x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ანდიელები – საუკეთესო ნაბდების ოსტატები
image


ანდიელები დაღესტნის ერთ-ერთი ძირძველი ხალხია. ანდიელების თვითსახელწოდებაა გვანალ. მკვიდრობენ დაღესტნის ჩრდილო-დასავლეთში. ანდიელებს სამხრეთდასავლეთიდან ესაზღვრებიან ანდიურ ენათა ქვეჯგუფის ენებზე მოლაპარაკე ხალხები და ხუნძები, ჩრდილო-დასავლეთით _ ხუნძები და ჩაჩნები. ანდიის ტერიტორიაზე მიედინება მდ. უნსალენი სამი შენაკადით, რომელთა გასწვრივაც განლაგებულია ანდიელთა სოფლები.

XIXს-ის 70-იან წლებში ანდიელები შვიდ სოფელსა და ერთ დაბაში ცხოვრობდნენ და ითვლიდნენ 1499 კომლსა და 5693 სულს, თუმცა ამ რაოდენობაში გათვალისწინებული არაა ორი დიდი პუნქტის _ მუნისა და კვანხიდატლის მოსახლეობა, რომლებიც მეზობელ სანაიბოში შედიოდნენ. 1926 წლის აღწერით დაღესტანში 7595 ანდიელი აღირიცხებოდა, 1938 წელს _ 9750. შემდეგ აღწერებში ანდიელებს აღარ აღრიცხავდნენ და მათ ხუნძებს მიათვლიდნენ.

ბოლო წლების მონაცემები ანდიელთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულია. მაგალითად, რუსეთის ხალხებისადმი მიძღვნილ ენციკლოპედიაში (1994წ.) რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ანდიელთა რაოდენობა 1992 წლის მონაცემებით 30 ათასი კაცია აღნიშნული. 2002 წელს მოსკოვში გამოცემულ დაღესტნის ხალხებისადმი მიძღვნილ წიგნში ხაზი აქვს გასმული იმას, რომ 2001 წლის შეფასებითი მონაცემებით დაღესტანში ცხოვრობდა დაახლ. 40 ათასი ანდიელი, რომელთაგანც 17 ათასი ბოთლიხის რაიონის ანდიის უჩასტკაში ყოფილა; მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლ. 20 ათასი კი ბარში _ ხასავიურტის, ბაბაიურტის, ყიზილიურტის რაიონებსა და ქალაქებში მკვიდრობდა.


ინტერნეტის მონაცემებითაც, ანდიელთა მნიშვნელოვნად განსხვავებული რაოდენობაა მოცემული. 2002 წლისათვის ერთ საიტზე 25 ათასია მითითებული, მეორეზე _ 22 ათასი.


ანდიური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის დაღესტნურ ქვეჯგუფის ანდიურ შტოს ეკუთვნის. ანდიურ ენაში შვიდ კილოთქმას გამოყოფენ, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულ ზემოანდიურ და ქვემოანდიურ დიალექტებში. ანდიელებს დამწერლობა აქვთ რუსული გრაფიკის საფუძველზე. რევოლუციამდელ პერიოდში საქმისწარმოებასა და ღვითსმსახურებაში ანდიელები არაბულ დამწერლობას იყენებდნენ, ლიტერატურასა და ღვთისმსახურებაში კი _ ხუნძურს.

1928 წლამდე დამწერლობა არაბულ გრაფიკს (აჯამი) ეფუძნებოდა. 1992 წლიდან ანდიურ ენაზე გამოდის გაზეთი “აზალი”. ანდიელებს შორის გავრცელებულია აგრეთვე ხუნძური, ჩაჩნური და რუსული ენები.

XXს-ის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ დაღესტნის მცირერიცხოვანი ხალხები ხელოვნურად უფრო მრავალრიცხოვან ხალხებთან გააერთიანა, რაც შეეხება ანდიელებს ისინი 1940-იანი წლების ბოლოს ხუნძებად ჩაწერეს. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ყოფით ანდიელები ძალიან ჰგვანან ხუნძებს, ანდიური ენა მნიშვნელოვნად განსხვავდება ხუნძურისაგან და მათ არც არასოდეს არ ჰქონიათ ხუნძური თვითშეგნება და ისინი ყოველთვის თავს თვითმყოფად და დამოუკიდებელ ეთნოსად გაიცნობიერებდნენ. პირიქით, თავისი მენტალიტეტით, კულტურით, წეს-ჩვეულებებით ანდიელები უფრო ახლოს არიან ჩაჩნებთან.

