x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი
წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი


წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი (Red deer cave people) იყო ადამიანის სახეობა, რომელიც განსახლებული იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ტერიტორიაზე, მისი ნაშთები აღმოჩენილია სწორედ ამ ტერიტორიაზე, იუნანის პროვინციაში, წითელი ირმის და ლონგლინის მღვიმეებში. აღნიშნული ნაშთები დათარიღდა ძვ.წ. 15, 830 - 9500 წლებით. ანატომიური კვლევა ცხადყოფს, რომ ეს ხალხი იყო უძველესი, არქაული ადამიანები, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში იარსებეს და შემორჩნენ აღმოსავლეთ აზიის ამ ტერიტორიებზე ნეოლითურ პერიოდამდე, ან იყვნენ დენისოველებისა და ჰომო საპიენსების ნაჯვარი, ადამიანთა ჰიბრიდული ქვესახეობა. ამ მოდგმის მეცნიერული სახელწოდება მიღებულია ერთ-ერთი იმ მღვიმის სახელწოდებიდან, სადაც მათი ნაშთები იქნა ნაპოვნი 1979 წელს, გეოლოგ ლი ჩანგქინის მიერ.


წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი


აღნიშნული ნარჩენების ანთროპოლოგიური შესწავლა (ვინაიდან ვერ მოხერხდა წარმატებული დნმ-კვლევა) აჩვენებს რომ ისინი შეიძლება იყვნენ ჰომო ერექტუსები ან ჰომო ჰაბილისები. ამის საწინააღმდეგოდ, 2013 წელს ქარნოემ (Curnoe), ჯიმ (Ji) და კოლეგებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი ადამიანის აქამდე უცნობი სახეობაა. მეცნიერთა ამავე ჯგუფმა უკვე 2015 წელს გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი შესაძლოა ყოფილიყო აქამდე უცნობი ადგილობრივი ადამიანების სახეობის და ჰომო საპიენსის შერევის შედეგად მიღებული ჰიბრიდული მოდგმა. თანამედროვე ადამიანებმა, ჰომო საპიენსებმა პირველად ჩინეთამდე, როგორც ჩანს, მიაღწიეს ჯერ კიდევ ძვ.წ. 130, 000 წლიდან, რასაც ამტკიცებს ჟირენდონგის, იგივე ჟირენის კარსტულ მღვიმეში აღმოჩენილი ნარჩენები. ეს ადრეული ადამიანები გავრცელებულნი იყვნენ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, არის ვარაუდები, რომ ისინი იყვნენ ჰომო საპიენსები ან შეიძლება იყვნენ ჰომო გეორგიკუსების, დმანისის ადამიანთა შთამომავლობა, გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ ასევე დენისოველები, რომლებიც მართლაც გავრცელებულნი იყვნენ აღმოსავლეთ აზიაში. გაჟღერდა იდეაც იმის შესახებ, რომ წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი იყვნენ ფლორენსიელი ადამიანების (homo floresiensis) გარკვეული პოპულაცია, რომლებიც მთებში დასახლდნენ და ამგვარად იზოლაციაში მოქცეულებმა ათასწლეულების განმავლობაში იარსებეს.



წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი


იმის მიუხედავად, რომ წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხის ნარჩენები შედარებით გვიანი პერიოდით დათარიღდა, მათ გამოხატულად არქაული, ადრეული ადამიანების ანატომიური ნიშნები გააჩნიათ. ჰქონდათ ბრტყელი სახე, ფართო ცხვირი, გამოწეული ქვედა ყბა ნიკაპის გარეშე, დიდი ზომის მოლარები (დიდი ძირითადი კბილები), გამოხატული წარბზედა რკალი, თავის ქალას სქელი ძვალი და საშუალო ზომის ტვინი. როგორც სხვა არქაული ადამიანების მოდგმების უმეტესობის შემთხვევაში, მათაც ახასიათებდათ შედარებით დაბალი და მომცრო სხეული, საშუალო წონით 50 კილოგრამი. მათი ბარძაყის ძვლები ატარებდა ისეთ ნიშნებს, რაც დამახასიათებელი იყო არქაული ადამიანებისთვის და არა ჰომო საპიენსისთვის. ასეთი ნიშნები ჰქონდათ ისეთ ადამიანებს (ჰომოს გვარის წარმომადგენლებს), რომლებიც ცხოვრობდნენ პლეისტოცენის გელასიურ და კალაბრიულ ხანებში ანუ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან 775 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე (Liang, Curnoe, Darren 2015). აღსანიშნავია ისიც, რომ წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი ანატომიურად ყველაზე ახლოს იდგა აფრიკაში აღმოჩენილ ინდივიდთან მეცნიერული სახელწოდებით "KNM-ER 1481", რომელიც იყო ჰომო ერექტუსი (ამართული ადამიანი) და ცხოვრობდა აფრიკაში 1.89 მილიონი წლის წინ.


წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი


შვარცის მიხედვით (Schwartz, 2016) გამომჟღავნდა ისეთი ნიშნებიც კი, რომელიც უფრო მეტად შესაძლოა აახლოვებდეს მათ ავსტრალოპითეკებთან, ვიდრე ჰომოს გვარის წარმომადგენლებთან. ბარასის მიხედვით (Barras, 2012, "Chinese human unlike any known species") წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი შესაძლოა იყოს დენოსეველების და ადრეული თანამედროვე ადამიანების ნარევი. ოუვენის მიხედვით კი (Owen, 2012) ისინი შესაძლოა იყვნენ ადრეული თანამედროვე ადამიანები (ადრეული ჰომო საპიენსები) არადამახასიათებელი, უჩვეულო გარეგნობით და არქაული ნიშნებით. მცდელობები იმისა, რომ მომხდარიყო უძველესი დნმ-ის გამოცალკევება და კვლევა აღნიშნული ნარჩენებიდან, სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა. კარნოუს და დარენის მიხედვით (Curnoe, Darren, 2015) წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მთებში, იუნანის პროვინციაში, ქინღაი-ტიბეტის პლატოზე იზოლაციაში სახლობდა ჯერ კიდევ ძვ.წ. 100, 000 წელზე უფრო ადრეული პერიოდიდან.


წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი


წყარო: Red Deer Cave people - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
226
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
226
  
2022, 26 აპრილი, 12:21
▶ წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი (Red deer cave people) - გაურკვეველი წარმომავლობის ქვესახეობა. ივარაუდება რომ იყვნენ დენისოველების და საპიენსების ჰიბრიდი, ერექტუსების ან ჰაბილისების ქვესაობა. აღმოჩენილი ნაშთები თარიღდება ძვ.წ. 15,830 - 9500 წლებით. აღმოაჩინეს 1979 წელს სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. იწონიდნენ 40-60 კილოგრამს. ატარებდა ისეთ ნიშნებს, რაც დამახასიათებელი იყო არქაული ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ 1.8 მილიონი - 775 ათასი წლის წინ და ასევე ატარებდა ჰომო საპიენსისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც.
0 1 1