x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ევოლუციის თეორიის ხარვეზი - "საშინელი საიდუმლო", რომელიც დარვინს მოსვენებას არ აძლევდა

ტერმინი, ჩარლზ დარვინის «საშინელი საიდუმლო» — სამეცნიერო წრეებში, კარგად არის ცნობილი. საიდუმლო არ არის, რომ მეცნიერმა ვერაფრით შეძლო, ევოლუციის თვალსაზრისით, დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების წარმოქმნის პროცესის ახსნა. ბუნების ეს საიდუმლო, მას სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა — ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით.


image


საარქივო დოკუმენტების შესწავლისას, ლონდონის უნივერსიტეტის ევოლუციის ბიოლოგმა პროფ. რიჩარდ ბარსმა აღმოაჩინა, რომ გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლით ადრე, დარვინს მეტად ძლიერი ოპონენტი — შოტლანდიელი ბოტანიკოსი უილიამ კარუტესი დაუპირისპირდა, რომელიც თავად ყვავილების გაჩენის კრეაციონისტური თეორიის მომხრე იყო და თვლიდა, რომ ეს მცენარეები დედამიწაზე, ზებუნებრივი ძალების ჩარევით გაჩნდნენ. კარუტესმა პრესაში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დარვინს იმაში ამხელდა, რომ მას არ შეუძლია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სამეცნიერო ახსნა–განმარტების მოცემა. დარვინის ევოლუციის თეორიაში არსებული ხარვეზი, საჯარო გახდა და მეცნიერს, სამეცნიერო სამყაროში, ავტორიტეტის შელახვით ემუქრებოდა... და როგორც რ. ბარსი თვლის, სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი the abominable mystery — საშინელი ან ამაზრზენი საიდუმლო.

ის ჩარლზ დარვინმა პირველად 1879 წელს გამოიყენა, მისი მეგობრის, მკვლევარ–ბოტანიკოს ჯოზებ ჰუკერისთვის გაგზავნილ წერილში, რომელშიც ის წერდა, რომ გეოლოგიური სტანდარტებით, უმაღლესი მცენარეების სახეობების სწრაფი განვითარება, «საშინელი საიდუმლოს» წარმოადგენდა.

აქ საუბარი ყვავილებზე და ყვავილოვან ხე–მცენარეებზეა, რომელთა გამორჩეული თვისება სქესობრივი გამრავლების ორგანოების არსებობაა, რომელიც დედამიწაზე არსებულ, მცენარეების უმეტესობას ახასიათებს — წყლის შროშანებით და მინდვრის ყვავილებით დაწყებული, ხეხილით დამთავრებული.

image


დარვინმა ვერ შეძლო ამ მცენარეების დედამიწაზე გაჩენის ახსნა. ყვავილები ჩვენს პლანეტაზე, სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო გვიან გამოჩნდნენ და ძალიან მალე შეიძინეს ფერების, ზომის და ფორმების მრავალფეროვნება.

«ე. წ. ნამარხის ჩანაწერის მიხედვით, ყვავილოვანი მცენარეები (Angiospermae) მოულოდნელად, ცარცულ პერიოდში, დაახლოებით, 100 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ და მათ, ადრე არსებულ მცენარეებთან, არანაირი მსგავსება არ გააჩნიათ», — აღნიშნავს პროფ. ბარსი.

სწორედ ეს მოულოდნელობა აწუხებდა და არ ასვენებდა დარვინს.

რატომ არ იყო თანმიმდევრული ევოლუცია? სად გაქრა, წიწვოვანებსა (Gymnospermае) და ყვავილოვან მცენარეებს შორის, შუალედური ფორმები?.. და როგორ არის შესაძლებელი, რომ ისინი ერთბაშად, მრავალფეროვან ვარიანტებად გამოჩნდნენ?


image


დარვინს არ ესმოდა, თუ როგორ გადაურჩა ეს მცენარეები განვითარების და გადარჩევის თანმიმდევრულ ეტაპებს, რომელიც ფლორის და ფაუნის სხვა სახეობებმა, მათ შორის, ძუძუმწოვრებაც გაიარეს.

დიდი ხნის მანძილზე, დარვინი თავს იმით იმშვიდებდა, რომ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ყვავილოვანი მცენარეები, თავდაპირველად, რომელიმე კუნძულზე ან კონტინენტზე გაჩენილიყო და უკვე იქიდან, მთელს პლანეტაზე გავრცელებულიყო.

1881 წლის აგვისტოში, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ის ჰუკერს წერდა: «ჩემთვის უფრო უჩვეულო და ექსტრაორდინალური არაფერია, ვიდრე უმაღლესი მცენარეების უეცარი გამოჩენა და სწრაფი გამრავლება. ხან იმას ვფიქრობ, რომ სადღაც, სამხრეთში, არსებობს კონტინენტი, რომელიც დღემდე არ აღმოუჩენიათ».


image


ალბათ, დაგაინტერესათ, შეძლეს, თუ არა მეცნიერებმა დარვინის «საშინელი საიდუმლოს» ამოხსნა?

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, — არა.

დარვინის შრომის — «სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში» (1859) პუბლიკაციიდან, უკვე 150 წელზე მეტი გავიდა... და ყვავილოვანი მცენარეების გაჩენის ახსნა, ჯერ–ჯერობით, ვერავინ შეძლო.


image


imageimageimageimage




0
922
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
922
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0