ადმინისტრაციული “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულებს ექსპერტები ეხმაურებიან 2021, 17 დეკემბერი, 20:23
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მიერ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების გათავისუფლებას ექსპერტები ეხმაურებიან. "ყოველდღიური ურთიერთობები რომ მაქვს უამრავ ადამიანთან როგორც თბილისში ასევე რეგიობში ეს არახალია, ყოველი შეხვედრა კი საშუალებაა გაიგო ახალი ამბავი. გუშინ გავიგე, რომ რუსთავში, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ის პირები არიან, ვისაც რუსთავში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სარდაფი - სადაც ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და უამრავ პატიოსან მშრომელ ადამიანს აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ბოლო კაპიკებს ართმევდნენ. ამის შესახებ ჩემმა რუსთაველმა ნაცნობმა მითხრა რომელიც წუხდა აღნიშნულის შესახებ. თავად რუსთაველია და გაბრაზებას ვერ მალავდა რუსთაველი მოსამართლის, ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი მისნაირი ბევრია. მას უკვირს, რა ინტერესით იხელმძღვანელა მოსამართლემ, რომელიც ასევე რუსთავში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თითონ როგორ გრძნობს თავს უსაფრთხოდ როდესაც ასეთ საქმეში ბრალდებულს გარეთ უშვებს. მხოლოდ ამ საქმეში დაკავებულების ფარული ჩანაწერების მოსმენაა საკმარისი რომ მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე. ბუნდოვანია დაზარალებული პირების ინტერესები და მათი უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილებაში გათვალისწინა თუ არა ქალბატონმა ეკატერინემ. მიუხედავად იმის რომ მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ორგანიზებული დანაშაულს, ფაქტია სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს პოლიციას. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის, თურმე ამ დროს, არის მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულში მხილებულ და ბრალდებულ პირებს სულ რაღაც 5000 ლარის სანაცვლოდ გარეთ უშვებს. საფრთხეში აყენებს ყველა იმ პირს, ვისთანაც მათ ქონდათ შეხება, და ყველაზე მთავარი ისაა რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. არადა, ძალიან ბევრმა მაგალითმა აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა და დანაშაულის მიმართ ერთიანი სახელმწიფო მკაცრი პოლიტიკის გატარება არის მხოლოდ შედეგიანი. ვწუხვარ, რომ ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები კონკრეტული მოსამართლეების მიერ, ხელს უშლის სწორედ ამას", - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე. მოსამართლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილიც. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებები გახდა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა და გამკაცრდა სასჯელის ზომები ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ზაფხულში უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩაატარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 27 პირი დააკავა, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი წარედგინა. დაკავების ღონისძიებებს წინ უძღვოდა ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის სასამართლოდან აღებული განჩინებები. ბრალდებულების კრიმინალური ქმედებებს 100-მდე დაზარალებული მოქალაქე ჰყავდა. პოლიცია სასამართლოს შესაბამისი განჩინებებით მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს მტკიცებულებების სტანდარტის შექმნაზე, ამავე დროს იცავს ქურდული სამყაროსგან დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებას და შემდეგ ამ ყველაფრის გაქარწყლება ხდება ზოგიერთი მიკერძოებული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. დღეს ცნობილი გახდა რომ მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს ის საქმეა, ზაფხულში პოლიციამ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად 27 პირი რომ დააკავა. ასევე ცნობილი ხდება რომ 2019 წელს ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის მონაწილეებიც გამოუშვია გასულ ზაფხულს. უცნაურია, ქალბატონი მოსამართლე რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ათავისუფლებს ორგანიზებული დანაშაულის სავარაუდო მონაწილეებს, რუსთაველ ბრალდებულებს - თავადაც რუსთავში მცხოვრები. წარმოდიგინეთ, ახლა ეს ადამიანები ქუჩაში დადიან, შესაძლოა ამ სისასტიკის მსხვერპლი რაც უკვე ვნახეთ სავარაუდოდ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ისევ გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, განსაკუთრებით რუსთაველები. არადა მოსამართლეც რუსთაველია. რასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალას რომ მოუსმინოთ აქედან მიხვდებით რა სისასტიკეს ჩადიოდნენ ადამიანები. ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - წერს თამთა მეგრელიშვილი. ცნობისთვის, 2021 წლის 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა 5 პირი, რომლებიც “მღვდელოვიჩთან”, “ბოთესთან’, “წიწაკასთან” და “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის დაკავებულ სხვა პირებთან ერთად ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 15 დეკემბერს გაათავისუფლა. მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელის ფარგლებშიც 27 პირი, მათ შორის ის ხუთი პირიც დაკავდა, რომელთა გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მოსამართლე პართენიშვილმა მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს. დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 100-ზე მეტი მოქალაქე დაზარალდა. ამ დრომდე უცნობია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების დიალოგების აუდიოჩანაწერებიც გაასაჯაროვა რითიც ასევე დასტურდება, რომ დაკავებულები აგროვებდნენ ე.წ. ობშიაკს, ასევე კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ სხვადასხვა კანონიერ ქურდებთან. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული პირები დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გაათავისუფლა 2019 წელს დაკავებული 10 პირი, რომლებსაც გამოძიება ასევე ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებოდა. 276 3-ს მოსწონს
|