საბავშვო ჭიანჭველების მეფე და ქვიშის პირამიდა - პატარებისთვის ლანა ხურცილავა ("ანეული") 2022, 20 იანვარი, 0:18
ჭიანჭველების მეფე თავისი ბუდე-სასახლიდან გამობრძანდა სანადიროდ. მდინარის ნაპირას სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. თვალებსაც წყალს დავალევინებ და იქნებ, ჩემს ისედაც უთვალავ ქონებასაც რამე შევმატოო. იქვე, ნაპირთან ახლოს, ქვებზე ბავშვები ჩამომსხდარიყვნენ და მზესუმზირას შეექცეოდნენ, ფეხები წყალში ჰქონდათ ჩაყოფილი და დინებას თვალებს აყოლებდნენ. მხიარული პატარები მზესუმზირას ნარჩენებს ძირს, ქვებს შორის ყრიდნენ. ჭიანჭველების მეფე მათთან ახლოს მიცოცდა და დაიწყო პირის ცმაცუნი, გემრიელი კერძით ყელს იტკბარუნებდა და თან ნარჩენების ნაწილს თავისი ბუდისაკენ მიაქანებდა.
ბავშვების ერთ ჯგუფს მოსწყინდა მზესუმზირას კნატუნი, ადგა და ქვიშისაკენ გასწია. პატარები ცხელ ქვიშაზე წამოწვნენ, მაგრამ ესეც მალე მობეზრდათ და გადაწყვიტეს, ქვიშის პირამიდა აეგოთ. ასეც მოიქცნენ: პეშვებით დაყარეს ერთ ადგილას ქვიშა, შუაგული ამოასუფთავეს ისე, რომ გადაბრუნებული პირამიდა მიეღოთ. ამის მერე შეუდგნენ ჭიანჭველას ძებნას. თამაშის პრინციპი ასეთი იყო: ბავშვები უნდა დალოდებოდნენ გადაბრუნებულ პირამიდაში ჩამჭყვდეული ჭიანჭველას რეაქციას. ადრე თუ გვიან, მწერს აუცილებლად მობეზრდებოდა იქ ყოფნა, ტყვეობაში უზრუნველ ცხოვრებას თავისუფლებას არჩევდა და ეცდებოდა თავის დახსნას. არც ისე ხანგძლივი ძიების შედეგად ბავშვებმა იქვე ერთი პატარა ჭიანჭველა მოძებნეს და პირამიდის შიგნით ჩასვეს. თან მზესუმზირას კანგაცლილი, სავსე გულები ჩაუყარეს.
ჭიანჭველების მეფეს ეს არ გამორჩენია მხედველობიდან. ახლოს მივიდა ქვიშასთან და რას ხედავს: თავისი საცოდავი, გალეული, ჯიბეგაფხეკილი ხელქვეითი მზესუმზირას მარცვლებში ცურაობს. "მე ამდენი ვიწვალე ქონების დასაგროვებლად და შეხედე ამ ტეტიას, ერთ წამში არ გამდიდრდა?! შენ თუ ეს სიმდიდრე შეგარჩინო, დამაცადე!" - გულში თქვა ჭიანჭველების მეფემ და ელვის უსწრაფესად თვითონაც ქვიშის პირამიდაში ჩაძვრა.
ბავშვებმა რომ დაინახეს კარგად მოვლილი, ძლიერი ჭიანჭველა, ძალიან გაუხარდათ. პატარა ჭიანჭველა ზემოთ ამოსვეს და მის ადგილას დიდი ჩასვეს ქვიშის პირამიდაში, რომ უფრო ეხალისათ. ჭიანჭველების მეფეს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, რჩეული ნადავლი მთლიანად მე დამრჩებაო. იგი მშვიდად, დინჯად შეუდგა ქვიშის პირამიდაში მზესუმზირას გულების ჭამას. ჭიანჭველების მეფე ნიჭიერად დანაყრდა, მაგრამ მარაგიდან კიდევ საკმაო მარაგი დარჩენილიყო. გადაწყვიტა, პირამიდიდან ამოსულიყო და თან დარჩენილი განძიც გაეზიდა. ჭიანჭველების მეფემ ერთად მოაგროვა ყველა მზესუმზირას გული და ერთიანად მოიკიდა ზურგზე ტომრით, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. ძალიან დაღონდა, მაგრამ მეფე რის მეფე იყო, სიბრძნეს უხმო. ჭიანჭველების მეფემ დიდი ხნის ფიქრის შედეგად გამოსავალიც იპოვა: ტომრიდან ნადავლის ნაწილი უკან გადმოყარა. მაინც ვერ მოახერხა პირამიდიდან ამოსვლა.
ჭიანჭველების მეფე სულ უფრო ამცირებდა ტვირთს და ბოლოს, საერთოდაც თითო-თითოდ დააპირა მზესუმზირას გულების პირამიდიდან ამოზიდვა. ყველაზე მსხვილი მარცვალი შეარჩია, ზურგზე მოიკიდა და ნელ-ნელა ცდილობდა ამობობღებას. ვერც ახლა შეძლო ტყვეობიდან თავის დაღწევა, რადგან პირამიდის კედლები მყიფე მასალის - ქვიშისგან იყო ნაგები და ცოცვისას ფეხქვეშ ეცლებოდა მიწა.
ჭიანჭველების მეფე ისევ იმ ადგილას უბრუნდებოდა, საიდანაც სვლა დაიწყო. არაერთი უშედეგო მცდელობის მერე ყველაფერი ისევ ზურგზე აკიდებულ ტვირთს დააბრალა და ის ერთი მსხვილი მზესუმზირას გულიც ქვემოთ დააგდო. იფიქრა, მოდი, ყველაზე პატარა მარცვლით შევცვლი და მის ატანას ვცდიო. ამჯერადაც არ გაუმართლა. მაშინ გაიფიქრა, სასახლეში ისედაც დიდი სიმდიდრე დავტოვე და წავალ იმას მივხედავ, ამ მარცვლების წასაღებად კი ხელქვეითებს გამოვუშვებო. ჭიანჭველების მეფე განზრახვის შესრულებას შეუდგა და ხელცარიელმა დააპირა პირამიდიდან ამოსვლა. შიშით, რომ კედლები ისევ არ ჩამოშლოდა, სიჩქარეს უმატა და სწრაფი ნაბიჯებით სცადა აცოცება, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, პირამიდა მთლიანად დაიშალა და ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.
ჭიანჭველების მეფე საკუთარი სიხარბის ჯერ ტყვე, ხოლო მერე - მსხვერპლი გახდა. სიხარბეზე ცნობილი ანდაზისა არ იყოს, "ბევრის მჭამელსა ცოტას მჭამელმა აჯობაო", ან კიდევ გავიხსენოთ სხვები: "ადე, დაბრუნდი, წისქვილო, იკმარე, რაც გაქვს, ისიცო";
"მეტი სიტყვა თავს ატკენს, მეტი ჭამა - კუჭსაო";
"ხარბმა ქორმა იხვიც გაუშვა და ვერც კაკაბი დაიჭირაო";
"ხარბი სანამ არ გაიფცქვნება, არ გაიქცევაო".
მორალი:
1. სიხარბე ყველაზე ძლიერსაც დაღუპავს.
2.შური ადამიანს მოყვარესაც შეაძულებს.
წყარო:
ლიტერატურული ჟურნალი "ანეული", N4, 2021, გვ. 55-57
ლინკი:
|