x
image
ლანა92
ლეოპარდი, მაიმუნი და კურდღელი - პატარებისთვის ლანა ხურცილავა ("ანეული")

image


დედა ლეოპარდი პატარა მთის ფერდობზე თავის ორ ბოკვერთან ერთად ცხოვრობდა. დღისით გარეთ გადიოდა ხოლმე საშოვარზე, ბოკვერები კი მისი ბუნაგში არყოფნისას თამაშით იქცევდნენ თავს და მოთმინებით ელოდებოდნენ, თუ როდის მოუტანდათ მშობელი საკვებს. ასე ბედნიერად და ლაღად ცხოვრობდა მტაცებლის ოჯახი.

გათენდა კიდევ ერთი მშვენიერი დილა. მზიანი, მაგრამ ქარიანი ამინდი იდგა. ქარის ხმაურზე დედა ლეოპარდს გამოეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა. ბუნაგში მიიხედ-მოიხედა და შეამჩნია, რომ წინ არც ისე უხვი და მრავალფეროვანი საუზმე ელოდათ. იფიქრა, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ, გავისეირნებ და თან ხელს რამე ნადავლს გამოვაყოლებ, რომ ჩემი პატარები გავახაროო.

დედა ლეოპარდმა ბევრი იარა, მაგრამ ტყეში ვერაფერი იპოვა. ბილიკისაკენ გასვლა დააპირა, მაგრამ უცებ შენიშნა, რომ გზაზე კურდღელი მოცუნცულებდა.

- გამარჯობა, კურდღელო, - მიესალმა ლეოპარდი.

- გაგიმარჯოს, ბატონო, - მორიდებით შეეპასუხა კურდღელი.

- პატარა მეგობარო, საით გაგიწევია?

- ტყის დასაწყისთან ახლოს ფართობი მაქვს, სტაფილოსა და კომბოსტოს მოსავალი უნდა ავიღო, - უპასუხა კურდღელმა.

- შორიდან მოდიხარ?

- აქვე, ტყის ბოლოში ვცხოვრობ.

ლეოპარდს ავმა ზრახვებმა გაუელვა გულში: ამას რომ შეჭმა დავუპირო, ხმაურს ატეხს, ბაჭიებს გააფრთხილებს და აქეთ-იქით გამიფანტავს, მერე სად ვსდიო? მოდი, ჯერ წავალ, ბაჭიებს შევახრამუნებ და ამას მერე მივხედავო.

- აჰა, გასაგებია, მშვიდობიანი გზა, ხვავი, ბარაქა და მხიარული დოვლათი მოგცეს ღმერთმა, მეგობარო, - მიუგდო ეს სიტყვები კურდღელს და სასწრაფოდ დაემშვიდობა.

- დიდი მადლობა, გაიხარე, უფროს... - სათქმელის დამთავრება ვერ მოასწრო კურდღელმა. ლეოპარდმა ულვაშებში ჩაიცინა და გზა განაგრძო. მალევე მიადგა კურდღლის სოროს. მამა მაიმუნმა, რომელიც ეზოში ფიჩხს აგროვებდა საღამოსათვის ცეცხლის დასანთებად, კი დაინახა კურდღლის სოროსაკენ მიმავალი ლეოპარდი, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია, ჩემები სტუმრად გავუშვი, უსაფრთხოდ არიან და რაღა მედარდება, მტაცებელს გზაზე რატომ გადავუდგეო. ამასობაში თავის საოჯახო საქმეს მორჩა და სახლში შევიდა.

მაიმუნების ოჯახის უფროსი ცოტა ხანში მშვიდად წავიდა პალმების ხეივნისაკენ, რათა ბანანები დაეკრიფა და ცოლ-შვილისათვის დაეხვედრებინა, როცა მასპინძლისგან მობრუნდებოდნენ.

ლეოპარდმა კურდღლის სოროს კარი ჩუმად შეაღო, ფარდა ფრთხილად გადასწია და ხუთი თეთრი, თოვლის ფანტელივით ქათქათა ბაჭია დაინახა. მტაცებელმა რიგრიგობით გადასანსლა ყველა და ცოტათი დანაყრდა. მუცელზე ხელი მოისვა და ჩაიბურტყუნა: ყოჩაღ, ჩემო თავო, ძლივს არ გაიმაგრე კუჭიო.

კურდღლის სოროდან გამოსულმა ლეოპარდმა ტყის ბილიკისაკენ გააგრძელა სვლა. შორიდან მოულოდნელად წყაროსთან დედა-შვილი მაიმუნი შენიშნა. ლეოპარდმა კმაყოფილად გააქნია თავი და შედარებით დიდი ლუკმის დანახვაზე ნერწყვი მოადგა. მალევე დაეწია სტუმრად მიმავალ მაიმუნებს. მტაცებელმა დედა მაიმუნი მიახლოებისთანავე გაგლიჯა და გემრიელად შეექცა. ჯერი შვილ მაიმუნზე მიდგა, მაგრამ ლეოპარდმა იგი უბეში ჩაისვა, იფიქრა, ჩემს ბოკვერებს მივუყვან, ცოტა ხანი გაერთონ მასთან თამაშით, მერე, როცა გაგვიხარდება, მოვხრაკავთ და ყველა ერთად გემრიელად შევახრამუნებთო. ლეოპარდი ასეც მოიქცა.

ბოკვერებმა დედის სახლში დაბრუნებაზე გაიხარეს. განსაკუთრებით პატარა მაიმუნის დანახვა ესიამოვნათ.

