x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ოსები
image


ოსები ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ. მათი თვითსახელწოდებაა ირონ, დიგორონ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოსებს XXს-მდე ერთიანი ენდოეთნონიმი არც ჰქონიათ.

აღმოსავლეთ ოსეთის სამ ხეობაში მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “ირონს” უწოდებდნენ, ხოლო დასავლეთით, დიგორის ხეობაში მცხოვრებნი _ “დიგორონ”-ს. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეზობელი ხალხები ოსური ეთნოსის ამ ორ ნაწილს სხვადასხვა ხალხებად აღიქვამდნენ. ამავე დროს, სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ერთიანი თვითსახელწოდების არარსებობის მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ამ ირანულენოვან ხალხს ერთიანი თვითშეგნება მაინც ჰქონდა.


რაც შეეხება ეთნონიმს “ოსი” და დღევანდელი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ტერიტორიული ერთეულის სახელწოდებას _ “ოსეთი”, ოსები არასდროს არ იცნობდნენ. ჯერ რუსულ ენაში და შემდეგ სხვა ხალხებში ეთნონიმი (ეგზოეთნონიმი) “ოსი” ქართველთაგან გავრცელდა. ამ ეგზოეთნონიმით ოსებს ქართველთა გარდა, ფაქტობრივად, არავინ არ იცნობდა.


ოსები ანტიკური პერიოდის საისტორიო წყაროებში ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში მოსახლე ალანების ნარჩენ ხალხად მიიჩნევა, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში ისიც ხაზგასმულია, რომ ოსები ალანების პირდაპირი და უშუალო შთამომავლები არ არიან. ოსური ეთნოსი ჩრდილოეთ კავკასიის მთებში, XIIIს-ის შემდეგ, ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის შედეგად, ჩამოყალიბდა. ალანები პირველად ახ.წ. I საუკუნეში არიან ნახსენები. იოსებ ფლავიუსი ამ ეთნოსის მატარებელ ხალხს მეოტიდის ზღვას და ტანაიდის ირგვლივ ათავსებს. ეთნონიმის “ოსის” მსგავსი ეთნონიმიც ადრინდელ წყაროებშია მოხსენიებული. IIს-ის ავტორი პტოლემეოსი ალანებთან ერთად “იაზიგებსაც” ასახელებს.


კავკასიის ხალხებში გავრცელებული ოსების აღმნიშვნელ ეგზოეთნონიმებია: ყაბარდოელები მათ უწოდებენ _ “ქუეშხე”-ს, აბაზები _ “ასატინ”, აფხაზები _ “აუაპს”, ყარაჩაელები _ “ტეგეილი” ან “დიუგერლი”, ბალყარელები _ “დიუგერლი”, ინგუშები და ჩაჩნები _ “ხირი”, ხუნძები _ “ხირიოლ”. საყურადღებოა, რომ ეთნონიმები “ალანი” და “ასი” სხვა ხალხთა ეთნონიმებში აისახა. ალანებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელ ყარაჩაელებს უწოდებს, თვით ოსები კი “ასიაგ”-ს (“ასინს”) ბალყარელებს უწოდებენ, რაც შორსმიმავალი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.


image


ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თუალთას სახელით იყვნენ ცნობილნი. სხვათაშორის, ეთნონიმების დიგორის, თუალის, ირონის შესახებ ცნობილი ოსი მეცნიერი ვ. აბაევი აღნიშნავდა, რომ ისინი ირანულ ეთნოლინგვისტურ გარემოს კი არ უკავშირდებიან, არამედ კავკასიურ ენათა სუბს-ტრატს, რომელთა მატარებელნიც ჩრდილოეთ კავკასიის მთებსა და მთისწინეთში მოსულ ალანებთან შევიდნენ კონტაქტში. სატომო სახელწოდებანი _ დიგორი, ირონი, თუალი _ წერდა ვ. აბაევი _ არ “აიხსნებიან ირანულით და წარმომავლობენ ოსებამდელი მოსახლეობის თვითსახელწოდებებიდან, რომლებიც ირანიზაციის შემდეგ შენარჩუნდნენ”.


რუსეთის ფედერაციაში ოსების რაოდენობა 402 ათასი კაცია, მათ შორის, ჩრდილოეთ ოსეთში _ 335 ათასი კაცი. ცხოვრობენ აგრეთვე ყაბარდო-ბალყარეთში (10 ათასი კაცი), სტავროპოლის მხარეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში (დაახლ. 4 ათასი კაცი). ოსები ცხოვრობენ საქართველოშიც (164 ათასი კაცი. აქედან ყოფილ სამხრეთ ოსეთში _ 65 ათასი კაცი). ოსების სამშობლოა ჩრდილოეთ კავკასია. დღეს რუსეთის ფედერაციაში შემავალ ე.წ. “ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას” შედარებით დიდი ტერიტორია უკავია, ვიდრე XVIIIს-ში.


XVIIIს-ის ბოლომდე ოსები მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის ოთხ ხეობაში იყვნენ განსახლებულნი. ესენი იყო ალაგირის, ქურთულის, თაგაურის და დიგორის ხეობები (საზოგადოებები). პირველი სამი ხეობა ალაგირელებით იყო დასახლებული, მეოთხეში კი დიგორელები მკვიდრობდნენ. ყველაზე დასავლეთით დიგორის ხეობა მდებარეობს, რომელიც დღევანდელი მდ. ურუხის ხეობის ზემო წელს მოიცავდა. დიგორელები განსახლებულნი იყვნენ მდინარეების სარდი-დონისა და სინგუტი-დონის გასწვრივ. დიგორელების წარმოდგენით, დიგორი მაცუტიდან იწყება და მოიცავს სტურ-დიგორის, მახჩეს, გულარის, დონიფარის, ზადალეს ხეობებს და იყოფა მთიან დიგორად და ტაპანდიგორად (ქვემო დიგორიად). ალაგირელები დიგორელებს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდნენ. ეს ხეობა მდ. არდონზე მდებარეობდა. შემდეგ მდ. ფიაგდონის აუზში ქურთითის ხეობა იყო მოთავსებული; უკიდურეს აღმოსავლეთით კი თაგაურის ხეობის ანუ დარგავის საზოგადოების ოსები ცხოვრობდნენ თერგის შენაკად მდ. გიზელდონის აუზში. არდონის ხეობის ზემო წელში თუალთა მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა ალაგირელთა მიგრაციის შედეგად იყო ჩამოყალიბებული. თუალთა კი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხე დვალეთი, სადაც ისტორიულად ექვსი თემის ქართველი მთიელები (დვალები) ცხოვრობდნენ. ისინი განსახლებულნი იყვნენ ჟღელის, ზრამაგის, ნარას, ზროგოს, ზახას, კასრის ხეობებში.


ოსებს შორის ფართოდაა გავრცელებული ლეგენდა მათი ოსბაყათარიდან წარმომავლობის შესახებ. ერთ-ერთი გადმოცემით, მას შვიდი შვილი ჰქავდა: სიდამონი, ცარაზონი, კუსაგონი, ძახილი, ტეტლო, აგუზი და მეშვიდე _ ხარჭასაგან გაჩენილი. სხვადასხვა ოსური გვარები თავიანთ წარმომავლობას სწორედ ჩამოთვლილ პიროვნებებს უკავშირებენ. სხვა ოსური გადმოცემებით, რომელიღაც მათ წინაპარს ორი შვილი _ თაგა და ქურთა _ ჰყავდა, რომლებისგანაც თაგაურები და ქურთაულები მომდინარეობენ. იგივე გადმოცემით, თაგა და ქურთა სომხეთიდან იყვნენ მიგრირებულნი.

საისტორიო წყაროებში ირონელები XVII საუკუნემდე ფაქტობრივად არ იხსენიებიან. რაც შეეხება დიგორელებს, ისინი ადრე შუა საუკუნეების მხოლოდ ერთადერთ წყაროში _ VIIს-ის “სომხურ გეოგრაფიაში” არიან დასახელებული. შემდეგ ეს ტერმინი ქართულ, რუსულ და დასავლეთევროპულ საისტორიო წყაროებში XVII-XVIIIსს-ში ჩნდება. ქართული დოკუმენტი, რომელშიც პირველად დიგორია მოხსენიებული (ბასიანის ანუ ბალყარეთის ხეობის გვერდით), 1691 წლით თარიღდება.

