x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კავკასიის მკვიდრი მთის ებრაელები
image


მთის ებრაელების ენდოეთნონიმია ჯუგურ, ჯურგო (ივრითიდან: იეგუდიმ _ “იუდეველი”). მთის ებრაელთა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს დაღესტანსა და აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა დასახლებულ პუნქტებში. განსახლებულნი არიან ჩრდილოეთ აზერბაიჯანშიც.

თავდაპირველად ისინი ბინადრობდნენ მთებში, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება, მაგრამ XVIII-XIXსს-ში დაბლობში ჩამოსახლდნენ. პოლიტიკურიდეოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, მათ შორის, ანტისემიტიზმის გამო, 1930-იანი წლებიდან და განსაკუთრებით აქტიურად 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში მთის ებრაელების მნიშვნელოვანი ნაწილი, იმის გამო, რომ ისინი თათურენოვანნი იყვნენ, თათებად ჩაწერეს.


მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ მთის ებრაელები ძველი ებრაელების შთამომავალნი არიან, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ ირანში დასახლდნენ, სადაც მათ შეითვისეს გარშემომყოფი მოსახლეობის ენა (თათური ენა). შემდგომში კი, სხვადასხვა მიზეზების გამო, მთის ებრაელთა წინაპრები ჩრდილოეთ აზერბაიჯანსა და დაღესტანში განსახლდნენ და დამოუკიდებელ ეთნოსად ჩამოყალიბდნენ.


სამეცნიერო ლიტერატურაში მთის ებრაელთა მიდია-ატროპატენადან კასპიისპირეთში მიგრაცია ახ.წ. V-VIსს-თაა დათარიღებული. ზოგიერთი მეცნიერი კი ამტკიცებდა, რომ მთის ებრაელები წარმოშობით ირანელები, თათები არიან, რომლებმაც იუდაიზმი მიიღეს ხაზართა კაღანატის (VIII-Xსს.) მმართველთა მიერ ამ რელიგიის მიღების პერიოდში. მეზობელი აზერბაიჯანელები, ყუმუხები, დარგუელები, ხუნძები, ლაკები მთის ებრაელებს შემდეგი ეთნონიმებით მოიხსენიებენ: ჯუვუთი, ჯუფუთი, ჯუგუთ, თაბასარანელები _ ჯუგუდ, ლეზგები _ ჩუვუდ და ა.შ.


2000 წლის მონაცემებით მთის ებრაელების რაოდენობა დაღესტანში, სხვა ებრაელებთან ერთად, 14, 7 ათასი კაცი იყო (1989 წელს კი მხოლოდ 3, 6 ათასი მთის ებრაელი აღირიცხა). მთის ებრაელები კასპიისპირეთში გაბნეულად ცხოვრობენ. მათი უმეტესობა (98%) ცხოვრობს დერბენტში, მაჰაჭყალაში, ბუინაკსკში, ხასავიურტში, კასპიისკში, ყიზლარში. დაღესტნის საზღვრებს გარეთ მთიელი ებრაელები ცხოვრობენ აზერბაიჯანში (ყუბაში, ბაქოში, შემახიაში, ვართაშენში, მიუჯში), ყაბარდო-ბალყარეთში (ნალჩიკი), ჩრდილოეთ ოსეთში (ვლადიკავკაზში, მოზდოკში).

XXს-ის დასაწყისამდე მთის ებრაელები უპირატესად ბარისა და მთის შესაყარში _ მთისწინეთში მკვიდრობდნენ. ანთროპოლოგიურად მთის ებრაელები დიდი ევროპეიდული რასის წინააზიურ ტიპს მიეკუთვნებიან (კავკასიონური ტიპის მინარევებით). ვ. ბუნაკის დასკვნით, მთის ებრაელები ქართველ, შუა აზიისა და წინა აზის ებრაელებთან ერთად, ებრაელთა კავკასიურ ტიპს ჰქმნიან.

მთის ებრაელები თათური (უფრო სწორად _ საშუალო-სპარსული) ენის ჩრდილოეთკავკასიურ დიალექტზე ლაპარაკობენ. XIXს-ის ბოლოს ვ. მილერმა ერთ დიალექტს მუსლი-მურთათური მეტყველება უწოდა, რომელზედაც საკუთრივ თათები ლაპარაკობენ, მეორეს _ ებრაულ-თათური მეტყველება, რომელზედაც მთის ებრაელები მეტყველებენ.

