x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბოთლიხელები
image


ბოთლიხელები დაღესტნის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია. მათი თვითსახელწოდებაა ბუახადი (მრ. რ.), ბუიხალი (მხ. რ.). ცხოვრობენ დასავლეთ დაღესტანში, ბოთლიხის რაიონის სამხრეთ ნაწილში. ძირითადად მკვიდრობენ ანდის ყოისუს ხეობის ორ სოფელში, ბოთლიხსა და მიარსოში. მათვე ეკუთვნით ორი ხუტორი _ აშინო და ანხო.

ბოთლიხელებს ემეზობლებიან: ხუნძები, ღოდობერიელები, კარატაელები, ანდიელები. ბოთლიხელების რაოდენობა 6 ათასი კაცის ფარგლებშია. 1886 წლის მონაცემებით, ბოთლიხელები 1394 კაცი (345 კომლი) იყო. 1897 წლისა და 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებით მათი რაოდენობა შესაბამისად 1125 კაცი და 328 კომლი და 3370 კაცი და 436 კომლი იყო. 1939 წლისა და ყველა მომდევნო აღწერაში ბოთლიხელები ხუნძებად ჩაწერეს.


ბოთლიხელები ანდიელ ხალხთა ჯგუფის წარმოამდგენლები არიან. ლაპარაკობენ ბოთლიხურ ენაზე. გავრცელებულია აგრეთვე ხუნძური, ჩაჩნური, რუსული ენები. წარსულში სარგებლობდნენ ხუნძური ენის აჯამური დამწერლობით. ანთროპოლოგიურად ბოთლიხელები დიდი ევროპეიდული რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან.


ბოთლიხელთა ეთნოგენეზის საკითხი გაურკვეველია. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში დასავლეთ დაღესტნის ანდურცეზური ჯგუფის ხალხები და მათ შორის, ბოთლიხელები სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში იყვნენ გაერთიანებულნი. აღნიშნული რეგიონის ყველაზე ცნობილი კავშირი ადრე შუასაუკუნეებში დიდო იყო. ფიქრობენ, რომ ახ.წ. I ათასწლეულიდან ბოთლიხელები უკვე შედიოდნენ დიდოს შემადგენლობაში, რომელიც XIV-XVსს-ში დაიშალა.

საისტორიო მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება ბოთლიხელების სამხრეთული წარმომავლობის შესახებ. ამ მოსაზრებით, საერთოდ ანდიურ-დიდოური ხალხთა ჯგუფი წინა აზიიდანაა მოსული. VII-VIIIსს-ში დასავლეთ დაღესტნის მცხოვრებნი და, მათ შორის, ბოთლიხელები არაბებმა ვერ დაიპყრეს.

წყაროების თანახმად, ამ რეგიონის მცხოვრებნი XIVს-ში ქრისტიანობის მიმდევრები იყვნენ. შემორჩენილი ჰქონდათ ტრადიციული რწმენა-წარმოდგენებიც. აქ ისლამი საბოლოოდ XVIს-ის მეორე ნახევარში დამკვიდრდა.

XIV-XVსს-ში ბოთლიხელები იმ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ, რომელიც დაღესტანში მიმდინარეობდა. ამ დროს ადგილობრივ ფეოდალებსა და უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლაში ცალკეული სასოფლო თემები სასოფლო თემთა კავშირებში გაერთიანდნენ. ასეთი კავშირი დღევანდელი ბოთლიხის რაიონის ტერიტორიაზე “ტეხნუცალის” სახელწოდებით ჩამოყალიბდა.

დასავლეთ დაღესტნის სხვა კავშირებისაგან განსხვავებით, ტეხნუცალი ეთნიკურად ნაირგაროვანი სოციალ-პოლიტიკური გაერთიანება იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა აქ მცხოვრები ეთნოსების (ბოთლიხელების, ღოდობერიელების, ანდიელების, ხუნძებისა და ჩაჩნების) ცხრა სასოფლო თემი.


1886 წლის მონაცემებით ამ საზოგადოების კომლთა რაოდენობა 1839 იყო (7715 კაცი). ტეხნუცალის სასოფლო თემთა კავშირის ცენტრი იყო ბოთლიხი. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბოთლიხელებს დასავლეთ დაღესტნის სხვა ხალხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიასთან გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ.

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ (1801 წლიდან) მათ ეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მოეშალათ. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ბოთლიხელებმა, რომლებსაც ოფიციალური გზების ავლით უმძიმეს პირობებში გადაჰქონდათ საქონელი საქართველოში, არაერთხელ მიმართეს ცარიზმის ხელისუფლებას, რომ შეასრულებდნენ ყველა პირობას და მიიღებდნენ რუსეთის ქვეშევრდომობას.

1809 წელს ბოთლიხელებმა რუსეთის ერთგულების ფიცი მიიღეს, რამაც მათ სასურველი შედეგი ვერ მოუტანა _ რუსებმა არ მოხსნეს სავაჭრო ბარიერები; ბოთლიხელებსა და ტეხნუცალის საზოგადოების სხვა მცხოვრებთ სავაჭრო საქმეზე გადასვლის უფლება არ მისცეს.

რუსეთის ამ პოლიტიკამ დასავლეთ დაღესტნის მოსახლეობის რუსეთისაგან დაშორებას შეუწყო ხელი. XIXს-ის 40-იან წლებში ცარიზმის სარდლობამ ამ მხარის მკვიდრთ საბოლოოდ აუკრძალა საქართველოსთან და დაღესტნის ბართან კავშირი. ასეთ ვითარებაში ბოთლიხელები ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აქტიური მონაწილეები გახდნენ, რომლესაც შამილი მეთაურობდა.


