x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ტინდიელები
image


ტინდიელები (ტინდალები, ბოგოსელები) ცენტრალური დაღესტნის ჩრდილოდასავლეთი ნაწილის მკვიდრი მოსახლეობაა. მათი თვითსახელწოდებაა “იდერი”. ისინი მიეუკთვნებიან დაღესტნის ხალხთა ხუნძურ-ანდიურ-ცეზური ჯგუფის ანდიურ ქვეჯგუფს.

ტინდიელთა მეზობლები არიან ბაგულალები, ჭამალალები, ხვარშიელები, ხუნძები. ტინდიელები თავიანთ ეთნიკურ ტერიტორიაზე კომპაქტურად არიან განსახლებულნი (სოფლები: ტინდი, აკნადა, ანგიდა, ტისი, ტისი-ახიტლი, ეჩედა). ამას გარდა, ტინდიელთა ნაწილი საინგილოში, ძირითადად, ზაქათალაში გადასახლდა. იძულებითი და ნაწილობრივ, სტიქიური გადასახლების შედეგად ისინი განსახლებულნი არიან აგრეთვე ყიზილიურტისა და ხასავიურტის რაიონებში. დღეს ადმინისტრაციულად ტინდიელები წუმადის რაიონში შედიან.


image(აული ტინდი)



ტინდიელთა სოფლები ძირითადად ანდიის ყოისუს მარჯვენა შენაკადებზე მდებარეობს, ნაწილობრივ _ მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზეც. ანთროპოლოგიურად ტინდიელები კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. დაღესტნელთა ანთროპოლოგიური ტიპის ამ ვარიანტს ახასიათებს ტანის სიმაღლე, ღია ფერის პიგმენტაცია, ვიწრო სახე.

როგორც სხვა ანდიელცეზები, ტინდიელებიც იზოლიატები არიან: ამ პოპულაციურ ჯგუფში გენეტიკური შერევები თითქმის არ ხდებოდა. ტინდიელები ლაპარაკობენ ტინდიურ ენაზე, რომელიც ჩრდილოეთკავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური შტოს ხუნძურ-ანდიურ-ცეზური ჯგუფის ანდიურ ქვეჯგუფში შედის.

ენას განსაკუთრებული დიალექტური დიფერენციაცია არ ახასიათებს. მხოლოდ ტინდიელთა კილო-თქმებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის ხუნძური და რუსული ენები.


1995 წლის მონაცემებით, ტინდიელთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია. 1866 წელს 2515 ტინდიელი იყო აღრიცხული, 1886 წელს _ 3262, 1916 წელს _ 3864, 1926 წელს _ 3812, 1939 წელს _ 5800. ტინდიელთა რაოდენობასა და მათ კეთილდღეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 1944 წელს იძულებითმა გადასახლებამ ჩაჩნეთში და 1957 წელს ბარის დაღესტანში უკან გადმოსახლებამ. ტინდიელებს თავის აღწერაში იოანე ბაგრატიონი ასახელებს. მისი სიტყვით, “ტინდი ერთი თემია. მასში კომლი არის 806”.

არქეოლოგიური მასალებით ძვ.წ. ბოლო საუკუნეებსა და ადრე შუა საუკუნეებში ტინდიელთა წინაპრები ბინადარი მიწათმოქმედები და მესაქონლეები იყვნენ და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ წინა აზიასა და სამხრეთ კავკასიასთან. როგორც სხვა ანდიელი ხალხები, ტინდიელებიც დიდოს ეთნოპოლიტიკურ გაერთიანებაში შედიოდნენ.

XVს-ში დიდო დაიშალა და მასში შემავალმა ტომებმა მთელი რიგი სასოფლო საზოგადოებები ჩამოაყალიბეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ტინდიელებისა იყო. დაახლოებით ამ პერიოდიდან დაიწყო ტინდიელთა ისლამიზაციის პროცესი, თუმცა ეს პროცესი აქ XVIIIს-ის ბოლომდე გაგრძელდა.

XIVს-ის მუჰამედ რაფის თხზულებაში ტინდიელები მოხსენიებული არიან როგორც დამოუკიდებელი ეთნიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეული. რუსეთის შემადგენლობაში ტინდიელები 1813 წლიდან არიან (გულისტანის სამშვიდობო ზავი ირანთან).