მთიელ ებრაელთა თათური ენა თვითმყოფად ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბდა. ამიტომ, როდესაც ამბობენ “თათური ანბანი”, “თათური გაზეთი”, “თათური ლიტერატურა”, “თათური თეატრი”, “თათური რადიო” და ა.შ. ლაპარაკია სწორედ მთის ებრაელების დამწერლობაზე, ლიტერატურაზე და კულტურაზე, და არა თათების, რადგან თვით თათების უმეტესი ნაწილი XXს-ის დასაწყიში აზერბაიჯანულ ენაზე გადავიდა. სოფლებში მცხოვრები თათები კი კვლავ საშუალოსპარსულ ენაზე ლაპარაკობენ.

მთიელი ებრაელების თათურ ენას შემდეგი თქმები აქვს: ყუბური, დერბენტული და ჩრდილოეთკავკასიური (მაჰაჭყა-ლურ-ნალჩიკური). მთიელი ებრაელების ლიტერატურული ენა დერბენტული თქმის საფუძველზეა შექმნილი. ზოგიერთი მეცნიერის დაკვირვებით, მთის ებრაელთა დიალექტებისათვის დამახასიათებელია ძველებრაული ენიდან მნიშვნელოვანი ნასესხობები. მთის ებრაელების ენაზე ძლიერი გავლენა მოუხდენია თურქულ ენებს: აზერბაიჯანულსა და ყუმუხურს.


image


დღეს მთის ებრაელების აბსოლუტური უმრავლესობა ფლობს ორ, სამ და მეტ ენას. ვ. მილერის მასალებით, მთის ებრაელთა წინაპრები ებრაული კურსივის თავისებური ნაირსახეობით სარგებლობდნენ, რომელსაც “ბაღდადის დამწერლობას” უწოდებდნენ. თუმცა ამ დამწერლობის რაიმე ტექსტი შემორჩენილი არაა. ძველებრაული ენის დაღესტანში გამოყენების ერთგვარი დამადასტურებელია ხაზარეთის მმართველის იოსიფის წერილი ესპანეთის წარჩინებულ ებრაელ ხასად იბნ შაფრუტისადმი.


ცნობილია, რომ ხაზარეთის სახელმწიფო რელიგია იყო იუდაიზმი და მკვლევარები ხაზარეთის იუდაიზაციას თანამედროვე მთის ებრაელთა წინაპრების ხაზარებზე კულტურულ-ეკონომიკურ გავლენას უკავშირებენ.

XXს-ის დასაწყისში რაბინ ესეფ იუტი პინხასოვს ძველებრაული გრაფიკის საფუძველზე თათური ანბანი შეუქმნია. ე. პინხასოვი და იშაი რაბინოვიჩი 1904 წ. დერბენტში შექმნილი პირველი რუსულ-ებრაული დაწყებითი სასწავლებლის ხელმძღვანელები იყვნენ.

XXს. დასაწყისში ებრაული დამწერლობით შესრულებული რამდენიმე წიგნი გამოვიდა თათურ ენაზე. ამავე დროს, ლათინური გრაფიკის საფუძველზე ახალი ანბანი შეიქმნა. მაგრამ პირველი გაზეთი თათურ ენაზე მაინც ივრითული გრაფიკით გამოვიდა 1928 წელს. ის 1932 წელს კვლავ ლათინურ ანბანზე გარდაქმნეს. 1938 წელს მთის ებრაელთა დამწერლობა საბოლოოდ რუსულ გრაფიკზე გადავიდა.


ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მთის ებრაელები პირველად X-ში მოიხსენიებიან. XIIIს-ში მათ მოიხსენიებს ფლამანდიელი მოგზაური ვ. რუბრუკიც, რომელიც დერბენტიდან ორი დღის სავალზე “ბევრ იუდეველს” აფიქსირებს. XVIIს-ის პირველი მესამედის ავტორი ა. ოლეარი ჩრდილოეთ კავკასიაში მთის ებრაელების არა მხოლოდ მკვიდრობის შესახებ საუბრობს, არამედ მათი “ბენიამინის ტომიდან” წარმომავლობის შესახებ გადმოცემაც ჩაუწერია.

