა გავაგრძელე.უკან აღარ მომიხედავს, ვიცოდი, ის ბაქიბუქა როგორ დამჯიჯგნიდა და დამამუშავებდა ხალხში, მაგრამ სულ ერთი იყო, იმ ბოღმას ვერაფრით მოინელებდა. ტრამვაის გაჩერებასთან ავედი და ის იყო, ვაგონიდან სისაურიც ჩამოხტა. -წესებს რათ არღვევთ ახალგაზრდა? ანზორი წამით შეცბა და გაიღიმა.იმ დალოცვილმა, ისეთი გაღიმება იცოდა, პირდაპირ გული გაგინათდებოდა. -აბა მოვუსვათ, სანამ გამტყეპავენ. -ვინ უნდა გაგტყიპოს?-გაოცდა სისაური. -ფეხბურთის ჭირისუფალნი გავანაწყენე, -დაწვრილებით ვუამბე, რაც მოხდა. ანზორი გულიანად იცინოდა ჩემს ოინზე. მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო.სუსხიანი ნიავი უბერავდა და უკვე შეყვითლებული ფოთლები ძირს ჩამოჰქონდა. -გუშინ მაისაია ვნახე რედაქციაში. -რედაქციაში?იქ რა უნდოდა? -ლექსს მიბეჭდავენო.ლექსებს წერს? -ახლა დაწერა პირველად.არ წაგაკითხა? -წამაკითხა. -ილოს ძალიან მოეწონაო, მართლა მოგეწონა? -ისემც მაგას რა ვუთხარი.. სისაურს გაეცინა. -მერე, რაო მიბეჭდავენო? -კი, ჩემი სოფლელი კაცი მუშაობს ამ რედაქციაში და მიბეჭდავენო. -ღმერთმა ხელი მოუმართოს, შენ ეს მითხარი, რათ დაიგვიანე? ანზორი მოიღუშა და მიპასუხა: -ექიმთან ვიყავი და იმიტომ დამაგვიანდა, ცუდად არის ჩემი საქმე, კუჭის წყლულმა შემოიმიტია. სახეზე დავაკვირდი, იქნებ ხუმრობს-მეთქი, მაგრამ საამისო ვერაფერი შევატყვე და მისმა ნათქვამმა უცებ შემაკრთო. -შიშისგან ხომ არ გეჩვენება ბიჭო? -ეჰ, ილო, ორი დღეა, ტკივილებს კედელზე ავყავარ.ხომ გახსოვს, მისაღები გამოცდების დროს ძლივს გამოვექეცი ექიმებს, ოპერაცია უნდა გაიკეთოო.ოპერაციას კი გავიკეთებ, მაგრამ როგორ...ჩვენებს უნდა შევატყობინო, პატრონი ხომ მინდა... სისაური დასევდიანდა.ამ სამ დღეში მკვეთრად შეცვლილიყო.ფერმკრთალი, გამხდარი მეჩვენა და იმწამში რაღაც ავისმომასწავებელი ამოვიკითხე მის ცისფერ, სევდიან თვალებში. -ლექსები თუ წამოიღე?-მკითხა სისაურმა. -რად მინდოდა, ზეპირად ვიცი. -წრის ხელმძღვანელმა მთხოვა, კრებულს ვცემთ და ლექსები მოიტანეო, კარგს იზამდი, შენც წამოგეყოლებინა. -ანზორ, კუჭი ადრეც გტკიოდა? გაოცებით შემომხედა, ალბათ გაუკვირდა, რომ საუბარი ისევ ძველ საგანზე დავაბრუნე.ალერსიანად გამიღიმა და მითხრა: -პირველად შარშან ამტკივდა.მას შემდეგ ხან მტკივა, ხან არა. ამასობაში ტროლეიბუსში ავედით, სამუშაო დღე იწურებოდა და ტრანსპორტში ტევა არ იყო.მთელი გზა ისე გავლიეთ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია ამ ჭედვაში.უნივერსიტეტთან რომ ჩავედით, ანზორმა ფეხი აითრია და ჭადარს მიეყუდა, სახეზე ოფლმა დააყარა, მთლად გაფითრებულიყო და მუცელზე სიმწრით იჭერდა ხელს. -რა მოგივიდა?-შეშფოთებულმა ვკითხე. -ისევ ამტკივდა, -ჩურჩულით მითხრა. უმწეოდ ვათვალიერებდი გამვლელებს, ვისი ყურადღებაც უკვე ნაწილობრივ მივიქციეთ და არ ვიცოდი, რა მეღონა. -გინდა, სასწრაფოს გამოვუძახო? -გამივლის, -ძლივს ამოსცრა სიმწრით. -მაშინ ტაქსს დავიჭერ და შინ წავიდეთ. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, მაშინვე გავაჩერე ტაქსი, ანზორი ჩავსვი და სტუდქალაქისკენ გავაქანე.ტკივილმა ცოტა გადაურა, ოთახში რომ შევიყვანე.ტახტზე წამოვაწვინე და რაკი დავატყვე, ცოტა შვება იგრძნო, გულმოცმეულმა მივადექი და ვთათხე:შე მხდალო, ეგრე რამ შეგაშინა, რომ მაგას ეკვლევინები და აქამდე ოპერაცია ვერ გაიკეთე, მაინცდამაინც მაგის ანაწერა ხომ არ უნდა გახდე.მოსაცილებელი ჭირი უნდა მოიცილო-მეთქი.ის კიდევ იღიმებოდა და თან მებოდიშებოდა.წრეს ვეღარ დავესწარითო.ბოლოს პირობა მომცა, ჩვენებს შევატყობინებ და ხვალვე დავწვები საავადმყოფოშიო, მაგრამ ძველი ანდაზაა, კაცს ჭირი რომ აღარ ახსენებს თავს, ადვილად ავიწყდებაო. 