x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ფლორესელი ადამიანი - ჰომო ფლორესიენზისი
ფლორესელი ადამიანი - ჰომო ფლორესიენზისი


ფლორესელი ადამიანი / ფლორესიელი ადამიანი / ჰომო ფლორესიენზისი / ჰობიტი (Homo floresiensis / The Hobbit), როგორც ადამიანის ცალკეული სახეობა თუ ქვესახეობა არსებობდა დაახლოებით ძვ.წ. 190, 000 წლიდან ძვ.წ. 48, 000 წლამდე. ასე თარიღდება ამ ადამიანთა მიერ შექმნილი მრავალი არტეფაქტი, კერძოდ უმეტესად ქვის იარაღები. მისი ნაშთები აღმოაჩინეს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე, თუმცა დიდი ალბათობით არა მხოლოდ ამ კუნძულზე, არამედ ინდონეზიის არქიპელაგის სხვადასხვა კუნძულზე იყო გავრცელებული. მათ უწოდეს ასევე ჰობიტები გამორჩეულად დაბალი აღნაგობის გამო, 2003 წელს, ლიანგ ბუას მღვიმეში აღმოჩენილი ქალის სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრსა და 6 სანტიმეტრს აღწევდა, ეს კონკრეტული ინდივიდი დაახლოებით ძვ.წ. 78, 000 წლისთვის ცხოვრობდა. შედარებისთვის, დღევანდელ დღეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ყველაზე დაბალი მოდგმა არიან პიგმეები, რომელთა სიმაღლეც 140-150 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.


ფლორესელი ადამიანი - ჰომო ფლორესიენზისი


ფლორესელ ადამიანებს ჰქონდათ მცირე ზომის ტვინი, ქალებს 380-დან 420 სმ3-მდე, ხოლო მამაკაცებს შედარებით დიდი, ვიდრე ქალებს. ტვინის ეს ზომები დაახლოებით დღევანდელი შიმპანზეების მსგავსია. ქალები იწონიდნენ საშუალოდ 25 კილოგრამამდე, მამაკაცები შედარებით მეტს. ასევე ჰქონდათ დიდი კბილები მათი სხეულის მცირე ზომების გათვალისწინებით, ნიკაპი არ აღენიშნებოდათ, ჰქონდათ ვიწრო ცხვირი, ბრტყელი სახე, კრანიალური ფორმა მოგრძო და ახლოს იდგა უფრო ჰომო ერექტუსთან, ვიდრე ჰომო საპიენსის ფორმასთან, უკან დახეული და პატარა შუბლი, წარბზედა რკალი არ ქმნიდა ერთიან ქედს და თითოეული თვალის ზემოთ აღინიშნებოდა, განსხვავებით ინდონეზიელი ჰომო ერექტუსებისა, რომლებსაც უწყვეტი ქედი ჰქონდათ შექმნილი წარბზედა რკალებით. მიუხედავად მათი ტვინის და ტანის მცირე ზომებისა, ეს ადამიანები ამზადებდნენ ქვის იარაღებს და წარმატებით ნადირობდნენ პატარა სპილოებსა და დიდ მღრღნელებზე, უმკლავდებოდნენ მტაცებლებს, როგორებიც იყვნენ გიგანტური კომოდოს დრაკონები და ლიანგ ბუას გამოქვაბულის კვლევით ცხადია, რომ იყენებდნენ ცეცხლსაც საკვების მოსამზადებლად და სხვ. ამ ადამიანების მცირე ზომები გამოწვეული შეიძლება ყოფილიყო კუნძულზე მრავალი თაობის, ათასწლეულებით ცხოვრების ეფექტით, რაც ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში სხეულის ზომების შემცირებას იწვევს ძუძუმწოვრებში, მაგალითად ამავე კუნძულზე, ფლორესზე მცხოვრები ჯუჯა სპილოებიც ამ ადაპტაციის კარგი მაგალითები არიან.