XVIIIს-ის პირველი მეოთხედის ავტორის გლავანის ცნობით, “დიუგერის” მხარეში 500 ოჯახი ცხოვრობდა და ისინი ყაბარდოელებს ემორჩილებოდნენ. იმავე საუკუნის 40-იანი წლების რუსულ დოკუმენტებში დიგორელები უკვე რამდენჯერმე არიან მოხსენიებულნი. 1743 წლის რუსულ საბუთში დიგორელებთან ერთად სტურდიგორელებიც არიან დასახელებულნი. XVIIIს-ის 20-30-იან წლებში დიგორელებს ვხვდებით ვახტანგ VI-ის მიერ გაცემულ დოკუმენტებში. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით: “ხოლო კასრის ჴევის დასავლით არს დიგორი, რომელი განიყოფის ორად _ ჩერქეზიძედ და ბადელიძედ. და არს სიგრძე ამისი რაჭის კავკასიდამ ჩერქესამდე”. დიგორელებსა და დიგორიის მხარეს, ოსეთთან ერთად გიულდენშტედტი, შტედერი და პალასი ასახელებენ. ვახუშტი დაწვრილებით აღწერს ოსთა სხვა ხეობებსაც: თაგაურს, ქურთაულს, ვალაგირფაიქომს. ეთნოლოგი ნ. ვოლკოვა წერს, რომ ოსთა აღმოსავლეთ ჯგუფების თვითსახელწოდება _ ირონი, საისტორიო წყაროებში იშვიათად მოიხსენიება. ის იქვე დასძენს, რომ ეს გარემოება გაუგებარია რით უნდა აიხსნასო. ჩვენი აზრით, ეს გარემოება სრულიად ახსნადია, თუ ალანურ-ოსური ტომების განსახლების არეალებსა და მიგრაციის მიმართულებას ადრე შუა საუკუნეებიდან გვიან შუა საუკუნეებამდე დაწვრილებით დავაკვირდებით.


image


XIII-XIVსს-მდე ანუ მონღოლთა შემოსევებამდე, ოსები (ანუ მათი წინაპარი ალანები) აღმოსავლეთ ოსეთის ზემოთ დასახელებულ სამ ხეობაში (ალაგირი, ქურთაული, თაგაური) არ ცხოვრობდნენ. მათ ადრეკლასობრივი სახელმწიფო ჩრდილოეთ კავკასიის ბარში ჰქონდათ შექმნილი. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის მთას, ისინი აქ დიგორიაში და მის დასავლეთით დღევანდელი ბალყარეთისა და ყარაჩაის ტერიტორიაზე ადრეშუასაუკუნეებიდან, VI-VII სს-დან ცხოვრობდნენ.

აი, ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იხსენიებიან ადრეულ წყაროებში დიგორელები და რატომ არ იხსენიებიან ირონელები. სხვათაშორის, ბალყარელებში შემორჩენილია გადმოცემა, რომ დიგორელი და ბალყარელი ფეოდალების ბადელიატების და ბასიატების წინაპრები ჩრდილოეთიდან, მდ. ყუმის შუაწელზე მდებარე ადგილ მაჯარიდან გადმოსახლდნენ.


ჩრდილოეთ კავკასიის მთებში დასახლების შემდეგ (XIII-XIVსს-დან) ოსებს რაიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი აღარ ჰქონიათ. ალანთა (ოსთა) ადრეკლასობრივ სახელმწიფოს საფუძველი V-VIსს-ის შემდეგ ჩაეყარა და მონღოლთა შემოსევებამდე იარსება. მონღოლებმა არა მარტო ალანთა (ოსთა) სახელმწიფო მოსპეს, არამედ ალანებს განსახლების არეალი, ეთნიკური ტერიტორიაც დააკარგვინეს. მას შემდეგ “სტეპნიაკი” ალანები მთიელებად (ოსებად) იქცნენ. ასე რომ, ოსებს და მათ წინაპარ ალანებს ისტორიის ვრცელ მანძილზე მუდმივი ბინადრობის ერთი ადგილი არ ჰქონიათ.

ჩრდილოეთ კავკასიის მთებში დასახლებამდე, ოსებმა რამდენიმე საცხოვრისი გამოიცვალეს. ოსების წინაპარი ირანულენოვანი ტომები თავდაპირველად შუა აზიის სტეპებში ცხოვრობდნენ. ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე ალან-ოსები აზოვისა და დონისპირა ველებზე დამკვიდრდნენ. აქ ახ.წ. IVს-ის 70-იან წლებში ალანებმა ჰუნების გამანადგურებელი თავდასხმა განიცადეს. გადარჩენილი ალანების მცირე ნაწილმა სამხრეთისაკენ ჩამოიწია და ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ველები დაიკავა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ველებში ალან-ოსებმა შექმნეს ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც მონღოლების მსხვერპლი შეიქმნა. ოსების საბოლოო და უკანასკნელი შერეკვა ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში XVს-ის დასაწყისში, თემურ-ლენგის ორგზის გამანადგურებელი შემოსევის შედეგად მოხდა.


რუსი ეთნოლოგი ნ. ვოლკოვა წერდა, რომ ჰუნთა თარეშების შემდეგ, ალანები, ანტიკური დროის ალანებთან შედარებით, სრულიად განსხვავებულ ისტორიულ-გეოგრაფიულ და კულტრულ-სამეურნეო პირობებში აღმოჩნდნენ. კავკასიურ ნიადაგზე ალანი ხალხის ჩამოყალიბების პროცესი IV-VIსს. უნდა მივაკუთვნოთ. სწორედ ამ დროიდან ჩრდილოეთკავკასიელი ალანები თანამედროვე ოსების პირდაპირ წინაპრებად უნდა ჩავთვალოთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ Vს-მდე ალანებზე წერდნენ, როგორც მომთაბარე ხალხზე, VIIს-დან არქეოლოგიური მასალებით, ისინი უკვე ბინადარ ცხოვრებას მისდევენ და ჩრდილოეთ კავკასიის ეთნოკულტურული სამყაროს წარმომადგენლები არიან.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ IVს-ის რომაელი ავტორი ამიანე მარცელინი ალანებს სკვითთა სტეპების ბინადრებად თვლიდა, რომლებიც ჰუნების მსგავსად კიბიტკებში ცხოვრობდნენ და საერთოდ არ იცოდნენ მიწათმოქმედება. რაც შეეხება მათ მთაში ცხოვრებას, VIს-დან ისინი აქაც ჩანან, ოღონდ არა ალაგირის, ქურთათის და თაგაურის ხეობებში, არამედ, დასავლეთით, მდ. ყუბანის მთიან ზოლში. აქ ისინი აფხაზეთს ემეზობლებოდნენ და მთაში მათი განსახლების არეალი მოიცავდა დღევანდელ ყარაჩაის, ბალყარეთის და დიგორის ტერიტორიებს. ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე ალანუროსური ტომების ასიმილაცია გვიან, მონღოლთა შემოსევების დროს მიგრირებულმა თურქულენოვანმა ხალხმა მოახდინა. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ დღევანდელ ყარაჩაელებს დასავლეთ საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს მოსახლეობა ალანებს უწოდებს. ბალყარელებს სვანები “სავიარს” უწოდებენ, რაც ასევე იმას მოწმობს, რომ ამ ტერიტორიაზე ალანთა მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე სავირები ცხოვრობდნენ.


დავუბრუნდეთ ისევ XIII-XIV საუკუნეებს. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს ხდება ალანოსების ბინადრობის ადგილის კიდევ ერთხელ შეცვლა. ჩრდილოეთ კავკასიის მთებში შესული ალან-ოსები ადგილობრივ კავკასიურ ტომებს შეერივნენ. ესენი იყვნენ ქართული წყაროების “კავკასიანნი” და ინგუშთა წინაპარი ტომები.

ოსების ადრინდელი საცხოვრისი ჩრდილოეთ კავკასიის ბარში ყაბარდოელებმა დაიკავეს და მთიდან ბარში გამოსასვლელ ადგილებში შექმნეს მტკიცე სიმაგრეები, რათა მთებში შერეკილი ოსები ჩრდილოეთ კავკასიის ბარში საცხოვრებლად აღარ გასულიყვნენ. XIII-XIVსს-მდე ოსები ჩრდილოეთ კავკასიის მთებში საერთოდ არ ცხოვრობდნენ (მხედველობაში არა გვაქვს მდ. ყუბანის სათავე). მხოლოდ ამ პერიოდიდან გვევლინებიან ისინი ქართველთა უშუალო მეზობლებად. ველის მომთაბარე ოსები მთიელებად იქცნენ. იმდენად მასობრივი იყო ოსების ბარიდან მთებში შესვლა, რომ მათ მიგრაციას ბარიდან მთაში ტოპონიმების გადატანაც კი მოჰყვა.