20 ის ავბედითი დღე არასოდეს დამავიწყდება.მძიმე, სევდიან მოსაგონებლად მიმყვება იგი ალბათ სამარის კარამდე. შაბათი დღე იყო.ოცდახუთი ნოემბერი.ახალგაზრდა პოეტი გიორგი მაისაია ნადიმს იხდიდა, ოთხმა მივიყარეთ თავი, თენიშვილმა, ყარამან არაბიძემ, თვითონ მაისაიამ და მე.ცივი, ღრუბლიანი საღამო იყო, გარეთ ჯერ კიდევ დღის ნათელი იდგა, მაგრამ სუნთქვით გამთბარ ჩვენს ოთახში უკვე ჩამობნელებულიყო და სინათლე გვენთო.გიორგი მაისაიას წინადადებით ყარამან არაბიძე თამადობდა.რა ვიცი, როგორ და რატომ, იმ დღიდან, რაც მაისაიამ ის ლექსი დაბეჭდა გაზეთში, არაბიძე ძალიან დაუახლოვდა.რომ იტყვიან ხოლმე, პირდაპირ მიეტმასნა.მაგრამ ამას ყველა ამჩნევდა, ჩუმჩუმად მაინც დასცინოდა.იმ ერთი ლექსით მთელ ჩვენს სასწავლებელში სახელი გაუვარდა მაისაიას.მასწავლებლები ყურადღებით ექცეოდნენ და მაისაიასაც მეტი აღარ უნდოდა.მაგრამ ყველაზე მეტად მე მაინც ის მაკვირვებდა, არაბიძე რათ დაუახლოვდა მას. ისეთი მელა იყო, ეჭვი არ მეპარებოდა, რაღაცაში სჭირდებოდა მაისაია, შესაძლოა თვითონაც ლექსებს სწერდა და გიორგი ჰპირდებოდა, დაბეჭვდაში დაგეხმარებიო.მეც ხომ რამდენჯერმე შემომთავაზა, ამა და ამ გაზეთში ჩემი სოფლელი კაცი მუშაობს და თუ გინდა მიგყვებიო, მაგრამ მე ეს არც დავიჯერე არც სურვილი გამოჩნდა, მისი დახმარებით ლექსი დამებეჭდა.იგი მთელ სასწავლებელში უკვე მომავალ პოეტად შერაცხეს და ეს მაშინ, როცა სისაურსაც კი იმ მშვენიერ ლექსებს არ უქვეყნებდნენ. მაისაიამ რომ ლექსი გამოაქვეყნა, მეორე თუ მესამე დღეს ყარამან არაბიძე ბიჭებში იდგა და თავისი დამახასიათებელი არტისტობით ჰყვებოდა: -თურმე, ბიჭებო, ამ ჩვენმა გიორგიმ ლექსი რომ დაბეჭდა, აიღო მეორე დღეს ტელეფონი და რედაქტორს ურეკავს:ბატონო რედაქტორო, მე ერთ-ერთი მკითხველი გახლავართ, -ზუსტად მაისაიას კილოთი ლაპარაკობდა ყარამანი, -ეს რა დიდებული ლექსი დაგიბეჭდავთ თქვენს გაზეთშიო. -რომელ ლექსზეა ლაპარაკი, ჩემო ბატონო?-ამჟამად არაბიძე ზუსტად ბაძავდა იმ გაზეთის რედაქტორს. -რომელზე, ბატონო და, -პასუხობს უკვე მაისაია, -გიორგი მაიასაიას ლექსზე მოგახსენებთო. -გიცანი, გიცანი, ჩემო გიორგი, -აჯავრებს ისევ ყარამანი იმ რედაქტორს, -ეს შენ თვითონ მაისაია ხარ და უკეთესი იქნება.შენს ლექსზე სხვამ დარეკოსო. ბიჭები ხორხოცებდნენ და სიცილისგან გასავათებულები თვალებიდან ცრემლს იწმენდნენ.და მაინც, მიუხედავად ამისა, ერთდროულად შეეძლო არაბიძეს, იქით ბიჭები ეხარხარებინა და აქეთ მაისაიასთვის მოექონა თავი.და აი, დღესაც სწორედ ეს არაბიძე თამადად ჰყავდა მაისაიას. არაბიძემ ჭიქა აიღო, ფეხზე წამოდგა და თაგვივით მშიშარა და ეშმაკური თვალებით გადმოგვხედა. -ამ ჭიქით, ბიჭებო, ჩვენი შეკრების მიზეზი უნდა ვადღეგრძელო, -წვრილი ხმა ჰქონდა, ყალბი და გაქნილი, -როგორც იცით, მეგობრებო, ჩვენმა ძვირფასმა გიორგიმ, ჩვენმა ძმამ, უკვე ფეხი შედგა ქართულ პოეზიის დიდ ტაძარში, შედგა და კარგადაც შედგა.მართალია, ეს ლექსი ჯერ მთლად ვერ გამოხატავს მაისაიას ნიჭს და შესაძლებლობას, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო ბრწყინვალე შედევრებს შექმნის, -არაბიძემ გადმოგვხედა.რაღაცნაირად ჩაიცინა, და მერე მაისაიას მიუბრუნდა, -ჩემო ჟორა, შესაძლოა ეს ლექსი ზოგს ბუნდოვნად მიაჩნდეს, ვერ გაიგოს, მაგრამ.... -თუ ყველამ გაიგო, ის რაღა პოეზიაა, ჩემო ყარამან, ლექსი ყველას კი არ ესმის, -მიაშველა მაისაიამ. -მართალია, -მაშინვე დაემოწმა მაისაიას ყარამანი, ისევ ეშმაკური ღიმილით გადმოგვხედა და განაგრძო, -რასაც ყველა ვერ გაიგებს, სწორედ ის არის სიბრძნე. გული მერეოდა ასეთ სიყალბესა და თვალთმაქცობაზე.