- დედი, ამიერიდან საკუთარი ჯამბაზი გვეყოლება, თან სახლსაც დავალაგებინებთ, რომ სუფთად დაგხვდესო, - უთხრა უფროსმა შვილმა ლეოპარდს.

- რა ჭკვიანი მყავხარ, დედა გენაცვალოს, - მოუწონა იდეა ლეოპარდმა.

საღამოს კურდღელი თავის სოროში დაბრუნდა და არცერთი ბაჭია რომ არ დახვდა, გაიფიქრა, წავალ, მინდვრებში მოვძებნი ჩემს ცელქ შვილებს, ალბათ, სათამაშოდ გავიდნენ და ჯერ კიდევ ერთობიანო.

კურდღელმა ბევრი იარა, მაგრამ შვილები ვერ იპოვა. გადაწყვიტა, მეზობლად მცხოვრებ მაიმუნების ოჯახთან მისულიყო, რათა დიასახლისისათვის ეკითხა ბაჭიების შესახებ. კარი მამა მაიმუნმა გაუღო.

- გამარჯობა, მხიარულო მეზობელო, ჩემი ბაჭიები თქვენთან ხომ არ გადმოსულან სტუმრად ან თვალი ხომ არსად მოგიკრავთო?

- არა, ჩემო ტკბილო მეზობელო, აქ არ არიან, არც კი მინახავს დღეს შენი ბაჭიები. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბანანის პალმების ხეივნიდან და ჩემებიც არ დამხვდნენ სახლში. ალბათ, ჩემმა მეუღლემ, მასპინძლისგან დაბრუნების მერე, ყველა ერთად პიკნიკზე წაიყვანა; ცოტა ხანიც დაველოდოთ, თუ არადა, ძებნას შევუდგეთ, - უპასუხა მამა მაიმუნმა.

დაელოდნენ, მაგრამ ამაოდ. არც ბაჭიები და არც დედა-შვილი მაიმუნი არსად ჩანდნენ. დედა კურდღელი და მამა მაიმუნი ძებნას შეუდგნენ. აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, მაგრამ სიბნელეში ვერავითარ კვალს ვერ მიაგნეს, თუ საით შეიძლება, წასულიყვნენ მათი ოჯახის წევრები. ეძახდნენ, მაგრამ პასუხი არსაიდან იყო. გადაწყვიტეს, სხვადასხვა მიმართულებით წასულიყვნენ. კურდღელი ტყის დასაწყისისაკენ გაეშურა, მაიმუნი - ბოლოსაკენ.

კურდღელს ფერდობიდან უცებ ხმა შემოესმა, თითქოს პატარა მაიმუნი შველას ითხოვდა, მაგრამ შეეშინდა: ვინ ოხრიშვილია, შველას რომ მთხოვს, რომელი ტიტანი მე მნახა, წავალ, სასწრაფოდ ჩემს შვილებს მოვძებნი და მშვიდობიანად დავაბრუნებ სახლშიო. - ამიტომაც გზა განაგრძო.

დედა კურდღელი და მამა მაიმუნი ცალ-ცალკე მთელი ღამე დაეძებდნენ ოჯახის წევრებს, მაგრამ ვერცერთმა ვერ იპოვა. დაქანცული კურდღელი იქვე ტყეში, ბუჩქთან ახლოს ჩამოჯდა და კოცონი დაანთო. მეორე მხარეს წასული მამა მაიმუნი ბანანის პალმაზე აძვრა, ტოტზე ჩამოეკიდა და დაღლილობისაგან ჩაეძინა. მალევე ჩაეძინა კურდღელსაც, რომელსაც კოცონი ანთებული დარჩა და ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო. ყველაზე პირველად ხანძარი კურდღელს მისწვდა და ფერფლად აქცია, ხოლო მერე ფერდობს მოედო და ლეოპარდის ბუნაგამდეც მიაღწია. ბუნაგის მკვიდრნი ძილ-ბურანში იყვნენ.

ხის ტოტზე ჩამოკონწიალებულმა მამა მაიმუნმა სიზმარი ნახა: დედა მაიმუნი წყაროსთან სისხლიანი ეგდო, ხოლო შვილი ფერდობთან ახლოს ეკალ-ბარდებში გახლართულიყო და თავს ვერ აღწევდა იქაურობას. მამა მაიმუნი ელვანაკრავივით სასწრაფოდ წამოვარდა ზეზე და შვილის საშველად გაიქცა. ფერდობზე აირბინა, მაგრამ დააგვიანდა, ლეოპარდის ბუნაგი, სადაც შვილი მაიმუნი მძევლად ჰყავდათ, უკვე ფერფლად ქცეულიყო.

ასე დაღუპა ლეოპარდი სისასტიკემ, კურდღელი - შიშმა, ხოლო მაიმუნი - უდარდელობამ. მტაცებელს სამყარომ ბოროტებისათვის საკადრისი მიუზღო, კურდღელს შიში და უმოქმედობა არ აპატია, ხოლო მაიმუნი სიზარმაცისა და უდარდელობისათვის დასაჯა.

მორალი:

1.ბოროტისაგან სიკეთესა და შებრალებას არავინ ელოდოს.

2.მშიშარა, გაუბედავი ადამიანი საკუთარი თავის მტერია.

3. ზარმაცმა, უდარდელმა და დაუდევარმა ადამიანმა შეიძლება, მომავალი დაკარგოს.

წყარო: ლიტერატურული ჟურნალი "ანეული", N4, 2021, პატარებისთვის ლანა ხურცილავა, გვ. 55-57

ლინკი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/360397

სტატიის ავტორი: ლანა ხურცილავა

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0