XIII-XIVსს-დან მოყოლებული, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ოსებს რაიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ ჰქონიათ. მათ არ ჰყოლიათ საერთო მმართველი. ისინი აქ ხეობებში ერთმანეთისაგან განცალკევებით ტერიტორიული თემების სახით ცხოვრობდნენ.


XIII-XIVსს-დან XVIს-მდე ოსები ზემოთ აღნიშნულ ჩრდილოეთ კავკასიის ოთხ ხეობაში ჩაკეტილნი ცხოვრობდნენ. XVIს-ში ოსები სახლდებიან საქართველოს განუყოფელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში დვალეთში. სამხრეთისაკენ ოსთა მიგრაციას ქვემოთ დავუბრუნდებით. ამჯერად კი მათ რუსეთთან ურთიერთობას და ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთსა და ბარში მიგრაციის საკითხს უნდა შევეხოთ. რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ რუსულ-ოსური ურთიერთობები XVIIIს. შუა ხანებიდან განმტკიცდა. ოსების დიდი ნაწილი რუსეთზე იყო ორიენტირებული და არაერთხელ მიმართავდნენ რუსეთის ხელისუფლებას მიეღოთ ისინი ქვეშევრდომებად.

პირველად აღმოსავლეთ ოსეთის უხუცესებს ასეთი თხოვნით 1770 წლის დასაწყისში ყიზლარის კომენდანტისათვის მიუმართავთ. თავის მხრივ, რუსეთი ოსეთის შეერთებით დაინტერესებული იყო, რადგან ოსურ ხეობებს სამხრეთ კავკასიასთან დასაკავშირებელი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდგომარეობა ეკავათ. ოსეთის რუსეთთან შეერთების პროცესი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების შემდეგ დაიწყო. ცნობილია, რომ აღნიშნული ზავით რუსეთმა ყაბარდო შეიერთა. სამშვიდობო ხელშეკრულებაში ოსეთი საერთოდ ნახსენები არ იყო. ეს ბუნებრივიცაა, ასეთი ქვეყანა, სახელმწიფოებრივი ერთეული იმ დროს არ არსებობდა.


რუსულ ისტორიოგრაფიაში 1774 წელი მაინც ოსთა რუსებთან შეერთების წლადაა მიჩნეული. 1774 წლის ოქტომბერში ოსი ხალხის სურვილით ციხე-სიმაგრე მოზდოკში დაიწყო მოლაპარაკებები ასტრახანის გუბერნატორსა და ოცკაციან ოსურ დელეგაციას შორის. მოლაპარაკებების პროცესში შემდეგი საკითხები განიხილეს: ოსების ცენტრალური კავკასიის მთისწინა ველებში ჩასახლება; ოსებით დასახლებული ტერიტორიების რუსეთის იმპერიასთან შეერთება; მეზობელი ფეოდალების თავდასხმებისაგან დასაცავად სამხედრო სიმაგრეებისა და ფორფოსტების შექმნა.

ყველა ამ საკითხზე ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ მოლაპარაკებებში დასავლეთ ოსეთს (დიგორელ ოსებს) მონაწილეობა არ მიუღიათ და 1774 წელს შესაბამისად ისინი არც რუსეთის ქვეშევრდომები გამხდარან. ოსების ძირითადი მიზანი ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ველებში სამოსახლო ადგილების მოპოვება იყო. ამის შემდეგ კი იწყება ოსთა ინტენსიური მიგრაციული პროცესი ჩრდილოეთისაკენ. მიგრაციის ამ მიმართულებამ ოსების სამხრეთისაკენ ანუ საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაცია ფაქტობრივად შეაჩერა, თუ არ ჩავთვლით დვალეთში მცხოვრებ ოსებს, რადგან მათი განსახლების არეალი გეოგრაფიულად უფრო საქართველოსთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიასთან.


ჩრდილოეთით გადასახლების დაწყებამდე XVIIIს-ის ბოლოს ოსთა ჩრდილოეთით განსახლების მიჯნები იყო დიგორის, ალაგირის, ქურთათის და თაგურის ხეობის გასასვლელები, რითაც ისინი ყაბარდოელებს ესაზღვრებოდნენ. XVIIIს-ის 70-80-იან წლებში დიგორელთა რამდენიმე დასახლება მთისწინეთში გაჩნდა. მათ შორის, კარაჯაევო, ყობანი, ვაშტილი, ვასელიგო და ტუმა მდ. ურუხზე, კუბათი _ მდ. დურ-დურის ხეობაში. ახალი დასახლებები ბადელიატთა ფეოდალურმა გვარებმა _ კარაჯაევებმა, კუბატაევებმა და ტუგანოვებმა _ შექმნეს, რომლებიც ამ მიწებზე თავის ქვეშევრდომებთან ერთად დასახლდნენ. უფრო ადრე, XVIIIს-ის პირველ ნახევარში ოსებმა ეთნიკური საზღვარი აღმოსავლეთითაც გააფართოვეს. აქ, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე XVIIIს-ის 20-იან წლებში დასახლდნენ ლარსში, ჩმიში, ბალთაში (სამივე ეს სოფელი დარიალის ხეობაში მდებარეობს.


image


რუსული წყაროების ცნობებით, XVI-XVIIსს_ში ლარსის მიდამოებში, მდ. თერგის მარცხენა მხარეზე ინგუშური მოსახლეობა მკვიდრობდა. აღნიშნულ სოფლებში დასახლებული ოსები ალაგირის ხეობიდან იყვნენ მიგრირებულნი. კლაპროტის მონაცემებით, ლარსში, ჩმიში და ბალთაში მოსახლე ოსები ინგუშებს მიწის სარგებლობისათვის გამოსაღებს უხდიდნენ. იმავე ავტორის ცნობით, სლონატეს გვარის ოსებს აქ შემდეგში თაგურის ხეობიდან სხვადასხვა გვარები დამატებიათ. გაძლიერებულ ოსებს ინგუშებისათვის ხარკის გადახდა შეუწყვეტიათ, თუმცა 30 წლის განმავლობაში მცირეყაბარდოელ თავადებს _ მუდაროვებს კვლავ უხდიდნენ გადასახადს.


XIX საუკუნე ოსთა მთიანი ხეობებიდან ბარში ინტენსიური და ჯგუფური გადასახლების პერიოდია. XIXს-ის 20-იან წლებში ოსური დასახლებები ვლადიკავკაზის დაბლობზე შეიქმნა. აქ ახლადწარმოქმნილ ოსურ სოფლებში ძირითადად ირონელი ოსები ეფუძნებოდნენ.

ახლა ოსების საქართველოში მიგრაციის შესახებ. ყოველგვარ არგუმენტებსა და ფაქტებსაა მოკლებული და მხოლოდ ზოგიერთი ავტორის ახირებას ემყარება თეზისები ოსების საქართველოში ძველი დროიდანვე მკვიდრობის შესახებ. არც ერთი საისტორიო წყაროთი, საბუთით, არქეოლოგიური მასალით არ დასტურდება ოსების საქართველოში მიგრაცია და აქ საბინადროდ გადმოსვლა არც ძველი წელთაღრიცხვის სხვადასხვა მონაკვეთში და არც ახ.წ.- ის IVს-ში ჰუნების შემოსევას ალან-ოსების საქართველოში დასახლკარება არ მოჰყოლია. ამ დროს ოსებმა დონისპირა და აზოვისპირა ველებიდან შედარებით სამხრეთით, ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ველებში წამოიწიეს. არ დასახლკარებულან ოსები საქართველოში არც VII და არც XIII სს-ში, როგორც ეს ზოგიერთ ავტორს წარმოუდგენია. XIIIს-ში ოსებმა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში დაიწყეს შესვლა, რაც კარგა ხანს გაგრძელდა და დასრულდა ეს მიგრაციული პროცესი XVს-ის დასაწყისში. ამ პერიოდში მხოლოდ ოსების ერთმა ჯგუფმა სცადა შიდა ქართლში დასახლება. ოსებმა ისარგებლეს საქართველოს დასუსტებით და მონღოლთა მხარდაჭერით ცდილობდნენ შიდა ქართლში სამოსახლო ადგილების მოპოვებას.