კავკასიის ომების დროს ტინდიელები აქტიურად მონაწილეობდნენ იმამ შამილის მხარეზე; მონაწილეობდნენ მთიელ დაღესტნელთა 1877 წლის ანტიკოლონიურ აჯანყებაში. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ტინდიელები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ხუნძი ხანების დამპყრობლურ მისწრაფებებს. ამ მიზნით, ტინდის სასოფლო თემთა კავშირს ხანგრძლივი და მოკლე შეთანხმებები ჰქონდა დადებული დაღესტნის სხვა თავისუფალ საზოგადოებებთან: გიდატლიელებთან, კარატაელებთან, ხვარშიელებთან, ჭამალალებთან, ბაგულალებთან და სხვ.


ტინდიელთა მთავარი ტრადიციული საქმიანობა ტერასული ურწყავი მიწათმოქმედება (ქერი, ხორბალი, ფეტვი) და მესაქონლეობა იყო. მისდევდნენ აგრეთვე მონადირეობასა და მეფუტკრეობას. შინამრეწველობიდან იცოდნენ მაუდის წარმოება, ქსოვა, მჭედლობა, ტყავისა და ხის დამუშავება.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მამაკაცების დიდი ნაწილი გარესამუშაოზე საქართველოში მიდიოდა (ძირითადად ზაქათალაში), დაღესტნის ზღვისპირეთში. მათ აქ ქირაობდნენ მეცხვარეებად, მწყემსებად, ქვის მთლელებად. ტინდიელთა დასახლება შუა საუკუნეების დაღესტნის სხვა მხარეების ანალოგიური და რელიეფთან მაქსიმალურად შეთანწყობილი იყო.

დასახლება სამოქალაქო და თავდასაცავი ნაგებობების ერთობლიობას წარმოადგენდა. ის ტერასული ტიპის იყო. თითოეული სოფელი რამდენიმე უბნად იყოფოდა, რომლის ცენტრში მეჩეთი იდგა; იქვე იყო სასაფლაო. სოფელ ტინდში იყო დასავლეთ დაღესტანში ცნობილი სავაჭრო ცენტრი. ტინდიელთა თავისუფალი საზოგადოება სასოფლო საზოგადოებების _ თემების, ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალურ-პოლიტიკური, ტერიტორიული კავშირი იყო.

ყველა თემი (ჯამაათი) ამ კავშირის თავისუფალი და თანაბარუფლებიანი წევრი იყო. ჯამაათი (თემი) თუხუმების ერთობლიობას წარმოადგენდა, თუხუმი კი _ მონათესავე ოჯახების კავშირს. გადმოცემით, თუხუმს საერთო წინაპარი ჰყავდა. თუხუმი მის წევრებს მხარს უჭერდა როგორც მორალურად და ფიზიკურად, ისე მატერიალურად. თუხუმის მეთაური, ჩვეულებრივ, კავშირში შემავალი ოჯახების ცხოვრებაში ერეოდა.

ნებისმიერი დანაშაულის, შეცოდებისა და კანონდარღვევისათვის ადათის მიხედვით ტინდიელები საზოგადოების სასარგებლოდ ჯარიმას იხდიდნენ. ოჯახის საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა პატარა ოჯახი იყო. თუმცა აქა-იქ XXს-ის 20-იან წლებამდე დიდი გაუყრელი ოჯახებიც არსებობდა.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ტინდიელებმა თვითმყოფადი სულიერი კულტურა და მდიდარი ხალხური შემოქმედება შექმნეს. ფოლკლორი ორენოვანი აქვთ, ხუნძურ და მშობლიურ ენებზე. ტინდიელები მუსლიმი-სუნიტები არიან. შემორჩენილი აქვთ წარმართობის გადმონაშთებიც (წვიმისა და მზის გამოწვევის რიტუალები).

დღემდე აღნიშნავენ პირველი ხნულის გავლებას. დიდად პოპულარულია ხალხური დღესასწაული “ქედობა” (“ქიდობა”), ესაა იმპროვიზირებული სახუმარო ქორწილი, სადაც “ნეფის” როლში თოჯინური პერსონაჟი გამოჰყავთ.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0