ეკონომიკურადაც ანდიელთა სოფლები უფრო მეტად დაკავშირებულნი არიან ჩაჩნეთის ვედენოს რაიონთან, ვიდრე ბოთლიხთან. ოდიდან ჩაჩნური ენის ცოდნა ანდიელებისათვის პრესტიჟის საქმე იყო. ბევრ ანდიელ ახალგაზრდას ვედენოში სპეციალურად აგზავნიდნენ ჩაჩნური ენის შესასწავლად. არც ქორწინება იყო იშვიათი ანდიელებსა და ჩაჩნებს შორის. ანდიელები მუსლიმი-სუნიტები არიან.


არქეოლოგიური მონაცემებით, ძვ.წ. III-II ათასწლეულში ანდიელთა პატარა “ქვეყანა” მჭიდროდ იყო დასახლებული მიწათმომქმედი და მესაქონლე ტომებით. ანდიელები თავიანთ მითიურ წინაპრად მიიჩნევენ ანუშას, რომელმაც დაარსა სოფელი ანდი, რომელიც ანდიელთა საზოგადოებების პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. ანდია დღეს ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს. ანდიელებს კი ახ.წ. I ს-ში იხსენიებს პლინიუს უფროსი. ახ.წ. Iს-ის დასაწყისში აღმოსავლეთ კავკასიაში მათ სტრაბონიც მოიხსენიებს.

ტოპონიმიკური მონაცემებით, ძველად ანდიელებს უფრო ვრცელი ტერიტორია ეკავათ. მდ. ანდის ყოისუს ქვემო წელსა და გუმბეთში. ხუნძთა სოფლების მეხელთის, არგვანის, შაბადუხის, იჩიჩალის, ინხოს, იგალის, ტლიანტლარის, ჩირკატას, ბეტლის, უნცუკულის და სხვათა სახელწოდებანი და აგრეთვე სხვა ტოპონიმთა მნიშვნელოვანი ნაწილი ანდიური წარმოშობისაა. როგორც ჩანს, გვიან, ისინი ასიმილირებული იქნენ ხუნძურენოვანი მოსახლეობის მიერ. მდ. ანდის ყოისუს შუა წელსა და ზემო წელში მცხოვრები ანდიელთა სხვა ნაწილი ასევე გამოეყო ანდიელ ხალხს, რომლებიც შვიდ სხვადასხვა დამოუკიდებელ ეთნიკურ ერთეულად _ ბოთლიხელებად, ღოდობერიელებად, ახვახელებად, კარატიელებად, ჭამალალებად, ბაგვალალებად და ტინდიელებად ჩამოყალიბდნენ.

ანდიელთა ტომობრივი დანაყოფები ცალ-ცალკე ეთნოსებად იქცნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანდიური ეთნიკური მასივის ეთნიკური დივერგენცია ჩვენი ერის დასაწყისში მოხდა. საისტორიო გადმოცემებითა და თანამედროვე გამოკვლევებით, ადრე შუა საუკუნეებში ანდიელებს შორის განხორციელდა ალანების, ჩაჩნების და ყუმუხების შერევა.

საისტორიო გადმოცემებით და ქრონიკებით XIVს-ში ანდიაში თემურ-ლენგი შეჭრილა, რომელსაც გაგატლში ხან ოილუკის სამფლობელო გაუნადგურებია და მას აქ ისლამის რელიგია განუმტკიცებია. უფრო ადრე ანდიელებში ქრისტიანობა ყოფილა გავრცელებული, რომელიც სინკრეტიზირებული იყო ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებთან.

ყაზიყუმუხის საშამხლოს განადგურების შემდეგ (XIV-XV სს.) ანდიელებმა თავისი საშამხლო ჩამოაყალიბეს, მაგრამ მალევე აქ ე.წ. “თავისუფალმა საზოგადოებებმა” უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, შამხალთა გვარი ერთ-ერთ კეთილშობილ გვარად დარჩა. ანდია (ე.წ. ანდიის რესპუბლიკა) შვიდ თვითმმართველობით სასოფლო საზოგადოების ფედერაციას წარმოადგენდა. ესენი იყო: ანდია, გუნხი, გაგატლი, რიკვანი, აშალი, ზილო და ჩანყო.

ანდიელთა სოფლები მუნი და კვანხიდატლი “ტეხნუცალის” მეზობელი სასოფლო საზოგადოების კავშირში შედიოდნენ, რომელიც ხუნძახის ხანის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და რომელსაც ხარკს ხილით და მარილით უხდიდნენ.