ოსების მონღოლთა ეს ფაქტობრივად საპოლიციო რაზმები, გარკვეული ხნის შემდეგ, მეფე გიორგი ბრწყინვალეს მიერ განადგურებული და გაძევებული იქნენ საქართველოდან. ოსთა ამ რაზმების განადგურებისა და გაძევების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა კარგა ხნით მტკიცედ ჩაკეტეს ოსეთის ხეობებიდან საქართველოში შემოსასვლელი ორივე კარი (დარიალი, კასრისკარი) და კარგა ხნით შეაჩერეს ოსთა საქართველოში მიგრაცია. კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული საქართველოს პროვინციაში _ დვალეთში ოსების შემოსახლება XVს-ის ბოლოდან იწყება.

ეს პროცესი აქ ძირითადად განხორციელდა XVIს-ში, XVIIს-ში კი დვალეთში დასრულდა ადგილობრივი ქართველური ტომის _ დვალების ასიმილაცია ოსების მიერ. მაგრამ, როგორც ბ. კალოევის მიერ ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, დვალეთის ზოგიერთ ხეობაში, მაგალითად, ზახაში ორენოვნება დიდხანს იყო შემორჩენილი. ზახელების უმეტესობამ ქართული ენა კარგად იცოდა. დასახელებული ავტორი ამას საქართველოსთან ხანგრძლივი ეთნოკულტურული კავშირებით ხსნის, აგრეთვე, ზახის ეკლესიებში ქართული სასულიერო პირების მოღვაწეობითა და მათ მიერ ქართულ ენაზე ქადაგებით.

ეს მასალა პირდაპირ მიუთითებს არა ორ სხვადასხვა ეთნოსს შორის არსებულ ეთნოკულტურულ კონტაქტებზე, არამედ იმაზე, რომ დვალები ქართველი მთიელები იყვნენ და მოსულმა ირანულენოვანმა ერთობამ მათი ასიმილაცია მოახდინა. ზახაში ქართული ეკლესიების არსებობა, ქართველი მღვდლების მოღვაწეობა და ქართულ ენაზე ქადაგებაც იმის დამადასტურებელია, რომ დვალეთი ქართული მხარე იყო თავისი ქრისტიანული რელიგიით. ამავე ბ. კალოევს თავის ნაშრომებში იმის დამადასტურებელი მასალაც მოაქვს, რომ XVIIIს-ის ბოლოსაც დვალეთის მკვიდრნი საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ჯარში ისევე იბრძოდნენ, როგორც სხვა მხარეების წარმომადგენლები.


ოსების დვალეთში დასახლებამდე, ოსების მოწოლის, თარეშის, ლაშქრობების გამო, დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა) განსახლდა. ადგილზე დარჩენილი დვალები, ოსთა ეთნიკურ-ენობრივ გარემოში ამ უკანასკნელთა აქ ჯგუფური შემოსახლებისა და სწრაფი გამრავლების შედეგად ასიმილირებულ იქნენ. ქართველი მთიელი დვალები იყვნენ წარმოშობით: ხადურები, ჩიფჩიურები, ბიგულები, თვაურები, ჩოჩოურები (იგივე ჩოჩიშვილები), ბეღელურები, გუდიაურები, ბაგაურები, გერგაულები, თაბაურები, ხერხეულიძეები, ქესაურები, ფარუხაულები; აგრეთვე: ბიგანები (ბიგანიშვილები), ხაბარელები, ხეთერელები, ხაჩიძეები (ადრინდელი ხაჩიურები).

რაც შეეხება ნარ–მამისონის ქვაბულში (ანუ დვალეთში) მოსახლე ყველაზე დიდ ოსურ გვარს ხეთაგურს (ხეთაგურებს), მათი წინაპარი აქ ყაბარდოდან იყო მოსული და, ბუნებრივია, ქართულ ენობრივ-ეთნიკურ გარემოში გვარსახელიც –ურ სუფიქსით გაიფორმეს. შემდეგ ოსურ ეთნიკურ გარემოში ეს გვარიც გაოსდა.

ნარ-მამისონის ქვაბულში (ანუ ისტორიულ დვალეთში) XVIIIს-თვის განსახლებული ოსური გვარები ძირითადად ალა-გირის ხეობიდან იყვნენ გადმოსახლებულნი. საერთოდ, ოსების შიდა ქართლში მიგრაცია ძირითადად დვალეთის გზით ხორციელდებოდა. დვალეთში მოსახლეობის ეთნიკურ ცვლილებას, ამ პროვინციის საქართველოდან ჩამოცილება არ მოჰყოლია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელ მანძილზე და რუსეთის კოლონიად გადაქცევის შემდეგაც (1858 წლამდე), დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო.


image


1858 წლით დათარიღებულ ერთ დოკუმენტში დვალეთის ზახას ხეობაში მცხოვრები აბაევები აღნიშნავენ, რომ მათი წინაპრები ერთგულად ემსახურებოდნენ ქართველ მეფეებს, იცავდნენ მათ ურჯულო ლეკებისა და სპარსელებისაგან. ბ. კალოევის მიერ მოხმობილი ეს საბუთი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დვალეთი, მიუხედავად აქ მოსახლეობის ეთნიკური ცვლისა, მუდმივად საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო.


დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა (მდ. თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში (მდ. დიდი ლიახვის ხეობის სათავე). ოსების აქ დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან XVIIს-ის პირველ ნახევარში მოხდა. XVIIს-ის პირველ ნახევარში ოსებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული შიდა ქართლის მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი აქ მხოლოდ დიდი ლიახვის ხეობის სათავეში (მაღრან-დვალეთში) იყვნენ მიგრირებული.

მთელი რიგი საისტორიო მონაცემებით, XVIIს-ის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთი (დიდი და პატარა ლიახვების ხეობები) ნასოფლარებით იყო მოფენილი. ადგილობრივი ქართული მოსახლეობა აქედან აყრილი და ბარში იყო საცხოვრებლად წასული. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ზემო წელში, ოსთა მიგრაცია ხდება XVIIს-ის მეორე ნახევრიდან. ისინი თანდათან მოიწევენ სამხრეთისაკენ და XVIIIს-ის 30-იანი წლებისათვის ითვისებენ დასახელებული ორი ხეობის მთიან ზოლს მთლიანად.

აქ, აღნიშნულ პერიოდში, ზოგიერთ მთიან სოფელში ოსები თანაცხოვრობდნენ ადგილზე დარჩენილ მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობასთან ერთად.

XVIIIს-ის მთელ მანძილზე ოსები შიდა ქართლის მთისწინეთში, ფაქტობრივად, არსად არ იყვნენ განსახლებული. ოსთა მიერ შიდა ქართლის მთისწინეთის სოფლებში (უფრო ხშირად, ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება XVIIIს-ის ბოლოსა და XIXს-ის დასაწყისში.


XVIIIს-ის დასაწყისში ოსები სახლდებიან ჯეჯორის ხეობის სათავეში (კუდარო) და ქსნის ხეობის სათავეში (ჟამური). ჟამურში ოსთა მიგრაცია ხდება, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან, ისე დიდი ლიახვის ხეობის მთიანი ზოლიდან. კუდაროში ისინი ძირითადად მიგრირებულნი არიან დვალეთიდან. შიდა ქართლის მთიანეთში ოსები ჯერ ესახლებიან დიდი ლიახვის ხეობაში, შემდეგ პატარა ლიახვის ხეობაში, ქსნის სათავეში (ჟამურში).

XVIIIს-ის დასაწყისში მცირე რაოდენობით ოსური მოსახლეობა ჩნდება მეჯუდას ხეობის სათავესა და ისროლისხევში. მეჯუდას ხეობის სათავეში ისინი პატარა ლიახვის ხეობის სათავიდან გადმოდიან. XVIIIს-ის ბოლოსათვის სამხრეთით ოსთა განსახლების უკიდურესი პუნქტები იყო (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით): კუდარო (მდინარე ჯეჯორის სათავე რაჭაში) _ გუფთა (მდ. დიდი ლიახვის ხეობა) _ აწერისხევის ხეობის ზემოთ (პატარა ლიახვის ხეობაში) _ მეჯუდის ხეობის სათავეში ორი სოფელი _ ჟამური (ქსნის ხეობის სათავე) _ ღუდა (მდ. თეთრი არაგვის ხეობის სათავე მთიულეთში) _ თრუსო (მდ. თერგის სათავე). XVIIIს-ის ბოლოსათვის ოსები საერთოდ არ იყვნენ ლეხურას ხეობაში, მეჯუდას ხეობაში (მისი სათავის გამოკლებით), ქსნის ხეობის მთიანეთის დიდ ნაწილში, ფრონეების ხეობაში.

სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორც ვახუშტი ბაგრატიონის დროს, ისე XVIIIს. დასასრულს, ოსები საქართველოს ცალკეული ხეობების მხოლოდ “უვენახო-უხილო” ზონაში ანუ “მთის ადგილებში” ცხოვრობდნენ. XVIIIს-ის დასასრულსა და XIXს-ის დასაწყისში ოსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობის მთისწინეთის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ამ პერიოდიდან და განსაკუთრებით XIXს-ის პირველ ათეულ წელს ხდება ოსთა გაჟონვითი ანუ ინდივიდუალური განთესვა შიდა ქართლის მთიანეთიდან შიდა ქართლის მთისწინეთისა და ბარის სოფლებში. ამ დროისათვის ოსთა ასეთი განსახლება განსაკუთრებით განხორციელდა პატარა ლიახვის ხეობის მთიანი მონაკვეთიდან.


XVIIIს-ის დასასრულიდან ფაქტობრივად შეწყდა ოსთა მიგრაცია ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან საქართველოს მიმართულებით, რადგან რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მათ დასახლების საშუალება მისცა ჩრდილოეთ კავკასიის ბარის რაიონებში. განსაკუთრებულ გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ დვალეთის ოსური მოსახლეობა, რომლებსაც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაცია არ შეუწყვეტიათ თითქმის მთელი XIXს-ის მანძილზე.

საერთოდ, ოსების საქართველოს ტერიტორიაზე განსახლება უმეტესად დვალეთის გზით ხორციელდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან დვალეთში შემოსახლებულები გარკვეული ხნით აქ დამკვიდრების შემდეგ შიდა ქართლის მთიანეთში გადმოდიოდნენ საცხოვრებლად. თუმცა არაერთი ფაქტია დადასტურებული ოსთა გადმოსახლებისა უშუალოდ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან, განსაკუთრებით მიგრაციის ადრეულ, საწყის ეტაპზე. სინამდვილეს არ შეესაბამება ზოგიერთი ავტორის მტკიცება XVII-XVIIIსს-ში შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში ოსთა განსახლების შესახებ.


XIXს-ის დასაწყისიდან იწყება ოსთა მიგრაცია ფრონეების ხეობაში, მეჯუდას ხეობაში, ლეხურას ხეობაში და ქსნის ხეობის მთიანეთის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ფრონეების ხეობაში ოსების მიერ ქართველთა ნასოფლარებში დაფუძნება ხდება ძირითადად დიდი ლიახვის ხეობიდან, თუმცა, თვალშისაცემია, რომ პირველი ოსი მიგრანტები ფრონეების ხეობის ქართველთა ნასოფლარებში დვალეთიდან წამოსული ოსები იყვნენ.

პატარა და დიდი ლიახვის ხეობებიდან გადმოდის მოსახლეობა მეჯუდას ხეობაში. ლეხურას ხეობაში ოსების მიგრაცია ძირითადად ქსნის ხეობიდან (ჟამური, ჭურთა) ხდებოდა. მიუხედავად ამისა, XIXს-ის პირველ სამ ათეულ წელს, ლეხურას, მეჯუდასა და ფრონეების ხეობებში ოსთა დასახლკარებას ინტენსიური ხასიათი არ ჰქონია. ინტენსიურად ამ ხეობების მოშენება ძირითადად მოხდა XIXს-ის შუა ხანებიდან მოყოლებული, ვიდრე 1880-იან წლებამდე.

XIXს-ის 80-იან წლებში ჩნდება თითო-ოროლა ოსური ოჯახი შიდა ქართლის გაღმამხარში, სადაც მათი მიგრაცია ძირითადად XIXს-ის მეორე ნახევარში განხორციელდა. XIXს-ის მეორე ნახევარში დასახლდნენ ოსები დღევანდელი ბორჯომის რაიონში (გუჯარეთის ხეობა).


კახეთსა და ქვემო ქართლში ოსები შიდა ქართლის მთიანეთიდან XXს-ის დასაწყისში გადასახლდნენ. ოსების საქართველოში შემოსვლა და დასახლება მთლად მშვიდობიანი არ იყო. ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში მომწყვდეულმა ოსებმა ძალით გამოიკაფეს გზა, როგორც დვალეთში, ისე შიდა ქართლის მთიანეთში. საისტორიო საბუთებით აშკარაა, რომ ადგილობრივი მთიელი ქართველი გლეხები ოსთა თავდასხმებით შეწუხებულნი, სტოვებდნენ მამა-პაპათა საცხოვრებელ ადგილებს და ბარში სახლდებოდნენ. ბარში კი მათთვის ამ თვალსაზრისით, ხელსაყრელი მდგომარეობა იყო.

მტერთა ხშირი თავდასხმებისაგან, შიდა ქართლის მთისწინა და ბარის რეგიონები დემოგრაფიულად კატასტროფამდე იყო მისული. დვალეთსა და შიდა ქართლის მთიანეთში ოსთა მიგრაციას ერთგვარად ხელი შეუწყო აგრეთვე, იმდროინდელი საქართველოს სოციალ-პოლიტიკურმა ვითარებამ. მტერთა ხშირი თავდასხმებისაგან დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველო ვეღარ ახორციელებდა კონტროლს ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსასვლელ ჩამკეტ კარებებზე _ კასრის კარზე და დარიალზე.

მომდევნო პერიოდისათვის (XVIIIს.) იმდენად დაეცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმდენად კატასტროფული შეიქმნა დემოგრაფიული სიტუაცია შიდა ქართლში, რომ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურები (მეფე, თავადები) თავად უწყობდნენ ხელს და ხშირად იწვევდნენ ოსებს საქართველოში დასასახლებლად. XVIIIს-ის მეორე ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთისა და XIXს-ის პირველ ნახევარში მთისწინეთის არაერთ სოფელში ოსთა ერთ თაობაზე მეტს არ მოუწია ცხოვრება. მთისა და მთისწინეთის ამა თუ იმ სოფელში მცირე ხნით მკვიდრობის შემდეგ, ოსები უფრო სამხრეთით ეშვებოდნენ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია XIXს-ის მოსახლეობის აღწერის მასალებზე თვალის გადევნებით.


XIXს-ის დასაწყისში მთისწინეთის სოფლებში დასახლებულნი, ამავე საუკუნის შუა ხანებიდან ინტენსიურად გადადიან საცხოვრებლად ბარის სოფლებში. ასე რომ, XVIIIს. ბოლოდან და XIXს-ის მთელ მანძილზე საქართველოს მაღალმთიანეთის სოფლებიდან დაბლობის მიმართულებით, ოსთა თანდათანობითი, ინტენსიური წინ წამოწევა აშკარაა, რასაც უდავოდ მიესადაგება ქართულ ისტორიოგრაფიაში ხმარებული ტერმინი “ჩამოწოლა”.

იმდენად დიდი მოძრაობა ახასიათებდათ ოსებს, რომ XIXს-ის მეორე ნახევარში ბარის სოფლებში დასახლებულნი, ბარისავე სხვა სოფლებში გადადიოდნენ საცხოვრებლად. ოსები რომ დიდი ხნის ჩამოსახლებულნი არ იყვნენ შიდა ქართლის მთიანეთში, ამის დამადასტურებელია მათი სოციალური მდგომარეობაც.


image


XIXს-ის მოსახლეობის აღწერის დავთრებში დიდი ლიახვის ხეობაში მოსახლე ოსების საკმაოდ დიდი ნაწილი ხიზნებადაა ჩაწერილი. ხიზანი კი, როგორც ქართული საისტორიო წყაროებითა და სათანადო გამოკვლევებით ცნობილია, საკუთარი სამკვიდრებლიდან აყრილი და სხვაგან თავშეფარებული გლეხია. ზოგიერთი ოსი ავტორი XVIIIს-ის მეორე ნახევარში საქართველოში ოსთა რაოდენობას ხან 6000 და ხან 7000 კომლით განსაზღვრავს. რეალურად კი XVIIIს-ის დასასრულს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 2.130 კომლი (15 000-მდე სული) ოსი მკვიდრობდა.


image(მშობლიური ენა "მადალონ ავზაგ" - პირველი კლასის სახელმძღვანელო, 1946 წელი)


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსები ორი ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფისაგან შედგებოდნენ, დიგორელებისა და ირონელებისაგან. შესაბამისად, ოსურ ენას ორი დიალექტი აქვს: დიგორული და ირონული. ოსები უდამწერლობო ხალხი იყო. დღეს მათი დამწერლობა შექმნილია რუსული გრაფიკის საფუძველზე. თუმცა პირველი ოსური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე იყო შექმნილი. მისი ავტორი ქართული კულტურის საფუძველზე აღზრდილი იოანე იაღლუზიძე (გაბარათი) (1775-1830) იყო. 1820 წლიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიაში მოსწავლე ოს ბავშვებს ქართულ და ოსურ ენებს ასწავლიდა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა მან ოსური ანბანი.