იმწუთში ჩემი თავიც მეზიზღებოდა, რადგან არ შემწევდა ძალა იმისა, რომ მეთქვა, პირში როგორ ფლიდობდა არაბიძე და ზურგს უკან როგორ ვერაგობდა. მაისაია ყველამ დავლოცეთ.დიდი მომავალი ვუსურვეთ.შემდგომ ამისა, არაბიძემ კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო დალია და სწორედ მაშინ, როცა თენეიშვილის სადღეგრძელოს სვამდა, კარზე კაკუნი გაისმა.გავიხედე და გულს შემომეყარა.შეშფოთებული სახით იდგა ანზორ სისაურის მეგობარი გოგონა ეკა.მყისვე ავად ვინიშნე მისი სტუმრობა. -რა მოხდა ეკა? მან სლუკუნ-სლუკუნით ამოთქვა: -ანზორი საავადმყოფოში წაიყვანეს.მგონი, კუჭის წყლული გაუსკდა.ილოს შეატყობინეო, დამიბარა, თუ წამოხვალ, დაგიცდი. თავზარი დამეცა.ერთ წუთს გაშეშებული ვიდექი, მერე უცებ შევბრუნდი ოთახში და კოსტუმს ვეცი. -რა მოხდა? -შეშფოთდნენ ბიჭები, როცა კოსტუმი გადავიცვი. -სისაური წაუყვანიათ საავადმყოფოში, -მივაძახე ბიჭებს და ფეთიანივით გამოვვარდი. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღვიდგინე მეხსიერებაში, რას ვეკითხებოდი ეკას გზაში ანზორის თაობაზე და რას მპასუხობდა მთლად დაბნეული და დაზაფრული ქალიშვილი.თუმცა ამას ახლა რაღა აზრი აქვს, ყველაფერი რომ მშვიდობიანად დამთავრებულიყო, კიდევ მესმის.საავადმყოფოში რომ შევედი, მარტო ისღა მახსოვდა ეკას ნათქვამიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, ახლა ყველაფერს წუთები წყვეტსო, ასე მითხრა ექიმმაო და მეგონა, უფრო სწორად, ღრმად ვიყავ დარწმუნებული, რომ ოპერაცია უკვე გაკეთებული ექნებოდათ. საავადმყოფოს შესავლელ კარში მეკარე გადაგვეღობა.ასე ორმოცი წლის კაცი იქნებოდა, ჯან-ღონით სავსე ჩანდა, შავი და ჩაკურატებული. -შესვლა არ იქნება, -ცივად გვითხრა და წინ დაგვიდა. -მეგობარს ოპერაციას უკეთებენ-მუდარით ყელი ავუწიე. -მერე შენ რა ექიმი არის?-გულგრილად მომიგო და თან ჩაიცინა, მაგრამ ეკა რომ დაინახა, გზიდან ჩამოგვეცალა და გაგვატარა. მეორე სართულზე ავირბინეთ და რომელიღაც კარებისკენ გამოსულ ქალს მივარდა ეკა. -როგორ არის, ქალბატონო, საქმე, გაუკეთეთ ოპერაცია? ქალი შემობრუნდა, სათვალის ზემოდან ეკას დააკვირდა და ჰკითხა: -რომელ ოპერაციაზე მეკითხები გოგონა? -აი, იმაზე, სისაური რომ მოიყვანეს, კუჭის წყლულიანი. -აჰა, ახლა დაიწყეს ოპერაცია, რთული მდგომარეობაა, თქვენ რა ხართ იმისი? ქალიშვილი აწითლდა და ენა დაება. -მე...მე მეგობარი გახლავართ. ეკას ისეთი საბრალო სახე ჰქონდა, ისე გაფითრდა, რომ ექთანმა, ეტყობა ეს შეამჩნია და უთხრა: -ალბათ ყველაფერი კარგად დამთავრდება, გამოცდილი დასტაქარი უკეთებს ოპერაციას. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა ეს საუბარი გვქონდა, აი აქედან მოყოლებული თითქმის სამი საათი რაღაც წარმოუდგენელ ჯოჯოხეთში ვიყავი ჩავრდნილი.ეს იყო მძიმე, დამქანცველი მოლოდინი, რამაც შეიძლება სიცოცხლე გაგინახევროს.ორიოდე ნაბიჯზე, საოპერაციო ოთახში ბეწვის ხიდზე გადიოდა ჩემი მეგობარი, საბედისწეროდ მოქანავე სასწორზე სიკვდილი და სიცოცხლე იწონებოდა.თუ ადამიანის დასჯა გინდათ, ასეთ ყოფაში უნდა ჩააგდოთ.როგორი საქმეა, წამისწამ ელოდე, როდის გამოვა საოპერაციოდან დასტაქარი და რას გვამცნობს, სიხარულს თუ უბედურებას და ეს წამები აღარ და აღარ თავდება, გგონია საუკუნე გადის. გამახსენდა, ბოლო დროს ანზორმა რომ მითხრა, ხვალვე დავწვებიო საავადმყოფოშიო, ნუთუ ასეთი დაუდევრობით აქამდე უნდა მიიყვანო საქმე, რომ შენი სიცოცხლე ბეწვის ხიდზე შეიგდო! მთლად გაფითრებული ეკა ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა, აცახცახებული გადიოდა და გამოდიოდა. ახლა ვეღარც კი ვიხსენებ, ბოლო წუთებში რაზე ვფიქრობდი და რას ვაკეთებდი, მხოლოდ ისღა მახსოვს, ვიღაც სანიტარი ქალი რომ მიუახლოვდა ეკას და უთხრა, ოპერაცია დამთავრდა და ალბათ ყველაფერი რიგზე იქნებაო.