კავკასიური ომების დამთავრების შემდეგ, ბოთლიხი დასავლეთ დაღესტნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. ბოთლიხში შემონახულია ტერასები, რაც მიწათმოქმედების მაღალ კულტურასა და ინტენსიურობაზე მიუთითებს. ვ. ვავილოვიც აღნიშნავდა ბოთლიხის გასაოცარი მრავალიარუსიანი ტერასების შესახებ. ისინი დიდი ამფითეატრების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ. აქ ბაღი, ბოსტანი და სახვნელი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა.

მეურნეობაში წამყვანი მებაღეობა იყო. ბოთლიხში ვაზის ცხრა ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. მეურნეობის ტრადიციული დარგი იყო მეცხოველეობაც, რომელსაც ძირითადად დამხმარე როლი ჰქონდა. ამის მთავარი მიზეზი საძოვრების არარსებობა და მცირემიწიანობა იყო. ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა მეფუტკრეობის განვითარების შესაძლებლობა შექმნა.

ბოთლიხელები, ისევე როგორც მთაში მცხოვრები ყველა ეთნოსი, კუსტარულ რეწვას მისდევდნენ. გავრცელებული იყო ქსოვა, საფეიქრო საქმე, ნაბდების დამზადება, ტყავის დამუშავება, ფაფახებისა და ფეხსაცმლის კერვა. ბოთლიხელთა ეკონომიკურ ცხოვრებაში ვაჭრობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მებაღეობის პროდუქტებით და ხელოსნობის ნაწარმით ბოთლიხის ბაზარში ვაჭრობდნენ, რომელიც დასავლეთ დაღესტანის მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც სავაჭროდ არა მარტო დაღესტნის, არამედ ჩაჩნეთის მცხოვრებნიც იყრიდნენ თავს.


ბოთლიხელთა ორივე სოფლის (ბოთლიხი, მიარსო) დასახლება მთის დასახლების ტიპს მიეკუთვნება, თუმცა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ისინი ძლიერ შეჯგუფული არ იყო. სოფლები უბნებად იყოფოდა. ხშირად სოფელში ქუჩები სახლების ქვეშ გადის. სოფლის ცენტრი მეჩეთთან არსებული პატარა მოედანი იყო, სადაც სოფლის ყრილობა იმართებოდა.

ბოთლიხი თავიდანვე ჩამოყალიბდა როგორც ტერიტორიულ-თუხუმური დასახლება. მისი მცხოვრებნი შვიდ-რვა თუხუმად იყოფოდნენ. ყველა თუხუმს ანუ სანათესაო ჯგუფს თავისი სახელწოდება ჰქონდა. შემორჩენილია გადმოცემა, რომ ძველად ყოველი თუხუმი თავის უბანში ცხოვრობდა. თუხუმებს ჰქონდათ საკუთარი კოშკი, სასაფლაო და იმართებოდნენ უხუცესების მიერ.

XIXს-ში თუხუმური უბნები უკვე აღარ არსებობდა, სოფელი უბნებად ტერიტორიული პრინციპით იყოფოდა. სოფლის განაპირას და აულის შიგნით ყველაზე მაღალ ადგილებში დაახლ. 6-7 სადარაჯო კოშკი იდგა. ისინი თავდაპირველად ცალკეულ თუხუმებს ეკუთვნოდა. მტრის თავდასხმის დროს, მათ მთელი მოსახლეობის თავშესაფარად იყენებდნენ. ამავე დროს, სოფელში გადიოდა მიწისქვეშა გასასვლელები, რითაც ზემო უბანი ქვემო უბანს უკავშირდებოდა.

ბოთლიხის თავდასაცავ ნაგებობებს შორის შეიძლება დავასახელოთ სამი კარი, რომლებიც სოფელში შესასვლელებს კეტავდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბოთლიხი დასავლეთ დაღესტანში ყველაზე გამაგრებული სოფელი იყო. ასეთი სახით (შენობები, თავდასაცავი ნაგებობანი, შიდა კომუნიკაციები, სამიწათმოქმედო და მებაღეობის მეურნეობა, სავაჭრო და სამხედრო ორგანიზაცია) ის უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული იყო როგორც ქალაქის ტიპის დასახლება. ბოთლიხის საზოგადოება პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო.

ხუნძეთის ხანისადმი დამოკიდებულება იმაში გამოიხატებოდა, რომ მას ექვს თხას გადასცემდნენ, როდესაც ის ბოთლიხის გზით სოფ. ბუტში გაივლიდა (ტეხნუცალის ხუნძური სოფელი). რაც შეეხება მიარსინელებს, ისინი ხუნძების ხანს წელიწადში უხდიდნენ 20 მეროკ ფეტვს და 30 მეროკ ყურძნის წვენს. ბოთლიხელთა თემის ძირითადი სოციალური და სამეურნეო უჯრედი პატარა ოჯახი იყო. უპირატესობას ანიჭებდნენ შიდათოხუმურ და შიდაულურ ქორიწნებებს.

ბოთლიხელთა ფოლკლორი XIX საუკუნესა და XXს-ში ორენოვანი იყო. სოფელი ბოთლიხი დასავლეთ დაღესტნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო. თანამედროვე ბოთლიხში მოსახლეობა შერეულია. აქ ბოთლიხელებს გარდა ცხოვრობენ: ხუნძები, კარატაელები, ანდიელები, რუსები, თათრები, ყუმუხები და სხვა.


როლანდ თოფჩიშვილი – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
271
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0