რუსულ ასოებზე დაფუძნებული ოსური ანბანი პირველად ოსური ენის მცოდნე რუსმა მეცნიერმა ანდრია შეგრენმა შეადგინა. 1922 წელს საქართველოში ბოლშევიკმა ხელისუფლებმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოაყალიბეს და პირველად საქართველოში ოსებს ადმინისტრაციული ერთეული შეუქმნეს. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ყოფილი შიდა ქართლის ფეოდალური ერთეულების ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა, ისე, რომ ქართველი ხალხისაგან ამის ნება არ მიუღიათ.

ავტონომიური ოლქის ცენტრად კი, შიდა ქართლის მთისწინეთის ზოლში მდებარე პატარა ქალაქი ცხინვალი გამოაცხადეს. 1886 წლის საოჯახო სიებით, ქ. ცხინვალში არც ერთი ოსი ოჯახი არ ცხოვრობდა. ის დასახლებული იყო ქართველებით და ქართულენოვანი სომხებითა და ქართველი ებრაელებით (აიხვალდის _ XIXს-ის I მესამედი _ მიხედვით, “ოსები ცხინვალის იქითა მხარეს, მთებში ცხოვრობდნენ. ადრე ისინი ცხინვალს გაუთავებლად ძარცვავდნენ და ხოცავდნენ. ახლა კი ქართველებს, ცხინვალის მოსახლეობას თავს ანათვლინებენ”).

საერთოდ, მთელი XIX-XXსს-ის მანძილზე საქართველოში ოსთა პროცენტული რაოდენობა 3-დან 4-მდე მერყეობდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ოსებს კი რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეუქმნა, რომელიც 1936 წლის 5 დეკემბერს ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაიქმნა. ოსების ბარში ტრადიციული საქმიანობაა მიწათმოქმედება (ხორბალი, სიმინდი, ქერი, ფეტვი).

მთებში მიწათმოქმედებასთან ერთად განვითარებული იყო მესაქონლეობა (ცხვარი, თხა, მსხვილფეხარქოსანი საქონელი). ცხვრის რძისაგან აკეთებდნენ ყველს. ძლიერ დაწინაურებული იყო მეთხეობა. მთებში სახვნელი მიწები და სათიბები ცაკლეული კომლების საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც მემკვიდრეობით გადასცემდნენ. მხოლოდ საძოვრები და ტყე იყო სოფლის საერთო სარგებლობაში.

ოსების ბარული და მთური სახვნელი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. დაბლობში ხის სახვნელს “გუთონ”-ს უწოდებდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეს სახვნელი ქართველებისაგან ჰქონდათ შეთვისებული. ასევე ქართველთაგან უნდა ყოფილიყო შესული სამკალი იარაღი “ლამგამ” (ნამგალი), რომელსაც დიდი რადიუსი და მჭრელი დაკბილული პირი ჰქონდა. ქართული ნამგალი, გარდა ჩრდილოეთ ოსეთისა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებშიც იყო გავრცელებული. ბარში გადასახლებამდე ოსეთში მეცხვარეობას დიდი მასშტაბები არ ჰქონდა, რადგან საზამთრო საძოვრების არარსებობა ამის საშულებას არ იძლეოდა.

ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით: “ცხოვარი უდუმო-კუდიანი და მომცრო, ძროხა, ცხენი, თხა, არამედ არა მრავლად, გარნა ფრიად გემოიანნი სხუათა ადგილებთაგან უმეტეს და ვინაჲთგან აქუთ საძოვარნი და სათიბნი მცირედ, ამისათვის ვერ ინახავენ ცხოვართა, თჳნიერ კ˜(20), მ˜(40) და რ˜(100) კიდე, ეგრეთვე ცხენთა და ძროხათა ი˜ (10), კ˜ (20) და მ˜ (40) და უფროსი არღარა”.


მთიდან ბარში გადასახლებული ოსები მეცხვარეობას ვერ ივიწყებდნენ, პირიქით, აქ მათ მისი განვითარების საშუალება მიეცათ. რაც შეეხება თხებს, ისინი, ჩვეულებრივ, ცხვრის ფარაში ჰყავდათ შერეული. მხოლოდ ალაგირისა და დიგორის რამდენიმე სოფელში მეთხეობა მეცხვარეობაზე დაწინაურებული იყო. ოსთა სამეურნეო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. საქონელი იძლეოდა რძეს, ხორცს, იყო გამწევი ძალა, ჰქონდა სასაქონლო მნიშვნელობა. ოსი ხალხის სამეურნეო საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხენეობას, რაც მათთვის ტრადიციულიც იყო, რადგან ოსთა წინაპრები, როგორც ცნობილია, მომთაბარეები იყვნენ.


ოსური ფოლკლორული მონაცემებით აშკარაა, რომ ალანები შესანიშნავი მხედრები იყვნენ, რომლებსაც ცხენთა დიდი ჯოგები ჰყავდათ. XIXს-ის მეორე ნახევრამდე მთებში ცხენი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაც იყო. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ხალხში, ოსებშიც იარაღის არაერთი სახეობა იყო გავრცელებული: მახვილი, მშვილდი, ისარი, ფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაფხუტი. კლაპროტის ცნობით, თრუსოელი ოსები კვლავ მაგარი ტყავისა და ხისაგან გაკეთებულ ოვალური ფორმის ფარებს იყენებდნენ, რომლებსაც ზედ რკინის გვერგვები ჰქონდა მიმაგრებული.

საქონლისა და ცხვრის რძისაგან ყველის დამზადება ოსების ძველთაძველი საქმიანობაა. მაგრამ ფანტაზიის ნაყოფია ზოგიერთი ოსი მეცნიერის აკვიატებული აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ სულუგუნის დამზადების კულტურა ოსებისაგან შეითვისა, ეს მაშინ, როდესაც ოსებმა საერთოდ არ იცოდნენ მისი დამზადება.


მთაში ოსები ძირითადად გვარების მიხედვით იყვნენ დასახლებულნი. ერთ სოფელში ერთი გვარი მკვიდრობდა, ანდა ერთი გვარი რამდენიმე სოფელში იყო განსახლებული. მთის სოფლებს ქუჩები არ ჰქონდა. მის ვიწრო შესახვევებში მხოლოდ ფეხით მოსიარულეს ანდა მხედარს თუ შეეძლო გავლა. ოსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს, ჩვეულებრივ, სოფლის მოედანი წარმოადგენდა, რომელსაც ოსები “ნიხასს” უწოდებდნენ. აქ წყდებოდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ XIXს-ის პირველ ნახევარში ძირითადად ერთი გვარით დასახლებული სოფლები არსებობდა. ხშირად მეზობლად მდებარე რამდენიმე სოფელშიც ერთი გვარის ხალხი მკვიდრობდა.

მთიდან დაბლობში ჩამოსახლებული ოსები ვეღარ ახერხებდნენ ნათესაური პრინციპით დასახლებას. გადმოცემით, შიდა ქართლის მთიანეთში დასახლებული ოსები ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს და ეს ბრძოლა ძირითადად ცალკეულ სოფლებს შორის მიმდინარეობდა. ეს დაპირისპირება არც თუ იშვიათად, ერთ-ერთი გვარის გაწყვეტით ანდა სხვაგან გაქცევით მთავრდებოდა. ამ ბრძოლის შედეგად მიაჩნია მ. კოსვენს მრავალი ნასოფლარის არსებობა. სინამდვილეში ეს ნასოფლარები, ნანგრევები ადრინდელი ქართველი მოსახლეობის საკუთრება იყო.


image


მთიან ოსეთში ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისამდე მიცვალებულებს აკლდამებში, ხშირად მიწისზედა აკლდამებში კრძალავდნენ. დაკრძალვის ეს ფორმა გავრცელებული იყო აგრეთვე ინგუშეთში, ჩაჩნეთში, ყარაჩაისა და ბალყარეთში. მიწისზედა აკლდამები მხოლოდ მთისათვის იყო დამახასიათებელი. ბარსა და მთისწინეთში ასეთი აკლდამები დადასტურებული არაა.