მახსოვს, დაქანცული და ოფლში გახვითქული დასტაქარი ფეხზე ძლივს იდგა და ექთანს რაღაც მითითებას აძლევდა, ხოლო ეს უკანასკნელი ეკას ეუბნებოდა: -ავადმყოფი ჯერ მძიმედ არის, ბატონმა შალვამ ყველაფერი იღონა, რაც შეიძლებოდა.მოსალოდნელია სისხლის მოწამვლა.თუ ცერაპინს იშოვით კარგი იქნება. -ცერაპინს?-ჰკითხა ეკამ. -დიახ, ეგ წამალი არ იშოვება.ეგებ ვინმე გყავთ ისეთი... -არც ხელზე იშოვება, ქალბატონო? ექთანმა ახედ-დახედა და მიუგო: -ხელზე ძალიან ძვირია. ეკამ ისეთი თვალებით შემომხედა, უეჭველია ჩემგან მოითხოვდა შველას.როცა ექთანი წავიდა, მომიბრუნდა და მითხრა: -შენ წადი, ილო, -აცახცახებული ხელებით გახსნა ჩანთა, ფული ამოიღო და გამომიწოდა, -თუ დააკლდეს, ეგებ იშოვო სადმე და დაუმატო. სირცხვილით დავიწვი, ფულის გამოსართმევად ხელი ვერ გავუწოდე და ძალით ჩამიდო ჯიბეში. -იქნებ საჭირო ვიყო, დავრჩები, -ესღა ჩავილუღლუღე. -არა, დილაზე მოდი და ეგ წამალი მოიტანე თუ იშოვო. -შენ რაღას გაუკეთებ ამაღამ?-მისი მარტო დატოვება მეუხერხულებოდა და ეს იმიტომ ვუთხარი. მწარედ ჩაიცინა. -მე ფეხს ვერ მოივიცვლი აქედან. კრინტი აღარ დამიძრავს.კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, შევყოყმანდი, ფეხი უკან მიდგებოდა, თითქოს ღალატს ჩავდიოდი.მინდოდა წამოსვლისას საიმედო რამე მეთქვა, მაგრამ საამისო ვერაფერი მოვიფიქრე. ალბათ ორი საათი იქნებოდა, ქუჩაში კაცი აღარ ჭაჭანებდა.ნაგვიანევმა ტროლეიბუსმა ჩაიარა ორიოდე მგზავრით. სუსხიანი ქალი უბერავდა, საკმაოდ ციოდა და ამ დაძაბულ ღამეს უფრო მოსაწყენსა და პიქუშს ხდიდა, არც ვიცოდი და არც განმისჯია, სად მივდიოდი, ან ფეხით როდემდე უნდა მევლო, სევდა შემომაწვა გულზე, ისე მეგონა, ამ ვეება ცასა და დედამიწას შორის ვიღაცამ გამომამწყვდია და ეულად დამტოვა. ზურგიდან აჩქარებული ფეხის ხმა გავიგონე, მერე ლაპარაკიც.მოვიხედე და გავოცდი, თვალი ხომ არ მატყუებს- მეთქი.მაისაია და თენეიშვილი მომდევდნენ, ეტყობოდათ, საავადმყოფოს ეზოდან გამოვიდნენ. -ყველა საავადმყოფო დავიარეთ და ძლივს მოგაგენით, -საყვედურით მითხრა თენეიშვილმა, როცა მომიახლოვდნენ. -როგორ არის საქმე? პასუხი ვეღარ გავეცი.მათ დანახვაზე სიხარულისგან გული ამიჩუყდა და ცრემლი მომადგა. 21 ისევ ჩემი დეიდაშვილი ოლია თუ მიშველიდა.აბა, სხვას ვის უნდა მივდგომოდი ამ ოხერ ქალაქში.იგი ისეთი კეთილი გულისა იყო, ისეთი კარგი, როგორც ავუხსნიდი რაში იყო საქმე, ქვას გახეთქავდა და იმ წამალს მაშოვნინდებდა. გამეღვიძა თუ არა, ფეთიანივით წამოვვარდი, ოლიამ არ გამასწროს -მეთქი სამსახურში. მაისაიას ისევ ღრმა ძილით ეძინა.ან რა გაემტყუნებოდა, წუხელ თენეიშვილი საერთო საცხოვრებელში მივაცილეთ და შინ რომ დავბრუნდით სამი საათი იყო.მეც ვეღარ წავართვი დროზე ძილს თავი. ფრთხილად წამოვდექი, რომ მაისაია არ გამეღვიძებინა, იმას რაღაზე უნდა გაემწარებინა ძილი, თუ რამ საშველი იყო, მეც ავუვიდოდი.ტანსაცმელი სწრაფად გადავიცვი და ქუჩაში გამოვედი.მშვენიერი მზიანი დილა იყო, ისეთი კამკამა მზე დაჰყურებდა ქალაქს, ქუჩაშიც ისეთი განწყობილება სუფევდა, როგორ იფიქრებდით, თუ ვინმეს სადმე გასაჭირი ედგა.სკოლისკენ მიჟრიამულებდნენ მოწაფეები, ალბათ ჯერ ცხრა საათი არ იყო.პირველსავე ტრამვაის შევახტი და რამდენიმე წუთში დინამოს ბაღთან ამოვყავი თავი.ბაღი სწრაფად გადავჭერი და დეიდაჩემის ეზოში რომ შევედი, ეჭვმა შემძრა, ვაითუ ოლია შინ არ დამხვდეს-მეთქი, ასეც მოხდა, არც ოლია იყო შინ და არც დეიდაჩემი.