მთის ებრაელების წარმომავლობის ეს ვერსია დააფიქსირა XVIIIს-ის დასაწყისში ი. გერბერმა. მთის ებრაელების წარმომავლობის შესახებ ანალოგიური ლეგენდები XIXს-ის შუა ხანებში ჩაიწერეს აგრეთვე ი. ჩერნიმ და ა. კომაროვმა. მაგალითად, კომაროვი აღნიშნავს, რომ მთის ებრაელებმა დაღესტანში დასახლება VIIIს-ის ბოლოსა და IXს-ის დასაწყისში დაიწყეს და მათი განსახლების არეალები იყო: ტაბასარანში _ სალახი, ხაიტაყში კი _ კარა-კორეიშის ხეობის ახლოს, რომელიც დღესაც ცნობილია ჟიუტკატას (ებრაელთა ხეობა) სახელით. გადმოცემით, დაახლოებით 300 წლის წინ მთის ებრაელები აქედან მაჯალისში გადავიდნენ, შემდეგ კი _ იანგიკენტში.

იგივე ავტორი აზუსტებს, რომ თემირ-ხან-შურის ოკრუგში მცხოვრებ ებრაელებს აქვთ გადმოცემა, რომ მათი წინაპრები იერუსალიმის პირველი განადგურებისა და აოხრების დროს ბაღდადში გადავიდნენ, სადაც საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობდნენ. მუსლიმთაგან შევიწროების შემდეგ, ისინი თანდათან გადასახლდნენ თეირანში, ჰამადანში, რეშტში, დერბენტში, მაჯალისში, კარაბულახკენტში და თარგუში. ამ გზაზე ბევრ პუნქტში მათი ნაწილი მუდმივად საცხოვრებლად დარჩა.


ლეგენდების ანალიზის შემდეგ ცხადია, რომ მთის ებრაელთა წინაპრები დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ რამდენიმე საუკუნე, სპარსელებსა და თათებს შორის ცხოვრობდნენ. სპარსულ ეთნიკურ გარემოში მათ დედაენად სპარსული ენის თათური დიალექტი იქცა. თუმცა ისიც შენიშნულია, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მთის ებრაელთა წინაპრები ორენოვანნი იყვნენ.

დაახლოებით V-VIსს-ში სასანიდი მმართველის კავად I-ის (488-531) დროს და განსაკუთრებით ხოსროვ I ანუშირვანის (531-579) მეფობისას, მთის ებრაელთა წინაპრები, თათებთან ერთად, როგორც სპარსელი კოლონისტები, აღმოსავლეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ აზერბაიჯანსა და სამხრეთ დაღესტანში ირანელთა სამფლობელოების მომთაბარე ტომების თარეშთაგან თავდასაცავად (აღსაკვეთად) გადმოასახლეს. მეცნიერთა სხვა ჯგუფის აზრით, მთის ებრაელების კასპიისპირეთში მიგრაცია დაკავშირებულია ირანში მაზდაკიდების მოძრაობაში ებრაელთა მონაწილეობასთან, როდესაც ეგზი-ლარხმა მარ-ზუთრა II-ემ ირანში შექმნა დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო, რამაც 531 წელს ებრაელ სეპარატისტთა დარბევა გამოიწვია.

VIIს-ის დასაწყისში, შემდეგ კი VIIIს-ის დასაწყისში ბიზანტიაში ებრაელთა დევნამ დაღესტანში მათი ნაკადის მოზღვავება გააძლიერა; ისინი რელიგიური შემწყნარებლობით ცნობილ ხაზარეთში გარბოდნენ. VIIIს-ში ხაზარეთის კაღანატში იუდაიზმის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით მთის ებრაელთა ცხოვრებაში სტაბილური განვითარების ხანმოკლე ეპოქა დადგა.


მთის ებრაელთა მიგრაციული პროცესები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა: XIVს-ის ბოლოს ისინი თემურ-ლენგის არმიის მსხვერპლნი შეიქმნენ. 1742 წელს მთის ებრაელთა დასახლებები ნადირ-შაჰის ლაშქარმა გაანადგურა, XVIIIს-ის დასასრულს კი მათ თავს ყაზიყუმუხის ხანი დაესხა. შამილის დროს მუსლიმი ფუნდამენტალისტები ებრაელთა სოფლებსა და უბნებს ძარცვავდნენ. მისი მცხოვრებნი თავს აფარებდნენ რუსულ სიმაგრეებს. ზოგიერთმა კი ისლამი იძულებით მიიღო, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მთის ებრაელების ასიმილაციის ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, რისი დამადასტურებელიცაა დაღესტანის ბარის, მთისწინეთისა და მთის რაიონებში არსებული ებრაული ტოპონიმია. ამ პროცესების უფრო მეტად დამამტკიცებელია ზოგიერთ დაღესტნურ სოფელში თუხუმები, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას მთის ებრაელებს უკავშირებენ. ასეთი ასიმილაციური პროცესების მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო დაღესტნის ხალხებისა და მთის ებრაელებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრობა და ყონაღობა. მთის ებრაელთა ეთნოსის ფორმირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაღესტნის ხალხებთან სამეურნეო-კულტურული ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობდა. XXს-ის დასაწყისიდან არაერთი ებრაელი პალესტინაში გადასახლდა.


