x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას" - სააკაშვილი

image

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საზოგადოებას მოშიმშილე პატიმრის მიმართვა გააცნო. როგორც მიხეილ სააკაშვილი ხალხს ჰპირდება, მისი ციხიდან დახსნის შემთხვევაში მაქსიმუმ 10 დღეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, რისთვისაც აუცილებელია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი.

„ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი - დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო. მერე, როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ეუბნებიან, რა აზრი აქვს მოგებას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ხალხის ძალა ერთადერთია რისიც დიქტატორებს ეშინიათ. არ არსებობს დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია. ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია, რადგან ძირითადი ფული დასავლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა არჩევნებზე დააფიქსირა დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში.

აკი თქვა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჩვენ კი ვთქვით და ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეაო. ახლა შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა. ასევე ძალიან გაბედული სხვა და რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა თაობა.

და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ და გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალავობაშია“, - წერია სააკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. საპარლამენტო მანდატები დატოვეს მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭო - ლევან ვაშალომიძემ.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0