კარი საიმედოდ იყო დაკეტილი. "ალბათ დავაგვიანე"-სიმწრით გავიფიქრე და თვალწინ დამიდგა ჩემ მოლოდინში გაწამებული ეკა.მკვდარივით გამოვბრუნდი.აღარაფერი იმედი არ გამაჩნდა, გაოგნებული ვიდექი ქუჩაში, დეიდაჩემის ეზოს ჭიშკართან და ბოლოს უიმედოდ გავყევი ქუჩას.უცებ თითქოს ვიღაც უხილავმა ჩამძახა ყურში. "თუ რამე გაგიჭირდეს, მოდი, როგორც შვილი მამასთან, საგურამოს ქუჩაზე ვცხოვრობ, ათ ნომერში".-და ის უცნობი კაცი დამიდგა თვალწინ.ამაზე მეტი გასაჭირი რაღა უნდა მქონოდა, მეგობარი მეწვა გაფატრული, აღარავინ მეგულებოდა, ვინც წამალს მაშოვნინებდა და ალბათ ამ გაჭირვებამ ამოატივტივა ჩემი მეხსიერებიდან ის კაცი. საგურამოს ქუჩაც იქვე იყო და უნდა მივსულიყავი, მეტი რა გზა იყო, თავის პირით არ მითხრა, მოდიო?! საგურამოს ქუჩაზე რომ დავუხვიე, ერთი პირობა მაშინ შევჭოჭმანდი, უხერხული ხომ არ იქნება იმ ბერიკაცთან მისვლა, ვაითუ ვერ გამიხსენოს -მეთქი, მაგრამ ეს ფიქრი მაშინვე უკუვაგდე.საკუთრად რომ მდგომოდა კარზე ჭირი, ალბათ ვერც მივბედავდი, მაგრამ მეგობრის გულისთვის უკან როგორ დავიხევდი.ათ ნომერ სახლთან შევჩერდი, ეზოში კაცის ჭაჭანება არ იყო.ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა ქალი გამოვიდა, ლერწამივით მოირხეოდა, რომ მომიახლოვდა შეჩერდა, ლამაზი თვალებით კუშტად შემომაჩერდა. -ქალბატონო, ამ ეზოში ერთი კაცი ცხოვრობს, გვარი არ მახსოვს.. -ვინა, ვინა?-წარბი შეიკრა, თან ნაბიჯის გადასადგმელად გადახრილიყო გვერდზე. -ხნიერი კაცია, კოჭლი...-ცოტა არ იყოს დავიბენი.როგორი საქმეა, ქალაქში კაცს ეძებ და სახელიც არ იცი. -აჰ, ეფრემი გინდა ნამდვილად.აგერ, პირდაპირ რომ კარები ჩანს, იქ შედი-და ქალმა ლამაზი ტანის რხევით გააგრძელა გზა. ერთხან ვიდექი და იქით ვიყურებოდი, ქალმა რომ მიმანიშნა.უბრალო, ვიწრო კარები სამსსაფეხურიანი ხის კიბით უერთდებოდა მიწას.კარების გვერდზე შუშაბანდის ფანჯარა ღია იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი მასპინძელი შინ იმყოფებოდა და ამ ღია ფანჯრიდან სუნთქავდა ნაწვიმარ სუფთა ჰაერს.გამბედაობა მოვიკრიბე, მოზვერივით დავღუნე თავი და პირდაპირ მივადექი კარზე. კიბეზე არც ავსულვარ, დაბლიდანვე შევწვდი და საკმაოდ მაგრად დავაკაკუნე.რაღაც ნახევარ წუთში ღია ფანჯარა ჩემთვის ნაცნობმა სხეულმა დაფარა.დანახვისთანავე აღიდგინა იგი მეხსიერებამ.ოდნავ გავუღიმე და თავი დავუკარი.თვალებმოჭუტული დამაკვირდა, მერე თავი ოდნავ გვერდზე გადაღუნა და ცალი ყბა ჩამოებერა, რაც მაშინვე მეცნაურა.თვალებით გამიღიმა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ მიცნო.კარი მაშინვე გამოაღო და აგრე ნაცნობი, ოდნავ ჩახრინწული მისი ხმაც გავიგონე: -მობრძანდი ყმაწყვილო! კიბეზე ავალაჯე და შევედი.მოხუცი ისევ დაჟინებით მაკვირდებოდა.ცდილობდა როგორმე გავეხსენებინე. -ვეღარ მიცანით, გახსოვთ, დინამოს ბაღში რომ შემხვდით, აგვისტოში, უნივერსიტეტიდან მოვდიოდი ჩაჭრილი..თქვენ მითხარით, თუ რაიმე გაგიჭირდეს, ჩემთან მოდიო... -აჰ, -რაღაც დარდიმანდულად გადასწია გვერდზე თავი და გაიბადრა, -მოდი ყმაწვილო, აბა როგორ ხარ, სად მოეწყვე, რამ გაგახსენა ჩემი თავი. შინ შემიძღვა, მორიდებით შევედი და იქაურობა მოვათვალიერე.მოზრდილი უფანჯრო ოთახი ნახევრად იყო ჩაბნელებული.შუშაბანდიდან შემოსული შუქი არა ჰყოფნიდა.ოთახის ერთი კედელი მთლიანად დაეფარა წიგნებს.ამდენი წიგნები ერთად ჩემს სიცოცხლეში არ მენახა.ერთი მოზრდილი ხის ტახტი, ორი მაგიდა, ორი სავარძელი და ერთი კარადა, აი, მთელი ავლადიდება, ამ ოთახს რომ ამშვენებდა.