image


1920-იან წლებში რეპატრიაცია შეწყდა და 1974 წლიდან განახლდა. უკანასკნელ ხანს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების გამო, მთის ებრაელთა განსახლება კვლავ გაგრძელდა. ამიტომ ყოველწლიურად ისრაელში დაახლ. 1, 3-1, 5 ათასი მთის ებრაელი მიდიოდა.

მარტო 1992-1995 წლებში დაღესტნიდან 5080 მთის ებრაელი წავიდა. საერთოდ, მთელი 10 წლის განმავლობაში 1990 წლიდან 1999 წლამდე საზღვარგარეთ 12 ათასი მთის ებრაელი მიგრირდა.

მთის ებრაელთა მთავარი სამეურნეო საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. მისდევდნენ ხელოსნობასა და ვაჭრობას, მებაღეობას, მევენახეობას, მეღვინეობას, მეთამბაქოეობას. მეცხოველეობა შედარებით სუსტად იყო განვითარებული. ძირითადად წვრილფეხა საქონლის მოშენებას მისდევდნენ. მთის ებრაელები დაღესტნის მთისა და ბარის მოსახლეობას შორის სავაჭრო საქმეში ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებდნენ. ამიტომ იყო, რომ ისინი ძირითადად მთიდან ბარში გარდამავალ ადგილებში მოსახლეობდნენ.

მთის ებრაული სოფლები ბევრი არ იყო. მათი ძირითადი ნაწილი ცალკეული უბნების სახით დაღესტნის სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრობდა. ქალაქებში კომპაქტურად მხოლოდ დერბენტში მკვიდრობდნენ. XIXს-ის შუა ხანებში მთის ებრაელები დაღესტნის 29 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობდნენ და 1222 კომლს ითვლიდნენ. მთის ებრაელთა ოჯახის ძირითადი ტიპი XXს-ის პირველ მესამედამდე გაუყრელი, დიდი ოჯახი იყო.

ასეთ ოჯახებში სულთა რაოდენობა 10-დან 40 კაცამდე მერყეობდა. ერთი წინაპრიდან მომდინარე რამდენიმე ოჯახი თუხუმს შეადგენდა.


მთის ებრაელებში განვითარებული იყო სტუმართმოყვარეობის, ურთიერთდახმარების წეს-ჩვეულებები, იცოდნენ სისხლის აღება. ქორწინდებოდნენ ბიძაშვილებზე, მამიდაშვილებზე, დეიდაშვილებზე, სხვა ახლო ნათესავებზე. გავრცელებული იყო ლევირატისა და სორორატის ინსტიტუტები.

პატარძალში იხდიდნენ ყალიმს (ურვადს). ვაჟიშვილის დაბადება დიდი დღესასწაული იყო. მერვე დღეს ასრულებდნენ წინდაცვეთის წესს. მთის ებრაელები სარწმუნოებით იუდეველები იყვნენ. მათში ეთნიკური და რელიგიური თვითშეგნება ერთმანეთს ერწყმოდა. ამიტომაც იყო, რომ სხვა რელიგიის მიღება სხვა ხალხში გადასვლად, ეთნიკურობის შეცვლად განიხილებოდა.


XIXს-ის შუა ხანებში დაღესტანში 27 სინაგოგა იყო. მთის ებრაელთა რელიგია მჭიდროდ იყო გადახლართული მეზობელი ხალხების წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთან. მთის ებრაელებს მათთვის დამახასიათებელი ფოლკლორი ჰქონდათ, რომელიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მათში მნიშვნელოვნად იყო განვითარებული სასიმღერო ლირიკა, განსაკუთრებით ხატოვანი იყო საქორწილო, საწესჩვეულებო პოეზია, ხმით ტირილი. ფოლკლორის, განსაკუთრებით აშუღთა წიაღიდან ამოიზარდა მთის ებრაელთა ლიტერატურა.

მთის ებრაელებს მეცნიერებისა და კულტურის არაერთი მოღვაწე ჰყავდათ. მთის ებრაელი იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგი გაბრიელ ილიზაროვი, რომელიც კურგანის ექსპერიმენტული ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0