"თამბლერა", "რებელა", "ჰიპსტერა", "სოულმეითი"... - რას ნიშნავს ეს თინეიჯერული ტერმინები
"სლენგი" ესაა მეტყველების არაფორმალური, არასტანდარტული სახეობა, რომელსაც ახასიათებს ახლად გამოგონილი, ან ახალი მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვები და გამოთქმები. მიმართავს სხვადასხვა დაჯგუფება (ასაკობრივი, პროფესიული და სოციალური). სლენგი სტანდარტული მეტყველებისაგან გადახრაა და განსაკუთრებით პოპულარულია მოზარდებს, თინეიჯერებს შორის. ესაა ახალი ენობრივი ფორმა, ან ძველი ფორმების ადაპტირებული ვარიანტი.
სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე უცხო, ახალ ტერმინს, რომელსაც თინეიჯერები იყენებენ, მაგრამ მშობლებისა და მასწავლებლების უმრავლესობას არ ესმის მათი მმნიშვნელობა.
1. "ქრაში"
"CRUSH" ინგლისურად "შეჯახებას" ნიშნავს. ქრაშიც ის ადამიანია, რომელსაც შევეჯახეთ, შევეჩეხეთ, შორიდან მოგვწონს და ვეტრფით, თუმცა მან ამის შესახებ არ იცის. "ქრაში" ესაა ტრფობის ობიექტი, რომელმაც არ იცის მის მიმართ ჩვენი გრძნობების შესახებ.
2."სტალკვა" და "სტალკერი"
სტალკვა - ინგლისურად "თვალთავლი"; გულისხმობს ჩვენთვის საინტერესო ადამიანების სოციალური ქსელებისათვის თვალყურის დევნებას, შესწავლას. სტალკერი ის ადამიანია, რომელიც მისთვის საინტერესო ადამიანს სოციალურ ქსელებზე დარაჯობს, უთვალთვალებს. სტალკერი ფეესბეს აგენტზე უფრო მონდომებულია და მეტ საგამომძიებლო უნარებს იჩენს (ეს ნახევრადხუმრობით, რა თქმა უნდა): სტალკავს თავის ქრაშს, სოციალური ქსელებიდან არკვევს მისი ნათესავების ვინაობას, აკონტროლებს იმას, თუ როდის შემოდის და გადის ქრაში სოციალური ქსელიდან, სად დადის, რა აინტერესებს, რითი სუნთქავს და ა.შ.
3. "თამბლერა"
ტერმინი მოდის TUMBRL. COM-დან. თამბლერა თინეიჯერი, ან თინეიჯერობის ასაკიდან ვერგამოსული ბიჭი, ან გოგონაა, რომელიც გამოირჩევა გადაჭარბებული მგრძნობელობით, სენტიმენტალობითა და რომანტიკულობით (მაგალითად, წვიმის წვეთების ფოტოს სევდიანი მინაწერებით აქვეყნებს). თამბლერას ახასიათებს ფერადად შეღებილი თმები, ტატუები, პირსინგები და სხვა ინდივიდუალიზმის გამოსაკვეთი ნიშნები. თამბლერას შეუძლია, დაინახოს "არტი" (ხელოვნება) იქ, სადაც უბრალო მოკვდავნი ვერ ხედავენ.
4."გასული"
პირის ფიზიკური მდგომარეობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ფიზიკურად ფხიზელია, მაგრამ შინაგანად სხვაგანაა, არ აინტერესებს საყოველთაო ტენდენციები და ღირებულებები;
5."ჰიპსეტერა"
ამერიკული ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წევრების - ჰიპების სტილის, ჰიპური სტილის მიმდევარი ადამიანი, რომელსაც აქვს ლიბერალური შეხედულებები, თავისუფლებას ყველაფერზე მაღლა აყენებს, აცვია დიდი ზომის ტანსაცმელი, უყვარს როკ მუსიკა და ა.შ. ჰიპსტერა, თინეიჯერების ენაზე რომ ვთქვათ, "ძაან გასული" ადამიანია.
6."რებელა"
რებელა - ინგ. "აჯანყებული", "მეამბოხე". რებელა თავდაჯერებულია, არ აინტერესებს საზოგადოების სტანდარტები და ცდილობს, დაუპირისპირდეს მას.
7. "თრეში"
აშშ-ში ჩასახული ლიტერატურული ტალღა, რომლის მიზანი სოციალური ტაბუების (აკრძალვების) დამსხვრევა და დღის სინათლეზე იმის გამოტანაა, რასაც საზოგადოებრივი პირობითობები და ზრდილობის წესები ნიღბავს. თრეშიც "ძაან გასულობაა".
8."სოულმეითი"
მონათესავე სული, ადამიანი, რომელსაც ჩვენი ყველაზე მეტად ესმის.
9."ფოლოვერი"
ინსტაგრამზე ჩვენი სიახლეების გამომწერი (განსხვავდება ლუზერისაგან. ეს უკანასკნელი ჯერ თქვენი ფოლოვერია ინსტაგრამზე, მერე ანფოლოვერი ხდება)
10. "ლუზერი"
ლუზერი ხელმოცარული ადამიანია, რომელსაც არასდროს უმართლებს. ერთგვარად თანამედროვე ავანტიურისტია, რომელიც თავისი ლუზერობის (ხელმოცარულობის) გადასაფარად, ასანაზღაურებლად სისულელეებს აკეთებს. მაგალითად, "ინსტაგრამზე" ჯერ დაგაფოლოვებთ, მერე ანფლოუს აჭერს, რათა გამომწერი მეტი ჰყავდეს, ვიდრე გამოწერილი.
11."დაქრინჯვა"
სირცხვილისა და დისკომფორტის განცდა, რომელიც გამოწვეულია სხვა ადამიანების ქცევებით. მაგალითად, შეიძლება, დაიქრინჯოთ, თუ სხვა ადამიანების უხერხულ საუბარს ისმენთ.
12. "დასივნა" და "დასინული"
დასივნა - თქვენი წერილი ადრესატმა ნახა, მაგრამ არ უპასუხა. "დასინული" - ადამიანი, რომლის წერილის ადრესატმა ნახა, მაგრამ არ უპასუხა.
წყარო: ეტალონი