კედელთან მიდგმული ძველებური კედლის მაგიდა წიგნებითა და ქაღალდებით ჰქონდა დაფარული, ხოლო მეორე, პატარა მრგვალი მაგიდა თავისუფალი გახლდათ, ეტყობა, მას სასადილო მაგიდად ხმარობდა.ოჯახს ქალის ხელი აშკარად აკლდა. "ნუთუ მარტოხელაა?"-გავიფიქრე. მოხუცმა სინათლე ჩართო, სავარძელზე მიმითითა და თვითონაც ჩემ პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა.ოთახს საზეიმო იერი დაედო.ჯერ უამრავ წიგნებს მოვავლე თვალი, მთელი ოთახი სიგრძე სიგანზე რომ დაეფარა და მერე საწერ მაგიდაზე გაფანტულ ქაღალდებსა და გაშლილ წიგნებს. "ნეტავ რა ხელობის კაცია?" -აბა ყმაწვილო, მითხარი რასა იქმ და სადა ხარ?-ცალი მხარი მაღლა აეწია და მოჭუტულ თვალებში ისეთი ღიმილი ედგა, კაცი ვერ მიხვდებოდა, დამცინავი იყო თუ ალერსიანი. -რკინიგზის პროფტექნიკურ სასწავლებელში მოვეწყე, გახსოვთ, თქვენ რომ მირჩიეთ ბაღში.თანაც მითხარით, თუ რაიმე გაგიჭირდეთ, ჩემთან მოდი, საგურამოს ათ ნომერში ვცხოვრობო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს აღარ უნდა მეთქვა, მოხუცს შევხედე, აბა როგორ მიიღო ჩემი ნათქვამი-მეთქი და შევამჩნიე, რაღაც ნათელმა როგორ გაუბრწყინა სახე. -მახსოვს, ყმაწვილო, მახსოვს, -სევდიანად ჩაიცინა-მახსოვს, როგორ იყავი დაბოღმილი.მაშ, ჩემი რჩევა ჭკუაში დაგიჯდა ჰა? და მივხვდი, რომ მას ახლაღა გავახსენდი, მანამდე წვალობდა და ვერ გავეხსენებინე. -კარგია, ყმაწვილო, რომ მოგაგონდი, ოღონდ გულახდილად მითხარი, რა გაგიჭირდა, უამბოდ არ მოხვიდოდი, ხომ ასეა? უცბად ვერაფერი ვუპასუხე.ერთი კი გავიფიქრე, ეგებ არ უნდა მოვსულიყავი- მეთქი.მიჭირდა იმ მიზეზის თქმა, რისთვისაც მოვედი, მაგრამ უკან დასახევი რა დამრჩენოდა, თანაც მოჭუტული თვალებით ისე ჩამჩერებოდა ეს უცნაური მოხუცი, რომ მეგონა, სულში ჩამყურებდა და ჩემს ზრახვებს ხვდებოდა. -იცით რა, მაპატიეთ, მაგრამ სხვა არვინ მეგულება ამ ქალაქში ისეთი, რომ დამეხმაროს. -ნუ გერიდება, თქვი, შვილო, რა გიჭირს? -მეგობარს ოპერაცია გაუკეთეს, მძიმედ არის, ერთი წამალია საშოვნელი, იქნებ თქვენ დამეხმაროთ. სავარძელზე შეტოკდა, ცნობისმოყვარეობით დამაკვირდა. -რის ოპერაცია გაუკეთეს, ყმაწვილო, როდის? -კუჭის წყლული გაუსკდა, წუხელ გაუკეთეს. -მეგობარია შენი? -დიახ, აქ სხვა პატრონი არავინა ჰყავს. -რა წამალია ასეთი? -ცერაპინი. კარგა ხანს იყო ჩაფიქრებული, სახეში ჩამცქეროდა, თითქოს უნდა სიმართლე ამოიცნოსო, მერე სავარძლიდან წამოდგა, კოჭლობით მივიდა მაგიდასთან და ჩაილაპარაკა: -მრავალ არიან მეგობარსა ჟამსა დღე-კეთილობისასა, ხოლო ჟამსა განსაცდელისასა ძლივს ერთიღა ჰპოვო, -გამომხედა და ღიმილით დასძინა, -ის ერთი შენ ყოფილხარ, ყმაწვილო და მიხარია.-მაგიდასთან დაჯდა, ქაღალდზე რაღაც დაწერა, კონვერტში ჩადო და მითხრა: -ეს წერილი სააფთიაქო სამმართველოში წაიღე.იცი სად არის? -ვიცი, როგორ არ ვიცი.-სიხარულით მივახალე. -ჰოოდა, ხუცურაული იკითხე, მოიცა-კონვერტს ზემოდან დააწერა გვარი და სახელი-უსათუოდ გიშოვის.თუ ვერ იშოვა, მაშინ სხვა გზას ვნახავ.იცოდე, იშოვი თუ არ იშოვი, მაინც შემატყობინე, ისიც მაინტერესებს, როგორ იქნება შენი მეგობარი. აუცილებლად შეგატყობინებთ-მეთქი, დავპირდი და გამოვბრუნდი.კარებში შემაჩერა. -ფული გაქვს, ყმაწვილო? -მაქვს, როგორ არ მაქვს. -ნამდვილად?-და თვალები ისევ მოჭუტა. -ნამდვილად, გეფიცებით. და ქუჩაში გამოვვარდი.ყველაფერი დამავიწყდა, დაღლილობაც და ის შიშიც, წუხელ საავადმყოფოში რომ დამეუფლა.ღრმად მწამდა, სისაური გადარჩებოდა, გადარჩებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი კეთილი და გულისხმიერი ადამიანები ცხოვრობდნენ ამ ქვეყანზე, როგორიც ეს მოხუცი იყო. ტაქსი დავიჭირე და ვუღხარი, სადაც მივდიოდი.