XIV-XVსს-ში ანდიის საშამხლო ხელისუფლებას მეზობელ ჩაჩნებსა და ხუნძებზეც ავრცელებდა. წყაროები და დოკუმენტები მაშინდელ ანდიას წარმოგვიდგენენ, როგორც ძლიერ პოლიტიკურ წარმონაქმნს. XVIIს-ში ანდიელებმა გამარჯვება მოიპოვეს ხუნძი ნუცალის ტურულვას ლაშქარზე. ამით შეინარჩუნეს თავიანთი სუვერენიტეტი და სამართალი. ყიზლარსა და სხვა ქალაქებში თავისუფალი და უბაჟოდ ვაჭრობის გამო 1731 წელს ანდიელებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, მაგრამ მალე ქვეშევრდომობა უარყვეს და 1758 წელს გენერალ ფონ ფრაუენდორფის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაჩნებს დაეხმარნენ.

1741 წელს ანდიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაღესტანში შემოჭრილი ირანის მმართველის ნადირ-შაჰის განადგურებაში. 1813 წელს გულისტანის ზავით ირანმა დაღესტნის ტერიტორია რუსეთს გადასცა. 1817-1864 წლებში ანდიელები კავკასიური ომების აქტიური მონაწილენი იყვნენ. ანდიის ნაიბმა ლაბაზანმა ღუნიბის ციხე-სიმაგრეში შამილის ბედი გაიზიარა.

1860-იან წლებში ადმინისტრაციული რეფორმით ანდიის ოკრუგის შემადგენლობაში ანდიის სანაიბო ჩამოყალიბდა. 1921 წელს ანდიელები დაღესტნის ასსრ-ს შემადგენლობაში შევიდნენ. ჯამაათებში ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებას არჩევითი მმართველები და უხუცესთა საბჭოები ანხორციელებდნენ. შარიათის მიხედვით სასამართლო საქმეს და სასულიერო ხელისუფლებას ქადიები განაგებდნენ. მნიშვნელოვან სარეგულაციო ფუნქციებს ასრულებდა საზოგადოებრივი აზრი, აგრეთვე _ სამასლაათო (სამედიატორო) სასამართლოები.

ხშირ შემთხვევაში მხარეები სასამართლოს გვერდს უვლიდნენ და თავიანთ საქმეს ტრადიციითა და ურთიერთმო-ლაპარაკებით წყვეტდნენ.

ზემო ანდიელების ტრადიციული ეკონომიკის საფუძველი სახვნელი ტერასული მიწათმოქმედება და მომთაბარული მესაქონლეობა იყო. ქვემო ანდიელები მისდევდნენ მებაღეობას. ხილს ისინი მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტებზე ცვლიდნენ. სახვნელი მიწა, სათიბების ნაწილი და ცალკეული საძოვრები მეთემეთა კერძო საკუთრებაში იყო. მიწის ნაკვეთების ნაწილი სავაკუფო საკუთრებას წარმოადგენდა.

ანდიელები სახელგანთქმულნი იყვნენ ნაბდების დამზადებით. ნაბდებს უპირატესად ქალები ამზადებდნენ, მამაკაცები კი მას ღებავდნენ და ყიდდნენ. ანდიელებს ბაზარზე წელიწადში დაახლ. 80 ათასამდე ნაბადი გაჰქონდათ.

XXს-ის 30-იანი წლებიდან ანდიაში ნაბდების წარმოება შემცირდა. ადგილობრივ მოთხოვნილებას მხოლოდ სოფ. რახტას ნაბდების არტელი აკმაყოფილებს. როგორც შინამრეწველობის დარგი ნაბდების წარმოება მხოლოდ ერთადერთ სოფელში გაგატლში შემორჩა. სოფელ კვანხიდატლში სოფლის მახლობლად არსებული მარილის საბადოდან საკვები მარილის მოპოვებას მისდევენ.


image


თემი (ჯამაათი) იყოფოდა რამდენიმე (სამიდან შვიდამდე) თუხუმად. თუხუმები მონათესავე მონოგამიური ოჯახების ერთობლიობას წარმოადგენდნენ. ანდიელთა ტრადიციული ოჯახები ნუკლიარული (პატარა) იყო.

უმცროსი შვილი მშობლებისაგან მემკვიდრეობით სახლს იღებდა, უფროსი შვილები კი მშობლების ქონებიდან მხოლოდ წილის მიღებით კმაყოფილდებოდნენ. 15 წლის ასაკს ზემოთ თუხუმის შიგნით ქორწინდებოდნენ. საქორწინო წყვილის მოსაძებნად სოფლის გარეთ საერთოდ არ გადიოდნენ.