ფლორესელი ადამიანი - ჰომო ფლორესიენზისი


2003 წლის პირველი აღმოჩენის შემდეგ, იგივე ფლორესის კუნძულზე მდებარე ლიანგ ბუას გამოქვაბულში, 2017 წლამდე აღმოჩენილი იქნა 12 სხვა ფლორესელი ინდივიდის ნაშთები, რომლებიც დათარიღდნენ სხვადასხვა ათასწლეულით - ძვ.წ. 100, 000 წლიდან ძვ.წ. 48, 000 წლამდე. რაც შეეხება აქვე აღმოჩენილ ქვის იარაღებს, რომლებიც ამ ადამიანების მიერაა გაკეთებული, მათ შორის უძველესი ძვ.წ. 190, 000 წლიდან თარიღდებოდა 2016 წლამდე. 2016 წელს კი ამავე კუნძულზე, ლიანგ ბუას მღვიმიდან 70 კილომეტრის დაშორებით, მატა მენგეში აღმოჩენილი იქნა ფლორესელების უპირველესი, უძველესი წინაპრების ნაშთები, რომლებიც დათარიღდა დაახლოებით ძვ.წ. 838, 000 - 700, 000 წლით. აღსანიშნავია, რომ ამ კუნძულზე გაკეთებულია აღმოჩენები, რომლითაც დასტურდება აქ ადამიანთა, კერძოდ უდიდესი ალბათობით ჰომო ერექტუსების ყოფნა ჯერ კიდევ 1 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან, თუმცა ამ ადამიანების ქვის იარაღის კეთების ტექნოლოგია ოლდოვური პერიოდის აფრიკულის მსგავსია და არ ჰგავდა ჩამოყალიბებული "ფლორესიელი ადამიანების", იგივე ე.წ. "ჰობიტების" ტექნოლოგიას. ფლორესიელი ჰობიტები გადაშენებულ მცირე ზომის სპილოზე - სტეგოდონზე ხშირად ნადირობდნენ, ამაზე მეტყველებს მათს მღვიმეებში ამ ცხოველების მრავალი ნაშთის აღმოჩენა, ამ სტეგოდონების მრავალ ძვალზე ქვის იარაღების დამუშავების კვალიც ხშირია. ფლორესიელი "ჰობიტების" გადაშენებას მიაწერენ თანამედროვე ადამიანების, ჰომო საპიენსების გამოჩენას ინდონეზიის კუნძულებზე, მათ შორის ფლორესზე. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ფლორესზე თანამედროვე ადამიანთა კვალი დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებით მხოლოდ ძვ.წ. 9000 წლიდან ჩნდება, აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის არქიპელაგზე ისინი განსახლებას იწყებენ ყველაზე ცოტა ძვ.წ. 53, 000 წლიდან, რაც ემთხვევა კიდეც ჰობიტების ამოწყდომის პერიოდს. კუნძული ფლორესი ყოველთვის მოშორებული იყო კონტინენტურ აზიას, მაშინაც კი როცა წყლის დონე ძალიან დაბალი იყო მაინც 24 კილომეტრი უნდა გადაეცურა რაიმე საშუალებით ადამიანს, რომ იქ მოხვედრილიყო. უცნობია როგორ მოახერხეს ეს ფლორესელმა ადამიანებმა და ზუსტად როდის.


ფლორესელი ადამიანი - ჰომო ფლორესიენზისი


პირველად როდესაც აღნიშნული მოდგმის ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს, იფიქრეს რომ ისინი იყვნენ იაველი ჰომო ერექტუსის შთამომავლები, თუმცა შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჰომო ფლორესიენზისი აზიელ ჰომო ერექტუსებზე უფრო არქაული ნიშან-თვისებების მატარებელი იყო და იხრებოდა ავსტრალოპითეკებისკენ, ჰომო ჰაბილისისკენ ან ჰომო გეორგიკუსისკენ ანუ საქართველოში, დმანისში აღმოჩენილი ადამიანებისკენ. მეცნიერების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ფლორესიელი ადამიანებიც და აზიელი ჰომო ერექტუსებიც იზიარებდნენ საერთო წინაპარს და ეს წინაპრები დმანისელი ადამიანები იყვნენ.


ფლორესელი ადამიანი - ჰომო ფლორესიენზისი


წყარო 1: Homo floresiensis - Human Origins;

წყარო 2: Homo floresiensis - The Australian Museum;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
204
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
204
  
2022, 26 აპრილი, 12:24
▶ ფლორესელი ადამიანი / ჰობიტი (Homo floresiensis / The Hobbit) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 190,000 - 50,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 2003 წელს ინდონეზიაში, კუნძულ ფლორესზე. გავრცელებული იყო შესაძლოა ინდონეზიის სხვა კუნძულებზეც. ტვინის ზომა ქალებს ჰქონდათ 380-დან 420 სმ3-მდე, ხოლო მამაკაცებს შედარებით დიდი. საშუალოდ იზრდებოდნენ 106 სმ-მდე და იწონიდნენ 30-45 კილოგრამს.
0 1 1