გულმა არ მომითმინა, კონვერტიდან მაინც ამოვიღე წერილი: "ძმაო ნოდარ, ამ წერილს იმიტომ გწერ, რომ ვიცი, რა კაციცა ხარ და როგორ გიძგერს გული თანამოძმისათვის.ეს ყმაწვილი ჩემი ახლობელია, ძალინ უჭირს, ქვა გახეთქე და აშოვნიმე წამალი.ამით შენ იხსნი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს და ერთხელ კიდევ მოიხდი იმ ვალს, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი კაცობით"-შენი ეფრემ იორდანაშვილი. "ეფრემ იორდანაშვილი.ნეტავ ვინ არის ეს ხვთისნიერი კაცი, რა ხელობისაა?" სამმართველოში ნოდარ ხუცურაული როგორც კი ვიკითხე, მაშინვე მიმასწავლეს, თურმე მმართველი პირველი მოადგილე იყო და ვის არ ეცოდინებოდა.ეფრემზე გაცილებით უმცროსი ჩანდა, თხელი კაცი იყო, თმაჭაღარა.წერილი წაიკითხა, ამხედ-დამხედა და ყურმილი აიღო.ერთი არ უკითხავს, ვისთვის გინდა, ან ეფრემი შენი რა არისო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ათიოდე წუთის შემდეგ ხელში მქონდა წამალი და თავი ისე წარმომედგინა, თითქოს ქვეყნის ბატონ-პატრონი ვიყავი.ეკა კორიდორში დამხვდა.ისეთი თვალებით შემომხედა, დარწმუნებული ვარ, ხელცარიელი რომ მივსულიყავი, იმ შემთხვევას ვერ გავუძლებდი.წამალიც გადავეცი და თავის მოცემული თხუთმეტი მანეთიც, რომელიც აღარ დამჭირებია. -როგორ არის?-ვკითხე მაშინვე. -არაფერი არ ვიცი, არაფერი.სულ სძინავს, გაიღვიძებს ერთი წუთით, შემომხედავს, დამაკვირდება და ისევ იძინებს. კორიდორში ხალხი გადი-გამოდიოდა.შევამჩნიე, უკვე ფეხადგმული ავადმყოფებიც და მნახველებიც თითქოს განზრახ გამოდიოდნენ, რომ ეკა დაენახათ, ისე უყურებდნენ, თითქოს სხვა მიწიდან მოსილი არსებააო, ქალიშვილი ეტყობა ამას გრძნობდა, მაგრამ აინუნშიც არ აგდება.ამის გული სადღა ჰქონდა.მერე მივხვდი ყველაფერს.როგორც ჩანდა, მთელმა სართულმა გაიგო, რომ მძიმე ავადმყოფს შეყვარებული ედგა თავზე და ახლა ეს ჰქონდათ სალაპარაკოდ და თავშესაქცევად. -ახლაც სძინავს?-ვკითხე ეკას. -სძინავს ნახავ? შევჭოჭმანდი.არაფრით არ შემეძლო, ანზორი ამ ყოფაში მენახა და ესღა მოვიმიზეზე. -არა, ეძინოს.არ მინდა გავაღვიძო. -ილო, ძალიან გთხოვ, დეპეშა გაუგზავნე ახლავე ანზორის მშობლებს, სასწრაფოდ ჩამოვიდნენ.მისამართი ხომ იცი? -ვიცი, როგორ არ ვიცი. და საავადმყოფოდან გამოსული, როცა დეპეშას ვგზავნიდი ანზორის მშობლებთან, მაშინ რაღაცამ მიკარნახა, რომ უბედურება გარდაუვალი იყო.
22
აჰა, მიიწურა ჩემი ქალაქური თავგადასავლიც.ამ მოკლე ხნის მანძილზე ბევრ რამეში ჩამახედა ცხოვრებამ, ხან რწმენით ამავსო, ხან იმედისგან დამცალა. გამოგიტყდებით, ჭირივით მძულს, როცა მკითხველის გრძნობებზე სენტიმენტალური ამბებით ვაჭრობენ.ამიტომ არ მინდა, დაწვრილებით აღვწერო სისაურის დაღუპვის ამბავი და ჩემი განცდები. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და რას ვიზამთ, ზოგი როდის დავღამდებით ცხოვრების გზაზე და ზოგი როდის.ოღონდ სანანებლად ის დამრჩა, რომ სიცოცხლის გაყრის წინ ვეღარ ვნახე ჩემი უბედური მეგობარი. გულახდილად გითხრათ, დაკრძალვაზე წასვლა აღარც მინდოდა.ნეტავ რაღა აზრი ჰქონდა, ვის ვიცნობდი იქ ანზორის გარდა, ვისაც უკვე დაემკვიდრებინა სასუფეველი იმქვეყნად, ვინც ვეღარც დამინახავდა და ვეღარც ჩემს მისვლას გაიგებდა, მაგრამ ამ ფიქრს ხმამაღლა როგორ გავამხელდი. ცივი, ჟინჟღლიანი დღე, ხალხით გაჭედილი ატალახებული ორღობე.ქოლგიანი ქალები გზას გვითმობენ, თან ქოლგის ქვეშიდან ცნობისმოყვარედ გვითვალთვალებენ.ფეხით აჭინჭყლულ ეზოში ცეცხლი დაენთოთ და საძროხე ქვაბებთან მზარეულები ფუსფუსებდნენ.ეს ყველაფერი ისე საზიზღრობად მომეჩვენა, ვინანე, რათ წამოვედი-მეთქი.