სოფელ ანდიში ცაკლეულ თუხუმებს მუდმივი საქორწინო ურთიერთობები ჰქონდათ დამყარებული. ასეთ წყვილ საქორწინო თუხუმებს ანდიელები სპეციალური ტერმინით _ “ბადისოლ” (სიტყვასიტყვით: “ერთმანეთის პირისპირ მდგომნი”) აღნიშნავდნენ.


ანდიის ქვაბულის დასავლეთ და ჩრდილოეთ ქედებზე და მდ. ანდიის ყოისუს ხეობაში (სოფ. მუნი და სოფ. კვანხიდატლი) დასახლებები ამფითეატრისებურად იყო განლაგებული. შეჯგუფული ანდიური დასახლებები უბნებისაგან შედგებოდა. სოფელსა და უბნებს ჰქონდათ მოედნები, მეჩეთები. მოედანზე სახალხო კრების წარმომადგენლები და უხუცესები იკრიბებოდნენ.

სოფელ მუნის სახლებს შორის ქუჩები ისე გადიოდა, რომ ისინი გვირაბების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. სახლების სწორი სახურავები ზედა რიგის სახლებისათვის ეზოტერასებს წარმოადგენდნენ. ზემოანდიური სოფლები მტერს ორჯერ დაუნგრევია და გადაუწვავს: თემურ-ლენგის ლაშქრობის და 1845 წელს მ. ვორონცოვის ექსპედიციის დროს.


ანდიელთა ტრადიციული ტანსაცმელი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ხუნძთა ტანსაცმლისაგან. მხოლოდ ქალის კოსტიუმი იყო თავისებური. ანდიაში შემორჩენილია ისტორიისა და კულტურის ძეგლები. მუნის კოშკები ანდიის ქვაბულში შესასვლელს სამხრეთიდან იცავდა. შემორჩენილია 200 მეტრიანი კედლის ნანგრევები ოთხი კოშკით.

ანდიელები მუსლიმი სუნიტები არიან. ისლამი აქ საბოლოოდ XIVს-ში განმტკიცდა. ისლამამდელი პერიოდის ანდიელებს გამაერთიანებელი საკულტო ცენტრი ჰქონდათ ბახარგანის მთაზე.

აქ ეთაყვანებოდნენ უმაღლეს ღვთაებას _ ციობი. გვალვის დროს დღესაც ამ ღვთაებას წვიმას შესთხოვენ. ლოცვასთან ერთად აქ ანდიელები რიტუალურ ცეკვასაც ასრულებდნენ.

შემორჩენილია მაგიური რწმენა-წარმოდგენები. მათ სწამთ, რომ ზოგიერთი ადამიანი სულთა სამყაროსთან კონტაქტში შედის. მიაჩნიათ, რომ ყოველ ადამიანს ჰყავს უხილავი ორეული, რომელიც მას ეხმარება.


ანდიელებს ფოლკლორი ორენოვანი აქვთ: ანდიურ და ხუნძურ ენებზე. მეცნიერები თვლიან, რომ ანდიურ ფოლკლორს ბევრი რამ აქვს საერთო ხუნძურ ფოლკლორთან, ცეკვებს კი _ ჩაჩნურ ცეკვებთან. ანდიელები ცნობილი არიან როგორც სხარტი სიტყვისა და იუმორის მგრძნობიარე ოსტატები.

მიაჩნიათ, რომ ანდიელთა ეროვნული ხასიათი ჩაჩნურის მსგავსია. იცოდნენ რა ანდიელთა დამოუკიდებელი და ამაყი ხასიათის შესახებ, ჩაჩნები მათთან კონფლიქტს ერიდებოდნენ. ჩაჩანთა მხრივ საქონლის მოტაცების შემთხვევაში, ანდიელები კონკრეტულ დამნაშავეს პოულობდნენ და მას ბევრად მეტ საქონელს ართმევდნენ.

საერთოდ, მრავალი საუკუნის განმავლობაში ანდიელები და ჩაჩნები მეგობრულად ცხოვრობდნენ. პირველი ჩაჩნური კამპანიის დროს, 1994-1999 წლებში ყველა ანდიელის სახლში 10-დან 30-მდე დევნილი ჩაჩანი ცხოვრობდა, რომლებსაც ანდიელები უზრუნველყოფდნენ არა მხოლოდ საცხოვრებლით, არამედ საკვებითაც.

ანდიელთა უმაღლეს ფასეულობებად ითვლება: ერთგულება, ალალმართლობა, ვაჟკაცობა, თავაზიანობა, ზრდილობიანობა და სხვ. მიაჩნიათ, რომ ანდიელები ხასიათით გულახდილები, თავისუფლები არიან. მეტყველებენ ხმამაღლა, ტრადიციულად ისინი აფასებენ ზომიერებას, ენამზეობას.


როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0