მთის ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებში აკლდამაში შეტანილი მიცვალებული მუმიფიცირებას განიცდიდა. ყველა ასეთ აკლდამას აქვს ორი ან სამი საძრომი, რომლის საშუალებითაც შიგ მიცვალებული შეჰქონდათ. თითოეულ აკლდამაში მოწყობილი იყო ხის ან ქვის ტახტები, რომლებზედაც მიცვალებულებს ასვენებდნენ. აკლდამები ოსებში ძირითადად საგვარეულო იყო.


აკლდამებში დაკრძალვის წესი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს და თავისთავად ცხადია, ქრისტიანული ეკლესია მას ებრძოდა კიდეც. აკლდამები კავკასიური წარმოშობისაა. სხვათაშორის, ოსური გადმოცემები მიწისზედა აკლდამების მშენებლობას მიაწერს სხვა ხალხს, რომელიც მათ მოსვლამდე აქ ცხოვრობდა. ოსური გადმოცემებით, ბევრი მიწისზედა აკლდამის მშენებლები ინგუშები იყვნენ. ინგუშებს აშენებინებდნენ არა მხოლოდ აკლდამებს, არამედ საბრძოლო კოშკებსაც.

საგულისხმოა, რომ მთიან ოსეთში, ოსური გადმოცემებით, ზოგიერთი მიწისზედა აკლდამა ეკუთვნოდათ ნოღაელებს, რომლებსაც ოდესღაც ოსებთან ერთად აქ უცხოვრიათ. არაერთი მიცვალებულის ნოღაელობა მათი ანთროპოლოგიური ტიპით, ჩაცმულობით და აკლდამაში არსებული ჭურჭლითაც დასტურდება. ქურთათის, თაგურის, და დიგორის ხეობებში ოსებთან ერთად ნოღაელების მკვიდრობის შესახებ გადმოცემები XXს-ის 20-იან წლებში დაუფიქსირებიათ. ბარიდან ნოღაელები ოსებთან ერთად მიგრირებულან XIV-XVსს-ის მიჯნაზე.


image


მთაში შემოსახლებულმა ოსებმა (ნოღაელებთან ერთად) ადგილობრივი აკლდამური კულტურა შეითვისეს.

ოსური მიწისზედა დასაკრძალავი ნაგენობები _ აკლდამები ტიპურ ინგუშურ კოშკებს მოგვაგონებს თავისი პირამიდულ-საფეხურებრივი გადახურვით. მთიან ოსეთში კოშკური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები იყო.


ოსებს ჰქონდათ როგორც სადარაჯო, ისე საბრძოლო და საცხოვრებელი კოშკები. საბრძოლო კოშკები ოსეთში ძალიან მაღალი არ იყო და მათი ოთხკუთხოვანი კედლები, ჩვეულებრივ, სწორი გადახურვისა იყო. ოსები არც ერთ კოშკს ოსების აშენებულად არ თვლიდნენ. გადმოცემით, მთიან ოსეთში კოშკები ადრინდელი მოსახლეობის აგებული იყო. ბ. კალოევს ასეთ ადრინდელ მოსახლეობად ალანები მიაჩნია, რაც რა თქმა უნდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. კოშკების ამშენებელნი ადგილობრივი კავკასიელები იყვნენ, რომელთა ნასახლარებზეც ალანოსები დაფუძნდნენ.

ოსების ძირითადი ნაწილი ქვის სახლებში ცხოვრობდა. თითქმის ყველა ოსურ სოფელში წარმართული სალოცავი არსებობდა, რომელსაც ისინი “ძუარს” უწოდებდნენ. ბუნებრივია, სალოცავის აღმნიშვნელი ეს ოსური სიტყვა ქართულიდან იყო შესული, როდესაც აქ ქართველები ქრისტიანობას ავრცელებდნენ. არა მხოლოდ ერთი სასოფლო თემის, არამედ მთელი ხეობის მოსახლეობამ იცოდა დახმარება როგორც ქორწილის, ისე დაკრძალვის დროს. ოსთა რამდენიმე ახლოდმდებარე სოფელი ტერიტორიულ-სამეზობლო გაერთიანებებს წარმოადგენდა. ისინი ერთმანეთთან ფიცით იყვნენ დაკავშირებულნი. ფიცს სალოცავთან გვარის უხუცესები სდებდნენ. ფიცის განსამტკიცებლად ხის ჯოხზე ამონაჭდევებს აკეთებდნენ, რასაც საერთო სალოცავში ინახავდნენ.

სასოფლო თემის წევრებს მიწაზე ჰქონდათ როგორც კერძო, ისე კოლექტიური საკუთრება: სახვნელი და სათიბი კერძო იყო, საძოვარი და ტყე კი _ საერთო. ოსთა საკვები თითქმის ისეთივეა როგორც სხვა ჩრდილო-ეთკავკასიელი მთიელებისა. იცოდნენ ღვეზელის გამოცხობა ხორცის შიგთავსით, ღვეზელი ყველის შიგთავსით (“ხაბიზჯინი”). ოსებში ფართოდ იყო გავრცელებული ლუდი (“ბაგანი”), რომელსაც მთაში ქერისაგან ამზადებდნენ, ბარში კი _ ხორბლისა და სიმინდისაგან. ნართების ეპოსის მიხედვით, ლუდი გამოიგონა ამ ეპოსის ერთ-ერთმა გმირმა, სატანამ. მას, ჩვეულებრივ, დიდი საოჯახო და საზოგადოებრივი დღესასწაულების დროს უზარმაზარი სპილენძის ლუდის სახარშ ქვაბში ამზადებდნენ.

ადრე ოსებს უმზადებიათ მათრობელა სასმელიც “რონგი”. რონგს თაფლისაგან ამზადებდნენ.


ოსური საზოგადოება რამდენიმე სოციალურ ჯგუფად იყოფოდა. ოსები გვარებად ცხოვრობდნენ. ოსური გვარების უმეტესობას საფუძვლად მამაკაცის სახელი უდევს. თითოეული გვარი (“მიგგაგ”) რამდენიმე პატრონიმიის (“ფიდი-ფირტ”) ერთობლიობას წარმოადგენდა.

ოს მეცნიერთა ვარაუდით, ოსური გვარების წარმოქმნის დრო XVI საუკუნეა. საქართველოში ოსური გვარები პირველი მიგრანტების სახელებიდან მომდინარეობენ. არაერთი ოსური გვარის ძირი მომდინარეობს მეზობელი ხალხებიდან (ინგუშები, ბალყარელები, ქართველები). ოსებში მეორე რიგის გვარებიცაა დადასტურებული, რომლებშიც ოთხი-ხუთი და მეტი გვარია გაერთიანებული. ეს გვარები საერთო შორეული წინაპრებისაგან მომდინარეობენ. დღემდე ამ სანათესაო ჯგუფების შიგნით მკაცრად იცავენ ეგზოგამიას. ეგზოგამიის დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა, მისი ადგილი საზოგადოებაში ფაქტობრივად აღარ იყო. ეგზოგამია იმდენად მკაცრი იყო, რომ სხვადასხვა გვარის მატარებელნიც, რომელთაც ჰქონდათ გადმოცემა საერთო წარმომავლობის, ერთი წინაპრიდან მომდინარეობის შესახებ, ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. მაგალითად, არ ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე საქართველოში მცხოვრები შემდეგი ოსური გვარების _ კოკოევების და გასიევების, სანაკოევებისა და გაგლოევების წარმომადგენლები. ქორწინება იკრძალებოდა ხელოვნურად დანათესავებულებს შორისაც (მაგალითად, შეძმავებულ გვარებს შორის).

ქორწინება იკრძალებოდა არა მხოლოდ ერთი უბნის, არამედ ერთი სოფლის ფარგლებშიც, რაც თავდაპირველად იმით იყო განპირობებული, რომ დასახლებული პუნქტები დიდი ხნის განმავლობაში ერთი გვარის ხალხით იყო დასახლებული. შემდეგ ეს ტრადიციად იქცა. ოსურ გადმოცემებში გვაქვს მაგალითები სისხლის ამღვრევთა მკაცრად დასჯისა.


image


ყოველი ოსურ გვარს თავისი სასაფლაო და სალოცავი (“ძუარ”) ჰქონდა. ოსთა შორის გაბატონებული იყო მონოგამია. ორცოლიანობა ძალიან იშვიათობას წარმოადგენდა და ის მხოლოდ პირველი ცოლის უშვილობის შემთხვევაში იყო დაშვებული. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თანხმობა არა მარტო პირველ ცოლს, არამედ მის ნათესაობასაც უნდა მიეცათ.


სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ქორწინების დროს აუცილებელი იყო საპატარძლოს თანხმობა. ამავე დროს, თანხმობა უნდა მიეცათ დედას, ძმებს და ბოლოს, დედის ძმას. ოსებში შემორჩენილი იყო ბევრი ძველი ინსტიტუტი, რომელთა შორის მესისხლეობა შეიძლება დავასახელოთ, რომელშიც არა მხოლოდ ახლო, არამედ, შორეული ნათესავებიც იყვნენ ჩართული.

მესისხლეობას წარმოშობდა ღირსების შელახვა, ქალის მოტაცება, დავა მიწის ირგვლივ და ა.შ. შერიგება მთავრდებოდა დამნაშავე მხარის მიერ დიდი რაოდენობით საქონლისა და ძვირფასეულობის (იარაღი, ლუდის სახარში ქვაბი) გადახდით და ტრაპეზის მოწყობით. მ. კოსვენის აღნიშვნით, ძველ დროს მეუღლეებს დაუფარავად საერთო სარეცელი მხოლოდ წელიწადის ორ თვეს: ნოემბერსა და დეკემბერში ჰქონდათ. დანარჩენ დროს მეუღლეები ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.


გაბატონებული იყო უმძრახობა. მამას არასდროს არ აჰყავდა შვილი ხელში. მამა შვილს სახელით არ მიმართავდა. ოსებს სტუმართმოყვარეობის, ყონაღობის (ძმობილობის), დაძმობილების, ურთიერთდახმარების ისეთივე წეს-ჩვეულებები ჰქონდათ, როგორც კავკასიის სხვა ხალხებს. დიდი ოჯახები საბჭოთა წყობილების პირველ წლებშიც კი იყო შემორჩენილი. საქორწინო ასაკი კაცებისათვის 17-18 წლიდან იწყებოდა, ქალებისათვის _ 14-16 წლიდან.

დაქორწინების აუცილებელი პირობა იყო ყალიმის (ურვადის) გადახდა, რაც ხშირად ქალის მოტაცებასაც იწვევდა. ქორწილი ჩვეულებრივ, შემოდგომაზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამთავრების შემდეგ იმართებოდა.


საქართველოში მცხოვრები ოსები ხშირად ქორწინდებოდნენ ქართველებზე, ოღონდ მიგრირებული ოსისათვის მთავარი პირობა ქრისტიანობის მიღება იყო. სოფლის მართვა ყრილობის _ “ნიხასის” ხელში იყო. “ნიხასი” იმ ადგილის სახელიც იყო, სადაც ეს ყრილობები იმართებოდა. ნიხასი თემის ყველა სრულწლოვანი მამაკაცისაგან შედგებოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან როლს უხუცესები თამაშობდნენ. სიკვდილის შესახებ ყველა ნათესავს ატყობინებდნენ. დაკრძალვა მეორე დღეს ხდებოდა. იცოდნენ ქელეხი. მიცვალებულებს სწირავდნენ ცხენს, მის სახელზე აწყობდნენ დოღს, ისროდნენ მიზანში. იცოდნენ ქვრივისათვის ნაწნავის მოჭრა და საფლავზე დაკიდება.


image


დღეს ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან; გვხვდებიან მაჰმადიანებიც. მაჰამდიანობა განსაკუთრებით დიგორელ ოსებში იყო გავრცელებული.

ოს ხალხში ქრისტიანობა VI-VIIსს-ში ჯერ ბიზანტიიდან, შემდე კი საქართველოდან შევიდა, თუმცა ამ სარწმუნოებამ აქ ფეხი მყარად ვერ მოიკიდა და გვიან შუა საუკუნეებში მთის ხეობებში მცხოვრებნი წარმართები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიგრირებული ოსებისათვის ქრისტიანობა მიეღებინებინა.

ისლამი დასავლეთ ოსეთში ყაბარდოდან XVII-XVIIIსს-ში გავრცელდა. ოსებს ჰყავდათ ქრისტიანიზირებული ღვთაებები: უაც-გიორგი, უასტირჯი (წმინდა გიორგი); უაცილა _ წმინდა ილია; უაცნიკოლა _ წმინდა ნიკოლოზი; უაც-ტოტურ _ წმინდა თევდორე და სხვ.


ოსეთში იყო საერთოოსური სალოცავებიც (“ძუარები”), სახეობო, სასოფლო და საგვარო კულტები. მაგალითად, ალაგირელთა სალოცავი იყო “რეკომი”. ამ სალოცავში არსებულ ზარზე ქართული ნუსხახუცურით შესრულებული წარწერაა. ლოცვებში ხშირად ახსენებენ “მიქალგაბრიტას” და “თარანჯე-ლოზს”, რაც სხვა არაფერია თუ არა მიქელგაბრიელი და მთავარანგელოზი.

რაც შეეხება ქურთათისა და თაგაურის ხეობებს, აქ საერთო სახევო კულტები არ ყოფილა, მხოლოდ სასოფლო სალოცავები იყო. მაგალითად, ასეთი იყო “ძიგვისი ძუარ” წმ. გიორგის სახელზე. ოსებმა, ისევე როგორც ქართველმა მთიელებმა, იცოდნენ სალოცავისადმი მიწის შეწირვა (უშვილო მშობლებს შვილი თუ შეეძინებოდათ, მემკვიდრის არ ყოლის შემთხვევაში, სოფლიდან გადასახლებისას).


მდიდარია ოსური ფოლკლორი. ნართულ ეპოსზე მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ვ. მილერი მას ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში წარმოქმნილად მიიჩნევდა, რაც მისი აზრით, იმით მტკიცდებოდა, რომ ეპოსში მრავალჯერ მოიხსენიება დიდი მდინარეები, ზღვები, სტეპები და ა.შ. ნართები თევზს დიდ მდინარეებსა და ზღვაში იჭერდნენ. ეს მასალა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თავდაპირველად ოსები მთიელები კი არა, სტეპების მკვიდრები იყვნენ. ნართულ ეპოსში ალანების მთებში მოსახლეობის შესახებ არავითარი მონაცემი არაა. ნართები ძირითადად ირემზე ნადირობდნენ. ოსეთში გავრცელებული გარეული ცხოველები კი ეპოსში საერთოდ არ არიან ნახსენები. შინაური ცხოველიდან კი ნართებს ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ ყველა მომთაბარისათვის განუყოფელ ცხენს.


ოსთა წინაპრები რომ სტეპების მკვიდრნი იყვნენ, ამას მათი სამიწათმოქმედო კალენდარიც მოწმობს, რადგან მეცნიერთა დასკვნით, ის ბარშია ფორმირებული და არა მთაში. საკმარისია აგრეთვე ისტორიული სიმღერების დასახელებაც. ერთ-ერთი ასეთი სიმღერა თემურ-ლენგის დიგორის ხეობაში ლაშქრობას ასახავს.

ოსთა კულტურულ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XIXს-ის მეორე ნახევარში ნაციონალური ლიტერატურის ჩასახვას, რომლის ფუძემდებელია კოსტა ხეთაგუროვი (1859-1906). დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსეთის ისტორიისა და მთელი რიგი სხვა საკითხების შესწავლა ძირითადად ქართული წყაროებით ხდება. ოსებს არაერთი სტრიქონი აქვს დათმობილი ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომშიც. ის მათ შესახებ წერს: “ხოლო კაცნი და ქალნი არიან შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ-თუალ-წარბანი, შავ-თმოსანი, თეთრ-ყირმიზნი, ტანოვანნი, წერწეტნი, გარნა უმეტეს ქალნი წერწეტნი, მკჳრცხლად ფიცხელნი, თჳსთა ქუეყანათა შინა მცირედ მჭამელნი, რამეთუ კმა იყოფენ თჳნიერ წყალსა და პურსა და შრატსა, სხუათა ადგილთა და სტუმრობათა შინა გაუძღომელნი, ვერ შემმართებელნი ბრძოლასა შინა, რამეთუ ეშინისთ ლაშკართაგან ფრიად. არამედ ღამით შემმართებელნი და შემპარავნი ლაშკართა შინა და გამომსვლელნი... ქუეყანათა თჳსთა ლაღნი და ამაყნი, სხუათა ქუეყანათა შინა მდაბალნი, გონიერად მოუბარნი... მესისხლენი... ტყჳს მყიდველნი, გარნა არა თჳსთა ჰყიდიან”.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან - კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0