გამოთხოვების საბოლოო წუთები დამდგარიყო, დაუმთავრებელ სახლის კიბეზე რიგი დუმილით მიიწევდა წინ. სამივენი გაქვავებულებივით ვდგავართ ცხედართან.ქალებში ჩამჯდარმა პირისახედაბურულმა ქალმა ჩვენ რომ დაგვინახა, რაღაც დაატირა მიცვალებულს.ვერ გავიგეთ, რა დაატირა, ის კი დავინახე, რომ მაისაიამ და თენეიშვილმა ვეღარ გაუძლეს და თვალები მოისრისეს.მე კი პირდაპირ ქვად გადავიქეცი.წარბშეკრული დავცქეროდი გულზე დაკრეფილ მის დიდრონ ხელებს, მუგუზალივით გაშავებულ პირისახეს, ოდესღაც რომ ლამაზი ღიმილით გაბრწყინდებოდა ხოლმე და სულერთთავად ჩამესმოდა ყურებში:"საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი, ისე ყიოდა". უცებ მოვცილდი ცხედარს.მაისაია და თენეიშვილიც გამომყვნენ.აივანზე რომ გამოვედი, ეკას მოვკარი თვალი.ფერმიხდილი ქალიშვილებს ჩაეყენებინათ შუაში და რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.ალბათ ანუგეშებდნენ თუ არწმუნებდნენ, რომ "ყოველი მიწით გამოსრული მიწა არს თანად და კუალად მიწად მიმავალ". სოფლის უბრალო სასაფლაოზე მისცეს სისაურს უკანასკნელი და სამუდამო თავშესაფარი.აღარ გავჩერდი და წამოვედი, რადგან ახლა გულს მირევდა ის წესი და ადათი, რაც დაკრძალვის შემდეგ უნდა აღესრულებინათ. ჩემთვის უღიმღამოდ გაიარა იმ ზამთარმა.უსისაუროდ ობოლივით ვგრძნიბდი თავს ქალაქში.ეგ იყო სწავლას უფრო ბეჯითად მოვეკიდე.ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი სასაწავლებელს, როდის გამამწესებდნენ სამუშაოდ. მარტის ბოლოს გამომიცხადეს, ამა და ამ დღეს ხაშურამდე ელმავალს თანაშემწედ უნდა გაჰყვეო.ამას ველოდი მოუთმენლად.ასე მეგონა, თითქოს რაღაც ახალ ზღაპრულ სამყაროში უნდა მემოგზაურა. იმ წელიწადს გაზაფხული ადრე მობრძანდა.მზიანი, თბილი დღეები დაიჭირა და მარტიდანვე გადარია დედამიწა.მწვანედ, თეთრად და ნარინჯისფრად მორთო სამყარო. ოცდაათ მარტს, ამ დღეს რა დამავიწყებს, დილით ათ საათზე თბილისიდან ხაშურისკენ დავიძარით საბარგო მატარებლით.მეელმავლე გადასარევი კაცი გამოდგა.სიცოცხლეს რომ შეგაყვარებს, ისეთი.ალბათ ასეთ ადამიანებს უჭირავთ ზურგით ეს ქვეყანა, თორემ სიცოცხლე აღარ ეღირებოდა. მცხეთასთან დაკლაკნილი მტკვარი, ცაში გადმოკიდებული ჯვრის მონასტერი და მზეზე გუმბათმოელვარე სვეტიცხოველი, წარსულზე ფიქრით რომ გარინდულა და, თითონ მცხეთა, ჩვენი ჟრჟოლვა და დიდი მატიანე. ეს-ეს არის, ამობიბინდა მოლი.სხვადსხვაფრად დაფეთქილა ხეხილი.მტკვრის პირებზე მწვანედ ხასხასებენ ტირიფები, იასამნებიც უკვე გადაპენტილან.ამის შემხედვარეს ყველაფერი მავიწყდება და მინდა ვიკივლო:სიცოცხლეს გაუმარჯოს! სიცოცხლეს გაუმარჯოს, რადგან ასეთი ლამაზია სამაყარო, რადგან ქვეყანაზე კიდევ ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, როგორიც ეფრემ იორდანაშვილია, თენეიშვილია, მაისაია, როგორიც ჩვენი ოსტატი ჩანკვეტაძეა, როგორიც ეკაა, ვისაც ასეთი დიდი და ერთგული სიყვარული სცოდნია. ეფრემ იორდანაშვილი გავაწბილე.პირობა ვეღარ შევუსრულე.ვეღარ მივედი ამ დიდი, მხურვალე გულის კაცთან, მაგრამ მივბრუნდები თუ არა თბილისში, აუცილებლად მივალ, ჩემი მეგობრებიანად მივალ და მადლობას ვეტყვი ყველაფრისათვის. ჩენი საბარგო მატარებელი კი მიჰქრის, მისრიალებს, ლიანდაგები ელვარებენ მზეზე, ხანდახან ფანჯრიდან თავს გამოვყოფ, გავხედავ ბოლო ვაგონებს, მოსახვევში რომ მოიკლაკნებიან ხოლმე და მგონია, თითქოს საკუთარი მხრებით მიმქონდეს ეს მთელი შემადგენლობა. გულში ვნატრობ, ნეტავ ახლა ჩვენები მხედავდნენ-მეთქი. სადღაც მცხეთის იქით მწვანე შუქი ციმციმებს და გზას გვიხსნის. მე კი უხმოდ ვკივივარ: -სიცოცხლეს გაუმარჯოს!
ასევე იხილეთ
63 3-ს მოსწონს
|