x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩერქეზები – კავკასიის კერკეტი ხალხი
image


ჩერქეზების თვითსახელწოდებაა ადიღე. რუსეთის ფედერაციაში 50, 8 ათასი ჩერქეზი ცხოვრობს. ძირითადად ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთში (40, 2 ათასი). უძველესი დროიდან ჩერქეზთა წინაპრები თავიანთ თავს ადიღეს უწოდებდნენ. დღესაც ასე იწოდებიან ყაბარდოელები, ადიღეელები და ჩერქეზები. ისინი ყარაჩაი-ჩერქეზეთის 17 აულში მკვიდრობენ. ცხოვრობენ აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, სადაც მუჰაჯირობის დროს, XIXს-ის მეორე ნახევარში, გადასახლდნენ.

ამ მაჰმადიანურ ქვეყნებში განსახლებული სხვა ეთნოსებიც (ადიღეები, აბაზები) “ჩერქეზების” სახელწოდებით არიან ცნობილნი. ტერმინ “ჩერქეზს” საფუძვლად უდევს ეთნონიმი “კერკეტი”, რომლითაც ძველი ბერძენი ავტორები შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ადიღეური მოდგმის მოსახლეობის აღსანიშნავად იყენებდნენ.


ჩერქეზებსა და ყაბარდოელებს საერთო ლიტერატურული ენა აქვთ, რომელსაც ყაბარდოულ-ჩერქეზულს უწოდებენ. ყაბარდოულ-ჩერქეზულის მონათესავეა ადიღეური. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამ ენებზე მოლაპარაკეთ ერთმანეთის ესმით. სარწმუნოებით ჩერქეზები მუსლიმი სუნიტები არიან.


XVIIIს-ში ადიღეელთა შემადგენლობაში 18 ეთნოგრაფიული ჯგუფი ითვლეობდა, რომლებსაც თავიანთი ლოკალური სახელწოდებანი ჰქონდათ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მათ ჰქონდათ საერთო კულტურა, საერთო ენა, საერთო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. მიუხედავად ამისა, ისინი ინტეგრირებულნი არ იყვნენ. ტერიტორია, რომელიც დღეს ჩერქეზეთის სახელწოდებითაა ცნობილი, ადიღელთა წინაპრების მიერ ჯერ კიდევ V-VIIსს-ში იყო დასახლებული.

დღევანდელ ჩერქეზეთში, მდ. ყუბანის დაბლობში, ადიღელთა და ბესლენელთა მიგრაცია XII-XIIIსს-ში მოხდა. XIXს-ში, ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გამო, ყაბარდოელები ჩერქეზეთში მასობრივად გადასახლდნენ. მათი ეს მიგრაცია 1825 წელს შეწყდა. ამ დროისათვის ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ყაბარდოელებს უკვე 62 აული ჰქონდათ დაფუძნებული. თანამედროვე ჩერქეზების ფორმირებაში, ყაბარდოელებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ბესლენელებმაც ითამაშეს. XVIს-ის წყაროების მონაცემებით, ბესლენელები ლაბისა და ყუბანის აუზებში ცხოვრობდნენ. ამ ტერიტორიას სამხრეთ-აღმოსავლეთით აბაზებით დასახლებული რაიონები ესაზღვრებოდა.


ჩერქეზების ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა. მათ ჰყავდათ როგორც ცხვარი, თხა, ცხენი, ისე მსხვილფესარქოსანი საქონელი. მაჰმადიანობის მიღებამდე მისდეევდნენ მეღორეობასაც. მესაქონლეობა მომთაბარე ხასიათს ატარებდა. გაზაფხულის დადგომისთანავე, საქონელს საზაფხულო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ყაბარდოული ჯიშის ცხენების მოშენებას. მისდევდნენ აგრეთვე მეფუტკრეობას. საკმაოდ ფართოდ იყო განვითარებული ხელოსნობა. შინამრეწველობის ყველა სახე მეცხოველეობის პროდუქტებთან იყო დაკავშირეული. ჩერქეზეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსახლეობა ხის დამუშავებას მისდევდა. ფართოდ იყო განვითარებული მჭედლობა, იარაღის კეთება. ჩერქეზები გაერთიანებული იყვნენ დამოუკიდებელ და სამეზობლო-სასოფლო თემებში.

XIX-XXსს-ის მიჯნაზე ჩერქეზებში პატარა ოჯახების გვერდით ჯერ კიდევ არსებობდა დიდი ოჯახები, უფრო ადრე, XVIIIს-ში კი აქ დიდი ოჯახი გაბატონებული იყო.


image


ჩერქეზებში ქორწინება მკვაცრად ეგზოგამიური იყო. ეგზოგამიის წესის დამრღვევთ სამშობლოს ფარგლებს გარეთ აძევებდნენ. აკრძალული იყო ქორწინება თანამოგვარეებს შორის, ასევე _ ხელოვნურად დანათესავებულებთანაც. ჩერქეზებისათვის უცხო არ იყო სორორატი და ლევირატი. თანამედროვე ჩერქეზების აულები XIXს-ის მეორე ნახევარში, კავკასიური ომების დამთავრების შემდეგ გაშენდა. მათი ადრინდელი აულები (დასახლებული პუნქტები) გადამწვარი და განადგურებული იქნა. გადარჩენილი მცხოვრებნი, ცარიზმის განკარგულებით, ყუბანისა და დიდი და პატარა ზელენჩუკის გაყოლებით დაასახლეს. XIXს-სა და XXს-ის დასაწყისში 17 დასახლებული პუნქტი დააარსეს.


წარსულში ჩერქეზებს ყველა საცხოვრებელი და სამეურნეო ნეგებობა ხის ჰქონდათ. ჩერქეზები ჭამაში ყოველთვის დიდი ზომიერებით გამოირჩეოდნენ. ჩერქეზების ზეპირ ხალხურ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თქმულებებს, სიუჟეტებსა და მოტივებს, რომლებიც ყველა ადიღეელი სალხისათვის საერთო იყო. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ნართული ეპოსი მრავალი საუკუნის წინ შექმნილია ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლების მიერ.


XIV-XVსს-ში ჩერქეზები ქრისტიანებად ითვლებოდნენ. ქრისტიანობა აქ X-XII საუკუნეებში ბიზანტიიდან და საქართველოდან გავრცელდა, მაგრამ ის გაბატონებულ რელიგიად ვერ იქცა. ქრისტიანობის განმტკიცებას ხელი შეუშალა ისლამმა, რომელმაც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში შემოღწევა XIVს-ში დაიწყო. ისლამის ძლიერი გავლენის მიუხედავად, ჩერქეზებში ძველი წარმართული რწმენა-წარმოდგენებისა და ქრისტიანობის ნაკვალევი XXს-მდე შემორჩა.

XVIIIს-სა და XIX ს-შიც კი ზოგიერთი ჩერქეზული ტომი ჯვარს ეთაყვანებოდა. ჩერქეზები ნაყოფიერების, ტყის, ნადირობის, მეფუტკრეობის, ცხვრის, თხის, მსხვილფესარქოსანი საქონლის სხვადასხვა ღვთაებას ეთაყვანებოდნენ. ჩერქეზულ პანთეონში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჭექა-ქუხილისა და ელვის ღვთაებას “შიბლე”. საერთოსახალხო ღვთაებებთან ერთად, ჩერქეზებს საგვარეულო სალოცავებიც ჰქონდათ.



როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან - კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.


0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0